როგორ მოვარგოთ სამშენებლო სტანდარტები ევროპულ ნორმებს
მაკა ღანიაშვილი
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, საქართველოს ბევრ სტანდარტის დაცვაზე მოუწევს პასუხისგებლობის აღება ყველა სფეროში. გამონაკლისი არც სამშენებლო სექტორია. არსებობს სტანდარტები, რომლებიც მშენებლობის პროცესში დაცული უნდა იყოს, როგორც ეკოლოგიური, ასევე უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე. 31 მაისს, თბილისში, „ევროპის მშენებელ ინჟინერთა საბჭოს“ (ECCE) 59-ე გენერალური ასამბლეა გაიმართა, რომელსაც წინ უძღოდა ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია. 29-30 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ევროპის სამოქალაქო ინჟინერთა საბჭოს“, „საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების“, „მსოფლიოს სამოქალაქო ინჟინერთა საბჭოს“ და „საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს“ მიერ ორგანიზებული ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია „სეისმიკა – 2014, ნაგებობათა სეისმომედეგობა და რეაბილიტაცია“ გაიმართა. სხვა საკითხებთან ერთად, კონფერენციაზე განიხილეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სეისმური მდგომარეობის და მათი მეთოდების შემდგომი სრულყოფის საკითხები. გაკეთებული იქნა ძირითადი მოხსენებები, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების შესწავლისა და კონსერვაციის თაობაზე.
„მსოფლიოს სამოქალაქო ინჟინერიის საბჭოს“ პრეზიდენტი ტომას სანჩოსი: „ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი კონფერენცია, რადგან აქ განიხილება ისეთი საკითხები, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია არა მარტო ახალი შენობა-ნაგებობების აგების დროს, არამედ ძველი შენობების რეკონსტრუქციისთვისაც, რომლებიც უკვე დანგრევის პირას არიან მისულები და აუცილებელია მათი თანამედროვე სტანდარტებით განახლება, მათ შორის არქიტექტურული და კულტურლი ძეგლების, თანაც ისე, რომ მათი კულტურული ღირებულება არ დაიკარგოს.
მსგავს კონფერენციებზე ხდება სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, ახალი მიგნებების ერთმანეთისთვის გაცნობა და სხვა. ამ თემებთან დაკავშირებით, ძალიან საინტერესო მოხსენებები მოვისმინეთ საქართველოს, უკრაინის, მექსიკის, იტალიის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებისგან. მიწისძვრა, ცუნამი და სხვა კატასტროფები ბუნებრივი მოვლენებია, მათი შეჩერება არ შეგვიძლია, მაგრამ ნამდვილად შეგვიძლია ბუნებრივი კატაკლიზმების დამანგრეველი ეფექტების შემცირება თუ მათ მომზადებული დავხვდებით. ამასთანავე, ისევე როგორც ყველაფერი სხვა, ბუნებაში, ფინანსური რესურსებიც შეზღუდულია, ამიტომ, ამა თუ იმ საკითხზე მსჯელობისას უნდა მოვახდინოთ პრიორიტეტების გამოყოფა და რესურსების ამ პრიორიტეტების მიხედვით განაწილება“.
„დიდი ბრიტანეთის სამოქალაქო ინჟინერიის საბჭოს“ წარმომადგენელი ჰემიშ დუგლასი:
„ჩვენ ამ კონფერენციებზე ისეთ საკითხებს განვიხილავთ, რომლებიც მხოლოდ ტექნოლოგიებს არ ეხება. ეს გლობალურად ეკონომიკაზე პირდაპირ მოქმედი ფაქტორებია. მიწისძვრებისა და ცუნამების დამანგრეველი ეფექტი ხშირად კოლოსალურია, მარტო ერთი ცუნამის შედეგად გასულ წლებში იაპონიამ 300 მილიარდის ზარალი ნახა. ბევრი შენობა-ნაგებობა საერთოდ ქრება, ადამიანები იღუპებიან. ამიტომ მნიშვნელოვანია თანამედროვე გამოწვევებთან მორგებული სამშენებლო პარამეტრების განსაზღვრა, მათი ჩამოყალიბება და შემდეგ პრაქტიკაში განხორციელება“.
