კაპიტალის ბაზრის გამოწვევები – გლობალური და რეგიონალური პერსპექტივები
7 მაისს, თბილისში გაიმართა მრგვალი მაგიდა სახელწოდებით, „კაპიტალის ბაზრის გამოწვევები – გლობალური და რეგიონალური პერსპექტივები“. მრგვალი მაგიდა ჩატარდა „საქართველოს საფონდო ბირჟის“ 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით და მისი ორგანიზატორები იყვნენ – ევრო-აზიული საფონდო ბირჟების ფედერაცია (FEAS) და „საქართველოს საფონდო ბირჟა“.
ევრო-აზიული საფონდო ბირჟების ფედერაცია აერთიანებს 50-ზე მეტ წევრს 750 მილიარდი აშშ დოლარის საერთო საბაზრო კაპიტალიზაციით. ფედერაციის წევრები არიან ევროპის, აზიის და ხმელთაშუაზღვისპირეთის წამყვანი წამყვანი საფონდო ბირჟები და ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარები და მისი მიზანია, საბირჟო ვაჭრობისა და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, აგრეთვე მეთოდოლოგიის ბაზრის სრულყოფა და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, აგრეთვე, მეთოდოლოგიის ბაზრის სრულყოფა და ფედერაციის წევრთა შორის პოპულარიზაცია.
საქართველოს საფონდო ბირჟა ჩამოყალიბდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების პროექტის ფარგლებში და რეგულარულ საბირჟო ვაჭრობებს ახორციელებს 2000 წლიდან. ამავე პერიოდიდან იგი არის ევრო-აზიული საფონდო ბირჟების ფედერაციის წევრი.
მრგვალ მაგიდას უძღვებოდა საქართველოს საფონდო ბირჟის თავმჯდომარე გიორგი ლოლაძე. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სტამბულის ბირჟის პრეზიდენტმა იბრაჰიმ ტურჰანმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა , ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, რომლებმაც ხაზი გაუსვეს კაპიტალის ბაზრის, როგორც ინვესტიციების მოზიდვის უმნიშვნელოვანესი მექანიზმის, როლს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.
საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების პერსპექტივების შესახებ ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა:
„მნიშვნელოვანი ნაბიჯებია საქართველოში გადასადგმელი კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის. საინტერესოა, ამ მხრივ, რეგიონალური კონტექსტის მიმოხილვა, თუ რა ტენდენციები და ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ. როგორ უნდა ვისწავლოთ საუკეთესო პრაქტიკებისგან და როგორ არ უნდა გავიმეოროთ შეცდომები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებმა სხვადასხვა დროს დაუშვეს. კაპიტალის ბაზრები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნების განვითარებაში, საქართველოსა და საქართველოს მსგავსი განვითარებადი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია კარგად განვითარებული საფონდო ბირჟების არსებობა. ვინაიდან ეს ინსტიტუტი აძლევს კერძო სექტორს საშუალებას მოიზიდოს დამატებითი საინვესტიციო რესურსები, გაზარდოს კაპიტალი, რაც ასე მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანობის ზრდისა და კერძო სექტორის განვითარებისათვის. ფინანსური შუამავლების ინსტიტუტების, მათ შორის, საფონდო ბირჟის განვითარების ხელშეწყობა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ეს ასახულია საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიაში და პროგრამაში. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების კარგი პერსპექტივა აქვს, ამიტომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საქართველოში საფონდო ბირჟის განვითარებისთვის, ვიზიარებთ საუკეთესო საერთაშორისო პარქტიკას და თანამშრომლობის მიზნით აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ევროპის წამყვან ბირჟებთან. სწორედ ამიტომ მოხარულები ვართ, რომ ევრო-აზიული საფონდო ბირჟების მორიგი საერთაშორისო შეხვედრა ტარდება საქართველოში.
მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ინფორმაციას, რომ ჩვენ უახლოეს ორ წელიწადში გადავალთ საპენსიო სისტემის მეორე პილარის განხორციელებაზე, რასაც, თავის მხრივ, ექნება ძალიან დიდი დადებითი ეფექტი საქართველოში ადგილობრივ ვალუტაში გრძელვადიანი რესურსების მობილიზაციისათვის და ლიკვიდობის შექმნისათვის ადგილობრივ საფონდო ბაზარზე“.
„ქვეყნის ეკონომიკის ეფექტური განვითარება წარმოუდგენელია ფინანსური ბაზრის განვითარების გარეშე, რომლის უნიშვნელოვანეს ნაწილს სწორედ ფასიანი ქაღალდების ბაზარი წარმოადგენს. ფასიანი ქაღალდების განვითარებული ბაზარი აუცილებელი პირობაა ქვეყანაში სტაბილური საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებისათვის. ბოლო წლებში საქართველოში მიმდინარეობდა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება და დივერსიფიცირება, თუმცა შედარებით ნელი ტემპით ვითარდებოდა კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზარი.
2012 წლისთვის საქართველოს საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული კომპანიების კაპიტალიზაცია მშპ-ის მხოლოდ 2%-ს შეადგენდა, ხოლო გარიგებათა მოცულობა მშპ-ის 3%-ზე ნაკლები იყო. გლობალური კონკურენტუნარიანობის 2013-14 წლების ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე დაფინანსების მოზიდვის და ვენჩერული კაპიტალის ხელმისაწვდომობის მიხედვით.
თუმცა, საინტერესო პროცესები დაიწყო ფინანსურ ბაზარზე, ორმა მნიშვნელოვანმა ფინანსურმა ინსტიტუტმა დაიწყო ლარში ნომინირებული საკუთარი ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა საქართველოს ბაზარზე, საუბარია საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკზე. მე იმედი მაქვს, რომ ამას მოჰყვება ქართული კომპანიების გააქტიურება. საქართველოში ფინანსებზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით დიდ პრობლემას წარმოადგენს მცირე, საშუალო და ახლად შექმნილი კომპანიებისთვის სესხების მომსახურების მაღალი ხარჯებისა და უზრუნველყოფის პირობების გამო. ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ეს დავსახეთ, რაც, როგორც ბატონმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, განვითარების გეგმაშიც არის ასახული და უახლოეს წლებში უნდა გაიზრდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა.
ეკონომიკის დივერსიფიცირების ხელშესაწყობად და ფინანსურ სახსრებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, სხვა ზომებთან ერთად, საჭიროა, კაპიტალის ბაზრების განვითარება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის, ეს იქნება საკანონმდებლო ცვლილებები და ინსტიტუციების ხელშეწყობა. ფინანსური გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფო ხელს შეუწყობს კომპანიების აღრიცხვისა და ანგარიშგების სისტემის და ინფომაციის გამჟღავნების პირობების საერთაშორისო სტანდართებთან შესაბამისობაში მოყვანას“
– განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
მრგვალი მაგიდის მთავარი მოხსენება: „მზარდი ეკონომიკის (Emergin countries) ქვეყნების კაპიტალის ბაზრის გასაღები“ გააკეთა ევრო-აზიული საფონდო ბირჟების ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, სტამბულის ბირჟის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა მუსტაფა ბალტაჩიმ.
დიდი ინტერესი გამოიწვია ასევე NASDAQ OMX-ის ვაჭრობის შემდგომი ოპერაციების გლობალურ გადაწყვეტათა ხელმძღვანელის და NASDAQ OMX Armenia-ს თავმჯდომარის – ჰენრი ბერგსტრიომის, ასევე, საქართველოს ფასიანი ქარალდების ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, რობერტ სინგლეტერის სხვა მომხსენებელთა გამოსვლებმა.