ევროზონის ეკონომიკის აღდგენა
როგორც იქნა, ევროზონის ეკონომიკა გამოცოცხლებას იწყებს. 18-თვიანი რეცესიის შემდეგ ევროზონის მშპ 2013 წლის იანვართან შედარებით მეორე კვარტლის ბოლოსთვის 0.3%-ით გაიზარდა. ეს ზრდა მოსალოდნელთან შედარებით მაღალია, თუმცა, არცთუ ოპტიმისტურია სამომავლო პროგნოზი. ზრდა, ძირითადად, მოდის გერმანიის ეკონომიკაზე. მისი მშპ ანალოგიურ პერიოდში 0.7%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსებისთვის მოულოდნელი იყო საფრანგეთის მშპ-ის 0.5%-იანი ზრდაც.
არის დამაიმედებელი ტენდენციები სამხრეთ ევროპიდანაც. მართალია, გრძელდება ესპანეთისა და იტალიის ეკონომიკების შემცირება, თუმცა, შემცირების ტემპები, შესაბამისად, 0.2%-ითა და 0.1%-ით შემცირდა. ხანგრძლივი რეცესიის შემდეგ ზრდა დაფიქსირდა პორტუგალიაშიც 1.1%-ით.
თუმცა, საერთო ჯამში, ევროზონის მშპ 0.7%-ით მცირეა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2012 წლის მეორე კვარტალთან შედარებით მშპ ყველაზე მეტად კვიპროსში შემცირდა 5.2%-ით და საბერძნეთში, სადაც კლება 4.6%-ს შეადგენს. ამასთანავე, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მიღწეული წარმატების მიუხედვად, პორტუგალიის მშპ მაინც 2%-ით ნაკლებია 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედრებით.
საბოლოო ჯამში, ევროზონის ეკონომიკის მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა. გლობალური კრიზისის დაწყების შემდეგ მისი საერთო გამოშვება 3%-ითაა შემცირებული, აშშ-ში კი ეს მაჩვენებელი უკვე 4%-ით მაღალია კრიზისამდელ მაჩვენებელზე. ევროზონის მსხვილი ქვეყნებიდან მხოლოდ გერმანიის მშპ-ის მოცულობა აღემატება კრიზისის წინ არსებულ მაჩვენებელს 2%-ით.
პერიფერიული ქვეყნების ეკონომიკებმა კი მკვეთრი ვარდნა განიცადეს, რომ არაფერი ვთქვათ საბერძნეთზე, რომლის ეკონომიკაც 23%-ით შემცირდა.
რაც შეეხება მომავალს, ანალიტიკოსების ვარაუდით, 2013 წლის ბოლოსათვის ევროზონის ეკონომიკა 0.6%-ით ნაკლები იქნება 2012 წელთან შედარებით, 2014 წელს კი მხოლოდ 0.9%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. კვლავ დრამატულად მაღალია უმუშევრობის დონე, განსაკუთრებით სამხრეთ ევროპულ ქვეყნებში, რაც პოლიტიკური და სოციალური არასტაბილურობის მაღალ რისკს ტოვებს.