სიახლეები საბაჟოდან
სოფიკო სიჭინავა
საბაჟო კოდექსში, რომელიც საქართველოში 1997 წლიდან მოქმედებს, შეჩერებული იყო ორი მუხლის ამოქმედება. ესაა 24-ე და 25-ე თავები საბაჟო ბროკერის და საბაჟო გადამზიდავის შესახებ. აპრილის თვეში პარლამენტმა ამ ინსტიტუტების ამოქმედების თაობაზე მიიღო კანონი, ხოლო შემოსავლების სამინისტრომ შესაბამისი დებულება, რამაც სერიოზული არეულობა გამოიწვია.
კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა და ბიზნესის ხელშეწყობა თუ მეწარმეებისთვის განბაჟების ტვირთის და გადასახადის გაზრდა?
ისტორია – ადრე იმპორტიორი გაურიგდებოდა ნებისმიერ სატრანსპორტო კომპანიას ან კერძო მძღოლს, საქონელს დანიშნულ საბაჟო პუნქტამდე შემოიტანდა და ყველა იმ საბუთის მიხედვით აკეთებდა დეკლარირებას (განცხადებას), რომელიც ტვირთს თან მოჰყვებოდა, თუ იქნებოდა ადგილზე. რაც შეეხება თვით საბაჟო დეკლარაციის ფურცლებს, დამატებითი ფურცლების ბეჭდვაში კერძო ფირმა ეხმარებოდა, რომელიც მხოლოდ მბეჭდავი კონსულტანტის ფუნქციას ასრულებდა და ამისთვის მინიმალურ გასამრჯელოს იღებდა. ტვირთზე, მის განბაჟებაზე პასუხისმგებელი იყო ტვირთის პატრონი (გადამაადგილებელი). ამასთან, საჭირო იყო მინიმუმ 6-10 დასახელების თანმხლები დოკუმენტების პირი, საბაჟო პროცედურებისათვის იურიდიულად გამართული დოკუმენტის წარდგენა.Aმებაჟესთან უშუალოდ იმპორტიორს ჰქონდა კონტაქტი, რაც, არცთუ იშვიათად, კორუფციის საფუძველი იყო.
რა ხდება ახლა? ახალი დებულების თანახმად, ბროკერის სახით ჩნდება შუამავალი, რომელიც ორმხრივ პასუხისმგებლობაშია: ერთი მხრივ, იგი ტვირთის წარდგენაზე პასუხისმგებელია საბაჟოს წინაშე, დოკუმენტების კვალიფიციურად შედგენაზე და ბიუჯეტთან ანგარიშსწორებაზე. (პროფესიონალი ელაპარაკება პროფესიონალს) მეორე მხრივ, ბროკერი პასუხისმგებელია იმპორტიორის (ექსპორტიორის) წინაშე ტვირთის დროულად და კვალიფიციურად გაფორმებაზე, არ იხარჯება ზედმეტი დრო. თუმცა, პრობლემატური ის გახლავთ, რომ ბროკერი, როგორც მას ადრე დეკლარანტს უწოდებდნენ, 10-20 ლარის საფასურად ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეს აღარ იტვირთავს. მომსახურების საკომისიომ ტვირთის ღირებულების და რისკის გათვალისწინებით, შეიძლება ღირებულების 1% შეადგინოს. ეს უკვე სერიოზული გადასახადია, რაც იმპორტიორის უკმაყოფილებას იწვევს და უარს აცხადებენ ბროკერთან რწმუნების ხელშეკრულებას მოაწერონ ხელი. ახალი ინსტიტუტის დამკვიდრებას, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს, ისიც ართულებს, რომ ამ საქმით დაკავებულ ფირმებს შორის დიდი ქიშპობაა. გიორგი გაჩეჩილაძის დროს საბაჟო დეპარტამენტმა დროებითი ლიცენზიები გასცა (კანონით, ეს ორგანიზაციაა ამ საქმიანობაზე ლიცენზიის გამცემი) ახლად დანიშნულმა თავმჯდომარემ, ბადრი აბზიანიძემ დროებითი ლიცენზიის მოქმედების ვადა 15 მაისამდე გააგრძელა, ვადის ამოწურვის შემდეგ ამ საკითხს შექმნილი სპეციალური კომისია განიხილავს. რა თქმა უნდა, ზოგს შეზღუდავს, ზოგს – ახალს შემოიყვანს და სიტუაციას დააბალანსებს. მომავალში საბაჟო ბროკერი ექსპორტ-იმპორტის საქმიანობის განუყოფელი ელემენტი გახდება, რაც დიდ როლს ითამაშებს საბაჟოზე კორუფციის დამარცხების, ოპერაციების გამჭვირვალობის და გამარტივების საქმეში. მანამდე, იმედი ვიქონიოთ, რომ ამ სფეროში კერძო ინიციატივას საბაჟოს ახალი ხელმძღვანელობა არ შეზღუდავს. მით უმეტეს, როგორც მისმა ახლად დანიშნულმა უფროსმა, ბადრი აბზიანიძემ განაცხადა, ის მხოლოდ პროფესიონალიზმს და წესიერებას აფასებს, არა მარტო პიროვნულს, არამედ სისტემურს.
