საქართველოს ეკონომიკის განვითარების სტრატეგიის შესახებ
ინეზა გაგნიძე, თსუ ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა, ღია ეკონომიკის პირობებში მსოფლიო გლობალურ ბაზარზე საკუთარი ნიშის მოპოვება და იქ მტკიცედ დამკვიდრება ნებისმიერი ქვეყნის როგორც მთავრობათა, ისე მოქალაქეების დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ასეთი რთული ამოცანის გადასაწყვეტად საქართველოსაც დიდი ძალისხმევა სჭირდება.
რეფორმის მიმართულებების განსაზღვრაზე დიდად ზემოქმედებს ქვეყნის თავისებურებანი, მისი განვითარების დონე, სასტარტო პირობები, ტრადიციები, საბაზრო მენტალიტეტის ხარისხი, ეკონომიკური თეორიის პროგრესულობა, ინოვაციურობა, პოლიტიკოსებისა და ეკონომისტების მომზადების დონე, რეფორმებისადმი საზოგადოების მხარდაჭერის ხარისხი.
პოსტსაბჭოთა პერიოდში საქართველოში გარკვეული ეკონომიკური რეფორმები ტარდებოდა, მაგრამ არასისტემურად. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია ნაწილობრივ დღესაც გრძელდება და ქვეყანას ჯერ კიდევ არ აქვს სათანადო ერთიანი სტრატეგია, მდგრადი და უსაფრთხო განვითარების სახელმწიფო პროგრამის სახით. ეს აიხსნება აზროვნების და საქმიანობის არასისტემურობით, ფრაგმენტულობით. ვფიქრობთ, მართვის ასეთი სტილი დროულად უნდა გადაიზარდოს ქვეყნის, როგორც ერთი მთლიანის, მართვაში.
აქ იგულისხმება განვითარების ისეთი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც ერთიანობაში მოიყვანს საქართველოს განვითარების ეკონომიკურ და პოლიტიკურ მიზნებსა და ინტერესებს. მთავრობის მხრიდან კი წარმატებასთან მიმავალი ის პოლიტიკაა, რომელიც შექმნის ისეთ გარემოს, სადაც კომპანიები შეძლებენ მიაღწიონ კონკურენციულ უპირატესობებს.
ქვეყნების კონკურენციული უპირატესობებისა და კონკურენტუნარიანობის შესახებ იმდენი მოსაზრება არსებობს რამდენი ავტორიც წერს მათზე. რ. ნელსონი გამოყოფს 3 ძირითად მიდგომას: მიკროეკონომიკურს; მაკროეკონომიკურს და მიდგომას, რომელიც ემხრობა სახელმწიფოს ისეთ სამრეწველო პოლიტიკას, რომელიც აქტიურად ერევა ეკონომიკაში სუბსიდირების საშუალებით. ჯ. ა. ჰარტი გამოყოფს 6 ძირითად კონცეფციას, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკურ ლიტერატურაში ცდილობენ ახსნან ცვლილებები კონკურენტუნარიანობაში: მაკროეკონომიკური, სახელმწიფოებრივი მიდგომა, ნეოკორპორატიული, კოალიციური, კულტურული და სოციალურ-სახელმწიფოებრივი. ს.დ. კოუენი გამოყოფს აშშ კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელ 7 კონცეფციას [3; 18-19].
იმის გამო, რომ განვითარებული ქვეყნის მიზნები და მართვის მეთოდები განსხვავებულია ახლადფეხადგმული ეკონომიკისთვის საჭირო რეცეპტებისგან, შესაძლებელია, ცნობილი ექსპერტებისთვის მიუღებელი “ე.წ. მოძველებული შეხედულებები” მეტად სასარგებლო აღმოჩნდეს საქართველოსთვის. მით უმეტეს, რომ გვაქვს იაპონიის ეკონომიკაში მოქმედი სიცოცხლის მანძილზე დაქირავების სისტემის კარგი მაგალითი, რომელიც დღემდე ფეოდალიზმის პერიოდიდანაა შემორჩენილი. ცნობილია, რომ იგი დაიწუნა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ იაპონიის განვითარების ხელშემწყობის მიზნით უცხოელი ექსპერტების მიერ მოწვეულმა მრჩეველმა, მაგრამ იაპონელთა მხრიდან მისი დანერგვის სურვილს ხელი არ შეუშლია მათთვის არნახული წარმატების მიღწევაში. მაგრამ მართვის სისტემებს შორის გამოყენებისთვის უნივერსალური არცერთია, თუნდაც მართვის იაპონური მეთოდები.
