საქართველოს ტყის მიწების გამოყენების ეკონომიკური ანალიზი
მიხეილ ჩიქოვანი, თბილისის მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ხარისხის მაძიებელი
საბაზრო ეკონომიკის გარდამავალი პერიოდის პირობებში ტყის მიწებზე არსებულ რესურსებზე მოთხოვნილება მკვეთრად იზრდება და ეს განსაკუთრებით მერქანს ეხება.
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდგომ შექმნილი ენერგეტიკული კრიზისიდან თავის დასაღწევად, მოსახლეობა საწვავი შეშის მოპოვების მიზნით, ტყეს მიაწყდა და დაიწყო მისი უმოწყალოდ ჩეხვა, იგი შემოსავლის წყაროდაც გაიხადა. ინტენსიურად დაიწყო საზღვარგარეთ მრგვალი მორების გატანა. ცხადია, ამ დროს დაირღვა ტყეში მოქმედი მეცნიერულად დასაბუთებული ტყის ჭრის წესები, რაც ამავე დროს მდგრადი ეკოლოგიური გარემოს დარღვევის საფუძველი გახდა და მკაფიოდ, თვალნათლივ აისახა გარემოს კლიმატის ცვალებადობაზე. გახშირდა ინტენსიური წვიმები, წყალდიდობები, ღვარცოფები, ეროზიები და სხვა. ყოველივე ამის თავიდან აცილების მიზნით უკანასკნელ ხანებში მთავრობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გამკაცრებული კონტროლის საფუძველზე მდგომარეობა საგრძნობლად გამოსწორდა, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტყეში არსწორად ჩატარებული ჭრის დროს მიღებული დარღვევების შედეგების გამოსწორებას დაახლოებით 100 წელი სჭირდება. [1]
საქართველოს ტყეებში დღეისათვის მოქმედი ტყის ჭრის წესების მიხედვით, ე.წ. ნებით-ამორჩევითი ჭრები ტარდება, რაც პრაქტიკაში ფართოდ დამკვიდრდა. ნებით-ამორჩევითი ჭრების ასეთი ფართო მასშტაბებით დანერგვას მეტყევეები ამ ჭრების უპირატესობით ამტკიცებენ, რომ ჭრების შემდგომ ჭრაგავლილი ფართობები თითქმის ხელუხლებელი რჩება. ეს კი თავის მხრივ უზრუნველყოფს ტყის ფიტოსანიტარული მდგომარეობის პროდუქტიულობის ხარისხობრივი მაჩვენებლების, აგრეთვე დაცვითი თუ სხვა სასარგებლო სოციალურ და ეკოლოგიურ თვისებათა გაუმჯობესებას. [2]
ცხადია, ერთი შეხედვით ამ ჭრების მიმართ არავითარი პრეტენზია არ შეიძლება იყოს, მაგრამ იგი მიუღებელია სამრეწველო თვალსაზრისით, რადგანაც ამ დროს ფართობის ერთეულზე იჭრება მცირე ინტენსივობით და თანაც პირველ რიგში გადაბერებული, რომლის ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობები არ არსებობს. ასევე შეუძლებელია დიდი კაპიტალდაბანდებების ჩადებაც გზების მშენებლობაში. ნებით-ამორჩევით ჭრებზე აკად. ვ. გულისაშვილი აღნიშნავს, რომ “ამორჩევითი ჭრები, რომლებიც ტარდება ინტენსიური მეურნეობის პირობებში, სადაც არსებობს გზების ფართო ქსელი, მწიფე ტყის უბნების ათვისების პირობებში, სადაც ყოველგვარ ასორტიმენტზეა მოთხოვნილება. ამ სახის ჭრებს ეწოდება ნებით-ამორჩევითი ჭრები”. [5]
თუ ჩვენ გვინდა ტყიდან მერქნით სარგებლობა მუდმივი და თანაბარი იყოს, ანუ შევძლოთ ეკოლოგიურად მდგრადი მეურნეობის წარმოება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მიზნად უნდა დავისახოთ ინტენსიური, საგზაო ქსელისა და ინტენსიური მეურნეობის მშენებლობისა და მოწყობის სამუშაოთა მასშტაბების გაზრდა, რაც თავის მხრივ პირველ რიგში აყენებს სათანადო კაპიტალდაბანდებათა გაზრდასაც. [4]
