ნავთობი და გაზი საქართველოს სათბობ-ენერგეტიკულ ბალანსში
დემურ ჩომახიძე, ხათუნა ჩომახიძე
ნავთობსა და გაზს საქართველოს ეკონომიკისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დიდია მათი როლი სათბობ-ენერგეტიკულ ბალანსში. საკმარისია ითქვას, რომ ბოლო წლებში საქართველოში მოხმარებული ენერგეტიკული რესურსების მთლიანი მოხმარების დაახლოებით 80% გაზზე და ნავთობ-პროდუქტებზე მოდიოდა. ამასთან ამ პროცესს ტრადიციულად ზრდის ტენდენცია აქვს. ამ თვალსაზრისით პირობითად შეიძლება ორი ეტაპი გამოიყოს:
1. 30-წლიანი საბჭოთა პერიოდი (1960-1990წწ.);
2. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მიმდინარე 17-წლიანი პერიოდი (1991-2007წწ.)
1960-1990 წლები
ნავთობის წლიური მოპოვება საქართველოში ათეული წლების მანძილზე 20-30 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობდა. ვითარება ძირეულად შეიცვალა 1974-1975 წლებიდან. 1974 წელს მოპოვებულ იქნა 44 ათასი ტ. ნავთობი, ხოლო ერთი წლის შემდეგ ეს ციფრი თითქმის 6-ჯერ გაიზარდა (ცხრილი #1). 1974 წელს თბილისის გარეუბანში აღმოჩნდა სამგორი-პატარძეულის, აგრეთვე შრომისუბან-წყალწმინდის საბადო. ღრმა ბურღვის პროცესში გამოვლინდა ასევე სხვა საბადოებიც. საქართველოში ნავთობის მოპოვებამ თავის მაქსიმუმს 1982 წელს მიაღწია – 3331 ათას ტ-ს. ეს კი 1960 წლის დონეს თითქმის 100-ჯერ აღემატებოდა.
ნავთობის მოპოვება რესპუბლიკაში ძირითადად სამგორი-პატარძეულის საბადოს ხარჯზე ვითარდებოდა. 1982 წლისათვის ამ საბადოზე მოდოდა ნავთობის რესპუბლიკური მოპოვების 92,8% და თანმდევი გაზის 83%. ამ წლებში ნავთობის მოპოვების ზრდასთან ერთად გაუმჯობესდა დარგის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები. 1976-1980 წლებში შრომის ნაყოფიერება ამაღლდა თითქმის 4-ჯერ, ფონდუკუგება – 3,0-ჯერ, შრომის ფონდაღჭურვილობა – 19,4%-ით. შემცირდა პროდუქციის ერთეულის თვითღირებულება და დანახარჯები სასაქონლო პროდუქციის ერთ მანეთზე. მაშინ ერთი ტონა ნავთობის თვითღირებულება გაერთიანება �საქნავთობში� უფრო იაფი იყო, ვიდრე სსრ კავშირის სხვა ანალოგიურ საწარმოებში. ნავთობის მოპოვების ზრდამ მისი ტრანსპორტირების ძირეული გაუმჯობესება მოითხოვა. 1975 წელს მწყობრში ჩადგა სამგორი-გაჩიანის 22 კმ-იანი ნავთობსადენი. იგი ბაქო-ბათუმის მაგისტრალურ ნავთობსადენს შეუერთდა და მნიშვნელოვნად გაზარდა ქართული ნავთობის წილი ბათუმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. მოკლე დროში – უკვე 1980 წელს ექსპლუატაციაში შევიდა ახალი, უფრო მეტი ნავთობგამტარუნარის მქონე ნავთობსადენი – სამგორი-ბათუმი. მისი სიგრძე იყო 426 კმ.
