მსოფლიო ეკონომიკა რუსეთის ექსპანსიის წინაშე
მოამზადა ეკა წირღვავამ
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მიმდინარე წელს უკვე მეორეჯერ შეამცირა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის 2008 წლის პროგნოზი. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თუ ეს პროგნოზი გამართლდა, მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპები 2002 წლის მაჩვენებელს გაუტოლდება, როცა მსოფლიო მშპ 3,1%-ს შეადგენდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზებით, მიმდინარე წელს მსოფლიო ეკონომიკა მხოლოდ 3,1%-ით გაიზრდება.
ფონდი დარწმუნებულია, რომ მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკა რეცესიის ზოლში ჯერ კიდევ არ შესულა და აშშ-ის ეკონომიკის ზრდა 2008 წელს 0,5% იქნება, რაც ადრე გაკეთებულ პროგნოზზე – 1,5%-ზე ნაკლებია. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ევროზონის ეკონომიკის ზრდის პროგნოზიც 1,8%-დან 1,5%-მდე შეამცირა, რადგან მსოფლიო ეკონომიკის სუსტმა ზრდამ შესაძლოა შეამციროს ექსპორტის მოცულობა, ხოლო ენერგორესურსებისა და საკვები პროდუქტების მზარდი ფასები მთელ მსოფლიოში ინფლაციის ზრდას გამოიწვევს.
უმსხვილესი ევროპული ეკონომიკის – გერმანიის ზრდის ტემპი 2,5%-დან 1,2%-მდე შემცირდება. ფონდის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ კრიზისი ფაქტიურად არ მოახდენს ზეგავლენას რუსეთის, ინდოეთის, ბრაზილიისა და ჩინეთის ეკონომიკებზე. ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპები 11,5%-დან 9,3%-მდე შემცირდება. იაპონიის მშპ 1,4%-ით გაიზრდება, ხოლო მთლიანად აზია-წყნარი ოკეანის რეგიონებისა (იაპონიის გამოკლებით) – 7,6%-ით.
აშშ-ის ეკონომიკა
აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის მშპ 2008 წლის I კვარტალში 0,6%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის მხოლოდ 0,3%-იან ზრდას ვარაუდობდნენ. მოცემულ პერიოდში ქვეყნის მშპ-ის ზრდა ძირითადად განაპირობა მომსახურებაზე სამომხმარებლო ხარჯების გადიდებამ, სასაქონლო-მატერიალურ მარაგებში კერძო ინვესტიციებმა, საქონლისა და მომსახურების ექსპორტის გაზრდამ და ფედერალური ხელისუფლების ხარჯების გადიდებამ.
2008 წლის I კვარტლის მონაცემებით, აშშ-ში სამრეწველო წარმოება წლიური გამოთვლებით 0,1%-ით შემცირდა. ძირითადი ფასები, ელექტროენერგიისა და საკვები პროდუქტების ფასების გამოკლებით, 0,2%-ით გაიზარდა. სამომხმარებლო ფასების ზრდა გამოიწვია საკვებ პროდუქტებსა და ბენზინზე ხარჯების გადიდებამ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკელების ხარჯები სხვა საქონელზე შემცირდა. ინფლაცია, უძრავ ქონებაზე ფასების ვარდნასა და უმუშევრობის ზრდასთან ერთად, სამომხმარებლო ხარჯების შემცირებას იწვევს, რამაც შესაძლოა ეკონომიკაში არსებული პრობლემები კიდევ უფრო გაამწვავოს.
აშშ-ის სავაჭრო ბალანსის დეფიციტი 5,7%-ით გაიზარდა და 62,3 მლრდ დოლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლის ზრდა გამოიწვია უცხოური ავტომანქანების იმპორტის მატებამ. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, დოლარის კურსის ვარდნა სხვა მსოფლიო ვალუტებთან მიმართებაში სავაჭრო ბალანსის 57,5 მლრდ დოლარამდე შემცირების იმედს იძლეოდა, თუმცა ყველა პროგნოზის მიუხედავად, ეს არ მოხდა. ნათელია, რომ აშშ-ის ეკონომიკას ამჟამად ცუდი პერიოდი უდგას, თუმცა ქვეყნის ეკონომიკური ვითარება არც ისე კატასტროფულია, როგორც ამას ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ რამდენიმე თვის წინ.
