“არქეოლოგებმა” ანაკლიაში 10 მილიარდი აღმოაჩინეს
ოთარ ქირია
ერთი წლის წინ საქართველომ ანაკლიაში (სამეგრელოს რეგიონი) ტენდერი გამოაცხადა პორტის მშენებლობის თაობაზე. ტენდერში იმარჯვებს საერთაშორისო კონსორციუმი “ინდუსტრია”, რომლის ქართულ მხარეს და ავტორს ქართული კონცერნი “ეგრისი” წარმოადგენს – ერთადერთი მონაწილე ტენდერში. პროექტი 10 მილიარდი დოლარი ჯდება და პორტის გარდა ტურისტულ, სატრანსპორტო, სამედიცინო და ურბანიზაციულ გეგმებს მოიცავს, როგორც სამეგრელოს რეგიონში, ისე მის გარეთ. კერძოდ, აფხაზეთში. არის შანსი იმისა, რომ პროექტის მეშვეობით დარეგულირდეს აფხაზეთის პრობლემა. საქართველოს მთავრობა პროექტში წილს არ დებს, იგი მხარს უჭერს მას და მის ავტორებს მწვანე შუქს უნთებს.
მიმდინარე წლის 7 აპრილს გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება #271 – საინვესტიციო პროგრამა “ეგრისის” შესახებ. განკარგულების თანახმად, “საქართველოს სოციალ-ეკონომიკური განვითარებისა და ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის” ხელშეწყობის მიზნით, საინვესტიციო პროგრამა “ეგრისს” საერთაშორისო კონსორციუმი “ინდუსტრია” განახორციელებს, როგორც პროგრამა “ეგრისის” მფლობელი და ინვესტორი.
პროგრამა “ეგრისის” ავტორი და ინიციატორი გახლავთ კონცერნი “ეგრისი”, რომელსაც ხელმძღვანელობს დოქტორი, ზურაბ ჩიქოვანი. “ეგრისი” რეგისტრირებულია ქ. ზუგდიდში 1993 წელს. ხელახალი რეგისტრაცია გავლილი აქვს იმავე რეგიონში 1996 წელს. დაარსების დღიდან, ფირმა მთლიანად ორიენტირებულია ანაკლიაში პორტის მშენებლობაზე და პროგრამა “ეგრისით” გათვალისწინებულ კიდევ რამდენიმე სახის სამშენებლო და რეკრეაციულ სამუშაოებზე.
რვაწლიანი მუშაობის შედეგად, რომელიც, ძირითადად, ინვესტორების მოძებნასა და საბანკო გარანტიების მოპოვებას მიეძღვნა, ზურაბ ჩიქოვანმა მოახერხა სხვადასხვა ქვეყნებიდან (მათ შორის, ყოფილი სსრკ) 30 მსხვილი ინვესტორი მოეზიდა. კომპანიები გაერთიანებულია საერთაშორისო კონსორციუმ “ინდუსტრიაში” (ასევე “ეგრისიც”), რომელიც წარმოადგენს პროგრამის ოფიციალურ მფლობელს. მისი პრეზიდენტია ვალენტინა მოსკალენკო (უკრაინა – სადაზღვევო კომპანია “ოპლოტის” პრეზიდენტი), გენერალური დირექტორი – ზურაბ ჩიქოვანი (საქართველო). საქართველოსა და უკრაინის გარდა, “ინდუსტრია” აერთიანებს კომპანიებს აზერბაიჯანიდან, საუდის არაბეთიდან, კანადიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ჰონგკონგიდან, შვეიცარიიდან და სხვა.
პროექტს მხარში უდგას უკრაინის მთავრობა. კერძოდ, უკრაინის ნავთობისა და გაზის უმსხვილესი კომპანია, რომლის შენატანები ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლების 30%-ს შეადგენს, მისი ერთ-ერთი მფლობელის, უკრაინის ვიცე-პრემიერის, ვასილ კოშივეცის სახით.
რაც შეეხება მონაწილეობას საქართველოს მთავრობის მხრიდან, აქ მხოლოდ მხარდაჭერა თუ შეიძლება იყოს, თორემ, პროექტში, საქართველო არც რესურსებს დებს და არც ფინანსურ გარანტიას იძლევა მისთვის. მხარდაჭერა კი ითვალისწინებს: საქართველოს მინისტრთა კაბინეტის, 1994 წლის 15 ივნისის სამთავრობო დადგენილებას, პროექტ “ეგრისის” განხორციელებისთვის მაქსიმალური მხარდაჭერის შესახებ; მიმდინარე წლის 7 აპრილის პრეზიდენტის განკარგულებას, პროექტის განხორციელებისთვის “ინდუსტრიის” არჩევას; საქართველოს 8 მინისტრის ხელმოწერას, მათ შორის: ვანო ჩხარტიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ნოღაიდელი, მერაბ ადეიშვილი, დავით მირცხულავა, ასევე, პეტრე მამრაძე, თემურ ბასილია და ბონდო ჯიქია; დაბოლოს, მწვანე შუქს.
სოსო დგებუაძე, კონცერნ “ეგრისის” პრეზიდენტის, ზ. ჩიქოვანის მოადილე: “ამ მხრივ, საქართველოს მთავრობა არანაირ პასუხისმგებლობას ან ხარჯებს არ იღებს თავის თავზე. იგი არც ბუნებრივ რესურსებს დებს ამაში, არც ფინანსებს. ეს განკარგულება საჭიროა ინვესტორის დასარწმუნებლად, რომ პროექტისთვის გამოყოფილი თანხა ნარკობიზნესის, იარაღით ვაჭრობის, ან სხვადასხვა სამხედრო-პოლიტიკური მოსაზრებებისთვის არ დაიხარჯება. ეს მხოლოდ ისაა, რომ მთავრობა საქმის კურსშია და მხარს უჭერს პროექტის განხორციელებას”.
აქ არ შეიძლება არ აღინიშნოს ერთი საინტერესო ფაქტი. საქმე იმაშია, რომ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ “ინდუსტრიამ” მიიღო და მანვე გაიმარჯვა. სატენდერო წინაპირობის თანახმად, კომპანიას უნდა წარმოედგინა პროექტი 5 მილიონიანი ტვირთბრუნვის სიმძლავრის პორტით, ასევე 1 მილიონ დოლარიანი საბანკო გარანტია. პირობა მხოლოდ “ეგრისმა” დააკმაყოფილა და, შესაბამისად, საქმესაც იგი შეუდგა.
ს. დგებუაძე: “ტენდერში გაიმარჯვა და დახურა “ეგრისმა”. სატენდერო წინაპირობის მიხედვით, ტვირთბრუნვა შეადგენდა 5 მილიონ ტონას წელიწადში. “ეგრისი” კი, პროგრამით, 78 მილიონ ტონას ითვალისწინებს. ჩვენ გაცილებით წინ ვიხედებით. დღეს არსებული შეფასებით, დასავლეთ საქართ-ველომ 150 მილიონი ტონა ტვირთი უნდა გაატაროს. ამ კუთხით თუ ვიმსჯელებთ, 5 მილიონი ტონა ძალიან ცოტაა. ინგლისში ვიზიტის დროს, საქართველოს პრეზიდენტმა და ტრანსპორტის მინისტრმა, მერაბ ადეიშვილმა აღნიშნეს, რომ ტვირთბრუნვა 50 მილიონ ტონამდე უნდა გაიზარდოს. ამრიგად, “ეგრისის” პირობა იდეალური აღმოჩნდა. ამასთან, მონაწილეობის მსურველს უნდა წარმოედგინა 1 მილიონ დოლარიანი საბანკო გარანტია, რაც მხოლოდ ჩვენ შევძელით. 7 აპრილის პრეზიდენტის განკარგულებით, ტენდერი დასრულდა და მასში ჩადებული მოთხოვნა, 5 მილიონიანი ტვირთბრუნვის შესახებ, შესაბამისად, ავტომატურად ამოვარდა”.
ლოგიკურად ჩნდება კითხვა: ვინ იძლევა გარანტიას და საიდანაა, სახსრები რვაწლიანი საერთაშორისო დონის მოლაპარაკებებისა და მიმოსვლებისთვის, ან თავად სტუმრების მიღებისთვის? დგებუაძის განცხადებით, ყოველი დახარჯული ცენტი უცხოელ ინვესტორებს ეკუთვნის.
ახლა თავად პროექტის შესახებ. პროექტი მთლიანად 10 მილიარდი დოლარი ჯდება. იგი დაიწყება მიმდინარე წლის ივნის-ივლისში და 2012 წელს დასრულდება. პროექტი დაყოფილია რამდენიმე ეტაპად. პირველი ეტაპი მოიცავს საპროექტო სამუშაოებს, რომელსაც კანადური კომპანია “აკრომალენკო” განახორციელებს.
მეორე ეტაპი მოიცავს მოსამზადებელ სამუშაოებს, რომელიც სამშენებლო ბაზების მოწყობას გულისხმობს. ვინაიდან საქართველოს პორტების მშენებლობაზე სპეციალიზირებული კომპანიები არა ჰყავს, აქაც უცხოელების დახმარებაა საჭირო. ამასთან, ბ-ნი დგებუაძის განცხადებით, პოექტი თავადვე აპირებს ყველანაირი სამშენებლო სამუშაოებისათვის საჭირო ფირმების შექმნას.
ს. დგებუაძე: “მოსამზადებელი სამუშაოები გულისხმობს სამშენებლო ბაზების მოწყობას. ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ კუთხით, გახლავთ მიწის ჩაღრმავება, დაახლოებით 17-18 მეტრზე; 200-300 მეტრი კორიდორის გაკეთება ზღვის სიღრმეში და სხვა სამუშაოები, რომელთა სპეციალისტები საქართველოს, პრაქტიკულად, არ ჰყავს. ამდენად, ჩვენ ვაპირებთ, თავადვე ჩამოვაყალიბოთ ფირმები, რომლებიც აწარმოებენ სამშენებლო მასალებს, განახორციელებენ სამშენებლო სამუშაოებს. აუცილებელია, სამშენებლო ბაზების აღდგენა, ბეტონის კვანძების მოწყობა, ქვის სამსხვრევი და გადასამუშავებელი დანადგარების დამონტაჟება, აგურის, კირის, ცემენტისა და სხვა მასალების წარმოება. წარმოების პროცესი აქვე წარიმართება, დანადგარები კი მთლიანად უცხოეთიდან შემოვა. ეს გამოიწვევს, როგორც ადგილობრივი დასაქმების გაზრდას, ისე ადგილობრივ და ცენტრალურ ბიუჯეტში სერიოზული თანხების მობილიზებას”.
მეორე ეტაპი წელიწადს გასტანს, რის შემდეგაც თვით პორტის მშენებლობა დაიწყება. პორტი 400 მილიონი დოლარი დაჯდება და 78 მილიონ ტონა ტვირთს გაატარებს წელიწადში. “ეგრისის” ავტორთა გაანგარიშებით, 2012 წლისთვის, საქართველოში, ტვირთბრუნვის დეფიციტი, რომელიც ამჟამად 135 მილიონ ტონას შეადგენს, 21 მილიონამდე შემცირდება. დგებუაძის განცხადებით, თუ ფოთის, ბათუმისა და სუფსის პორტის ხელმძღვანელები თანხმობას გამოთქვამენ, “ეგრისი” მზადაა მონაწილეობა მიიღოს ამ პორტების სიმძლავრის გაზრდაში, რაც საქართველოს საპორტო საქმიანობის სურათს საგრძნობლად შეცვლის. პროექტის შემდეგი ეტაპი მოიცავს სამოქალაქო მშენებლობას. ანუ, როგორც დგებუაძე აცხადებს, ანაკლიის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება საცხოვრებელი სახლები, რომლებიც 200.000 მოსახლეზეა გათვლილი. ახალაშენებული სახლები სრულად პასუხობს თანამედროვე მსოფლიო სტანდარტებს, როგორც ტექნიკური, ისე დიზაინერული თვალსაზრისით. სამეგრელოს ახალი უბნის მოსახლეობა, ძირითადად, ის პიროვნებები იქნებიან, რომელნიც “ეგრისის”?განხორციელებაში დასაქმდებიან.
