ეკონომიკის ინსტიტუციური დერეგულირების ზოგადი კონცეფცია
ზვიად ჭეიშვილი, ნონა ყარალაშვილი, ნინო გორგაძე
საქართველოს თანამედროვე პირობებში აქტიურად მიმდინარეობს საბაზრო წესრიგის (ლიბერალიზმის) იდეების პროპაგანდა, რაც ითვალისწინებს კანონის უზენაესობას, ეკონომიკაში სახელმწიფო ჩარევის საზღვრების მინიმუმამდე შემცირებას, კერძო საკუთრებითი ურთიერთობების განვითარებას, ადამიანის თავისუფლებას, პირადი მოტივაციის ზრდას და ა.შ.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული იდეების რეალიზაციას მხარს უჭერს ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ისტებლიშმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი, კონკრეტულ რეფორმებზე საუბრისას იკვთება კონკრეტული ჩინოვნიკების, პოლიტიკოსების, კორუფციული ინტერესთა ჯგუფებისა და ე.წ. “ლიბერალების” წინააღმდეგობისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის მინიმიზაციისაკენ გადადგმული ნაბიჯების მიმართ. “ძირითადი არგუმენტი”:
ბაზრის რეგულირების ბერკეტების სახელმწიფოს ხელიდან გაშვება გამოიწვევს მომხმარებლის ინტერესების შელახვას – აქტუალური და დიდი სოციალური მუხტის მატარებელი “არგუმენტია”.
ეკონომიკის ინტიტუციური დერეგულირების ზოგადი კონცეფციის არსის ნათლად წარმოჩენის მიზნით დავახასიათოთ ინსტიტუციური რეგულირების მოქმედი სისტემის ზოგიერთი მიმართულება:
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში რეგულირებას ექვემდებარება ეკონომიკური საქმიანობის თითქმის ყველა სფერო.
რეგულირების მნიშვნელოვან მექანიზმს ქვეყანაში მოქმედი ლიცენზირებისა და ნებართვების სისტემა წარმოადგენს. საქართველოში ამ მიმართულებით არსებული პრაქტიკის ანალიზის შედეგად პირობითად წარმოდგენილია 5 ჯგუფი:
ჯანდაცვის სფერო. მასში შედის ყველანაირი საქმიანობა, რომლის შედეგადაც მიღებული პროდუქციისა და მომსახურების მიმღებია ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი (მედიცინა, კვება, ფარმაცევტიკა და სხვა);
ტექნიკური სფერო. დაკავშირებულია ნებისმიერი სახის საქმიანობის ტექნიკურ უზრუნველყოფასთან (მშენებლობა, საბრძოლო მასალები, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და სხვა);
გარემო. საქმიანობა, რომელიც ნებისმიერი სახით ზემოქმედებს გარემოზე (გარემოს დაცვა, გეოლოგია, გეოდეზია და სხვა).
ჰუმანიტარული და კულტურული სფერო. საქმიანობა, ნებისმიერი ფორმით დაკავშირებული განათლებასა და კულტურასთან (ისტორიულ მემკვიდრეობა, სასწავლო დაწესებულებები, კულტურის ძეგლები და სხვა);
ეკონომიკური სფერო. იგი მოიცავს საქმიანობებს, დაკავშირებულს საბაჟო, საფინანსო, სადაზღვევო, ექსპორტ-იმპორტთან, აზარტული თამაშებსა და სხვასთან.
ლიცენზირებადი სფეროების რაოდენობა სულ 65-ია, თუმცა, თითოეულ სფეროში გამოიყოფა კონკრეტული საქმიანობები, რომელთაც სხვადასხვა ლიცენზიები ან ნებართვები ესაჭიროება და მათი საერთო რაოდენობა უამრავია. მაგალითად:
მშენებლობაში არსებობს 23 სახის ლიცენზია და 3 სახის ნებართვა;
გარემოს დაცვის სფეროში 6 სახის ლიცენზია და 200-მდე ნებართვა და ა.შ. სხვა სფეროებში.