ამასთან დაკავშირებით აკად. გ. გიგაური [2] [3] აღნიშნავს, რომ ხე-ტყის დამზადება-გამოზიდვის ნორმალურად წარმართვის უზრუნველსაყოფად განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ხე-ტყის საზიდი და სატყეო-სამეურნეო დანიშნულების გზების სათანადო ქსელის შექმნასა და ხე-ტყის დამზადება-გამოზიდვის რაციონალური წესების შემუშავებას. ამ პრობლემის სწრაფად გადაწყვეტის გარეშე მაღალინტენსიური, ნორმალური ამორჩევითი მეურნეობის წარმოება საერთოდ და მით უმეტეს მთის ტყეებში ძნელად წარმოსადგენია. [2] [3]
სწორედ საგზაო ქსელისა და ექსტენსიური მეურნეობის მიზეზით შეიძლება აიხსნას საქართველოს ტყეებში მერქნით სარგებლობის მკვეთრი შემცირება, რაც ასევე ამ ტყეების პროდუქტიულობის მაჩვენებლებშიც აისახა – დღეს საქართველოში ტყეების ნახევარზე მეტი დაბალპროდუქტიულია და რეკონსტრუქციას ექვემდებარება.
ინტენსიური მეურნეობის პირობებში ტყიდან მერქნით სარგებლობის ოდენობა ყოველწლიურად თუ არ იზრდება, ცხადია შემცირება, მეურნეობის ექტენსიურობაზე მეტყველებს, რაც თავის მხრივ, საერთოდ და განსაკუთრებით საბაზრო ეკონომიკის პირობებში გაკოტრების ტოლფასია და ყოვლად მიუღებელად უნდა იქნას მიჩნეული. აღნიშნულის დასამტკიცებლად მოვიყვანთ სათანადო მონაცემებს. საქართველოს ტყეებში 1960 წელს მზადდებოდა 2.6მლნ/მ3, ხოლო 1970 წელს – 1,2მლნ/მ3, 1980წ. – 835ათ/მ3, 1990წ. – 435ათ/მ3, 1995წ. – 200ათ/მ3. [1] [10]
ტყიდან მერქნით სარგებლობის ასეთი კლებადი დინამიკა არასწორი მეურნეობის წარმოების შედეგია, ამის დასამტკიცებლად აკად. ვ. გულისაშვილის მიერ ჯერ კიდევ 1970 წ. გამოთქმული მოსაზრებაც საკმარისია. იგი აღნიშნავს, რომ საქართველოში ხორციელდება ტყეების გადაჭარბებული ექსპლოატაცია, რამაც ტყეების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოფიტვამდე და მათი პროდუქტიულობის მკვეთრ ჩამოქვეითებამდე მიიყვანა… ტყემ დაკარგა წყალშემნახავი და დაცვითი ფუნქცია, ბუნებრივი განახლების უნარი და დიდი ხნით გამოვიდა მერქნით მეურნეობრივი საქმიანობის ორბიტიდან. ამან გამოიწვია რესპუბლიკის ტყეების საშუალო სიხშირის დაყვანა 0,5-მდე, შეამცირა ერთ ჰა-ზე ზრდის ნამატი. თუ 10 წლის წინათ რესპუბლიკაში იჭრებოდა 2,6მლნ/მ3 ხე-ტყე, 1967წ. მოიჭრა 1,2მლნ/მ3. თუ ამას მთის დამრეც ტყეებს გამოვაკლებთ (30%-ს), საექსპლოატაციოდ რესპუბლიკაში დარჩენილია 300 ათასი ჰა. 0,6 სიხშირის ტყეები, საიდანაც ხდება 1,2 მლნ/მ3 მერქნის აღება. [10]
ამასვე ადასტურებს პროფ. კ. თარგამაძე, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ ტყიდან მერქნით სარგებლობა ტყეში წარმოებული არასწორი მეურნეობის შედეგია. [9]
ცხადია, აღნიშნული მდგომარეობა დღეს უფრო გაუარესებულია, აუცილებელია დაუყოვნებელი ეფექტური ღონისძიებების გატარება, რაც ჩვენი აზრით, პირველ რიგში მოვლითი ჭრების მასშტაბებში უნდა აისახოს და სარეკონსტრუქციო ფართობის კერძო საკუთრებაში გადაცემით უნდა დავიწყოთ.