იური სვანიძე, „ამერიკის სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების“ ეფილირებული წევრი, „საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების“ პრეზიდენტი: „საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მსგავსი კონფერენციები, რადგან სეისმური ქვეყანა ვართ. მინდა, მადლობა გადავუხადოთ რეგიონალური გავითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ყოფილ მინისტრს დავით ნარმანიას, ასევე ამჟამინდელ მინისტრს ელგუჯა ხოკრიშვილს. ასევე, იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთაც მიზანშეწონილად მიიჩნიეს მსგავსი მაშტაბური ღონისძიების საქართველოში ჩატარება“.
„ევროპის მშენებელ ინჟინერთა საბჭო“ 1985 წელს, ევროპის მშენებელ ინჟინერთა პროფესიონალ ორგანიზაციების მიერ შეიქმნა, რათა ევროპას გარემოს დაცვისა და მშენებლობის სფეროს სრულყოფის საკითხებში დაეხმარონ.
„ევროპის მშენებელ ინჟინერთა საბჭო“ (ECCE) წარმოადგენს „ევროსაბჭოს სამშენებლო კვლევების, განვითარებისა და ინოვაციების“ (ECCREDI), „ევროპის ინჟინერთა განათლების საზოგადოების“ (SEFI) და „ევროპის მშენებელთა ფორუმის“ (ECF) ორგანიზაციების წევრს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ევროკომისიებში, ხელს უწყობენ ევროპის მშენებლ ინჟინერთა ფორმირებას, საერთო ინტერესების გაცვლას და ზრუნვას სამშენებლო სექტორის განვითარების საქმეში. იგი თანამშრომლობს „მსოფლიოს ინჟინერთა ფედერაციის ორგანიზაციასთან“ (WFEO), „ევროპის ფედერაცია ნაციონალურ ინჟინერთა ასოციაციასთან“ (FEANI) და „ევროპის ინჟინერთა პალატის საბჭოსთან“ (ECEC).
„ევროპის მშენებელ ინჟინერთა საბჭოს“ (ECCE) გააჩნია ოფიციალური ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმებული „ამერიკის მშენებელ ინჟინერთა საზოგადოებასთან“ (ASCE) და „იაპონიის მშენებელ ინჟინერთა საზოგადოებასთან“ (JSCE), რაც საშუალებას აძლევს პროფესიონალთა გლობალურ დონეზე განხილული და გაზიარებული იქნას სამშენებლო სფეროში არსებული ნებისმიერი საკითხები, მათ შორის, როგორიცაა ეკოლოგიური კატასტროფა და მშენებელ ინჟინერთა კვალიფიკაციის ამაღლება. „ევროპის მშენებელ ინჟინერთა საბჭო“ (ECCE) თავის წევრ პროფესიონალ ორგანიზაციებისათვის ახორციელებს დარგში არსებულ სიახლეების დროულ ინფორმირებას და ახდენს მათ ჩართულობას სამშენებლო სფეროში არსებული პრობლემების გადაწყვეტის საკითხებში. ECCE-ს მიზნებს შეადგენს: უმაღლესი ტექნიკური და ეთიკური სტანდარტებით ხელშეწყობა; უზრუნველყოს მიუკერძოებელი რჩევების მიწოდება; სამშენებლო დარში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა; ცალკეულ მთავრობებსა და პროფესიონალურ დაწესებულებებისათვის კონსულტაციების გაწევა და მათზე გავლენის მოხდენა; პროფესიის მარეგულირებელი სხვადასხვა წესების ურთიერთ შეთავსებადობის მიღწევა და სტანდარტების შემუშავება; სამოქალაქო ინჟინერთა პროფესიაში და დისციპლინარულ პროცედურებში, ქცევის ევროკოდექსის სტანდარტების შემუშავება და მათი გამოყენება მთელ კავშირის მასშტაბით; სამოქალაქო ინჟინერთა კადრების მომზადებისათვის, განათლების დონის ამაღლებისა და მხარდაჭერისათვის, კომპეტენტურობისა და სტაბილურობისათვის ხელმძღვანელი პრინციპების შემუშავება; თავის დარგში, სტანდარტებისა და წესების, ევროკოდექსის ურთიერთ შეთავსებულობის მიღწევაში, ხელშეწყობა; დარგში, უსაფრთხოების დონისა და ხარისხის ამაღლება და წახალისება.
