ახალი ხელისუფლების გზავნილები ბიზნესს
მაკა ღანიაშვილი
არჩევნების შემდეგ რამდენიმე დღეში მომავალმა პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა ის გზავნილები, რომელიც ახალ ხელისუფლებას აქვს ბიზნესისთვის. 5 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული ძირითადი თემები იყო, რუსული ბაზრის გახსნა, ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენა და სასამართლო სისტემის რეფორმა.
შეხვედრას დაესწრნენ ნავთობპროდუქტების მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელები, ფიჭური კავშირგაბმულობისა და საბანკო სექტორის ხელმძღვანელი პირები, ფარმაცევტული ბაზრის ლიდერი კომპანიების და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებიც.
შეხვედრიდან გამოსული ბიზნესმენებიც და ექსპერტებიც ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც ივანიშვილმა შეხვედრაზე გააკეთა ხელისუფლების მიერ კერძო საკუთრებაში ჩარევისა და საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტების მაქსიმალური აღმოფხვრაა. “ბიზნესი აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს ყოველგვარი ჩარევისგან. მომავალში ვერავინ გაბედავს დააშანტაჟოს კერძო მესაკუთრე. ეს უნდა იყოს საფუძველი, რომ საქართველოში ბიზნესი რეალურად განვითარდეს, ასევე ეკონომიკის აღორძინებისთვის და იმ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, რასაც უმუშევრობა ჰქვია” – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ახალი მთავრობის მხრიდან გარანტიების მიცემის პარალელურად ივანიშვილმა ბიზნესის რამდენიმე სექტორის წარმომადგენლებიც გააკრიტიკა. “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიზნესმენებს სთხოვა, უარი თქვან კარტელურ შეთანხმებებში მონაწილეობაზე: “ანტიმონოპოლიური სამსახური საქართველოში იქნება ძალიან მკაცრი. მე გირჩევთ, რომ ეს საკითხი თვითონ მოაგვაროთ, სანამ მოგაკითხავენ. ის მოგონილი ფასები, რაც ახლა ბევრ სექტორშია, კეთილი ინებეთ და მოიყვანეთ ნორმაში”.
ივანიშვილის საპასუხოდ ფარმაცევტული კომპანია “ავერსის” მფლობელმა პაატა კურტანიძემ განაცხადა, რომ უშუალოდ ფარმაცევტულ სფეროში მონოპოლია არ არსებობს. “ავერსი” 18 წელია ბაზარზე არსებობს და მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად დღეს ბაზრის 20% უჭირავთ. “არც ედუარდ შევარდნაძის და არც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს კანონი არ დაგვირღვევია და ამას არც მომავალში ვაპირებთ” – განაცხადა პაატა კურტანიძემ.
კოალიციის ლიდერის განცხადებით, საზოგადოებაში წამლის საკითხთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს და მათზე პასუხი უახლოეს მომავალში გაიცემა. “მე არ მიკადრებია, რომ თქვენ მონოპოლისტი ხართ, მაგრამ მე მქონდა წამლის ბიზნესი რუსეთში, რომელშიც 100-მილიონიანი ინვე-სტიცია ჩავდე და როცა გავყიდე, 60 მილიონი ავიღე. არავისთვის არის ახალი, რომ ფარმაცევტული ბიზნესი არარენტაბელურია. თუ თქვენ 5%-ს ასეთ პატარა ბაზარზე მაინც იგებთ, რასაც მე 15 წლის განმავლობაში ვერ მივაღწიე, ეს უკვე ეჭვს იწვევს”, – უპასუხა კურტანიძეს ივანიშვილმა.
მაგრამ იმ ფაქტს, რომ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლისტური სიტუაციაა, მხოლოდ მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები არ იზიარებენ. როგორც შეხვედრის შემდეგ პაატა კურტანიძემ განაცხადა: “ყოველი ახალი ხელისუფლების მოსვლის დროს მე მიწევს იმის მტკიცება, რომ არ ვარ მონოპოლისტი. სამწუხაროდ იგივეა ახლაც. ამიტომ მე მივესალმები ანტიმოპნოპოლიური კანონმდებლობის აღდგენის გადაწყვეტილებას. ზუსტად უნდა იცოდეს საზოგადოებამ თუ რა არის მონოპოლია და ამ კრიტერიუმების მიხედვით განისაზღვროს ვინ არის მონოპოლისტი და ვინ არა”.
ფარმაცევტული სექტორის გარდა, ახალი ხელისუფლების წინაშე თავის მართლება მოუწიათ საბანკო სფეროს წარმომადგენლებსაც. საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტს ზურაბ გვასალიას შეხვედრაზე იმის მტკიცება მოუხდა, რომ საბანკო სექტორი პოლიტიზებული არ არის. “საზოგადოებაში მუსირებს აზრი, თითქოს ბანკირები “ჰალსტუხიანი ყაჩაღები” ვართ. ეს ასე არ არის. საბანკო სექტორის დაზარალება მხოლოდ პოლიტიკას შეუძლია და ბანკები პოლიტიკისგან შორს უნდა იდგნენ” – მიმართა გვასალიამ ივანიშვილს. ივანიშვილის თქმით კი ის, რომ საბანკო სექტორი პოლიტიზებული იყო, “ქართუ ბანკის” ირგვლივ შექმნილი მოვლენების დროს კარგად გამოჩნდა. ივანიშვილს მხედველობაში ის საკანონმდებლო აქტი ჰქონდა, რომელიც “საბანკო სისტემას მთლიანად ანგრევდა. უპირატესობა ქონებაზე სახელმწიფოს მიენიჭა, რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა. ვერც ერთმა ბანკმა ვერ გაბედა ხმის ამოღება. მე როგორც ვიცი, ყველა ბანკს შეუთანხმეს, რომ ეს კანონი მხოლოდ “ქართუ ბანკზე” იმუშავებდა და ხმის ამოღება არავის არ უნდა გაებედა. ბანკებიც დამორჩილდნენ”. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ამ კანონით ვერც ერთი კომერციული ბანკი ვერ გადარჩებოდა: “15 აპრილს იგივე კანონი შეცვალეს და პირვანდელი სახე დაუბრუნეს. ამასობაში კი 190 მილიონი ამოიღეს “ქართუ ბანკიდან”. სამჯერ მე შემითანხმა ნოდარ ჯავახიშვილმა და ჰქონდა ზარები და მცდელობა ყველა კომერციულ ბანკთან. კომერციული ბანკების ასოციაცია არსებობს და თქვენ ბრძანდებით მისი პრეზიდენტი. ვერც ერთმა ბანკმა ვერ გაბედა ბანკების შეკრებაზე მისვლა. ამას პოლიტიზება ჰქვია, აბა, რა ჰქვია? აბსოლუტურად მართვადი იყავით ყველანი” – განაცხადა ივანიშვილმა.
კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც ბოლო წლებში მონოპოლიურ ფასებთან ასოცირდება საწვავია. წინასაარჩევნოდ კოალიცია “ქართული ოცნება” ამომრჩეველს საწვავის გაიაფებასაც აქტიურად ჰპირდებოდა. შეხვედრიდან გამოსული “ვისოლის” ხელმძღვანელი სოსო ფხაკაძე საწვავის 20 თეთრით გაიაფების პერსპექტივაზე მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: “ფასებს საბაზრო ეკონომიკის ბერკეტები არეგულირებენ”.
ექსპერტთა შეფასებით, ის ყველა მნიშვნელოვანი პუნქტი, რაც ბიზნესმენებთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გაჟღერდა, “ქართული ოცნების” ეკონომიკურ პროგრამაშიც სწერია. სადაც, პირველ რიგში, საუბარია იმაზე, რომ ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის მკაფიო ზღვარი გაივლება. სახელმწიფო კი არა, ბიზნესი თავად უნდა მართავდეს საკუთარ თავს და კანონით დაწე-სებულ გადასახადებს იხდიდეს. კანონი კი იმდენად მკაფიოდ გაწერილი უნდა იყოს, რომ ბიზნესს მისი “წაკითხვა” შეეძლოს. მაგრამ, ექსპერტთა შეფასებით, ამ ყველაფრის მისაღწევად, არა მხოლოდ პოლიტიკური ნება, არამედ საკანონმდებლო ცვლილებებიც არის საჭირო. პირველ რიგში, მოსაგ-ვარებელია საკუთრების უფლების დაცვის საკითხი, რათა საკუთრების ხელყოფა ვერავინ გაბედოს, რაც დღეს ბიზნესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. 144 ქვეყნიდან საქართველო საკუ-თრების უფლების დაცვის თვალსაზრისით 131-ე ადგილზეა.
როგორც კოალიციის ეკონომიკური პროგრამის ერთ-ერთი ავტორი დავით ონოფრიშვილი აცხადებს: “ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ითვალისწინებს, პირველ რიგში, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს და ჩვენ გამოვკვეთავთ სახელმწიფოს როლს სოციალური კეთილდღეობის და უსაფრთხოების საქმეში, რადგანაც ვთლით, რომ მოსახლეობა უფრო მეტად უნდა იყოს სოციალურად დაცული. ამას გარდა, ცხადია სრულად იქნება ის მომენტები დაცული, როგორიცაა საკუთრების, გარიგების დაცულობა, კონკურენცია, მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ასე შემდეგ”.
საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული გუნდის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მომავალი წლიდან აპირებენ ჯანდაცვის დაზღვევის სრულად განხორციელებას რისი შესაძლებლობა ფინანსურად ნამდვილად არსებობს.
“სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც, ჩვენ დავიწყებთ 1-მილიარდიანი ფონდის შექმნას, ფინანსურად 1 მილიარდი ერთიანად ისედაც ვერ გაიხარჯება, ეს დროში გაწერილია, ასე რომ, ეს პროცესი დაიწყება და ფონდი იქნება რეალურად ჩამოყალიბებული. ყველა დაპირება, რაც ამ წელს უნდა ყოფილიყო, შესრულდება. არის რიგი დაპირებები, რომლებსაც 2-3 წელი სჭირდება, თუმცა მათი განხორციელებაც ამ წელს დაიწყება” – დასძენს ონოფრიშვილი.
ახალი ხელისუფლების გეგმის მიხედვით, “საქსტატი” გახდება დამოუკიდებელი ორგანო ისე, რომ მასში არანაირი ზემდგომი ჩარევები არ მოხდეს. იმისათვის, რომ ქვეყანას ჰქონდეს რეალური სტატისტიკა. “როცა შენ ციფრებში იტყუები, სტატისტიკურად რეალურ სურათს ვერ ხედავ, შესაბამისად უკვე შეუძლებელია რაიმე სწორი გადაწყვეტილებების მიღება. აქედან გამომდინარე, სტატისტიკა უნდა იყოს რეალურად დამოუკიდებელი და ჩვენ უნდა ვფლობდეთ რეალურ სურათს ქვეყნის ეკონომიკის შესახებ” – აცხადებენ “ქართული ოცნების” ეკონომიკური პროგრამის ავტორები. ახალი ხელისუფლება ასევე აპირებს რეალური საარსებო მინიმუმის ხელახლა გადათვლას და ახალშექმნილი დასაქმების სამინისტროს გაუქმებას.
რაც შეეხება საგადასახადო კანონმდებლობას, როგორც დავით ონოფრიშვილი აღნიშნავს: “ჩვენ ძირითადი პრინციპები გვაქვს და ეს პროგრამაშიც არის ასახული. უმთავრესი არის ის, რომ ჩვენ ვუ-ზრუნველვყოფთ სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებულ დაბეგვრის მექანიზმებს. შემცირდება და გონივრულ ფარგლებში ჩაჯდება საგადასახადო ადმინისტრირების სფეროში ჯარიმები და საურავები. თქვენ იცით, რომ ხშირად ხდებოდა ბიზნესში შესვლა და დაჯარიმებები, რაც ბიზნესზე ძალიან ცუდ გავლენას ახდენდა. ჯარიმები იმხელა იყო, ფაქტიურად მის მფლობელი იძულებული ხდებოდა დაეხურა ან გაეყიდა თავისი ბიზნესი და ასე გადაეხადა ჯარიმა. ეს ასე აღარ უნდა იყოს… გარდა ამისა, ჩვენ უნდა მოვაწესრიგოთ ბუნდოვანი და ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობების მქონე დებულებები საგადასახადო კოდექსში.”
ექსპერტთა შეფასებით, დღეს საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის რამდენიმე პუნქტის არსებობაა აუცილებელი: პოლიტიკური ნების არსებობა, რომ სახელმწიფო და ბიზნესი ერთმანეთისგან დისტანცირებული იქნება; საკუთრების უფლების დაცვა, რომ სახელმწიფომ თვითონ არ ჩამოართვას ბიზნესს რაღაც ტიპის ქონება, რაშიც მას ინტერესი აქვს და პირიქით, სახელმწიფომ ბიზნესი ქონების ხელყოფისგან დაიცვას; დავების და სასამართლოს სისტემა ისე მოაწესრიგოს, რომ ბიზნესმა საკუთარი კანონიერი ინტერესების დაცვა შეძლოს; მოწესრიგდეს საგადასახადო კანონმდებლობა, რათა მასში გარკვეული ხვრელები და ორმაგი გაგების დებულებები არ იყოს; მოგვარდეს პროცედურული დებულებები; შეიზღუდოს მონოპოლიები და მოგვარდეს კონკურენციის საკითხები და კრედიტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები.