სტრატეგიული ამოცანა საქართველში ბუნებრივი მონოპოლიების რეგულირების ათი წლისთავის გამო
რედაქციისაგან
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) 2007 წლის აგვისტოში არსებობიდან 10 წელი შეუსრულდა. თავდაპირველად იგი ელექტროენერგეტიკას არეგულირებდა, ხოლო 1999 წლის აპრილიდან მას დამატებით ბუნებრივი გაზის რეგულირების ფუნქციაც მიენიჭა. 2007 წლის 20 ნოემბერს კი საქართველოს პარლამენტმა “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში შეიტანა დამატებები და ცვლილებები, რომელთა მიხედვით კომისიას კიდევ ერთი ფუნქცია – წყალმომარაგების რეგულირების მოვალეობა დაეკისრა.
ამჯერად მას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ეწოდება. ქვემოთ გთავაზობთ სემეკ-ის პირველი შემადგენლობის წევრის, ამჟამად კომისიის თავმჯდომარის მრჩევლის, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ დემურ ჩომახიძის წერილს აღნიშნულ თემაზე.
ბუნებრივი მონოპოლიების დარგებში მარეგულირებელი
ორგანოს საჭიროების შესახებ
კომისიის შექმნის პირველ წლებში და შემდგომაც ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს საეჭვოდ მიაჩნდა მარეგულირებელი ორგანოს საჭიროება. ამ აზრს კი ახლა იშვიათად თუ გაიგონებთ. დრომ დაადასტურა მიღებული გადაწყვეტილების სისწორე.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ თავისი მომავალი საბაზრო ეკონომიკას დაუკავშირა. ბაზარი კი ისეთი ეკონომიკური ურთიერთობაა, რომელიც დაკავშირებულია საქონლისა და მომსახურების გაცვლასთან. მის საფუძველზე ყალიბდება მოთხოვნა, მიწოდება და ფასი. ბაზრები სხვადასხვაგვარია. კონკურენტულ ბაზარზე, როგორც წესი, მრავალი მყიდველი და გამყიდველია. ამის გამო თითოეულ მათგანს არ შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს პროდუქციის ფასზე. მაგრამ მეტწილად არის ბაზრები, სადაც კონკურენცია სრულყოფილი არ არის. ზოგიერთ ბაზარზე კი, სულაც მხოლოდ ერთი გამყიდველია და სწორედ ის აწესებს ფასს. ასეთ ბაზარს მონოპოლიურ ბაზარს, ხოლო გამყიდველს მონოპოლისტს უწოდებენ. არსებობენ ბუნებრივი და ხელოვნური მონოპოლიები.
ენერგეტიკა და წყალმომარაგება ბუნებრივი მონოპოლიების დარგებია. ცნობილია, რომ დარგი ბუნებრივი მონოპოლიაა, თუ ერთ ფირმას შეუძლია ბაზარზე საქონლის მიწოდება უფრო მცირე დანახარჯებით, ვიდრე ორს ან მეტს. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, ბუნებრივი მონოპოლიების არსებობის დროს ბაზარზე პროდუქციის ერთი მიმწოდებლის საქმიანობა უფრო ეფექტიანია, ვიდრე რამდენიმე მიმწოდებლისა. ხელოვნურისგან განსხვავებით, ბუნებრივი მონოპოლია ბუნებრივად, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ყალიბდება. ამას მის მიერ წარმოებული პროდუქცია ან მომსახურების ბუნება განაპირობებს.
დემოკრატიულ ქვეყნებში არსებული პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ბუნებრივ მონოპოლიას მიეკუთვნება ეკონომიკის ის დარგი ან დარგის ნაწილი, სადაც კონკურენცია ან საერთოდ არ არსებობს, ან გარკვეულწილად შეზღუდულია.
ხელოვნური მონოპოლიის წარმოქმნა კი ეწინააღმდეგება ანტიმონოპოლურ კანონმდებლობას და შეეხება ეკონომიკის დარგების ცალკეულ საწარმოებს, რომლებიც ცდილობენ კონკურენტუნარიან ბაზარზე მიიღონ მონოპოლიური მდგომარეობა და ამით უკარნახონ მომხმარებელს თავიანთი პირობები, მათ შორის ფასების დონეები.