მნიშვნელოვანია, რომ ლიცენზირების პირობებს განსაზღვრავენ თავად ლიცენზიის გამცემი ორგანოები, რაც მათ კანონის ინტერპრეტირების1, რეალურად კი, ბაზრის სტრუქტურის ფორმირების მძლავრ მექანიზმს აძლევს. ზოგიერთ შემთხვევაში, ლიცენზიის გამცემი ორგანო გვევლინება ბაზრის მონაწილედ და შესაბამისად, მის მიერ საკუთარი ნებით ხორციელდება ბაზარზე კონკურენტის დაშვება, რაც რეალურად ნაკლებად სავარაუდოა. ზოგიერთი ლიცენზია აბსოლუტურად არანაირ ლოგიკურ საფუძველს არ შეიცავს, ამის ყველაზე ნათელი მაგალითია: საქართველოს კულტურული ფასეულობის საქართველოში შემოტანის ნებართვა. ასეთი მდგომარეობიდან უკვე ჩანს, რომ დღევანდელი ლიცენზირების სისტემა დაფუძნებულია არა საზოგადოებრივი ინტერესების დაცვაზე, არამედ ინტერესთა გაურკვეველი ჯგუფების სურვილებზე.
რეგულირების ასევე მეტად მნიშვნელოვან მექანიზმს, სატარიფო რეგულირება წარმოადგენს, რასაც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოები (შესაბამის სფეროებში ლიცენზირებაც მათი კომპეტენციაა) და შესაბამისი სატრანსპორტო (საავიაციო, საგზაო და საზღვაო) ადმინისტრაციები ახორციელებენ.
მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მოტივით, მარეგულირებელი ორგანოები დაფინანსება ხდება რეგულირების საფასურით ანუ ბაზრის მონაწილეების ბრუნვიდან პროცენტით. შედეგად, გადასახადს რეგულირებისათვის, რომელიც იურიდიულად მომხმარებლის ინტერესების დაცვას ემსახურება, იხდის არა ამ მომსახურების მომხმარებელი, არამედ მომწოდებელი.
ამასთან, გარდა იმისა, რომ რეგულირების საფასური შესაბამის სფეროში მოქმედ სუბიექტებს დამატებით გადასახადად ევლინებათ, რაც ამ უაღრესად მნიშველოვან სფეროებში (ენერგეტიკა, სატელეფონო მომსახურება, გაზმომარაგება და სხვა) ახალი სუბიექტების შემოსვლის დამატებით ბარიერს წარმოადგენს, ადგილი აქვს რეგულირების ობიექტურ შედეგს:
სფეროს მიერ მარეგულირებელი ორგანოების გადაბირებას (შთანთქმას), რის შედეგადაც მარეგულირებლის საქმიანობის განსაკუთრებული ყურადღების ობიექტივში ექცევა არა მომხმარებლის ინტერესები, რაც მათი შექმნის ერთადერთი მიზანია, არამედ სფეროში მოქმედი ეკონომიკური აგენტები.
დასკვნა: რეგულირების მიმდინარე მდგომარეობის აქ წარმოდგენილი მოკლე ანალიზიდანაც ჩანს, რომ მთელი ეს მექანიზმი საჭიროებს ძირეულ გადახედვას: პირველ რიგში, მიზნების მკვეთრად ჩამოყალიბებას და ინტერესების განსაზღვრას, ამ ნიადაგზე რეგულირებადი სფეროების შემცირებას და ყურადღების კონცენტრირებას მართლაც მნიშვნელოვანი ინტერესების რეალურ დაცვაზე.
ეკონომიკის ინსტიტუციური რეგულირების მიზანი და მეთოდები
(ახალი მიდგომა)
ინსტიტუციური რეგულირების უმთავრესი მიზანი არის მომხმარებელთა და განუსაზღვრელ მესამე პირთა2 სასიცოცხლო, პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ინტერესების დაცვა ისე, რომ ხელი არ შეეშალოს ეკონომიკურ განვითარებას.
სასიცოცხლო ინტერესები წარმოადგენს ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვას;
პოლიტიკური ინტერესების დაცვა მაუწყებლობის შესახებ კანონმდებლობით ხორციელდება და იგი არ წარმოადგენს მოცემული კონცეფციის განხილვის საგანს;
კულტურული ინტერესები ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებასთანაა დაკავშირებული;
ეკონომიკურ ინტერესებში იგულისხმება ფინანსური მომსახურება და კომუნალური ხარჯები, ანუ ყველაფერი ის, რაც მომხმარებლის ეკონომიკურ მდგომარეობაზე მოქმედებს ან შეიძლება იმოქმედოს.
ინტერესების დაცვასა და ეკონომიკურ განვითარებას შორის, მუდმივი კომპრომისის არსებობის პირობებში უმნიშვნელოვანესია რეგულირების მეთოდების განხილვა. რეგულირების ფარული დანახარჯების მინიმიზაციის მიზნით, ჩვენს მიერ შემოთავაზებულ იქნა რეგულირების ოთხი ძირითადი მეთოდი:
უსაფრთხოების მინიმალური ტექნიკური სტანდარტების დადგენა – სიცოცხლისათვის სახიფათო სფეროებში მოქმედი სუბიექტებისათვის მინიმალური, სავალდებულო, მხოლოდ ტექნიკური ნორმებისა და მოთხოვნების დადგენა. ამასთან უმნიშვნელოვანესია, რომ უსაფრთხოების ნორმად მიჩნეული იქნება დარგში უკვე არსებული უსაფრთხოების ნორმები, რაც დამატებითი არარეალური მოთხოვნების გაჩენას გამორიცხავს. მაგალითად, თუ პოტენციურ ინვესტორს სურს ააშენოთ ახალი ჰესი, მაშინ მის მიმართ წაყენებული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნა შესაბამისობაში იქნება უკვე არსებული და მოქმედი ჰესის უსაფრთხოების ნორმასთან.
წარმოების და მოხმარების ლიცენზირება – ჯანმრთელობისათვის სახიფათო პროდუქციისა და მომსახურების წარმოებისა და გამოყენებისათვის უფლების გაცემა. ამ მეთოდთან დაკავშირებული რეგულირების ფარული დანახარჯების აღმოსაფხვრელად, ჩვენს მიერ შემოთავაზებულ იქნა ლიცენზირების შემდეგნაირი სისტემა: ცალსახად დადგენილი, ყველასათვის თანაბარი მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, ლიცენზიის გამცემი ვალდებული იქნება გასცეს შესაბამისი ლიცენზია. ზემოთ მოყვანილ ჰესის მაგალითზე, თუ პოტენციური ლიცენზიატი დააკმაყოფილებს მინიმალურ ტექნიკურ ნორმებს, უპრობლემოდ მიიღებს ლიცენზიას. ასეთი პრინციპი გამორიცხავს ლიცენზიის გამცემის თვითნებობას, შეამცირებს კორუფციას და მოხსნის ბაზარზე შესვლის დამატებით, უსაფუძვლო ბარიერებს. რაც უმთავრესია, აიკრძალება ხელოვნური მონოპოლიის შექმნისა და ბაზრის დამახინჯების მძლავრი მექანიზმი – ექსკლუზიური ლიცენზიები.
ლიცენზირების სისტემის ძირეული ცვლილება განხორციელდება სფეროებში, სადაც ადგილი აქვს სალიცენზიო საქმიანობის შედეგად, რესურსების გამოყენებას (ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა, რადიო და ტელესიხშირეები და სხვა). ვინაიდან ლიცენზიის შინაარსი მხოლოდ საქმიანობის უფლების გაცემაა და არ ნიშნავს არანაირი შეზღუდული რესურსის ექსკლუზიურად გამოყენებას ასეთ სფეროებში იქმნება ალოგიკურობა. ადგილი აქვს საზოგადოებრივი საკუთრების, ამასთან, უკიდურესად შეზღუდული რესურსების სრულ და ექსკლუზიურ გამოყენებას ლიცენზიის მიზერული გადასახდელის ფასად, რასაც ემატება ლიცენზიის მფლობელის მიერ საკუთრებაში დაუინტერესებლობის გამო ამ რესურსების უდიერი ხარჯვა. შექმნილი მდგომარეობის ალოგიკურობის გამოსწორებისა და საბაზრო სტიმულების გაჩენის მიზნით, ჩვენს მიერ შემოთავაზებულია რესურსების გამოყენებაზე ლიცენზიის ამ რესურსების იჯარად გარდაქმნა. ასეთი ფორმა სრულად ცვლის სურათს და ბუნებრივ კალაპოტში ათავსებს ამ სფეროში ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს.
