ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პრობლემები საქართველო
შოთა ყიზილაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი კონსტანტინე ყიზილაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ფაკულტეტის დოქტორანტი
საქართველო ბუნების სილამაზით განუმეორებელი ქვეყანაა. იგი ძალზე მიმზიდველი პეიზაჟების მრავალგვარობით გამოირჩევა. აქ ცადაზიდული ბუმბერაზი მთების ლანდშაფტები შეხამებულია ტყის, ხეობისა და მწვანე ხავერდოვანი საფარის მქონე გორაკ-ბორცვებისა და ველების წარმტაც სურათებთან და ზღვის ლაჟვარდოვან პეიზაჟებთან. ამასთან ქვეყანას აქვს მდიდარი მატერიალური და სულიერი კულტურა. ბუნებრივია, ასეთ ქვეყანაში ტურიზმის განვითარების დიდი შესაძლებლობებია.
საქართველოში ტურიზმი ეროვნული მეურნეობის პრიორიტეტული დარგია და შეძლებისდაგვარად ვითარდება. 2006 წელს ჩვენ ქვეყანაში 983 ათასი ტურისტი შემოვიდა, რაც არსებული ინფრასტრუქტურის პირობებში მაღალი მაჩვენებლია. საქართველოში ტურისტული შესაძლებლობების მთლიანად გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია წელიწადში ხუთი-ექვსი მილიონი ტურისტის მიღება.
საქართველოში ტურიზმის განვითარებისათვის ყველა შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენება გარდა ერთისა – ქვეყნის მოსახლეობის და ტურისტების დაპურება, ადგილობრივ წარმოებული ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქტებით მათი მოთხოვნილების მთლიანად დაკმაყოფილება. რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში? ძალზე კატასტროფული. მაგალითად, 2002 წელთან შედარებით 2004 წელს ქვეყნის მოსახლეობისა და ტურისტების საერთო რაოდენობა გაიზარდა 0,3%-ით, ხოლო ერთ სულზე სოფლის მეურნეობის მთლიანი პროდუქცია კი 40,7 ლარით და შეადგინა 502,8 ლარი; შესაბამისი მაჩვენებლები იყო: 2005 წელს – 3,8%, 43,0 და 505,1 ლარი და 2006 წელს – 12,3%, 2,4 და 464,5 ლარი. გამოდის, რომ ძირითადად სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი სურსათ-სანოვაგით ხდება ქვეყნის მოსახლეობისა და ტურისტების დაპურება. მაგალითდ, საქართველოში 2007 წელს უცხოეთიდან შემოტანილია 99,9 მლნ დოლარის ღირებულების ხორბალი, 75,5 მლნ დოლარის შაქარი, მარტო თურქეთიდან კი – 9,9 მლნ დოლარის კარტოფილი, ასევე შემოაქვთ დიდი რაოდენობით სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქცია. ასეთ პირობებში ყოვლად შეუძლებელია საქართველოში ტურიზმის შემდგომი ნორმალური განვითარება.
აქედან გამომდინარე, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარება და სპეციალიზაცია ყოველმხრივ გააზრებულ, გონივრულ და ახლებურ მიდგომას მოითხოვს, რათა მყარი საფუძველი ჩაეყაროს ქვეყნის საკუთარი რესურსების ხარჯზე კვების პროდუქტებით მოსახლეობის და ტურისტების უზრუნველყოფის პრობლემის მთლიანად გადაწყვეტას.
