გადაწყვეტილებათა მიღების თეორიის არსი და სოციალურ-ეკონომიკური ფუნქციები
ევგენი ბარათაშვილი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, სტუ სრული პროფესორი ზალიკო გოგია, სამეცნიერო ხარისხის მაძიებელი
მოკლედ ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ როდის და როგორ წარმოიშვა გადაწყვეტილებათა მიღების თეორია, რომელმაც დღეს ფაქტიურად ყველა საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერება მოიცვა. რაში მდგომარეობს ამ თეორიის ძალა და ეს უნივერსალიზმი საკაცობრიო განვითარების დღევანდელ ეტაპზე. მიგვაჩნია, რომ ამ საკითხების განხილვის გარეშე სრულად ვერ აღვიქვამთ ამ თეორიის არსსაც და მის დიდ საზოგადოებრივ-ეკონომიკურ დანიშნულებასაც.
ამასთან, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაც დრო გავა, ეს თეორია სულ უფრო მეტ მნიშვნელობას და პრაქტიკულ ღირებულებას შეიძენს საზოგადოებრივი ცხოვრების უკლებლივ ყველა სფეროში. უკვე დღეს ამერიკელი მკვლევარები აცხადებენ, რომ იგი XXI საუკუნის წამყვანი თეორიაა და მას გვერდს ვერ აუვლის ვერც ერთი მეცნიერება. ისიც საგულისხმო ფაქტია, რომ დღეს ამ დარგში უკვე ხუთ მეცნიერს აშშ-ში მიენიჭა ნობელის პრემია.
სწორედ ამერიკაში ჩაისახა და განვითარდა გადაწყვეტილების მიღების თეორიაც და მისი პირველი სამეცნიერო კერებიც. ამერიკული საზოგადოებაც და სახელმწიფოც სწრაფად მიხვდა მის დიდ პრაგმატისტულ ღირებულებას და ხელშეწყობა არ დაუკლიათ მისი სხვადასხვა ასპექტებისა და მიმართულებების განვითარებისათვის. დღეს ყველა ამერიკულ უნივერსიტეტში ეს თეორია წამყვან მიმართულებად ითვლება.
ამ თეორიამ განსაკუთრებული დანიშნულება შეიძინა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, როცა სწორ თეორიულ გაანგარიშებებს და მათგან გამომდინარე სწორ და ეფექტურ სამხედრო-პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს დიდი, შეიძლება ითქვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ამერიკისა და მასთან ერთად, მსოფლიოს მომავალი ბედისათვის. ჯერ კიდევ რუზველტის ე.წ. “ახალი კურსის” სტრატეგიულ მიმართულებათა შემუშავების დროს მისი ერთ-ერთი თეორეტიკოსის – ჯონ კეინსის სოციალურ-ეკონომიკურ მსოფლმხედველობაში არაერთგზის გაესვა ხაზი ამ თეორიის დიდ სოციალურ მნიშვნელობას კრიზისული მოვლენების დაძლევაში. მაგრამ განსაკუთრებული სოციალური ფუნქცია მან ომისშემდგომი – “ცივი ომის” პირობებში შეიძინა. 60-იანი წლების რეფორმატორმა პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ სპეციალური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები შექმნა საშინაო და საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული დაგეგმარებისთვის. კიბერნეტიკისა და კომპიუტერული ტექნიკის განვითარებამ და შესაბამისად, მათემატიკის გამოყენებითი ღირებულების ზრდამ ნამდვილი რევოლუცია მოახდინა ამ სფეროში. სწორედ ამ პერიოდს განეკუთვნება “თამაშთა თეორიის” სოციალური ფუნქციის არნახული ზრდაც. რონალდ რეიგანმა, რომელიც XX საუკუნის ამერიკის უდავოდ ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ პრეზიდენტად უნდა ჩაითვალოს, თავის გარშემო შემოიკრიბა ტექნიკური და მასთან ერთად, ჰუმანიტარული მეცნიერების მთელი ელიტა, რომელმაც განსაზღვრა ე.წ. “რეიგანეკონომიკის” უდიდესი წარმატებანი 80-იანი წლების ამერიკაში.
ყოველივე ამან გადამწყვეტი როლი ითამაშა კაპიტალიზმის სოციალური პრობლემების გადაწყვეტისთვის ოპტიმალური მეთოდების დადგენასა და განხორციელებაში. შეიქმნა და წარმატებით განხორციელდა ე.წ. “პოსტინდუსტრიული საზოგადოებისა” და “კორპორაციული სახალხო კაპიტალიზმის” სხვადასხვა თეორიული მოდელები, რომლებმაც თანამედროვე ამერიკის კაპიტალიზმის განვითარება უაღრესად ეფექტური და სტაბილური გახადა. ამიტომაა, რომ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება მისი ამ სტაბილური და ეფექტური ხასიათის გამო, მთელი მსოფლიო განვითარების ეტალონად და მისაბაძ მაგალითადაა ქცეული. ეს განსაკუთრებით ითქმის პოსტკომუნისტურ ქვეყნებზე, რომლებიც სულ ახლახანს დაადგნენ საბაზრო ეკონომიკის განვითარების გზას.
დღეს ჩვენს ქვეყანაშიც მიმდინარეობს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის და ახალი ქართული სახელმწიფოებრიობის ფორმირების მეტად რთული საზოგადოებრივ-ეკონომიკური პროცესი. ეს არის წინააღმდეგობებით აღსავსე ძველი დრომოჭმული საზოგადოებრივ-ეკონომიკური პრინციპებიდან ახალ პრინციპებზე გადასვლის გარდამავალი პერიოდი. ეს პერიოდი წარმატებით რომ დამთავრდეს, აუცილებელია ახალი თაობის თეორიულად და პრაქტიკულად მაღალ დონეზე მომზადებული კადრები, რომლებიც უახლესი მეცნიერული მიღწევებით და სათანადო მეთოდოლოგიით იქნებიან შეიარაღებულნი. ამ მიმართულებით გადაწყვეტილებათა მიღების თეორიას და მისგან გამომდინარე მოდუსებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ თუ ვერ შევძელით მეცნიერულად დასაბუთებული და პედაგოგიურად გამართული სისტემის შექმნა თანამედროვე ეპოქის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მაშინ ბუნებრივია, არც გარდამავალი პერიოდის პრობლემების გადაჭრას ექნება მყარი საფუძველი.
თუ ზოგად-სოციოლოგიური თვალსაზრისით მივუდგებით ამ პრობლემას, ვნახავთ, რომ ადამიანი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ყოველთვის ცდილობს მიიღოს სწორი გადაწყვეტილება ცხოვრების მიერ წამოჭრილ ამა თუ იმ საკითხზე. ჩვენი გონება ყოველწამიერად აწყდება რაღაც კონკრეტულ პრობლემას და იგი ცდილობს მისი დაძლევისათვის რაღაც კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მივიდეს, რათა მის წინაშე წამოჭრილი პრობლემი სასურველი შედეგით მოგვარდეს. ამ მხრივ იგი განუწყვეტლივ ეწევა “თამაშს” გარემომცველ სინამდვილესთან. ამ “თამაშში” მის სწორ სვლებზეა დამოკიდებული არა მარტო მისი საკუთარი პიროვნების, არამედ მასთან დაკავშირებული სხვა ადამიანების ბედიც. ისე როგორც სხვა ნებისმიერ თამაშში, მაგალითად ჭადრაკში, ერთ მცდარ სვლას და გადაწყვეტილებას შეუძლია ერთბაშად წასაგებ პოზიციამდე მიიყვანოს მოთამაშე, აქაც მცდარი გადაწყვეტილება ხშირად დიდი ტრაგიკული შედეგებით შეიძლება დამთავრდეს.