ს. დგებუაძე: “ყოველი ადამიანი, რომელიც დასაქმდება პროექტის რეალიზაციაში, შეძლებს ახალაშენებულ სახლებში ბინის მიღებას. ბინა უფასო არ იქნება, როგორც საბჭოთა კავშირის დროს. პიროვნებებს ბინის საფასური, შესაბამისი შეღავათით, რა თქმა უნდა, საკუთარი ხელფასიდან დაუკავდებათ და მას გარკვეული პერიოდის მანძილზე გადაიხდიან”.
პროექტის საგზაო-სატრანსპორტო ნაწილი მოიცავს შავი ზღვის ირგვლივ ავტობანების და ლოკალური ავტომაგისტრალების მშენებლობას. აშენდება ავტომაგისტრალი, რომელიც საშუალებას მისცემს, სატრანზიტო ტრანსპორტს ზუგდიდის შემოვლით, ანაკლიამდე მივიდეს. პროექტი ასევე ითვალისწინებს ანაკლია-ფოთი, ანაკლია-თბილისი და ანაკლია-სოხუმის ტრასების მშენებლობას. ზემოხსენებული ანაკლია-სოხუმის ტრასა კი, სამომავლოდ, იგეგმება როგორც მაკავშირებელი მაგისტრალი ყირიმთან, რამეთუ პროექტი მის გაგრძელებას გეგმავს.
“ეგრისის” ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს, ჩვენი აზრით, წარმოადგენს მისი ტურისტული მშენებლობისა და რეკრეაციის ნაწილი. დგებუაძის განცხადებით, პროექტი უშბის, ანაკლიის, ცაიშისა და ლუგელის აღმშენებლობას გეგმავს.
ცნობისათვის: უშბა აბსოლუტურად პასუხობს იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც მოითხოვება სამთო-სათხილამურო სპორტისათვის; ანაკლიის პლაჟი ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში. მისი ქვიშა მდიდარია მაგნეტიტით; ცაიში ცნობილია მისი ცხელი აბაზანებით და სამკურნალო წყლით, რომლებიც უებარია რევმატიული და დერმატიული დაავადებებისთვის; ლუგელა კი განუმეორებელია მისი ბუნებითა და მინერალებით.
ს. დგებუაძე: “გვინდა, მთლიანად აღვადგინოთ ძველი მარშრუტები, რომლებიც სერიოზულ როლს თამაშობდა საქართველოს ეკონომიკურ სექტორში. ოთხივე კურორტზე აშენდება თანამედროვე სტანდარტების სასტუმროები, რესტორნები, სანატორიუმები და სხვა ობიექტები, რომლებიც, აუცილებელია მაღალი ხარისხის საკურორტო ზონისთვის”.
პროექტის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს სამედიცინო კომპლექსის მშენებლობა ზუგდიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. კომპლექსის კონსტრუირება და ტექნიკური აღჭურვილობა მთლიანად უცხოური სტანდარტებითა და დირექტივებით განხორციელდება. კომპლექსი მოიცავს, როგორც დიაგნოსტიკურ, ისე საოპერაციო და სამკურნალო ცენტრებს. პროექტის ავტორების განცხადებით, ნებისმიერ პაციენტს, რომელიც მიმართავს აღნიშნულ სამედიცინო ობიექტს, სრულ მომსახურებას გაუწევენ ისე, რომ მას შემდგომი მკურნალობისთვის ქვეყნის გარეთ გასვლა არ მოუწევს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პროექტი გარკვეულ შეღავათებს ითვალისწინებს მასში დასაქმებულთათვის, შეუძლო პენსიონერთა და ახალგაზდებისთვის.