აბზიანიძის დანიშვნის შემდგომ თანამდებობები დატოვეს თავმჯდომარის მოადგილეებმა, თვალიაშვილმა და კაპანაძემ. ამ უკანასკნელმა 18-ის მაგივრად 4 საბაჟოს შექმნა, საბაჟოზე ეკონომიკური პროფესიონალური კადრების მოზიდვა და ნაკლები როტაცია მოითხოვა. საბაჟოს ისტორიას ასეთი სერიოზული წმენდა არ ახსოვს.
ბ-ნ ვაჟას დიდი გამოცდილება გააჩნია სახელმწიფო ორგანოებში სამსახურის, მაგრამ წარმოუდგენლად სენსაციურია, როგორ შეიძლება გავაუქმოთ ვალეს ან ყაზბეგის საბაჟო, თუნდაც წითელი ხიდი და გორი თბილისში გადავიტანოთ? რაც შეეხება ცალკეული სახის საქონელს, მაგალითად, აქციზურ ნავთობპროდუქტებს, ის მხოლოდ თბილისის რკინიგზის საბაჟოში და ბათუმში ფორმდება (ვაზუსტებთ მკითხველისათვის), სიგარეტი კი თბილისში, ბათუმში, ფოთში კი იშვიათად. ისე, თუ გავითვალისწინებთ ზოგიერთი პოლიტიკოსის მოსაზრებას, რომ საქართველო მხოლოდ ვაკე-საბურთალოს რესპუბლიკა დარჩება, ამისთვის შეიძლება 4 საბაჟო ბევრიც იყოს. არადა, როდესაც საქართველო დღითიდღე ღრმად ეფლობა საერთაშორისო ინტეგრაციაში, ასრულებს მნიშვნელოვანი დერეფნის ფუნქციას, გაუგებარი სიბეცეა საბაჟოების რიცხვის ოთხამდე შემცირება. ჩვენ გვჯერა, რომ ასეთი გაუწონასწორებელი წინადადება ბ-ნ ვაჟას არ ეკუთვნის. საქართველო ყველაფერში ფედერალიზმის იდეებს უნდა შეეგუოს. იმედია, საბაჟოს ახალი ხელმძღვანელობა პრობლემის გადაჭრას უფრო ღრმად ხედავს, ვიდრე ვალეს და ყაზბეგის გაერთიანება და ქარიზმატული რეგიონალური საბაჟოების შექმნაა.
საოცარია, პარლამენტი სამუშაოდ საბაჟოზე მიდის!
ვფიქრობთ, რომ შესანიშნავი იდეაა. მას ყველა უნდა მიესალმოს. საბაჟოზე სამუშაოდ სწორედBბიუჯეტის მიმღებები უნდა გავუშვათ და მათ მიერ მიღებული ციფრები თავად შეასრულონ. შემდგომ ისინი, ალბათ, პასუხს საკუთარ თავს მოსთხოვენ, რაც კომპეტენციას გაზრდის და ეკონომიკური საკითხების მიმართ რეალურ მიდგომებს დაგვანახვებს. ისე, ახალი კაბინეტის შექმნის შემდეგ ბევრ დეპუტატს, ალბათ, გასაკეთებელი არაფერი დარჩება, ვიდრე “ახკერპში” ან “ერის იმედში” (საბაჟო გამშვები პუნქტები) წავიდეს სამუშაოდ.
ახალი კაბინეტი
ახალი კაბინეტის შექმნის აუცილებლობა ცხოვრებამ და ეკონომიკური განვითარების დიალექტიკამ მოამწიფა. 2001 წლის მსოფლიო კრიზისმა სამყარო შეძრა. მათ შორის, იაპონიაც. იაპონია წინა წელსაც სერიოზულ სირთულეებს განიცდიდა. წელს კრიზისი უფრო გაღრმავდა, რასაც კაბინეტის გადადგომა და ახლის ფორმირება მოჰყვა. ვერც კუჩმა და მისი პრემიერი მორიგდნენ. დაიდგა იმპიჩმენტის სპექტაკლი და უკრაინაც ახალი კაბინეტის შექმნის პროცესშია. ახალ კაბინეტს საქართველოც ქმნის. რა აუცილებლობას წარმოადგენს მინისტრთა კაბინეტის შექმნა? პირველ რიგში, საჭიროა, რომ ეკონომიკური ვარდნა შეჩერდეს და სტაბილურობა შემდეგი საყრდენების შექმნით იქნეს მიღწეული.
მინისტრთა კაბინეტი
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ კაბინეტი, ალბათ, ერთიანი კონცეფციით იმოქმედებს და ყველა მოვლენას მიზეზ-შედეგობრივ კავშირში განიხილავს. მიდგომებში იქნება რეალობა, ეროვნული ცნობიერება და სისრულე.
იმედია, დადგება დრო, როცა ყველა თავის სფეროში გაირჯება. ზოოვეტერინარი ძროხებს მოუვლის, იურისტები – სასამართლოს, ეკონომისტები – ეკონომიკას, გინეკოლოგები ერის გენოფონდზე იზრუნებენ, ხოლო პოლიტიკოსები პოლიტიკით დაკავდებიან. უცხოელი მეგობრები ჩვენი საქმის შემომქმედები კი არა, მხოლოდ გულშემატკივრები იქნებიან. თუ ეს ასეა, მაშინ გაუგებარია
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია
რატომ მოითხოვს სიგარეტზე აქციზური გადასახადის გათანაბრებას როგორც ადგილობრივ წარმოებაში, ასევე იმპორტზე (20 და 40%). ფაქტობრივად, ეს ადგილობრივი წარმოების დახურვას ნიშნავს, ან როგორ შეიძლება სიგარეტის იმპორტზე დღგ-ს 20% გადასახადით დაბეგვრა. ეს საერთოდ კოლაფსი იქნება.
შეგახსენებთ, რომ შარშან ბიუჯეტში სიგარეტის დაბეგვრიდან, წინა წელთან შედარებით, 30 მლნ ლარით ნაკლები შემოვიდა, ვინაიდან გადასახადი 25 თეთრიდან გაიზარდა 40 თეთრს პლუს საბაჟო გადასახადამდე. წელს სიტუაცია შარშანდელთან შედარებით, გაუარესდა. Mმიუხედავად ამისა, სავალუტო ფონდმა მოითხოვა სიგარეტის დაბეგვრის წნეხი დღგ-თი დაგვემძიმებინა. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ბიზნესი საერთოდ არალეგალური გახდება. რატომ ხდება ინტერესთა ასეთი შეუთანხმებლობა?
ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწე თემურ ბასილია “საკ – 3”-ის და “ესაკის” კრედიტების გადმოცემის შეჩერებას ხელისუფლების არასრულფასოვანი მუშაობით ხსნის. დგვიანებული დაფინანსება, შესაძლებელია, “საკ – 4”-ის შეჩერების მიზეზიც გახდეს, რომელიც 2001 წლის ბიუჯეტში უკვე ჩადებული იყო. ბასილიას განცხადებით, სსფ-ის ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში “საკ – 3”-ის და “ესაკის” გამოყოფა მარტში უნდა მომხდარიყო, თუმცა, ვადებმა მაის-ივნისში გადაინაცვლა. ისიც, იმ შემთხვევისთვის, თუ ვალდებულებებს დავიცავთ. რაც შეეხება ვალდებულებებს, მასზე ზევით ვისაუბრეთ. გარდა იმისა, რომ უნდა შესრულდეს საბიუჯეტო შემოსავლების გეგმა (ცხადია, არ შესრულდება) საჭიროა დაიფაროს ძველი, და სოფლის მეურნეობაში არავითარ საგადასახადო შეღავათებზე საუბარი არ იქნება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს საფინანსო გუნდს შორის გაუგებრობა გრძელდება
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 10 მლრდ დოლარი გამოუყო თურქეთს და არგენტინას. ფონდმა და მსოფლიო ბანკმა აპრილის თვის ერთობლივ შეკრებაზე ხაზი გაუსვეს, რომ მსოფლიო სიღარიბის დაძლევა და განვითარებადი ქვეყნებისთვის ხელის შეწყობა მათი საქმიანობის პრიორიტეტია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აპრილის მისიამ კი საქართველოში საბიუჯეტო შემოსავლების გეგმის შეუსრულებლობის გამო სერიოზული უკმაყოფილება გამოთქვა და პროგრამის შეჩერების საკითხი დააყენა.
სავალუტო ფონდის განაწყენება ხდება მაშინ, როცა პარლამენტი იხილავს 2000 წლის ბიუჯეტის შესრულების საკითხს, სადაც საბიუჯეტო ცვლილების მიუხედავად, 140 მლნ ლარის გარღვევაა დაფიქსირებული. “ახალი ფრაქციის” განცხადებით, საფინანსო ჯგუფის მუშაობა, შესაბამისად, უნდა შეფასდეს. მთავარია, ვერავინ ხედავს მექანიზმს თუ როგორ შესრულდება II კვარტლის საბიუჯეტო გეგმა. აპრილის გარღვევა უკვე სენსაცია აღარ არის და როგორც პრეზიდენტმა აპრილის ბოლო ორშაბათის ბრიფინგზე განაცხადა, ეტყობა საგადასახადო რეფორმების გეგმაში დიდი უზუსტობები იყო დაშვებული.