“გაზპრომი” აშშ-ში პირველი აქტივების შეძენას გეგმავს

მოამზადა ეკა წირღვავამ

“გაზპრომმა” პირველად თავის ისტორიაში გადაწყვიტა აშშ-ში აქტივები შეიძინოს და ეს მისი ჩრდილო-ამერიკულ ბაზარზე გასვლის სტრატეგიის ერთ-ერთი ელემენტია.

“გაზპრომის” შვილობილი კომპანიის Gazprom Marketing & Trading-ის გენერალურმა დირექტორმა ვიტალი ვასილევმა განაცხადა, რომ “გაზპრომი” აშშ-ის ბაზარზე თავისი საქმიანობის გაფართოებას გეგმავს და აქ სულ უფრო მეტი თხევადი ბუნებრივი გაზის გაყიდვას აპირებს. ამ ექსპანსიის ერთ-ერთი ვარიანტი არის მის მიერ რომელიმე ამერიკული კომპანიის შთანთქმა.
“ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ კომპანია ორგანული გზით, ასევე პარტნიორობის გზით აშშ-ში ახალი განყოფილების შესაქმნელად და მესამე ვარიანტია შესყიდვა” – აცხადებს ვასილევი და დასძენს, რომ მისი აზრით, წლის ბოლოსთვის “გაზპრომი” ამ სამ ვარიანტს შორის თავის არჩევანს გააკეთებს.
“გაზპრომის” (რომლის მაჟორიტარი აქციონერი სახელმწიფოა) მიერ რომელიმე ამერიკული ენერგეტიკული კომპანიის შესყიდვა შეიძლება საკამათო გახდეს. კომპანიის გეგმა ამერიკის ენერგომატარებლების ტრეიდერების საკონტროლო პაკეტის შესყიდვის შესახებ კონგრესში სავარაუდოდ შეშფოთებას გამოიწვევს. “გაზპრომის” გეგმას პოლიტიკური თვალსაზრისითაც უარყოფითი ეფექტი მოჰყვება. მსგავსი რამ 2005 წელს მოხდა, როცა ჩინეთის ნავთობკომპანია CNOOC-ი 20 მლრდ დოლარად კალიფორნიული Unocal-ის ყიდვას ცდილობდა, რამაც კონგრესი შეაშფოთა.
“გაზპრომი” არ აწარმოებს საკუთარ თხევად გაზს, მაგრამ ყიდის მას გამოცდილების დასაგროვებლად. კომპანია დიდ იმედებს ამყარებს კებეკში “რაბასკას” ტერმინალზე, ის ასევე დაინტერესებულია ჩრდილოეთ ამერიკის სხვა რეგიონებით, კერძოდ, ტეხასით, სადაც უკვე აქვს დიდი წარმომადგენლობა.
ვასილევმა აღნიშნა, “ჩვენთვის მთავარია თხევადი გაზის ძირითად ბაზარზე დამკვიდრება, ის კი ჰიუსტონშია და იმაზე უნდა ვიმუშაოთ, რომ მოვხვდეთ Henry Hub-ის ვირტუალურ სავაჭრო პლაცდარმზე”.

“ჩრდილოეთის დინების” გაზსაცავი ევროპაში უმსხვილესი იქნება
“გაზპრომი” გერმანიაში 5 მლრდ კბმ გაზის ტევადობის გაზსაცავის აშენებას გეგმავს. ჯერ-ჯერობით მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება. თუ ეს გაზსაცავი აშენდება, ის ევროპაში უმსხვილესი იქნება.
რუსეთიდან გერმანიაში, ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით გაზსადენის პროექტზე – “ჩრდილოეთ დინება” – ბევრს წერენ და საუბრობენ. შედარებით ნაკლებადაა ცნობილი, რომ იმ ადგილთან ახლოს, სადაც გაზსადენის მილი ზღვიდან ამოვა, გერმანიის ტერიტორიაზე ევროპაში უმსხვილესი მიწისქვეშა გაზსსაცავის მშენებლობაა დაგეგმილი. ამ პროექტს “გაზპრომის” შვილობილი ფირმა Gazprom Gერმანია განახორციელებს.
სოფელ ხინრიხსხაგენის შემოგარენში, სადაც გაზსაცავის მშენებლობაა დაგეგმილი, ჯერჯერობით მხოლოდ ბურღვით სამუშაოებს აწარმოებენ, რაც ითვალისწინებს ამ ადგილას გრუნტის შესწავლას 700 მეტრის სიღრმეზე. წინასწარი მონაცემებით, ამ გრუნტს 5 მლრდ კბმ გაზის მიღება შეუძლია, ეს კი ევროპაში უმსხვილესი გაზსსაცავის მშენებლობის შესაძლებლობაა.
მარტო წინასწარი საბურღი სამუშაოებისათვის 20 მლნ ევროა გამოყოფილი, ხოლო თუ დამტკიცდება, რომ გაზსაცავის მშენებლობისათვის შესაფერისი პირობებია, ამ პროექტში 380 მლნ ევროს ჩადებენ. “გაზპრომი” მზადაა ასეთი კაპიტალდაბანდებისთვის, რადგან გერმანიას კონცერნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
“ჩვენ უკვე ვამარაგებთ და მომავალშიც ვაპირებთ მოვამარაგოთ ბუნებრივი გაზით დასავლეთ ევროპის, ძირითადად გერმანიის ბაზრები, ზუსტად ამიტომ ვაწარმოებთ სამუშაოებს ხინრიხსხაგენში. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიისა და დასავლეთ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად” – აღნიშნავს კომპანია “Gazprom Gemania”-ის პრესმდივანი ბერხარდ ვიოლკი.
ბერლინში Gazprom Germania-ის სათაო ოფისში 120 ადამიანია დასაქმებული. “გაზპრომის” შვილობილ კომპანიას თავის მხრივ 3 ათეული შვილობილი ფირმა გააჩნია. მათ შორისაა ფირმა Wingas, ერთობლივი საწარმოო კომპანია Wintershall-სთან და ქიმიური გიგანტის BASF-ის ნავთობგაზის ქვეგანაყოფთან. Wingas რუსული წარმოების გაზს გერმანელ მომხმარებელს აწვდის.
მთლიანად Gazprom Germania გაზს 24 ქვეყნის მომხმარებელს აწვდის. კომპანიის ბიზნესი წარმატებულია. ბოლო წლიური ანგარიშით ბრუნვა 21%-ით, დაახლოებით 7,5 მლრდ ევრომდე გაიზარდა. “ჩვენ კიდევ გავიზრდებით” – აცხადებს ვიოლკი. ევროსაბჭოს მოთხოვნა ბუნებრივ აირზე, პროგნოზების მიხედვით, უახლოეს 30 წელიწადში 50%-ით გაიზრდება და ამ მოცულობის მნიშვნელოვანი ნაწილის მიწოდებას ზუსტად “გაზპრომი” აპირებს.
გერმანია საჭირო გაზის მესამედს რუსეთიდან იღებს. თეზისი იმის შესახებ, რომ რუსეთზე ასეთი დამოკიდებულება გერმანიისთვის საფრთხეს წარმოადგენს, Gazprom Germania-ის პრესმდივნის აზრით, არასწორია. მან ასევე დასძინა, რომ კომპანია აპირებს გერმანია გახადოს გაზით ვაჭრობის პლათფორმა.

