ინვესტიციებისა და ექსპორტის დაპირისპირება საქართველოში
ნინო არველაძე
ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მრავალი დაბრკოლება ხვდება. პრობლემების მნიშვნელოვან ნაწილს კი შიდა ფაქტორები განაპირობებს. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში მიღებულ სამოქმედო გეგმაში აღნიშნული ზოგიერთი ვალდებულების მიმართ საქართველოს მთავრობა ხისტ მიდგომას ინარჩუნებს, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას ახალ პრობლემებს უქმნის. მაგალითად, ჩვენს ქვეყანაში შრომის კოდექსში პროგრესული ცვლილებების გარეშე გარდაუვალია ინვესტორებისა და ექსპორტიორების დაპირისპირება.
მართალია, ჩვენს მადლიან ქვეყანაში წყალიც კარგი გვაქვს, ხილიც და ბოსტნეულიც, მაგრამ ღვთის წყალობას ხელშეწყობაც სჭირდება და სტანდარტიზაციის სფეროს დარეგულირების გარეშე ჩვენს ქვეყანაში გაცემული არაიმიჯური სერთიფიკატით საქართველოში წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე ვერ გავა – ნებისმიერ ქვეყანაში უნდობლობას დაიმსახურებს. იგივე ეხება სურსათის უვნებლობის კანონსაც, რომლის ამოქმედებაც 2010 წლამდე გადაიდო. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე გვესაუბრება პოლიტიკისა და სამართლის ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის (GEPLAC) დირექტორი ბატონი კახა გოგოლაშვილი. GEPLAC-ი საქართველოს მთავრობას ყველა სფეროში ექსპერტულ მომსახურებას სთავაზობს: საქართველოში ჩამოჰყავს უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც საქართველოს საკანონმდებლო ბაზების დახვეწაში მონაწილეობენ, თუმცა ხშირად მათი რეკომენდაციების პრაქტიკულად განხორციელება პრობლემა ხდება.
– ბატონო კახა, საქართველომ 2006 წლის ნოემბერში ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში მიიღო საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმა, სადაც მითითებული ვალდებულებები 5 წელიწადში უნდა შეასრულოს. ამ მხრივ დღეს რა მდგომარეობაა?
– 2006 წლის ნოემბერში ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველომ და ევროკავშირმა შეათანხმეს აღნიშნული სამოქმედო გეგმა. მისი განხორციელება დაიწყო 2007 წლიდან. ის 5 წელიწადზეა გათვლილი და რვა პრიორიტეტს შეიცავს, მათ შორისაა კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა, ეკონომიკური განვითარება და სიღარიბის დაძლევა, ბიზნესგარემოს სრულყოფა და ვაჭრობა, კონფლიქტების მოგვარება, სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხები, ანუ მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, ასევე რეგიონალური თანამშრომლობა, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის პრობლემატიკა.
– 2006 წელს ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ დაკისრებულ მოვალეობებს სამ წელიწადში შეასრულებდა…
– ეს მხოლოდ განცხადება იყო, ჩვენი ქვეყნის მიერ გამოხატული კეთილი ნებაა და რომ არ შესრულდეს არაფერი დაშავდება. სამი წელი გავა 2009 წლის ბოლოს, ახლა გასულია ერთი წელი. საქართველომაც და ევროკავშირმაც პირველ წელს გატარებული ცვლილებების შესახებ შეფასებები გააკეთეს.
– როგორ შეფასდა პირველი წელი?
– ქართულმა მხარემ გადაწყვიტა ზოგიერთი საკითხის გადადება.
– კონკრეტულად რომელი საკითხები გადაიდო?
– გადაიდო სურსათის უსაფრთხოების საკითხები.
– რატომ გადაიდო ეს საკითხი, ნუთუ იგი მნიშვნელოვანი არ არის საქართველოსთვის?
– ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ის ჯერ-ჯერობით მთავრობის ძირითად პრიორიტეტებში არ აისახა. ფიქრობენ, რომ ამ საკითხის გადადება შესაძლებელია, რადგან სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტები არსებობს და ამდენად სახელმწიფო რესურსები მიმართულია სხვა საკითხების გადაწყვეტისაკენ, მაგალითად, ფართო დასაქმებისკენ, ან კორუფციისგან ბიზნესის განთავისუფლებისკენ, ან ბიზნესისთვის ბარიერების მოხსნისკენ. იმ საკითხებმა, რომლებიც გარკვეულწილ ჩარჩოებს უყენებენ ბიზნესის განვითარებას, მაგრამ ამავე დროს მოსახლეობის უსაფრთხოებას, მათ ინტერესებსა და ჯანმრთელობას იცავენ, შესაძლებელია მეორე პლანზე გადაინაცვლონ.
– სურსათის უვნებლობის გარდა, სამოქმედო გეგმაში ჩადებული რომელი ვალდებულებების შესრულება ყოვნდება?
– დღის წესრიგში აქტუალურად არ დგას მიგრაციის მართვის საკითხები, კერძოდ, მიგრანტების რეგისტრაციის პოლიტიკა, მათი აღრიცხვა, სავიზო პოლიტიკის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან. პრობლემაა ზოგადად სტანდარტიზაციის სფერო, საქართველოს სამრეწველო პროდუქციისა და მომსახურების სტანდარტები უნდა მიუახლოვდეს ევროკავშირის მიერ დაწესებულ დონეს ყველა დარგში. სტანდარტიზაციის სფეროს დახვეწაც დროებით შეჩერებულია. არ გვაქვს კონკურენციის დაცვის კანონმდებლობაც. ერთი სიტყვით, გარკვეულწილად შეჩერებულია მარეგულირებელი სფეროს განვითარება.
– სამოქმედო გეგმის შესრულების დროს საქართველო თუ აწყდება ისეთ პრობლემას, რომლის გამოც მას აღებული ვალდებულებების შესრულება უჭირს? სამოქმედო გეგმის თანახმად, უნდა მოხდეს საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაცია ევროკავშირის საკანონმდებლო ბაზასთან, რაც რეფორმების გატარების გარეშე ვერ მოხერხდება. ხშირად ამბობენ, რომ საქართველოში კანონები ევროკავშირის სტანდარტებს უახლოვდება, მაგრამ მოსახლეობის ცხოვრების დონე არ უმჯობესდება.
– კონკრეტულ მაგალითს შეგახსენებთ – რამდენიმე დღის წინ სატელევიზიო გადაცემა მიეძღვნა მშენებლობის პრობლემას. საქართველოში მიმდინარე ბინათმშენებლობებზე იმ ტექნოლოგიებსა და მასალებს იყენებენ, რომლებიც არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, ამიტომ ამ შენობებში მცხოვრებ ადამიანებს უსაფრთხოების გარანტია არ აქვთ. ეს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების საკითხთან პირდაპირ კავშირშია. თუ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია სურს, მსგავსი პრობლემები უნდა გადაწყდეს ნებისმიერ სფეროში. ის ფაქტი, რომ მშენებლობაში არ არსებობს ორგანო, რომელიც მშენებლობის სტანდარტებს დააწესებს და შემდეგ მარეგულირებელი, რომელიც ამ სტანდარტებს შეამოწმებს, არ შეესაბამება იმ სულისკვეთებას, რომლითაც ევროკავშირში ეს სფერო იმართება. ნებისმიერი სხვა სფერო რომ განვიხილოთ, მსგავს პრობლემებს წავაწყდებით. იგივე უნდა ითქვას სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით, ასევე სანიტარულ და ფიტოსანიტარულ სერვისზე, კერძოდ, საქართველოს საზღვრების დაცვაზე დაავადებული მცენარეების, თესლის, საკვებისა და ცხოველების შემოტანისაგან, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა.
– საქართველოს საზღვრები არც გენმოდიფიცირებული პროდუქციის შემოტანისგან არის დაცული…
– რაც შეეხება გენმოდიფიცირებულ პროდუქციას, საერთაშორისო პრაქტიკაში ის ყველა ქვეყანაში აკრძალული არ არის, მაგრამ, როგორც მინიმუმ აუცილებელია ეტიკეტზე იყოს მითითებული – მომხმარებელმა უნდა იცოდეს რას ყიდულობს. თუმცა არსებობს ისეთი გენმოდიფიცირებული პროდუქციაც, რომელიც საერთოდ აკრძალულია ევროპაში, მაგრამ დაშვებულ პროდუქციაზე აუცილებელია მთლიანი ინფორმაცია გამოტანილი იყოს ეტიკეტზე. საქართველოში მომხმარებელმა არ იცის რას ყიდულობს, რადგან პროდუქციის ეტიკეტზე სრული ანოტაცია არ არის მითითებული.
– ვინ აკონტროლებს ვალდებულებების შესრულებას საქართველოში?
– სამეზობლო პოლიტიკის გარდა არსებობს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება. მის შესაბამის დებულებებში ნათლადაა ჩაწერილი, რომ საქართველომ თავის კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას უნდა დაუახლოვოს. 43-ე მუხლში გამოყოფილი იყო გარკვეული სფეროები – კომპანიების შესახებ კანონმდებლობა, გარემოს დაცვის კანონმდებლობა, შრომის კანონმდებლობა, ასევე საგადასახადო და საბაჟო სფეროების კანონმდებლობები, ფულის გათეთრების შესახებ მარეგულირებელი კანონმდებლობა, სურსათის უვნებლობისა და ფიტოსანიტარული სფეროს სტანდარტები და ა.შ ყველა ამ სფეროში ევროკავშირის სტანდარტებთან დასაახლოებელი სამუშაოები 2000-2001 წლებში უნდა დაწყებულიყო. მთავრობამ მიიღო სპეციალურად შედგენილი პროგრამა, რომლის შედეგადაც საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისი უნდა გამხდარიყო. სამწუხაროდ, ეს ბევრ სფეროს არ შეეხო.
– რომელი სფერო გახდა პრობლემა? ცნობილია, რომ ევროკავშირის პროტესტს იწვევს საქართველოს შრომის კანონი.
– საქართველოს შრომის კანონის გამო უკმაყოფილებას მხოლოდ ევროკავშირი არ გამოთქვამს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტებმა საქართველოს შრომის კოდექსი შეაფასეს და შენიშვნების სახით დაწერეს, რომ ისინი არ შეესაბამებიან მათი შრომის კონვენციებს. კერძოდ, არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი მუხლი – კანონმდებლობაში დაფიქსირებული არ არის სამუშაო დღის ხანგრძლივობა, ის შეუზღუდავია. განსაზღვრული არ არის მუშახელის დათხოვნის პირობები, მნიშვნელოვანია კოლექტიური ხელშეკრულებების საკითხი, რომელიც განსაკუთრებით პროფესიული კავშირების უფლებებს ეხება. ეს შრომის კოდექსში ჩაწერილი არ არის და არ ფიქსირდება მათი არსებობა ან არარსებობა. ამის გამო იზღუდება ის შესაძლებლობები, რომლებიც სხვადასხვა სახის პროფესიულ გაერთიანებებს უნდა ჰქონდეთ, როდესაც მათ სურთ დამქირავებელთან გარკვეული პირობების შესახებ ჰქონდეთ კოლექტიური შეთანხმება. ჩამოთვლილი საკითხების არარსებობის გამო დაქირავებული ნაკლებად დაცული ხდება, დამქირავებელი კი მეტ თავისუფლებას იღებს და მას შეუძლია აიძულოს დაქირავებული დათანხმებს ისეთ კონტრაქტს, რომელიც არ შეეფერება მაღალი დონის პროფესიონალის საქმიანობას. ევროპაში ყველაფერი კანონით რეგულირდება და არ ხდება ადამიანის ფიზიოლოგიურ ზღვარზე გამოყენება მუშაობის თვალსაზრისით, ანუ მისი მაქსიმალურად დატვირთვა. ევროპაში დაქირავებულის დატვირთვის ხანგრძლივობა შეზღუდულია – რვა საათი დღეში, კვირაში კი – 48 სამუშაო საათით, ზეგანაკვეთური სამუშაოს ჩათვლით.
– საქართველოს შრომის კანონის ხარვეზები როგორ აისახება საქართველოს დასაქმების მაჩვენებელზე?
– სწორედ ამას მოიშველიებენ მთავარ არგუმენტად – თუ ამ ეტაპზე დასაქმების გაზრდა გვსურს, მაშინ ინვესტორს და სამუშაო ადგილის შემქმნელს მაქსიმალური თავისუფლება უნდა მივცეთო. საქართველოში არ უნდა შეიქმნას ისეთი პირობები, რომელიც ინვესტორს ფულის დაბანდებასთან დაკავშირებით შეაშინებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ფულის დაბანდებას სხვა ქვეყანაში არჩევს, სადაც პერსონალის დაქირავებასთან დაკავშირებით მეტი უპირატესობები ექნება.
– საქართველოს შრომის კანონი უცხოელ ინვესტორზეა გათვლილი?
– დიახ, მაგრამ მას მოკლევადიანი პერსპექტივა აქვს. ეს მარტივი ლოგიკაა – დამქირავებლის კაპიტალის საქართველოში მოზიდვის მიზნით უნდა შევქმნათ ყველაზე მარტივი პირობები. ეს ეხება ადგილობრივ და უცხოელ დამქირავებლებს, რადგან უნდა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. სხვა თემაა, თუ რამდენად სწორია ეს მიდგომა, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაზე თუ ვისაუბრებთ, სერიოზული მოცულობის კაპიტალი არ წავა ისეთ ქვეყნებში, სადაც შრომითი ურთიერთობები ცივილიზებურად არ გვარდება. შესაძლებელია კანონი უფრო მოქნილი და ლიბერალური იყოს, მაგრამ საზოგადოებაში მუშახელისათვის უნდა არსებობდეს გარკვეული გარანტიები. ქვეყანა, სადაც არ არსებობს მსგავსი გარანტიები, გარკვეულ უნდობლობას იწვევს, რადგან ის სოციალურად და პოლიტიკურად არამდგრად ქვეყნად წარმოჩინდება. გარანტიების არარსებობამ შესაძლებელია ქვეყანაში არასტაბილურობა გამოიწვიოს, რასაც ცნობილი 7 ნოემბრის მოვლენები ადასტურებს.
საბოლოო ჯამში, შესაძლებელია შრომის კანონმდებლობის ხარვეზები ნეგატიურად აისახოს ქვეყნის იმიჯსა და მომავალზე. უფრო მეტიც, მან შეიძლება ინვესტორს ქვეყანა უარყოფითი მხრიდან დაანახოს. ქვეყნის მიმზიდველობის შექმნის ინსტრუმენტებში უნდა არსებობდეს ბალანსი, ინვესტორმა რომ ფული დააბანდოს დიქტატორულ ქვეყანაში, მაგალითად, ჩრდილოეთ კორეაში, სადაც არ არსებობს ადამიანის უფლებების ცნებაც კი, ეს შეიძლება ერთის მხრივ მისთვის მომგებიანიც იყოს, მაგრამ მას იქაური ხელისუფლებიდან მომავალი საფრთხე ელის. მეორე უკიდურესობაა სუსტი ხელისუფლების პირობებში ბიზნესის წარმოება, რადგან არსებობს სოციალური აფეთქებებისა და პოლიტიკური არასტაბილურობის შესაძლებლობა. შესაძლებელია, მაქსიმალურად ვეცადოთ დავნერგოთ ლიბერალური გარემო, მაგრამ რეგულირების ის დოზა, რომელიც აუცილებელია მომავალი სტაბილურობის გარანტიის შესაქმნელად საზოგადოებაში, არ უნდა დავივიწყოთ. ამ მიმართულებით ადრე თუ გვიან აუცილებლად დაიწყება მუშაობა, რადგან შეუძლებელია ასეთი მიდგომები არ განვითარდეს ქვეყანაში, რომელიც ევროპაში მდებარეობს და ახლოს არის ცივილიზაციის ყველაზე განვითარებულ გეოგრაფიულ ნაწილთან.
– ერთ-ერთი მთავარი თემაა GSP+, კონკრეტულად რა შედეგს მოუტანს საქართველოს ეს რეჟიმი და რა პრობლემები გვხვდება ამ ასპექტში?
– GSP+ რეჟიმით ამჟამად სარგებლობს 14 ქვეყანა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან კი – მხოლოდ მოლდოვა და საქართველო. GSP+ თითქმის მთლიანად ნულამდე დაყავს საბაჟო ტარიფები ევროკავშირის ბაზარზე იმპორტირებისას, მხოლოდ სოფლის მეურნეობის გარკვეულ პროდუქციაზე არ არის განულებული სატარიფო ბარიერები. ამ რეჟიმს ევროკავშირი ისეთ ქვეყნებს ანიჭებს, რომლებსაც ნაკლებად დივერსიფიცირებული აქვთ საექსპორტო წარმოება და ევროკავშირის იმპორტში ამ ქვეყნების პროდუქციის წილი არ აღემატება 1%-ს. ეს უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის ბაზარს კონკურენციის მხრივ დიდ საფრთხეს არ უქმნის. ასევე ამ რეჟიმით სარგებლობენ ქვეყნები, რომლებიც ეთანხმებიან ხელი შეუწყონ სოციალური და გარემოს დაცვით ისეთი პოლიტიკის გატარებას, რომელიც ევროკავშირს სურს.
ჩვენ შრომით კოდექსზე ვსაუბრობდით. შრომითი კოდექსის მიახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან ისევე, როგორც გარემო დაცვითი კანონმდებლობის მიახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან GSP+-ის მისაღებად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნაა. როდესაც ეს რეჟიმი საქართველომ მიიღო 2005 წელს, ჩვენ განაცხადში მივეცით დაპირება, რომ სრულად დავნერგავდით საერთაშორისო კონვენციებს გარემოს დაცვის დარგში, ასევე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებს შევუერთდებოდით და მის დებულებებს ჩვენს კანონმდებლობაში დავნერგავდით. საუბარი იყო ანტიკორუფციული ევროპისათვის კონვენციაზე. თუ ყველა ამ მიმართულებით პროგრესს ვაჩვენებდით, GSP+ შეგვინარჩუნდებოდა 2008 წლის შემდეგაც.
– როგორ ვითარდება მოვლენები?
– ყველაზე დიდი პრობლემა გაჩნდა შრომის კოდექსთან მიმართებაში. გარემო დაცვის კონვენციები პრაქტიკულად მიღებულია, დარჩენილია ე.წ “კარტახენას” პროტოკოლი. რაც შეეხება გაეროს ანტიკორუფციულ კონვენციას, შეგვიძლია პასუხისმგებლობა ავიღოთ, რომ ის რატიფიცირებული იქნება 2008 წლის სექტემბერ-ოქტომბერში.
საქართველოს მთავრობის პოზიცია შრომის კოდექსთან მიმართებაში ძალიან ხისტია და მასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი კონსულტაციები მიმდინარეობს.
– ერთმანეთს უპირისპირდება ინვესტიციების მოზიდვა და ექსპორტის მოცულობის გაზრდა, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პირდაპირპროპორციულია. ამ ეტაპზე რომელი უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობისათვის, რა გადაწყვეტილებას ველოდებით მთავრობისგან?
