მსოფლიო ეკონომიკა 2008 წელს შეშფოთებული ხვდება
მოამზადა ეკა წირღვავამ
სავალუტო ბაზარი
აშშ – დოლარი
აშშ-ის მაკროსტატისტიკურმა მაჩვენებელმა ბევრი სიურპრიზი გამოავლინა, რამაც დოლარს გამყარების შესაძლებლობა მისცა. ნოემბერში ინფლაციის ზრდის ტემპმა მაქსიმუმს მიაღწია, მწარმოებელთა ფასების ინდექსი 3,2%-ით გაიზარდა, ხოლო სამომხმარებლო ფასების ბაზური ინდექსი – 0,3%-ით. ამასთან სამრეწველო წარმოება ოქტომბერში 0,7%-ით ვარდნის შემდეგ ნოემბერში 0,3%-ით გაიზარდა. ერთადერთი, რამაც დოლარზე ზეწოლა მოახდინა, არის სააღრიცხვო განაკვეთის 0,25%-ით შემცირება.
აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს ცნობით, სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო 2007 წლის ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, 1,2%-ით ანუ 57,82 მლრდ დოლარით გაიზარდა. ქვეყნის იმპორტის მოცულობა ოქტომბერში 141,68 მლრდ დოლარი იყო.
აშშ-ში 2007 წლის ნოემბერში სამომხმარებლო ფასები ოქტომბერთან შედარებით 0,8%-ით გაიზარდა. საკვები პროდუქტებისა და ენერგომატარებლების ფასების გარდა, მიმდინარე წლის ნოემბერში სამომხმარებლო ფასები 0,3%-ით ამაღლდა.
სამრეწველო წარმოების მოცულობა 2007 წლის ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით 0,3%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები 1%-იან ზრდას ვარაუდობდნენ.
წლიური გამოთვლებით, მიმდინარე წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 2,1%-ით გაიზარდა. საწარმოო სიმძლავრეების გამოყენების კოეფიციენტი 2007 წლის ოქტომბერში 81,5%-ს შეადგენდა.
ევროზონა – ერთიანი ეროვნული ვალუტა
დეკემბრის ბოლოს მონაცემები მეტყველებს ევროზონის სამრეწველო წარმოების ტემპის ზრდაზე, რასაც სამრეწველო საქონლისა და წარმოების სახსრების გაზრდამ შეუწყო ხელი. ამავე დროს, ნოემბერში ევროზონაში ინფლაცია მკვეთრად გაიზარდა და წლიურად 3,1% შეადგინა. ევროს ინდექსი წლის ბოლოს ნეგატიური დინამიკის დემონსტრირებას ახდენს.
2007 წლის III კვარტალში ევროზონაში დასაქმება 0,3%-ით, ანუ 407000 ადამიანით გაიზარდა. წლიური გამოთვლებით ეს მაჩვენებელი 1,9%-ით გადიდდა. აღსანიშნავია, რომ ახალი სამუშაო ადგილების ასეთი ზრდა ბოლოს 2001 წელს აღინიშნა.
ინფლაცია მთელ მსოფლიოში მძვინვარებს
ნავთობის გაძვირებამ, რაც ადრე ზეგავლენას არ ახდენდა აშშ-ისა და ევროზონის ინფლაციის მაჩვენებლებზე, ბოლო თვეების განმავლობაში გამოიწვია სამომხმარებლო ფასების მკვეთრი ზრდა. იმის გამო, რამ ნავთობის კოტირების ფასი ბარელზე 90 დოლარზე მეტია, მსხვილ მსოფლიო ეკონომიკებში მოსალოდნელია ინფლაციის შემდგომი ზრდა. წამყვანი მსოფლიო ცენტრალური ბანკები უჩვეულო ვითარებაში არიან, ისინი საფინანსო ბაზარზე კრიზისსა და სამომხმარებლო ფასების ზრდას ებრძვიან.
მსოფლიოს წამყვან ბანკებს – ევროპის ცენტრალურ ბანკსა და ფედერალურ სარეზერვო სისტემას წინაშე ერთი და იგივე პრობლემა დგას ინფლაციის მკვეთრი ზრდა და ეკონომიკური ზრდის შემცირება.
წამყვანი დასავლური ქვეყნების ეკონომიკების განვითარების პროგნოზი
იპოთეკური დაკრედიტების სფეროში კრიზისის შედეგები მსოფლიო ფინანსურ ბაზარზე 2008 წლის ბოლომდე ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს.
აშშ-ის ხელისუფლებამ შეამცირა ქვეყნის ეკონომიკის ზრდის 2008 წლის პროგნოზი და გაზარდა 2007 წლისთვის. 2007 წელს ქვეყნის მშპ ნავარაუდევი 2,3%-ის ნაცვლად 2,7%-ით გაიზარდა, ხოლო 2008 წელს მშპ გაიზრდება ასევე 2,7%-ით და არა 3,1%-ით, როგორც ნავარაუდევი იყო.
ანალიტიკოსების უმრავლესობა ფიქრობს, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა საპროცენტო განაკვეთს 2008 წლის მარტში 3,75%-მდე შეამცირებს.
ანალიტიკოსების პროგნოზით, ინგლისის ბანკი და ევროპის ცენტრალური ბანკი ბაზურ განაკვეთებს უცვლელად დატოვებს. გამორიცხული არ არის, რომ 2008 წლის დასაწყისში ევროპის ცენტრალურმა ბანკმა არსებული 4%-იანი განაკვეთი გაზარდოს, ხოლო ინგლისის ბანკმა პირიქით, მიმდინარე 5,75%-იანი განაკვეთი შეამციროს.