“გაზპრომის” ვარაუდით, ნავთობის ფასი ბარელზე 250 დოლარამდე გაიზრდება
“გაზპრომი” აპირებს, რომ საზღვარგარეთ ექსპანსიისა და ენერგომატარებლებზე ფასების მუდმივი ზრდის ხარჯზე მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია გახდეს.
კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, 7-10 წელიწადში “გაზპრომი”-ს საბირჟო ღირებულება სამჯერ გაიზრდება და 1 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. მისი აზრით, ეს ნავთობის ფასების ზრდის ხარჯზე მოხდება. მილერი ნავთობის ფასების ბარელზე 140-დან 250 დოლარამდე ზრდას წინასწარმეტყველებს.
ევროპაში გაზის ფასები ნავთობის ფასებზე დამოკიდებულების გამო ავტომატურად გაიზრდება და ეს გარდაუვალია. “გაზპრომის” ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, გაზის ფასების ზრდაში ევროპის ქვეყნების ხელისუფლებაა დამნაშავე, რადგან გაზზე გადასახადები მისი ფასის 60%-ს შეადგენს.
ევროპა მოხმარებული გაზის 25%-ს რუსეთიდან იღებს. რუსეთისა და უკრაინის “გაზის ომის” შემდეგ ევროპა ენერგომატარებლების ალტერნატიულ მომწოდებელს ეძებს. მილერის აზრით, ევროპელების ეს მცდელობა სრულიად გასაგებია, თუმცა ის უცნაურ მოსაზრებას ემყარება – ევროპაში ყველაფერი რაც ხდება არა რუსეთიდან, ავტომატურად კარგია. ამიტომ “გაზპრომი” შემდეგში თავისი ინტერესების ლობირებას გეგმავს ევროსაბჭოში. მილერმა ასევე კრიტიკულად შეაფასა ევროპის ქვეყნების დიპლომატიური მცდელობა პირდაპირ გავიდნენ ნეიტრალური აზიის ქვეყნების ენერგორესურსებზე. მისი აზრით, ეს მცდელობა უკუეფექტს გამოიწვევს. ამჟამად “გაზპრომს” რეგიონიდან გაზის ექსპორტისათვის მონოპოლიური უფლება აქვს. რუსეთში რამდენიმე წლის განმავლობაში გაზის მოპოვების მოცულობას ამცირებენ, რადგან “გაზპრომი” არასაკმარის ინვესტიციებს დებს ახალი საბადოების დამუშავებაში. მაგრამ კომპანია თავისი შეცდომების კომპენსირებას ცენტრალური აზიიდან იაფფასიანი გაზის შესყიდვით ახდენს.
რუსეთის პრეზიდენტმა დ. მედვედევმა ევროპის ქვეყნებს გაზის მიწოდების თაობაზე გრძელვადიანი ხელშეკრულებების პრინციპის შენარჩუნება ურჩია. მისი თქმით, დღეისათვის მხოლოდ 3 ქვეყანას – რუსეთს, კატარსა და ირანს შეუძლია გაზზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

“დიდი რვიანის” მინისტრებმა ნავთობის ფასების საკითხები განიხილეს
დიდი რვიანის ქვეყნების, ასევე ჩინეთის, ინდოეთისა და სამხრეთ კორეის ენერგეტიკის მინისტრებმა იაპონიის დედაქალაქში ენერგეტიკული სტაბილიზაციის ზომები განიხილეს.
ამ მიზნით სამიტის მონაწილე ქვეყნებმა, რომლებზეც მსოფლიო ენერგორესურსების მოხმარების 2/3 მოდის, ენერგიის დაზოგვის საკითხებზე თანამშრომლობის საერთაშორისო პარტნიორობა გადაწყვიტეს.
ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ენერგორესურსების ეკონომიის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მუდმივი ურთიერთგაცვლაა. ფორუმის მონაწილეებმა ასევე გამოხატეს სერიოზული შეშფოთება ნავთობის ფასების ზრდასთან დაკავშირებით და მწარმოებელ ქვეყნებს მოუწოდეს გაზარდონ ამ სფეროში ინვესტიციები.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა კევინ რადმა “OPEC”-ს ნავთობის მოწოდების გაზრდის წინადადებით მიმართა. თავის მხრივ სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სუბსიდიებისა და გადასახადების შემცირების გზით 6,5 მლრდ ევროს დახმარებას გაუწევს ნავთობის ბიზნესს და ნაკლებად შეძლებულ მომხმარებლებს ნედლეულზე მზარდი ხარჯების გაწევის შესაძლებლობას მისცემს.
ფორუმის ოფიციალური ნაწილი რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გახსნა. რუსეთის ახალი ლიდერის გამოსვლაში მოსალოდნელი იყო ეკონომიკური პროგრამის გაჟღერება, მაგრამ მოხსენებაში საუბარი იყო იმაზე, რომ მოსკოვი გახდება მსოფლიო საფინანსო ცენტრი, ხოლო რუსული რუბლი – ახალი სარეზერვო ვალუტა. მან ასევე მწვავედ გააკრიტიკა აშშ და იგი მსოფლიო ფინანსურ კრიზისში დაადანაშაულა.
მოსკოვის მსოფლიო დონის საფინანსო ცენტრად გადაქცევას დაეხმარება სპეციალური გეგმა, რომლის დეტალებზეც რუსეთის პრეზიდენტს არ უსაუბრია, ხოლო მსოფლიო კრიზისის მიზეზებზე მათ შორის საკვები პროდუქტების ფასებზე საუბრისას მედვედევმა გააკრიტიკა არა მარტო აშშ, არამედ დასავლეთის სხვა ქვეყნები, რომლებიც, მისი აზრით, ზედმეტ ინვესტსიციებს დებენ ბიოსაწვავის წარმოებაში.