ჯერ კიდევ ჯონ კეინსმა მოახდინა გადაწყვეტილებათა მიღების თავისებური შედეგობრივი კლასიფიკაცია, რომელიც დღეს კიდევ უფრო დაიხვეწა და ჩვენი აზრით, იგი შეიძლება ასეთი სკალარული ფორმით იქნეს გამოხატული:
I. მცდარი სვლები და გადაწყვეტილება, რომელიც აყოვნებს და აფერხებს მოსალოდნელი შედეგის მიღწევას;
II. მცდარი სვლები და გადაწყვეტილებანი, რომელიც “მოთამაშეს” ჩიხში აქცევს და გადამჭრელ პრობლემათა წინაშე აყენებს;
III. მცდარი სვლები და გადაწყვეტილებანი, რომლებიც გამოუვალ ჩიხში აქცევს და ტრაგიკულ შედეგებამდე მიჰყავს “მოთამაშე”;
IV. სწორი სვლები და გადაწყვეტილებანი, რომლებსაც შეუძლია დაშვებული შეცდომის სწრაფი გამოსწორება და საქმისათვის სწორი მიმართულების მიცემა;
V. სწორი სვლები და გადაწყვეტილებანი, რომლებსაც შეუძლია მცდარი სვლებისა და გადაწყვეტილებებისაგან წარმოშობილი კრიზისის დაძლევა და გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატებისათვის საჭირო წინამძღვრების შექმნა;
VI. სწორი სვლები და გადაწყვეტილებანი, რომლებიც თავიდანვე ეფექტურ და ოპტიმალურ ხასიათს მისცემს პროცესების განვითარებას და ამით შექმნის წარმატების სრულ გარანტიას პერსპექტიულ განვითარებაში.
აი, ის ექვსი ძირითადი მოდუსი, რომლებიც უნდა გახდეს ჩვენი კვლევის ობიექტი და ამასთან, საფუძვლად დაედოს იმ პედაგოგიურ და დიდაქტიკურ პროცესსაც, რომელიც შესაძლებელს გახდის აღზრდის სუბიექტისათვის სწორი გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმის დაუფლებას და რაც მთავარია, მის ცხოვრებაში პრაქტიკულ გამოყენებას. ამრიგად შეიძლება დავასკვნათ, რომ “გადაწყვეტილებათა მიღების თეორია ეს არის ისეთი მეცნიერული ცოდნა, რომელიც ერთმანეთთან მჭიდროდ და ორგანულად აკავშირებს მეცნიერულ-თეორიულ ცოდნას, საზოგადოებრივ პრაქტიკასთან, პირველ რიგში კი სოციალურ-ეკონომიკურ პროგრესთან.
ამ თვალსაზრისით აუცილებელია სხვადასხვა დარგისა და მიმართულების მეცნიერების წარმომადგენლების კომპლექსური მუშაობა. ეს ეხება როგორც საბუნებისმეტყველო, ისე ჰუმანიტარულ მეცნიერებებს. ჩვენ შევეცდებით ვაჩვენოთ ისეთი და მაგალითები, სადაც ემპირიულად დავასაბუთებთ იმის აუცილებლობას, რომ გლობალიზაციის თანამედროვე ეპოქაში მეცნიერებათა ინტეგრაცია და არსებული პრობლემების გადაჭრისადმი კომპლექსური მიდგომა თანამედროვე ეპოქის ბრძანებლური მოთხოვნაა. ამის გათვალისწინება კი აუცილებელი წინაპირობაა ნებისმიერი ქვეყნის საზოგადოებრივ-ეკონომიკური განვითარებისათვის.