ეკონომიკის ზრდის ტემპის დაჩქარების გამო 2007 წლის ბოლოს და 2008 წლის დასაწყისში ევროპის ცენტრალური ბანკი იძულებული გახდება გააგრძელოს რეფინანსირების განაკვეთის ზრდა. სავარაუდოდ 2008 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 4,5%-ს მიაღწევს. ჭაცჰოვია-ს ანალიტიკოსების აზრით, სანამ ევროზონის ინფლაცია დაახლოებით 2%-ია, რაც ეკონომიკური ზრდის შემცირებით აიხსნება, ევროპის ცენტრალური ბანკი არ გაზრდის საპროცენტო განაკვეთს.
აშშ-ის ფედერალური სარეზერვო
სისტემა
მიმდინარე განაკვეთები: 4.25%
ბოლო ცვლილებები : 11.12.2007, -0.25%
სავარაუდო მონაცემები 2007 წლის ბოლოსა და 2008 წლის დასაწყისისთვის: 3.75% / 3.25%
კომენტარი: დეკემბერში ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საბაზო განაკვეთი 0,25%-ით 4,25%-მდე შეამცირა. საბაზო განაკვეთი სექტემბრისა და ოქტომბრის თვეებშიც შემცირდა, ასე რომ, ბოლო სამი თვის მანძილზე ამ მაჩვენებელმა 0,75%-ით დაიკლო. განაკვეთების შემცირება საფინანსო ბაზარზე არსებულმა რთულმა ვითარებამ განაპირობა. მოსალოდნელია, რომ 2008 წლის იანვარში საბაზო განაკვეთი კიდევ 0,25%-ით შემცირდება, ე.ი. 4,00%-მდე, ხოლო მთლიანად 2008 წელს კი – 1%-ით, ე.ი. 3,25%-მდე.
ევროზონა –
ევროპის ცენტრალური ბანკი
მიმდინარე განაკვეთები: 4.00%
ბოლო ცვლილებები: 06.06.2007, +0.25%
სავარაუდო მონაცემები 2007 წლის ბოლოსა და 2008 წლის დასაწყისისთვის:3.75% / 3.50%
როგორც ბაზარი ელოდა, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა დეკემბრის სხდომაზე საბაზო განაკვეთი ცვლილების გარეშე – 4.00%-ზე დატოვა. 2008 წლის იანვარში ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ლიკვიდურობის კრიზისის გამო საბაზო განაკვეთი შეიძლება ისევ უცვლელად დატოვოს, ხოლო მეორე კვარტალში მისი შემცირება დაიწყოს. ინფლაციური ზეწოლის გაზრდის გამო, ევროპის ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გაგრძელებას აპირებს.
შვეიცარია –
შვეიცარიის ეროვნული ბანკი
მიმდინარე განაკვეთები: 2.75%
ბოლო ცვლილებები:13.09.2007, +0.25%
სავარაუდო მონაცემები 2007 წლის ბოლოსა და 2008 წლის დასაწყისისთვის: 3.00% / 3.00%
დეკემბერში შვეიცარიის ნაციონალურმა ბანკმა საბაზო განაკვეთი ცვლილების გარეშე – 2,75%-ზე დატოვა. ეს გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკავშირებულია საფინანსო ბაზრებზე ლიკვიდურობის გლობალური კრიზისის გაძლიერებასთან. შვეიცარიის ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებამ ზემოქმედება მოახდინა შვეიცარულ ფრანკზე, მიუხედავად ამისა, მოსალოდნელია, რომ შვეიცარიის ეროვნული ბანკი გააგრძელებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, რაც გამოწვეულია ინფლაციური ზეწოლით. სავარაუდოდ შვეიცარიის ეროვნული ბანკის საბაზო განაკვეთი 2008 წლის მარტში კიდევ ერთხელ გაიზრდება, რაც ფრანკს დოლართან მიმართებაში უფრო მიმზიდველს გახდის.
დიდი ბრიტანეთი – ინგლისის ბანკი
მიმდინარე განაკვეთები: 5.50%
ბოლო ცვლილებები: 06.12.2007, -0.25%
სავარაუდო მონაცემები 2007 წლის ბოლოსა და
2008 წლის დასაწყისისთვის: 5.00% / 4.75%
ინგლისის ბანკმა დეკემბრის სხდომაზე საბაზო განაკვეთი 0,25%-ით, ე.ი. 5,50%-მდე შეამცირა, ეს ბოლო ორი წლის მანძილზე პირველი შემცირება იყო. ინგლისის ბანკი “შეაშინა” ეკონომიკის ზრდის მკვეთრმა შემცირებამ და ფინანსური ბაზრების მდგომარეობის გაუარესებამ. მონეტარული პოლიტიკის შერბილება და საბაზო განაკვეთის შემცირება შესაძლებელია მომავალ წელსაც გაგრძელდეს, სანამ ის 2008 წლის ბოლომდე 4,75%-ს არ მიაღწევს.
იაპონია – იაპონიის ბანკი
მიმდინარე განაკვეთები: 0.50%
ბოლო ცვლილებები : 21.02.2007, +0.25%
სავარაუდო მონაცემები 2007 წლის ბოლოსა და
2008 წლის დასაწყისისთვის: 0.505% / 0.75%
ნოემბერში იაპონიის ბანკმა “ოვერნაითის” განაკვეთი ცვლილებების გარეშე – 0,50%-ზე დატოვა. მიმდინარე წელს ბაზარი ამ განაკვეთის გაზრდას არ ელოდება, სავარაუდოდ “ოვერნაითის” განაკვეთი 2008 წლის მეორე კვარტალში 0,50%-ით გაიზრდება.