– GSP+-ის გაუქმება ძალიან ცუდი ფაქტია. ის ექსპორტიორები, რომლებიც ამით სარგებლობდნენ, მიიღებენ სხვა რეჟიმს. შეიძლება რეჟიმებს შორის განსხვავება შეღავათის მხრივ ძალიან დიდი არ იყოს (2-3%), მაგრამ ბაზარზე მაღალი კონკურენციის პირობებში ეს მნიშვნელოვანია. რეჟიმის გაუქმება არასასიამოვნო ფაქტია პოლიტიკური თვალსაზრისითაც, რადგან საქართველო გარკვეულწილად ევროპის კავშირს უახლოვდება და ამ დროს ამისათვის ხელშემწყობი რეჟიმის გაუქმება რეგრესზე მიუთითებს, რაც ჩვენს ურთიერთობებზე კარგ გავლენას არ მოახდენს. თვითონ ევროკავშირი ამ მხრივ დაინტერესებული არ არის და მაქსიმალურად ცდილობს დაარწმუნოს საქართველოს მთავრობა დათმობებზე წასვლის აუცილებლობაში. თუ შრომის კოდექსში შევა გარკვეული ცვლილებები, მაშინ ჩვენ შეგვინარჩუნდება შეღავათიანი რეჟიმით სარგებლობის უფლება.
– თქვენი აზრით, საქართველოს მთავრობა შრომის კოდექსში ცვლილებებს შეიტანს?
– ეს დამოკიდებული იქნება არჩევნების შედეგებზე – ძალთა როგორი ბალანსი იქნება სახელმწიფოში და რა ტიპის პოლიტიკა გატარდება არჩევნების შემდეგ. ჯერ-ჯერობით კი საკანონმდებლო ორგანო გასული თვეების განმავლობაში თითქმის პარალიზებული იყო. ის თავის ფუნქციას არ ასრულებდა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში რეალურ მონაწილეობას ვერ იღებდა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მთავრობის პოზიცია ამ მიმართულებით რადიკალურია და ჩემი აზრით, საჭიროა სხვა ნების პოლიტიკური პოზიციაც ამ რადიკალიზმის შესარბილებლად, რადგან კურსი სწორია, მაგრამ ზედმეტი რადიკალიზმია გარკვეული მიმართულებებით. ევროინტეგრაციის აუცილებელ მოთხოვნებსა და ლიბერალურ პოლიტიკას შორის მყარი ბალანსის მოძებნაა საჭირო, ხისტი მიდგომის გაგრძელების შემთხვევაში კი დაზარალდება საქართველო ევროპაში ინტეგრაციის ასპექტში.
– ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციაზე როგორ აისახება ქალაქ ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა?
– ევროკავშირში არის ქვეყნები, რომელთაც შესვლამდეც გააჩნდათ და კავშირში გაწევრიანების შემდეგაც შეუნარჩუნდათ თავისუფალი ეკონომიკური ზონები. საქართველოში განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის შექმნას განსაკუთრებით აქტუალური მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ჩვენ ჯერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაც არ ვართ და ამიტომ ურთიერთობებს ეს ზიანს არ მიაყენებს. თავისუფალი ეკონომიკური ზონა ტერიტორიის მცირე ნაწილია, რომელიც მთლიანი ქვეყნის საგადასახადო რეჟიმზე არ მოქმედებს. თავისუფალი ეკონომიკური ზონა კონკურენციის არათანაბარ პირობებს ქმნის და ის იმ შემთხვევაში იქცევა პრობლემად, თუ ქვეყანა ევროკავშირს შეუქმნის კონკურენციის მაღალ პირობებს. საქართველო კი ვერ შეუქმნის ევროპის კავშირს ასეთ რთულ პირობებს. თუ ეკონომიკური ზონა დაეხმარება თვითონ ქვეყნის ინდუსტრიალიზაციას, მოდერნიზაციას, განვითარებას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ასევე დასაქმების მაჩვენებლის ზრდას, ეს ძალიან კარგი იქნება. ჩემი აზრით, ეს თავისუფალი ეკონომიკური ზონა ძალიან დიდ შედეგებზე გათვლილი არ არის, ის უფრო ადგილობრივი ხასიათის პრობლემების მოსაგვარებლადაა გამიზნული, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ გლობალურად საქართველოს სხვანაირი ამოცანები სჭირდება.