უკანასკნელი ათწლეულების მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა აჩვენებს გადაწყვეტილებათა მიღების თეორიის დიდ მნიშვნელობას სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. მაგრამ ამ ზოგადი პოსტულატის შემდეგ დღის წესრიგში დგება იმ კონკრეტული პრინციპებისა და მეთოდების შემუშავების საკითხი, რომლის გადაწყვეტა და პრაქტიკაში გათვალისწინება ხელს შეუწყობს მისი ამ დიდი მნიშვნელობის რეალიზაციას ცხოვრებაში. სხვანაირად რომ ვთქვათ, ამოცანა ისაა, რომ მოცემულ კონკრეტულ ქვეყანაში და კონკრეტულ ვითარებაში შევიმუშავოთ კონკრეტული პროგრამა ამ თეორიის პრაქტიკაში დანერგვისათვის. ეს ეხება როგორც ე.წ. “ვირტუალური ეკონომიკის” თანამედროვე პრობლემებს, ისე ამისათვის აუცილებელი სათანადო სპეციალისტების აღზრდას სწავლა-განათლების თანამედროვე სისტემით. ამ თვალსაზრისით დიდ ინტერესს იძენს განათლების სისტემის ზოგიერთი კარდინალური საკითხის თავისებურებანი გლობალიზმის პირობებში. გლობალიზმი ისეთი მოვლენაა, რომელიც თავის დაღს ასვამს ცხოვრების ყველა სფეროს, მათ შორის, რა თქმა უნდა, განათლებასაც.
შეიძლება ითქვას საერთოდ, და განსაკუთრებით გლობალიზმის თანამედროვე პირობებში, ნებისმიერი ქვეყნის საზოგადოებრივ-ეკონომიკურ განვითარებაში ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდმნიშვნელოვანი სფეროა. სხვანაირად ვერცერთი ქვეყანა და ვერცერთი ერი ადექვატურად ვერ უპასუხებს გლობალიზმის გამოწვევას და საბოლოო ჯამში იგი გლობალიზმის მსხვერპლი გახდება. განათლებული და ყოველმხრივ მომზადებული ახალი თაობის აღზრდა არის თანამედროვე საქართველოს და ჩვენი ერის დღევანდელი და ხვალინდელი ცხოვრების გადაუდებელი ამოცანა. ეს ამოცანა რომ წარმატებით გადავჭრათ, ამისათვის აუცილებელია გლობალიზმის პრობლემატიკაში გარკვევა და ამის საფუძველზე მისდამი სწორი მიდგომა და სისტემური პოზიციის გამომუშავება. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებასაც.
გლობალიზმი ობიექტური პროცესია და რაც არ უნდა მოვიწადინოთ მას თავიდან ვერ ავიცილებთ. მიუხედავად იმისა, რომ მას დადებითთან ერთად უთუოდ თან ახლავს უარყოფითი მომენტებიც, მაინც ანტიგლობალისტების ცდა შეებრძოლონ მას, უნაყოფოა. მთავარი სტრატეგია ამ მიმართულებით პოსტკომუნისტური საქართველოსთვის იმაში მდგომარეობს, რომ ერთი მხრივ, მაქსიმალურად ვისარგებლოთ გლობალიზმის სიკეთით და მეორე მხრივ, რაც შეიძლება თავიდან ავიცილოთ მისი უარყოფითი მომენტები. სწორედ ასეთი სტრატეგიული მიზანდასახულობით უნდა აღვზარდოთ ჩვენი მომავალი თაობებიც. ამისათვის აუცილებელია ზოგადი წარმოდგენა მაინც შევუქმნათ მსოფლიოში მიმდინარე ამ დიდმნიშვნელოვან პროცესებზე. სწორედ მასზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი, რადგან ამ პროცესებმა წარმოშვა ეკოლოგიური, სოციალური თუ პოლიტიკური ხასიათის პრობლემები, რომელთა გადაჭრის გარეშე მსოფლიოს მომავალი არა აქვს. ავიღოთ თუნდაც ისეთი ცნობილი ეკოლოგიური პრობლემა, როგორიცაა დედამიწის და მისი ატმოსფეროს დათბობა, რომელიც ყოველწლიურად სულ უფრო მწვავე პრობლემად დგება კაცობრიობის წინაშე და თუ ასე გაგრძელდა, საყოველთაო კატასტროფას უმზადებს მას. მასზე სპეციალურად იმსჯელა ე.წ. “დიდი რვიანის” ქვეყნების სამიტმა, ანდა ავიღოთ ტერორიზმისა და ნარკობიზნესის პრობლემა. ლონდონის ტერაქტი ხომ სწორედ ამ სამიტის დღეებში განხორციელდა. არანაკლებ საშიშია სიღატაკისა და შიმშილის პრობლემა, რომელიც 2 მილიარდ ადამიანზე მეტს მოიცავს.