საბაზრო ეკონომიკის განვითარების აუცილებლობა მოითხოვს ეროვნული ეკონომიკის დარგების განვითარებისათვის ბუნებრივი რესურსების ინტენსიურ გამოყენებას, მაგრამ მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვის აუცილებლობასთან ერთად. [4]
ეს პრობლემა წარმატებით რომ გადაწყდეს, წარმოების ეკონომიკური ეფექტიანობის გაანგარიშების დროს გათვალისწინებულ და გაანგარიშებულ უნდა იქნას ეკოლოგიურ-ეკონომიკური ეფექტი. [4]
ცნობილი ქართველი მეცნიერი ვ. გულისაშვილი და თ. ურუშაძე მიუთითებენ, რომ “ბუნების რესურსების დაცვა სრულებითაც არ ნიშნავს მათ სარგებლობაზე უარის თქმას, პირიქით, მათი დაცვა გულისხმობს რაც შეიძლება მეტი რაოდენობით გამოყენებას, მაგრამ გონივრულად, რომელიც მიზნად ისახავს რესურსების მაქსიმალურ უტილიზაციას აღდგენითი უნარიანობის დაკარგვის გარეშე. [6]
თუმცა პრაქტიკაში არც თუ იშვიათია შემთხვევები, როცა პირიქით ხდება, ირღვევა მდგრადი განვითარების პრინციპი, მაგალითად, ტყის ზედმეტად ჭრის გამო, რაც გამოწვეულია, ერთის მხრივ, მერქანის მოთხოვნილების შეუსაბამობით რესურსებთან და მეორე მხრივ, მეურნეობის წარმოების დაბალი დონით. ეს დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. თუ ეს დანახარჯები არ იქნება გათვალისწინებული ბუნების დაცვის საქმიანობაში, ცხადია, წინასწარ იქნება განპირობებული მოსალოდნელი დარღვევები.
ცნობილი ქართველი მეცნიერი, ბუნებათსარგებლობის ეკონომიკის სპეციალისტი პროფ. გ. წერეთელი [11] დანახარჯების ამ მაჩვენებლებიდან გამოჰყოფს ძირითადად დამატებით მაჩვენებლებს:
ძირითადს მიეკუთვნება: 1. გარემო ბუნებისდაცვითი ღონისძიებების წმინდა ეკონომიკური ეფექტის მაჩვენებელი; 2. გარემოს დაცვითი დანახარჯების ეკონომიკური ეფექტიანობის საერთო მაჩვენებელი; 3. გარემო ბუნების დაცვის მიზნით გაწეული კაპიტალდაბანდებების ეკონომიკური ეფექტიანობის საერთო აბსოლიტური მაჩვენებელი. აქ საჭიროა აღინიშნოს, რომ თანამედროვე ეტაპზე საზოგადოების მოთხოვნილება ბუნებრივ რესურსებზე დღითიდღე იზრდება, ჩნდება გარკვეული შეუსაბამობა რესურსებსა და მოთხოვნილებებს შორის, მაგრამ ეს არ შეიძლება გახდეს ეკოლოგიური დისბალანსის მიზეზი. საჭიროა წინასწარი ბუნების დაცვითი დანახარჯების ეკონომიკური ეფექტიანობის საერთო მაჩვენებლების გაანგარიშება, რაც თავის მხრივ აისახება საბოლოო პროდუქციის ფასებში.
ამ დანახარჯების გაანგარიშებისათვის პროფ. გ. წერეთელი [11] გვთავაზობს ფორმულას
სადაც ij არის i-ური სახის ეფექტი, რომელიც მიიღება გარემო ბუნების გაუმჯობესებული მდგომარეობის ზონაში მყოფი y-ური ობიექტის შესაბამისი ზარალის შემცირების ან გაუვნებელყოფისაგან, C – ბუნების დაცვითი დანიშნულების კაპიტალდაბანდებები; En – ნორმატიული კოეფიციენტი, რომელიც ასახავს გარემო ბუნების დაცვითი დანიშნულების კაპიტალდაბანდებების შეფარდებით ეფექტიანობას;
S – დაყვანილი დანახარჯების მაჩვენებელი.
