ევროკავშირთან ვაჭრობაში არსებული სატარიფო და არასატარიფო ბარიერები

კოტე ზალდასტანიშვილი

განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობა მათი საექსპორტო შესაძლებლობების მსოფლიო ბაზარზე მაქსიმალური რეალიზაციაა. სწორედ ეს აძლევს ამ ქვეყნებს ეკონომიკური ზრდისა და, შესაბამისად, სიღარიბის ეფექტურად დაძლევის ახალ შესაძლებლობებს.

საქართველოს განვითარების დღევანდელ ეტაპზე ქართველი მწარმოებლებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს სტრატეგიული თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბაზართან – ევროკავშირთან ვაჭრობის ზოგადი და კონკრეტული საკითხების შესახებ ინფორმაციის გამარტივებული სახით მიწოდებას. ეს საკითხი განსაკუთრებით საგულისხმოა რუსული ემბარგოს ფონზე, რომლის შედეგად ქართული პროდუქციის მრავალ სახეობას რეალიზაციის რეალური პრობლემები შეექმნა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკის განვითარების მაღალი ტემპის შესანარჩუნებლად უაღრესად მნიშვნელოვანია ექსპორტის დივერსიფიცირება, ანუ საქართველოში წარმოებული პროდუქციის ტრადიციული ბაზრებიდან (რუსეთი, ცენტრალური აზია და ა.შ.) ევროპული, უმაღლესი სტანდარტების ბაზარზე გადამისამართება. ბუნებრივია, რომ სწორი სავაჭრო პოლიტიკის შემთხვევაში, 500 მლნ-ზე მეტი ევროპელი მომხმარებლის მომცველი ბაზარი ნებისმიერი მწარმოებლისათვის უაღრესად მიმზიდველია (დასავლეთ ბალკანეთისა და თურქეთის ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების პროცესის დასრულების შემდეგ მომხმარებელთა რაოდენობამ შეიძლება 800 მლნ-ს გადააჭარბოს).
ევროკავშირთან ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. ამდენად, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის კურსის შესანარჩუნებლად, ეკონომიკური ინტეგრაცია უაღრესად მნიშვნელოვანია.
ევროკომისიის ვებ-გვერდზე (www.europa.eu.int) ნათქვამია, რომ “ევროკავშირი საქართველოს განიხილავს ე.წ. გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნად, რომელიც ევროკავშირის მხრიდან სარგებლობს დროებითი (ad-hoc) საბაზრო ეკონომიკური მიდგომით” (market economy treatment). ზრდის ზოგადი ტენდენციის მიუხედავად, ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა მცირე და არასაკმარისად დივერსიფიცირებულია, განსაკუთრებით, როდესაც საქმე საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტს შეეხება. რატომ ხდება ასე? ერთი შეხედვით, მსოფლიო სავაჭრო სისტემაში მონაწილეობისათვის საქართველოს ერთობ ხელსაყრელი პირობები აქვს შექმნილი – ქვეყანა სარგებლობს ევროკავშირის პრეფერენციათა (შეღავათების) განზოგადებული სისტემით (GSP) გათვალისწინებული სატარიფო შეღავათებით (რომელთა შესახებაც ქვემოთ უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ), არის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი, სარგებლობს სხვადასხვა დონორების, მათ შორის ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური დახმარებით და ა.შ. მაშ რა არის მიზეზი იმისა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის მოცულობა შექმნილი პირობების არაადექვატურია და საქართველო არასრულად იყენებს არსებულ პოტენციალს?
როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ევროკავშირთან ვაჭრობაში მესამე ქვეყნები მეტნაკლები წარმატებით ახერხებენ ე.წ. სატარიფო, ანუ ადმინისტრაციული ბარიერების, როგორიცაა მაგალითად, საბაჟო და სხვა ადმინისტრაციული პროცედურები, გადალახვას და მნიშვნელოვანი წინააღმდეგობები ექმნებათ არასატარიფო ბარიერების დაძლევის პროცესში. არასატარიფო ბარიერში იგულისხმება ის ტექნიკური (მათ შორის, სანიტარული თუ ფიტოსანიტარული) სტანდარტები, რომლებსაც პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს ევროკავშირის ბაზარზე შესაღწევად. მათში ასევე მოიაზრება სერტიფიცირებისა და პროდუქციის წარმოშობის მოთხოვნები და სხვა. უნდა აღინიშნოს, რომ არასატარიფო ბარიერების უარყოფითი გავლენა გლობალური ვაჭრობის სისტემის განვითარებაზე არამხოლოდ ევროკავშირთან ორმხრივ ვაჭრობაში შეინიშნება. შესაბამისად, მათი შემცირების საკითხი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში მიმდინარე “დოჰა-ს განვითარების რაუნდის” მოლაპარაკებებშიც არის ჩართული.
წინამდებარე პუბლიკაცია – პირველი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის სპეციფიკასთან დაკავშირებულ პუბლიკაციათა ციკლიდან – იძლევა იმ სატარიფო და არასატარიფო ბარიერების განმარტებებს, რომელთა დაძლევა, ევროკავშირთან ვაჭრობის პროცესში, მესამე ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს უწევს.
ხაზგასასმელია, რომ ევროკავშირის ერთიან ბაზარზე შესაღწევად რთული მოთხოვნებია დასაკმაყოფილებელი. ამ მოთხოვნათა სირთულე ნაკარნახევია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა სურვილით, ერთის მხრივ, მაქსიმალურად დაიცვან საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ხოლო მეორეს მხრივ, ევროკავშირის შიდა ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის პირობები შექმნან, ანუ არ დაუშვან საკუთარ ბაზარზე ისეთ პირობებში და ისეთი ტექნოლოგიებით დამზადებული პროდუქციის შემოსვლა, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებს არ შეესაბამება, შესაბამისად დაბალი თვითღირებულება აქვს და ამით ბაზარზე გარკვეულ უპირატესობას ფლობს.
ევროკავშირის არასატარიფო ბარიერების დაძლევა გართულებულია იმ მიზეზითაც, რომ ეს ბარიერები ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო აქტებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობების რთული სინთეზის შედეგია. საგულისხმოა ისიც, რომ ხსენებული სინთეზური საკანონმდებლო ბაზა მუდმივად განახლების პროცესშია და, შესაბამისად, მასში შესული ცვლილებების მკაცრ მონიტორინგს საჭიროებს.
ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის იმპორტის დამაბრკოლებელი ფაქტორი შეიძლება იყოს როგორც პროდუქციის ტექნიკური სტანდარტი და სერტიფიცირების მოთხოვნა, ასევე პროდუქციის წარმოშობის დაცვა, ხარისხის კონტროლი, მომხმარებელთა დაცვა, საბაჟო და ბიუროკრატიული პროცედურები, გარემოს დაცვითი ზომები და ა.შ.
იმის სადემონსტრაციოდ, თუ როგორ აბრკოლებს ევროკავშირის ბარიერები მესამე ქვეყნებიდან ექსპორტს ისიც გამოდგება, რომ ევროკავშირის სანიტარული და ფიტოსანიტარული ნორმების გამო აფრიკის ქვეყნებიდან ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტი მათი სრული პოტენციალის მხოლოდ 36%-ს შეადგენს.
ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში და კონკრეტულად ჩვენს რეგიონში მცირეა იმ კომპანიათა რიცხვი, რომლებიც იცნობენ ევროკავშირის სავაჭრო კანონმდებლობას. ამდენად, ევროპულ ბაზარზე ორიენტირებულ კომპანიათა დიდ უმრავლესობას შესაბამისი ახსნა-განმარტებითი სამუშაოების ჩატარება ესაჭიროება. საგულიხმოა, რომ ჩატარებული გამოკითხვების შესაბამისად, მაგალითად, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში რეგისტრირებული კომპანიების 48% არ იცნობს ევროკავშირის ბაზრის ძირითად პრინციპებს და მხოლოდ 9%-ია მეტ-ნაკლებად ინფორმირებული ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობის თაობაზე. ამ ფონზე ძნელი წარმოსადგენი არ არის, თუ რა მდგომარეობაა აღნიშნული კუთხით ჩვენს რეგიონში.
ევროკავშირის ბაზრის დამცავი მექანიზმების შემუშავებისა და ეფექტური კონტროლის გაწევის თვალსაზრისით, განსაკუთრებული როლი ევროკავშირის ინსტიტუტებს, კერძოდ კი ევროკომისიას ეკისრება. მაგალითისათვის, ევროკომისიის ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა დაცვის გენერალური დირექტორატი აყალიბებს სასურსათო პროდუქციის უსაფრთხოების საერთო-ევროპულ სტანდარტებს და მესამე ქვეყნებიდან იმპორტირებული სასურსათო პროდუქტების მონიტორინგის წესებს. მნიშვნელოვანი როლი აკისრია ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც. თითოეული წევრი ქვეყანა მესამე ქეყნებიდან იმპორტირებული პროდუქციისათვის შეიმუშავებს დამატებით მოთხოვნებს. ამასთან, თავისი მოთხოვნები აქვთ სარეალიზაციო და სადისტრიბუციო ორგანიზაციებს, მაგალითად საცალო და საბითუმო ქსელებს. შესაბამისად, მესამე ქვეყნის კომპანიებს ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის სარეალიზაციოდ მოთხოვნათა ზემოაღნიშნული სამი წყების დაკმაყოფილება უწევთ.
ევროკავშირის ბაზრის მარეგულირებელი საკანონმდებლო სისტემის სირთულის სადემონსტრაციოდ ევროკავშირის რამოდენიმე რეგლამენტს წარმოგიდგენთ: ევროკავშირის განაწესი # 852/2004 არეგულირებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ჰიგიენურ წესებს, რომელთა მიხედვითაც მესამე ქვეყნის პასუხისმგებელმა ორგანომ ხსენებული პროდუქციის წარმოების პროცესის მონიტორინგი უნდა აწარმოოს. ევროკავშირის განაწესი # 2073/2005 განსაზღვრავს ხილისა და ბოსტნეულის მიკრობიოლოგიური შემადგენლობის მოთხოვნებს, ხოლო ევროკავშირის განაწესი # 29/2000 მცენარეთა იმ ჩამონათვალს შეიცავს, რომელთაც ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტირებისას ფიტოსანიტარული სერტიფიკატი უნდა ახლდეს. ხსენებული სერტიფიკატი უნდა მოწმობდეს, რომ პროდუქცია თავისუფალია მისთვის დამახასიათებელი დაავადებებისაგან.
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ევროკავშირის ერთიანი ბაზარი, სახელწოდების მიუხედავად, არ ემორჩილება კანონმდებლობის ერთიან სისტემას და ერთობლივად რეგულირდება როგორც ევროკავშირის კანონმდებლობის, ისე ევროკავშირის წევრ ქვეყანთა ეროვნული კანონმდებლობების მიერ. სწორედ ამიტომ, ბროშურათა ციკლის შექმნის მთავარ მიზანს ევროკავშირის სატარიფო და არასატარიფო ბარიერებთან დაკავშირებული იმ საკანონმდებლო აქტების ქართველი მწარმოებლებისათვის გასაგებ ენაზე გადმოცემა და მათი კონკრეტულ რეკომენდაციებად ჩამოყალიბება წარმოადგენს, რომელთა გათვალისწინების გარეშე ქართველ ექსპორტიორებს ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის რეალიზაციის პროცესში გადაულახავი სირთულეები შეექმნებათ.
ევროკავშირთან ვაჭრობაში არსებული არასატარიფო ბარიერების კონკრეტული მაგალითები
როგორც უკვე აღინიშნა, მესამე ქვეყნის პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე შესაღწევად აუცილებელია, რომ ის ევროკავშირის ბაზრის ისეთ მკაცრ საკანონმდებლო მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს, როგორებიცაა ჯანმრთელობის უსაფრთხოება, გარემოს დაცვა და სხვა. ხსენებული კანონმდებლობა, როგორც წესი, განსაზღვრავს პროდუქციის მახასიათებლებსა და მისი წარმოების მეთოდებს, ასევე მოიცავს პროდუქციასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას, სიმბოლიკას, დაფასოების, შეფუთვის, მარკირების და ეტიკეტირების მოთხოვნებს. ე.წ. “შესაბამისობის შეფასების პროცედურები” კი განსაზღვრავენ ამ მოთხოვნების შესრულების მდგომარეობას.