დარგობრივი სტანდარტების თვითრეგულირება – მისი არსი მდგომარეობს ბაზრის სუბიექტების მიერ საკუთარი პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის გარანტირებაში. კონკურენტული გარემოს პირობებში ბაზრის სუბიექტები მომხმარებლის მაქსიმალურად მოზიდვის სტიმულით თავადვე ადგენენ საკუთარი პროდუქციისა და მომსახურების სტანდარტებს და მისი დაცვის გარანტირებასაც თავადვე უზრუნველყოფენ3. თვითრეგულირების მექანიზმის პრაქტიკული მაგალითია, დალაქის ან აუდიტორის ძიება. ამ პროცესში არავინ ინტერესდება მათი ლიცენზირებულობით, პირველ რიგში, ხდება მათ შესახებ ინფორმაციის სხვადასხვა გზებით (მეგობრების, პარტნიორებს, რეკლამის და სხვა მეთოდებით) მოძიება, შემდეგ მათი შესაძლებლობებისა და პირობების კონკურენტის პირობებთან შედარება და გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, ბაზრის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის (მ.შ. სტანდარტების ზრდისათვის), მომწოდებლისა და მომხმარებლის გარდა მესამე პირის – სახელმწიფოს – ჩარევა მხოლოდ დამატებითი დანახარჯებს გამოიწვევს. ასეთივე თვითრეგულირების მექანიზმი მოქმედებს ნებისმიერ სხვა პროფესიულ საქმიანობაში, ამიტომ ჩვენს მიერ შემოთავაზებულია ნებისმიერი სახის პროფესიული საქმიანობის დერეგულირება და მასში თვითრეგულირების უკვე მოქმედი მექანიზმის ფორმალიზაცია.
თვითრეგულირების დამკვიდრება შესაძლებელია მსოფლიო პრაქტიკაში აპრობირებული სხვა მექანიზმების გამოყენებითაც. მაგალითად, იქმნებიან კერძო ასოციაციები, რომლებიც თავად იდგენენ სტანდარტებს და მომხმარებლის წინაშე რეიტინგის შენარჩუნებისა და მათი მოზიდვის სტიმულით უზრუნველყოფენ საკუთარი სტანდარტების დაცვასა და გაუმჯობესებას.
სატარიფო რეგულირება – რაც, დეტალურადაა გაანალიზებული სატარიფო რეგულირების ინსტიტუციური რეფორმის კონცეფციაში:
სატარიფო რეგულირების ინსტიტუციური რეფორმა:
სატარიფო რეგულირება რეალურად ანტიეკონომიკური ქმედებაა, ვინაიდან სფეროში მოქმედი სუბიექტების ეკონომიკურ დემოტივაციას იწვევს, რაც დარგის განვითარების შეფერხების მიზეზია.
ამ მექანიზმის გამოყენების ერთადერთი მიზანი, ეკონომიკის ინსტიტუციური დერეგულირების პროცესში, გარდამავალ ეტაპზე, საზოგადოებრივი სტაბილურობის შენარჩუნებაა. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, რომ ამ მიზნის მიღწევა განხორციელდეს მაქსიმალურად მცირე დანახარჯებით, რასაც ემსახურება ჩვენს მიერ შემოთავაზებული სატარიფო რეგულირების პრინციპები:
მომწოდებლის ეკონომიკური ინტერესებისა და მომხმარებელთა მსყიდველობითუნარიანობის თანაბარი გათვალისწინება – მნიშვნელოვანია პროცესის მონაწილე ორივე მხარის (მომწოდებლისა და მომხმარებლის) კანონის წინაშე თანასწორობა – ეკონომიკურ ინტერესთა თანაბარი გათვალისწინება.
მხოლოდ განსაკუთრებული საკუთრების მფლობელის მიერ მომსახურების (გატარების) ტარიფებისა და საბოლოო მოხმარების ტარიფების ზედა ზღვარის დადგენა – ჩნდება ფასწარმოქმნის საბაზრო სტიმულები.
წარმოების მხოლოდ დასახელებული სტადიების სატარიფო რეგულირება შემდეგნაირად აიხსნება:
მოკლევედიან პერიოდში განსაკუთრებული საკუთრებას, ალტერნატივა, ფაქტობრივად არ გააჩნია, თუმცა, გრძელვადიან პერიოდში, მომგებიანობის შემთხვევაში, ალტერნატივის გაჩენა სავსებით შესაძლებელია. შესაბამისად, მოკლევადიან პერიოდში ადგილი აქვს კონკურენტული გარემოს ფორმირების შეფერხებას და ამის გამოსასწორებლად, პირველ რიგში, სასურველია, მესამე მხარის შემოსვლის პრინციპის დანერგვა. ეს შესაძლებელია განსაკუთრებული საკუთრების მფლობელის დავალდებულებით, რომ თანაბარი მოთხოვნები წაუყენოს ყველა პოტენციურ მომწოდებელს და ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში მოემსახუროს მათ. ამ გზით, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებამდე, განხორციელდება ტარიფის ზედა ზღვარის დადგენა.
