ქართულ-ებრაული კაპიტალი თბილისის გულში განთავსდა
რედაქციისაგან
35-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობა დაიწყო – საინვესტიციო პაუზა დასრულდა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, პირველი განაცხადი საქართველოში ინვესტიციების განთავსების შესახებ უკვე გაკეთდა. ორი დღის წინ, თბილისში, ქალაქის შუაგულში, ცაბაძის ქუჩაN8-ში, ცნობილ ვაგზლის ბაზრობაზე საძირკველში პირველი ქვა ჩაიდო და ეს იმის ნიშანი გახდა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ებრაულ-ქართული კაპიტალით სამი წლის შემდეგ კომპლექსი City Heart-ი აშენდება.
კომპლექსი შპს City Heart-ის საკუთრებაა და მისი დამფუძნებლები არიან ქართული კომპანიები: “თერგი” და “კოლხა”, ხოლო უცხოური კომპანიებიდან – ებრაული “ვარტელი” და ბულგარული “მორ ფონდი”. ქართველ პარტნიორებთან ერთად უცხოელი ინვესტორები თელავივიდან და ვარნიდან სპეციალურად ჩამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღეს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” გამართულ პრეზენტაციაზე.
რა აშენდება დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც წლების განმავლობაში საქართველოს ყველა კუთხიდან ფერმერები სოფლის მეურნეობის პროდუქტებს ყიდიდნენ, თუმცა ვაგზლის ბაზრობაზე აგრარული პროდუქციის გარდა ათასი წვრილმანი, მათ შორის ხელით ნაკეთი საოჯახო ნივთებიც იყიდებოდა. ამ ეტაპზე უმუშევრად დარჩენილი “ვაგზლის ბაზრობის” მოვაჭრეები ახალი კომპლექსის მშენებლობას დიდი იმედით ელოდებიან. 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე 100 ათასი კვადრატული მეტრის კომპლექსი აშენდება. ორი 35-სართულიანი ცათამბჯენის პირველი სამი სართული სავაჭრო ცენტრს დაეთმობა, ხოლო დანარჩენი – სახოვრებელ სახლს. რაც მთავარია, City Heart-ის გენერალური დირექტორი და შპს “თერგი 1”-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი მუხრან ბაგრატიონი აცხადებს, რომ კომპლექსის ტერიტორიაზე კეთილმოწყობილი აგრარული ბაზარი აშენდება და იქ ის 2500 ადამიანი დასაქმდება, რომლებიც ამჟამად ბაზრობის ტერიტორიაზე მუშაობენ. მუხრან ბაგრატიონის განმარტებით, City Heart-ი სავაჭრო, გასართობი, საცხოვრებელი და დასასვენებელი კომპლექსი იქნება, სადაც ჰიპერმარკეტები, მაღაზიები, რესტორნები, კაფე-ბარები, კინოთეატრები, ინტერნეტ-კაფეები, ბანკები, საყოფაცხოვრებო მომსახურეობის ობიექტები, საბავშვო გასართობი მოედნები, ავტოსადგომები და ბიზნესცენტრი განთავსდება.
City Heart-ის პროექტის არქიტექტურაზე ქართველი და ებრაელი პროფესიონალების ჯგუფი ერთობლივად მუშაობდა. საქართველოს მხრიდან შეირჩა საპროექტო ორგანიზაცია “გოდაკო”, ხოლო ებრაულ მხარეს სამი არქიტექტურული ჯგუფი წარმოადგენს. City Heart-ის მთავარი არქიტექტორი გოგი კვიწინაშვილი ამბობს: “ასეთი მასშტაბის კომპლექსი საქართველოში ჯერ არ ყოფილა. ჩვენი ამოცანაა ტერიოტორია მაქსიმალურად ისე ავითვისოთ, რომ პარკინგისთვის და ინფრასტრუქტურისთვის ადგილი სათანადო დონეზე-თანაბრად განაწილდეს, რათა მოვაჭრესა და მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შეექმნას. ამ პროექტის დასრულების შემდეგ, ვაგზლის ბაზრობის ტერიტორია სულ სხვა კატეგორიაში გადავა, ხოლო მდებარეობის მიხედვით, ის ძალიან პრესტიჟულ ადგილად გადაიქცევა.
ქართულ-ებრაული კაპიტალის განთავსების შესახებ პირველ განაცხადს საქართველოს მხრიდან “მარიოტში” გამართულ პრეზენტაციაზე მხარი დაუჭირა მთავრობის ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ. ის თავის მისასალმებელ გამოსვლაში უცხოელ ინვესტორებს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, ქვეყნაში კორუფციის დონის შემცირებას და კიდევ უფრო ლიბერალურ საგადასახადო რეჟიმს დაპირდა.