კაპიტალის საზღვარგარეთ “გაქცევისა” და მასზე მოქმედი ქაფტორების ანალიზი
ვ.თათულაშვილი
კაპიტალის “გაქცევა” ესაა კაპიტალის ექსპორტის განსაკუთრებული ფორმა ანუ უშუალოდ საზღვარგარეთის ქვეყნებში სავალუტო რესურსების ფინანსური და სხვა სახის აქტივებში მოთავსების ფორმა. აღნიშნული ძირითადად გამოწვეულია ქვეყანაში ეკონომიკური და პოლიტიკური არასტაბილურობის გაძლიერებით ან ეროვნული ვალუტის გაუფასურების შიშით.
კაპიტალის “გაქცევა” ქვეყნიდან კაპიტალის გადინების სახესხვაობაა, როგორც ლეგალური, ასევე არალეგალური არხებით. კაპიტალის “გაქცევის” ნიშნად ითვლება ქვეყნის საფინანსო საინვესტიციო პოტენციალის შემცირება, რომელიც რაოდენობრივად გამოვლინდება საგარეო ვალის მომსახურებისა და ეროვნული საინვესტიციო პროგრამების შესაძლებლობების გაუარესებაში.
თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურაში კაპიტალის “გაქცევის” ფენომენის განსაზღვრება პირველად შემოიტანეს აშშ-ის პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯ. კადინტონმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტებმა მ. დეპლერმა და მ. უილიამსონმა. აკადემიკოს ლ. აბალკინის აზრით კაპიტალის “გაქცევა” განსხვავდება კაპიტალის ექსპორტის ჩვეულებრივი ფორმებისგან, ის სულ სხვა ბუნებისაა და გამოწვეულია სერიოზული ხანგრძლივვადიანი გადახრებით სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროში.
პოსტსაბჭოურ ქვეყნებში არ არსებობს საზღვარგარეთ გასული ეროვნული ინვესტირების რეგისტრაციის, აღრიცხვისა და კონტროლის ქმედითი სისტემა, რაც ხელს უშლის სრულყოფილი ანალიტიკური საქმიანობის წარმოებას. ადეკვატური აღრიცხვის უქონლობა განაპირობებს “გაქცეული” კაპიტალის მასშტაბების შეფასებაში, თუმცა შესაძლებელია მიახლოებითი გაანგარიშების ჩატარება. კერძოდ, ფინანსური სახსრების სახელმწიფო აღრიცხვისგან დაფარული მასშტაბების ზრდაზე მიუთითებს საგადასახადო ბალანსის სტატისტიკაში მუხლის – “წმინდა შეცდომები და გამოტოვებები” – მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა, რომლის ჩვეულებრივი მნიშვნელობა ითვლება სტატისტიკურ ცდომილებად, ხოლო მასზე გადაჭარბება წარმოადგენს კაპიტალის აღურიცხავი გატანის სავარაუდო მოცულობას.
კაპიტალის “გაქცევის” განმსაზღვრელი ფაქტორებია:
1. არახელსაყრელი ეკონომიკური და საინვესტიციო კლიმატი (პოლიტიკური და კრიმინოგენური სიტუაციის არასტაბილურობა, ბაზრის ტევადობის შემცირება, ბიუჯეტის დიდი დეფიციტი, საფინანსო ბაზრის ინფრასტრუქტურის განუვითარებლობა);
2. საგარეო-ეკონომიკურ სფეროში გატარებული სამეურნეო კურსის შედეგები (საგადასახადო წნეხის ზრდა, მკაცრი საკრედიტო პოლიტიკა, საგარეო სესხების არამიზნობრივი და არაეფექტური გამოყენება);
3. კორუფციის მაღალი დონე;
4. მოსახლეობის უნდობლობა ბანკებისადმი და ბიზნესმენების უნდობლობა ხელისუფლებისადმი;
5. კაპიტალის კრიმინალური წარმომავლობა. პოსტსაბჭოურ ქვეყნებთან მიმართებაში საუბარია არა იმდენად “ჭუჭყიანი” ფულის (შემოსავლები ნარკობიზნესიდან და სხვა აკრძალული საქმიანობიდან) გაწმენდის შესახებ, არამედ სახელმწიფო სახსრების მითითების გზით დაგროვილი კაპიტალის საზღვარგარეთ განთავსებაზე.
კაპიტალის გადინებამ შორს გადასწია ამ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის განახლება. გააძლიერა მათი დამოკიდებულება უცხოურ სესხებზე და შექმნა დაგროვილი ვალების მომსახურებაზე დანახარჯების სიდიდის კრიტიკული ზრდის საფრთხე, თუმცა, იმავდროულად, ხელი შეუწყო მსოფლიოს საფინანსო საზოგადოებაში ინტეგრაციას და საზღვარგარეთ შეიქმნა საინვესტიციო რეზერვი, რომელიც სწორი პოლიტიკის გატარებით შეიძლება რეპატრირებულ იქნას.
კაპიტალის “გაქცევა”ერთ-ერთი საყურადღებო საკითხია საქართველოს საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში. უკანასკნელი 1995-99 წ.წ. განმავლობაში საქართველოს საგარეო ვაჭრობას საქონელბრუნვის უდიდესი უარყოფითი სალდო ახასიათებს. დეფიციტმა ჯამში 2584 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.
უარყოფითი სავაჭრო ბალანსის პირობებში საქართველო იძულებულია წავიდეს მსხვილ საერთაშორისო სესხებზე, რაც განაპირობებს მეტისმეტად დიდ დამოკიდებულებას უცხოურ კრედიტებსა და ინვესტიციებზე, იმპორტულ საქონელსა და კაპიტალზე.