რაც შეეხება საბოლოო მოხმარების ტარიფს, რეალურად, მომწოდებელი თავად არის დაინტერესებული ტარიფის შემცირების გზით, პროდუქციისა და მომსახურების რეალიზაციის მასშტაბების გაზრდაში, მხოლოდ იმ პირობებში, თუ გარანტირებული ექსკლუზივი არ გააჩნია სახელმწიფოსაგან (მაგალითად, თელასის მიერ თბილისი მომსახურების ექსკლუზიური ლიცენზია).
სატარიფო რეგულირებისათვის დამახასიათებელი ფარული დანახარჯების აღმოფხვრის მიზნით, მხოლოდ წარმოების რეგულირებადი სტადიების შემცირება არასაკმარისია. აგრეთვე საჭიროა იმ სფეროების განსაზღვრაც, რომელიც აუცილებელია სატარიფო რეგულირების ერთადერთი მიზნის, გარდამავალ ეტაპზე საზოგადოებრივი სტაბილურობის მიღწევისათვის.
სხვა სიტყვებით რომ ითქვას, სატარიფო რეგულირებას უნდა დაექვემდებაროს ეკონომიკური საქმიანობის ისეთი სახეები, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება მომხმარებლების სოციალურ ინტერესებს. ამ ინტერესების გათვალისწინებით სატარიფო რეგულირებას დაექვემდებარება ის დარგები და სფერობი, რომლებიც დააკმაყოფილებენ შემდეგ ხუთ კრიტერიუმს:
ფართო გამოყენების, რთულად ჩანაცვლებადი პროდუქცია და მომსახურება;
დაბალშემოსავლიანი ოჯახებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ანუ პროდუქცია და მომსახურება, რომლებზე დანახარჯებიც შეადგენს ოჯახის ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს;
არათავისუფლად ბრუნვადი საქონელი, სადაც მარაგის გაკეთებისა და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა მოკლევადიან პერიოდში რთულია;
“ისტორიულად” ჩამოყალიბებულია მათი მოხმარების ფორმა, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი მიჩვეულია კონკრეტულ ადგილას, კონკრეტული რაოდენობით, კონკრეტული მომწოდებლისაგან, კონკრეტული პირობებით ამ პროდუქციისა და მომსახურების მოხმარებას;
კონკრეტული მომხმარებლისათვის არსებობს და მოქმედებს ერთი მომწოდებელი, მოკლევადიან პერიოდში რამოდენიმე მომწოდებლის ბაზარზე შემოსვლა, პრაქტიკულად, ძნელად განსახორციელებელია და მომხმარებლის მიერ მომწოდებლის არჩევა ვერ ხორციელდება.
ვიზუალურად, სატარიფო რეგულირების არეალი შეიძლება შემდეგი სახით წარმოვიდგინოთ:
სატარიფო რეგულირებას დაექვემდებარება მხოლოდ ელექტროენერგეტიკის, გაზის, წყლისა და ფიქსირებული სატელეფონო კავშირის სფეროები.
