ვინ იცის რატომ გაძვირდა ნავთობი?
მოამზადა ნინო არველაძემ
ნავთობის გაძვირებასთან დაკავშირებით კომენტარს ბევრი აკეთებს, მაგრამ რომელი მათგანი შეესაბამება სინამდვილეს?
ზოგიერთის აზრით, ნავთობი ოპეკის გადაწყვეტილების გამო ძვირდება,რომელიც პროდუქციის წარმოებას ამცირებს. მავანნი აცხადებენ, რომ ნავთობი იმ მოსალოდნელი საფრთხის გამო ძვირდება, რომელიც ვენესუელას მხრიდან დასავლეთის ნავთობკომპანიებთან მუშაობის შეჩერებაში მდგომარეობს.
ჭეშმარიტება კი ის არის, რომ შესაძლებელია ნავთობზე ფასების ზრდის მიზეზი სრულიად სხვა გარემოებები იყოს. ნავთობის ფასებს აძვირებს ჩინეთისა და ინდოეთის ფაქტორებიც – ამ ქვეყნებიდან გაზრდილი მოთხოვნა მიწოდებაზე აისახება, რაც ნავთობის გაძვირებას გამოიწვევს. ნავთობზე ფასების ზრდის მიზეზებს ფინანსური ფაქტორებიც ემატება – ჰეჯ-ფონდები, რომლების ნავთობის სპეციალურ კონტრაქტებს ყიდიან. მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ მთავარი ინფორმაციები ჯერ კიდევ ხელმიუწვდომელია.
ფუნდამენტალისტების ფაქტორი
ამერიკაში ნავთობის სიძვირეს ფუნდამენტალისტებსაც მიაწერენ. 2008 წლის დასაწყისში ნავთობის ფასი უპრეცენდენტოდ გაიზარდა და ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა. ექსპერტები ამ მოვლენის ერთ-ერთ მიზეზად 2007 წლის 27 დეკემბერს პაკისტანში მომხდარ ბენაზირ ფხუტოს მკვლელობას ასახელებენ. მაგრამ ექსპერტთა სხვა ჯგუფი ამ მოსაზრებას უარყოფს და აცხადებენ, რომ ხალხი ცდილობს ბევრი რამ გეოპოლიტიკურ მიზეზებს გადააბრალოს.
ხანგრძლივ ვადაზე გათვლილი ტენდენციები ძალიან კარგია, მაგრამ ნავთობით მოვაჭრეებს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება მართებთ, რადგან მოვლენები ელვის სისწრაფით იცვლება. მაგალითად, ერთ დროს კორეაში მიმდინარე სარაკეტო ცდები ნავთობის ფასის ზრდის მიზეზად დაასახელეს, შემდეგ ის ბენაზინ ფხუტოს მკვლელობამ ჩაანაცვლა.
როგორ ძვირდებოდა ნავთობი 1970 წლიდან
1973 წელი – არაბეთ-ისრაელის ომი
არაბეთისა და ისრაელის შეიარაღებული ძალების დაპირისპირებამ დაძაბულობა მთელს ახლო აღმოსავლეთში გამოიწვია. ისრაელის წარმატებამ ოპეკის განგაში და არაბეთის ნავთობის ემბარგო გამოიწვია და ექვს თვეში ნავთობი 400%-ით გაძვირდა. ნავთობი პირველად მაშინ გამოიყენეს პოლიტიკურ იარაღად აშშ-ის წინააღმდეგ. აშშ-მ ისრაელი დაარწმუნა კრიზისის დასაძლევად გაერთიანებული ერებისთვის მიემართა.
1979 წელი – ისრაელის რევოლუცია
ირანის დაძაბულობამ შაჰის გაძევება და ისლამური რესპუბლიკის დაუძლურება გამოიწვია, ამის გამო შემცირდა ნავთობის წარმოება. ამასობაში არაბეთმა ნავთობი გააძვირა.
1980 წელი – ირან-ერაყის ომი
დასუსტებულ ირანს 1980 წლის სექტემბერში ერაყი იპყრობს. ნოემბრისათვის, ორი ქვეყნის მიერ დღიურად წარმოებული ნავთობის მოცულობა მხოლოდ ერთი მლნ ბარელი იყო, რაც ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელს 6.5 მლნ-ით ჩამორჩებოდა. მსოფლიო ნავთობის მიწოდება 10%-ით შემცირდა. ირანულმა რევოლუციამ და ირან-ერაყის ომმა გადაუმუშავებელი ნავთობის ფასი თითქმის გააორმაგა, თუ 1978 წელს ერთი ბარელი ნავთობი 14 დოლარი ღირდა, 1981 წელს ამ მაჩვენებელმა 35 დოლარს მიაღწია.