ქვეყნის კონკურენტუნარიანობა მისი ორგანიზაციის მოდელისა და მართვის პრაქტიკის შეერთების შედეგია, რომელიც უფრო მეტადაა მისაღები კონკრეტული ქვეყნისთვის და მოცემული დარგის კონკურენციული უპირატესობის წყაროებისთვის. ეროვნულ ფასეულობებში, კულტურაში, ეკონომიკის სტრუქტურაში, არსებულ ორგანიზაციებსა და ისტორიულ განვითარებაში განასხვავებს თავისი წვლილი შეაქვს წარმატებული კონკურენციული უპირატესობების მოპოვებაში [1; 162].
ეკონომიკის განვითარების სტრატეგია თანმიმდევრული რომ იყოს, პირველ ეტაპზე ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებელია განისაზღვროს ქვეყნის ძირითადი საერთაშორისო ფუნქციები, რომელთა შესაბამისად მოხდება იმ დარგების გამოყოფა, რომლებშიც საქართველოს შეუძლია კონკურენციულ უპირატესობებს მიაღწიოს.
ქვეყანა ვერ იქნება კონკურენტუნარიანი ყველა დარგში ან თუნდაც მათ უმრავლესობაში. არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები თითოეული ქვეყნის კონკურენტუნარიანობის სტრუქტურაში. გარკვეულ დარგებში ქვეყნები წარმატებას აღწევენ იმით, რომ შესაბამის შემთხვევებში მათი შიდა პირობები აღმოჩნდება უკეთესი, დინამიური და პერსპექტიული სხვებთან შედარებით [1; 162].
აღნიშნულის გამო, მკითხველის ყურადღება გვინდა გავამახვილოთ კონკურენციის თეორიის ერთ-ერთი მკვლევარის მ. პორტერის ნაშრომში – “ქვეყნების კონკურენციული უპირატესობები” განხილულ კლასტერების კონცეფციაზე. ავტორმა გააანალიზა 4-წლიანი გამოკვლევის შედეგები, რომელიც ჩაატარა 10 ქვეყანაში (რომელთა ექსპორტი ჯამში შეადგენდა მსოფლიო ექსპორტის 50%-ზე მეტს) 30 ადგილობრივი მეცნიერის მხარდაჭერით და მოგვცა კონკურენტუნარიანობის გამსაზღვრელი ფაქტორების დახასიათება (რომბის წესი) და განავითარა კლასტერების თეორია.
კლასტერის კონცეფცია წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის ხედვის ახალ საშუალებას და მიუთითებს კომპანიების, მთავრობისა და სხვა ორგანიზაციების ახალ როლზე კონკურენციული უპირატესობებისკენ სწრაფვის პროცესში. “ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურენციული უპირატესობები გლობალურ ეკონომიკაში ხშირად აღმოცენდება კლასტერის ნიადაგზე” [1; 275].
გლობალიზაცია კომპანიებს საშუალებას აძლევს მიიღონ კაპიტალი, საქონელი და ტექნოლოგიები ნებისმიერი ადგილიდან და განალაგონ წარმოება იქ, სადაც ეს აღმოჩნდება უფრო ეფექტიანი დანახარჯების მიხედვით. ამის გამო გლობალიზაციის პროცესებთან დაკავშირებით კლასტერების აღმოცენების მიზეზების მნიშვნელობა თითქოს შემცირდა. თუმცა სულ უფრო რთული კონკურენციული ბრძოლის პირობებში, რაც თავის მხრივ ეფუძნება სამეცნიერო ცოდნასა და დინამიურ ეკონომიკას, შეიმჩნევა კლასტერების ახალი როლი.
