ბუში ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას აერთიანებს
ია ბაკურაძე
-21-22 აპრილს კანადის ქალაქ კვებეკში “ამერიკების სამიტი” გაიმართა, სადაც ჩრდილოეთ ცენტალური, კარიბისა და სამხრეთ ამერიკის 34 ქვეყნის ლიდერი შეიკრიბა (კუბის გამოკლებით). შეხვედრის მთავარი თემა იყო 2005 წლისთვის “ამერიკების თავისუფალი ვაჭრობის ზონების” (ათვზ) შექმნის საკითხი. ეს ზონა კანადიდან არგენტინამდე იქნება გადაჭიმული. დასავლეთის ნახევარსფეროს ვაჭრობის თავისუფალი ზონა მსოფლიოს უდიდესი ვაჭრობის ზონა იქნება – იგი 800.000 ადამიანით დასახლებულ ტერიტორიას მოიცავს, მასში შემავალი ქვეყნების საერთო მშპ დაახლოებით 13 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ათვზ-ის შექმნა დასავლეთ ნახევარსფეროში ვაჭრობისათვის ტარიფებისა და სხვადასხვა სახის ბარიერების სრულ მოხსნას ითვალისწინებს. ათვზ მთლიანი მსოფლიო ვაჭრობის 20%-ს და მსოფლიო მშპ-ს 40%-ს გააერთიანებს. ათვზ-ის შექმნის შესახებ გამართული მოლაპარაკებები 2005 წლის იანვრამდე უნდა დარსულდეს, რათა დეკემბრიდან ძალაში შევიდეს. ამავე დროს არ დასმულა “ორი ამერიკის” ფარგლებში პოლიტიკური ინტეგრაციის საკითხი. ამ სამიტზე არც ათვზ-ის ფარგლებში რამე წარმომადგენლობითი ორგანოების შექმნის და არც ერთიანი ვალუტის შემოღების პერსპექტივის საკითხი არ იყო განხილული.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა ათვზ-ის შექმნის გეგმას NAFTA-ს “ლოგიკური გაგრძელება” უწოდა. უნდა აღინიშნოს, რომ შეერთებულმა შტატებმა წინადადება შემოიტანეს, ათვზ-ის შექმნის პროექტის განხორციელება უფრო ადრეული თარიღისთვის გადმოეტენათ (2003 წელი). თუმცა, ბრაზილიისა და სამხრეთ ამერიკის საერთო ბაზარ “მერკოსურში” შემავალი პარტნიორი ქვეყნების ურყევი პოზიციის გამო, ალასკიდან პატაგონიამდე გადაჭიმული ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნა უფრო რეალური ვადისათვის (2005 წ.) გადაიდო. თუმცა, ლათინური ამერიკის ბევრი ქვეყანა ამ ვადასაც ძალზე ნაადრევად მიიჩნევს.
ამერიკის ორივე კონტინენტის სახელმწიფოთა შორის ბევრი უთანხმოებაა, განსაკუთრებით კი შეერთებულ შტატებთან მიმართებაში, რომლებსაც, როგორც ლათინური ამერიკის სახელმწიფოები ვარაუდობენ, “მცირე” ქვეყნების ეკონომიკის დაქვემდებარება ძალუძთ. კერძოდ, კვებეკის სამიტზე გამოსვლისას ბრაზილიის პრეზიდენტმა, ფერნანდუ ენრიკე კარდოზუმ ვაშინგტონის სავაჭრო პოლიტიკა გააკრიტიკა. მისი განცხადებით, აშშ, თავისუფალი სავაჭრო ზონების გამოცხადების მიუხედავად, მაინც ქმნის გარკვეულ ბარიერებს უცხოური საქონლის იმპორტისთვის. გარდა ამისა, კარდოზუმ აშშ-ის ადმინისტრაცია იმაშიც დაადანაშაულა, რომ ამ უკანასკნელმა უარი თქვა კიოტის ოქმების რატიფიცირებაზე, რომელთა მიხედვით ატმოსფეროს დაბინძურება შემცირდებოდა.
