რელიგიური ტურიზმი საქართველოში – წინაისტორია და განვითარების სტრატეგიული მიმართულებები
მარინა მეტრეველი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საუნივერსიტეტო სწავლების ასოციაციის წევრი, ტურიზმის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი, საქართველოს ტურიზმის დამსახურებული მუშაკი
ტურიზმი არის ადამიანის დროებითი გადაადგილება მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან სხვა ქვეყანაში ან თავისი ქვეყნის ფარგლებში სიამოვნების მიღებისა და დასვენების, გაჯანსაღების, შემეცნების, რელიგიური, პროფესიულ-საქმიანი, ან სხვა მიზნებით, მაგრამ ვიზიტის ქვეყნის ან ტერიტორიის ადგილობრივი საფინანსო წყაროებიდან ანაზღაურებადი საქმიანობის გარეშე.
ტურიზმი არსებით გავლენას ახდენს ამა თუ იმ სახელმწიფოს სოციალურ, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროს განვითარების, საერთაშორისო კავშირების გაღრმავებისა და მშვიდობისაკენ სწრაფვის პროცესში, რაც ეფუძნება ადამიანის უფლებების დაცვასა და მთლიანად საზოგადოების პატივისცემას. ტურიზმი გვევლინება დადებით და მყარ გარანტიად, ხალხთა შორის ნდობისა და პატივისცემის ატმოსფეროს ჩამოყალიბების, ურთიერთშეცნობისა და ურთიერთგაგების ხელშემწყობ ფაქტორად.
ნებისმიერი პირობებში ისტორიული, კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის დაცვა (განსაკუთრებით სამხედრო კონფლიქტების დროს) უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფოს და მთლიანად მსოფლიო საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას, რადგან რელიგიური სიწმინდეების განადგურება რწმენისა და სულიერების დაკნინებას იწვევს, რაც, თავის მხრივ, აძლიერებს აგრესიას და ზიანს აყენებს ერების თვითმყოფად ფასეულობებს.
საუკუნეების მანძილზე მოგზაურობასა და შემდეგ ტურიზმის განვითარებაში რელიგიურმა ფაქტორმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. რელიგია კარგა ხანია მოგზაურობის ძირითად მოტივაციად იქცა. ძველად სხვადასხვა კონფესიის პილიგრიმები რთულ და ხანგრძლივ მოგზაურობებში ფეხით მიდიოდნენ სიწმინდეების მოსალოცად. დღეს მომლოცველობა რელიგიური ტურიზმის საფუძველია და მან უდიდესი მასშტაბები შეიძინა. მილიონობით ადამიანი მოგზაურობს სალოცავების, უძველესი და თანამედროვე საკულტო დანიშნულების ადგილების მოსანახულებლად.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებით, 2007 წელს 898 მლნ საერთაშორისო ტურისტიდან დაახლოებით 300 მლნ მომლოცველი იყო, რომელთაგან უმეტესობას ქრისტიანები, მუსლიმები და ბუდიზმის მიმდევრები წარმოადგენენ.
მსოფლიოს, რელიგიური ტურიზმის ყველაზე პოპულარული ცენტრებიდან: ტოკიო (იაპონია) ყოველწლიურად 30 მლნ მომლოცველს მასპინძლობს, ვატიკანი – 18 მლნ-ს, პარიზი (საფრანგეთი) – 13 მლნ-ს, ინდოეთის დასავლეთის მთიანი მხარე – 10 მლნ-ს, მექა და მედინა (საუდის არაბეთი) – 2 მლნ-ს, იერუსალიმი (ისრაელი) – 1,5 მლნ-ს.
რელიგიური ტურიზმი თანამედროვე ტურისტული ინდუსტრიის შემადგენელი ნაწილია. ბოლო წლებში რელიგიური და სულიერი მოტივაციების მოგზაურობები ძალზე პოპულარულია და ფართოდ არის გავრცელებული. იგი საერთაშორისო ტურისტული ბაზრის მუდმივად მზარდ სეგმენტს წარმოადგენს. ეკლესიები, მეჩეთები, სასულიერო ცენტრები და საკულტო მუზეუმები – ტურისტული ობიექტებია, რომლებიც მოთხოვნით სარგებლობს ტურისტთა შორის. საკულტო დანიშნულების ძეგლების მონახულება და რელიგიის ისტორიის ცოდნა მნიშვნელოვანი მოტივაციებია, რის გამოც ხდება შესაბამისი ქვეყნებით დაინტერესება.
რელიგიური ტურიზმი (Religious tourism) რელიგიური მიზნებით მოგზაურობაა, რომელსაც სამი ფორმა აქვს: 1. მომლოცველობა; 2. ტურები რელიგიური თემატიკით და 3. სპეციალური ტურები, რომლებიც რელიგიური თემატიკით დაინტერესებულ ტურისტებსა და მომლოცველებს აერთიანებს.
მომლოცველობა (Pilgrimage) ორგანიზებული ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული სახეობაა და წარმოადგენს წმინდა ადგილების მონახულებას მკაფიოდ განსაზღვრული საკულტო მიზნით, ანუ ვიზიტის ადგილებში მომლოცველობა, რელიგიურ-შემეცნებითი და კულტურულ-ისტორიული ტურებისგან განსხვავებით, ითვალისწინებს განსაზღვრული აღმსარებლობის მიხედვით შესაბამისი რიტუალის ჩატარებას. მომლოცველობის მკაფიოდ გამოკვეთილი მიზნები ადეკვატურად გამოხატავს ნებისმიერ რელიგიაში საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ დოგმებს, კანონებსა და ტრადიციებს, რადგან რელიგია აერთიანებს გარკვეულ წარმოდგენებს ცხოვრების მარლთზომიერ წესზე.
ამა თუ იმ ფორმით მომლოცველობა მიღებულია ყველა მონოთეისტურ რელიგიასა და წარმართულ კულტებში. მომლოცველობის მიზნებირელიგიათა უმრავლესობა მორწმუნეებს ქცევის მარეგულირებელ მცნებათა თუ ნორმათა სისტემას უწესებს. ეს ნორმები კი ადგენს, თუ როგორ უნდა მოიქცეს მორწმუნე განსაზღვრულ გარემოებაში. სწორედ ამიტომ, მომლოცველის მორალური პრინციპები და ქცევის ნორმები როგორც მოგზაურობის დროს, ასევე მოლოცვისთვის განკუთვნილ ობიექტებზე არსებითად განსხვავდება ტურიზმის სხვა სახეობებში მონაწილე ტურისტების ქცევისაგან. ასეთ ტურებში არსებითად შემცირებულია პროგრამის გასართობი ნაწილი, თუმცა ტურის ნაწილს წარმოადგენს დასვენებისა და შემეცნების ღონისძიებებიც.
ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, მომლოცველობა აერთიანებს ტურიზმისა და ტურისტული პროდუქტის თითქმის ყველა ნიშანს. ისევე როგორც ტურიზმის სხვა მიმართულებებში, აუცილებელია ტურის დაგეგმვა; მისი მართვა; ტურისტთა გადაყვანა, განთავსება, კვება და ა.შ. როგორც ზოგადად რელიგიური, ასევე მომლოცველთა მოგზაურობების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი დროითი ინტერვალებია, როცა აღინიშნება რელიგიური და სახელმწიფოდღესასწაულები. ამ დროს მკვეთრად იზრდება ტურისტთა ნაკადები, შესაბამისად იზრდება ტურიზმის სფეროსა და ტურიზმის ინდუსტრიის საწარმოთა დატვირთვა, რაც სათანადო გავლენას ახდენს გადაყვანის, განთავსებისა და კვების ინდუსტრიაზე. ამ მიზნით იქმნება სპეციალიზებული ტურისტული ფირმები და საწარმოები.
მომლოცველთა ტურისტული ნაკადების მიზიდვის იდეის განსახორციელებლად საგულდაგულოდ ხდება ტურისტული რესურსების, მათი პოტენციალის, ტურისტული ინდუსტრიის თავისებურებების, მოსახლეობის ჯგუფების დემოგრაფიული მახასიათებლების, ტურისტული ნაკადების პროგნოზირება-რეგულირების შესწავლა და შეფასება. გასათვალისწინებელია, აგრეთვე, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებიც. მათ უნდა შეეძლოთ უცხოელი ტურისტების მიღება. უამრავი პრობლემა იჩენს თავს ადგილობრივი მოსახლეობის წეს-ჩვეულებების, ცხოვრების ნორმებისა და უცხოელთა ქცევის შეუთანხმებლობის პირობებში. არსებითი წინააღმდეგობის შემთხვევაში ტურიზმი შესაძლოა არც კი შედგეს.
საქართველო კავკასიონის მთის სამხრეთით, შავი და კასპიის ზღვებს შორის მდებარეობს. მისი სახელმწიფოებრიობა თითქმის 3500 წელს ითვლის, ხოლო ქრისტიანობის გავრცელების ისტორია – 2000 წელს.
საქართველოში ტურიზმის განვითარებას ზოგადად განაპირობებს ქართული ტრადიციები, ეროვნული და ხალხური ადათ-წესები, სტუმარ-მასპინძლობის დიდი გამოცდილება, რელიგიური და ისტორიული ძეგლების მრავალფეროვნება; ლამაზი, პირველყოფილი, ხელუხლებელი ბუნება, რომელსაც ნაკლებად შეეხო თანამედროვე ცივილიზაცია. კავკასიონის უნიკალური ლანდშაფტი, თოვლიანი მწვერვალები, შავი ზღვის სუბტროპიკული ჰავა, გაშლილი დაბლობები და მაღალი მთები ტურისტთა მოსაზიდად უმიშვნელოვანესი ფაქტორებია.
საქართველოს ისტორიულად მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა როგორც აზიის ქვეყნებთან, ასევე საბერძნეთთან და რომთან. ქართველთა პოლიტიკური ორიენტაცია ხშირად აღმოსავლეთისკენ იხრებოდა, მაგრამ ცენტრალური ვექტორი დასავლეთის პოლიტიკური და კულტურული ცხოვრებისაკენ იყო მიმართული. ამ ვითარებამ დიდად განსაზღვრა საქართველოს, როგორც ქვეყნის, ეროვნულ-ინტელექტუალური ჩამოყალიბება, რაც ძირითადად ქრისტიანული რელიგიის გავლენას ეფუძვნება.
ქართული რელიგიური და საპილიგრიმო (მომლოცველთა) ტურების საფუძველია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მდიდარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოლოცვის მიზნით ქრისტიანთა საქართველოში ჩამოსვლის უმნიშვნელოვანეს მოტივაციად უნდა იქცეს ის განსაკუთრებული ფაქტი, რომ აქ განისვენებს მსოფლიო მნიშვნელობის სიწმინდე – იესო ქრისტეს უკერველი კვართი, რომელიც მცხეთელმა ებრაელებმა მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ ჩამოაბრძანეს. ეს ადგილი იყო როგორც ქართველთა, ასევე მახლობელი აღმოსავლეთის ქრისტიანი მრევლისათვის წმინდა ადგილი, რომლის მოსალოცად პილიგრიმულ-მომლოცველობითი ხასიათის მოძრაობებს ახორციელებდა საუკუნეების მანძილზე ქრისტიანი მრევლი. სვეტიცხოველში დღესაც იხარშება მირონი, აქ იკურთხებოდნენ მეფენი და პატრიარქები, აქვეა მათი და მრავალი ცნობილი სასულიერო და საერო პირის ძვალთშესალაგიც. მომლოცველთა მოსაზიდად არანაკლებ მნიშვნელოვანია ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სხვა, ასევე აღსანიშნავი მოვლენა და სიწმინდე.
საქართველოს ტერიტორიაზე უამრავი ეკლესია და მონასტერია, რომლებიც საუკუნეების მანძილზე განათლებისა და კულტურის ცენტრებს წარმოადგენდა. ქართველები ეკლესია-მონასტრებს აგებდნენ არა მარტო საქართველოში, არამედ ქვეყნის გარეთაც: პალესტინაში, სირიაში, კვიპროსზე, საბერძნეთში, ბულგარეთში. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯვრის მონასტერი იერუსალიმში (ამჟამად იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს იურისდიქციაში), წმ. იაკობისა იერუსალიმში (ამჟამად იერუსალიმის სომხური ეკლესიის იურისდიქციაში), ივერონი ათონის მთაზე (ამ მონასტერთან არის დაკავშირებული ივერიის ღვთისმშობლის სახელგანთქმული საკვირველმოქმედი ხატი), პეტრიწონის (ახლანდელი ბაჩკოვოს) მონასტერი ბულგარეთში.