1992-95 წლებში კაპიტალის “გაქცევის” მასშტაბების დადგენა მეტად რთული იყო, რადგან ამ პერიოდში ფაქტობრივად ხელიდან იყო გაშვებული ფულის მიმოქცევისა და მართვის სისტემა, ფულადი ნაკადების აღრიცხვისა და ანალიზის მექანიზმი. რაც შეეხება 1997-99 წლებს, საქართველოს საგადასახადო ბალანსის საფუძველზე ჩატარებული ანალიზით ირკვევა, რომ 1997 წელს კაპიტალის არალეგალურმა “გაქცევამ” 27.798 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, 1998 წელს – 120.590 ათასი აშშ დოლარი ანუ 4,3-ჯერ მეტი, ხოლო 1999 წელს – 151098 ათასი აშშ დოლარი ანუ 5,1-ჯერ მეტი 1998 წელთან შედარებით და 1,2-ჯერ მეტი წინა წელთან შედარებით. ე.ი. საქართველოდან კაპიტალის “გაქცევა” ხასიათდება მზარდი ტენდენციით. საქართველოს ეკონომიკის “დოლარიზაცია” მისი სტრუქტურული დეგრადაციის განსაკუთრებული პრობლემაა. საქართველო ჯერ კიდევ შორსაა რუსეთის მსგავსი საფინანსო კრიზისის ნიშნულამდე, მაგრამ საგანგაშო ტენდენციაა ის, რომ მოვლენების ანალიზით ვლინდება საბიუჯეტო კრიზისის ნიშნები.
პრობლემის გადაწყვეტის ქმედით საშუალებად და მნიშვნელოვან რეზერვად მიგვაჩნია (იმგვარი ღონისძიებების სისტემის შემუშავება და ამოქმედება, რაც დაარეგულირებს კაპიტალის გადიდების პროცესს და ხელს შეუწყობს უკვე “გაქცეული” სახსრების დაბრუნებას.
არსებობს კაპიტალის გატანის შეზღუდვის, აღრიცხვისა და კონტროლის მთელი რიგი მეთოდები, რომლებიც ერთმანეთთან ლოგიკურ კავშირში წარმოქმნიან ქვეყნიდან კაპიტალის გადინების სახელმწიფო რეგულირების სისტემას. კაპიტალის გატანის შეზღუდვა ხორციელდება უპირატესად საზღვარგარეთ გასული ინვესტიციების ლიცენზირებით, ზოგიერთი სახის ინვესტიციის აკრძალვით, კაპიტალის გატანის დაფინანსების შემცირებით, სავალუტო სახსრების საბანკო არხებში მოქცევით, ფისკალური პოლიტიკის ლიბერალიზაციით, კომერციულ საბანკო სისტემასა და სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოებს შორის კაპიტალის მოძრაობის გარკვეულ დონეზე თანამშრომლობისა და ინფორმირების მარეგულირებელ მექანიზმების შემოღებით, აგრეთვე რიგი წინასწარი პირობების შემუშავებით, რომლებიც რეალიზირდება უპირატესად ადმინისტრაციულ და სავალუტო კონტროლის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ კაპიტალის საერთაშორისო მოძრაობასთან დაკავშირებულ ოპერაციებზე შეზღუდვები 1996 წელს არსებობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის 180 წევრი ქვეყნიდან 126 სახელმწიფოში. უთუოდ დადებით მომენტად უნდა ჩაითვალოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი მოთხოვნა საზღვარგარეთიდან გადმოსარიცხი თანხების დაუბრუნებლობის გამო სისხლის სამართლებლივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. ამასთან საჭიროა “კომერციულ ბანკების” შესახებ კანონის მე-17 მუხლის მოთხოვნათა ლიბერალიზაცია იმ მიმართულებით, რომ დაევალოთ კომერციულ ბანკებს, მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია საგადასახადო ორგანოებს, სავალუტო ანგარიშსწორებათა წინასწარ განსაზღვრული მაქსიმალური ზღვრული დონის (30 000 აშშ დოლარი) მიღწევის შემთხვევაში და ა.შ.
განვითარებული ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საგადასახადო ბალანსზე კაპიტალის გატანის უარყოფითი ზემოქმედების შესაზღუდავად ყველაზე ქმედითი ღონისძიებებია:
– სამამულო ინვესტორების ინფორმაციული და ტექნიკური დახმარება (მხარდაჭერა საზღვარგარეთ პარტნიორის მოძებნაში, საქმიანი მისიების ორგანიზებაში, ბიზნეს-გეგმების შემუშავებაში საინფორმაციო პროექტების რეალიზაციაში);
– კერძო ინვესტიციების დაფინანსება (მონაწილეობა კაპიტალდაბანდებებში, საგადასახადო შეღავათების მიცემა, დაკრედიტება და ა.შ.);
– ინვესტიციების დაზღვევა და გარანტიების მიცემა.
ეს ღონისძიებები უნდა გამოვიყენოთ საქონლისა და მომსახურების ექსპორტის და კრიტიკულად მნიშვნელოვანი იმპორტის სტიმულირებასთან ერთად.
მსოფლიო პრაქტიკაში არსებობს არასტანდარტული სქემები, რომლებიც საშუალებას იძლევა არა მარტო რეპატრირებულ იქნას “გაქცეული” კაპიტალი ეკონომიკის რეალურ სექტორში, არამედ გაკეთდეს ეს სახელმწიფო ბიუჯეტისათვის სარფიანად საგარეო სავალო დამოკიდებულებების ერთდროული შესუსტებისას. მიზანშეწონილია, შევისწავლოთ ასეთი გამოცდილება. ამისათვის შესაბამისი დავალებები უნდა მიეცეს ეკონომიკური პროფილის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს.