გაზპრომი საბერძნეთს გაზის მიწოდების გაორმაგებას ჰპირდება

რედაქციისაგან

ანალიტიკოსთა აზრით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთსა და საბერძნეთს შორის კონტრაქტი შედგება, აზერბაიჯანის გეგმა საბერძნეთისთვის გაზის მიწოდების თაობაზე ჩაიშლება.

ყოველწლიურად საბერძნეთი დაახლოებით 3,2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს. გასულ წელს “გაზპრომმა” ამ ქვეყანას 2,7 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა. უფრო ადრე საბერძნეთი რუსეთის გაზზე თავისი დამოკიდებულების შემცირებას გეგმავდა და 2010 წლისთვის ქვეყნის მოხმარებაში რუსეთის გაზის წილის 84-დან 45 პროცენტამდე შემცირებასაც აპირებდა.
ვლადიმირ პუტინმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას, საბერძნეთის რუსული გაზის გაზრდილი ოდენობით მომარაგების გარდა, ნავთობსადენ ბურგას-ალექსანდრუპოლისის და გაზსადენ “ცისფერი ნაკადის” პროექტების რეალიზაციაზეც ისაუბრეს. “საბერძნეთი დაინტერესებულია, რომ 2016 წლის შემდეგ 2040 წლამდე მისთვის მიწოდებული რუსული გაზის ოდენობა გაორმაგდეს. იმისთვის, რომ გაზის მიწოდება გაიზარდოს, ტრანსპორტირების დამატებითი სიმძლავრეებია საჭირო, – აცხადებს პუტინი.
გაზპრომში აცხადებენ, რომ საბერძნეთთან კონტრაქტის გაფორმება ფინანსური თვალსაზრისით კომპანიისთვის მომგებიანი იქნება – გაზის ფასი სპეციალური ფორმულის მეშვეობით დგინდება და ამ ფორმულის ინდექსაციაც მუდმივად ხდება. თუმცა ამ კონტრაქტის რეალიზაცია პროექტ “ცისფერი ნაკადის ექსპლუატაციაში ჩაშვებამდე ვერ მოხერხდება.
გაზპრომმა და იტალიურმა ENI-მ ივნისში პროექტ “ცისფერი ნაკადის დაპროექტებისა და მშენებლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. 900 კმ. სიგრძის გაზსადენს პარტნიორები პარიტეტულ საწყისებზე გაიყოფენ. გაზსადენი წლიურად 30 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს გაატარებს. პროექტ “ცისფერი ნაკადის ექსპლუატაციაში ჩაშვება 2013 წლისთვის იგეგმება.
რუსეთის ეროვნული ენერგეტიკის ინსტიტუტის დირექტორი სერგეი პროვოსუდოვი აცხადებს, რომ საბერძნეთისთვის გაზის მიწოდებას აზერბაიჯანიც გეგმავდა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ საბერძნეთმა და რუსეთმა ხანგრძლივვადიან ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს, აზერბაიჯანმა ეს შანსი შეიძლება სამუდამოდ დაკარგოს. “თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ აზერბაიჯანის უმსხვილესი საბადოს – შაჰ-დენიზის მარაგი 1 ტრილიონი, ხოლო გაზპრომის მარაგი 30 ტრილიონი კუბური მეტრია, საბერძნეთისთვის უფრო საიმედო რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმება იქნება, – აცხადებს პროვოსუდოვი.
პოლიტიკური და ეკონომიკური კომუნიკაციების სააგენტოს გენერალური დირექტორი დიმიტრი ორლოვი აცხადებს, რომ რუსეთს ევროპის ქვეყნებისთვის რამდენიმე ათწლეულებზე გათვლილი კონტრაქტების განხორციელების გამოცდილება უკვე აქვს.

თურქმენეთი ირანს გაზის თაობაზე
აფრთხილებს
2008 წლის დასაწყისში თურქმენეთი ირანისათვის გაზის მიწოდების შემცირებას დაჟინებით მოითხოვდა და მოთხოვნას ტექნიკური მიზეზებით ხსნიდა.
ირანული მედია-საშუალებები თურქმენეთის განცხადებამდე ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ თურქმენეთს ირანისთვის გაზის ტარიფების გაორმაგება სურდა. გაზის შემცირების ოფიციალურ მიზეზად ირანის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილში ბუნებრივი აირის შემცირება სახელდება.
ფასების ზრდა
თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ირანისთვის გაზის მიწოდების საკითხი ეჭვქვეშ 1 იანვრიდან დადგა, რადგან 200 კმ სიგრძის საექსპორტო მილსადენი შესაკეთებელია. ისინი დასძენენ, რომ ირანმა ვერ შეასრულა თურქმენეთიდან ირანში გაზის მიწოდების საფასურის გადახდის და სარემონტო სამუშაოების ჩატარების ვალდებულებები.
ირანის სახელმწიფო ტელევიზია კი აცხადებს, რომ გაზის მოცულობის შემცირების მთავარი მიზეზი ორ ქვეყანას შორის გაზის ფასებზე შეუთანხმებლობა გახდა. მედია აცხადებს, რომ თურქმენეთმა ირანს გაზის თითქმის გაორმაგებული ტარიფი შესთავაზა და 100 კბმ ბუნებრივ აირზე არსებული 75 დოლარის ნაცვლად 140 დოლარი მოითხოვა.
ირანის ნავთობის მინისტრი აცხადებს, რომ თეირანი შემოთავაზებულ ფასებს არ განიხილავს, სანამ თურქმენეთი გაზის მიწოდებას არ აღადგენს.
ნავთობისა და გაზის მსხვილი მარაგების მიუხედავად, ირანი თურქმენეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდების 5%-ის იმპორტს აწარმოებს.
2007 წლის ნოემბერში რუსეთის სახელმწიფო კომპანია “გაზპრომი” დათანხმდა თურქმენეთს 1000 კბმ ბუნებრივ აირზე 100 დოლარის ნაცვლად 150 დოლარი გადაეხადა.