საქართველოს კანონი “სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” და მომხმარებელთა უფლებების დაცვა
იური ნიკოლაიშვილი, დამოუკიდებელი ექსპერტი
2005 წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი “სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ”, რომელმაც წესისამებრ გაიარა ყველა ეტაპი – თავისი დამუშავებით და პრეზენტაციებით. ის მალე შევიდა ძალაში, ჩვენ კი, როგორც მომხმარებელი, შევეცადოთ გავერკვეთ, როგორ მუშაობს კანონი და როგორ ამართლებს ის თავის სახელწოდებას.
ძველი ბერძნები თუ რომაელები ამბობდნენ – “ჯერ ტერმინებზე შევთანხმდეთ და მერე ვისაუბროთო”. “ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში” ტერმინი “კანონი” ასეა მოცემული: “კანონი – საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ დადგენილი საყოველთაოდ სავალდებულო წესი.”
ახლა კი მივყვეთ თვით კანონის მუხლებს და შევეცადოთ გავერკვეთ, თუ როგორ სრულდება ეს “დადგენილი საყოველთაოდ სავალდებულო წესი.”
“ამ კანონის მიზანია მოხმარებელთა ჯანმრთელობის, სიცოცხლის და ეკონომიკური ინტერესების დაცვა მოხმარებისათვის განკუთვნილ სურსათთან მიმართებაში შიდა ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მისი მრავალფეროვნების გათვალისწინებით”.
ეს მუხლი თავიდანვე ბევრ შეკითხვას ბადებს: დღევანდელ პირობებში რომელ “ეკონომიკური ინტერესების დაცვაზეა” ლაპარაკი ან “შიდა ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირება” რაში და როგორ გამოიხატება?
კანონის მუხლი 2 – კანონის რეგულირების სფერო.
პუნქტი 1.
” ეს კანონი არეგულირებს და განსაზღვრავს:
ა) სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის ზოგად პრინციპებსა და მოთხოვნებს;
ბ) სურსათის ხარისხის ზოგად მოთხოვნებს; ამ პუნქტის შემდეგი გ), დ) და ე) ქვეპუნქტები ეხება სურსათისა და ცხოველთა კვების საკითხებს);
ვ) სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სახელმწიფო კონტროლზე და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს კომპეტენციებს;
ზ) ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევაზე შესაბამისი აღმკვეთი ზომების მიღებისა და გატარების ზოგად წესებს”.
რას ნიშნავს “კანონი არეგულიერებს და განსაზღვრავს”. რაში გამოიხატება ეს “რეგულირება” და “განსაზღვრა”? ა) და ბ) ქვეპუნქტები თავისი “ზოგადი პრინციპებით” და “ზოგადი მოთხოვნებით” ეჭვის საფუძველს იძლევა.
შემდეგი კანონი განიხილავს ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის საკითხებს და 25-ე მუხლის პუნქტ 2-ით აცხადებს – “სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სფეროში კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამსახური და მხოლოდ აღნიშნული სამსახურია უფლებამოსილი განახორციელოს სურსათის სფეროში ზედამხედველობა, მონიტორინგი და სახელმწიფო კონტროლი”.
ჩემი მოსაზრებები და შენიშვნები კანონის მიღებამდე და მისი მიღებისთანავე კანონის ავტორებს და პროპაგანდისტებს წარვუდგინე 3 დაბეჭდილი ფურცლის სახით, სადაც აღვნიშნე, რომ კანონი მოცემული ფორმით და შინაარსით ვერ იმუშავებდა, მაგრამ პასუხი მხოლოდ სიჩუმე ან გაუგებარი ღიმილი იყო. ასეთმა ღიმილნარევმა პასუხებმა რა შედეგიც გამოიღო სახეზეა.
2006 წელს შეიქმნა “ვეტერინარიის, მცენარეთა დაცვისა და სურსათის ხარისხის ზედამხედველობის ეროვნული სამსახური” და სწორედ აქედან იწყება მთელი ორომტრიალი.