ეკოლოგიურ პრობლემათა გადაწყვეტისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს გარკვეული ტექნიკურ-ტექნოლოგიური და ეკონომიკური მექანიზმების შემუშავებას. დღეს საბაზრო ეკონომიკის პირობებში, რესურსების მოპოვების ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით, აქტუალურია ახალი ტექნიკის ექსპლოატაციის ეკოლოგიური პრიორიტეტის განსაზღვრა. ახალი ტექნიკის დანერგვა უნდა ითვალისწინებდეს იმ ეკოლოგიურ ეფექტსაც, რომელსაც მისი დანერგვა გამოიწვევს.
საქართველოში თანამედროვე ეტაპზე სამეურნეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა ეკოლოგიური და ეკონომიკური პრობლემების ერთიან ჭრილში გადაწყვეტა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ტყის მიწებზე არსებული რესურსების ათვისების ტექნოლოგიის ტექნიკისა და გამოყენების ეფექტური გზების ძიებასა და წარმოებაში დანერგვას. [4]
საქართველოში დღეს შექნილი მძიმე ეკოლოგიურ-ეკონომიკური ვითარების რადიკალურად გამოსწორების აუცილებლობა მოითხოვს გარემოს დაცვისა და ტყის მიწების სარგებლობის ახლებური სისტემის შექმნასა და ამოქმედებას. იგი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს, ხოლო მისი პრაქტიკული განხორციელება ტყის მიწების ეფექტურად გამოყენების ისეთი კომპლექსური მექანიზმის საშუალებით მოხდება, რომლის ფუნქციონირება პირველ რიგში დააინტერესებს მოსარგებლეს რესურსების გონივული გამოყენებით და ნაკლები მატერიალური დანახარჯებით. ცნობილია, რომ რესურსებით ნებისმიერი მოსარგებლის ძირითადი პრინციპი განპირობებულია ნაკლები დანახარჯებით მაქსიმალური ეფექტის მიღწევის დამკვიდრებული ტენდენციით, ტყის რესურსებით ეფექტურად სარგებლობის სისტემის ქმედითობით იურიდიულ-სამართლებრივი გარანტიები უნდა შექმნას შემდეგ ძირითად კანონთა ურთიერთობამ: პრივატიზაციის, საკუთრების ფორმირების, ბუნებრივ რესურსებზე ფასწარმოქმნის და სხვა. ტყის მიწების რესურსებზე საკუთრების ფორმების განსაზღვრისას სამართლებრივად მკაფიოდ უნდა ჩამოყალიბდეს რაციონალური სარგებლობისა და გარემოს დაცვის პრიორიტეტები, ეკოლოგიურ-ეკონომიკური ეფექტური მეთოდების საფუძველზე დაყრდნობით, რაც თავის მხრივ, ახლო პერსპექტივაში, საშუალებას მოგვცემს რესურსებით სარგებლობის საფასურის ბიუჯეტში დანაკარგების გარეშე თავმოყრას და მათი შემდგომი მიზნობრივი გამოყენების ეფექტური მექანიზმის შემუშავებასა და განხორციელებას. [7]
კვლევის შედეგად მოპოვებული მასალების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ უკანასკნელ ხანებში საგრძნობლად მცირდება ტყის მიწების გამოყენების ეფექტურობა, რის მიზეზად რესურსების მოპოვების სფეროში არსებული აღურიცხაობა და მეურნეობის წარმოების დაბალი დონე უნდა იქნას მიჩნეული. ისიც ცხადია, რომ ტყის მიწების გამოყენების მთავარ მიმართულებად მხოლოდ მერქნული რესურსებით სარგებლობაა მიჩნეული და ნაკლები ყურადღება ექცევა ტყის მიწებიდან შესაძლო პოტენციური რესურსების გამოყენებას არა პირდაპირი სარგებლობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით რეკრეაციულ-ტურისტული სფეროს სამუშაოთა გაფართოების მხრივ.