მსოფლიოში ალბათ ნაკლებად მოიძებნება საქართველოს მსგავსი განსაკუთრებული კარგი ბუნებრივ-კლიმატური პირობების მქონე ქვეყანა, სადაც ტერიტორიის მრავალფეროვანი ექსპოზიციის რელიეფისა და მდიდარი ნიადაგების მეოხებით უზრუნველყოფილი იყოს სოფლის მეურნეობის მრავალნაირი კულტურის განვითარება და ბუნებრივი სათიბ-საძოვრების სიუხვით მეცხოველეობის მძლავრი საკვები ბაზის შექმნა. ამიტომ საქართველო ისტორიულად ჩამოყალიბებული თანაბარზომიერად მაღალგანვითარებული მრავალდარგოვანი სოფლის მეურნეობის და სამთო მიწათმოქმედთა ქვეყნად იყო ცნობილი. ასეთ ქვეყანაში დღეს სოფლის მეურნეობა გაპარტახებულ მდგომარეობაშია.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სავალალო მდგომარეობის ძირითადი მიზეზებია: მიწის რესურსების შეუფასებლობა და გამოყენების დაბალი დონე, მთისა და ბარის ერთმანეთისაგან ჩამოცილება, სოფლის მეურნეობის ვიწრო სპეციალიზაცია, სარწყავი მიწათმოქმედების დაბალი დონე, წარმოებითი ურთიერთობების შეცვლაში არსებული ხარვეზები, სოფლის მეურნეობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არარსებობა და აგრარული მეცნიერების მიღწევების უარყოფა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის როგორც ამჟამინდელი, ისე სამომავლო განვითარების საფუძველია მიწის რესურსები და მათი შესაძლო რაციონალური და გონივრული გამოყენება. ჩვენში დამკვიდრებულია აზრი, რომ საქართველო “მცირემიწიანი” ქვეყანაა. ეს არ არის ახალი. თუ საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, მაშინ რა უნდა თქვან მართლაც მცირემიწიანმა სახელმწიფოებმა? მაგალითად, საფრანგეთში სახნავის ოდენობა ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 0,16 ჰექტარია, ინგლისში – 0,11, ბელგიაში – 0,13, შვეიცარიაში – 0,12, ჰოლანდიაში – 0,11, საქართველოში კი 0,16 ჰექტარზე მეტია. შევადაროთ მათი და ჩვენი ცხოვრების დონე. ვთქვათ, საქართველო, მართლაც მცირე მიწიანია, მაშინ რას უნდა მივაწეროთ ის, რომ დღემდე საქართველოს სივრცე და სასოფლო-სამიურნეო სავარგულების ტრანსფორმაცია არასოდეს ინსტრუმენტული გაზომვით არ დადგენილა, ე.ი, ამჟამად არ გაგვაჩნია უტყუარი ცნობები საქართველოს ამჟამინდელი ტერიტორიის საერთო და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ტრანსფორმაციის შესახებ, არასოდეს იგი ინსტრუმენტული გაზომვით არ დადგენილა, ე.ი, ამჟამად არ გაგვაჩნია უტყუარი ცნობები საქართველოს ამჟამინდელი ტერიტორიის საერთო და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შესახებ, მით უმეტეს, რომ ეს ფართობი ინსტრუმენტული გაზომვით დაახლოებით 10%-ით მეტი იქნება.
საქართველოში დღევანდლამდე ახალი მიწების ათვისებას ყურადღება თითქმის არ ექცეოდა. მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის, მიწის პრივატიზაციის და გლობალური დათბობით გამოწვეული კლიმატური რეჟიმის შეცვლის შედეგად სასოფლო-სამეურნეო კულტურების სავეგეტაციო პერიოდის გახანგრძლივება და ვერტიკალური მიმართულებით მაღლა გადაადგილების პირობებში უფრო მეტი შესაძლებლობა იქმნება მიტოვებული და ახალი სავარგულების ათვისება-გამოყენებისათვის. საკმარისია გავიხსენოთ ჩვენი წინაპრების მიერ საქართველოში სამთო მიწათმოქმედების განვითარების საუკეთესო მაგალითები – ციცაბო ფერდობებზე მოწყობილი ტერასები, გაჩეხილი ახოები, სადაც ხეხილი, ვაზი, მარცვლეული და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები მოჰყავთ. ამ გზით ვითარდებოდა მიწათმოქმედება და კვლავაც აუცილებელია სოფლის მეურნეობის ამ გზით განვითარება.
