ეკონომიკური სისტემები და მათი კვლევების დროს შედარებითი ანალიზის (კომპარატივისტიკის) გამოყენება
მაია დანელია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აღრიცხვისა და აუდიტის მიმართულების მასწავლებელი ლაშა ბულია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის პროგრამის დოქტორანტი თინათინ აბრალავა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მა
ეკონომიკური სისტემების თეორიის ჩამოყალიბება დაკავშირებულია პოსტინდუსტრიული საზოგადოების არსებობასთან. ეს თეორია ორი ძირითადი მიმართულებისაგან შედგება: პირველი მიმართულების მიმდევრები ცივილიზაციის შექმნის პერიოდიზაციას განიხილავენ ეკონომიკური სისტემების თვალსაზრისით, ხოლო მეორე მიმართულების მიმდევრები კი – სოციალური-ეკონომიკური სისტემების თვალსაზრისით.
მკვლევართა პირველ ჯგუფს, რომლებიც უმრავლესობას შეადგენენ, მიეკუთვნებიან ჯ.კ.ჰელბრეიტი, მ.ალე, ვ.ოიკენი, ა.ლინდბეკი, პ.გრეგორი, რ.სტიუარტი, ხ.ზაიდელი, რ.ტემენი, ვ.ხოდესოვსდბეკი, პ.გრეგორი, რ.სტიუარტი, ხ.ზაიდელი, რ.ტემენი, ვ.ხოდესოვსკი, რ.ნურეევი, ნ.ატანოვი და სხვები. “ეკონომიკური სისტემის” ცნება მათ განსხვავებულად ესმით, რაც განაპირობებს სხვადასხვა მიდგომებს. პირველი მიდგომა, ჯ. გელბრეიტის აზრით, ტრადიციულია და ორიენტირებულია მატერიალურ კეთილდღეობაზე, მოსახლეობის მოთხოვნილებების უკეთ დაკმაყოფილებაზე. ჯ. გელბრეიტი ტრადიციული გაგებით “ეკონომიკური სისტემის” ანალიზის დროს მიუთითებს მის მიზნობრივ დანიშნულებაზე, რაც იმაში მდგომარეობს, რომ “შეიქმნას მატერიალური კეთილდღეობები და გაწიოს ის მომსახურებები, რომლებიც ადამიანებს სჭირდება.”2 მისი აზრით, ასეთი მიდგომა გამარტივებულია, რის გამოც იგი გამოყოფს ორ მომენტს: პირველი, სამრეწველო კორპორაციები და სხვა მსხვილი საწარმოები ბევრ ეკონომიკურ ამოცანას წყვეტს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. უფრო მეტიც, მათ შეუძლიათ მართონ ცალკეული პირების და თვით სახელმწიფოს მოქმედებებიც კი. მეორე, ასეთი მიდგომა არ არის ნაყოფიერი, რადგან არ ითვალისწინებს თანამედროვე ტენდენციებს ცივილიზაციის განვითარებაში. ამის გამო, აუცილებელია ეკონომიკური სისტემის “ახლებური გაგება”.3
მეორე მიდგომა (ყველაზე ზოგადი სახით) ემყარება იმ ელემენტების კომბინაციას და ურთიერთმოქმედებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ეკონომიკური სისტემის ეფექტიანობას. კერძოდ, ვ.ხოლესოვსკის აზრით, ეკონომიკური სისტემა წარმოადგენს “ურთიერთდაკავშირებული და ფუნქციონირებადი ელემენტების (რესურსების, მონაწილეების, ინსტიტუტების და სხვა) კომბინაციას”.4
რ.ნურეევის განმარტებით, ეკონომიკური სისტემა არის ეკონომიკური ელემენტების ერთობლიობა, რომელიც ქმნის გარკვეულ მთლიანობას, საზოგადოების ეკონომიკურ სტრუქტურას, წარმოების, განაწილების, გაცვლის და მატერიალური კეთილდღეობის მოხმარების სფეროში დამყარებული ურთიერთობების ერთიანობას”.5
მესამე მიდგომის წარმომადგენლები ეკონომიკურ სისტემას განსაზღვრავენ ორგანიზაციული სტრუქტურის თვალსაზრისით, რაც უზრუნველყოფს გადაწყვეტილებათა მიღებას და მათ შესრულებას. მაგალითად, ა.ლინდბერგის, პ.გრეგორის და რ.სტიუარტის შეხედულებით, ეკონომიკური სისტემა არის “ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც განსაზღვრული გეოგრაფიული რეგიონის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს კეთილდღეობის წარმოების, განაწილებისა და მოხმარების სფეროში და ახდენს მათ რეალიზებას”.6
ამ შეხედულებას უახლოვდება ნ.ატანოვის თვალსაზრისი, რომლის თანახმად, ეკონომიკური სისტემა წარმოადგენს “ფუნქციონალური ჰორიზონტალური კავშირებით გაერთიანებული ელემენტებისა და ქვესისტემების თანამეგობრობას”.7
სხვა მკვლევარები, კერძოდ, ხ.ზაიდელი და რ.ტემენი ეკონომიკურ სისტემას განიხილავენ, როგორც “ადამიანური რესურსებისა და მანქანების ორგანიზაციას, აგრეთვე მატერიალური კეთილდღეობის ისეთ განაწილებას, რომ შეძლებისდაგვარად შემცირდეს დეფიციტი ამ კეთილდღეობით უზრუნველყოფაში”.8
მეორე მიმართულების მიმდევრებს მიეკუთვნებიან ა.ბუზგალინი, ა.კოლგანოვი და სხვები, რომლებიც ეკონომიკური პროგრესის პერიოდიზაციას განსაზღვრავენ სოციალურ-ეკონომიკური სისტემის თვალსაზრისით. მათი აზრით, ეკონომიკური სისტემა არის “წარმოებითი ურთიერთობების სისტემა, რომელიც ისტორიულადაა განსაზღვრული და ლოკალიზებულია სოციალურ-ეკონომიკურ დროში და სივრცეში”.9
მკვლევართა აზრით, არ არსებობს ერთიანი შეხედულება ეკონომიკური სისტემის ძირითადი მახასიათებლების შესახებ. ჩვენი აზრით კი, ეკონომიკური სისტემის ძირითადი მახასიათებლები და მათი შესაძლო ვარიანტები ყველაზე უკეთ აქვთ წარმოდგენილი პ.გრეგორს და რ.სტიუარტს ქვემოთ წარმოდგენილი სქემის სახით (იხ. სქემა).
თანამედროვე პირობებში ოპტიმალური ეკონომიკური სისტემა მოიცავს ძირითადი მახასიათებლების სხვადასხვა მოდიფიკაციებს. პრიორიტეტულია ორგანიზაციული სტრუქტურა შერეული ფორმების სახით.
განზოგადოებული სახით ეკონომიკური სისტემების ტიპოლოგია განისაზღვრება მთლიანად საზოგადოების, ცალკეული სისტემის და მისი ქვესახეობების დონეზე.
პოსტინდუსტრიული საზოგადოების მომხრეთა მიერ შემოთავაზებული სამდონიანი ტიპოლოგია აერთიანებს ინდუსტრიამდელ, ინდუსტრიულ და პოსტინდუსტრიულ ეკონომიკურ სისტემებს.
ცალკეული ეკონომიკური სისტემის დონეზე ტიპოლოგია გულისხმობს მის შიგნით სხვადასხვა მოდიფიკაციების გამოყოფას. მაგალითად, ინდუსტრიულ ეკონომიკურ სისტემაში ჩამოყალიბდა მისი ისეთი სახესხვაობები, როგორებიცაა გეგმიანი ეკონომიკა, საბაზრო ეკონომიკა, შერეული ეკონომიკა. ამ სისტემის ისტორიულ ტიპებს მიაკუთვნებენ გეგმიან ეკონომიკას და საბაზრო ეკონომიკას.
გეგმიანი ეკონომიკური ცხოვრება ხორციელდება ერთიანი ცენტრის მიერ შედგენილი გეგმის მიერ. მისი ძირითადი ფორმებია ცენტრალიზებულად მართვადი ეკონომიკა და ცენტრალიზებულ-ადმინისტრაციული ეკონომიკა. ისინი რეალიზდებიან სამ ვარიანტში:
1. ტოტალურ-ცენტრალიზებული ეკონომიკა;
2. ცენტრალიზებულად მართვადი ეკონომიკა;
3. ცენტრალიზებულად მართვადი ეკონომიკა თავისუფალი სამომხმარებლო შერჩევით.
საბაზრო ეკონომიკა ითვალისწინებს დამოუკიდებელი მეურნეობების მხრივ მიწოდებისა და მოთხოვნის არსებობას. განასხვავებენ მიწოდებისა და მოთხოვნის ღია და დახურულ სახეობებს. ღია მიწოდებისა და მოთხოვნის შემთხვევაში ბაზარზე მიმწოდებლების ან მყიდველების როლში ნებისმიერი ადამიანი გამოდის. ყველა ცალკეულ სუბიექტს შეუძლია სურვილის მიხედვით შესთავაზოს ან შეიძინოს საქონელი. ღია მიწოდება და მოთხოვნა წარმოიშვება იქ, სადაც არ არსებობს შეზღუდვა ხელობაზე, ვაჭრობაზე და სამეურნეო საქმიანობის სხვა სახეობებზე.
შეზღუდული მოთხოვნა და მიწოდება წარმოიშვება იქ, სადაც ბაზარზე მიმწოდებლებისა და მყიდველების როლში გამოდიან განსაზღვრული პირები (მაგალითად, ბაზარი ხელმისაწვდომია მხოლოდ ზოგიერთი მეწარმისათვის, შესყიდვა კი შეუძლიათ მხოლოდ შეზღუდული წრის კომერსანტებს). კაცობრიობის განვითარების ისტორიაში შეზღუდული მოთხოვნა და მიწოდება ყველგან და მრავალჯერ ხდება.
ეკონომიკური სისტემის ქვესახეობების დონეზე ტიპოლოგია გულისხმობს ცალკეული სახესხვაობების გამოყოფას. მათი წარმოშობა განპირობებულია სხვადასხვა ქვეყანაში საზოგადოების ახალი ტიპის ფორმირებით. ამის შესაბამისად, შერეული ეკონომიკის ტიპოლოგია გულისხმობს მის მოდიფიკაციას, რომლებიც წარმოიშვება, პირველ რიგში, იდუსტრიულად განვითარებული ქვეყნების დონეზე, მეორე, ტრანზიტული ეკონომიკის ქვეყნების დონეზე და მესამე, განვითარებადი ქვეყნების დონეზე.
ეკონომიკური სისტემების შედარებითი კვლევის საშუალებებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია შედარებით მეთოდს. ეკონომიკურ მეცნიერებაში შედარებითი მეთოდი დღემდე სათანადოდ არ გამოიყენება. ტრადიციული მიდგომაა მაკრომახასიათებლების შედარება სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით, რომლებიც ასახავენ მათ სამეურნეო განვითარების დონეს და ტემპებს. რთული ეკონომიკური ობიექტების შედარება ჯერ-ჯერობით საწყის საფეხურზეა.
უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკური სისტემების შედარებითი ანალიზისადმი კონცეპტუალური მიდგომები ფრიად არაერთგვაროვანია. აზრთა ერთიანობა არ არის თვით შედარებითი მეთოდის მიმართაც.
გ.რიკერტის კონცეფციის თანახმად, თითოეული შესადარებელი სისტემა არაკვლავწარმოებადი და განუმეორებელია, რის გამოც შედარებითი ანალიზი მეცნიერული თვალსაზრისით უნაყოფოა.11
ნ.სმელსერის აზრით, შედარებითი ანალიზი დაიყვანება ეკონომიკური და სოციალური გამოკვლევების სტატისტიკურ მეთოდამდე.12
მ.ზელდიჩის აზრით, შედარებითი ანალიზის დროს კერძო თვისებებიდან უნდა გადავიდეთ მათ მთლიან კომბინაციებზე.13
პ.გრეგორის და რ.სტიუარტის კონცეფციის თანახმად, ეკონომიკური სისტემების შედარებითი ანალიზი დაიყვანება თეორიული მოდელების და რეალობის შესაბამისობის პრობლემამდე. ამასთან მათი ანალიზი შემოიფარგლება ინდუსტრიული ეკონომიკური სისტემისა და მისი მოდიფიკაციების გამოკვლევით.14
ტ.შიდერის აზრით, შედარებითი მეთოდი გულისხმობს სამი პარამეტრის (სინთეტიკური მაკრომახასიათებლების, პარადიგმული მიდგომის და ობიექტის ინდივიდუალური სპეციფიკის) არსებობას.15
ო.ანანინის და ე.გაიდარის კონცეფციაში შედარებითი მეთოდი ემყარება საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციის თეორიას და სოციალურ-ეკონომიკური სისტემების ტიპოლოგიას.16
თანამედროვე რუსულ კონცეფციებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ა.ბუზგალინისა და ა.კოლგანოვის შეხედულებებს. მათი აზრით, ეკონომიკური სისტემების შედარებითი კვლევა მოიცავს, პირველ რიგში, “მეგასისტემას, რომელსაც მიეკუთვნება შესადარებელი ობიექტები”; მეორე რიგში, “ამ სოციალურ-ეკონომიკური სისტემების განვითარების ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს კანონზომიერებას”; მესამე რიგში, “მათი ისტორიული განვითარების მოდელების პირველადი სისტემის აგებას”; მეოთხე რიგში, “შედარების ერთიანი მეთოდის გამოყენებას”; მეხუთე რიგში, “პრაქტიკას, როგორც ჭეშმარიტების კრიტერიუმს”.17
ასეთი პარამეტრები გამოიყენება გარდამავალი ეკონომიკების შედარებითი კვლევისათვის.
უკანასკნელ წლებში შედარებითი ანალიზის საკითხებზე არსებული მიდგომებიდან ყველაზე ხშირად გამოიყენება მიდგომა, რომლის თანახმადაც ყურადღება უნდა გამახვილდეს:
1. ეკონომიკური სისტემის შესახებ თეორიულ შეხედულებებზე;
2. უკვე ფუნქციონირებად ეკონომიკურ სისტემებზე;
3. მოდელებსა და მათ პრაქტიკულ გამოყენებას შორის ურთიერთკავშირზე და განსხვავებაზე.
ზემოთ აღნიშნული კონცეფციების ანალიზი გვიჩვენებს, რომ მკვლევართა ერთი ჯგუფი არ აღიარებს შედარებით მეთოდს (გ.რიკერტი და სხვები); მკვლევართა მეორე ჯგუფის კონცეფციებს შეზღუდული ხასიათი აქვს (ნ.სმელსერი, პ.გრეგორი, რ.სტიუარტი); მკვლევართა მესამე ჯგუფის კონცეფციები ზედაპირულია (მ.ზელდიჩი, ო.ანანინი და სხვები); მეოთხე ჯგუფი კი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საკითხის თეორიაზე (ა.ბუზგალინი, ა.კოლგანოვი).
ეკონომიკური სისტემების შედარებითი ანალიზის დროს გამოიყენება ეკონომიკური თეორიის ტრადიციული მეთოდებიც, მათ შორის: ფორმალური ლოგიკა, დიალექტიკური ლოგიკის მეთოდები, კვლევის სისტემური მეთოდები, კვლევის სოციოსივრცობრივი და სოციოდროითი მეთოდები, ქრონოლოგიური მეთოდი, კლასიფიკაციის, მათემატიკური სტატისტიკის, ისტორიული მოდელირების მეთოდები და ა.შ.
ეკონომიკური სისტემების შედარებითი ანალიზის დროს მხოლოდ შედარებითი და ტრადიციული მეთოდების გამოყენება საკმარისი არ არის, ამასთან გათვალისწინებულ უნდა იქნას ბოლო ათწლეულებში ჩამოყალიბებული ახალი მეთოდოლოგიური ორიენტირებიც. XX საუკუნის 80-იან წლებში მსოფლიო სამეცნიერო თანამეგობრობაში კვლევის დამოუკიდებელ სფეროდ ჩამოყალიბდა ეკონომიკური მეთოდოლოგია, რომლის კონცეფციებიც უაღრესად მრავალფეროვანია. მათ შორის ძირითადია: ტრადიციული ეპისტემოლოგია (ეკონომიკური ცოდნისა და შემეცნების ანალიზი), ნეოპოზიტივიზმი, პოსტპოზიტივიზმი, მოდერნიზმი, რიტორიკული კონცეფცია. პოსტპოზიტივიზმი ადრეული ვერსიის შემქმნელმა ტ.კუნმა შემოიღო. ახალი ცნება “მეცნიერული პარადიგმა”, ანუ “სამეცნიერო საქმიანობის ორიენტირების სისტემა” აღიარეს მეცნიერების გარკვეულმა ნაწილმა. პოსტპოზიტივიზმის შედარებით გვიანდელი ვერსია, რომელიც ი.ლაკატოშმა ჩამოაყალიბა, ითვალისწინებდა მეცნიერული პარადიგმის ექვივალენტს – სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების “მყარ ბირთვს” და ერთმანეთს შორის კონკურირებად სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს. პოსტმოდერნიზმის ფუძემდებლის დ.მაკ-კლოსკის აზრით, აუცილებელია რიტორიკის გამოყენება. რიტორიკული კონცეფცია ითვალისწინებს “ადამიანური კულტურის ოკეანიდან არსებითი არგუმენტების გამოყენების” პრინციპს, მათი დამაჯერებლობის შემთხვევაში.18
ზემოთ განხილულიდან გამომდინარეობს, რომ შედარებითი ანალიზი მოიცავს:
1. ეკონომიკური სისტემების ორდონიან ანალიზს (თეორიულს და ემპირიულს);
2. ინდივიდუალური სპეციფიკის გამოვლენას;
3. შესადარებელი ეკონომიკური სისტემების განვითარების კანონზომიერებებისა და მათი მოდელების განსაზღვრას.
ამასთან ერთად, შედარებითი მეთოდი გამოიყენება კვლევის ტრადიციულ მეთოდებთან და ეკონომიკურ მეთოდოლოგიაში ბოლო ათწლეულებში ჩამოყალიბებულ ახალ მეთოდოლოგიურ ორიენტირებთან ურთიერთკავშირში.
თანამედროვე პირობებში ეკონომიკური სისტემების შედარებითი ანალიზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება სხვადასხვა ქვეყნების მიერ თავიანთი ნაციონალური მოდელების შერჩევის გამო. ბუნებრივია, რომ აღნიშნული პრობლემა აქტუალური ხდება საქართველოსთვისაც, ვინაიდან ეს საკითხები (გარკვეული გამონაკლისის გარდა19) ნაკლებადაა შესწავლილი ქართულ ეკონომიკურ ლიტერატურაში.