მიწაში ჩადებული ჯართი ამერიკული დახმარების მოლოდინშია
ეკა გაბადაძე
“თბილგაზის” პრივატიზების ორი მცდელობა კრახით დასრულდა: პირველი – ტენდერი ჩაიშალა, მეორე – არ შედგა. მესამე ტენდერი კი ივნისის პირველ რიცხვებში გამოცხადდება. ძნელი სათქმელია, გამოჩნდება თუ არა უზარმაზარი დავალიანების მქონე ობიექტით დაინტერესებული მსხვილი ინვესტორი. წინასწარ კი ერთის თქმა შეიძლება: ცოტა ხნის წინ “თბილგაზის” მართვაში რეკომენდაციების დონეზე ჩართული ამერიკული ფირმა “PA ჩონსულტინგ”-ი იმდენად დიდ შრომას ეწევა ობიექტის საპრივატიზაციოდ მომზადებაში, რომ, ალბათ, მათ მსხვილი ინვესტორის გამოჩენის იმედი აქვთ. დღეისათვის “თბილგაზის” საერთო დავალიანება 50 მლნ ლარს შეადგენს.
ამ თანხაში იგულისხმება: დღგ, საბაჟო, ეკოლოგიის, ტრანსპორტირების გადასახადი, “ტრანსგაზმრეწვის” თუ გაზის მიმწოდებლისადმი დავალიანება. დავალიანებისა და საინვესტიციო თანხის სიდიდის გამო, “თბილგაზის” გასაყიდი ფასი, სანდო წყაროს ინფორმაციით, 2მლნ ლარია, თუმცა, შეიძლება ისიც გაქრეს.
“თბილგაზში” მიმდინარე პროცესებით ჩვენი საზოგადოება საკმაოდაა დაინტერესებული, რადგან, საბოლოო ჯამში, გაზი გვექნება თუ არა, მასზეა დამოკიდებული – საინტერესო და მეტად მარტივი სქემით: თუ ხალხს ექნება ფული, “თბილგაზი” გაზს მიაწვდის, თუ “თბილგაზს” ექნება ფული, იგი შეიძენს გაზს. და პირიქით: თუ ხალხს არ ექნება ფული და ვერ გადაიხდის მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურს, შესაბამისად, ვერ მიიღებს ვერც გაზს, ვერც შუქს და ვერც სხვა ელემენტარულ “სიამოვნებას”.
ზემოხსენებული ბაკქანალიის და სხვა მიზეზთა გამო, “თბილგაზის” ტენდერი ორჯერ ჩაიშალა. ორი სერიოზული კომპანია “იტერა” და “ეი-ი-ეს”-ი “თბილგაზით” დაინტერესებას გამოხატავდნენ. მაშინ, როგორც ამბობდნენ, რუსული და ამერიკული ინტერესების დაჯახება მოხდა. გაჭყლეტილი კი ისევ “თბილგაზი” დარჩა. მეორე ტენდერის ჩაშლის შემდეგ საქმეში UშAID-ის კონტრაქტორი კომპანია “PA ჩონსულტინგ”-ი ჩაერთო და საქართველოს მხარესთან ურთიერთგაგების მემორანდუმს (ხელშეკრულებას) მოაწერა ხელი. მოკლედ რომ ვთქვათ, “PA ჩონსულტინგ” ფუნქციას “თბილგაზის” მომავალი ინვესტორის მოზიდვა წარმოადგენს. უფრო ვრცლად კი, “PA ჩონსულტინგ”-ის ჯგუფთან გაფორმებული ხელშეკრულება, პრაქტიკულად, “თბილგაზის” პრივატიზებას ემსახურება და სტრატეგიული ინვესტორის მოზიდვას ითვალისწინებს. “PA ჩონსულტინგ”-ი თბილისის გაზის მეურნეობას რეკომენდაციების დონეზე უწევს არაფინანსურ, ტექნიკურ დახმარებას. მათი მითითებით 22 სახანძრო ჯგუფი ჩამოყალიბდა. შედეგად, ორი კვირის მანძილზე მათ მიერ აღმოჩენილი იქნა 10 ათასი გაუფორმებელი მრიცხველი.
კონტრაქტორი ყველაზე დიდ როლს სადისტრიბუციო ქსელის რეორგანიზაციას ანიჭებს. წამკითხველთა ინსტიტუტის შემოღებით “თბილგაზის” ინკასატორებზე ერთგვარი კონტროლი დაწესდა. საბოლოოდ, ნავარაუდევია მოსახლეობიდან მოხმარებულ გაზზე აღებული თანხების სალაროში შეტანა, რაც, “ეი-ი-ეს თელასის” არ იყოს, ძალზე ეფექტური მექანიზმია. “PA ჩონსულტინგ”-ი ახლო მომავალში ქსელებზე სატესტო მოწყობილობებს, ტექაღჭურვილობებსა და კომპიუტერების ჩამოტანას გეგმავს. მათი გეგმები ბუღალტერიის თანამედროვე სტანდარტებზე გადაყვანას, ბაზის საბუღალტრო აღრიცხვასაც ეხება.