ჩვენს მიერ შემოთავაზებულ იქნა სატარიფო რეგულირების შემდეგი ინსტიტუციური რეფორმა: სატარიფო რეგულირების უფლებამოსილება უნდა ჩამოერთვას ამ ფუნქციების მქონე ყველა ადმინიტრაციულ ორგანოს და შეიქმნას დამოუკიდებელი მრავალდარგობრივი სატარიფო მარეგულირებელი კოლეგიალური ორგანო (ს.ს.ი.პ.), რომელიც დაფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან (გაუქმდება რეგულირების საფასური) და საქმიანობის ანგარიშს ყოველწლიურად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
იმისათვის, რომ ახალი მარეგულირებელი ორგანო მაქსიმალურად ობიექტური იყოს აუცილებელია:
ა) მისი პოლიტიკური კონიუნქტურისგან დამოუკიდებლობა, რათა სახელმწიფო ორგანოებმა ვერ შეძლონ ტარიფების საკუთარი მიზნებისათვის გამოყენება და მომწოდებელთათვის არაპროგნოზირებადი გარემოს შექმნა. ეს მიზანი, შეიძლება მიღწეულ იქნას თანამდებობის პირების პოლიტიკური ციკლისაგან განსხვავებული ციკლით (მაგალითად 7 წლით) დანიშვნით და სხვა გზებით;
ბ) მომწოდებლისა და მომხმარებლისაგან დამოუკიდებლობა, რაც მიიღწევა მისი ბიუჯეტიდან დაფინანსებით (რადგან მომწოდებელი არანაირად არ განსაზღვრავს მარეგულირებლის ბიუჯეტს, ხოლო მომხმარებლის მიერ ინტერესების დაცვისათვის ფულის გადახდა ხორციელდება არა პირდაპირ, არამედ ბიუჯეტის გავლით);
გ) მარეგულირებლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის აბსოლუტური გამჭვირვალობა, რაც მასზე საზოგადოებრივ კონტროლს გაამძაფრებს და ფუნქციების რეალური შესრულებისაკენ უბიძგებს.
აღსანიშნავია, რომ ზღვრული ტარიფის დადგენისას მარეგულირებელ ორგანოსა და მომწოდებლის შეუთანხმებლობის შემთხვევაში, გათვალისწინებულია სპეციალური სამომრიგებლო პროცედურის გამოყენება5. იგი არ ჩაერევა მომწოდებლის ფინანსურ და სხვა საქმიანობაში, რათა არ შეაფერხოს მისი მუშაობა.
კონკრეტულ დარგში კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების კვალობაზე კი დამოუკიდებელ სატარიფო მარეგულირებელ ორგანოს მოეხსნება შესაბამის დარგში სატარიფო რეგულირების უფლებამოსილება და განხორციელდება ამ დარგების აბსოლუტური დერეგულირება.
ახალი ტიპის დამოუკიდებელი მრავალდარგობრივი სატარიფო მარეგულირებელი კოლეგიალური ორგანო, ერთიანობის გამო უფრო დაცულია დარგობრივი ზეგავლენისაგან, იგი განახორციელებს მოქნილ და კომპაქტურ სატარიფო პოლიტიკას. სატარიფო რეგულირების შემსუბუქებით მომწოდებელს გაუჩნდება ხარჯების ოპტიმიზაციის სტიმული, რადგან მას დაუდგენენ არა ზუსტ ტარიფს, არამედ ზედა ზღვარს, ანუ მეტი მოგების მიღება მას ხარჯების ოპტიმიზაციით შეეძლება, რაც, შემდგომში ტარიფის ბუნებრივი დაწევისკენაც უბიძგებს. ამ რეფორმით, აგრეთვე მიიღწევა ბაზრის სუბიექტების განვითარების თავისუფლება, ყველაფრის შედეგად კი რეგულირების შემცირების ხარჯზე გაუმჯობესდება საინვესტიციო გარემო.
დასკვნა
წარმოდგენილი დერეგულირების რეფორმა, ძირითადად, ემსახურება ეკონომიკის გათავისუფლებას სახელმწიფოს ზედმეტი ბორკილებისაგან და ინდივიდებისათვის თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობის მიცემას. ეს კი, ხორციელდება საზოგადოებრივი ინტერესების ზუსტად განსაზღვრისა და რეალურად აუცილებელი ინტერესების დაცვაზე რეგულირების ისეთი მეთოდების განხორციელებით, რომელიც მინიმალური ფარული დანახარჯების მატარებელია.
უმნიშვნელოვანესია საზოგადოების როლი წარმოდგენილი რეგულირების რეფორმის ამუშავებასა და მის შედეგიანობაში. იმისათვის, რომ განხორციელდეს რეალური დერეგულირება, აუცილებელია ინდივიდებმა გამოიყენონ ამ რეფორმით მათდამი მინიჭებული უფლებები, რათა ამუშავდეს ბაზრის მუდმივად განვითარების ბუნებრივი პროცესი. შესაბამისად, დერეგულირების რეფორმა წარმოადგენს არა განვითარების პირველ ნაბიჯს, არამედ გზის გახნას ამ ნაბიჯისათვის, რომელიც საბოლოოდ საზოგადოებამ უნდა გადადგას.