მესამე ქვეყნებიდან იმპორტირებული პროდუქციისათვის ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიერ დაწესებულ მოთხოვნებზე საუბრისას კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ბაზრის არასატარიფო ბარიერები ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების კანონმდებლობათა რთულ სინთეზს წარმოადგენს. შესაბამისად, პროდუქციის სახეობიდან გამომდინარე, მისი ევროკავშირის ბაზარზე შეტანა შესაძლოა ექვემდებარებოდეს მხოლოდ ევროკავშირის, ან როგორც არცთუ იშვიათად ხდება, ევროკავშირისა და მისი ცალკეული წევრი ქვეყნის სავაჭრო კანონმდებლობას. აღნიშნულის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს მინერალური და სასმელი წყალი. წყალი პროდუქციის ის იშვიათი სახეობაა, რომლის ევროკავშირის ქვეყნებში იმპორტი ძირითადად ამ ქვეყნების კანონმდებლობით რეგულირდება. მიუხედავად ამისა, ევროკავშირში იმპორტირებულმა მინერალურმა და სასმელმა წყალმა მაინც უნდა დააკმაყოფილოს ევროკავშირის მიერ დაწესებული სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოთხოვნები. მესამე ქვეყნებიდან ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტს ევროკავშირის სამი სახის საკანონმდებლო აქტი არეგულირებს, ესენია:
ევრორეგულაციები, რომელთაც პირდაპირი მოქმედება აქვთ და არ საჭიროებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ კანონმდებლობებში ასახვას.
ევროდირექტივები, რომლებიც სავალდებულოა ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნისათვის და მოითხოვენ ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვას. ამასთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ეძლევათ საშუალება, ეროვნული კანონმდებლობის საშუალებით თავად განსაზღვრონ ამ დირექტივებით გათვალისწინებული მიზნების შესრულების გზები;
ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებები – ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღების გზით, ევროკავშირის ინსტიტუტებს ეძლევათ ბერკეტები, შესაბამისი ზომები გაატარონ კონკრეტული პირების, კომპანიების ან წევრი ქვეყნის მიმართ.
მესამე ქვეყნებთან ვაჭრობისას ევროკავშირისათვის პრიორიტეტულია მოქალაქეების ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვა, რის უზრუნველსაყოფადაც ევროკავშირი ფართოდ იყენებს არასატარიფო ბარიერებს, კერძოდ კი ე.წ. “ევროსტანდარტებს” როგორც სამრეწველო, ასევე სასურსათო პროდუქციისათვის. თვალსაჩინოებისათვის, ქვემოთ მოგვყავს ევროკავშირის ზოგიერთი მოთხოვნა ჯანმრთელობის უსაფრთხოების სფეროში. ამასთან, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ევროკავშირის არასატარიფო ბარიერები და მათ შორის, ევროკავშირის კანონმდებლობის ეს ნაწილი სისტემატურად განახლების პროცესშია. გადამუშავებული პროდუქციის მარკირება ნიშნით “CE” მესამე ქვეყნებიდან ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტირებისათვის დაწესებული მოთხოვნაა, რომელიც განსაზღვრავს, რომ ევროკავშირის ბაზარზე შემოტანილი პროდუქცია უსაფრთხოა მომხმარებლის ჯანმრთელობისათვის. “CE” მარკირების მოთხოვნა სავალდებულოა გადამამუშავებული მრეწველობის პროდუქციის ფართო ჩამონათვალისათვის. არსებობს პროდუქციის სამი ჯგუფი, რომელსაც აუცილებლად უნდა გააჩნდეს “CE” მარკირება, ესენია:
1. ყველა ახალი პროდუქცია წარმოებული როგორც ევროკავშირის წევრ, ასევე სხვა ქვეყნებში;
2. ევროკავშირში მესამე ქვეყნებიდან იმპორტირებული გამოყენებული და მეორადი მოხმარების პროდუქცია;
3. არსებითად მოდიფიცირებული პროდუქცია, რომელზეც ახალი პროდუქტების მსგავსად, შესაბამისი ევროდირექტივები ვრცელდება.
“CE” მარკირება არ გამოიყენება მაგალითად ავეჯის, ტყავისა და ზოგიერთ საფეიქრო ნაწარმზე. “CE” მარკირების გამოყენება შეუძლია როგორც ევროკავშირის, ისე მის არაწევრ ქვეყანას, თუ ამ უკანასკნელის “შესაბამისობის შეფასების სისტემა” შესაბამისი ევროდირექტივების მოთხოვნებს აკმაყოფილებს. “CE” მარკირება უნდა გაკეთდეს უშუალოდ პროდუქტზე, მკაფიოდ და ადვილად შესამჩნევ ადგილას და იოლად არ უნდა ზიანდებოდეს. იმ შემთხვევაში, თუ მარკირების გაკეთება უშუალოდ პროდუქტზე შეუძლებელია, უნდა მოხდეს შეფუთვის მარკირება. პროდუქციის ძირითადი ჩამონათვალი, რომელსაც აუცილებლად უნდა გააჩნდეს “CE” მარკირება, შემდეგია:
სამშენებლო მასალები;
მგზავრთა გადაყვანისათვის განკუთვნილი საბაგიროები;
საქვაბეები;
ელექტრომაცივრები, საყინულეები და სხვა მსგავსი დანადგარები;
სამედიცინო ხელსაწყოები;
წნევის რეზერვუარები;
ფეთქებადი აირების შესანახი აღჭურვილობა;
ფეთქებადი მასალები სამოქალაქო მიზნებისათვის;
ელექტროლიფტები;
ბუნებრივი აირის ტექნიკური აღჭურვილობა;
ელექტროაღჭურვილობა;
მანქანა-დანადგარები;
არაავტომატური ასაწონი მოწყობილობები;
პირადი უსაფრთხოების აღჭურვილობა;
რადიო და სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები;
სათამაშოები;
საზღვაო მოწყობილობები;
შესაფუთი მასალები;
ჩქაროსნული სარკინიგზო სისტემები და ა.შ.
ევროკავშირში სურსათისა და საკვების უსაფრთხოების საკითხებს აწესრიგებს 2002 წლის Nო178/2002 რეგლამენტი 3, რომელიც სურსათის შესახებ ევროკავშირის კანონის სახელითაა ცნობილი. ამ კანონის ძირითადი მიზანია, უზრუნველყოს ადამიანთა ჯანმრთელობის და მომხმარებელთა უფლებების დაცვა, ასევე, გაითვალისწინოს გარემოს დაცვითი საკითხები. ამ მიზნის მისაღწევად, სურსათის შესახებ კანონი ეფუძნება იმ რისკების დეტალურ ანალიზს, რომელსაც ევროკავშირის ბაზარზე იმპორტირებული კონკრეტული პროდუქცია შეიცავს, ასევე ზედამხედველობის იმ პრინციპს, რომელიც ევროკავშირში სასურსათო პროდუქციის იმპორტის ყველა სტადიაზე (მიწოდება, დამუშავება, წარმოება, განაწილება და ა.შ) აუცილებელი კონტროლის განხორციელებას გულისხმობს.
ამ კუთხით სურსათის შესახებ კანონს, ბუნებრივია, მესამე ქვეყნების ექსპორტიორებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ევროკავშირში წარმატებით ფუნქციონირებს სურსათის უვნებლობის სპეციალური კონტროლის სისტემა – “საფრთხის ანალიზი და კრიტიკული კონტროლის პუნქტები” (Hazard Analysis and Critical Control Points – HACCP). ეს არის პრევენციული სისტემა, რომელიც სურსათის წარმოებისა და რეალიზაციის ყველა ეტაპზე რისკების იდენტიფიცირებას და მათ აღმოფხვრას ემსახურება. ამ სისტემით ხდება როგორც ევროკავშირში წარმოებული სურსათის, ისე ევროკავშირის ბაზარზე სასურსათო პროდუქციის იმპორტის პროცესის კონტროლი.
კონტროლის ამ სისტემის (HACCP) მუშაობის ძირითადი პრინციპებია:
საფრთხის ანალიზი, რომლის დროსაც განისაზღვრება პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის ციკლის დროს წარმოშობილი ყველა შესაძლო საფრთხე;
პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის კრიტიკული საკონტროლო პუნქტების, ანუ იმ პუნქტების დადგენა, რომლებშიც პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის პროცესში არსებული პოტენციური საფრთხეების კონტროლი და თავიდან აცილება უნდა განხორციელდეს;
პროფილაქტიკური ზომების გატარება, თითოეული საკონტროლო პუნქტისათვის კრიტიკული ზღვრების განსაზღვრის მიზნით;
შესაბამისი პროცედურების დაწესება, რათა მოხდეს თვით კრიტიკული საკონტროლო პუნქტების კონტროლი და განისაზღვროს ის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას თუ 10 კრიტიკული ზღვრების დაცვა არ მოხერხდა;
შემოწმების პროცედურების ჩამოყალიბება, დამატებითი ტესტირებებისა და პროცედურების ჩათვლით, რათა შემოწმდეს HACCP სისტემის ეფექტურობა;
ყველა შესაბამისი პროცედურისა და ტესტის შედეგების დოკუმენტალურად გაფორმება.
ზემოხსენებული HACCP სისტემის ფუნქციონირება მჭიდრო კავშირშია ევროკავშირის ზოგიერთი არასატარიფო ბარიერის შემოღებასთან. მაგალითად, თევზის ნაწარმის ევროკავშირში ექსპორტირების მსურველები ვალდებულნი არიან შეასრულონ ევროდირექტივა 91/492/EEC4 და ევროდირექტივა 91/493/EEჩ5, რათა თევზის ნაწარმის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის უფლება მიიღონ. აღნიშნული დირექტივები ექსპორტიორი ქვეყნების მიერHACCP სისტემის დანერგვის მოთხოვნას შეიცავს. შესაბამისად, ევროკომისიის მიერ ნებადართული მაკონტროლებელი ორგანო თევზის ნაწარმის გადამამუშავებელი საწარმოს ინსპექტირებას ახდენს. საწარმოს შეტანა იმ კომპანიების ნუსხაში, რომლებსაც თავიანთი პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტირების უფლება გააჩნიათ, მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ კომპანიის ინსპექტირების შედეგები დადებითია.
ევროკავშირის ეტიკეტირებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა ავალდებულებს ადგილობრივ მწარმოებლებს და იმპორტიორებს, მკაცრად დაიცვან ხსენებული კანონმდებლობით დადგენილი წესები და მოთხოვნები, კერძოდ, სასურსათო პროდუქტების ეტიკეტებზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული შემდეგი ინფორმაცია:
სახელწოდება, რომლითაც იყიდება პროდუქტი;
პროდუქციის მწარმოებლის, დამფასოებელის, ან ევროკავშირის ბაზარზე დისტრიბუტორის სახელი და მისამართი;
პროდუქციის ადგილწარმოშობის ქვეყანა და წარმოების ადგილი, იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის დასახელებამ მომხმარებელი შეცდომაში შეიძლება შეიყვანოს;
პროდუქციის ვარგისიანობის ვადა სიტყვებით: “ვარგისია (თარიღი)-მდე” ან “ვარგისია (თარიღი)-ის ბოლომდე”;
პროდუქციის შენახვის სპეციფიური მოთხოვნები ან მოხმარების/გამოყენების წესები;
პროდუქციის მოხმარების ინსტრუქცია;
პროდუქციის შემადგენელი კომპონენტების ჩამონათვალი (განსაკუთრებული გამონაკლისები შეეხება წყლის დანამატს კონცენტრატებიდან დამზადებულ პროდუქტში და ყველს);
ზოგიერთ კომპონენტთან დაკავშირებით მოითხოვება განსაზღვრული ნიშანი ეტიკეტზე (მაგალითად, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები, შესაფუთი აირები, გამატკბოვანებელი ნივთიერებები, ასპარტამები, ქინინი და კოფეინი);
სხვა კომპონენტები შეიძლება განისაზღვროს პროდუქციის კატეგორიის სახელით (ცხიმები, ცილები, ზეთები, თევზეული, ყველი, სუნელები, მცენარეულობა, შაქარი, გლუკოზა, დექსტროზა, სიროფი, რძის ცილები, კაკაოს კარაქი, ბოსტნეული და ღვინო);
პროდუქციის კომპონენტების კატეგორია ან კომპონენტების რაოდენობა;
პროდუქციის დაფასოებამდე პროდუქციის რაოდენობა, გამოხატული მეტრულ ერთეულებში (ლიტრი, მილილიტრი, კილოგრამი ან გრამი);
ალკოჰოლის პროცენტული შემცველობა სასმელებში, რომლებიც აჭარბებენ ალკოჰოლის შემცველობის 1,2%-ან ზღვარს;
პროდუქციის მწარმოებლის, დამფასოებლის და/ან ევროკავშირის ბაზარზე პირველი დისტრიბუტორის მიერ განსაზღვრული მარკირება, რომლის მიხედვითაც ხდება საქონლის იდენტიფიცირება.
სურსათისათვის (მათ შორის გაყინულისათვის) დამატებით აუცილებელია შემდეგი ინფორმაციის მითითება:
მითითება “სწრაფად-გაყინული” და “გალღობის შემდეგ ხელახალი გაყინვა დაუშვებელია”;
ვარგისიანობის მინიმალური ვადა;
შენახვის მაქსიმალური ვადა;
შენახვის ტემპერატურა ან შესანახი მოწყობილობა;
ზემოაღნიშნულის გარდა, ევროკავშირის სასურსათო პროდუქტების ბაზარზე ექსპორტირებისათვის დაწესებულია სხვა მოთხოვნები, მაგალითად სასურსათო პროდუქტებში პესტიციდების დასაშვებ მაქსიმალურ ზღვართან, მძიმე ლითონების შემცველობის დასაშვებ მაქსიმალურ ზღვართან, მიკრობიოლოგიური და რადიოაქტიური ელემენტების დონესთან და ა.შ. დაკავშირებით. ამასთან, ევროკავშირის აუცილებელი საკანონმდებლო მოთხოვნების გარდა არსებობს ევროკავშირის შიდა ბაზრის ნებაყოფლობითი მოთხოვნებიც, მაგალითად, ორგანული ანუ სოფლის მეურნეობის ნატურალური პროდუქტების მიმართ. თუმცა, ამ უკანასკნელ მოთხოვნებს უფრო მარკეტინგული დატვირთვა აქვთ და მათი დაკმაყოფილება ამა თუ იმ პროდუქტის მაღალი ხარისხის დემონსტრირების მიზნით ხორციელდება.
ევროკავშირის ბაზარზე სასურსათო პროდუქციის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი საკითხებისადმი ყურადღების ზრდამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა ევროკავშირში ორგანული, ანუ ნატურალური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების განვითარებას. ამ სახეობის პროდუქციის ექსპორტირებასთან დაკავშირებით გათვალისწინებული უნდა იყოს ის გარემოება, რომ მესამე ქვეყნის ორგანული პროდუქცია მხოლოდ ევროკავშირის შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ შეიძლება იქნას აღიარებული ორგანულ, ანუ ნატურალურ პროდუქტად.
ხსენებული პროცედურა მესამე ქვეყანაში ორგანული, ანუ ნატურალური პროდუქტის წარმოების წესების ევროპულ წესებთან შესაბამისობას ადგენს. შესაბამისად, ორგანული, ანუ ნატურალური სასურსათო პროდუქტებისათვის ევროკავშირს შემოღებული აქვს სპეციალური ლოგო, რომელიც მიუთითებს, რომ ამ პროდუქტებმა გაიარეს ევროკავშირის შესაბამისი შემოწმების სქემა.

ევროკავშირის ერთიანი ბაზრის შექმნა, მისი განვითარება
და ფუნქციონირების მნიშვნელოვანი ასპექტები
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ერთიანი ბაზრის შექმნა ევროპული ინტეგრაციის პროცესის ერთ-ერთ მთავარ მიღწევადაა მიჩნეული. ყოველივე ეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და თავისუფალი კონკურენციის ხელისშემშლელი ბარიერების თანდათანობითი გაუქმების გზით განხორციელდა. უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ერთიანი ბაზარი ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა ერთიან ეკონომიკურ სივრცედ, თუნდაც იმ მიზეზით, რომ ეკონომიკის ზოგიერთი სექტორი, მაგალითად, საგადასახადო და სოციალური დაცვის სისტემები კვლავაც ევროკავშირის წევრ ქვეყანათა ეროვნული კანონმდებლობებით რეგულირდება.
სასარგებლოდ მიგვაჩნია ევროკავშირის ერთიანი ბაზრის შექმნის ზოგიერთი ისტორიული მომენტის აღნიშვნა, ვინაიდან ევროკავშირის ერთიანი ბაზრის განვითარების ტენდენციები სწორედ ისტორიული მოვლენებითაა ნაკარნახევი.
1957 წელს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის დადებულმა ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის შექმნის შესახებ შეთანხმებამ შესაძლებელი გახადა ამ თანამეგობრობის ფარგლებში საბაჟო ბარიერების გაუქმება და ეკონომიკური თანამეგობრობის ფარგლებს გარედან შემოტანილი პროდუქციისათვის ერთიანი საბაჟო ტარიფის შემოღება. ხსენებული შეთანხმებით განსაზღვრული ამოცანების სრულად შესრულება მხოლოდ 1968 წელს, ანუ თერთმეტი წლის შემდეგ მოხერხდა.
მიუხედავად მიღწეულისა, პროდუქციის წარმოების განსხვავებული ტექნიკური ნორმები, ჯანმრთელობის დაცვისა და სასურსათო პროდუქციის უსაფრთხოების შეუთავსებელი სტანდარტები, გარკვეული სახის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრ ქვეყანათა ეროვნულ კანონმდებლობებს შორის განსხვავებები, ადამიანთა, პროდუქციისა და კაპიტალის თავისუფალ მოძრაობასთან დაკავშირებული შეზღუდვები ევროკავშირის ერთიანი ბაზრის მიერ შექმნილი შესაძლებლობების სრულად გამოყენების საშუალებას არ იძლეოდა.
შესაბამისად, შექმნილმა მდგომარეობამ თავად უკარნახა ევროკავშირის ხელისუფალთ, თუ რა მიმართულებით უნდა გადადგმულიყო შემდგომი ნაბიჯი. შესაბამისად, 1985 წელს ევროკომისიამ შეიმუშავა წინადადება, რომლის მიხედვითაც მომავალი შვიდი წლის განმავლობაში ევროპის ეკონომიკურ თანამეგობრობაში უნდა გაუქმებულიყო ყველა ტექნიკური და საგადასახადო ბარიერი, რომელიც ადამიანთა და საქონლის თავისუფალ გადადგილებას უკავშირდებოდა. ხსენებული ნაბიჯის მიზანი გახლდათ საწარმოო და კომერციული საქმიანობის სტიმულირება. ევროკომისიის ინიციატივის განხორციელების მთავარ ინსტრუმენტად იქცა ე.წ. ერთიანი ევროპული აქტი, რომლის ხელმოწერითაც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის კომპეტენციები და სპეციალური საკანონმდებლო პროგრამის განხორციელების გზით, ევროპის ერთიანი ბაზრისათვის ასობით საერთო ევროპული დირექტივა და რეგულაცია შეიმუშავეს.
საინტერესოა, თუ როგორ შეიძლება დავახასიათოთ ევროკავშირის ერთიანი ბაზარი დღეს. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ბაზრის ფარგლებში ყველა სახის საბაჟო-სასაზღვრო კონტროლი როგორც პროდუქციაზე, ისე ადამიანთა გადაადგილებაზე გაუქმებულია. 1985 წელს დადებული ე.წ. შენგენის შეთანხმება არეგულირებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ადამიანთა გადაადგილებასთან დაკავშირებულ საპოლიციო და საემიგრაციო თანამშრომლობას. შესაბამისად, შესაძლებელი გახდა ევროკავშირის შიდა საკონტროლო-გამშვები პუნქტების სრულად გაუქმება. პროდუქციის დიდი უმრავლესობისათვის ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შემოიღეს ეროვნულ კანონმდებლობათა ე.წ. ურთიერთცნობის პრინციპი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი პროდუქციისათვის, რომელიც ლეგალურად არის წარმოებული ევროკავშირის სივრცეში და გაყიდვაშია ევროკავშირის წევრ ერთ-ერთ ქვეყანაში, ევროკავშირის წევრი ყველა დანარჩენი ქვეყნის ბაზრებიც ღიაა.
ეროვნულ კანონმდებლობათა ურთიერთცნობის შესახებ ანალოგიური შეთანხმების საფუძველზე ლიბერალიზირებულია ევროკავშირის მომსახურების სექტორიც. შედეგად, ევროკავშირის ნებისმიერი წევრი ქვეყნის მოქალაქისათვის ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყანაში საქმიანობისას, მოხსნილია ადგილსამყოფელი ქვეყნის მოქალაქეთათვის უპირატესობის მიმნიჭებელი შეზღუდვები ისეთ პროფესიულ სექტორებში, როგორებიცაა იურისპრუდენცია, მედიცინა, ტურიზმი, საბანკო და სადაზღვევო სფერო. ქმედითი ნაბიჯები იქნა გადადგმული დასაქმების სფეროს განსამტკიცებლად და დღესდღეობით, ევროკავშირის წევრ ერთ ქვეყანაში გაცემული დიპლომი ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი სავალდებულო წესით გახლავთ აღიარებული ევროკავშირის წევრ ყველა დანარჩენ სახელმწიფოში. მნიშვნელოვანია, რომ შემცირებულ იქნა საგადასახადო ბარიერები ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილობრივი ჰარმონიზაციის გზითაც. ამასთან, 2005 წელს ძალაში შევიდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ადრე მიღწეული შეთანხმება ინვესტიციების დაბეგვრის საერთო წესის შემოღების შესახებ. საგულისხმოა, რომ მომსახურების და მიწოდების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საქმიანობისათვის, მაგალითად ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა და ტელეკომუნიკაციები, საერთო ევროპული დირექტივებისა და განაწესების შემუშავების შედეგად, ევროკავშირის ნებისმიერი წევრი ქვეყნის, ან რეგიონალური, თუ ადგილობრივი ორგანოს მიერ გამოცხადებული ტენდერი ღია და ხელმისაწვდომია ევროკავშირის წევრი ნებისმიერი ქვეყნის ნებიმიერი ორგანიზაციისათვის.
2005 წელსვე დასრულდა ევროკავშირის გეგმა, რომელიც საფინანსო მომსახურების ინტეგრირებული ბაზრის ჩამოყალიბებას ითვალისწინებდა. ამ გზით ევროკავშირის ბაზარზე საკრედიტო განაკვეთებმა სესხის ამღებთა სასარგებლოდ მნიშვნელოვნად იკლო, ხოლო ევროკავშირის მოქალაქეებს საინვესტიციო თუ საპენსიო მომსახურების პროდუქტების არჩევანი გაეზარდათ. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბანკებს შორის ფულადი გადარიცხვების საკომისიო გადასახადი ასევე საგრძნობლად შემცირდა.
კონკურენციის წესების ჰარმონიზება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახლდათ, რომელიც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთიანი ბაზრის განმტკიცების მიმართულებით გადადგეს. მათ ურთიერთშესაბამისობაში მოიყვანეს ბაზარზე შეღწევასთან, მუშახელის კვალიფიკაციასთან, ბიზნესის შექმნისა და მომსახურების გაწევის თავისუფლებასთან და სხვა სექტორებთან დაკავშირებული ნორმები. ზემოაღნიშნულმა ღონისძიებებმა განსაკუთრებით სასურველი შედეგები იქონია როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტის ევროპული ბაზრის ახალი ტემპებით განვითარებაზე. ევროკავშირის კონკურენციის პოლიტიკა ბიზნესებს შორის შეთანხმებების დადების, ცენტრალური თუ ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების მიერ დახმარების აღმოჩენის გზით ბაზარზე ზემოქმედების, მონოპოლიების ჩამოყალიბების და სხვა მსგავსი პროცესების მკაცრ მონიტორინგს ითვალისწინებს. მაგალითად, საერთო ევროპული კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების კომპანიებმა შეტყობინება უნდა გაუგზავნონ ევროკომისიას მათ შორის შეთანხმების დადებამდე, მაგალითად კომპანიების შერწყმის შემთხვევებში. საკითხის სათანადოდ შესწავლის შემდეგ ევროკომისია “მწვანე შუქს” აძლევს კომპანიებს კომერციული გარიგების გაფორმებაზე, ან უკრძალავს მათ ასეთი გარიგების გაფორმებას. შესაბამისი შეტყობინების გაუგზავნელობის შემთხვევებში, ევროპულ კომპანიებს ევროკომისიის მხრიდან მკაცრი ჯარიმები ემუქრებათ.
ევროკავშირის ერთიანი ბაზრის რეგულირების შემადგენელი ნაწილია ევროკავშირის მომხმარებელთა დაცვის პოლიტიკა. ის ევროკავშირის მოქალაქეთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს.
ევროკავშირის მესამე ქვეყნებთან ვაჭრობაში სატარიფო ბარიერების თანდათანობითი შემცირების პარალელურად, თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში იქმნებოდა სხვადასხვა სახის არასატარიფო, ძირითადად პროდუქციის შეფუთვასთან, მარკირებასთან დაკავშირებული და სხვა ანალოგიური სახის ტექნიკური ბარიერები. მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული ბარიერები მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვასა და მათ უსაფრთხოებას ემსახურება, ევროკავშირის ინსტიტუტებში კარგად ესმით, რომ ისინი ზოგჯერ არასამართლიანად გამოიყენება მესამე ქვეყნიდან შემოტანილი პროდუქციისაგან ევროკავშირის ერთი ცალკეული წევრი ქვეყნის ბაზრის “დასაცავად”. ევროკავშირის ერთიანი ჰარმონიზირებული ბაზრის შემდგომ განვითარებას და განმტკიცებას, ბუნებრივია, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მესამე ქვეყნებიდან ევროკავშირის ბაზარზე იმპორტისათვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად.