ქრისტიანული რელიგიის განმტკიცებაში გამორჩეული როლი 13 ასურელი მამის მოღვაწეობას ენიჭება. ცამეტ ასურელ მამათა დამკვიდრების ადგილები იქცა საქართველოში იმ წმინდა ადგილებად, რომელთა თაყვანისცემას ქრისტიანი მრევლი დღენიადაგ ახორციელებდა.
მეტად მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ V საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ინტენსიურად იწყება ქართველთა პილიგრიმობა წმიდა მიწაზე. VI საუკუნიდან საქართველოში იწყება პილიგრიმული მოძრაობისა და სამონასტრო ცხოვრების ახალი ეტაპი. ქართველი მეფეები მუდამ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდნენ იერუსალიმის მიმართ; ეს გამოიხატებოდა იქ ეკლესია-მონასტრების მშენებლობითა და საეკლესო-სამონასტრო ცხოვრების განმტკიცებით, რასაც უდიდესი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა.
XX საუკუნის ბოლოს, ათეისტური მმართველობის დასრულების შემდეგ, უკიდურესად დასუსტებულ ეკლესიას სიცოცხლე ახალი ძალით შთაებერა. ტაძრების ისეთი მასშტაბური მშენებლობა, რაც ჩვენს ქვეყანაში პოსტსაბჭოთა პერიოდში განხორციელდა, ალბათ 2000 წლოვანი ისტორიის მანძილზე არ ყოფილა. 10-15 წელიწადში ახლად აიგო ან ჩაუტარდა რესტავრაცია ასობით ეკლესიას. სულიერმა ცხოვრებამაც თანდათან საზოგადოების ფართო მასები მოიცვა, შესაბამისად გაიზარდა მომლოცველთა რიცხვიც.
ეროვნულ ტრადიციებზე დაყრდნობით საქართველოში საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა საერო და სატაძრო არქიტექტურა. მრავალი ძეგლი მსოფლიო ხელოვნების საუკეთესო ნიმუშადაა აღიარებული. არაერთი სიწმინდის მფლობელი ქვეყანა ქრისტიანულ სიმბოლიკას ჰარმონიულად ასახავდა არქიტექტურისა და მონუმენტური მხატვრობის, ხელნაწერი წიგნების, საეკლესიო ლიტურგიკისა და იკონოგრაფიის ბრწყინვალე ნიმუშებში, რომელთა ანალოგი მსოფლიოში იშვიათად მოიძებნება. ჩვენი ქვეყნის მაღალი სულიერი და მატერიალური მემკვიდრეობა საფუძველს იძლევა ვამტკიცოთ, რომ საკმარისი პოტენციალი გვაქვს რელიგიური ტურიზმის ყველა მიმართულების განვითარებისათვის.
საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მოფენილია ძველი ტაძრებით, თან ისინი ერთმანეთისაგან საკმაო მანძილით არიან დაშორებული, ამით ტურისტული მარშრუტი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, რადგან გზად ბუნების არა ერთი მშვენიერი ძეგლი და ულამაზესი დასასვენებელი ადგილი გვხვდება.
საქართველოში რელიგიურ ტურიზმს თავისებურ მომხიბვლელობას მატებს ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში სხვა კონფესიების არაერთი სალოცავია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოსულმა ტურისტებმა, გარდა ქრისტიანულ-მართლმადიდებლური ტაძრებისა, შეიძლება დაათვალიერონ და მოილოცონ მუსლიმანური, კათოლიკური, გრიგორიანული, ებრაული და სხვა კონფესიების სალოცავები. თითოეული ეკლესია-მონასტერი საინტერესო ტრადიციის მატარებელია, დღემდე მოქმედებს მათი სახელობითი დღესასწაულები. ეს კი საუკეთესო ფაქტორია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მომლოცველთა მოზიდვისათვის.
საქართველოს საპატრიარქოს ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით, 2006 წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოლოცვის მიზნით შიდა ტურებით იმოგზაურა 1450 პილიგრიმმა. პოლონეთიდან ქვეყანას ეწვია 30 პილიგრიმი. ქვეყნიდან გასულმა პილიგრიმებმა მოილოცეს ტაო-კლარჯეთი (54 კაცი), იერუსალიმი (307 კაცი), ეგვიპტე (22 კაცი) და იტალია (23 კაცი).
2007 წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მომლოცვის მიზნით იმოგზაურა 3000 შიდა პილიგრიმმა. რუსეთიდან ჩამოვიდა მომლოცველთა 15 – კაციანი ჯგუფი. ქვეყნიდან გასულმა პილიგრიმებმა მოილოცეს ტაო-კლარჯეთი (350 კაცი), იერუსალიმი (639 კაცი) და ეგვიპტე (45 კაცი).
2008 წლის მაისის თვემდე მონაცემებით: შიდა ტურებში მონაწილეობა მიიღო 350 მომლოცველმა, ქვეყნიდან გასულმა პილიგრიმებმა მოილოცეს ტაო-კლარჯეთი (170 კაცი), იერუსალიმი (448 კაცი) და ეგვიპტე (26 კაცი). პილიგრიმთა ჯგუფები შემოვიდა უკრაინიდან და რუსეთიდან (დაახლოებით 34 კაცი). ზემოთ აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები ვერ ასახავს საქართველოში რელიგიური ტურიზმის განვითარების რეალურ სურათს, რადგან არ გვაქვს წარმოდგენილი იგივე საქმიანობით დაკავებული ტურისტული კომპანიებიდან მოწოდებული სტატისტიკა (ტურისტთა რაოდენობის შესახებ რეალური ინფორმაციის მიღება კერძო ტურისტული კომპანიებიდან თითქმის შეუძლებელია). ასევე ქვეყანაში არ არის შემუშავებული ტურისტთა აღრიცხვისა და ქვეყნის ბიუჯეტში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების დათვლის მეთოდიკა, მითუმეტეს ტურიზმის სხვადასხვა სახეობისა და მიმართულების კუთხით. მიუხედავად ამისა, ზემოთ აღნიშნული ციფრები ნათლად გვაჩვენებს ყოველწლიურად რელიგიურ ტურზმში ჩართულ ტურისტთა რაოდენობის ზრდის დინამიკას.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ტურიზმის განვითარების პრიორიტეტებს შორის აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი რელიგიური ტურიზმი, რაც შექმნის ქვეყნაში არა მხოლოდ გამყვანი რელიგიური ტურიზმის, არამედ მართლმადიდებლური სიწმინდეების მონახულების მიზნით შიდა და შემომყვანი რელიგიური ტურიზმის განვითარების საფუძველს.
ზოგადად მსოფლიო ქრისტიანულ სამყაროში მომლოცველობა დღეს აღორძინებას განიცდის: სულ უფრო მეტი მორწმუნე ცდილობს მოილოცოს მართლმადიდებლური სიწმინდეები როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ასევე საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში სიწმინდეების მონახულების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია რამდენიმე ათეული წლის მანძილზე თითქმის აღარ არსებობდა, ამიტომ დღეს მომლოცველთა უმრავლესობას საეკლესიო რიტუალებისა და კანონების შესახებ საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს.
აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მომწიფებულია აუცილებლობა მომლოცველთა თემასთან დაკავშირებული როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული საკითხები მუდმივად განიხილებოდეს და არა მხოლოდ საეკლესიო გამოცემებში და სასულიერო სასწავლებლებში. საჭიროდ მიგვაჩნია საპატრიარქოსთან შეიქმნას ჯგუფი, რომლის საქმიანობაშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც საპატრიარქოს, ასევე მეცნიერებისა და ბიზნესის წარმოადგენლები. მათი მუშაობის ძირითადი მიზანი უნდა იყოს ქვეყანაში რელიგიური ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების მეცნიერული კვლევა და პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება, მაგალითად, კავკასიის რეგიონისა და “აბრეშუმის გზის” ქვეყნების მომლოცველთა შიდა და შემომყვანი ტურების დაგეგმვისა და განხორციელების თაობაზე.