“PA ჩონსულტინგ”-ის ჯგუფის სახელმძღვანელო პროგრამა “თბილგაზის” კომერციული, სამეურნეო და საფინანსო მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დახმარებას ითვალისწინებს. სპეციალისტთა აზრით, “თბილგაზს” ყველაზე მეტად ტექნიკურ ნაწილში ესაჭიროება რეაბილიტაცია და, თუ რეალურად მოხერხდება შესაბამისი მძლავრი კომპანიის ან ინვესტორის მოძიება, გაზგამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია, “თბილგაზის” მომავალზე საუბარი შესაძლებელი იქნება.
“PA ჩონსულტინგ” ჯგუფის მიერ ჩატარებულმა “თბილგაზის” ფინანსურმა ანალიზმა ცხადყო, რომ ყოველი კუბური მეტრის გაყიდვისას “თბილგაზს” ნაკლები თანხა შემოსდის, ვიდრე იმდენი, რაც საჭიროა გაზის ღირებულების გადასახდელად და, შესაბამისად, არანაირი თანხა არ რჩება თანამშრომლებზე ხელფასის გასაცემად, დღგ-ის და სხვა გადასახადების გადასახდელად. “თბილგაზის” დანაკარგი 1000 მ3 გაზზე დაახლოებით 163 ლარს შეადგენს, რაც თვით ამ რაოდენობის გაზის ღირებულებაზე (149ლ – 1000 მ3) მეტია. ეს საკმაოდ რთული სიტუაციაა. თუმცა, შეიძლება, პრობლემების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი ტექნიკური დანაკარგებიც იყოს, რაც გაზის ქსელის მიმდინარე რემონტების არარსებობის ბრალია. დანაკარგების დიდი ნაწილი, ექსპერტთა თქმით, გამოწვეულია კომერციული და სხვა სახის მენეჯმენტთან დაკავშირებული მიზეზებით.
“თბილგაზი” გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს, პირველ რიგში, იმის გამო, რომ უზრუნველყოფილი იყოს გაზის უსაფრთხო მიწოდება. უსახსრობის გამო, ასეთი სამუშაოების ჩატარება ძნელდება. საერთოდ, თავისი არსებობის მანძილზე “თბილგაზი” ყოველთვის სახელმწიფო დოტაციაზე იმყოფებოდა. დღეს დონორად თბილისის მერია ანუ საქალაქო ბიუჯეტი გვევლინება. 2000 წლის ბიუჯეტში მერიამ “თბილგაზის” დასახმარებლად გაითვალისწინა 1 094 997 ლარი. 2001 წელს კი 3მლნ 500 ათასი ლარი. 2000 წელს 200 ათასი ლარი გამოიყო შეღავათებისთვის, წელს ეს თანხა 450 ათას ლარს შეადგენს. მერიის სუბსიდიების მიზეზი კი მოხმარებული გაზის საფასურის გადაუხდელობასთან არის დაკავშირებული. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მომხმარებლის გაზის გადასახადს მხოლოდ 30-40% იხდის. ამის გამო, “თბილგაზს” მომწოდებელთან პრობლემები ექმნება, ის კი გაზის მოწოდების შეწყვეტით თითქმის ყოველთვიურად იმუქრებოდა (საუბარია კომპანია “იტერაზე”). “იტერასთან” “თბილგაზის” მიმდინარე დავალიანება 661 ათასი დოლარია, “საქგაზის”ვალი კი 18 მლნ ლარამდეა.
“თბილგაზს” 1 აპრილს კონტრაქტის ვადა ენერგეტიკის საერთაშორისო კომპანია “იტერასთან” ამოეწურა, დღეს მომწოდებლად ისევ სს “საქგაზი” გვევლინება, რომელიც მანამდე “იტერასა” და “თბილგაზს” შორის შუამავლის როლს ასრულებდა. 1 აპრილს “თბილგაზსა” და “საქგაზს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ბუნებრივი აირის მოცულობა წლიური 76.000.000 მ3-ის ოდენობით მიწოდებაა გათვალისწინებული.
ხელშეკრულებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ანგარიშსწორების ვადების დარღვევის ან გადაუხდელობის შემთხვევაში მომხმარებელს გაფრთხილების გარეშე შეუწყდება გაზის მიწოდება (ხან “იტერა” გვაშინებს, ხან “საქგაზი”). თუმცა, ჯერჯერობით, ასეთი პრობლემა არ წარმოშობილა.
9 მაისს “თბილგაზის” პირველი ტენდერის პირობები გამოქვეყნდა, რომელიც, ოფიციალურად, ივნისის პირველ რიცხვებში გამოცხადდება. პირობებში მთავარ მოთხოვნას დასაწყის ეტაპზე ტარიფების შენარჩუნება, 75 მლნ ლარის სავალდებულო ინვესტიცია და დავალიანების დაფარვა წარმოადგენს. რაც შეეხება ვალს, მოწოდებული გაზის საფასურის დავალიანება 10 მლნ ლარია, დანარჩენი 40 მლნ – სხვადასხვა გადასახადების. “საქგაზის” მიმდინარე დავალიანებაა ძველ 18 მლნ-ს დამატებული 36 მლნ ლარი. “თბილგაზის” გასაყიდი ფასი, ჯერჯერობით, მიზერს – 2 მლნ ლარს შეადგენს, თუმცა, ვარაუდობენ, რომ ამ ორ მილიონს აღარავინ მოითხოვს, რადგან რეალურად, 75 მლნ ლარის ინვესტირების და 50 მლნ ლარის დავალიანების შემთხვევაში, ინვესტორს 2 მლნ ლარს სირცხვილით ვეღარ მოსთხოვენ.
საინვესტიციოდ “თბილგაზს” “PA ჩონსულტინგ”-ი ამზადებს. ისინი ხუთი-ექვსი თვის მანძილზე “თბილგაზში” საქმიანობენ და ტენდერთან დაკავშირებულ ყველა საკითხს სკურპულოზურად სწავლობენ. ისინი ტენდერის პირობებს მერია-საკრებულოს წარუდგენენ და შესაბამის რეკომენდაციებსაც დაელოდებიან. საკრებულოზე ტენდერის პირობების განხილვის შემდეგ სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელშიც “წონიანი” უწყების წარმომადგენლები შევლენ. ტენდერის გამოცხადების შემდეგ ერთ თვეში მსურველებმა, პოტენციურმა ინვესტორებმა, განაცხადი უნდა წარადგინონ. აუცილებელ მოთხოვნად ვალების დაფარვა, რეაბილიტაციისა და სადისტრიბუციო ქსელის გამართვისათვის 75 მლნ ლარის გაღება და ტარიფის შენარჩუნება დარჩება. მაშასადამე, პირველ ეტაპზე, რომელიც ხუთი წელი გაგრძელდება, მომხმარებლისთვის ერთი კუბური მეტრი აირი 25 თეთრზე მეტი არ უნდა გახდეს. ცნობისთვის, “საქგაზს” გაზის მიწოდება “იტერამ” 10 დოლარით გაუძვირა, თუ მანამდე 1000 მ3 აირში 40 დოლარს იხდიდა, ახლა ეს თანხა 50 დოლარამდე გაზარდეს. ტარიფის გაზრდის არანაირი მიზეზი რომ არ არსებობს, ამას “თბილგაზის” ხელმძღვანელობაც ირწმუნება: ჩვენთან არ არსებობს გენერაციის წყარო, ამიტომ დღეს ბუნებრივ გაზს უმთავრესად რუსეთიდან ვიღებთ. გაზის საფასურის სტაბილურობა და მისი სიიაფე დამოკიდებულია მომწოდებლის ფასებზე. ჯერჯერობით, ტარიფის გაზრდის მიზეზები არ არსებობს, თუმცა, აქ, გარკვეულწილად, საჭიროა საგადასახადო კანონმდებლობის მოქნილობა, რათა გაზის საფასური გაიაფდეს ან სტაბილურად შევინარჩუნოთ მისი ფასი.
პრივატიზების შემდეგ (თუკი “თბილგაზის” ტენდერი არ ჩაიშლება), საინვესტიციო თანხა თავის ასახვას ჰპოვებს, მაგრამ ეს მკაცრად უნდა იყოს გაწერილი. ტენდერის ჩაშლის შემთხვევაში (ღმერთმა დაგვიფროს!) ქალაქის ბიუჯეტი, საიდანაც ზამთრის პირობებში 3 მლნ ლარზე მეტი გაზის მოწოდებაზე დაიხარჯა, “თბილგაზის” შენახვას ვეღარ შეძლებს. შესაბამისად, მისი ცისფერი ალი ვეღარ იკიაფებს ჩვენს ბინებში და მომავალი ზამთარიც ახლო წარსულის განვლილ ზამთრებს დაემსგავსება.