ერთი სიტყვით, გლობალიზმის თანამედროვე ეპოქაში პრობლემა ძალიან ბევრია და ამიტომ ყველა მათგანზე აუცილებელია სათანადო რეაგირება ჩვენს გარშემო არსებული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად. ამას კი ცოდნა და სათანადო მენეჯმენტი სჭირდება. სხვანაირად სწორ გადაწყვეტილებებს ვერ მივიღებთ და მაშასადამე, ვერც ამ პრობლემებს გადავჭრით. ამიტომ არის საჭირო განათლების სისტემის ისეთი რეფორმირება, რომელიც უზრუნველყოფს გლობალიზმის შესატყვის მომზადებას და ამ გზით სწორი გადაწყვეტილებების მიღების უზრუნველყოფას.
ტერმინი “გლობალიზმი” პირველად გამოიყენა ამერიკელმა მეცნიერმა თ. ლევიტიმ 1983 წელს ჟურნალ “ჰარვარდ ბიზნეს რევიუ”-ში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში. ეტიმოლოგიური თვალსაზრისით ტერმინი წარმოდგება ინგლისური სიტყვიდან “global” – დედამიწა. არსებობს მეორე, შედარებით ნაკლებად გავრცელებული ტერმინი – “მონდიალიზმი”, რომელსაც საფუძვლად უდევს ფრანგული სიტყვა “mond” – სამყარო, მსოფლიო. ეს რაც შეეხება ტერმინის ეტიმოლოგიას, მაგრამ მთავარი ხომ მოვლენის არსია: გლობალიზმი უპირატესად ეკონომიკური მოვლენაა, მაგრამ მას სოციალური, პოლიტიკური, იდეოლოგიური განზომილებებიც გააჩნია. როგორც ნებისმიერი სხვა საზოგადოებრივი მოვლენა, გლობალიზმიც საზოგადოებრივი მეცნიერებების (ფილოსოფია, პოლიტოლოგია, სოციოლოგია, ეკონომიკა, ისტორია…) შესწავლის ობიექტია. ამასთან, მას გარკვეული პედაგოგიური მიდგომებიც სჭირდება. ამ თვალსაზრისით გლობალიზმის რთული და მრავალფეროვანი ასპექტებიდან ჩვენ ერთს შევეხებით, კერძოდ კი, მის გავლენას განათლების პროცესის ინტერნაციონალიზმზე, აქედან გამომდინარე შედეგებით. მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზმი ინფორმაციული ტექნოლოგიების არნახული განვითარების საფუძველზე განათლების ხარისხისა და უნიფიკაციის პრობლემას ზოგადცივილურ დატვირთვას ანიჭებს. საგანმანათლებლო პოტენციალის მდგომარეობა და მისი ეფექტიანი გამოყენება პერსპექტივაში ცივილიზების განვითარების უმნიშვნელოვანეს ფაქტორად იქცევა. მსოფლიო წამყვან ქვეყნებში უკანასკნელი ოცწლეულის მანძილზე ჩამოყალიბდა პოსტინდუსტრიული საზოგადოება, სადაც ადამიანისეული კაპიტალი უპირველესი რესურსია. აღნიშნულის საილუსტრაციოდ დავიმოწმებთ მსოფლიო ბანკის გაანგარიშებას, რომლის თანახმადაც ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ეროვნული სიმდიდრის 75%-ს სწორედ ადამიანისეული კაპიტალი შეადგენს. მოსახლეობის საგანმანათლებლო დონის ამაღლება მრავალი ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავია. ეს შეეხება არა მხოლოდ ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებს, არამედ ზოგიერთ განვითარებად (მაგალითად, ინდოეთს) და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსაც (მაგალითად პოლონეთს).
განათლების სფეროში განხორციელებული ინვესტიციები პერსპექტიულია იმ თვალსაზრისით, რომ ისინი მაღალ მოგებას იძლევიან. ასე მაგალითად, ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ფირმების მოგების ნორმა 30-იდან 100%-მდეა, მაშინ როცა აშშ-ის ეკონომიკაში მოგების საშუალო ნორმა არ აღემატება 5-10%-ს. მაღალი ტექნოლოგიების ბაზრის მოცულობა ამჟამად 2 ტრილიონ დოლარს აჭარბებს, სადაც 39% აშშ-ის, ხოლო 30% იაპონიის წილად მოდის.
თანამედროვე მსოფლიოში განუხრელად იზრდება უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა რაოდენობა. 18-იდან 23 წლამდე ახალგაზრდების საერთო რაოდენობაში სტუდენტთა ხვედრითი წილი ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებში 60%-მდეა, ხოლო იაპონიაში თითქმის 100%-ს აღწევს. ძალიან მოკრძალებულია ეს მაჩვენებელი ეკონომიკურად ჩამორჩენილ, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში (დაახლოებით 6%-ის ფარგლებში).
მასობრივ უმაღლეს განათლებაზე გადასვლამ განაპირობა საგანმანათლებლო მომსახურების ინდუსტრიის წარმოშობა. განათლების მომსახურების შემკვეთად სამი სუბიექტი გამოდის – სახელმწიფო, მოსახლეობა და დამქირავებლები. ქვეყნების უმრავლესობაში სახელმწიფო უზრუნველყოფს საყოველთაო დაწყებით, ხშირ შემთხვევაში საყოველთაო საშუალო უფასო განათლებას. უმაღლესი განათლების მიღება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სასწავლებლებში, როგორც წესი, ფასიანია.
გლობალიზმი გულისხმობს კაპიტალისა და სამუშაო ძალის ინტენსიურ ტრანსსაზღვრულ გადაადგილებას, რაც თავის მხრივ განაპირობებს ახალგაზრდობის, განსაკუთრებით კი მისი ყველაზე ნიჭიერი ნაწილის, ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასვლას ხარისხიანი განათლების მისაღებად. ამ გზით საფუძველი ეყრება მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცეს. იუნესკოს მონაცემებით, 1995 წელს სხვადასხვა ქვეყნებში სწავლობდა 1,5 მილიონი, ხოლო 2000 წელს 2 მილიონი უცხოელი სტუდენტი. ვარაუდობენ, რომ 2010 წლისათვის მათი რიცხვი გაიზრდება 2,8 მილიონამდე, ხოლო 2025 წელს კი მიაღწევს 5 მილიონს. საგანმანათლებლო მომსახურების ბაზარი ამჟამად 25-30 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.
სამუშაო ძალის მობილურობის ამაღლება და უცხოეთში უმაღლესი განათლებამიღებული ახალგაზრდების რაოდენობის ზრდა დღის წესრიგში აყენებს უმაღლესი განათლების სისტემის უნიფიკაციის აუცილებლობას. ამ მიზნით იუნესკოს მიერ შემუშავებულია საერთაშორისო საგანმანათლებლო კვალიფიკაცია (International Standard Classification of Edication – ISCEP), რომელიც მოიცავს: განათლების ხარისხს და მისი მხარდაჭერის სისტემას: უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაციის პრინციპებს, ფორმებსა და მეთოდებს, საგანმანათლებლო სტანდარტებს და ა.შ.
მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზმის კონტექსტში სხვადასხვა ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემების უნიფიკაციის მიზნით 1999 წელს ევროპის 29 ქვეყნის წარმომადგენლებმა ბოლონიაში (იტალია) მიიღეს ერთობლივი დოკუმენტი “ბოლონიის დეკლარაციის” სახელწოდებით, სადაც ჩამოყალიბებულია ევროპული ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის შექმნის ძირითადი პრინციპები:
– საყოველთაოდ აღიარებული და შესადარისი დოკუმენტების შექმნა უმაღლესი განათლების სფეროში;
– ორსაფეხურიანი სწავლების (ბაკალავრიატი + მაგისტრატურა) სისტემაზე გადასვლა;
– საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო უმაღლეს სასწავლებლებს შორის ბარიერების მოშლა;
– სასწავლო კრედიტების ერთიანი სისტემის შემუშავება;
– განათლების ხარისხის კონტროლის საერთო ევროპული სტრუქტურების შექმნა და ა.შ.