„ევროსაბჭოს სამოქალაქო ინჟინერთა“ (ECCE) ორგანიზაციის წესდების თანახმად, წევრად მიღება ხორციელდება ორგანიზაციის ასამბლეაზე, რომელიც ტარდება ექვს თვეში ერთხელ, წევრთა ორი მესამედი ხმების მხარდაჭერის შემთხვევაში. წევრობა შესაძლებელია ევროპის ნებისმიერი ქვეყნის მხოლოდ ერთი ეროვნული პროფესიონალური ორგანიზაციისა. „საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოება“ (GSCE) წარმოადგენს „ევროპის მშენებელ ინჟინერთა საბჭოს“ ოფიციალურ წევრს. გაწევრიანებულია „ევროპის მშენებელ ინჟინერთა საბჭოს“ 54-ე გენერალურ ასამბლეაზე 2011 წლის 28-29 ოქტომბერს. GSCE-ის მიზნებს შეადგენს: „ევროსაბჭოს მშენებელ ინჟინერთა კომიტეტებთან“ თანამშრომლობა, საქართველოს მშენებელ-ინჟინერთა პროფესიონალური მომზადების მხარდაჭერა, სტატუსისა და პრესტიჟის ამაღლება და მათი წარდგენა ევროპაში, ტექნიკური, ნორმატიული და პროფესიული სტანდარტებით ხელშეწყობა, დახმარება, მომავალი ინჟინრებისათვის საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების მიწოდება და სხვა. აღნიშნული მიზნების შესრულების მიზნით, საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობას იღებდნენ საერთაშორისო კონფერენციებზე, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანტალიაში და ბელგიის რესპუბლიკის ქალაქ ბრიუსელში. აგრეთვე მონაწილეობდნენ „ევროპის სამოქალაქო ინჟინერთა საბჭოს“ (ECCE) ორგანიზაციის 55-ე გენერალურ ასამბლეაზე ლიტვის რესპუბლიკის, ქალაქ ვილნიუსში, 56-ე გენერალურ ასამბლეაზე ხორვატიის რესპუბლიკის, ქალაქ დუბროვნიკში, 57-ე გენერალურ ასამბლეაზე პორტუგალიის რესპუბლიკის ქალაქ ლისაბონში და 58-ე გენერალურ ასამბლეაზე კვიპროსის რესპუბლიკის ქალაქ ნიქოზიაში, რომელიც შედგა მიმდინარე წლის 25-26 ოქტომბერს. ხელმოწერილი აქვს ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება „ამერიკის სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოებასთან“ (ASCE) და „ევროსაბჭოს სამოქალაქო ინჟინერთა“ (ECCE) ორგანიზაციის ოფიციალურ წევრ დიდი ბრიტანეთის „სამოქალაქო ინჟინერთა ინსტიტუტთან“ (ICE).
„საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოება“ (GSCE) სახელმწიფო უწყებებთან: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, ქალაქ თბილისის საკრებულოსთან აქტიურად თანამშრომლობს. მზადდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოებას, საქართველოს საინჟინრო აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის. „საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების“ ძირითად საქმიანობის მიზნებს წარმოადგენს: საქართველოს მშენებელი ინჟინერთა პროფესიონალური მომზადების მხარდაჭერა, სტატუსისა და პრესტიჟის ამაღლება და მათი წარდგენა ევროპაში; ტექნიკური, ნორმატიული და პროფესიული სტანდარტებით ხელშეწყობა, დახმარება; საერთაშორისო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კავშირების დამყარება და განვითარება; საქართველოს სამეცნიერო ტექნიკური პროგრესის თანამედროვე დონეზე აყვანა და ეკონომიკურ და სოციალური განვითარების ხელშეწყობა; მომავალი ინჟინრებისათვის საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების მიწოდება. „საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოება“ ამჟამად მუშაობს პროექტზე, რომელიც საქართველოში მშენებელ-ინჟინერთა საერთაშორისო აკრედიტაციის ცენტრის შექმნას ითვალისწინებს.