მართალია, ამჟამად საქართველოში მცირეა მიწათმოქმედებისათვის საჭირო მიწის ფართობები, მაგრამ სამაგიეროდ დიდია ბუნებრივ-სამეურნეო მიწის ფართობები, რომლებიც უმთავრესად საძოვრებად და სხვა სავარგულების დანიშნულებით გამოიყენება. ამ მიწის ფართობებიდან დაახლოებით 88,0 მიწის ჰექტარის, პირველ რიგში, ჯანგარის, საძოვრისა და ტყე-ბუჩქნარის გამოყენება შეიძლება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში. აქ ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ბუნებრივ-სამეურნეო მიწის ფართობების ტრანსფორმაციამ არ უნდა გამოიწვიოს სატყეო მეურნეობის და მეცხოველეობის განვითარების შეფერხება.
ქართველი ხალხი ოდითგანვე თავისი ქვეყნის მთა-ბარს, მათი ბუნებრივ-ეკონომიკური პირობების და სასოფლო-სამიურნეო წარმოების ადგილობრივი ტრადიციების მაქსიმალური გათვალისწინებით თანაბარზომიერად იყენებდა. მაგრამ საქართველოს სოფლის მეურნეობის დამახინჯებულმა ვიწრო დარგობრივმა სპეციალიზაციამ ძალზე დამანგრეველად იმოქმედა ქვეყანაში ბუნებრივი და ეკონომიკური პირობების და ადგილობრივი ტრადიციების განსხვავებით გამოწვეულ შრომის რეგიონთაშორისო დანაწილებაზე. მთას არ ჰქონდა ყურძენი, ხილი, ზოგჯერ პურიც კი: ბარში კიდევ ნაკლები იყო პირუტყვი და მეცხოველეობის პროდუქცია. ამგვარად ბარელს მთა სჭირდებოდა, მთიელს – ბარი, უერთმანეთოდ მათ არსებობა არ შეეძლოთ. ისტორიულად ჩამოყალიბული ამ კანონზომიერების დამოკიდებლობის დარღვევა და არარსებობა შედეგია იმ ბარბაროსული ექსპერიმენტის ჩატარებისა, რომელიც საქართველოში დაიწყო ჯერ კიდევ გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან, როცა ყოვლად დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი მიზეზებით მთის რეგიონებიდან მკვიდრი მოსახლეობის ძალდატანებით ბარში ჩამოსახლებით, ოთხმოციან წლებში რვაას ოთხი სოფლის “უპერსპექტივოდ” გამოცხადებით და მოსახლეობის “პერსპექტიულ” ადგილებში გადასახლების აუცილებლობით დამთავრდა. დაცარიელდა ფშავის, ხევსურეთის, რაჭის, სვანეთის, თუშეთის და სხვა რეგიონების სოფლები და მიწის პირიდან აღიგავა, სიცოცხლისაგან მიტოვებულ მკვდარ სანახაობას წარმოადგენს. აი ამიტომაა, რო ქართველი ხალხის არსებობა ძირითადად ბარს დაეკისრა, ბარს კი გაუჭირდა.
ქართველ ხალხს საუკუნეების დაკვირვებით და შესწავლით მიგნებული ჰქონდა თავის მიწაზე რა, რომელ ადგილას, რა გვარობდა, რა უნდა მოეყვანა, მამულები დაყოფილი ჰქონდათ: საპურე, სავანახე, საბაღე, სათიბე, საძროხე, საცხვარე, საცხენე და ა.შ ნაკვეთებად. დღეს კი ეს ყველაფერი დავიწყებულია, გატიალებულია და ისტორიის კუთვნილება გახდა, ამიტომ საქართველოს მთა-ბარში ძირეულად გაადგილებულია სოფლის მეურნეობის ძირძველი დარგების ტრადიციული ადგილ-მდებარეობა, ამასთან ხშირი იყო თითქმის ყველა რაიონში და რეგიონში სპეციფიკური დარგების შეცვლა-გადაადგილებაც. აღნიშნულის ნათელი მაგალითია ის, რომ ამჟამად, საქართველოში მრავალწლიანი ნარგავები გაშენებულია ყველაზე სწორ და ნაყოფიერი ნიადაგის ფართობებზე, ხოლო მარცვლეულ კულტურებს დათმობილი აქვს მათთვის შეუფერებელი ციცაბო-უსწორმასწორო რელიეფის მქონე მიწის ფართობები. საქართველოს მთა-ბარის არათანაბარზომიერად გამოყენებას და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე უაღრესად ცუდი გავლენა მოახდინა სხვადასხვა ქვეყნის რეგიონებისათვის შემუშავებულმა მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის დანერგვამ ჩვენი ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო წარმოების თავისებურებათა გაუთვალისწინებლად. სწორედ ამით უნდა აიხსნას ის, რომ ქართველი ხალხის მიერ საუკუნეების მანძილზე გამოყვანილი და ჩვენს მთა-ბარს შეგუებული ქართული ხორბლის, ქერის, სიმინდის, ღომის, ვაზის, ხეხილის და სხვა მრავალი კულტურული ჯიში დაიკარგა. თითქმის მოსპობის პირას არის მისული წმინდა თუშური ცხვრის, ქართული ძროხის და ხარის, ცხენის, ღორის, კამეჩის, სხვა პირუტყვისა და ფრინველის ჯიშები. სამაგიეროდ გამრავლდა, ე.წ. “შემოტანილი” თუ “შემოყვანილი” ხორბლის, ჩაის, ძროხის, ნაზმატყლიანი ცხვრის, ღორის, ქათმის და სხვა ჯიშები. იყო კი ეს საჭირო? რა თქმა უნდა არა. საუბედუროდ ეს პროცესი დღესაც გრძელდება. მით უმეტეს ქართულ აგრარულ მეცნიერებას უდიდესი მიღწევები აქვს ამ დარგში.
საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში ყველაზე დიდი შეცდომა იყო დამუშავებულ მიწებზე ე.წ. კოლონიური მონოკულტურებით დაკავებული სასოფლო-სამეურნეო წარმოების ვიწრო სპეციალიზაცია. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სპეციალიზაციას მეჩაიეობა, მეციტრუსეობა, მეხილეობა და მევენახეობა არ განსაზღვრავდა. ამ დარგებმა “პრიორიტეტული” მნიშვნელობა მხოლოდ ე.წ. “სოციალისტური რევოლუციის” შემდგომ პერიოდში მოიპოვა. ამ დარგების განვითარება ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგების – მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოების ხელოვნურად შემცირების პირობებში წარიმართა. ამის გამო რესპუბლიკის სასოფლო-სამეურნეო წარმოების თანამედროვე სპეციალიზაციის პირობებში გაჩნდა ყოვლად გაუმართლებელი მოსაზრება, თითქოს საქართველოს არ შეუძლია საკუთარი მოსახლეობისა და ტურისტების საკუთარი წარმოების სასურსათო პროდუქციით უზრუნველყოფის პრობლემის მთლიანად გადაწყვეტა.
სწორედ ეროვნულ-ტრადიციული, თანაბარზომიერად მაღალგანვითარებული, მრავალდარგოვანი სოფლის მეურნეობის პირობებში ქართველ ხალხს ყოველთვის ჰქონდა არა მარტო სამყოფი, არამედ ნამეტი სასურსათო პროდუქცია. მაგალითად, საქართველოდან 1885 წელს ბათუმის და ფოთის ნავსადგურებიდან საზღვარგარეთ გატანილ იქნა 6207,0 ათასი ფუთი სიმინდი – 60,0 მილიონი მანეთის. მაგრამ სოფლის მეურნეობის მრავალდარგოვან სტრუქტურაში “პრივილეგირებული მნიშვნელობის” დარგების გამოყოფამ და განვითარებამ, ამ პროდუქციის “გარანტირებული ეკვივალენტური” გაცვლის აღიარებულმა მეთოდმა იქამდე მიგვიყვანა, რომ სანატრელი გაგვიხდა ქართული ხორბლის ფქვილი, ღომის ღერღილი, სიმინდის ფქვილი, მოუხდელი რძე, ნატურალური ერბო-კარაქი, ყველი, ხორცი, ნატურალური ღვინო, ნუგბარი ხილი და სხვა.
ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარების უტყუარ გზად სარწყავი მიწათმოქმედება უნდა მივიჩნიოთ, ვინაიდან სარწყავ მიწათმოქმედებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ეკონომიკის ისტორიაში, ქართული სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცებასა და აღორძინებაში.