“სამსახურმა” თავისი საქმიანობა იმით დაიწყო, რომ იმავე წელს შეიძინა 120000 ლარის პესტიციდები და სპეციალური აპარატურა ამერიკული თეთრი პეპელის წინააღმდეგ საბრძოლველად. მოასწრო თუ არა “სამსახურმა” მისი გამოყენება, ჩვენთვის უცნობია (შეიძლება იმიტომ, რომ მთელ მსოფლიოში გამოცხადებულია პესტიციდების გამოყენების შეზღუდვა, ხოლო ამერიკული თეთრი პეპელა და სხვა მწერები 2007 წელს ისევ ანადგურებდნენ ჩვენს სოფლის მეურნეობას). რაც შეეხება თვით “სამსახურს”, მისი ფუნქციონირება 2006 წელსვე შეაჩერეს გაურკვეველი ვადით. მაგალითად, 2007 წლის მაისში ტელეარხ “იმედის” ეკრანიდან გვამცნეს, რომ “პროდუქციის კონტროლი გამოიწვევს კორუფციას და ამიტომ ამ “სამსახურის” ფუნქციონირება 2010 წლამდე შეიძლება გადაიდოს”. აქედან გამომდინარე, ჩვენ მხოლოდ შეიძლება ვიმარჩიელოთ. მაგრამ ცხოვრება თავისას ითხოვს. ამის მაგალითს იძლევა გაზეთ “ახალ თაობაში” გამოქვეყნებული სტატია, სადაც წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ცანავა სურსათის უვნებლობის სამსახურის გაუქმებას აპროტესტებს.
იქნებ შევეცადოთ გავერკვეთ, რა იგულისხმება “სურსათის უვნებლობაში”: “სურსათის უვნებლობა” ცალკე, მისი მოხმარებისაგან დამოუკიდებლად, თუ ქვეყნის მომარაგება იმდენი და ისეთი რაოდენობის საკმარისი სურსათით, რომ ქვეყნის მოსახლეობა დაცული იყოს მინიმალური “სასურსათო კალათით”, ანუ შიმშილისგან.
დღეს საქართველოში როგორია ე.წ. “სასურსათო კალათა” ოფიციალურად ცნობილი არ არის. ცნობილია მხოლოდ უმუშევარი, მშიერი და მათხოვარი ადამიანების რაოდენობა. ამიტომ აქვე ურიგო არ იქნება ერთხელ კიდევ გავიხსენოთ გოეთეს სიტყვები – “კანონი ძლიერია, მაგრამ გაჭირვება უფრო უძლეველია”. სწორედ ამ გაჭირვების გამოძახილია დღევანდელი საქართველოს მთავარი ლოზუნგი – “საქართველო სიღარიბის გარეშე”!
იქნება “სასურსათო სუფთა პროდუქტი”? მაგრამ კანონის მე-2 მუხლის 1 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი საერთოდ გაუგებარი ხდება. რომელ “სურსათის უვნებლობასა და ხარისხზე” შეიძლება საუბარი, როდესაც “სამსახურის” ფუნქციონირება შეჩერებულია და იფეთქა ღორის ცირკოვირუსმა (მონცგომერის დაავადება – აფრიკული ცხელება), რომლის მსხვერპლს უკვე ვეღარც ითვლიან. როგორც პრესა იტყობინება, “სამსახურის” ხელმძღვანელობამ ოფიციალური წერილებით მიმართა ბაზრების და ბაზრობების დირექციებს იმის შესახებ, რომ გაამკაცრონ კონტროლი ხორცპ-როდუქტებზე, განსაკუთრებით ღორის ხორცზე. მარტო ოზურგეთში შარშან მაისში 500 ღორი დაიხოცა. ამის შემდეგ კი არ უნდა ატეხილიყო ალიაქოთი და მთელ საქართველოში “სამსახურის” ეგიდით ოჯახებში ღორების ხოცვა და დათვლა (რომელთა რაოდენობამ ათი ათასობით სული შეადგინა), არამედ ინფექციის პირველი ნიშნებისთანავე საჭირო იყო ზომების მიღება, მაგრამ ამას “სამსახური” ვერ შეძლებდა მისი ფუნქციის გაუგებრობის გამო.
რაც შეეხება “სურსათის ხარისხს”, კანონის მე-3 მუხლის ზ) პუნქტში ის ასეა განმარტებული: “სურსათის ხარისხი – უვნებელი სურსათის იმ მახასიათებლების ერთობლიობა, რომელიც დაკავშირებულია საბოლოო მომხმარებლის ეკონომიკურ ინტერესებთან”. თუ ვინაა დღეს ჩვენში “საბოლოო მომხმარებელი” და ვისი “ეკონომიკური ინტერესებია” შელანძღული უხარისხო სურსათით – ცნობილია.