მდიდარი ისტორიული წარსული და განსაკუთრებით ქვეყნის რელიგიური დანიშნულების ძეგლებისა და სიწმინდეების რაოდენობა და მათი მსოფლიო მნიშვნელობა გვაძლევს იმედს, რომ სწორად გატარებული პოლიტიკის შემთხვევაში (რაც გულისხმობს რელიგიური ტურიზმის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებასა და მართვას), ქვეყანა არა მხოლოდ შეძლებს მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი ქრისტიანული და მართლმადიდებლური ტურისტული დესტინაციის ადგილის დამკვიდრებას, არამედ როგორც მომლოცველებს, ისე ქვეყნის ყველა მოქალაქეს საკითხის სათანადო რეკლამირებისა და პრომოუშენის მეშვეობით შესაძლებლობა ექნება სულიერად ამაღლდნენ, განიმტკიცონ რწმენა და ამასთან გაიუმჯობესონ ცხოვრების პირობები.
აღნიშნული სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების პრეროგატივა უნდა მიენიჭოს საქართველოს საპატრიარქოს, ტურიზმის დარგში პოლიტიკის გამტარებელ ორგანოსთან, ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად.
საქართველოში რელიგიური ტურიზმის განვითარების სტრატეგია, უპირველეს ყოვლისა, უნდა გულისხმობდეს ქვეყნის მართლმადიდებლური ძეგლებისა და სიწმინდეების, როგორც ტურისტული პროდუქტის უმთავრესი რესურსის წინ წამოწევის ღონისძიებებს, ე.წ. პრომოუშენს (რეკლამასა და პროპაგანდას) მსოფლიოს ტურისტულ ბაზარზე. ასევე აუცილებელი და გადაუდებელი ამოცანაა დაიგეგმოს და მოხდეს შესაბამისი კადრების მომზადება ან არსებული კადრების გადამზადება და ახალი თანამედროვე უნარ-ჩვევებით აღჭურვილი პროფესიული კადრებით დარგის უზრუნველყოფა.
საქართველოში რელიგიური ტურიზმის განვითარებისა და მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე მისი პოპულარიზაციისათვის, უმნიშვნელოვანეს ამოცანად გვესახება ტურიზმის ამ სახეობის ინტენსიური მეცნიერული კვლევა, ტურისტთა ახალი მოტივაციებისა და ბაზარზე ახალი პროდუქტის (რელიგიური ტურისტული პროდუქტის) მიწოდების საშუალებით მოთხოვნის ჩამოყალიბება.
რელიგიური ტურიზმის განვითარების სტრატეგიის ძირითადი ნაწილი აგრეთვე უნდა დაეთმოს ტურიზმის ამ მიმართულების განვითარების შედეგად მიღებული უარყოფითი ზეგავლენის შეზღუდვასა და დადებითი შედეგების ხელშეწყობას. აღნიშნული საკითხის დარეგულირება აუცილებელია თუნდაც იმისთვის, რომ ტერიტორიულად პატარა ქვეყნის უნიკალური რელიგიური ძეგლები დავიცვათ და გადავარჩინოთ.
რელიგიურ ტურიზმს საქართველოში არ შეიძლება მასობრივი ხასიათი ჰქონდეს. საჭიროა აღინიშნოს, რომ ზოგადად ტურიზმის განვითარებას მიმღებ ქვეყნებში ყოველთვის არ მოაქვს დადებითი შედეგები. ეს ეხება განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებს. ამიტომ ვიდრე ქვეყანაში არ შეიქმნება სტაბილური პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გარემო, აუცილებელია საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად დავიცვათ ქვეყნის რელიგიური და კულტურული პოტენციალი. უპირველეს ყოვლისა, ტურები უნდა ეწყობოდეს ისეთ ადგილებში, სადაც ნაკლებია მატერიალური ფასეულობა და აქცენტი უნდა გაკეთდეს სულიერ და კულტურულ ღირებულებებზე. შესაბამისად, უნდა შემუშავდეს მეცნიერული და საკანონმდებლო საფუძვლები თითოეული ძეგლის დაცვის თაობაზე.