ბუნებრივი მონოპოლიების რეგულირება და ხელოვნური მონოპოლიების არწარმოქმნის კონტროლი ძირეულად განსხვავდება ერთმანეთისაგან. პირველი მოითხოვს რეგულირებას და ამ მიზნით სპეციალიზებული მარეგულირებელი ორგანოს შექმნას, ხოლო მეორე – კონტროლს, რომელიც შეიძლება შეასრულოს სახელმწიფო არასპეციალიზებულმა, მათ შორის ადმინისტრაციულმა ორგანომ.
მონოპოლიურ სიტუაციაში შეთავაზებული პროდუქციის მოცულობა მოთხოვნაზე ბევრად ნაკლებია. ეს ხელს უწყობს მონოპოლისტ კომპანიას დააწესოს პროდუქციის თვითღირებულებაზე ბევრად მაღალი ფასი და მიიღოს იმაზე ბევრად დიდი მოგება, რაც შესაძლებელი იქნებოდა კონკურენტული ბაზრის პირობებში. საბოლოოდ კი ცხადია, ეს უარყოფითად აისახება საზოგადოებრივი ცხოვრების დონეზე.
რამდენადაც ელექტროენერგიით, ბუნებრივი გაზით და წყალმომარაგებით საიმედო და ხარისხიანი უზრუნველყოფა საზოგადოებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, მას სახელმწიფოს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ამ საქმის მხოლოდ საბაზრო ურთიერთობათა იმედზე მიტოვება არ შეიძლება. ამას განაპირობებს ის გარემოება, რომ ბაზარს ბევრ დადებით მხარესთან ერთად ერთი მნიშვნელოვანი ნაკლიც აქვს – იგი მეტისმეტად არაორგანიზებულია. ამ დროს საჭიროა ბაზრის ე.წ. “უხილავ ხელს” სახელმწიფოს “ხილული ხელი” შეეშველოს, ანუ სახელმწიფომ დარგის განვითარება დაარეგულიროს.
ბუნებრივი მონოპოლიის რეგულირება სახელმწიფოს მხრიდან ისეთი საქმიანობაა, რომელიც მიმართულია მონოპოლიზაციის უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად და მომხმარებელთა დასაცავად. ენერგეტიკაში და წყალმომარაგებაში, ისე როგორც ბუნებრივი მონოპოლიის სხვა დარგებში, რეგულირების დანიშნულებაა ქცევის ისეთი წესების შექმნა და განხორციელება, რომელიც მაქსიმალურად მიახლოებულია საბაზრო ურთიერთობებთან. ამავე დროს რეგულირების ფორმა და მექანიზმი უნდა ითვალისწინებდეს როგორც მომხმარებელთა, ისე მწარმოებელთა ინტერესებს.
მარეგულირებელ კომისიას სახელმწიფო ქმნის იმ დარგებსა და სფეროებში, სადაც არსებობს მონოპოლიის განსაკუთრებული სახეობა – ბუნებრივი მონოპოლია, რომლის არსებობა საზოგადოებისათვის ან ხელსაყრელია (უპირატესად იმის გამო, რომ ამით მიიღწევა რესურსების დაზოგვა) ან – გარდაუვალი (მისი დაშლა შეუძლებელია ან საზიანო). თუ მონოპოლიის საქმიანობა სახელმწიფომ არ დაარეგულირა, იგი გამოიყენებს თავის ეკონომიკურ ძალას ბაზარზე ზემოქმედებისათვის – შეზღუდული ოდენობით მიაწვდის მომხმარებელს პროდუქციას, დააწესებს ამ პროდუქციაზე მაღალ ფასს და მიიღებს ხელოვნურად გადიდებულ მოგებას. ყოველივე ამით იგი დააზარალებს საზოგადოებას.
ერთ-ერთი პირველი და ძირითადი რეგულირების სფეროში მარეგულირებელ ორგანოთა დამოუკიდებლობის საკითხია. მარეგულირებელი ორგანო დამოუკიდებელი უნდა იყოს იმათთაგან, ვის რეგულირებასაც იგი ახორციელებს, დაცული უნდა იყოს პოლიტიკური ზეგავლენისაგან. მას უნდა გააჩნდეს სრული უფლებამოსილება – არეგულიროს კანონის შესაბამისად მისი რეგულირების არეალში მოქცეული დარგები.
მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობის პრინციპი აუცილებელი ელემენტია რეგულირების ობიექტებში ნდობის მოსაპოვებლად. ეს ნდობა წარმოიქმნება, თუკი მის მიერ გადაწყვეტილებების მიღება მოხდება არა პოლიტიკური ინტერესების გამო, არამედ საბაზრო პრინციპებიდან გამომდინარე.
მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობა წარმატებული რეგულირების საფუძველია. დამოუკიდებელ მარეგულირებლებს მეტი შესაძლებლობა აქვთ აღკვეთონ რეგულირებადი საწარმოების, ხელისუფლების ორგანოების, სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების შესაძლო “ჩარევა” მარეგულირებელი კომისიების საქმიანობაში, მათთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. დარგში არ უნდა დაირღვეს ის ინტერესთა ბალანსი, რომელიც უნდა არსებობდეს პროდუქციის მიმწოდებლებსა და მომხმარებელთა ურთიერთობაში.
მსოფლიოში დიდი ხანია აღიარებულია, რომ დამოუკიდებელი რეგულირების დროს ინვესტორები გაცილებით მოხერხებულად გრძნობენ თავს, ვიდრე სახელმწიფო აღმასრულებელ ორგანოებთან ურთიერთობების დროს. დამოუკიდებელი რეგულირებისას მეტია სტაბილურობა და წინდახედულება საქმიანობასა და ურთიერთობებში, უფრო მაღალია პროფესიონალიზმი და საჯაროობა. ყოველივე ეს უზრუნველყოფს სამართლიანი ტარიფების დადგენას, პოტენციური ინვესტორების მიმართ ობიექტურ მოქცევას და, საბოლოო ჯამში, უკეთესი შედეგების მიღებას, რაც თავის მხრივ კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს დარგის განვითარების ტემპებსა და მასშტაბებზე, დარგში მიმდინარე მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესზე და ქვეყნის განვითარების დონეზე.
დამოუკიდებელი რეგულირება ფასების დადგენის დროს საზოგადოებას მაქსიმალურად პრივილეგირებულს ხდის მეწარმეთა ინტერესების შეულახავად და მინიმალურ გადასახადებს აწესებს კონკურენციის არარსებობის პირობებში. კონკურენტუნარიანი ბაზრის მსგავსად, პროდუქცია მიეწოდება მხოლოდ იმ მომხმარებელს, რომელსაც სურს და შეუძლია მომსახურების საფასურის გადახდა; სამაგიეროდ, ამ შემთხვევაში მისი ფასები უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე მონოპოლიის, ან კონკურენციის არსებობის სხვა ალტერნატივების დროს.
ცხადია, მარეგულირებელი კომისიის დამოუკიდებლობა სრულიადაც არ ნიშნავს მის იზოლირებას ქვეყნის საერთო ინტერესებიდან. პირიქით, “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, კომისია ვალდებულია თავის საქმიანობაში გაითვალისწინოს სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები ენერგეტიკის, ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკის, ბუნების დაცვისა და სხვა სფეროებში. ბუნებრივია, სახელმწიფო ორგანიზაცია ცალკე არ უნდა იყოს ქვეყანაში გასატარებელი პოლიტიკისაგან. დიდი მნიშვნელობა აქვს იმის გაცნობიერებას, რომ მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობა საჭიროა არა ხელისუფლების მოსაზრებებსა და ქვეყნის განვითარების სტრატეგიასთან შეუსაბამო გადაწყვეტილების მისაღებად, არამედ ბაზრის ეფექტიანი და სამართლიანი რეგულირების განსახორციელებლად. რეგულირების ეფექტიანობა განისაზღვრება არა მარეგულირებლის გამიჯვნის ხარისხით პოლიტიკის შემქმნელისაგან, არამედ ბაზარზე მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებით, ფასების გონივრულობითა და, საბოლოო ჯამში, მოსახლეობისა და ქვეყნის მოთხოვნების დაკმაყოფილების ხარისხის ამაღლებით.
დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების ჩამოყალიბება და მათი სრული ლეგიტიმიზაციის ხელშეწყობა საშუალებას აძლევს ხელისუფლებას თავი აარიდოს ეკონომიკურად გაუმართლებელი გადაწყვეტილებების მიღებას და პასუხისმგებლობა მარეგულირებელ ორგანოს დააკისროს. სწორედ აღნიშნული გზა აირჩია ძალიან ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ (იტალია, საფრანგეთი, აშშ, ინგლისი და ა.შ.), სადაც შესაბამისი დარგები, მაგალითად, ენერგოსისტემები საკმაოდ წარმატებულად ფუნქციონირებს და ყოველგვარი სოციალურად დაძაბული ფონის გარეშე ვითარდება.