კლასტერი ანუ სამრეწველო ჯგუფი გეოგრაფიულად მეზობელი ურთიერთდაკავშირებული კომპანიების ჯგუფი და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციებია, რომლებიც მოქმედებენ განსაზღვრულ სფეროში და ხასიათდებიან საქმიანობის ერთიანობით და ერთმანეთთან ურთიერთშევსებით.
კლასტერები ხშირად მოიცავს აგრეთვე ფირმებს, რომლებიც მუშაობენ მომარაგების და მომხმარებლებთან მომუშავე, თანამდე პროდუქტების მწარმოებლებს; ინფრასტრუქტურის სპეციალიზებულ მომმარაგებლებს; სამთავრობო და სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სპეციალურ სწავლებას, განათლებას, ინფორმაციის მიღებას, კვლევების წარმოებას და ტექნიკურ მხარდაჭერას (როგორიცაა უნივერსიტეტები, კვალიფიკაციის ასამაღლებელი ორგანიზაციები) სტანდარტების შემმუშავებელი ორგანიზაციები.
კლასტერების განვითარებაზე მიმართული ადეკვატური პოლიტიკა უნდა აიგოს არსებული ან აღმოცენებადი დარგების განვითარებით, რომელიც ბაზარმა უკვე გამოსცადა.
საქართველოს ეკონომიკის განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება განხილულ იქნეს ისეთი კლასტერების აგება, როგორიცაა: სატრანსპორტო (ქვეყნის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამო, მისი ეს ფუნქცია ჯერ კიდევ აბრეშუმის გზის მიერ იქნა აღიარებული: სარკინიგზო, მაგისტრალური, საჰაერო, მილსადენი), ტურიზმის (ეკოტურიზმი, რეკრეაციული და საკურორტო ტურიზმი, პილიგრიმული და სხვა), სოფლის მეურნეობის დიდ კლასტერში ეკოლოგიური პროდუქტების წარმოების მიზნით ქვეკლასტერების (ხე-ტყის, მეღვინეობის, მევენახეობის, მებაღეობის, და სხვა საკვები პროდუქტების) შექმნა.
საკითხის განხილვის გამარტივების მიზნით მოვიყვანთ კალიფორნიელ მეღვინეთა კლასტერის მაგალითს (სქემა #1) [1; 209]. იგი ვფიქრობთ, მეტად საინტერესო იქნება ისეთი ქვეყნისთვის, სადაც მსოფლიოში ღვინის წარმოების 3 ძირითადი მეთოდიდან 2 ჩამოყალიბდა.
სქემიდან #1 კარგად ჩანს, რომ ღვინის მეწარმეთა კალიფორნიული ჯგუფი მოიცავს არა მარტო ღვინის წარმოებას, არამედ მისი თანმდევი დარგების ფართო რიგს, რომელიც უზრუნველყოფს მხარდაჭერას როგორც ღვინის საწარმოებლად, ასევე ყურძნის მოსაშენებლად. ყურძნის გაშენების გეგმაში ჩანს კლასტერისთვის დამახასიათებელი ძლიერი კავშირები, როგორც კალიფორნიის რესტორნების ინდუსტრიასთან და საკვები პროდუქტების დამზადებასთან (თანმდევი პროდუქტები), ასევე ტურისტულ კლასტერთან ნაპში. აქვეა ჩართული კალიფორნიის უნივერსიტეტი დევისში, რომლის პროგრამა მევენახეობაში ცნობილია მსოფლიოში, ასევე კალიფორნიის სენატისა და ასამბლეის სპეციალური კომიტეტები.
რატომ უნდა განვიხილოთ ეკონომიკა კლასტერების პრიზმაში და არა კომპანიების, დარგების, სექტორებისა და დაჯგუფებათა სახით? უპირველეს ყოვლისა, იმ ფაქტის გამო, რომ კლასტერები უკეთესად ეწყობიან კონკურენციის ხასიათსა და კონკურენციული უპირატესობების მიღწევის წყაროებს.
