2016 წლის ბიუჯეტი

2015 წლის პირველ ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ პარლამენტში 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარადგინა. წარმოდგენილი პროექტი პროგრამულ ბიუჯეტირებაზე გადასვლის პირველ და ძალაინ მნიშვნელოვან ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს 2016 წლის ბიუჯეტი ეკონომიკის 3% – იან ზრდაზეა გათვლილი. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ექსპერტი ვაჟა კაპანაძე სკეპტიკურად აფასებს, მისი თქმით, შესაძლოა ზრდა უფრო მეტი ყოფილიყო და არ არის გამორიცხული, რომ შემოსავალმა დაგეგმილს გადააჭარბოს.
2016 წელს იზრდება როგორც ხარჯები(356,6 მილიონი ლარით), ასევე შემოსავლები(404 მილიონი ლარით). ექსპერტი ხარჯების ზრდას ძირითადად ცალკეული სტრუქტურების გამოყოფას უკავშირებს, რაც ძალიან ბევრ დამატებით ხარჯს იწვევს, რადგან ყოველ ახალ სამინისტროს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და თანხები ესაჭიროება.

მაგალითად, მიმდინარე წლის აგვისტოში შსს – ს გამოეყო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მომდევნო წელს დამოუკიდებლად95 მილიონ ლარს მიიღებს.
მისი თქმით, მმართველ სტრუქტურებს მოსვლისთანავე უნდა გადაეხედათ კონსტუტიციისთვის და უნდა მომხდარიყო სტრუქტურის ოპტიმიზაცია, ასევე, სამინისტროებმა უნდა გაატარონ სამთავრობო პოლიტიკა და მკაცრი კონტროლი დაუწესონ შესაბამის სტრუქტურებს.
„ამერიკის ერთერთმა პრეზიდენტმა ერთხელ განაცხადა, მისი ნება რომ ყოფილიყო მხოლოდ სამი მინისტრი ეყოლებოდა ქვეყანას, რაც სრულიად საკმარისი იქნებოდა ქვეყნის კარგად სამართავად, ეს ხარჯების შემცირებასაც შეუწყობდა ხელს“- ამბობს კაპანაძე.
2016 წელს იზრდება სხვა შემოსავლები, რაც გულისხმობს შემოსავლებს სკუთრებიდან, საქონლისა და მომსახურების რეალიზაციიდან და სანქციებიდან, ასევე, აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან მოყოლებული სხვა შემოსავლების მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდება და უკვე 180 მილიონი ლარით შემცირდა, რისი მიზეზიც გადასახადების დამალვაა, ამიტომ გაუგებარია რის ხარჯზე უნდა მოხდეს სხვა შემოსავლების დაგეგმილი ზრდა, რაც 25 მილიონ ლარს შეადგენს. როგორც ბატონი ვაჟა აცხადებს, დაუშვებელია სახელმწიფო სხვა შემოსავლების იმედად დარჩეს, რადგან ის არ წარმოადგენს ქვეყნის შემოსავლის ძირითად წყაროს.
2016 წელს ასევე იზრდება ცენტრალური მთავრობის სახელმწიფო აპარატის შრომის ანაზღაურება, რომელიც 2012 წლის შემდეგ იზრდება.
45
შემდეგი წლისთვის ზრდა 57.2 მილიონ ლარს შეადგენს. საერთო ჯამში კი 2012 წლის შემდეგ, აღნიშნული მაჩვენებელი 389.2 მილიონი ლარით გაიზარდა.
ექსპერტი ერთი მხრივ, აღნიშნულ ზრდას დადებითად აფასებს, მისი თქმით, „ნორმალური“ ანაზღაურება ხელს უშლის კორუფციის გავრცელებას, თუმცა მეორე მხრივ, საჭიროა, რომ ხელფასების ზრდა ქვეყანაში არსებული ვითარების შესაბამისად მოხდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორსა და სამთავრობო სტრუქტურებში არსებული ანაზღაურება ერთმანეთს შეესაბამებოდეს, საჭიროა ოქროს შუალედის დაცვა მათ შორის, რათა არ მოხდეს დისბალანსი, რაც ძალიან უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.