1984 წლიდან საქართველოში ნავთობმომპოვებელი მრეწველობის დაქვეითება დაიწყო . 1981-1985 წლებში დარგის საერთო პროდუქცია შემცირდა 6-ჯერ, ხოლო ნავთობის მოპოვება – 3186-დან 552 ათას ტონამდე, ანუ 5,8- ჯერ. გაუარესდა დარგის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები. ამის მთავარი მიზეზი გახდა ნავთობის ჭაბურღილების გაწყლიანების მოულოდნელი დაწყება სამგორი-პატარძეულის საბადოზე. დარგის ამ მთავარ ობიექტზე აღმოჩნდა, რომ ნავთობის დამტკიცებული მარაგები ერთი მესამედით იყო გადიდებული რეალურთან შედარებით. ჭაბურღილების საშუალო დებიტი აღნიშნულ პერიოდში დღე-ღამეში 5,1-დან 1,7 ტონამდე, ე.ი. სამჯერ შემცირდა. რაც შეეხება თანმდევ გაზს, 1960-1975 წლებში მისი მოპოვება ფაქტობრივად არ ხდებოდა. შემდგომ პერიოდში კი მოპოვებულ იქნა: 1980 წ – 239,7 მლნ კბმ, 1985 წ. – 69,6 და 1990 წ – 59,4 მლნ კბმ.
აღნიშნულ პერიოდში საქართველოში პირობით ერთეულებში სათბობის, მათ შორის ნავთობის და გაზის მოპოვების შესახებ ინფორმაცია მოცემულია მე-2 ცხრილში.
საბჭოთა წლებში სათბობ-ენერგეტიკული რესურსების მოხმარებას ჩვენს ქვეყანაში ზრდის ტენდენცია ჰქონდა (იხ.ცხრილი 3). 30-წლიანი საანალიზო პერიოდის პირველი 20 წლის (1961-1980წწ.) მანძილზე სათბობ-ენერგეტიკული რესურსების ხარჯი საქართველოში 2,1-ჯერ გაიზარდა, მათ შორის 1961-1965 წლებში – 25,3%-ით, 1966-1970 წლებში – 20,6%-ით, 1971-1975 წლებში – 29,3%-ით, ხოლო 1976-1980 წლებში – 4,5%-ით. ამდენად, სათბობ-ენერგეტიკული რესურსების მოხმარება აღნიშნულ პერიოდებში საკმაოდ მაღალი ტემპით იზრდებოდა. ამ მხრივ გამონაკლისს შეადგენს 1976-1980 წლები. ამ პერიოდში სათბობისა და ენერგიის მოხმარების ზრდის ტემპის ერთგვარი შემცირება ძირითადად განაპირობა ქვეყანაში ენერგოტევადი დარგების განვითარების შედარებით დაბალმა ტემპმა. მაგალითად, 1976-1980 წლებში მთლიანად მრეწველობაში პროდუქცია 41%-ით გაიზარდა, მაშინ, როცა მაღალენერგოტევად დარგებში (შავ მეტალურგიასა და ქიმიურ და ნავთობქიმიურ მრეწველობაში) ანალოგიური მაჩვენებელი შესაბამისად 0,7 და 1,0 პროცენტს შეადგენდა.
საქართველოს სერ-ებში აღნიშნულ პერიოდში (1961-1980 წწ.) მნიშვნელოვნად გაიზარდა ადგილობრივი რესურსების წილი. განსაკუთრებით ამაღლდა სათბობის მოპოვების ხვედრითი წონა (18-დან 27%-მდე). ეს ძირითადად მიღწეულ იქნა ნავთობისა და თანამდევი გაზის მოპოვების გაზრდის ხარჯზე; 1961- 1975 წლებში საქართველოში სათბობ- ენერგეტიკული რესურსების წარმოება მცირდებოდა. იგი მკვეთრად გაიზარდა 1976-1980 წლებში. რაც შეეხება სათბობისა და ენერგიის მოხმარებას, იგი მთელი ოცი წლის მანძილზე იზრდებოდა. თუმცა საკუთარი წარმოების სათბობ-ენერგეტიკული რესურსების მოცულებები, გარდა 1980 წლისა მცირდებოდა. გაანგარიშება გვიჩვენებს, რომ საქართველომ 1960 წელს თავისი მოთხოვნილება სათბობსა და ენერგიაზე საკუთარი მოპოვების რესურსებით დააკმაყოფილა 31,2%-ით, 1965 წელს – 19,7%-ით, 1970წ – 14,6%-ით, 1975 წელს – 12,7%-ით, 1980 წელს კი – 45,1%-ით. მაშასადამე, ბოლო პერიოდში ქვეყნის უზრუნველყოფა საკუთარი სათბობ-ენერგეტიკული რესურსებით მცირდებოდა. 1980 წლიდან ადგილობრივი რესურსებით მოთხოვნილების დაკმაყოფილების ასეთი მკვეთრი ზრდა გამოწვეულია ნავთობის, თანმდევი გაზის, თერმული წყლების მოპოვებისა და ჰიდროელექტროენეგიის გამომუშავების სწრაფი მატებით, აგრეთვე აღნიშნულ პერიოდში სათბობ-ენერგეტიკული რესურსების მოხმარების ზრდის ტემპის შემცირებით.
საანალიზო 30-წლიანი პერიოდის ბოლო 10 წლის განმავლობაში (1981-1990წწ.) საქართველოში სერ-ების მოხმარება გაიზარდა 26,7%-ით, მათ შორის 1981-1985 წლებში – 15%-ით და 1986-1990 წლებში – 10,2%-ით. ამ პერიოდში მკვეთრად დაიკლო საკუთარი მოპოვების რესურსებით საქართველოს დაკმაყოფილების დონემ, რომელიც ძირითადად სათბობის მოპოვების შემცირებამ გამოიწვია. 1985 წელს ამ მაჩვენებელმა მხოლოდ 14,2%, ხოლო დეფიციტმა 14,7 მლნ ტონა პირობითი სათბობი შეადგინა.
მე-4 ცხრილში მოცემულია საკუთარი მოპოვების ნავთობითა და გაზით საქართველოში სათბობ-ენერგეტიკული რესურსების მოხმარების დაკმაყოფილების ცვლილება 1960-1990 წლებში.
1991-2007 წლები
საქართველოში ნავთობის მოპოვება 1990-2000 წლებში შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა, აღნიშნულ პერიოდში იგი შემცირდა 40,9%-ით.
ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, აღნიშნულ პერიოდში ქართველ მენავთობეთა მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ნავთობის მოპოვების მოცულობების სტაბილიზება და შემდგომში, თანდათანობით, ახალი საბადოების აღმოჩენის შედეგად ნავთობის მოცულობის მატება. ამის საფუძველს იძლეოდა საქართველოს ტერიტორიაზე, ხმელეთზე და შავი ზღვის შელფის ფარგლებში არსებული ნავთობის პოტენციური რესურსების მნიშვნელოვანი რაოდენობა. მიუხედავად ამისა, ამ პერიოდში ნავთობისა და გაზის საბადოების ძებნა-ძიება შედარებით დაბალი ტემპით მიმდინარეობდა როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში.
მას შემდეგ, რაც საქართველო გამოეყო საბჭოთა კავშირს და დამოუკიდებელი განვითარების გზას დადგა, პირველ წლებში ნავთობის მრეწველობა რთულ პირობებში აღმოჩნდა. ვეღარ ხერხდებოდა დარგის დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური მომარაგება.
საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ გამოიწვია ტექნიკურ საშუალებებზე, ნავთობის და გაზის მოპოვებისათვის და საძიებო და საექსპლუატაციო ჭაბურღვისათვის საჭირო მასალებზე ფასების მკვეთრი ზრდა და მსოფლიოში მოქმედ ფასებთან დაახლოება.
ნავთობის მრეწველობა, ისევე როგორც სხვა სამეურნეო დარგები, სრულ თვითდაფინანსებაზე აღმოჩნდა. ეს კი თავისთავად მოითხოვდა წარმოებული ნედლეულის ფასის რეგულირებას. მაგრამ იმ პერიოდში განსაზღვრული ნედლეულის შესყიდვის ფასი, საბაზრო ფასების გათვალისწინებით, არ შეესაბამებოდა ნავთობის და გაზის ძებნა-ძიებითი და ბურღვითი სამუშაოების ჩატარების აუცილებელ მოცულობებს. აქედან გამომდინარე, დარგის განვითარება რთულ პირობებში აღმოჩნდა.
ამან გამოიწვია ნავთობის მოპოვების ტემპების გაზრდისათვის მიზანშეწონილი თანამშრომლობა უცხოეთის ფირმებთან. ამას უნდა უზრუნველეყო ახალი ტექნიკის და ტექნოლოგიის დანერგვის საფუძველზე ნავთობის მოპოვების მაქსიმალური მაჩვენებლების მიღწევა.
საზღვარგარეთის ფირმებთან ერთობლივი საწარმოების ჩამოყალიბების გზით ნავთობისა და გაზის საბადოების ძებნა-ძიება და დამუშავება ახალ ეტაპი იყო საქართველოს ნავთობის მრეწველობაში და მასზე ბევრად იყო დამოკიდებული დარგის განვითარება.