აპრილის ბოლოს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკის დღევანდელი ვითარების ძირითადი მიზებებია ენერგომატარებლებისა და საკვები პროდუქტების მაღალი ფასები, ასევე უძრავი ქონების ბაზრის არასტაბილურობა. ამასთან ჯ. ბუშმა დაადანაშაულა აშშ-ის კონგრესი იმაში, რომ ის არაფერს აკეთებს ვითარების გამოსწორებისათვის ეკონომიკური ზომების მისაღებად.
პრეზიდენტის აზრით, ქვეყანაში ეკონომიკური აქტიურობის სტიმულირებას ხელს შეუწყობს საშემოსავლო გადასახადის ნაწილობრივ დაბრუნება. ეს გეგმა ითვალისწინებს ამერიკის ეკონომიკის სტიმულირებისათვის 168 მლრდ დოლარის გამოყოფას.
აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა
მიმდინარე განაკვეთები: Fed funds = 2.00%
ბოლო ცვლილებები : 30.04.2008, -0.25%
სავარაუდო მონაცემები 2008 წლის ბოლოსათვის 2.00% / 2.00%
კომენტარები: 2008 წლის აპრილის სხდომაზე აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საბაზო განაკვეთი 0,25%-ით, ანუ 2,00%-მდე შეამცირა. მონეტარული პოლიტიკის შერბილება ისევ და ისევ საფინანსო ბაზრებზე ვითარების გაუარესებისა და ეკონომიკის ზრდის შენელების საპასუხო ნაბიჯია. საერთოდ, 2007 წლის აგვისტოდან აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საბაზო განაკვეთი 3,25%-ით შემცირდა, თუმცა ბაზარი ელოდება, რომ განაკვეთის შემცირების პერიოდი დასრულდა და წლის ბოლოსთვის საბაზო განაკვეთი შესაძლოა 0,25 %-ით, ანუ 2,25 %-მდე გაიზარდოს. ასეთი მოლოდინი ხელს უწყობს დოლარის მდგომარეობის გაუმჯობესებას სავალუტო ბაზარზე.
სავალუტო ბაზარი, აშშ დოლარის ინდექსი,
აშშ-ის მაკროეკონომიკური მაჩვენებელი
აშშ დოლარის ინდექსის დინამიკა ვალუტის შესყიდვის შედარებით დიდი მოცულობით გამოირჩეოდა. შესყიდვების მოცულობის გაზრდის მიზეზი გახდა საცალო გაყიდვების შესახებ მონაცემები, რომელიც ავტომობილების გაყიდვების გამოკლებით 0,2%-ით გაიზარდა.
ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საბაზო განაკვეთის მნიშვნელოვნად შემცირების მიუხედავად, აპრილის თვეში ინფლაცია 4%-დან 3,9%-მდე შემცირდა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ეკონომიკის ზრდის შენელება ასუსტებს ინფლაციურ ზეწოლას.
მეტად საყურადღებოა აშშ დოლარის ვარდნის ტენდენცია. ამერიკული ვალუტის კურსის აღდგენას ვერც სამშენებლო სექტორის დადებითმა მონაცემებმა უშველა, რომლის მიხედვითაც ბოლო თვის მანძილზე მნიშვნელოვნად გაიზარდა მშენებლობებზე გაცემული თანხმობების რაოდენობა.
ევროპის ქვეყნების ეკონომიკა
ევროპას ურთულესი პერიოდი დაუდგა. მან ერთი მხრივ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, მეორეს მხრივ კი სარკოზიმ უკრაინის ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება მოითხოვა. ევროპამ კიდევ ერთხელ დაკარგა ენერგოდამოუკიდებლობა რუსეთთან მიმართებაში, ხოლო მეორე მხრივ რუსეთის წინააღმდეგ აქეზებს საქართველოს, უკრაინას და პოლონეთს. ევროპამ აშშ-სთან ერთად ასევე დაკარგა ლიბანი და ის ჰამაზს დაუთმო, ხელი შეუწყო რა ამით ირან-სირიის გაძლიერებას. იხსნის ევროპის ეკონომიკას კრიზისისგან რუსეთის მიმართ ესეთი ლოიალური დამოკიდებულება, თუ მოსალოდნელია რუსეთის ექსპანსიის ზრდა ევროპაში? ექსპერტების აზრით, ეს უკანასკნელი უფრო რეალურია.
ევროზონაში სამრეწველო წარმოება ბოლო მონაცემებით წლიური გამოთვლებით 3,3%-ით, ხოლო ყოველთვიურით 0,6%-ით გაიზარდა.