სარწყავი მიწათმოქმედების მაღალი კულტურის მქონე საქართველოში სარწყავი მეურნეობა თითქოსდა ნორმალურად ვითარდებოდა, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ იყო. სარწყავი მეურნეობის განვითარებას თან ახლდა მეტად სერიოზული შეცდომები, რამაც შეიძლება ითქვას მეტად უარყოფითი გავლენა იქონია სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. პირველ რიგში აღსანიშნავია ის, რომ ამჟამად ირწყვება და სოფლის მეურნეობის სამსახურშია ჩაყენებული საქართველოს მთელი მოსარწყავი მიწის ფონდის (1663,9 ათ.ჰა) მხოლოდ 26,1 პროცენტი. ამასთან მეტად საგულისხმოა ის ფაქტი, რომ თითქმის არც ერთი სარწყავი სისტემა, რომელიც აშენებულია, თავის საპროექტო პარამეტრებით დასრულებული ექსპლოატაციაში არ გადაცემულა და აქედან გამომდინარე, ცხადია, მას არც მოსალოდნელი ეფექტი მოუცია. აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ უმეტეს შემთხვევაში სარწყავი ობიექტის მშენებლობის ხარჯზე ხდებოდა სარწყავი მიწის ფართობების გადიდება და თითქმის უგულებელყოფილი იყო არსებული სარწყავი სისტემების საპროექტო სიმძლავრემდე მოწესრიგება. სწორედ ამის გამოა, რომ ამჟამად საქართველოში სარწყავი სისტემის ტექნიკურ გაუმჯობესებას მოითხოვს მთელი სარწყავი მიწების 85%-ზე მეტი, რის გამოც არ ირწყვება მიწების დიდი ნაწილი, ამასთან ძალზე დაბალია სარწყავ მიწებზე სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა.
საქართველოს სოფლის მეურნეობაში საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრების მიზნით დაიწყო სოფლის მეურნეობაში არსებული საკუთრებითი ურთიერთობების ფორმის ძირეული შეცვლა. ეს პროცესი მოსახლეობაზე მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემით დაიწყო, მაგრამ ამ აქტს ხალხისათვის არსებითად სიკეთე არ მოუტანია, გარდა მიწის კერძო მფლობელობაში მიღებისა.
საქართველოს სოფლის მეურნეობა ამჟამად “გარდამავალ” პერიოდშია. სწორედ ამ ეტაპზე უნდა გამოკვეთილიყო ის ძირითადი მიმართულებანი, რომელთა საფუძველზეც უნდა აღდგეს და განვითარდეს ქართული, ეროვნული, ტრადიციული, თანაბარზომიერად მაღალგანვითარებული, მრავალდარგოვანი სოფლის მეურნეობა. ამ მხრივ დღეს საქართველოში გაურკვეველი ვითარებაა. რაიმე სიკეთეზე ლაპარაკიც ძნელია. ამიტომ შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ დღევანდელი სოფელი და მისი მეურნეობა მთლიანად უპატრონოდ და ბედის ანაბარადაა მიტოვებული და იგი უმძიმეს პირობებშია.
ამჟამად კერძო მეურნეობები და სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმოები გაურკვეველ მდგომარეობაში არიან. აღარ იციან, თავიანთი სამეურნეო საქმიანობა რა გზით და რა მიმართულებით წარმართონ, ე.ი. ვერ გადაწყვიტეს, რომელ სასოფლო-სამეურნეო კულტურას ან დარგს მიანიჭონ უპირატესობა და სად წაიღონ ნამეტი პროდუქტები. ამიტომ ნადგურდება ვენახები, ხეხილის ბაღები, ჩაის პლანტაციები და თუთის ნარგავები. მათ ადგილას კი საზამთრო, კიტრი და სხვა კულტურები იკავებენ და პირიქით. ამის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ დღემდე არ არსებობს როგორც მთლიანად საქართველოს, ისე მისი რეგიონების და რაიონებისათვის ჩამოყალიბებული დარგობრივი სპეციალიზაციისა და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის მეცნიერულად დასაბუთებული გრძელვადიანი კონცეფციები. მეტიც, კერძო მეურნეებს თავიანთი მეურნეობის მოწყობისა და განვითარების მინიმალური შესაძლებლობებიც არ გააჩნიათ. ისინი იძულებულნი არიან მიწა იჯარით გასცენ და მინიმალური შემოსავლით დაკმაყოფილდნენ, ხოლო ბევრ რაიონში კერძო მეურნეები თავიანთი მიწებიდან იმდენ მოსავალსაც ვერ იღებენ, რომ დახარჯული ფულადი სახსრები აანაზღაურონ, ამიტომ მიწის დამუშავება მოსახლეობას აღარ აინტერესებს; ბევრი მეურნე თავის საკუთარ მიწას ყიდის და მარჩენალის გარეშე რჩება. ასე გაჩნდა კახეთში “ნანის ვენახები”, “გიას ვენახები”, “ვანოს ვენახები” და ა.შ.
