პური და ნავთობი
რედაქციისაგან
გასული წლის კიდევ ერთი ტენდენციაა სურსათზე ფასების მკვეთრი ზრდა. 2007 წლის ბოლოს ხორბლის ფასი 50%-ით გაიზარდა, 2006 წლის ბოლოსთან შედარებით. ამის მიზეზი გახდა ძირითადად გრძელვადიანი ფაქტორები – ბიოსაწვავი კულტურების აქტიური დანერგვა და სათესი ფართობების შემცირება. მსოფლიო ბაზარზე ძლიერ ზეგავლენას ახდენს განვითარებად ქვეყნებში სურსათზე მოთხოვნის ზრდა. მაგალითად, ჩინეთში ხორცზე მოთხოვნა ოთხჯერ გაიზარდა, ვიდრე ბოლო 50 წლის მანძილზე.
მომავალში ყველა ეს ფაქტორი კვლავ ძალაში რჩება. უახლოესი რამდენიმე წლის მანძილზე მსოფლიო სისტემა ერთ-ერთ უმკაცრეს გამოცდას გაივლის. ზოგიერთი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ სასურსათო რესურსებზე ფასების ზრდა მიწათმოქმედებას ისევ მაღალშემოსავლიან სფეროდ აქცევს და ამგვარად ვითარება თავისთავად დარეგულირდება. გარდა ამისა, თუ ადრე განვითარებულ ქვეყნებში სურსათის ნაკლებობის პრობლემა იყო, ეს პრობლემა შესაძლოა განვითარებად ქვეყნებსაც გაუჩნდეს. კერძოდ, სიძნელეების წინაშე შეიძლება დადგეს დიდი ბრიტანეთი, რომელიც დიდადაა დამოკიდებული სურსათის იმპორტზე.
ენერგეტიკა ნავთობზე მორიგი რეკორდული ფასის გამო ყურადღების ცენტრშია. ფასებს ინფლაციის გათვალისწინებით ჯერ არ მიუღწევია 80-იანი წლების რეკორდული მაჩვენებლისათვის, მაგრამ მიისწრაფვის მისკენ. საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტო თვლის, რომ 2030 წლისთვის ნავთობის მოხმარება დღეში 116 მლნ ბარელამდე გაიზრდება, როცა წარმოების შესაძლებლობები მხოლოდ 100 მლნ ბარელია. როგორც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სპეციალისტები აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ეკონომიკა ბოლო წლებში ენერგორესურსების მაღალ ფასებზე შეგუების დემონსტრირებას ახდენდა, მისი შესაძლებლობების ზღვარი იწურება.
გაზი უკვე დიდი ხანია ქვეყნების პოლიტიკური მიზნების მიღწევის ინსტრუმენტი გახდა, მაგრამ არც მისი მოპოვების შესაძლებლობებია უსაზღვრო. ნახშირი იაფი და ხელმისაწვდომია ყველგან, მაგრამ მისი მასიური გამოყენება ეკოლოგიისთვის არასახარბიელო შედეგებს გამოიღებს. არატრადიციული წყაროები შეცვლის ნავთობს წარმოებისა და რენტაბელურობის სიმცირის გამო. აშშ-ში ვითარების გამოსწორებას ბიოსაწვავის დანერგვით ცდილობენ, მაგრამ ზემოაღნიშნული სასურსათო პრობლემის გამო ეს ის შემთხვევაა, როცა წამალი ავადმყოფობაზე საშიში ხდება.
ეს ეკონომიკური რისკები საბოლოოდ თან ჩაითრევს სხვა დანარჩენ რისკებს, რადგან, როგორც ცნობილია, პოლიტიკა კონცენტრირებული ეკონომიკაა. როგორ დავაღწიოთ თავი ზემოაღნიშნულ პრობლემებს და როგორ გადავარჩინოთ მსოფლიო ეკონომიკის ხომალდი ჩაძირვას? ექსპერტები შემოიფარგლებიან მხოლოდ იმ რჩევით, რომ საჭიროა ისეთი სტრუქტურების შექმნა, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება რისკების ადრეულად აღმოჩენა და იდენტიფიკაცია. მსგავსი სტრუქტურა, როგორც ისინი აღნიშნავენ, უკვე ფუნქციონირებს დიდ ბრიტანეთში, თუმცა რაიმე მკვეთრი შედეგები მისი საქმიანობიდან ჯერ არ ჩანს.
პოლიტიკური ელიტის მისამართით გაკეთებული რეკომენდაციაა ის, რომ საჭიროა თანამშრომლობის განვითარება. თუმცა ქვეყნებს, რომლებსაც გააჩნიათ ურთიერთსაწინააღმდეგო ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები, ეფექტურ თანამშრომლობას ვერ შეძლებენ. საკმარისია გავიხსენოთ WTO-ს რაუნდი, რომელიც დოჰაში უკვე მეექვსე წელია გრძელდება და მხარეები ჯერ კიდევ შორს არიან კომპრომისამდე. ამ დროს კი აშშ-ში, რომელიც ტრადიციულად თავისუფალი ვაჭრობის მომხრეა, თვლიან, რომ ამჟამინდელი მსოფლიო ეკონომიკის სისტემას ამერიკისთვის უფრო ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებელი და ამ ლოზუნგებით იყრიან კენჭს პრეზიდენტობის კანდიდატები, კერძოდ, ჰილარი კლინტონი. პლანეტაზე რესურსების შეზღუდულმა რაოდენობამ ეს ბრძოლა შესაძლოა უფრო გაამძაფროს. ასე რომ, უკეთესობის იმედიც რომ გვქონდეს, უარესისთვის უნდა მოვემზადოთ.