მე-5 ცხრილში წარმოდგენილია საქართველოში სათბობ-ენერგეტიკული რესურსების, მათ შორის ნავთობისა და გაზის მოპოვების მაჩვენებლები 1990-2007 წლებში.
საქართველოში ენერგეტიკული რესურსების წარმოება 1990-2000 წლებში დაახლოებით განახევრდა, ხოლო მოხმარება 84,2%-ით შემცირდა. ამასთან, 34,7 პროცენტული პუნქტით ამაღლდა სათბობ-ენერგეტიკული რესურსების საერთო მოხმარებაში ადგილობრივი რესურსების წილი. ადგილობრივი წარმოება შემცირდა ყველა ენერგორესურსის მიხედვით: ჰიდროენერგია 21,6%-ით, ნავთობი და თანმდევი გაზი – 43,7%-თ, ნახშირი – 47,5-ჯერ. შემცირდა ექსპორტ-იმპორტიც, პირველი – 29,2-ჯერ, მეორე – 9,2-ჯერ.
საქართველოში 1990-2000 წლებში სათბობ-ენერგეტკული რესურსების მოხმარება შემცირდა ეკონომიკის ყველა დარგში: მრეწველობაში – 11,6-ჯერ, კომუნალურ მეურნეობაში – 6,1-ჯერ, მოსახლეობაში – 4,0-ჯერ.
2000 წელს საქართველომ აწარმოა ენერგეტიკული რესურსები სულ 880 ათასი ტონა პირობითი სათბობის ოდენობით, მათ შორის 58,2% მოდის ჰიდროენერგიაზე და 14,3%-ნავთობზე, ხოლო მოხმარებამ შეადგინა სულ 1852 ათასი ტონა. აქედან, ყველაზე დიდი ოდენობით (28,6%) იგი მოიხმარა მოსახლეობამ. ამ მხრივ მეორე ადგილზეა ტრანსპორტი (23,1%), მხოლოდ მესამეზე – მრეწველობა (13,3%) და მეოთხეზე – კომუნალური მეურნეობა (11,8%).
თუ ეკონომიკური რეფორმების საწყის პერიოდად მივიღებთ 1990 წელს, როდესაც სათბობ-ენერგეტიკულ წლიურ ბალანსში ყველა სახის რესურსი 14,5 მლნ პირობით ტონას შეადგენდა (ნავთობის ექვივალენტი) 2000 წლისათვის ეს დონე 2,3 მლნ ტონამდე, ე.ი. 10 წლის განმავლობაში თითქმის 6,3-ჯერ შემცირდა. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ საკუთარი მოპოვების რესურსების მოცულობები ამავე პერიოდში 1,5 მლნ ტ-დან 0,88 მლნ ტ-მდე დაეცა. აქაც დაახლოებით 2-ჯერ შემცირდა.
საქართველოში სათბობ-ენერგეტიკული რესურსების საერთო მოხმარება და მასში ნავთობპროდუქტებისა და გაზის მონაწილეობა მოცემულია მე-6 ცხრილში.
აღნიშნულ პერიოდში ბალანსი კვლავ დეფიციტურია და იგი გაიზარდა. კერძოდ, ენერგორესურსების ადგილობრივი წარმოება გაიზარდა 3,8%-ით, მოხმარება კი – 26%-ით. ამის შედეგად დეფიციტის საერთო მოცულობა 47,7%-ით გაიზარდა. შესაბამისად შემცირდა ადგილობრივი რესურსების წილი მოხმარებაში 8,2 პროცენტული პუნქტით. მაშასადამე, კვლავ დიდია დეფიციტის მოცულობა – წლიურად დაახლოებით 2 მლნ ტპს და შესაბამისად იმპორტირებული ენერგორესურსების რაოდენობაც.
საქართველოს ენერგეტიკული იმპორტის ძირითადი რესურსებია ნავთობპროდუქტები და ბუნებრივი გაზი. რაც შეეხება ნავთობისა და გაზის ადგილობრივ მოპოვებას, მისი წილი საკუთარი ენერგორესურსების წარმოებაში ბოლო 12 წლის (1995-2007წწ.) განმავლობაში 3,2-6,8 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. უახლოეს პერიოდში ამ დონის გაზრდა დარგის განვითარების მთავარი ამოცანაა.