აუდიტორული ბიზნესი მსოფლიოსა და საქართველოში
მაკა ღანიაშვილი
საქართველოში აუდიტორულ მომსახურებაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. ამაზე მეტყველებს სტატისტიკური მონაცემებიც. თუ 90-იანი წლების დასასრულს ყოველწლიური შემოსავალი აუდიტორული მომსახურებიდან 2-3 მილიონ ლარს არ აღემატებოდა, 2006 წლისათვის ეს მაჩვენებელი, დღგ-ს გარეშე, 20 მილიონამდე გაიზარდა, 2007 წლისათვის კი 25 მილიონს მიაღწია. ამ მონაცემების მიუხედავად, აუდიტორულ საქმიანობაში ჯერ კიდევ ბევრი რამ არის შესაცვლელი და დასახვეწი, განსაკუთრებით საკანონმდებლო დონეზე. რა მიმართულებით მიდის ეს სფერო და წაადგება თუ არა მთავრობის მიერ აღებული კურსი ბაზრის განვითარება-გაფართოებას?
ისტორიული რაკურსი
აუდიტორული საქმიანობა საქართველოში 1995 წელს “აუდიტორული საქმიანობის შესახებ” კანონის მიღებით დაიწყო. აუდიტი ხორციელდება ფიზიკურ და იურიდიულ პირთა სამეწარემო საქმიანობის, საბუღალტრო აღრიცხვის, ანგარიშგების, დაბეგვრის, საფინანსო სამეურნეო საქმიანობის აუდიტორული შემოწმების, აგრეთვე ექსპერტიზებისა და კონსულტაციების სახით. დამოუკიდებელი შემმოწმებელი შეისწავლის საწარმოს საქმიანობას. ეს არ არის სადამსჯელო და გეგმური რევიზია, საუბარია დამოუკიდებელ მესამე პირზე, რომელსაც კავშირი არ აქვს შესამოწმებელ ობიექტთან. მისი დასკვნა კონფიდენციალურია და მეწარმეებისთვის არის განკუთვნილი. მეწარმის სურვილზეა დამოკიდებული გაითვალისწინებს თუ არა ის ამ დასკვნებსა და რეკომენდაციებს. აუდიტორული დასკვნა კი 4 სახისაა – დადებითი, პირობით დადებითი, უარყოფითი და უარის თქმა აუდიტორული დასკვნის დადებაზე.
აუდიტორული საქმიანობის სახელმწიფოს მხრიდან რეგულირების მიზნით 1996 წელს შეიქმნა პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო. მის კომპეტენციაში შედიოდა: სტანდარტებისა და მეთოდოლოგიური რეკომენდაციების შემუშავება; ატესტაცია და საატესტაციო გამოცდების ჩატარება; ლიცენზირების დებულების შემუშავება და ლიცენზირება; აუდიტორების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის კონტროლი; სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების მიღება; აუდიტორული ფირმების ერთიანი სახელმწიფო რეესტრის ჩატარება და სახელმწიფო რეგულირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტა. 1999 წელს საქართველომ აღიარა აუდიტორული საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც ქართულ ენაზე 2 ტომად გამოიცა. საერთაშორისო სტანდარტების აღიარება დამოწმებულ იქნა ნორმატიული აქტითაც, რაც იმას ნიშნავდა, რომ აუდიტორულ ფირმებს ამ სტანდარტების მიხედვით უნდა ეწარმოებინა თავისი საქმიანობა.
თავდაპირველად არსებობდა სავალდებულო აუდიტი, რომელსაც საფინანსო ორგანიზაციებთან ერთად (ბანკები, საფონდო ბირჟა, სადაზღვევო ორგანიზაციები) ექვემდებარებოდა ყველა შპს. სავალდებულო აუდიტის დადებითი მხარე იყო ის, რომ ყველამ გაიგო აუდიტის შესახებ, მანამდე კი ეს ცოტამ თუ იცოდა. მოთხოვნა აუდიტზე მეწარმეების მხრიდან თანდათან იზრდებოდა, შეიქმნა სხვადასხვა აუდიტორული ფირმა. გაჩნდა მოთხოვნა ხარისხზეც, მაგრამ ხარისხი, რბილად რომ ვთქვათ, ხშირად ვერ აკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტებს. როგორც პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოში აღნიშნეს, თავიდან, როცა საბჭო ჩამოყალიბდა და აუდიტორული საქმიანობა ფეხს იკიდებდა საქართველოში, თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ შემდეგ ნეგატიურმა მოვლენებმა იჩინა თავი, რასაც, რა თქმა უნდა, თავის მიზეზები ჰქონდა, კერძოდ, 90-იანი წლები და ეკონომიკური კრიზისი საქართველოში. პენსია იყო 14 ლარი და ისიც კი არ გაიცემოდა, ისევე როგორც დაბალი ხელფასები. ცუდ მდგომარეობაში იყვნენ აუდიტორებიც. ისევე როგორც ყველა პროფესიის წარმომადგენელს, მათ უმრავლესობასაც იმაზე უხდებოდა ფიქრი თუ როგორ ერჩინა თავი. აუდიტორებმა დაიწყეს აუდიტორული დასკვნების გაკეთება მიზერულ თანხად, დავუშვათ 20 ლარად, რაც პენსიონერი აუდიტორისათვის თვენახევარის პენსია იყო. ამ ვითარებამ მასშტაბური ხასიათი მიიღო და ე. წ. “იაფფასიანი აუდიტორების” მომრავლებას შეუწყო ხელი. ამას ისიც ემატებოდა, რომ აუდიტი იყო სავალდებულო და საგადასახადო ინსპექცია არ იღებდა ბალანსებს აუდიტორული დასკვნების გარეშე. როგორც აღვნიშნეთ, ეს ეხებოდა ყველა შპს-ს, ავიღოთ მაგალითად მეწარმე, რომელსაც პატარა მაღაზია, ე.წ. “ბუტკა” ჰქონდა, ასეთი კი 90-იან წლებში ბევრი იყო არა მარტო დედაქალაქში, არამედ მთელ საქართველოშიც და ის მეპატრონისათვის საარსებო წყარო იყო. მას არც ბუღალტერია ქონდა და არც სხვა სამსახურებრივი ქვეუწყებები – მეპატრონეც თვითონ იყო, დამფუძნებელიც, გამყიდველიც და ბუღალტერიც, რისთვის უნდა ჩაეტარებინა მას აუდიტი? არადა საგადასახადო სამსახური მას აუდიტორულ დასკვნას სთხოვდა. ამ შემთხვევაში მეწარმე ეძებდა იაფფასიან აუდიტორს, რომლის დასკვნებსაც ფორმალური ხასიათი ჰქონდა და მეწარმე მისგან უბრალოდ აუდიტორული დასკვნის ცნობას იღებდა და ეს არ იყო რეალური შემოწმება.
რას აკეთებს ამ დროს აუდიტორული საქმიანობის საბჭო?
როგორც საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა აფრიდონიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა: “იმ პერიოდში საბჭოს არ ქონდა აღნიშნულ პროცესებზე ზემოქმედების მექანიზმი და ბერკეტები. ხარისხის კონტროლის საშუალებ არ არსებობდა, რადგან ამას არ ითვალისწინებდა კანონის თავდაპირველი ვარიანტი, მხოლოდ კანონში განხორციელებული ცვლილების შემდეგ მიენიჭა საბჭოს მარეგულირებლისა და კონტროლის განმახორციელებლის ფუნქცია. თავიდან საბჭო არ იყო გათვალისწინებული არც მარეგულირებელი ორგანოების შესახებ კანონში, ეს ცვლილებაც მოგვიანებით განხორციელდა და აუდიტორული საქმიანობის საბჭომ მაკონტროლებლის ფუნქცია შეიძინა. ამის შემდეგ საბჭომ მოითხოვა, რომ აეკრძალათ სავალდებულო აუდიტი, თუ არა და რაღაც გრადაცია მაინც უნდა ყოფილიყო. მაგალთად, თუ ორგანიზაცია არ იყო დღგ-ს გადამხდელი, მისთვის აუდიტი სავალდებულო არ უნდა ყოფილიყო. ასევე კანონი არავითარ პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებდა აუდიტორების მიმართ, მიუხედავად იმისა, კეთილსინდისიერად ასრულებდნენ თუ არა ისინი საკუთარ მოვალეობას. არავითარი დამცავი მექანიზმი არ არსებობდა. ვერც სერთიფიკატს ჩამოართმევდი და ვერც ვერაფერს, ერთადერთი შეიძლება ლიცენზია შეეჩერებინათ, მაგრამ წავიდოდა მეწარმე და სხვა ფირმას გახსნიდა. საბჭოს ამის შეცვლაც სურდა. მომზადდა ისეთი კანონპროექტი, რომელიც ყალბ აუდიტორულ დასკვნაზე გარკვეულ სასჯელს ითვალისწინებდა, შეიძლება ეს ყოფილიყო, ჯარიმა, სამართლებრივი სასჯელი ან პასუხისმგებლობის სხვა ფორმა.”
ეს კანონპროექტი მომზადდა 2000-იანი წლების დასაწყისში. პარალელურად საქართველოში დაიწყო ბუღალტრული აღრიცხვის რეფორმა. ბუღალტრული აღრიცხვის სფერო გამოეყო ფინანსთა სამინისტროს და გადავიდა თვითრეგულირებაზე. შეიქმნა პროფესიული ორგანიზაცია “ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია”. პირველად მაშინ დაისვა საკითხი – ხომ არ აჯობებდა, რომ სახელმწიფო რეგულირებიდან თვითრეგულირებაზე გადასულიყო აუდიტორული საქმიანობაც? ეს არის კითხვა, რომელიც დღემდე დისკუსიის საგანია – ვინ უნდა არეგულიროს აუდიტორული საქმიანობა – სახელმწიფომ თუ პროფესიამ? თუმცა ეს საკითხი არა მხოლოდ საქართველოში გახდა განსჯის საგანი.
პარალელები მსოფლიო მოვლენებთან
მანამდე მსოფლიოში არსებობდა ამ სფეროს მართვის 2 მოდელი: კონტინენტური (ევროპის ძირითად ქვეყნებში), სადაც არსებობდა აუდიტორულ საქმიანობაზე შერეული ზედამხედველობის სისტემა და ანგლოსაქსური (აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი), რაც ნიშნავდა თვითრეგულირებას მხოლოდ პროფესიული ორგანიზაციების მხრიდან. მაგრამ 2001 წლის მოვლენებმა აშშ-ში შეცვალა აუდიტორული საქმიანობის რეგულირებისადმი მიდგომები.
Enron & Parmalat
“ენრონი” უდიდესი ამერიკული ენერგოკომპანია იყო, რომლის კაპიტალბრუნვა 2000 წლისათვის 111 ბილიონ დოლარს აღწევდა, თუმცა 2001 წლის ბოლოს კორპორაცია ბანკროტად გამოცხადდა, რისი მიზეზიც ფინანსური მაქინაციები გახდა. აუდიტორულ შემოწმებას “ენრონში” ატარებდა საერთაშორისო ფირმა “Anderseni”, რომელიც იმ პერიოდისათვის უმსხვილესი აუდიტორული ფირმების დიდ ხუთეულში შედიოდა და იმის ნაცვლად, რომ მას კომპანიაში არსებული ფინანსური მდგომარეობის რეალური სურათი დაედო, ხელს უწყობდა კორპორაციის მენეჯმენტს გაყალბებებში. “ენრონის” გაკოტრებამ დიდი რყევები გამოიწვია აშშ-ის ეკონომიკაში. გაიზარდა ინვესტორების უნდობლობა ქვეყნის უმსხვილესი კორპორაციების მიმართ. საეჭვო მაქინაციებმა, რომელსაც ენერგოკონცერნის მენეჯმენტმა მიმართა, ჩრდილი მიაყენა არა მარტო სხვა დიდ კომპანიებს, არამედ აუდიტორულ ფირმებსა და მათ საქმიანობას. პოტენციური ინვესტორებისათვის ეჭქვეშ დადგა აუდიტორული საქმიანობის მიმართ მანამდე არსებული მიდგომები და მტკიცებები, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა: ამა თუ იმ კომპანიების შესყიდვა და მრავალი სხვა ოპერაცია დაფუძნებული არის ნდობაზე. ჩვენ არ ვიცნობთ იმ ხალხს, რომლებიც ფირმას ხელმძღვანელობენ, თუმცა აქციების შესყიდვის დროს გარანტიებს ვიღებთ აუდიტისაგან, რომელსაც კომპანიების ანგარიშგება ექვემდებარება. ინვესტორების დასამშვიდებლად გამოქვეყნებული ანგარიშები შეიცავს განცხადებას იმაზე, რომ მათ მიერ წარმოდგენილი X კომპანიის და მისი ქვედანაყოფების ფინანსური მდგომარეობა ყველა ასპექტში სიმართლეს შეესაბამება.” მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინვესტორების მსგავსი დამოკიდებულება შეიცვალა. ბევრმა საბუღალტრო ფირმამ ნდობის შესანარჩუნებლად შეცვალა საბუღალტრო აღრიცხვის მექანიზმი. მაგალითად, კორპორაცია Pრიცეწატერჰოუსეჩოოპერს-მა გაყო საკონსულტაციო და აუდიტორული მომსახურება. მიდგომები შეიცვალა არა მარტო აუდიტორული კომპანიების, არამედ სახელმწიფოს მხრიდანაც. ამერიკაში მაშინ დაფიქრდნენ, თუ რამდენად სწორი იყო აუდიტორული საქმიანობის თვითკონტროლზე მიშვება. ხომ არ იყო საჭირო სახელმწიფო კონტროლის მექანიზმის შექმნა და სახელმწიფო რეგულირების გაზრდა ამ სფეროზე? აშშ-ში ასეც მოიქცნენ, უფრო მეტიც, რეფორმებს სათავეში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჩაუყენეს.
მოგვიანებით, 2003 წელს მსგავსი მოვლენა მოხდა ევროპაში, როდესაც იტალიური საკვები პროდუქტების მწარმობელი გიგანტური კომპანია “პარმალატი” გაკოტრდა ისევ და ისევ ფინანსური მაქინაციებისა და არასწორი აუდიტორული შემოწმებების გამო, რასაც მოყვა ევროკავშირის 2003 წლის დადგენილება “სავალდებულო აუდიტის განმტკიცების შესახებ”. ევროკავშირში ჩამოყალიბდა აუდიტორული საქმიანობის განვითარების 15-წლიანი კონცეფცია, სადაც ხაზგასმულია ის, თუ რა რეფორმები უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ “ინვესტორის დაკარგული ნდობა ბაზრისა და კაპიტალის მიმართ კვლავ გაიზარდოს. “ფინანსურმა სკანდალებმა, “ენრონის” კრახმა და მიმდინარე პერიოდის სხვა მოვლენებმა ევროკავშირს უბიძგა, რათა ხელახლა შეემოწმებინა ამ სფეროს რეგულირების პოლიტიკა” – ნათქვამია ევროკავშირის 2003 წლის დადგენილებაში. ინვესტორთა დაკარგული ნდობის დაბრუნების საჭიროებას უსვამდნენ ხაზს რეფორმის მომხრეები აშშ-იც 2 წლით ადრე. “ნათელია, რომ ინვესტორებისა და აქციონერების სწორი ინფორმირების მიზნით, საჭიროა უკეთესი საბუღალტრო სტანდარტების შემოღება”- ეს პრეზიდენტ ბუშის სიტყვებია “ენრონის” სკანდალის შემდეგ.
რა ხდება ამ დროს საქართველოში?
“ვარდების რევოლუციის” შემდეგ ქვეყანაში ბევრი რეფორმა გატარდა, მათ შორის აღსანიშნავია 2 მნიშვნელოვანი ცვლილება, რამაც აუდიტორულ საქმიანობაზე განსაკუთრებული ზეგავლენა იქონია – 2005 წელს გაუქმდა სავალდებულო აუდიტი შპს-ეებისათვის და მეორე – სახელმწიფოში მოხდა ლიცენზიებისა და ნებართვების გამცემი ორგანიზაციების შემცირება (ლიცენზიების რაოდენობა 1000-დან დაახლოებით 100-მდე შემცირდა), შემცირდა აუდიტორული საქმიანობაც. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა აუდიტორული მომსახურების ხარისხზე და ამან გამოიწვია ის, რომ აუდიტორული საქმიანობის საბჭომ მაკონტროლებლის ფუნქცია კვლავ დაკარგა.
როგორც ელგუჯა აფრიდონიძემ აღნიშნა: “ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს არ აქვს მართვის სათანადო ბერკეტები და ის არ ასრულებს იმ ფუნქციას, რაც საჭიროა და მის კომპეტენციაშია. ლიცენზირება ამ სფეროში გაუქმდა და აუდიტორული საქმიანობის საბჭოს აღარ აქვს არავითარი მექანიზმი, რომ სადამსჯელო ღონისძიებას მიმართოს, რაც არ უნდა ცუდად მუშაობდეს აუდიტორი ფირმა თუ ცალკეული აუდიტორი. არ არსებობს არც სავალდებულო სახელმწიფო რეგისტრაცია, რომ დარღვევების შემთხვევაში კომპანიას ეს რეგისტრაცია შეუჩეროს. გარდა ამისა, საერთაშორისო ცვლილებები და სტანდარტები უნდა ვაღიაროთ ნიორმატიული აქტებით. მეწარმემ რატომ უნდა აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით, თუ საქართველოში ნორმატიული აქტი არ არის? ეს კი სახელმწიფოს პრეროგატივაა.”
სახელმწიფოს მხრიდან რეგულირების გაზრდის მომხრეა ბევრი აუდიტორული ფირმაც. ჩვენ ერთ-ერთი აუდიტორული ფირმის დირექტორს ალექსანდრე ოქრომჭედლიშვილს ვესაუბრეთ. მან თქვა: “რა თქმა უნდა, კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია, თუ მე რაღაცაში დამნაშავე ვარ, ბუნებრივია, პასუხი უნდა მომთხოვონ. მიზეზ-შედგობრივი კავშირები უნდა არსებობდეს, აუდიტორი უნდა ფიქრობდეს ხარისხისა და გარკვეული სტანდარტების შესაბამისობაზე. საქართველოში არსებობს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო, მას სერიოზული საქმეების გაკეთება შეუძლია, მაგრამ დღეისათვის საბჭოს ფუნქციები გარკვეულწილად დაკარგულია. საქართველოში არ არის კვების პროდუქტების ხარისხის კონტროლი და რა უნდა ვთქვათ აუდიტორული საქმიანობის კონტროლზე? უფრო მეტიც, არსებობს კანონპროექტი პარლამენტში, რომლის მიხედვითაც ამ საბჭოს გაუქმება უნდათ. როცა თვითონ კანონმდებელი ვერ გრძნობს ამ ინსტიტუტის საჭიროებას, მაშინ რა უნდა ვილაპარაკოთ დანარჩენზე? არადა, სწორედ სახელმწიფოს დაქვემდებარებულმა ორგანომ უნდა აკონტროლოს ეს საქმიანობა, განახორციელოს ლიცენზირება და სერთიფიცირება. ამას არ უნდა აკეთებდეს ვიღაც ასოციაცია ან რაღაც ფონდი. მე როცა აუდიტორის მიერ მონიჭებული სერთიფიკატი მაქვს, ეს უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ ლეგიტიმურად ცნობილი, ანუ აუდიტორის მიერ გაცემული სერთიფიკატი. მე, მაგალითად, როგორც აუდიტორული ფირმის ხელმძღვანელს, დიდი სურვილი მაქვს, რომ საბჭომ თავისი ფუნქციები სერიოზულად გააძლიეროს როგორც კონტროლის, ასევე ორგანიზაციული და მეთოდიკური თვალსაზრისით. ვისურვებდი, რომ, ერთის მხრივ, ჩემი საქმიანობა სერიოზულად გააკონტროლონ, რათა ვგრძნობდე პასუხისმგებლობას და მეორეს მხრივ, მე გარკვეული მეთოდოლოგიური და მეთოდიკური დახმარება გამიწიოს საბჭომ.”
კანონპროექტი კი (ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ), რომელზეც ბატონი ალექსანდრე საუბრობდა, თავდაპირველი სახით 2006 წლის გაზაფხულზე, მაშინდელი რეფორმების კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრის კახა ბენდუქიძის ავტორობით მომზადდა. ამ კანონპროექტის მიხედვით ხდებოდა ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროების გაერთიანება და თვითრეგულირებაზე გადასვლა. კანონპროექტის მიხედვით უქმდებოდა აუდიტორული საქმიანობის საბჭო. ეს ხდება მაშინ, როდესაც მთელს მსოფლიოში საწინააღმდეგო პროცესია – თვითრეგულირება იცვლება სახელმწიფო რეგულირებით, მაგალითად რუსეთში, სადაც დაწყებული იყო თვითრეგულირებაზე გადასვლა. კანონპროექტის განხილვა შეაჩერეს. უფრო მეტიც, 2006 წლის მაისში ევროკავშირმა მიიღო დირექტივა, რომელშიც ვკითხულობთ: “წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შექნან სავალდებულო აუდიტორებისა და აუდიტური ფირმების სახელმწიფო ზედამხედველობის ეფექტური სისტემა. ყველა სავალდებულო აუდიტორი და აუდიტური ფირმა უნდა დაექვემდებაროს სახელმწიფო ზედამხედველობას” (2006 წელი, ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივა, მუხლი 32). ამასთან, დირექტივა პირდაპირ სთხოვს წევრ სახელმწიფოებს, რომ 2008 წლის მეორე ნახევრიდან არც ერთ ქვეყანაში აღარ იყოს თვითრეგულირება და აუდიტორული საქმიანობა მთლიანად სახელმწიფო რეგულირებაზე გადავიდეს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, თითქმის ყველა სახელმწიფო ცდილობს თავისი კანონმდებლობა შეესაბამებოდეს ევროკავშირის დირექტივას. პარლამენტმა აუდიტორული საქმიანობის საბჭოსა და სხვა პროფესიული ორგანიზაციების რეკომენდაციები, რომლებიც აღნიშნულ დირექტივას ეყრდნობოდა, გაიზიარა და 2006 წლის გაზაფხულის სესიებზე უარი უთხრა მთავრობას ამ კანონპროექტის მიღებაზე. აღნიშნულ კანონპროექტზე არსებობს ორგანიზაცია “ჯეპლაკის” დასკვნაც: “ზოგადად აუდიტის რეგულირების მთლიანად თვითრეგულირების რეჟიმში მოქცევა, როცა მთელ მსოფლიოში აუდიტის მარეგულირებელი რეჟიმის გამკაცრების პროცესი მიდის, არაადეკვატურად მიგვაჩნია. ეს ხელს არ შეუწყობს საქართელოში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას.”
თუმცა რეფორმა მართლაც უნდა განხორციელდეს, ამაზე არავინ დაობს. საქართველოში აუდიტორული ბიზნესი სულ უფრო ფართოვდება. გაიზარდა ადმინისტრირება სამეწარმეო საქმეზე – შეიქმნა ფინანსური პოლიცია და მეწარმეც დაფიქრდა, რომ აუცილებელი იყო მას ფინანსური თვალსაზრისით ყველაფერი წესრიგში ჰქონოდა. თუ ადრე ის ვიღაც გამოგონილ ბუღალტერს აკეთებინებდა ფორმალურ დასკვნას, ახლა მოთხოვნა ხარისხიან აუდიტზე გაიზარდა. საქართველოში წარმომადგენლობები გახსნეს საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიებმაც. ბაზრის გაფართოების კვალდაკვალ გაჩნდა საკანონმდებლო ბაზის განახლებისა და გადახალისების საჭიროება. რეფორმა განსახორციელებელია, მაგრამ არა ისეთი სახით, რომელზეც ზემოთ გვქონდა საუბარი – მიიჩნევს ექსპერტთა ნაწილი. პარლამენტმა გარკვეული ცვლილებები შეიტანა მთავრობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში. 2006 წლის დეკემბერში შეტანილი ახალი კანონპროექტი “ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ”, ექსპერტთა შეფასებით, წინგადადგმული ნაბიჯი იყო მთავრობის კანონპროექტთან შედარებით, თუმცა ეს კანონპროექტიც არ მოიცავდა ევროკავშირის დირექტივებს მთლიანად. აუცილებელია ისეთი საკანონმდებლო ბაზის მომზადება, რომელიც სრულად შეესაბამება ევროკავშირის დირექტივას და ხელს შეუწყობს ბაზრის განვითარებას.
ამ დავაში გავიდა 2006 წელი და მთავრობას პარლამენტში შეაქვს რევოლუციური კანონპროექტი – “საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ”, რომელიც მოიცავდა კანონპროექტს “ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ”, პირველადი სახით, რომელიც ბენდუქიძემ მოამზადა. საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ კვლავ უარი თქვა მის მიღებაზე.
როგორც აუდიტორული საქმიანობის საბჭოში აცხადებენ, გარდა თვითრეგულირების საკითხისა, ამ კანონპროექტს ბევრი სხვა ხარვეზიც აქვს, რომელიც არა თუ ხელს შეუწყობს, არამედ შეაფერხებს დარგის განვითარებას.
ელგუჯა აფრიდონიძის აზრით: “მთავრობის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტის მიხედვით, ჩვენი პროფესია უნდა არეგულიროს ისეთმა პროფესიულმა ორგანიზაციამ, რომელიც საერთაშორისო ფედერაციის წევრია. ყველა აუდიტორი და აუდიტორული ფირმა კი, თუ მას უნდა საქმიანობა აწარმოოს საქართველოში, უნდა იყოს ისეთი პროფესიული ორგანიზაციის წევრი, რომელიც არის ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (აიფაკი) სრულუფლებიანი წევრი. ასეთი კი ერთადერთია საქართველოში – “ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია.” კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ის ხდება მონოპოლისტი ორგანიზაცია. ჩვენ ამ კანონპროექტით ყველა აუდიტორს ვეუბნებით, რომ შენ უნდა გახდე იმ ორგანიზაციის წევრი, რომელიც “აიფაკის” წევრია, გინდა ეს თუ არა. შეიძლება ოპონენტები შემომედაონ და თქვან, რომ ნებისმიერ აუდიტორულ ორგანიზაციას შეუძლია უშუალოდ გახდეს “აიფაკის” წევრი და მას აღარ დასჭირდება “ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციაში” გაწევრიანებაო. კი ბატონო, ეს თეორიულად დასაშვებია, მაგრამ პრაქტიკულად შეუძლებელი. “აიფაკს” ყავს 133 ნამდვილი წევრი 123 ქვეყნიდან. მხოლოდ რამოდენიმე ქვეყანაა, ისინიც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, რომელსაც ყავს 2 წარმომადგენელი. დანარჩენი სახელმწიფოები თითო წევრით არიან წარმოდგენილნი და საქართველოდან 2 წევრი ასეთ შემთხვევაში წარმოუდგენელია!
ამ კანონპროექტის კიდევ ერთი დიდი ნაკლია, ჩემი აზრით, პროფესიული განათლების საკითხი. კანონპროექტში წერია – “აუდიტორი არის პიროვნება, რომელსაც დამთავრებული აქვს ACC-ს პროგრამა”. ეს შოტლანდიური პროგრამა ძალიან ცნობილი და მთელ მსოფლიოშია აღიარებულია, მაგრამ გარდა ამ პროგრამისა, არის სხვა პროგრამებიც, რომლებიც ასევე აღიარებულია საერთაშორისო ფედერაციის მიერ. ვთქვათ, მე ამერიკაში დავამთავრე სხვა პროგრამით, გამოდის, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ხელახლა უნდა ჩავაბარო, რათა ACC-ს პროგრამით ვისწავლო? პარლამენტს აქვს საკუთარი ხედვები, მოსაზრებები აქვს სხვადასხვა პროფესიულ ორგანიზაციათა ავტორთა ჯგუფსაც, ჩვენც გვაქვს ჩვენი რეკომენდაციები. ყოველივე ამას ერთად უნდა მოვუყარით თავი, ჩამოვაყალიბოთ კანონპროექტად და იმედია, ახალი მოწვევის პარლამენტი მიიღებს ახალ კანონს აუდიტორული საქმიანობის შესახებ, რომელიც მართლა წაადგება ამ სფეროს განვითარებას და ბაზრის გაფართოებას.