ფინანსური ბაზრის განვითარების ახალი პერსპექტივა საქართველოში

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვებას იწყებს. 50 მილიონი ლარის ღირებულების ორწლიანი ობლიგაცია თანაბრად იქნება განაწილებული ორ წამყვან ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტს შორის, ესენია: „ბიჯი კაპიტალი“, „საქართველოს ბანკის“ ჯგუფში შემავალი საბროკერო კომპანია და „თიბისი ბანკი“, რომლებიც იმოქმედებენ, როგორც წამყვანი მენეჯერები და ტრანზაქციის გარანტორები.
„ეს არის მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრისათვის, გზას უხსნის უცხოური კაპიტალის შემდგომ მოზიდვას საქართველოში მათთვის, ვისაც უნდა ლარის გასესხება რეალურ ეკონომიკაზე. ამასთან, ეს საუკეთესო საშუალებაა მსესხებლებისათვის, რომლებსაც უნდათ თავიდან აიცილონ სავალუტო რისკი“, – განაცხადა EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში , ბრუნო ბალვანერამ ეროვნულ ბანკში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

მცურავი საპროცენტო განაკვეთის ფასიანი ქაღალდი საუკეთესო მექანიზმია ბანკების ლიკვიდურობის მართვისათვის. EBRD-ის მიერ ლარში გამოშვებული ფასიანი ქაღალდის საპროცენტო განაკვეთი მიბმულია საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატების 3-თვიან განაკვეთზე. ორი წლის განმავლობაში, სანამ უკვე აღებული ვალდებულებები სრულად არ იქნება გასტუმრებული, EBRD დამატებითი ფასიანი ქაღალდის გამოშვებას არ გეგმავს.

„დღევანდელი დღე არის მართლაც ისტორიული: მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და გავლენიანი საფინანსო ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტურქციისა და განვითარების ბანკის გადაწყვეტილება – გამოუშვას ქართულ ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული ფასიანი ქაღალდი – ცალსახა დასტური და აღიარება იმ ფაქტისა, რომ ქართული საბანკო სექტორი ბოლო წლების განმავლობაში ვითარდებოდა სწორად, თანმიმდევრულად. ეს არის ქართული ფინანსური სფეროსა და ეროვნული ვალუტის მიმართ გამოცხადებული ნდობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ EBRD-ის მიერ გამოშვებული პირველი ლარით დენომინირებული ფასიანი ქაღალდი გზას გაუკვალავს მსგავს ინიციატივებს სხვა საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან და ხელს შეუწყობს საქართველოს კაპიტალის ბაზრების შემდგომ განვითარებას. მე მინდა ყველას მივულოცო, ვინც მუშაობდა ამ პროექტზე“, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

qadagidze

ლარით დენომინირებული ფასიანი ქაღალდის გამოშვება ეს არის EBRD-ის უახლესი წარმატებული პროექტი ადგილობრივი ვალუტისა და კაპიტალის ბაზრების განვითარების ინიციატივაში, რომელიც დაიწყო 2010 წლის მაისში გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს იმისათვის, რომ გამკლავებოდნენ უცხოურ კაპიტალზე დამოკიდებულებასა და სესხებას უცხოურ ვალუტაში განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.

EBRD-ის მიზანი იყო ადგილობრივ ვალუტაში დაკრედიტების წახალისება, აგრეთვე ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების განვითარება და გაძლიერება და ამგვარად, ადგილობრივი წარმოშობის ფინანსების მოცულობის გაზრდა.

„მე მოხარული ვარ, რომ „ბიჯი კაპიტალმა“ – ჩვენმა საბროკერო კომპანიამ და „თიბისი ბანკმა“ გააერთიანეს ძალები EBRD-თან ერთად საქართველოსთვის ამ გარდამტეხი ტრანზაქციისათვის. ლარში დენომინირებული კორპორატიული ფასიანი ქაღალდების წარმატებით განთავსების შემდეგ, 2005 წელს, განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ „ბიჯი კაპიტალის“ მეშვეობით, რომელიც ასრულებს წამყვანი მენეჯერისა და განთავსების გარანტორის როლს, საქართველოს ბანკი არის თანამონაწილე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ ლარში დენომინირებული პირველი ფასიანი ქაღალდის გამოშვებისა“, – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა.

