სადაზღვევო ბაზრის მონოპოლისტური ტენდენციები
ლია პიტიურიშვილი, ეკონომიკის დოქტორი
არჩევნების შემდეგ საქართველოს წამყვანმა სადაზღვევო კომპანიებმა ყველა პროდუქტი თითქმის ერთდროულად გააძვირეს. ეს კარტელურ შეთანხმებას ჰგავს, მითუმეტეს რომ სადაზღვევო კომპანიებს არც კი უცდიათ მიზეზების ახსნა, გარდა იმისა რომ ყველაფერ ამას ზოგადად ინფლაციას აბრალებენ. ერთი რამე კი ცხადია, სადაზღვევო ბაზარზე რამდენიმე ფირმას მონოპოლურად გაბატონებული მდგომარეობა უკავიათ და ისინი ამ მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას ცდილობენ.
ქვეყნის სადაზღვევო სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაიწყო. სრულყოფილი სადაზღვევო სისტემა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის ერთ-ერთი მახასიათებელია. ამ სფეროს ნორმალური ფუნქციონირება ეკონომიკის აღორძინების, კაპიტალდაბანდებების ზრდის (როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ინვესტიციების ხარჯზე) საშუალებას იძლევა.
საქართველოში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, სავალდებულო და ნებაყოფლობითი დაზღვევა არსებობს. სავალდებულო დაზღვევა, როგორც წესი, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით, სადაც პირდაპირაა განსაზღვრული სადაზღვევო პრემიის განაკვეთის ოდენობა. ნებაყოფლობითი დაზღვევის პირობები მითითებულია სადაზღვევო ხელშეკრულებაში, რომელიც ფორმდება მზღვეველსა და დაზღვეულს შორის. სადაზღვევო კომპანიების საქმიანობას არეგულირებს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, რომლის მიზნებია: სადაზღვევო სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; სადაზღვევო საქმიანობის კოორდინაცია; სადაზღვევო ორგანიზაციების ქმედითუნარიანობისა და გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა; სადაზღვევო საქმიანობის ზედამხედველობა.
აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო სისტემის ფორმირების საწყის ეტაპზე შექმნილი არ იყო ხელსაყრელი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გარემო. სადაზღვევო სისტემის ფორმირება მიმდინარეობდა ღრმა ეკონომიკური კრიზისის პირობებში, გამწვავებული იყო გადაუხდელობის პრობლემა, კრიზისულ ფინანსურ მდგომარეობაში იყო თითქმის ყველა სამეურნეო სუბიექტი, ამას ემატებოდა მოსახლეობის გაღატაკება და შესაბამისად, მსყიდველობითუნარიანობის დაბალი დონე, არაჯანსაღი კონკურენცია ბაზარზე და ა.შ.
სადაზღვევო სისტემის ფორმირების საწყის ეტაპზე სადაზღვევო მომსახურების ასორტიმენტი 15 სახეობას არ აღემატებოდა. ამასთან ადგილი ჰქონდა სადაზღვევო სისტემის არაპროპორციულ განვითარებას, რაც გამოიხატებოდა იმით, რომ ქვეყნის ამ ბაზრის უდიდესი ნაწილი (85%-მდე), ოთხ სადაზღვევო კომპანიაზე მოდიოდა. კერძოდ, “საქართველოს სახელმწიფო დაზღვევა”-ზე ბაზრის 34%, “კრწანისზე” – 22%, “ალდაგზე” – 15%, “ქართულ დაზღვევაზე” – 13% და დანარჩენ ყველა კომპანიაზე ნაწილდებოდა ბაზრის მხოლოდ 16%1.
საქართველოში სადაზღვევო სისტემის ფორმირება-განვითარების მეორე ეტაპი სათავეს იღებს 1998 წლიდან, როცა შედარებით ხელსაყრელი მაკროეკონომიკური გარემო შეიქმნა სადაზღვევო საქმიანობის ეფექტიანად წარმართვისათვის. საკმაოდ სტაბილურად გამოიყურება ქვეყნის საბანკო-საფინანსო სისტემა, ეკონომიკის ზრდის ტემპები გაცილებით მაღალია წინა ეტაპთან შედარებით, გაიზარდა ლარისადმი მოსახლეობის ნდობა და ა.შ. სადაზღვევო სფეროს რეფორმა ორი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს: 1. სადაზღვევო ბიზნესისა და სადაზღვევო ურთიერთობების მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმატიული ბაზის შექმნა-სრულყოფა და 2. სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო კომპანიების ეფექტიანი ფუნქციონირებისა და განვითარებისადმი აქტიური მხარდაჭერა. ყოველივე ამან დადებითი როლი შეასრულა სადაზღვევო სისტემის ტრანსფორმაციაში და შეიძლება ითქვას, ახალი იმპულსი მისცა სადაზღვევო საქმიანობის შემდგომ სრულყოფასა და განვითარებას.
2008 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ფუნქციონირებს 16 სადაზღვევო კომპანია, მათ მიერ მოზიდული ჯამური სადაზღვევო პრემიის მოცულობა 119292771 ლარს შეადგენს. 2003 წელს მოქმედებდა 25 სადაზღვევო კომპანია, ხოლო 2004 წელს – 17, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარეობს სტაბილიზაციის და გამსხვილების პროცესი. კომპანიები ერთიანდებიან და დახურვის შემთხვევაშიც ისინი ვალდებულნი არიან დაზღვეულის წინაშე მანამ, სანამ პოლისებს ვადები არ გაუვა.
საქართველოს სადაზღვევო ბაზარი ბოლო 3-4 წლის განმავლობაში დინამიურად, 35-40%-ით იზრდება, 2007 წელს ამ მაჩვენებელმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და 70%-იან ზრდას მიაღწია. სადაზღვევო კომპანიებმა 2007 წელს 119,292 მლნ ლარის სადაზღვევო პრემიის მოზიდვა მოახერხა. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დაზღვევის ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანიებმა 2007 წელს 39,52 მლნ ლარის ზარალი აანაზღაურა. 2006 წელს ამ მაჩვენებელმა 23,1 მლნ ლარი შეადგინა, ანუ 2007 წელს კომპანიებმა 71%-ით მეტი ზარალი აანაზღაურა.
მსოფლიოში არსებული უდიდესი გადამზღვევი ორგანიზაციები -SWISS RE, MUNICH RE, LLOYOS OF LONDON და სხვა აქტიურად თანამშრომლობენ ქართულ სადაზღვევო კომპანიებთან. საქართველოში თითქმის ყველა მაღალრისკიანი სადაზღვევო პაკეტი გადაზღვევას ექვემდებარება. ეს ხდება კომპანიის გადახდისუნარიანობის შენარჩუნების მიზნით, რადგან კანონმდებლობის თანახმად, აღებული ვალდებულებების შენარჩუნების შემთხვევაში, კომპანიას უჩერდება ლოცენზია, ხოლო მისი შეჩერებიდან 3 თვის თავზე იგი ჩამოერთმევა კიდეც და კომპანია სადაზღვევო ბაზარს ეთიშება. ბაზრის განვითარებასთან ერთად მცირდება გადაზღვევის საჭიროება კომპანიების ფინანსური შესაძლებლობებისა და საწესდებო კაპიტალის მატებიდან გამომდინარე, მაგრამ გადაზღვევაზე სრული უარის თქმა დაუშვებელია.
2008 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ყველაზე მაღალი წილი – 37,35% დაზღვევის სახეებს შორის სამედიცინო დაზღვევას უჭირავს, მეორე ადგილზეა ქონების დაზღვევა – 17,06%, შემდეგ მოდის სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა – 14,36% და ა.შ.