ბოლონიის დეკლარაცია ითვალისწინებს ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ჩამოყალიბების გზით კვალიფიციური სამუშაო ძალის ერთიანი ევროპული ბაზრის შექმნისადმი მხარდაჭერას.
გლობალიზმის პროცესი ახალ შესაძლებლობებს წარმოქმნის დისტანციური და ტრანსნაციონალური განათლების განვითარებისათვის. უმაღლესი განათლების ეს ფორმები ყველაზე სწრაფად მზარდი და პერსპექტიულია. უმაღლესი განათლების ჩვეულებრივი ფორმებით მოსწავლე სტუდენტთა რაოდენობა მსოფლიოში წლიურად 2%-ით იზრდება, დისტანციურ სწავლებაში ჩართულთა რიცხვი კი – 10%-ით. დისტანციური განათლების უპირატესობანია:
– იგი განათლების მიღებას ხელმისწავდომს ხდის მოსახლეობის იმ ნაწილისათვის, რომელსაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ შეუძლია ჩვეულებრივი უმაღლესი განათლების მიღება;
– საშუალებას იძლევა განხორციელდეს სასწავლო პროგრამების კოორდინაცია; პერიფერიებში მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ “ცენტრის” უმაღლეს სასწავლებლებს;
– თანამედროვე მსოფლიოში სტუდენტთა რაოდენობის ზრდა 2,5-ჯერ აღემატება მთლიანად მოსახლეობის ზრდას. ვარაუდობენ, რომ მომავალ ათ წელიწადში საშუალო სკოლის კურსდამთავრებულთა 30% მოინდომებს უმაღლეს სასწავლებლებში შესვლას. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, უაღრესად იზრდება საზოგადოების (სახელმწიფოს) დანახარჯები განათლებაზე და მათი შემცირების უმნიშვნელოვანესი გზაა დისტანციური განათლების ქსელის გაფრთოება;
– დისტანციური განათლება კონკრეტულ მომხმარებელზეა ორიენტირებული და მას საშუალებას აძლევს მიიღოს განათლება სასურველ ადგილას, სასურველ დროს და სასურველი ინტენსიობით.
საგანმანათლებლო მაღალი ტექნოლოგიების განვითარების ბაზაზე წარმოიქმნა უმაღლესი სასწავლებლის ახალი ტიპი – “ვირტუალური უნივერსიტეტი”, რომლისთვისაც მთავარია არა აუდიტორიებისა და ლაბორატორიების, არამედ საკომუნიკაციო არხების პრობლემა. ერთ-ერთ ყველაზე გრანდიოზულ და პერსპექტიულ პროექტად მიჩნეულია “აფრიკული ვირტუალური უნივერსიტეტის” შექმნა. ნავარაუდევია, რომ იგი მოიცავს აფრიკის პრაქტიკულად ყველა ქვეყანას და ამ ქვეყნების სტუდენტებს საშუალება მიეცემათ მოისმინონ აშშ-ის, საფრანგეთის, კანადისა და ბელგიის წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებელთა ლექციები. საკომუნიკაციო კავშირებს უზრუნველყოფს სათანამგზავრო სისტემა.
მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზმს უკავშირდება კიდევ ერთი ახალი ფენომენი, რასაც “ტრანსნაციონალურ განათლებას” უწოდებენ. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ერთ სახელმწიფოში მცხოვრებ ადამიანს შეუძლია მეორე სახელმწიფოს უმაღლესი სასწავლებლის დიპლომის მიღება, რაც უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზმის პირდაპირი შედეგი და უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების საფუძველზე უმაღლესი განათლების მომსახურების ბაზრის გლობალიზმის ფაქტის ამსახველია. ტრანსნაციონალურ განათლებას სხვადასხვა ფორმა გააჩნია: სასწავლო პროგრამების ფრანჩაიზინგი, უმაღლეს სასწავლებლებს შორის პარტნიორული ხელშეკრულება, უცხოური სასწავლებლის ფილიალების შექმნა, დისტანციური სწავლება ინტერნეტის გამოყენებით და სხვ.