კლასტერი ქსელის ისეთი ფორმაა, რომელიც გეოგრაფიული რეგიონების ფარგლებშია, სადაც ფირმებისა და ორგანიზაციების განლაგების სიახლოვე უზრუნველყოფს ერთობის გარკვეულ ფორმას და ამაღლებს ურთიერთქმედების სიხშირესა და ძალას. კლასტერი ხელს უწყობს მწარმოებლურობის ამაღლებას არა მარტო წარმოების ფაქტორების შეძენითა და გადაზიდვით, არამედ ის უზრუნველყოფს ურთიერთშევსებას კლასტერის მონაწილეთა საქმიანობის სახეებს შორის.
ურთიერთშევსების ყველაზე აშკარა ფორმა შეიძლება დავინახოთ პროდუქტებში. სქემაზე #1 განხილული მეღვინეთა კლასტერი დაკავშირებულია ტურისტულ კლასტერთან. ამის მიზეზია ის, რომ ტურისტულ ბიზნესში დამთვალიერებლის მიერ მიღებული შთაბეჭდილებების ხარისხი დამოკიდებულია არა მარტო მათთვის შეთავაზებული ობიექტების მიწოდებაზე (მაგალითად, პლაჟი ან ისტორიული ღირსშესანიშნაობა), არამედ ამ რეგიონის სასტუმროების მომსახურებისა და კომფორტის დონეზე, რესტორნებში მომსახურებაზე, უსაფრთხოებაზე, სამწვრთნელო და სამაშველო სამსახურის, სამედიცინო მომსახურების, სადაზღვევო კომპანიების, სუვენირების ხარისხსა და ხელმისაწვდომობაზე, აეროპორტებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მდგომარეობაზე, შესაბამისი საგანმანათლებლო ინსტიტუტების მომზადების დონეზე და ა.შ.
ზემოაღნიშნულის გამო ტურისტული კლასტერის აგება საქართველოს ეკონომიკაში ბიძგს მისცემს ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ეკონომიკური საქმიანობის გაშლას, ხოლო ტურიზმის, როგორც მხოლოდ დარგის, განხილვა, ტურისტული პროდუქტებისთვის დამახასიათებელი ურთიერთშევსების გამო (მაგალითად, ტურისტული სააგენტოების, ტუროპერატორების და ტურისტული მარშუტების სახით) შეზღუდულია და ვერ იქნება სასურველი სწრაფი და ეფექტიანი შედეგების მომცემი, როგორიც ტურისტული კლასტერის (საქმიანობის ზემოთაღწერილი მიმართულებებით წარმართვა) საშუალებით ამ სფეროს მართვა.
ურთიერთშევსების სხვა მიზეზები კლასტერის შიგნით ეხება კლასტერის მონაწილეთა საქმიანობის საუკეთესოდ დაგეგმვასა და რიგითობის განსაზღვრას. მაგალითად, ხის ნაწარმის წარმოების კლასტერში ხის სახერხი ქარხნების მწარმოებლურობა დამოკიდებულია მაღალხარისხიანი ხის მიწოდების სიმყარესთან და იმ უნართან, რომ მაქსიმუმამდე იქნეს გამოყენებული ხე ან ავეჯის წარმოებისთვის (უმაღლესი ხარისხი) ან ტარისა და ყუთებისთვის (შედარებით დაბალი ხარისხი), ან ჩხირებისა და სხვა მცირე ნაკეთობებისთვის (ყველაზე დაბალი ხარისხი).