რეგულირების აუცილებლობას კიდევ უფრო ზრდის ის გარემოება, რომ ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი და წყალი განსაკუთრებული სახის პროდუქციაა. ისინი საყოველთაო გამოყენებისა და რთულად ჩანაცვლებადია. განსაკუთრებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისინი დაბალშემოსავლიანი ოჯახებისათვის, რომელთა ბიუჯეტის დიდი ნაწილი მათ მოხმარებაზე იხარჯება.
აქედან გამომდინარე, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ოპტიმალური რეგულირება წარმოადგენს ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის კომპლექსურ ამოცანას.
საერთაშორისო გამოცდილება
საზღვარგარეთ ბუნებრივი მონოპოლიების რეგულირებას საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს. დამოუკიდებელი რეგულირების პიონერ ქვეყანად ამერიკის შეერთებული შტატები ითვლება. XIX საუკუნის ბოლოს ეს ქვეყანა უკვე დაწინაურდა თავისი საბაზრო სტრუქტურების განვითარებით. გაძლიერდნენ მონოპოლიებიც. კონკურენცია რომ არ დასუსტებულიყო, სახელმწიფომ საჭიროდ მიიჩნია ეკონომიკის ანტიმონოპოლიური რეგულირება, მიიღო მსოფლიოში პირველი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა. მალევე შეიქმნა მარეგულირებელი კომისიებიც. ისინი იმთავითვე იყვნენ დამოუკიდებელნი, რაც მათ აძლევდა და დღესაც აძლევს პოლიტიკური ზემოქმედების თავიდან აცილების, საქმის ეფექტიანი, არაბიუროკრატიზებული გაძღოლის შესაძლებლობას. სახელმწიფო განუსაზღვრავს მას უფლება-მოვალეობებს, ხოლო თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ისინი დამოუკიდებლად უძღვებიან საქმეს.
აშშ-ის მსგავსად ბუნებრივი მონოპოლიების მარეგულირებელი კომისიები სულ მალე გავრცელდა სხვა ქვეყნებში, თუმცა ბევრგან ისინი მოგვიანებით შეიქმნა, მათ შორის – დიდ ბრიტანეთში, არგენტინაში, ნორვეგიაში, შვედეთში და ა.შ. დღეისათვის მარეგულირებელი კომისიები პოსტსოციალისტური ქვეყნების დიდ ნაწილში მოქმედებენ.
ნიშანდობლივია, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან მარეგულირებელი კომისიები ჯერ-ჯერობით არ არსებობს მხოლოდ ბელორუსში, თურქმენეთში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში.
მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყნების – იტალიის, გერმანიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის და უელსის ენერგეტიკის რეგულირების მოდელების ანალიზმა ცალსახად დაადასტურა დარგის რეგულირების აუცილებლობა. პრაქტიკამ აჩვენა, რომ საუკეთესო შედეგები მიიღწევა იქ, სადაც ბაზრის “უხილავ ხელს” შიგადაშიგ სახელმწიფოს “ხილული ხელი” შეეშველება.
განხილულ ქვეყნებს შორის ენერგეტიკის რეგულირებაში ერთ-ერთი წარმატებულია დიდი ბრიტანეთი და უელსი. გარდა ამისა, ამ ქვეყნებისთვისაც სრულყოფილი კონკურენციული გარემოს ჩამოყალიბება მეტად რთული პრობლემა აღმოჩნდა, რადგან კომპანიები გამუდმებით “ბუნებრივად” მიისწრაფიან ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობის მოსაპოვებლად. მართალია, აქ მოხერხდა გენერაციის სექტორის გამოყვანა რეგულირების სფეროდან, მაგრამ შეუძლებელი გახდა მიწოდებისა და დისტრიბუციის სრული განცალკევება. ამის გამო აუცილებელი გახდა პრივატიზებული და რესტრუქტურიზებული ბუნებრივი მონოპოლიის მუდმივი კონტროლი და რეგულირება. დასკვნა ერთია: ბაზრის სტრუქტურის ცვლილების შესაბამისად უნდა იცვლებოდეს რეგულირების წესები და მეთოდები. ბრიტანულმა მაგალითმა ცხადყო, რომ, ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფოს წილის შემცირების პარალელურად გაიზარდა პრივატიზებული სექტორის დეტალური და მკაცრი რეგულირების აუცილებლობა.