„ჩვენ გვაქვს პატივი ვიმოქმდოთ, როგორც წამყვანმა მენეჯერმა ქვეყნისათვის ამ მნიშვნელოვან პროექტში. ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსების ხელმისაწვდომობა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს კომპანიებისათვის, მათი შემდგომი ზრდისა და განვითარებისათვის, განსაკუთრებით იმ ბაზარზე, სადაც ადგილობრივი ვალუტით დაფინანსების წყაროები შეზღუდულია. EBRD ყოველთვის იყო პიონერი საქართველოს კომპანიებისათვის სწორად გამიზნული პროდუქტების მიწოდებისა და სერვისის საკითხებში და ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ ამ ინიციატივის მხარდაჭერით. EBRD არის ჩვენი გრძელვადიანი პარტნიორი და ერთ-ერთი ჩვენი აქციონერი, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის დაფინანსებით, რომელიც უზრუნველყოფს უამრავ ტექნიკური დახმარების პროექტს, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს „თიბისი ბანკის“ განვითარებას უკანასკნელი წლების განმავლობაში“, – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

bucxrikidze

EBRD-ს, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ ბანკთან, მთავრობასთან, ადგილობრივ საფინანსო ინსტიტუტებთან, ყოველთვის წამყვანი როლი ჰქონდა საქართველოში ადგილობრივი ვალუტისა და კაპიტალის განვითარების საკითხში. დღეის მდგომარეობით, EBRD-მ მთლიანობაში მოახდინა 1.86 მილიარდი ევროს ინვესტირება საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში 167 პროექტისათვის და დამატებით მოახდინა 3 მილიარდი ევროს მოზიდვა ამ საწარმოებისათვის, დაფინანსების სხვა წყაროების მეშვეობით.

ბანკებს, კერძო კომპანიებსა და ინდივიდებს მიეცათ შესაძლებლობა, ინვესტიცია განახორციელონ EBRD-ის მიერ გამოშვებულ ბონდებში. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ აქვთ ლარები, ისინი იხდიან ამ ლარებს ბონდებში, ხოლო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მათ მიერ გადახდილ თანხას გაასესხებს საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატების სამთვიან განაკვეთზე მიბმული საპროცენტო განაკვეთით. EBRD-ი ბონდების გამოშვების შედეგად მოზიდულ ლარის ფინანსურ რესურსს მისთვის პრიორიტეტული მიმართულებების გასავითარებლად გამოიყენებს. კონკრეტულად, კერძო სექტორის გასაძლიერებლად.

ბანკის წარმომადგენელთა განცხადებით, ობლიგაციებიდან შემოსული ფული გაიცემა მცირე და საშუალო საწარმოებსა და ბანკებზე. ამასთანავე, მათ ექნებათ სესხი არა უცხოურ ვალუტაში, არამედ ლარში, რაც მნიშნველოვნად შეამცირებს გაცვლითი კურსის ცვალებადობისა და სავალუტო რყევების შედეგად გამოწვეულ რისკებს და ამასთან, ფინანსურ ბაზარზე გაზრდის ლარის ფულად მასას.
მსგავს აქტივობებს EBRD-ი აქამდეც ახორციელებდა, თუმცა წარსულში, ფინანსური ინსტიტუტი ლარის რესურსს სავალუტო ბაზარზე ჰეჯ-ფონდების მეშვეობით მოიპოვებდა, რაც მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის თანხის მიღებას გულისხმობდა.

balvanera

„ბაზარზე მოთხოვნა აღმოჩნდა ბევრად მეტი, ვიდრე ამ განსაზღვრული რაოდენობის ფარგლებში შეგვეძლო მიგვეწოდებინა. ამიტომ, დავიწყეთ ალტერნატიული გზების ძიება ლარის რესურსის მოსაძიებლად და შედეგად მივედით დასკვნამდე, გამოგვეშვა ლარში დენომინირებული ბონდები,“ – განაცხადა EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა.

ბონდების გამოშვებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია იმან, რომ 50 მილიონი ლარის ბონდები მხოლოდ ორმა ბანკმა გადაინაწილა. როგორც EBRD-ის წარმომადგენლები განმარტავენ, ეს მათთვის არც ისე დიდი თანხაა, რადგან ინსტიტუტს მილიარდის ოდენობის ბონდების გამოშვების პრაქტიკაც ჰქონია. ამიტომ, ამ თანხის მხოლოდ ორ ბანკზე გადანაწილება საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტში მიზანშეწონილად მიიჩნიეს.