საქართველოში სატყეო მეურნეობის მხოლოდ გასხვისებით მართვა არაეფექტიანია. იგი სხვა ქვეყანაში გადაიტანს იმ კონკურენციულ უპირატესობებს, რაც შესაძლებელია შექმნილ იქნას ჩვენში. კლასტერის სახით ამ დარგის განხილვით შესაძლებელია ქვეყანაში ბიზნესის ისეთი ახალი მიმართულებების წარმოქმნა, როგორიცაა: ქაღალდისა და ცელულოზის წარმოება, ქაღალდის დასამზადებელი ქიმიური საშუალებები, საღებავები, მუყაოსა და შესაფუთი ქაღალდების წარმოება, მეორადი გადამუშავება, საბეჭდი ქაღალდის წარმოება, ხელსახოცებისა და სანიტარული მასალების წარმოება, ასევე სამშენებლო მასალები, სუვენირები და სათამაშოები, საცობები, საინჟინრო კონსალტინგი, სახერხი მანქანები, ხე-ტყის გადაზიდვა, ავეჯის წარმოება, შესაბამისი სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებები, გამოფენებისა და სარეკლამო სამსახურების ორგანიზაცია და უამრავი სხვა მიმართულება, რაც კლასტერის გაღრმავების საფუძველზე გამოჩნდება ენდოგენური გზით.
ასეთ პირობებში სახელმწიფოს მხრიდან შერჩევის საფუძველზე კლასტერის შიგნით მიზანშეწონილია ზოგიერთი მიმართულებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელება, სხვებზე სახელმწიფო საკრედიტო შეღავათების დაწესება, ასევე მიკროდონეზე საწყის პერიოდში ბიზნესის ზოგიერთი სახის გადასახადებისგან გათავისუფლება. განსაზღვრულ სფეროში შექმნის რა კონკურენციული წარმატებისთვის პროდუქტის აუცილებელ კრიტიკულ მასას, კლასტერი იწვევს მართვის ერთიანი მექანიზმის შემუშავებას როგორც სახელმწიფო, ისე რეგიონისა და ცალკეული ქალაქების დონეზე.
მისასალმებელია, როცა სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწესრიგებს სარწყავ-საირიგაციო სისტემას. თუ კლასტერის პრიზმაში დავინახავთ ამ დარგს, მაშინ იმავდროულად გამოჩნდება შესაწამლი მასალების, სანერგე და სათესლე მეურნეობების ეფექტიანი ორგანიზაციის აუცილებლობა, რაც სასურველი შედეგის კიდევ რამდენიმე წლით ადრე მიღებას შეუწყობდა ხელს. კერძოდ, ამ მიმართულებით საგადასახადო განაკვეთით ლავირება ადგილობრივი ბიზნესის წახალისების კუთხით ორმაგი ეფექტის მიღების საშუალებას მოგვცემს.
პოლიტიკა, რაც იწვევს კლასტერების სრულყოფას ხშირად იცვლება. ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე რეალური კონკურენციული უპირატესობის მისაღწევად კლასტერებს სჭირდებათ 10 ან მეტი წელი – ესაა ერთ-ერთი იმ მიზეზთაგანი, რის გამოც მთავრობები (4-წლიანი საარჩევნო პერიოდის გამო) არ არიან დაინტერესებულნი შექმნან კლასტერი. თუმცა, როდესაც კლასტერის აგების გამოცდილება უკვე ცნობილია, სახელმწიფოს მიზანმიმართულ მცდელობას შეუძლია გაცილებით ნაკლებ დროში გამოიღოს სასურველი შედეგები.