სახელმწიფოს “ხილული ხელის” ჩარევის საჭიროება სხვადასხვა ზომით გამოვლინდა იტალიის, გერმანიისა და იაპონიის ენერგეტიკულ სექტორებში.
იტალიის ენერგეტიკა ევროპულ ქვეყნებში ერთ-ერთი ყველაზე სუსტად ლიბერალიზებულია, მაგრამ საწყის ეტაპთან შედარებით ამ მხრივ აქაც მნიშვნელოვანი წარმატებები იქნა მოპოვებული. მოხდა ქვეყნის უმსხვილესი ბუნებრივი მონოპოლიის ENEL-ის ნაწილობრივი პრივატიზება და რესტრუქტურიზაცია, დარგში განხორციელდა შესაბამისი გარდაქმნები. მაგრამ ENEL-ის ჯერ-ჯერობით მონოპოლიური მდგომარეობა და, შესაბამისად, კონკურენციის განვითარების საჭიროება, ქვეყანაში რეგულირების აუცილებლობაზე მიუთითებს.
გერმანიის ენერგეტიკული სისტემის რეგულირება კარგა ხანს სპეციალიზებული მარეგულირებელი ორგანოს გარეშე ხორციელდებოდა. მაგრამ ეს “ხარვეზი” კარგად იყო შევსებული შესაბამისი კანონმდებლობისა და “ენერგეტიკულ ასოციაციათა შეთანხმების” საფუძველზე. მაგრამ ქვეყანაში 2005 წლის მეორე ნახევარში ამოქმედდა ახალი კანონი ენერგეტიკის შესახებ, რომელმაც დარგის გარკვეულ სფეროებში რეგულირება შემოიღო. ამ მაგალითით თვალსაჩინოა, რომ ბუნებრივი მონოპოლიები საბოლოო ჯამში რეგულირებას საჭიროებენ, ხოლო თეორია მათი სრული დერეგულირების შესახებ ჯერ-ჯერობით ვერ ამართლებს განვითარებულ ქვეყნებშიც კი.
შედარებით განსხვავებული მდგომარეობაა იაპონიაში. ეს ქვეყანა, რომელიც ენერგორესურსებით ღარიბი ქვეყანაა და თითქმის მთლიანად დამოკიდებულია იმპორტზე, ბოლო 25 წელია სტაბილური ენერგოუზრუნველყოფით გამოირჩევა. ეს ამ ქვეყნის მთავრობის მთავარი პრიორიტეტია. აქ ელექტროენერგეტიკული სექტორი რეგულირდება ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ, რომელიც გასცემს ლიცენზიებს და არეგულირებს ტარიფებს. კომპანიები კი ვერტიკალურად ინტეგრირებულები არიან.
ზემოთ ნათქვამი იმაზე მიუთითებს, რომ თითოეულ ქვეყანას თავის სპეციფიკა, თავისებურებები აქვს, რომლებიც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ენერგეტიკის რეგულირების დროს. წარმატება ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მარტივი და შესასრულებლად იოლი მოდელი იქნება ამ მიზნით არჩეული.
საერთოდ მსოფლიო გამოცდილების შესწავლა გვიჩვენებს, რომ მარეგულირებელი ორგანოების შექმნა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია დარგის განვითარების რთულ გზაზე, კერძოდ:
1. ამ ღონისძიებების განხორციელებით გაცილებით უკეთესი შესაძლებლობები იქმნება სექტორში არსებული პრობლემების გამოვლენისა და გადაჭრისათვის. კერძოდ, საფუძველი ეყრება მის თვითდაფინანსებას, მაღლდება მომსახურების საფასურის გადახდის შესაძლებლობა, სტიმულირდება კერძო ინვესტიციების განხორციელება, წესდება გამოკვეთილი და სამართლიანი თამაშის წესები სექტორში შემავალი ყველა სუბიექტისათვის;
2. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების შექმნით დარგი თავს იზღვევს პოლიტიკური ჩარევისაგან. კერძოდ, ასეთი ზეწოლისგან უკეთ იქნება დაზღვეული ტარიფები, აგრეთვე დარგში განსახორციელებელი სხვა ხასიათის რეგულირება;
3. ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ხდება (ცალკევება) სახელმწიფოს კომერციული და მარეგულირებელი ფუნქციები;
4. ასეთი სამსახურის შექმნით და ეფექტიანი ფუნქციონირებით იქმნება ქვეყნის საერთაშორისო ორგანიზაციებში ინტეგრირების ხელსაყრელი პირობები, იზრდება მათგან მეტი დახმარების შესაძლებლობა.