– რომელი გარე და შიდა ფაქტორები მოქმედებს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე?
– უარყოფითად აისახება რუსეთის ფაქტორი. ნათელია, რომ ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობებში უხერხულობას ქმნის საქართველო-რუსეთის დაძაბული ურთიერთობები. ჩვენს დაახლოებას ევროკავშირთან აფერხებს კონფლიქტებიც, რადგან პოლიტიკური სტაბილურობა ხშირ შემთხვევაში ქვეყანასთან გახსნილობის ხარისხს განსაზღვრავს. კონფლიქტების გარეშე კი ჩვენი ქვეყანა პოლიტიკურად ბევრად უფრო სტაბილური იქნებოდა და ამასთან უფრო მარტივი იქნებოდა ჩვენი საზღვრების გახსნა ევროკავშირთან მოქალაქეების გადაადგილების, ეკონომიკური ურთიერთობების, ვაჭრობის და მრავალი სხვა თვალსაზრისით. ურთიერთობებს აფერხებს ის ფაქტიც, რომ ჯერ კიდევ ვერ მვაღწიეთ ევროპული სტანდარტების შესაბამის დემოკრატიის დონეს. ვერ ვიტყოდი, რომ ეს ძალიან აფერხებს ჩვენს ინტეგრაციას, რადგან ევროკავშირი პროგრესს ხედავს. თუ ევროპის უბრალო მოქალაქეს ჰკითხავენ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრირების მომხრეა თუ არა, ის საქართველოს წარმოიდგენს ისეთ ქვეყნად, სადაც ჯერ მიღწეული არ არის პოლიტიკური სტაბილურობა, ძალიან მაღალია სიღარიბის დონე, დაბალია ეკონომიკური განვითარების დონე, ქვეყანაში არის კონფლიქტები, ამ ქვეყანას მუდმივად ემუქრება რუსეთი, ამ ქვეყნიდან არალეგალური მიგრაციის საფრთხეები მოდის. იგივე უნდა ითქვას კრიმინოგენურ მდგომარეობაზეც – შეიძლება საქართველოში ამ მხრივ სიტუაცია დარეგულირდა, მაგრამ ქართველი კრიმინალები ევროპას მოედო და ეს ევროპის მოქალაქეების განწყობაზე უარყოფითად აისახება. ამდენად საბოლოო ჯამში, სწორედ ევროპელები წყვეტენ საქართველოს ევროკავშირში გაერთიანების, ან მის კანდიდატ ქვეყნად წარდგენის ბედს. საქართველოში არც ადამიანის უფლებებია ჯეროვნად დაცული და არც კანონის უზენაესობაა საჭირო დონეზე. თუმცა არ მინდა ჩრდილი მივაყენო იმ პროგრესს, რომელიც საქართველოში ხდება.
დადებითად ფასდება საქართველოსა და ქართველი ხალხის დიდი სურვილი გაიზიარონ დასავლური ფასეულობები, შექმნან ისეთი სახელმწიფო, რომელიც ამ ფასეულობებზე იქნება დაფუძვნებული და ისეთი ინსტიტუტები, რომელებიც საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი იქნება. ევროპა ხედავს ქართველი ხალხის ნებას. დადებითი მომენტია ქვეყანაში რეფორმების განხორციელების მაღალი ტემპები, ანუ ხვდებიან, რომ საქართველოში ცვლილებების განხორციელება შესაძლებელია. ჩვენ ისეთი პრობლემები გადავწყვიტეთ და ისეთი წნეხის ქვეშ ვართ, რომ გასაკვირიც არის ევროკავშირის აქტიურობა საქართველოსთან მიმართებაში – რამდენად ძლიერ ცდილობს ის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში თუ სხვა მექანიზმებით საქართველოსთან მიახლოებას. ბოლო დროს აშკარა ხდება, რომ ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში ბევრად უფრო აქტიურია, ვიდრე სომხეთთან და აზერბაიჯანთან. ევროკავშირის პროგნოზით, საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი ლიდერი სამეზობლო პოლიტიკის მიმართულებით წარმატების მიღწევაში, ამიტომ ცდილობენ ბევრი რამ დადებითად შეაფასონ.
– პესიმისტური და ოპტიმისტური გათვლებით, დროის რა მონაკვეთში იქნება შესაძლებელი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია? თუ საქართველო ხუთ წელიწადში შეძლებს სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ყველა ვალდებულების შესრულებას, რა იქნება შემდეგი ეტაპი?
– ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, შესაძლებელია საქართველო 7-8 წელიწადში კანდიდატი სახელმწიფო გახდეს. კანდიდატობის შემდეგ კი შესაძლებელია ქვეყანა 3 წელიწადში გახდეს ევროკავშირის წევრი, ან შეიძლება 20 წელიც კი დასჭირდეს ამისათვის. თუ რეალურად მოვინდომებთ, რამდენიმე წელიწადში შეგვიძლია ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფო გავხდეთ. თუ დღეიდან სამ წელიწადში შევძლებთ სამოქმედო გეგმის დასრულებას, შემდეგ 2 წელი დასჭირდება მოლაპარაკებებს ახალი უფრო ფართო შეთანხმების გასაფორმებლად და დამატებით ორი წელი კი შეთანხმების რატიფიცირებას. ეს არის ის მინიმუმი, რომელიც აუცილებლად უნდა გავიაროთ კანდიდატობამდე. თუ სამოქმედო გეგმა შესრულდება კარგი შედეგებით და თუ ჩვენი პოპულარობა ევროკავშირში გაიზრდება და ამაში დიდი როლი აკისრია ინვესტიციებს, ტურიზმს – შანსები ეზრდება.
– მოასწრებს საქართველო ხუთ წელიწადში აღებული ვალდებულებების შესრულებას?
– უკვე მეორე წელი გადის. სურსათის უვნებლობის კანონის ამოქმედება 2010 წლამდე გადაიდო, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა 2010 წლამდე ამ მიმართულებით რაიმეს გაკეთებას არ აპირებს. არის სხვა პუნქტებიც, რომელშიც ფეხს ვითრევთ – მიგრაცია, საკონკურენციო კანონმდებლობა, შრომის კოდექსი, სტანდარტიზაცია, ამ უკანასკნელზე მუდმივად ამახვილებენ ყურადღებას, თითქმის ყველა დონეზე მუშაობენ ამ თემაზე – უცხოელი ექსპერტებიც და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიც. მაგრამ საქმე უფრო პრინციპულ პოზიციასთან გვაქვს, თუმცა მოსალოდნელია მისი შერბილებაც, რადგან მსოფლიოში თითქმის აღარ არსებობს ქვეყანა, სადაც ეს სამსახურები არ ვითარდება. როდესაც საზღვარგარეთ იციან, რომ საქართველოში არ არის ფიტოსანიტარული კონტროლი და არ მუშაობს კანონი სურსათის უვნებლობის შესახებ, ჩვენთან წარმოებული პროდუქცია საზღვარგარეთ უნდობლობას იწვევს, ამის გამო სიტუაციას ვერ განმუხტავს ევროპული სერთიფიკატიც. პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება უნდა დავიცვათ, შემდეგ ადვილი იქნება უცხოელების ნდობის მოპოვებაც, რაც ექსპორტზე და საქართველოს ეკონომიკაზედაც დადებითად აისახება.