აგრარული სექტორის დაზღვევის დროს აუცილებლად დგება გადაზღვევის საკითხი, სადაზღვევო კომპანიები კი მასზე იმ შემთხვევაში თანხმდებიან, თუ დიდია დაზღვევის ფასეულობები, როგორიცაა მევენახეობა, მეღვინეობა. რისკის ფაქტორს კი აბალანსებენ, მაგრამ რეალურად ამ დარგის დაზღვევა დაკავშირებულია საერთაშორისო ბაზარზე რისკის დაბალანსებასთან, იმასთან, თუ როგორ აიღებენ ამ რისკს თავზე სადაზღვევო კომპანიები. აგრარული სექტორი საქართველოში მაღალი რისკიანობით გამოირჩევა (გვალვა, სეტყვა და სხვ). თუმცა მათგან დაცვის მექანიზმებიც არსებობს. ამჟამად ერთადერთი სფერო დაზღვევაში არის ნებაყოფლობითი დაზღვევა, რომელიც სუფთა ბაზრის პრინციპით მოქმედებს და ისიც სუსტად ვითარდება.
უკანასკნელ ოთხ წელიწადში ლიდერის როლს ინარჩუნებს სადაზღვევო კომპანია “ალდაგი ბისიაი” – 411843576 ლარით. მისი მთავარი ამოცანაა საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე მაღალი სტანდარტების მქონე სადაზღვევო პროდუქტის შემოტანა და ქვეყანაში ძლიერი სადაზღვევო ინფრასტრუქტურის შექმნა. იგი ერთადერთი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც აკონტროლებს სავალდებულო დაზღვევის მთელ ბაზარს. იგი პირველ ადგილზეა მთლიანი ანაზღაურებული ზარალის მოცულობის მიხედვითაც.
სადაზღვევო კულტურის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს უცხოელი ინვესტორების შემოსვლაც, რაც საქართველოში სადაზღვევო ბაზრის სტაბილური განვითარების ერთ-ერთი მაჩვენებელია. ჩვენს ქვეყანაში არსებულ ინვესტიციებს თან ახლავს უცხოელი ინვესტორების სავსებით დასაბუთებული სადაზღვევო მოთხოვნა. ქართველი მეწარმეებიც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ დაზღვევა არის ბიზნესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რომელიც საკმაოდ იაფი ბერკეტია მომავალში შესაძლო ზარალის თავიდან ასაცილებლად.
საქართველოში დაზღვევის განვითარებას და სადაზღვევო კულტურის ჩამოყალიბებას, გარკვეულწილად, ხელი შეუწყო ბანკების მხრიდან საბანკო კრედიტების დროს გირაოს და იპოთეკის დაზღვევის მოთხოვნამაც.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოქმედი სადაზღვევიო კომპანიების მინიმალური საწესდებო კაპიტალის ოდენობა სიცოცხლის დაზღვევისას შეადგენს 600 ათას ლარს, არასიცოცხლის დაზღვევისას – 500 ათას ლარს, ხოლო საპენსიო დაზღვევისას – სადაზღვევო კომპანიისათვის – 1 მლნ ლარს. სხვა კომპანიისათვის ის განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის განსაზღვრული საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის შესაბამისად. აღნიშნული გაცილებით მცირეა იმ მოცულობასთან შედარებით, რის მოთხოვნასაც უნდა აკმაყოფილებდნენ ევროკავშირში მოქმედი სადაზღვევო ორგანიზაციები. აუცილებელია საწესდებო კაპიტალის გადიდება, ვინაიდან სადაზღვევო სფეროში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მომხმარებელთა უფლებების დაცვას სადაზღვევო ანაზღაურების დროულად გაცემის თვალსაზრისით. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებითია სადაზღვევო კომპანიის საწესდებო კაპიტალის, როგორც ვალდებულების ქმედითი საშუალების, მინიმალური ოდენობისადმი მოთხოვნების გამკაცრება.