კომისიის მოღვაწეობის ძირითადი შედეგები
კომისია უკვე 10 წელზე მეტია არსებობს და, შეიძლება ითქვას, საქართველოში ბუნებრივი მონოპოლიების სახელმწიფო რეგულირების ნაცადი ინსტიტუტია. იგი პირველი მარეგულირებელი ორგანოა ჩვენს ქვეყანაში. აქ არსებული გამოცდილების საფუძველზე შეიქმნა შემდეგომში კომუნიკაციების და სხვა მარეგულირებელი კომისიები.
კომისია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით; ჰყავს აღმასრულებელი აპარატი, დარგობრივი, იურიდიული, ეკონომიკური, საინფორმაციო-მეთოდოლოგიური, საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტები, მომსახურე პერსონალი. კომისიასთან ფუნქციონირებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური. მას საერთაშორისო ავტორიტეტი აქვს. 2000 წლის დეკემბრიდან იგი ერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრია ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანოების რეგიონული ასოციაციისა, სადაც გაერთიანებულია დაახლოებით 30 სახელმწიფო.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კომისიის შენახვის ხარჯები ტვირთად არ აწევს სახელმწიფო ბიუჯეტს. იგი ფინანსდება ლიცენზიატების შემოსავლებიდან, თუმცა ამას არ შეიძლება პრაქტიკულად გავლენა ჰქონდეს მათი და კომისიის ურთიერთობაზე. მოქმედი კანონმდებლობით კომისიის გადაწყვეტილებები მიიღება საჯაროდ ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, ხოლო კანონის დარღვევის შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.
განვლილ პერიოდში ცხადად გამოჩნდა დარგობრივი პროფესიული მარეგულირებელი ორგანოს არსებობის უპირატესობა ცენტრალიზებული მართვის, კონტროლისა და რეგულირების პრინციპებთან შედარებით.
აღნიშნულ პერიოდში კომისიას საშუალება მიეცა კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში პირველად საქართველოს ისტორიაში აემოქმედებინა ისეთი მნიშვნელოვანი ნორმატიული აქტები, როგორიცაა: ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში ყველა საფეხურის ტარიფების დადგენის და რეგულირების მეთოდოლოგიები; სალიცენზიო და სატარიფო განაცხადების მიღებისა და განხილვის წესები; ლიცენზიების გაცემის, მოდიფიცირების, შეჩერებისა და გაუქმების წესები და პირობები; სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესები; ელექტროენერგიის ბაზრის წესები; ელექტროენერგიის მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის პირდაპირი ხელშეკრულების რეგულირების წესები; ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები; აღურიცხავი ელექტროენერგიის დარიცხვის მეთოდიკა და ფიქსირებული გადასახადის მიხედვით მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის წესი და მრავალი სხვა.
კომისიამ აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ენერგეტიკაში ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში, ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ჩამოყალიბებაში, დარგში კონკურენციის განვითარებაში და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დანერგვაში.
ქვეყანაში ბუნებრივი მონოპოლიების მარეგულირებელი ორგანოს ფუნქციონირების აუცილებლობის შესახებ ნათლად მიუთითებს ის გარემოება, რომ ახლა საქართველოში საშუალო საცალო ფასები თავისუფალ ბაზარზე გაცილებით სწრაფად იზრდება, ვიდრე რეგულირებად პროდუქციაზე. საკმარისია ითქვას, რომ 2000-2005 წლებში თბილისში ტარიფი ელექტროენერგიაზე გაიზარდა 23,2%-ით, ბუნებრივ გაზზე – 8%-ით, მაშინ, როცა ამავე პერიოდში ქვეყანაში საშუალო საცალო ფასებმა მოიმატა პურზე 35,7%-ით, ღორის ხორცზე – 77,4%-ით, ძროხის ხორცზე – 58%-ით, კვერცხზე – 46,4%-ით, ბენზინზე – 26,8%-ით, ნავთზე – 54,9%-ით, თხევად გაზზე – 35,7%-ით და ა.შ.