საქართველოს სოფლის მეურნეობაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის დროულად გამოსწორებისა და მისი შემდგომი განვითარების მიზნით განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ქვეყნის სოფლის მეურნეობის სპეციალიზაციას, ე.ი. სოფლის მეურნეობის ამჟამინდელ დარგობრივ სტრუქტურაში უნდა ამაღლდეს იმ კულტურებისა და დარგების ხვედრითი წილი, რომელთაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ საქართველოს მოსახლეობის და ტურისტების სურსათით მთლიანად უზრუნველყოფისათვის. ამის რეალური შესაძლებლობა არსებობს, თუ კი სამომავლოდ დასამუშავებელი 1945,6 ათასი ჰექტარი მიწის ფართობიდან მრავალწლიან ნარგავებს 380,0 ათასი ჰექტარი (19,5%) დაეთმობა; კარტოფილს, ბოსტნეულ-ბაღჩეულს, ტექნიკურ და საკვებ კულტურებს – 465,6 ათასი ჰექტარი (23,9%), ხოლო მარცვლეულს – 1100,0 ათასი ჰექტარი (56,6%). ამიტომ აუცილებელია მიწის ფართობის განაწილების ამ სტრუქტურის მიხედვით დამუშავდეს ქართული, ეროვნული, ტრადიციული, თანაბარზომიერი, მრავალდარგოვანი სოფლის მეურნეობის გრძელვადიანი კონცეფცია. ეს იქნება ერთადერთი სწორი არჩევანი საქართველოში საუკუნების მანძილზე ჩამოყალიბებული, მაგრამ ამჟამად არარსებული ქართული, ეროვნული, ტრადიციული, თანაბარზომიერი მრავალდარგოვანი სოფლის მეურნეობის აღდგენა-განვითარებისათვის. სოფლის მეურნეობაში უკვე გამოყენებული და მიწათმოქმედებისათვის ვარგისი, მაგრამ ჯერ კიდევ გამოუყენებელი მიწები საქართველოს სოფლის მეურნეობის ოქროს ფონდია, ქართველი ხალხის დიდი სიმდიდრეა. მისი რაციონალური და პოტენციური შესაძლებლობის მაქსიმალური გამოყენება სადღეისო და სამომავლო საქმეა. თუ კვლავ არ იქნება დაშვებული შეცდომები მიწების ათვისება-გამოყენებაში, სოფლის მეურნეობის სპეციალიზაციასა და სასოფლო-სამეურნეო წარმოების ინტენსიფიკაციის გზით განვითარებაში, მთასა და ბარში აღსდგება მაღალგანვითარებული სარწყავი მიწათმოქმედება, შეიქმნება სოფლის მეურნეობის მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, დროზე იქნება დაძლეული სოფლის მეურნეობაში საბაზრო ურთიერთობათა ჩამოყალიბებაში არსებული ხარვეზები, ფართოდ დაინერგება აგრარული მეცნიერების მიღწევები, აღდგება და განვითარდება ქართული, ეროვნული, ტრადიციული, თანაბარზომიერად მაღალგანვითარებული, მრავალდარგოვანი სოფლის მეურნეობა, მთლიანად გადაიჭრება საკუთარი რესურსების ხარჯზე სურსათ-სანოვაგით საქართველოს მოსახლეობის და ტურისტების უზრუნველყოფის პრობლემა.