1986 წელი – ნავთობის ფასის კრახი
ნავთობის მაღალმა ფასებმა პროდუქციის მოხმარება შეამცირა, რადგან ქარხნები ელექტროენერგიის მოხმარებაზე გადავიდნენ. საუდის არაბეთის შემოსავალი მკვეთრად შემცირდა, ოპეკმა კი პროდუქციის წარმოება შეამცირა. გადაუმუშავებელი ნავთობის ფასი ბარელზე 10 დოლარზე დაბლა დაეცა, მაგრამ საუდის არაბეთის შემოსავალი იგივე დარჩა. ნავთობის ფასებზე იმოქმედა ერაყის მიერ კუვეიტის დაპყრობამაც. ერაყს მსოფლიოს მესამე უმსხვილეს ნავთობმწარმოებელზე გავლენის მოპოვება სურდა, მისი საბოლოო მიზანი კი ნავთობის მსოფლიო ბაზრის კონტროლი იყო. კუვეიტის განმანთავისუფლებელ სპარსეთის ყურის სახელმწიფო ომს გადაუმუშავებელი ნავთობის სტაბილურად დაბალი ფასი მოჰყვა, ამ დროს 1994 წლიდან 21 წლის განმავლობაში, ნავთობის ყველაზე დაბალი ფასი დაფიქსირდა.
1997 წელი – აზიის ფინანსური კრიზისი
აზიის ეკონომიკების მკვეთრმა ზრდამ ნავთობის მოხმარების დაბალ მაჩვენებელს ბოლო მოუღო, მაგრამ სწორედ იმ დროს ოპეკმა პროდუქციის წარმოების ზრდა დაიწყო და ეს პროდუქცია კვლავ გაიაფდა.
2001.09.11
ნავთობი იაფდება – რუსეთი პროდუქციას ზრდის, აშშ-ის ეკონომიკა კი მცირდება. ოპეკი მდგომარეობის გაუმჯობესებას წარმოების შემცირებით ცდილობს, მაგრამ 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმა ნავთობის ფასებს კვლავ მაღლა სწევს.
2001 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში ნავთობი კვლავ იაფდება, ამჯერად 35%-ით, ოპეკი 2002 წლამდე უარს აცხადებს წარმოების შემცირებაზე.
2003 წელი – ერაყის ომი
ერაყთან ამერიკის წამოწყებული ომი სპარსეთის ყურეში პროდუქციის დანაკარგს იწვევს. დანაკარგის ანაზღაურება ადვილი არ არის, ამიტომ 2004-2005 წლებში ნავთობი მკვეთრად ძვირდება.
2006 წელი – ლიბანის კონფლიქტი
მიუხედავად იმისა, რომ არც ისრაელი და არც ლიბანი ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები არ არიან, ისრაელისა და ლიბანის დაპირისპირების გამო ნავთობის ფასი ბარელზე 78 დოლარს აღწევს, რადგან დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთს მოედო.
2008 წელი – ბარელი 100 დოლარი
კენიის, ალჟირის და პაკისტანის გეოპოლიტიკური დაძაბულობა, ასევე აშშ-იდან წამოსული საფრთხე, რომელიც ირანს სანქციებით ემუქრება, თავის როლს თამაშობს. პარალელურად იზრდება ჩინეთისა და ინდოეთის მოთხოვნა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი დოლარის დაბალი გაცვლითი კურსია. ნავთობის ფასი ფსიქოლოგიურ ნიშნულს აჭარბებს და 2008 წლის აპრილში ერთი ბარელი ნავთობი 118 დოლარად ფასობს.
ნავთობის ბაზარზე უმსხვილესი მოთამაშე კვლავ ახლო აღმოსავლეთია, ის დანარჩენ მსოფლიოს მარაგებით ჩრდილავს და ამით მსოფლიო პოლიტიკურ სცენაზე თავის მნიშვნელობას ინარჩუნებს. საუდის არაბეთის მარაგი მსოფლიო რეზერვების 21.9%-ს შეადგენს. ჩრდილოეთ ზღვისა და კანადის ნავთობის მარაგები კვლავ მნიშვნელოვან საფეხურზე რჩება.
არავინ იცის რამდენ ხანში ამოიწურება მსოფლიო ნავთობის მარაგი, მაგრამ აცხადებენ, რომ ეს უახლოესი 40 წლის განმავლობაში არ მოხდება, თუმცა იგივეს 30 წლის წინაც ამტკიცებდნენ.
ჩინეთსა და ინდოეთში მზარდი მოთხოვნაა და დოლარის დაბალი გაცვლითი კურსი ნავთობის გაძვირების ერთ-ერთ ლოკომოტივად რჩება.