დასაზღვევო ინდუსტრიის განვითარებისათვის გასატარებელია ღონისძიებები, რომელთაგან აღსანიშნავია: მოქმედი სავალდებულო დაზღვევის ტარიფების ოდენობის გადამოწმება და მათი შემცირება; სადაზღვევო კომპანიების ფინანსური კაპიტალის ინვენსტირებაზე ზემოქმედება მისი ლიკვიდობის შენარჩუნების მიზნით; სავალდებულო დაზღვევის ფონდის საქმიანობის გამოკვეთა და მისი ვალდებულებების გაცნობა საზოგადოებისათვის; სიცოცხლის დაზღვევის განვითარება.
ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობის შესანარჩუნებლად საჭიროა დაზღვევის ეკონომიკის განვითარება. სამწუხაროდ, საქართველოს სადაზღვევო კომპანიებს რისკის, საფრთხისა და ზარალის ერთმანეთისაგან განსხვავებული მაჩვენებლები აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ სადაზღვევო ტექნოლოგიები, დაზღვევის მენეჯმენტი და მარკეტინგი დღეისათვის ვერ ცვლის სადაზღვევო პრემიის შეკრებისა და განლაგების აპრობირებულ, მარტივ და არაეფექტიან პრაქტიკას. სადაზღვევო კომპანიების გამჭირვალობა და მათი შიდა სტატისტიკის ხელმისაწვდომობა მომავალში უნდა გახდეს საზოგადოების ნდობის, დამსახურების სტრატეგია სადაზღვევო კომპანიისადმი, რომელთა მნიშვნელობა, როგორც სახელმწიფო სოციალური პოლიტიკისა და ჯანდაცვის დაფინანსების ალტერნატიული სისტემისა, დღითიდღე იზრდება.
სადაზღვევო კომპანიიის მიერ ფინანსური სტაბილურობის მისაღწევად, აუცილებელია გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელიც ზოგადად შემდეგი მაჩვენებლებით შეიძლება იყოს გამოხატული და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მხრიდან მუდმივ კონტროლს დაექვემდებარება:
– სადაზღვევო კომპანიების საწესდებო კაპიტალი;
– მოზიდული პრემიების საფუძველზე სადაზღვევო პრემიების შექმნა და ინვესტირება;
– სადაზღვევო ორგანიზაციების მიერ აღებული პასუხისმგებლობის ზღვარი;
– გადაზღვევის განხორციელება.
ჯანსაღი სადაზღვევო მეურნეობის ფუნქციონირებისათვის აუცილებელია ხელისუფლების მხრიდან მისი რეგულირება და კონტროლი, რადგან სადაზღვევო საქმე, სხვა ეკონომიკურ დარგებთან შედარებით, უფრო მეტად არის დაფუძნებული კომპანია-კლიენტს შორის ურთიერთნდობის პრინციპზე. სადაზღვევო საქმიანობის მართვაში მთავარია მომავალში განსახორციელებელი ურთიერთდაკავშირებული ღონისძიებების დასახვა, პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა გადაწყვეტილებათა მრავალი შესაძლო ვარიანტიდან ერთ-ერთს, ყველაზე ოპტიმალურის არჩევა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოში უკანასკნელ პერიოდში შექმნილია სადაზღვევო საქმიანობისათვის საჭირო სამართლებრივი და ორგანიზაციულ-მეთოდური საფუძვლები, თუმცა ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი ცივილიზებული საბაზრო სადაზღვევო ურთიერთობების ჩამოყალიბებამდე. ეს უკანასკნელი მოითხოვს საკმაოდ დიდ ძალისხმევას როგორც კერძო სადაზღვევო კომპანიების, ასევე სახელმწიფოს მხრიდან, რათა საქართველოში მოკლე დროში ჩამოყალიბდეს ეფექტიანად მოქმედი ცივილიზებული სადაზღვევო ბაზარი.