რელიგიური ტურიზმის განვითარებისათვის საჭიროა აღორძინდეს და აღდგეს არა მხოლოდ ტრადიციული რელიგიური დღესასწაულები, არამედ ხალხური რეწვა, განსაკუთრებით, რელიგიურ თემებზე სუვენირების წარმოება, რადგან, როგორც ცნობილია, ნებისმიერი ტურისტი და განსაკუთრებით მომლოცველი ცდილობს მოსალოცი სიწმინდის ტერიტორიებზე შეიძინოს ნივთები, რომლებიც მისთვის შესაბამის სიწმინდესთან არის ასოცირებული და მიღებული შთაბეჭდილების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. შესაბამისი ღონისძიებების გატარება ხელს შეუწყობს არა მხოლოდ მართლმადიდებლური ძეგლებისა და სიწმინდეების შენახვასა და დაცვას, არამედ ქვეყნის რეგიონების მოსახლეობას მოუტანს მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და მოსახლეობისთვის გაჩნდება მოტივაცია უფრო მეტად გაუფრთხილდნენ და დაიცვან ადგილზე ძეგლები, რომლებიც მათთვის არა მხოლოდ სულიერების, არამედ ეკონომიკური შემოსავლების სერიოზულ წყაროდაც შეიძლება იქცეს.
მომლოცველთა ტურები, როგორც აღვნიშნეთ, მოგზაურობის დროს ნაკლებად შეიცავს გასართობ პროგრამებს. იგი არის ტურიზმის განსაკუთრებული მიმართულება ფსიქოლოგიური დატვირთვით. მომლოცველობა წარმოადგენს მორწმუნე ადამიანის მოთხოვნილებას. სწორედ ამიტომ ნებისმიერი ტური როგორც ქვეყნის ფარგლებში, ისე ქვეყნის გარეთ უნდა შედგეს მოგზაურთათვის სრულყოფილი სულიერი კომფორტის გათვალისწინებით. ტურის ორგანიზატორებს მკაფიოდ უნდა ჰქონდეთ გააზრებული თითოეული მომლოცველისთვის ასეთი მოგზაურობის მნიშვნელობა. ამიტომ მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს ტურის ორგანიზატორებისა და მომლოცველების უფლება-მოვალეობები, მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს მოგზაურობის პერიოდში მომლოცველთა დამატებითი მომსახურების მოთხოვნები.
მომლოცველთა ტურის ორგანიზების განუყოფელ ნაწილს უნდა წარმოადგენდეს ტურისტთა დაზღვევა და ხელშეკრულება ტურის ორგანიზატორებსა და თითოეულ მომლოცველს შორის. ხელშეკრულება უნდა განსაზღვრავდეს მიმწოდებლისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებსა და ვალდებულებებს მოგზაურობის დროს. ტურის მარშრუტი უნდა წარმოადგენდეს ხელშეკრულების დანართს და ატარებდეს დოკუმენტის ხასიათს, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული გადადგილების, განთავსების, კვებისა და ტურში შემავალი სხვა ღონისძიებების ჩამონათვალი. ხელშეკრულების დადების აუცილებლობა გამომდინარეობს მომხმარებელთა უფლებებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვიდან. აღნიშნული საკითხის აქტუალურობას განსაზღვრავს ქვეყანაში ტურისტული საქმიანობის სავალდებულო ლიცენზირების არარსებობა, რაც მაქსიმალურად შეზღუდავდა მომხმარებლის დაზარალებასა და მოლოდინების გაცრუებას.
დღეს ქვეყანა რთულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაში იმყოფება. აქედან გამომდინარე, საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვას ყველა იმ ახალ წამოწყებასთან დაკავშირებით, რაც სულიერებასთან და ქვეყნის კულტურასთან არის ასოცირებული. დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ძლიერ სწამთ და მისი იმედი აქვთ, ეს კი ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტაში უდიდესი ძალაა.