ექსპერტი სახელმწიფოს რეკომენდაციასაც აძლევს, რომლის მიხედვითაც მმართველმა სტრუქტურებმა უნდა შექმნან ერთიანი სახელოფასო ბაზა, უნდა მოხდეს რანგირება და კოეფიციენტების მიხედვით ანაზღაურება, ნამუშევარი წლებისა და გამოცდილების შესაბამისად უნდა განისაზღვროს ხელფასები, რაც აღარ წარმოქმნის დამატებით პრობლემებს. აღნიშნული ბაზა 2000 წლამდე არსებობდა და მას ჯანდაცვის სამინისტრო ედგა სათავეში.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს დაფინანსება ეზრდება თითქმის ყველა სამინისტროს, ყველაზე დიდი თანხას კი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიიღებს(2 მილიარდ 785 მილიონი ლარი), რაც წინა წელთან შედარებით 285 მილიონი ლარითაა გაზრდილი. აღნიშნული დაფინანსება ძირითადად მოხმარდება პენსიებს, საყოველთაო ჯანდაცვის და C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამას.
46
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ 2016 წელი არჩევნების წელია, შეიძლება ამასთანაც დავაკავშიროთ ჯანდაცვაზე ხარჯების გაზრდა, მეორე მხრივ, კი უნდა ითქვას, რომ ჯანდაცვის პროგრამები ძალიან დიდ სარგებლობას მოუტანს სახელმწიფოსაც, რადგან ჯანსაღი ადამიანი სახელმწიფოსთვის ერთ ჯანსაღ მუშახელს ნიშნავს.
ჯანდაცვისთვის ხარჯების გაზრდას ექსპერტი დადებითად აფასებს, თუმცა მისივე თქმით, აქაც საჭიროა ოქროს შუალედის დაცვა, არ შეიძლება თანხის უდიდესი ნაწილი სოციალურ სერვისებზე დაიხარჯოს, რადგან ქვეყნის ბიუჯეტი შემცირდება, რასაც თანხის ბრუნვის შემცირება მოჰყვება, ეს უკანასკნელი კი ძალიან უარყოფითად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე, ამიტომ საჭიროა საერთო საქმეზეც ვიფიქროთ.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, შინაგან საქმეთა, იუსტიციის და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროები გვაძლევენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას გააკეთებენ ისინი 2016 – 2019 წლებში, თუმცა არ ამბობენ რას გააკეთებენ კონკრეტულად 2016 წელს, რაც ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს.
ექსპერტის თქმით, შესაძლოა ამის მიზეზი სამინისტროების ჩამოუყალიბებლობა იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ შემუშავებული პროგრამები და პროექტები, რაშიც დახარჯავენ კუთვნილ თანხას. მისივე თქმით, ძალიან კარგი იქნება თუკი მმართველი სტრუქტურები მხოლოდ მას შემდეგ გამოუყოფენ სამინისტროებს დაფინანსებას, როცა ეს უკანასკნელები შესაბამის პროექტებს წარადგენენ და დაფინანსებაც აუცილებლობით იქნება განპირობებული საჭიროებების მიხედვით.
ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების გაზრდა, თანხა 40,8 მილიონი ლარიდან 43 მილიონ ლარამდე გაიზრდება.
საბოლოო ჯამში ექსპერტი 2016 წლის ბიუჯეტს დადებითად აფასებს.
„2106 წლის ბიუჯეტი ჯანდაცვაზეა ორიენტირებული, რადგან ყველაზე დიდ დაფინანსებას სწორედ შესაბამისი სამინისტრო იღებს, ძალიან კარგი იქნება, თუკი მმართველი სტრუქტურები ამის შესახებ საზოგადოებასაც მიაწვდიან ინფორმაციას, რათა ამ უკანასკნელებმა შესაბამისი სერვისებით ისარგებლონ და იცოდნენ, რომ ბიუჯეტი სოციალურ საკითხებზე და ჯანდაცვაზეა ორიენტირებული, ეს ძალიან კარგია, რადგან უშუალო კავშირშია მეწარმეობასთან, მეწარმეობა კი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას“ – ამბობს ვაჟა კაპანაძე.
2016 წლის ბიუჯეტი მთლიანობაში 10 მილიარდამდე ლარით განისაზღვრა. მთავარი საფინანსო დოკუმენტი კი პარლამენტმა დეკემბრის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.

მოამზადა ირმა ბოლქვაძემ