ზემოაღნიშნულის გარდა, გვსურს ჩამოვაყალიბოთ ქვეყნის ეკონომიკის კლასტერების პრიზმაში ხედვის სხვა უპირატესობებიც, კერძოდ:
კლასტერების კონცეფცია ეფუძნება ფირმებსა და რეგიონებს შორის კონკურენციის პროცესის უფრო ფართო ხედვას მწარმოებლურობის ზრდის საფუძველზე;
კლასტერები კონკურენციულ ბრძოლაზე გავლენას ახდენენ სამი საშუალებით: 1. მასში შემავალი დარგებისა და ფირმების მწარმოებლურობის ამაღლებით; 2. ინოვაციებისადმი უნარის ამაღლებით; 3. ახალი ბიზნესის სტიმულირების საშუალებით;
კლასტერები წარმოადგენენ მამოძრავებელ ძალას ექსპორტის გაზრდასა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, რაც დღეს საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უპირველეს ამოცანას წარმოადგენს;
კლასტერების ფუნქციონირების გაუმჯობესებისაკენ მიმართულ სახელმწიფო და კერძო ინვესტიციებს ერთდროულად მრავალი ფირმისთვის მოაქვთ წინსვლა; ინტერესდებიან ცნობილი ფირმები და მიმდინარეობს ერთგვარი საწარმოო ჯაჭვის შექმნა;
კლასტერების მონაწილეთა უმრავლესობა ერთმანეთს არ უწევენ კონკურენციას უშუალოდ. უბრალოდ ისინი დარგის სხვადასხვა სეგმენტებს ემსახურებიან;
ჯანმრთელ და სიცოცხლისუნარიან კლასტერში ფირმების საწყისი კრიტიკული მასა აძლიერებს თვითგაძლიერების პროცესს. გროვდება ინფორმაცია; ადგილობრივ ინსტიტუტებში იწყება სპეციალური მომზადება, მიმდინარეობს კვლევები, ვითარდება ინფრასტრუქტურა და მუშავდება შესაბამისი საკანონმდებლო ნორმები, ამასთან კლასტერი ხდება უფრო შესამჩნევი და იზრდება მისი პრესტიჟი.
კლასტერების გადაკვეთა (მაგალითად, ხე-ტყის კლასტერის საბეჭდ-საგამომცემლო, სატრანსპორტო, სამშენებლო და მეღვინეობის კლასტერებთან, ქალაქების დონეზე საკონფერენციო და სარესტორნო კლასტერებთან) გვიჩვენებს მათი განვითარების ახალ იმპულსებს, რაც ამცირებს ბიზნესში შესვლის ბარიერებს;
როგორც კი კლასტერი ჩამოყალიბდება, ჯგუფში ყველა დარგებისადმი ურთიერთმხარდაჭერა აღმოცენდება;
მწარმოებლები ან ინდივიდები, ვისაც აქვს საკუთარი იდეა, მიგრირებენ ზრდადი კლასტერის რეგიონში. ეს კი საქართველოდან მიგრაციის დიდი პრობლემის გარკვეულწილად გადაჭრასაც შეუწყობს ხელს;
კლასტერში შემავალ ფირმებს უფრო სწრაფად შეუძლიათ განსაზღვრონ სამომავლო მოთხოვნის ტენდენციები, ვიდრე მათ მეტოქე, ცალკეულ ფირმებს;
კლასტერების არსებობას შეუძლია შეამსუბუქოს ცვალებად ეკონომიკურ პირობებზე ადგილობრივი ფირმების მორგების პროცესი, რაც უფრო მეტად ამცირებს ადგილობრივი ეკონომიკის რისკს;
კლასტერის წევრობიდან გამომდინარე, “სამოქალაქო ვალდებულების” გრძნობა ფირმებს “აიძულებს” გაცდნენ ვიწრო კერძომესაკუთრულ ინტერესებს შედეგად, კი ყალიბდება ეფექტიანი მესაკუთრე.
დასკვნის სახით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საზოგადოდ ეკონომიკურ განახლებას ეწინააღმდეგება ძლიერი ძალები, რომლებიც აღმოცენდებიან როგორც კონკურენტუნარიანობაზე მოძველებული შეხედულებებით, ასევე არსებული სიტუაციის საფუძველზე ჩამოყალიბებული გაყინული ინტერესებით. ამასთან აუცილებელია გვახსოვდეს, რომ პროგრესი ეკონომიკაში შეიძლება დაირღვეს როგორც უმოქმედობით, ასევე აუცილებელი ნაბიჯების არასათანადო აღქმითა და გააზრებით.
საბოლოო ჯამში ეკონომიკაში მთავრობის როლი მდგომარეობს ნათელი, დადებითი და გრძელვადიანი ეკონომიკური პროგრამის ან ცვლილებების პროცესის შემუშავებასა და დანერგვაში, რომელიც საამისოდ მობილიზაციას გაუკეთებს მთავრობას, ბიზნესს, ორგანიზაციას და მოქალაქეებს, როგორც საერთო ეკონომიკურ მდგომარეობას, ასევე ადგილობრივი კლასტერების სრულ მასივს.