კომისიის არარსებობის შემთხვევაში დარგში დამკვიდრდებოდა არასტაბილურობა და ქაოსი, მწარმოებელთა და მომხმარებელთა უკმაყოფილება, ენერგეტიკულ სტრუქტურებს შორის უფლება-მოვალეობათა, აგრეთვე მესაკუთრის ოპერატიულ-სამეურნეო და მარეგულირებელ ფუნქციათა აღრევა; შემცირდებოდა კაპიტალის ნაკადი ენერგეტიკული რესურსების შეძენისა და დარგში ინვესტიციების განხორციელებისათვის, დაეცემოდა სამართლიანობის რწმენა. სახელმწიფო რეგულირების გარეშე ტარიფის ზრდა გაცილებით დიდი იქნებოდა, ქვეყანაში ენერგიის მწვავე დეფიციტს ბაზარი უთუოდ უპასუხებდა ტარიფის უფრო მკვეთრი მატებით, უფრო ძნელი იქნებოდა მაღალი ტარიფისაკენ კომპანიათა სწრაფვის მოთოკვა.
ახალი ამოცანები
თანამედროვე ეტაპზე კომისიის წინაშე ახალი ამოცანები დგას. უკვე დღის წესრიგში დადგა წყალმომარაგების რეგულირების საჭიროება. საქართველოს პარლამენტმა 2007 წლის 20 ნოემბერს მორიგი “ცვლილებები და დამატებები” შეიტანა “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში. მიღებული გადაწყვეტილებით კომისიას დაეკისრა აგრეთვე ტარიფების დადგენის ფუნქცია წყალმომარაგებაში. ამ მიზნით უკვე 2008 წლის 1 სექტემბრამდე დამტკიცებულ უნდა იქნა შესაბამისი სატარიფო მეთოდოლოგია.
კომისიის მიერ შემუშავებულმა სატარიფო სისტემამ უნდა შექმნას წყალმომარაგებაში ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო, რომელიც უზრუნველყოფს დარგის არა მარტო აღდგენას, არამედ მის პერსპექტიულ განვითარებასაც.
წყალმომარაგების სექტორის რეგულირების ფუნქციის შეძენით მნიშვნელოვნად იზრდება კომისიის სამუშაოთა მოცულობა. როგორც ცნობილია, მის წილად მოდის საქართველოს მრეწველობაში შექმნილი მთელი პროდუქციის დაახლოებით 2%.
ამჟამად საქართველოს წყალმომარაგებას ემსახურება დაახლოებით 80 საწარმო, სადაც მუშაობს 5,5 ათასი კაცი და თავმოყრილია თითქმის 200 მლნ ლარის ღირებულების ძირითადი კაპიტალი. დარგის მიერ წარმოებული პროდუქცია ღირებულებით გამოსახულებაში შეადგენს 110 მლნ ლარს, ხოლო ნატურალურ ერთეულებში – 428,1 მლნ კბმ-ს.
საერთოდ, კომისიის რეგულირების სფეროში შესულ საწარმოთა საერთო რაოდენობა ბოლო მონაცემებით შეადგენს 176-ს, დასაქმებულთა რაოდენობა – 24,8 ათას კაცს, წარმოებული პროდუქციის მოცულობა – 603,3 მლნ ლარს და ძირითადი კაპიტალის ღირებულება – 1,3 მლრდ ლარს.
კომისიის წარმატებულ საქმიანობაზე დიდად იქნება დამოკიდებული არა მარტო ამ მნიშვნელოვანი სფეროების, არამედ მთლიანად ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების ეფექტიანი განხორციელების მომავალი. წყალმომარაგებასთან ერთად ეხლა გადასაწყვეტია მთელი რიგი სხვა პრობლემები ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სექტორშიც. კანონის შესაბამისად უნდა დაიხვეწოს არსებული ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა. უნდა გადამუშავდეს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები, განხორციელდეს სამუშაოები დარგის რეგულირების რაციონალიზაციისა და სატარიფო მეთოდოლოგიების სრულყოფისათვის, დარგში ლიბერალური და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებისათვის. კომისიის საქმიანობის პრიორიტეტი იქნება სექტორის საფინანსო მდგომარეობის გაუმჯობესება, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, ლიცენზიატების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულება, გამანაწილებელი კომპანიების მიერ მომხმარებელთა ელექტრომომარაგების საიმედოობის მონიტორინგი და, შესაბამისად, კანონით მინიჭებული უფლებებისა და ფუნქციების მაქსიმალურად უკეთ განხორციელება.