ტრანსნაციონალური განათლების ორგანიზაცია მთელ რიგ სირთულეებთანაა დაკავშირებული, რომელთა შორის იურიდიული ხასიათის პრობლემები გამოირჩევა: განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარება, კვალიფიკაციის მინიჭება და ა.შ.
ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის შექმნა გლობალიზმის მედროშის – აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. საქმე ისაა, რომ უცხოელი სტუდენტების საერთო რაოდენობის 60%-ზე მეტი აშშ-ში სწავლობს, რომლებსაც ყოველწლიურად 9 მილიარდი დოლარი მოაქვთ ამ ქვეყნის ეკონომიკისათვის და ეს არ არის ყველაფერი. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ უცხოელი სტუდენტები სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ამერიკული ინტერესების, ფასეულობების, ცხოვრების წესის დამცველებად და პროპაგანდისტებად გვევლინებიან. ყოველივე ეს კარგად ექცევა მსოფლიოში საკუთარი ჰეგემონიის დამყარების ამერიკულ დოქტრინაში. ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში ეს ფაქტორი რაც შეიძლება ოპტიმალურად უნდა იქნას გამოყენებული.
საქართველოს დღევანდელი რეალობა ძლიერაა დაშორებული ზემოთ აღწერილი პროცესებიდან. ჩვენ სრულიად განსხვავებული პრობლემებით ვართ დაკავებული. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ საქართველოში ტრანსნაციონალური და დისტანციური განათლების გამოყენების ცალკეული მცდელობები უკვე არსებობს. კერძოდ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველად და შემდეგ ქვეყნის ზოგიერთ სხვა უმაღლეს სასწავლებელში დაინერგა სწავლების ორსაფეხურიანი სისტემა, ფუნქციონირებს ჰავაის ამერიკული უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რაც ტრანსნაციონალური სწავლების ელემენტებად შეიძლება ჩაითვალოს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტზე და თბილისის უმაღლეს საბანკო სკოლაში გამოიყენება დისტანციური სწავლება.
საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრე ნიჭიერი და განათლებული ახალგაზრდობაა და მისი მხარდაჭერა სახელმწიფო პოლიტიკის უპირველეს პრიორიტეტად უნდა იქცეს. ერთიანი საგანმანათლებლო სივრცე ზოგადცივილიზებულ ფასეულობებს აყალიბებს და ახალგაზრდა თაობის აზროვნებას მომავლისაკენ მიმართავს. დიდი ილია საზღვარგარეთ მოსწავლე ქართველ სტუდენტებს წერდა, რომ მათ მიერ მიღებული ცოდნა და გამოცდილება, პროფესია და განათლება მხოლოდ მაშინ იქნება ღირებული, როცა ის საქართველოს, მათი მშობელი ქვეყნისა და ხალხის სამომავლო ინტერესებს მოხმარდება. იმისათვის, რომ ილია ჭავჭავაძის ეს ანდერძი აღსრულდეს, მარტო სურვილი არ კმარა. ამისათვის აუცილებელია გარკვეული მეთოდების შემუშავება და პედაგოგიური მენეჯმენტის განხორციელება. საბოლოო ჯამში ყველგან და ყველაფერში გადამწყვეტი სიტყვა მეთოდმა, სწორმა მეთოდოლოგიურმა მიდგომამ უნდა თქვას.
აქედან გამომდინარე, განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები მხოლოდ მაშინ გახდება წარმატებული , როცა მთელ არსებულ სისტემაში დაწყებული საბავშვო ბაგა-ბაღიდან და დამთავრებული დოქტურანტურით ერთიანი და მიზანმიმართული მენეჯმენტი განხორციელდება ერში არსებული დიდი ინტელექტუალური პოტენციალის მაქსიმალური ეფექტით ასამოქმედებლად. ამაზე დიდი ამოცანა განათლების სისტემას არა აქვს.