ინფლაცია 2008 წლის აპრილში ევროზონის 15 ქვეყანაში წლიური გამოთვლებით 3,3%-ით შემცირდა. ანალიტიკოსების აზრით, ბოლო თვეების განმავლობაში ევროზონაში ინფლაციური ზეწოლა მკვეთრად გაიზარდა ისეთ მსხვილ ეკონომიკებში, როგორებიცაა გერმანია, სადაც მან 17-წლიან მაქსიმუმს მიაღწია, საფრანგეთი – 7-წლიან მაქსიმუმს. ექსპერტების აზრით, ინფლაციის ტემპების ზრდას ხელი შეუწყო საკვები პროდუქტებისა და ენერგომატარებლების მზარდმა ფასებმა.
ევროზონა, ევროპის ცენტრალური ბანკი
მიმდინარე განაკვეთები Refi rate = 4.00%
ბოლო ცვლილებები 06.06.2007, +0.25%
სავარაუდო მონაცემები 2008 წლის ბოლოსათვის 4.00%/ 3.50%
კომენტარები: 2008 წლის მაისის სხდომაზე ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საბაზო განაკვეთი ცვლილებების გარეშე – 4.00%-ზე დატოვა, ევროპის ცენტრალური ბანკი სავარაუდოდ 2008 წლის პირველი ნახევრის ბოლომდე მას ცვლილებების გარეშე დატოვებს, ხოლო 2008 წლის III კვარტლის ბოლომდე მის შემცირებას დაიწყებს. განაკვეთის შემცირების მოლოდინი უკვე ახდენს ზეგავლენას ევროს კურსზე სავალუტო ბაზარზე. მიუხედავად ამისა, ამჟამად ბევრი ელოდება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას 2008 წელს რეგიონში ინფლაციური ზეწოლის გაზრდის გამო.
ერთიანი ევროპული ვალუტა, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები
ბოლო დროს გამოსული მაკროეკონომიკური სტატისტიკური მონაცემები ცოტა არ იყოს მოულოდნელი იყო ბაზრისთვის. მიუხედავად სამრეწველო წარმოების შესახებ დაბალი მონაცემებისა (- 0,2%), მშპ-ის ზრდის წინასწარმა მონაცემებმა წლის I კვარტალში ევროპული ვალუტის მყიდველებს სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადა. კერძოდ, გერმანიის ეკონომიკა მიმდინარე წლის I კვარტალში მაღალი ტემპებით იზრდებოდა. მეორეს მხრივ ევროზე ზეწოლა მოახდინა სამომხმარებლო ფასების მონაცემებმა, რომელიც 3,6%-დან 3,3%-მდე დაეცა, ასევე ენერგიისა და საკვები პროდუქტების ფასების გამოკლებით ინფლაცია 2,0%-დან 1,6%-მდე შემცირდა.
დიდი ბრიტანეთი – ინგლისის ბანკი
მიმდინარე განაკვეთები Refi rate = 5.00%
ბოლო ცვლილებები 10.04.2008, -0.25%
სავარაუდო მონაცემები 2008 წლის ბოლოსათვის 4.75% / 4.50%
კომენტარები: 2008 წლის მაისის სხდომაზე ინგლისის ბანკმა საბაზო განაკვეთი ცვლილების გარეშე – 5.00%-ზე დატოვა. ბაზარი ამ გადაწყვეტილებას ელოდებოდა და ეხლა ის ივნისის თვეში ამ განაკვეთის შემცირების მოლოდინშია. 2008 წლის ბოლომდე ინგლისის ბანკის საბაზო განაკვეთი შესაძლოა 4,5%-მდე შემცირდეს.
ბრიტანული ფუნტი, მაკროეკონომიკური მაჩვენებელი
ბოლოდროინდელი ინფლაციური სტატისტიკა დიდ ბრიტანეთში ფასების ინდექსის ზრდაზე მიუთითებს. საწარმოო ფასების ინდექსმა მაქსიმალურ ნიშნულს – წლიური გამოთვლებით 1,5%-ს მიაღწია, რაზეც მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ნავთობის ფასების 6,4%-ით ზრდამ, ასევე იმპორტირებული საქონლის, ქიმიური პროდუქტების, ლითონისა და საკვები პროდუქტების მაღალმა ფასმა. სამომხმარებლო ფასების ინდექსი 3.0%-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, ინგლისის ბანკის ინფლაციური ანგარიშის მიხედვით ბაზარი ელოდება საცხოვრებელ ბინებზე ფასების ვარდნას, სამომხმარებლო ხარჯების შემცირებას და ასევე ეკონომიკის ზრდის დაბალ მაჩვენებელს.