სამიტზე ყველაზე ბევრს დემოკრატიაზე საუბრობდნენ. კანადის პრემიერის ჟან კრეტიენის თქმით, ათვზ-ის შექმნის შესახებ დეკლარაცია იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ნებისმიერ ქვეყანას შეუწყდეს ამ პროექტში მონაწილეობის მიღების უფლება იმ შემთხვევაში, თუ ათვზ-ის წევრი ქვეყნები ჩათვლიან, რომ ამ ქვეყანაში “არ ხდება დემოკრატიული პრინციპების სათანადო დონეზე შესრულება”. ის ფაქტი, რომ კუბა არ მოიწვიეს სამიტზე, იმაზე მეტყველებს, რომ იგი, როგორც ჩანს, ამ რეგიონში ერთადერთი არადემოკრატიული ქვეყანაა. ასე, რომ უახლოეს მომავალში კუბას ათვზ-ის პროექტში მონაწილეობის მიღების არანაირი პერსპექტივა არა აქვს.
სამიტი მასიური პროტესტების, დემონსტრანტებსა და პოლიციელთა შორის შეტაკებების ფონზე მიმდინარეობდა. საერთაშორისო ფორუმებზე ანტიგლობალისტების ასეთ გამოსვლებს უკვე მიეჩვივნენ. სამიტის დაწყებამდე 3 დღით ადრე დაახლოებით 400 ადამიანი დააკავეს. დაშავდა 45 დემონსტრანტი და 46 პოლიციელი. კანადის პოლიციის მონაცემებით, დემონსტრაციების ორგანიზატორები ანარქისტული დაჯგუფება “შავი ბლოკია”, რომელმაც 1999 წელს სიეტლში ჭთO-ს შეხვედრის დროს დემონსტრაციები მოაწყო. საპროტესტო აქციების მონაწილეებს არცთუ უსაფუძვლოდ ეშინიათ იმის, რომ ათვზ-ის შექმნით ლათინო-ამერიკის უმეტესი ქვეყანა მთლიანად დიდი ქვეყნების ეკონომიკაზე, უპირველეს ყოვლისა კი აშშ-ის ეკონომიკაზე იქნება დამოკიდებული.
სამიტის კარებს მიღმა ე.წ. “სახალხო სამიტი” ჩატარდა, სადაც სხვადასხვა სახის საზოგადოებრივი, რელიგიური თუ ეკოლოგიური ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ამ “ალტერნატიული სამიტის” შედეგად მიღებულ იქნა დეკლარაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ “ამერიკების თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის გეგმა არ შეესაბამება მუშათა ინტერესებს, რადგან, უპირველეს ყოვლისა, ფინანსურ-სამრეწველო კომპანიებისა და ინვესტორებისათვის ახალი თავისუფლების უზრუნველყოფისკენ არის მიმართული”. “სახალხო სამიტის” მონაწილეებმა რეგიონის ყველა ქვეყანაში ათვზ-ში შესვლის თანხმობაზე რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვეს. კანადის პრემიერ-მინისტრი შეეცადა დაემშვიდებინა საზოგადოება და განაცხადა, რომ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში გამოქვეყნდება კვებეკში მიღებული პროექტის დოკუმენტები. პატარა სახელმწიფოების შეშფოთების განქარვებას აშშ-ის პრეზიდენტი, ჯორჯ ბუშიც შეეცადა. მისი თქმით, “შეთანხმების მომზადებისას, რეგიონის პატარა ქვეყნების, განსაკუთრებით კი კარიბის რეგიონის ინტერესები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული”.
რამდენად დიდიც უნდა ყოფილიყო ანტიგლობალისტების მძვინვარება, რომლებმაც ერთხელ დაცვის კორიდორის გარღვევაც მოახერხეს, ასეთი ფორუმები “ჩავარდნისთვის” არ იმართება. ფორმალურად კვებეკის სამიტი წარმატებით დასრულდა. თუმცა, დასავლეთ ნახევარსფეროს ფარგლებში საერთო ბაზრის შექმნას უამრავი პოლიტიკური, უფლებრივი თუ ემოციური ხასიათის პრობლემა უკავშირდება. აქედან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთ ნახევარსფეროში თავისუფალი ვაჭრობის ზონა 2010 წლამდე ვერ შეიქმნება. თუმცა, ამერიკის ქვეყნების 21 პრეზიდენტმა და 13-მა პრემიერ-მინისტრმა მაინც მოაწერეს ხელი შედეგობრივ დოკუმენტს, ე.წ. შეთანხმებას 2005 წლისთვის კონტინენტალური საერთო ბაზრის შენობის აღმართვაზე მზადყოფნის შესახებ, რომელშიც მხოლოდ დემოკრატიული რეჟიმის (რა თქმა უნდა, აშშ-ის სტანდარტებით) ქვეყნებს ექნებათ შესვლის უფლება.