პროექტის ერთ-ერთ და, ალბათ, ყველაზე კომერციულ ნაწილს წარმოადგენს სასმელი წყლის მოპოვება, ჩამოსხმა-დაფასოება და მისი გატანა. ეს კიდევ ერთი სამეწარმეო საქმიანობაა, რომელიც სერიოზულად იმოქმედებს ადგილობრივ და ცენტრალურ ბიუჯეტზე. დგებუაძის განცხადებით, “ეგრისი” თავად მოიპოვებს სასმელ წყლებს (სამეგრელო მდიდარია წყაროს წყლებით), დააფასოებს, ჩამოასხამს და მას საზღვარგარეთ გაიტანს. წყალი, რა თქმა უნდა, გაივლის შესაბამის ლაბორატორიულ შემოწმებას, რომელსაც სპეციალური სახელმწიფო ინსტანცია განახორციელებს.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ჩნდება კითხვა: რა რაოდენობის ადამიანებს დაასაქმებს პროექტი “ეგრისი”. არის თუ არა შერჩეული კადრები და რა იქნება საპროგნოზო შემოსავლები ქვეყნის ბიუჯეტში?
ს. დგებუაძე: “პირველ ეტაპზე, ანუ მიმდინარე წელს, პროექტი დაასაქმებს 1000 ადამიანს, მომავალი წლისთვის ეს რიცხვი 2000-მდე გაიზრდება. სრულად კი – პროექტი, დაახლოებით, 30000 ადამიანის მაღალანაზღაურებადი სამსახურით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. კადრების საკითხი ჯერჯერობით ფორმირების სტადიაშია. რაც შეეხება საბიუჯეტო შემოსავლებს, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, ვინაიდან, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ფინანსები არცაა გადმორიცხული”.
მნიშვნელოვანია ასევე საკითხი ფინანსური მოძრაობების შესახებ, ანუ რომელი ბანკი განახორციელებს გადარიცხვებს. დგებუაძის განცხადებით, პირველ ეტაპზე პროექტს მოემსახურება “გაერთიანებული ქართული ბანკი”. შემდგომ – “ეგრისი” თავად ითვალისწინებს ბანკის გახსნას და მასში საკუთარი ოპერაციების წარმოებას. რაც შეეხება ინვესტიციის თანხას, იგი ევროპის ერთ-ერთ წამყვან ბანკში მოიყრის თავს (პარიზის კონვენციის თანახმად, თანხები ამ დონის ინვესტიციისთვის აუცილებლად დეპონირდება ბანკში, რომელიც ევროპის ათეულში ხვდება) და გრაფიკით, პერიოდულად, “ეგრისის” ანგარიშზე საქართველოში გადმოირიცხება.
დამეთანხმებით, პროექტი მართლაც გრანდიოზულია. ამ გადასახედიდან, ჩიქოვანის რვაწლიანი მუშაობა ნამდვილად ქებას იმსახურებს, ვინაიდან, დღეს საკმაოდ რთულია მოიზიდო ინვესტორი, თანაც 10 მილიარდიანი პორტფელით, ქვეყანაში, სადაც სამხედრო-პოლიტიკურ გაუგებრობებსა და კონფლიქტებს ბოლო არ უჩანს, სადაც კორუფცია დღითიდღე იღრმავებს ფესვებს, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სიღარიბის ზღვარს მიღმაა და ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს.
ასეთ პირობებში, ათ მილიარდიანი ინვესტიციის მოზიდვა, 30000-მდე ადამიანის დასაქმება, ტურიზმისა და საზღვაო-საპორტო საქმიანობის, როგორც ეკონომიკური სტრატეგიის ფორმირება საქართველოსთვის და მცირე ბიზნესის ერთი-ორად გაზრდა, მართლაც ისაა, რაც საქართველოს გადაარჩენს.
აქ ჩვენი ყურადღება მეორემ, და უფრო მნიშვნელოვანმა, მიიქცია. ავტორები იმდენად იოლად აპროექტებენ (თუმცა, ჯერჯერობით კომენტირებას თავს არიდებენ) მაგისტრალებსა და პორტებს ისეთ ცხელ წერტილებში, როგორებიცაა, სოხუმი და ოჩამჩირე, რომ ეს აფხაზეთის დაბრუნების იმედს აღვივებს. კერძოდ, თუკი “ეგრისი” შეძლებს ანაკლია-სოხუმის ტრასის, ოჩამჩირისა და სოხუმის საზღვაო პორტების მშენებლობას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოეს მომავალში, აფხაზეთი მის ადგილს – საქართველოს, დაუბრუნდება. ღმერთმა ქნას.