იური სვანიძე: „2013 წლის ოქტომბერში ხორვატიაში გამართულ ევროპის ინჟინერთა საბჭოს გენერალურ ანსამბლეაზე, გამოვედით წინადადებით, საქართველოში, ევროპის მშენებელ ინჟინერთა საბჭოს, ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, ჩვენი საზოგადოების ბაზაზე დაეფუძნებინა ამიერკავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მშენებელ-ინჟინერთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და აკრედიტაციის საერთაშორისო ცენტრი, ევროპელი სპეციალისტებისა და ადგილობრივი საერთაშორისო დონის სპეციალისტების ერთობლივი მონაწილეობით. ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია აღნიშნული ცენტრის შექმნა, რათა ხელი შევუწყოთ აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის მშენებელ-ინჟინერთა კვალიფიკაციის ამაღლებას და შემდგომში მათ გადაადგილებას ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში სამუშაოდ.
ცენტრი ფართო პროფილის იქნება და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სეისმური მშენებლობა, საერთაშორისო სტანდარტები და ევროკოდები, ენერგოეფექტურობასა და ეკოლოგიასთან დაკავშირებული ნორმები და სხვა. ანუ ყველა ის პრობლემური, გლობალური საკითხი, რომელიც დღეს ევროპასა და მსოფლიოში დგას. ეს დაეხმარება ჩვენ მშენებელ-ინჟინრებს და სხვებსაც კვალიფიკაციის სათანადოდ ამაღლებაში. ამით გაძლიერდება კონკურენტუნარიანობა ფირმებს შორისაც, რომელბიც კვალიფიციური კადრებით იქნებიან დაკომპლექტებული.
ხორვატიაში, ასამბლეაზე ჩვენი წინადადების განხილვას დაუთმეს 45 წუთი, დადებითად შეაფასეს და მხარი დაგვიჭირეს. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება ამერიკის მშენებელ-ინჟინერთა საზოგადიებასთან და დიდი ბრიტანეთის ინჟინერთა ინსტიტუტთან, რომელიც გაეცნო რა ჩვენ ხედვას, გამოგვიგზავნა ის პროგრამა, რომელსაც აუცილებელია აკმაყოფილებდეს მშენებელ-ინჟინერი იმისათვის, რომ მოიპოვოს ევროპასა და სხვა ქვეყნებში მუშობის უფლება.
კონფერენციაზე ხორვატიაში ასევე შევხვდით იაპონიის მშენებელთა საბჭოს პრეზიდენტს და ავუსხენით ჩვენი სწრაფვა ამ ცენტრის შექმნასა და იაპონიის გამოცდილების გაზიარებასთან დაკავშირებით. ახლა გვჭირდება შესაბამისი ფართი, ჩვენ გვაქვს შესაბამისი ბიზნეს-პროექტი მომზადებული. ამ კონფერენციაზე ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვიტანეთ ეს გეგმა და კიდევ ერთხელ ჰპოვა მან მხარდაჭერა.
კონფერენციის შემდეგ ჩვენ ამ შედეგებს დავაფიქსირებთ და ამას გადავუგზავნით კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებს იმისათვის რომ შევძლოთ ცენტრის შექმნა. გვაქვს საერთაშორისო დონორების მხარდაჭერის იმედიც, მაგალითად USAID-ის და სხვა დონორების“.
ქართველი სპეციალისტები საქართველოში დაეგში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ და სამშენებლო სფეროში ერთი ორგანოს (მაგალითად, მშენებლობის სამინისტროს) და შესაბამისი სამეცნიერო ინსტიტუტების არარსებობას უსვამენ ხაზს.
მალხაზ ბედიაშვილი საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, ევროკავშირის ექსპერტი მშენებლობის დარგში:
„საქართველო ყოველთვის იყო მოწინავეთა შორის მშენებლობის დარგში. ჩვენთან იყო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ფართო ქსელი. ასეთი იყო სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის მექანიკის ინსტიტუტი, სადაც ხდებოდა თეორიული საკითხების დამუშავება. მეორე იყო თბილისის ზონალური სამეცნიერო-საკვლევი და ექსპერიმენტალური პროექტირების ინსტიტუტი, რომელიც ამუშავებდა მთელი საბჭოთა კავშირისათვის სამშენებლო კონსტრუქციებს, გათვლილს 7,8 და 9-ბალიან სეისმურ ზემოქმედებაზე. ამის მთავარი ინჟინერი გახლდით მე. გარდა ამისა, არსებობდა ჰიდროტექნიკის ინსტიტუტი, რომელმაც დააპროექტა ენგურჰესი, ასევე – საშენ მასალათა ინსტიტუტი.