ამის შემდეგ შიდა ბაზრის “მრავალფეროვნების გათვალისწინებაზე” უკვე ლაპარაკიც ზედმეტია. რაც შეეხება მე-2 მუხლის I პუნქტის ზ) ქვეპუნქტს, როცა “სამსახურის” ქმედება შეზღუდულია და კანონის მთლიანი მოთხოვნაც აღარ არსებობს, მისი “გატარების ზოგადი წესები” ვიღას უნდა? გამოდის, რომ კანონი მართლაც ზოგადი ხასიათისაა, ის არც არავის არაფერს ავალდებულებს და არც არავის არაფერს არ თხოვს. მაგრამ, როცა “სამსახური” შეჩერებულია, ვის ევალება “სასურსათო უსაფრთხოების” ან “სურსათის უვნებლობის” დაცვა? საჭიროა მოსახლეობის უზრუნველყოფა სურსათის ისეთი მარაგით და მისი შეძენის ისეთი სურვილით, უნარით და საშუალებით, რომ მოქალაქე არ შიმშილობდეს. ზოგადად “სახელმწიფოს” ხსენება მართებულია, რადგან სწორედ ამას მიუთითებს ევროსაბჭოს 365-ე დირექტივა, მაგრამ კერძოდ ვინ ან რომელი სტრუქტურა? აქ ალბათ, ისევ თვით მოქალაქე უნდა იყოს დაინტერესებული, მაგრამ საზოგადოება იმიტომ ქმნის კონსტიტუციას და კანონებს, რომ ყველაფერი იყოს განსაზღვრული – უფლებებიც და მოვალეობებიც. ჩვენთან კი დაზუსტებული არ არის, თუ ვინ წარმოადგენს ამ საკითხებში სახელმწიფოს: შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო – არა! მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციები, ფედერაციები, კავშირები და საზოგადოებები მხოლოდ ინფორმაციებს აგროვებენ ფალსიფიცირებული პროდუქციის ჩამონათვალზე. რას აკეთებენ პროფკავშირები საერთოდ გაუგებარია. ამ დროს ჩვენ, მომხმარებლებმა რა ვქნათ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ვის ევალება? ჩვენთან ხომ მყიდველს აქვს მხოლოდ გადამხდელის უფლება და არ გააჩნია მომხმარებლის უფლება. თუმცა არსებობს საქართველოს კანონი “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ”.
არსებობს ევროპის პარლამენტისა და საბჭოს რეგულაციების (EC) # 178/2002 მოთხოვნების დირექტივები @# 89/397 “სახელმწიფო კონტროლის შესახებ” და “დამატებითი ზომების შესახებ”. როგორც ეს დოკუმენტები მიუთითებს, ევროპის ქვეყნებში ( და არა მარტო ევროპის) არსებობს სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი. ამის შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, გერმანული Gთძ-ის მონაცემებით, მოსახლეობის ყოველ 10 ათას კაცზე მოდიოდა სურსათის 60 გამოკვლევა. აქედან 50% ტარდებოდა თვით მწარმოებლის მიერ, დანარჩენი 50% კი – სურსათის მაკონტროლებელი უწყების მიერ. აქვე საყურადღებოა სურსათის სახეობების მიხედვით სინჯების აღების დანაწევრება: ხორცი და ხორცეული – 18%, რძე და რძის ნაწარმი – 12%, ხილის, ბოსტნეულის, კარტოფილის და ა.შ. ნაწარმი – 8% და ასე სურსათის სხვა სახეობები.
როგორც აღვნიშნე, წარმოდგენილი კანონის მიმართ მაქვს 30-მდე შენიშვნა, რომლებიც ცალკე განსჯის საგანია და ამიტომ მოცემულ სტატიას არ გადავტვირთავ. მიმაჩნია, რომ კანონი საფუძვლიანად უნდა გადამუშავდეს და დაინტერესებულ მხარეს შემიძლია წარვუდგინო ჩემი მოსაზრებები,
რაც შეეხება მომხმარებელთა უფლებების დაცვას, ურიგო არ იქნება ერთხელ კიდევ გადავხედოთ მნიშვნელოვან დოკუმენტს – “გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახელმძღვანელო პრინციპები მომხმარებელთა ინტერესების დაცვისათვის” (გაფართოებულია 1999 წელს. ნიუ-იორკი. 2003 წ.), სადაც თვალსაჩინოდ არის განმარტებული ურთიერთვალდებულებები ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. კერძოდ, მის 57-ე პუნქტში ნათქვამია: “ხელისუფლება მუდმივად უნდა ასრულებდეს, ანვითარებდეს ან აუმჯობესებდეს სასურსათო უსაფრთხოების ზომებს, კერძოდ, უსაფრთხოების კრიტერიუმების, სასურსათო ნორმების და ყუათიანობის მოთხოვნების ჩათვლით, აგრეთვე კონტროლის, ინსპექტირების და შეფასების ეფექტურ მექანიზმებს”.
იმის განსჯა, თუ როგორ სრულდება ეს მოთხოვნები ჩვენს ქვეყანაში, თქვენთვის მომინდვია.