ტყის მიწების რესურსული პოტენციალის ფულადმა შეფასებამ გვიჩვენა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა მოხდეს ტყის მიწების სავარგულების რესურსების ფულადი შეფასების დროს, რომ დღეს მიღებული შეფასების ერთიანი მაჩვენებლები, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ მატერიალურ ფასეულობათა შეფასებას, ერთმნიშვნელოვნად მიუღებელია და მასში აუცილებლად უნდა აისახოს ეკოლოგიურ ფასეულობათა მაჩვენებლებიც. ამასთან ტყის მიწების ინტეგრალური ეკოლოგიურ-ეკონომიკური მასალის ანალიზი გვიჩვენებს რესურსული პოტენციალის გამოყენების რეზერვების არსებობას, რაც საფუძველს გვაძლევს დავსახოთ სათანადო ღონისძიებები. ბაზრის მოთხოვნილების შესაბამისად, ფართოდ უნდა გაიშალოს მუშაობა მიზნობრივი პლანტაციებისა და სპეციალიზებული სანერგე მეურნეობების მოსაწყობად.
პარალელურად ფართოდ უნდა გაიშალოს მუშაობა ასევე სხვადასხვა სახის დამხმარე მეურნეობების მოსაწყობად (მეთევზეობა, მონადირეობა, მეცხოველეობა, მეფრინველეობა, ტყე-ბაღების გაშენება, ხილკენკროვნებისა და კაკალნაყოფიანების შეგროვება-გაშენება, სამკურნალო მცენარეების შეგროვება-გამრავლება, სოკოს დამზადება-მომრავლება, ცხოვრების კეთილმოწყობა, თივის დამზადება და სხვა მრავალი).
მიზანშეწონილია ასევე ფართო მოხმარების საამქროების მშენებლობა, რათა დაკმაყოფილდეს მოსახლეობისა და სახალხო მეურნეობის მოთხოვნილება ფართო მოხმარებისა და საოჯახო ნაკეთობებზე. ასეთი სახის ინტეგრაციები, კომპლექსური მიდგომები ხელს შეუწყობს ტყის სარგებლობის ინტენსიურ ზრდას, ტყის მიწების გამოყენების, რეგულირების ეკონომიკურ-ეკოლოგიური ეფექტიანობის უზრუნველყოფას საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში.
ტყის მიწების კერძო საკუთრებაში გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით გადაცემამ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა წამოჭრა, კერძოდ, რატომ არ დაედო მას საფუძვლად ტყის მეურნეობის ბრუნვის საკითხები, რა ბედი ეწევა დამზადებულ ხე-ტყეს, ვინ უნდა აწარმოოს ტყეში მეურნეობა და სხვა მრავალი?
ამასთან ტყის მიწების მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია ტყის მიწებთან დაკავშირებული ურთიერთობების მეთვალყურეობა და კონტროლი (ვის საკუთრებაში არ უნდა იყოს ტყე) და ისეთი საკითხების რეგულირება, რაც ხელს შეუწყობს ტყის მიწების რესურსების წარმატებულ ფუნქციონირებას, მათი გაფართოების დანიშნულებით გამოყენებას, არაპროდუქტიულობის ამაღლებას, მდგრადი ეკოლოგიურ-ეკონომიკური გარემოს შენარჩუნებას. ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოს სატყეო სისტემაში მიმდინარე ეკონომიკურმა და სტრუქტურულმა რეფორმამ ჯერ კიდევ მოსალოდნელი შედეგი ვერ გამოიღო. ამიტომ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საჭიროა სახელმწიფოს მარეგულირებელი როლის გაძლიერება სათანადო ეკოლოგიურ-ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით. ტყის მიწების საკუთრების ფორმების მიუხედავად, სახელმწიფოებრივი რეგულირების სისტემის სრულყოფაზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ტყის მიწების ეფექტურად გამოყენების პრობლემების გადაჭრა და სოფლად სიღარიბის დაძლევა.
სატყეო სექტორის მართვისა და მისი სახელმწიფო რეგულირების პოლიტიკის რეალურად გატარების დროს, ცხადია, გადაწყვეტილებების მისაღებად განსაკუთრებული როლი ენიჭება ობიექტურ და საიმედო ინფორმაციას საბაზრო სისტემაზე გარდამავალ პერიოდში და შემდგომშიც, ამასთან სატყეო მარკეტინგის სამსახურის შექმნას და მათი საქმიანობის შემდგომ სრულყოფას პირველად რგოლებამდე დაყვანით.