ოთხივე ეს ინსტიტუტი მოისპო, დაშალეს და გაყიდეს. ამჟამად შევცქერით საზღვარგარეთის ქვეყნებს, რომ გავიგოთ მათი გამოცდილება, იმიტომ, რომ რაც იქ კვლევების თვალსაზრისით კეთდება, ჩვენთან არ კეთდება, არ გვაქვს ექსპერიმენტალური ბაზები. თბილისის ზონალური ინსტიტუტის შენობა, როგორც ვიცი, სიმბოლურ ფასად გადაეცა რუსთავი 2-ს. მოისპო ჰიდრონაგებოების საკვლევი ინსტიტუტი, არაფერი აქვს საშენ მასალათა ინსტიტუტს. ჩვენთან მიზანმიმართულად სამშენებლო მეცნიერება და პრაქტიკა მოისპო.
ძირითადი პრობლემა ის არის, რომ სიტყვა მშენებელი და სამშენებლო ჩვენს ქვეყანაში არ არის მოდაში. ბევრჯერ მივწერეთ წინა და ამჟამინდელ მთავრობას არსებული პრობლემების შესახებ, მაგრამ პირველ პირამდე ჩვენი განცხადება და ჩვენი აზრი არ მიდის, ვერ ვიღებთ გამოხმაურებას. სამშენებლო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა არასპეციალისტი. საქართველოში იყო დაახლოებით 260000 მშენებელი და ამათი ხელმძღვანელი იყო არასპეციალისტი. ველოდებით როდის გადაწყდება მშენებლების საკითხი რესპუბლიკის მაშტაბით“.
სპეციალისტთა შეფასებით, ჩვენში არასაკმარისი ტემპით ინერგება ევროპული სტანდარტები, ევროკოდები, რომელთა გამოყენებით ხდება თანამედროვე სეისმომედეგი შენობების დაპროექტება და მშენებლობა.
იური სვანიძე: „ჩვენი საზოგადოება და თითოეული ჩვენი სპეციალისტი მზად ვართ, სახელმწიფოს დავეხმაროთ, ვინაიდან სახელმწიფო უკვე აფორმებს ასოცირების ხელშეკრულებას ევროპასთან. სურვილი გვაქვს, ჩვენი ძალებით დავეხმაროთ მთავრობას – საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მოვახერხოთ ინფორმაციის სრული მიწოდება, რათა სამშენებლო დარგი მზად იყოს უკვე ამ გარდამავალი ეტაპისთვის“.
მალხაზ ბედიაშვილი: „მშენებლობის სფეროში ნელ-ნელა მიმდინარეობს ინტეგრაცია ევროპულ სტანდარტებთან. მაგალითად, კეთდება სამშენებლო კოდექსი, არის მცდელობა, რომ სტანდარტები ამუშავდეს, მაგრამ ეს პროცესი ისე ძალიან იწელება, რომ ალბათ კიდევ დიდხანს ვიქნებით ევროპის გარეშე. ეს საქმე უნდა დაჩქარდეს, როგორც კოდექსის, ასევე სტანდარტების მიღება. ამ სტანდარტების დამუშავებას დღეს არაფერი არ უშლის ხელს. უნდა გამოიყოს საჭირო თანხა და დამუშავდება ეს სტანდარტები და კოდექსი მერე დავამტკიცოთ. ვფიქრობ, სამშენებლო დარგის მიმართ უყურადღებობას აქვს ადგილი“.
საქართველოში, როგორც ევროინტეგრაციის გზაზე მდგომ ქვეყანაში, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სამეცნიერო მიღწევების გამოყენებით ინტენსიურად მიმდინარეობს სამოქალაქო ობიექტების მშენებლობა, ასევე ფართო მშენებლობები მიმდინარეობს შავი ზღვისა და მთის კურორტების, აეროპორტების, საზღვაო პორტების, გზებისა და სხვა.
შენდება უნიკალური ნაგებობები ქართველი და უცხოელი არქიტექტორებისა და ინჟინრების მონაწილეობით. ასეთი ობიექტების შესაქმნელად საჭიროა მოწინავე თანამედროვე ევროპაში მიღებული ნორმატიული დოკუმენტაციის შესწავლა და დანერგვა.