ინფლაცია აზიურ ქვეყნებში პოლიტიკური არასტაბილურობის პროვოცირებას ახდენს
რედაქციისაგან
ბოლო დროს ფასების რეკორდული ზრდა ბევრი ქვეყნის ხელისუფლების შეშფოთებას იწვევს. მზარდი ინფლაციით ძირითადად აზიური ქვეყნების ხელისუფალნი არიან შეწუხებული, რადგან აქ პროდუქტების ფასებზე მთელი სამომხმარებლო კალათის მესამედი მოდის.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საკვები პროდუქტების, კერძოდ კი ხორბლის, სოიოსა და პალმის ზეთის შემდგომი გაძვირება, შესაძლებელია ამ რეგიონისთვის საფრთხის მატარებელი გახდეს. აზიის ქვეყნებში ბოლო დროს საწვავის ფასების ზრდამ უკვე გამოიწვია პოლიტიკური არასტაბილურობა და შეშფოთება.
ინფლაციის ხელისუფლების კონტროლიდან გამოსვლა, შესაძლებელია სერიოზული პრობლემა გახდეს არა მარტო ამ ქვეყნების ეკონომიკისთვის, არამედ მათი პოლიტიკური სტაბილურობისათვის. მაგალითად, პაკისტანში, სადაც პროდუქტების ფასების ზრდაში ხელისუფლება კონტრაბადნისტებსა და სპეკულანტებს ადანაშაულებს, ხორბლით დატვირთულ სატვირთო მანქანებს ნახევრად სამხედრო ფორმირებები აცილებენ. ხოლო მალაიზიამ კი მცენარეული ზეთის ბარათების გაცემა დაიწყო მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ამ პროდუქტზე სუბსიდიების გაცემა განაახლა. ჩინეთში, სადაც ინფლაცია მაქსიმალურ (ბოლო 11 წლის განმავლობაში) დონეზეა, ხელისუფლებამ ადგილობრივი რესურსების გასაფართოებლად, ხორბლის ექსპორტზე გადასახადი დააწესა.
აღსანიშნავია, რომ ჯერ-ჯერობით ეკონომისტები და ექსპერტები აზიის ქვეყნების ხელისუფლების მიერ მიღებულ ზომებს სკეპტიკურად უყურებენ. ისინი ფიქრობენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ფასების ზრდის შესაჩერებლად განხორციელებული ზომები საბოლოოდ მხოლოდ უკმაყოფილებას და პოლიტიკურ არასტაბილურობას გამოიწვევს. ხელისუფლებამ პოლიტიკა უნდა შეცვალოს და ასე შეაჩეროს ფასების ზრდა, რაც არსებულ ვითარებასაც შეცვლის – აცხადებენ ანალიტიკოსები.
მთავარი საკითხი, რაც მსოფლიოს ყველა ქვეყნის ექსპერტებს აწუხებს ის არის, თუ რამდენად ხანგრძლივი იქნება ფასების ზრდის ტენდენცია. მაგალითად, მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებამ უკვე გამოიწვია ნავთობის ფასის შემცირება და წლის დასაწყისში ბარელზე 100 დოლარს მიაღწია. ბევრი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ იგივე შეიძლება მოხდეს პროდუქტების ფასებზე. მაგრამ ჯერ-ჯერობით პროდუქტების ფასებზე უარყოფითად მოქმედებს ის, რომ ამჯამად მოსავლის დიდი ნაწილი ბიოსაწვავის წარმოებაზე მიდის, ხოლო ჩინეთმა 1996 წლიდან სათესი მიწების დაახლოებით 6 % დაკარგა სამრეწველო მშენებლობების სიჭარბის გამო.