ევროკავშირის მიერ განვითარებადი ქვეყნების მიმართ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში წარმოებული სავაჭრო პოლიტიკა
განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკათა სტიმულირება ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. შესაბამისად, ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მიზანს განვითარებადი ქვეყნების საერთაშორისო სავაჭრო სისტემაში ინტეგრირების ხელშეწყობა წარმოადგენს. სწორედ ესაა მესამე ქვეყნებთან ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საფუძველი. ევროკავშირი მუდმივად ცდილობს, რომ ვაჭრობის გლობალური სისტემის განვითარების დადებითი შედეგებით განვითარებადმა ქვეყნებმაც ისარგებლონ. ამ კონტექსტში, განვითარებად ქვეყნებთან ვაჭრობაში სატარიფო და არასატარიფო ბარიერების შემცირება ევროკავშირისათვის, ბუნებრივია, მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. შესაბამისად, ევროკავშირმა მტკიცედ დაუჭირა მხარი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას, რომ განვითარებადი ქვეყნების მსოფლიოს სავაჭრო სისტემაში ინტეგრირების ხელშეწყობა მიმდინარე მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი გამხდარიყო. შესაბამისად, დასაბამი მიეცა მრავალმხრივი სავაჭრო მოლაპარაკებების ახალ ფაზეს, რომელსაც დოჰას განვითარების დღის წესრიგი (Doha Development Agenda) ეწოდა. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს საერთაშორისო ვაჭრობის ხელისშემშლელი ბარიერების შემცირებას და განვითარებადი ქვეყნების დახმარებას მსოფლიო ბაზარზე შეღწევის მექანიზმების გაუმჯობესების გზით, რათა მათ მსოფლიო სავაჭრო სისტემის ლიბერალიზაციის პროცესის შედეგად გაჩენილი შესაძლებლობების უკეთ გამოყენება შეძლონ.
ზემოხსენებული ამოცანის შესრულების ხელშეწყობის მიზნით, ევროკავშირმა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებებზე წარმოადგინა რამოდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა, მათ შორის, სამრეწველო პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე შეღწევის გაიოლების საკითხი. ამ კუთხით, ევროკავშირის ინიციატივა იმაში მდგომარეობს, რომ სამრეწველო პროდუქციაზე მნიშვნელოვნად შემცირდეს საბაჟო ტარიფები. მაღალგანვითარებულ ქვეყნებს კი ევროკავშირი მოუწოდებს, რომ განვითარებად ქვეყნებს მისცენ მსოფლიო ბაზარზე გაიოლებული შეღწევის შესაძლებლობა, მნიშვნელოვნად შემცირებული ტარიფებითა და რაოდენობრივი შეზღუდვების გარეშე. საყურადღებოა, რომ ევროკავშირის ხსენებული ინიციატივა ეხება სამრეწველო და არა სასურსათო პროდუქციას.
ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ ევროკავშირის მიერ ე.წ. სექტორული ინიციატივების მხარდაჭერა, რაც განვითარებადი ქვეყნების წარმოების შედარებით უფრო დასაქმებული საექსპორტო სფეროებისათვის, მაგალითად, საფეიქრო წარმოებისათვის ნულოვანი საბაჟო გადასახადის დაწესებას გულისხმობს.
ევროკავშირის ხსენებული პოზიციის სასარგებლოდ ისიც მეტყველებს, რომ მსოფლიო ეკონომიკის განვითარების მიმდინარე ეტაპზე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება განვითარებად ქვეყნებს შორის ვაჭრობაში სატარიფო ბარიერების შემცირებას. ცნობილია, რომ ხსენებული ტარიფების დაახლოებით 70%-ს განვითარებადი ქვეყნები სხვა განვითარებად ქვეყნებს უხდიან. ბუნებრივია, სატარიფო ბარიერები განვითარებად ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაღრმავების ხელშემშლელი მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტორია. სწორედ ამ და სხვა ფაქტორთა გამო, განვითარებად ქვეყნებს შორის ვაჭრობა მათი მთლიანი სავაჭრო ბრუნვის მხოლოდ 10%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი განვითარებულ ქვეყნებს შორის ვაჭრობაში 40%-ის ფარგლებში მერყეობს. ამდენად, სავარაუდოდ, ზემოხსენებული ინიციატივების მხარდაჭერით, ევროკავშირი განვითარებად ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაღრმავების სტიმულირებას ცდილობს. მრავალმხრივ ფორმატებში მოლაპარაკებებისას ევროკავშირი არასატარიფო ბარიერების თემას მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს, კარგად ესმის რა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია განვითარებადი ქვეყნებისათვის აღნიშნული ბარიერების დაძლევის საკითხის გადაჭრა. ამ კუთხით, ევროკავშირი აშკარად ემხრობა ე.წ. ჰორიზონტალური მექანიზმების შემუშავებას, ანუ თავის ბაზარზე განვითარებადი ქვეყნების პროდუქციისათვის არასატარიფო ბარიერების ცალმხრივად შემცირების ნაცვლად, აღნიშნულ საკითხზე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებს შორის მრავალმხრივი მოლაპარაკებების გზით, ევროკავშირი ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას უჭერს მხარს.
მიუხედავად ზემოთქმულისა, ევროკავშირის ბაზარზე საკვები პროდუქციის იმპორტირების დროს, ისეთი არასატარიფო ბარიერების შენარჩუნება, რომლებიც ჯანმრთელობის დაცვასა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვას ემსახურება, ევროკავშირს სამართლიანად მიაჩნია. მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვა და მისი ხარისხიანი პროდუქციით უზრუნველყოფა ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკის მნიშვნელოვანი შემადგენელია და ევროკავშირის ფარგლებში წარმოების უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრების ხელშემწყობი ძირითადი ფაქტორია. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ევროკავშირი ყოველმხრივ ცდილობს გადაულახავი ბარიერები შეუქმნას მესამე ქვეყნებიდან ევროკავშირის ბაზარზე უხარისხო და მომხმარებლისათვის რისკის შემცველი პროდუქციის შემოდინებას.
ევროკავშირში კარგად ესმით, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის მსოფლიო ბაზრის შემდგომი გაფართოებისა და სავაჭრო ბარიერებისაგან გათავისუფლების პროცესში განვითარებადი ქვეყნებისადმი განსაკუთრებული მიდგომა უნდა შემუშავდეს. ამ კუთხით, ბუნებრივია, ისიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ განვითარებად ქვეყნებს სოფლის მეურნეობის განვითარების არათანაბარი პოტენციალი აქვთ და ამ სექტორის შემდგომმა ლიბერალიზაციამ, შესაძლოა, ზოგიერთი მათგანის წილი მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვნად გაზარდოს, ხოლო სხვებს კიდევ უფრო არახელსაყრელი კონკურენციის პირობები დაუწესოს. მსოფლიოში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებას უდავოდ შეუწყობს ხელს დოჰას განვითარების დღის წესრიგით განსაზღვრული ამოცანების რეალიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს განვითარებადი ქვეყნებისათვის განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე გამარტივებული შეღწევის უზრუნელყოფას და განვითარებულ ქვეყნებში საექსპორტო და იმ შიდა სუბსიდირების გაუქმებას, რაც უარყოფითად მოქმედებს კონკურენტული გარემოს შექმნაზე.
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული წესები იცავს მის წევრ, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებს, ვაჭრობაში დისკრიმინაციისაგან და ამავე დროს, უზრუნველყოფს ამ ქვეყნებში მიმდინარე რეფორმების შეუქცევადობას. 2004 წელს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში დაწყებულმა სავაჭრო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიმდინარე მრავალმხრივმა მოლაპარაკებებმა წარმოაჩინა საბაჟოსა და საზღვრის მართვის საკითხებში ნაკლებშემოსავლიანი ქვეყნებისათვის ტექნიკური დახმარების გაწევის აუცილებლობა. ამ მიმართულებით ევროკავშირი წამყვანი დონორია. დადგენილია, რომ მხარეებს შორის ვაჭრობაში მოძველებულ და არაეფექტურ საბაჟო-სასაზღვრო პროცედურებთან დაკავშირებულმა დანაკარგებმა, ხშირ შემთხვევაში, სრული ხარჯების 4-5%-ს შეიძლება მიაღწიოს. ეს მაჩვენებელი უტოლდება განვითარებული ქვეყნების მიერ სამრეწველო პროდუქციაზე დაწესებულ საბაჟო გადასახადის ოდენობას. ამიტომაც, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საბაჟო და სასაზღვრო პროცედურები გახდეს გამჭვირვალე, გათავისუფლდეს ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერებისაგან, შეიქმნას კონტროლის თანამედროვე, უფრო ეფექტური მექანიზმები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბიზნეს გარემოს და უზრუნველყოფს მაღალ საბაჟო შემოსავლებს.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ვაჭრობის ლიბერალიზაციის პარალელურად ევროკავშირი ყოველმხრივ უწყობს ხელს ისეთი მოქნილი მექანიზმების შექმნას, რომლებიც განვითარებად ქვეყნებს საშუალებას მისცემს მაქსიმალურად ისარგებლონ მსოფლიო ეკონომიკის განვითარების პროცესში შექმნილი შესაძლებლობებით. ამ კონტექსტში, უნდა აღინიშნოს, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებების თანახმად, განვითარებად ქვეყნებს განსაკუთრებული უფლებები ენიჭებათ და საშუალება ეძლევათ ისარგებლონ ე.წ. “გამონაკლისი წესებით”. განვითარებადი ქვეყნების მიმართ ამგვარი მიდგომის პრინციპს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში “განსაკუთრებული და განსხვავებული მიდგომა” ეწოდება. ხსენებულის თანახმად, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემოღებული ნებისმიერი ახალი წესის განვითარებად ქვეყანაზე გავრცელებისას, გათვალისწინებული უნდა იქნას ამ ქვეყნის ძირითადი თავისებურებანი. ამასთან ხსენებულ ქვეყნებს ეძლევათ მეტი დრო ახალი წესების ეროვნულ კანონმდებლობაში გასათვალისწინებლად და მათი აღსრულების მექანიზმების დასანერგად. ევროკავშირის პოზიცია ამ საკითხში ითვალისწინებს კიდევ უფრო მოქნილი მექანიზმების შექმნას, რათა განვითარებადმა ქვეყნებმა უფრო ეფექტურად მოახერხონ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში შემუშავებულ წესებთან ადაპტაცია და შედეგად, გლობალურ ეკონომიკაში სრულფასოვანი ინტეგრირება.
მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე შეღწევის გაიოლებული წესები არაეფექტური აღმოჩნდება, თუ თავად განვითარებად ქვეყანას არ გააჩნია საკმარისი ადმინისტრაციული და საკანონმდებლო რესურსი, რათა მსოფლიო სავაჭრო სისტემის მიერ შექმნილი შესაძლებლობებით სათანადოდ ისარგებლოს. ასეთიYრესურსის შესაქმნელად საგარეო ვაჭრობა ქვეყნის განვითარების პოლიტიკისა და სიღარიბის დაძლევის სტრატეგიის განუყოფელ ნაწილად უნდა იქცეს. განვითარების პროცესში ვაჭრობის საკითხების ინტეგრირება ევროკავშირის განვითარების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. ამიტომ, ვაჭრობა ევროკავშირის მესამე ქვეყნებთან ურთიერთობების სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია. ამ კონტექსტში, არ არის გასაკვირი, რომ ვაჭრობასთან დაკავშირებული დახმარების გაწევას ევროკავშირი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს. კერძოდ, აღსანიშნავია, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში შექმნილი დახმარების სპეციალური ფონდის “Gლობალ თრუსტ Fუნდ” დაფინანსების 60% ევროკავშირზე მოდის.
ევროკავშირი აქტიურია ასევე განვითარებად ქვეყნებთან ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. ამ კუთხით, აღსანიშნავია ევროკავშირის ინიციატივა, რომელიც ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში მონაწილე ქვეყნებთან უკრაინასთან, მოლდოვასთან, საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის დაწესების შესაძლებლობების შესწავლას ითვალისწინებს. საყურადღებოა ასევე, რომ მიმდინარე ეტაპზე ევროკავშირი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს აფრიკის, წყნარი ოკეანისა და კარიბის ზღვის ქვეყნებთან. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ გახლავთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ სტანდარტული შეთანხმებები, ვინაიდან ისინი არა არსებულ ბაზრებზე შეღწევის, არამედ ახალი სავაჭრო კავშირების შექმნასა და განვითარებას ისახავენ მიზნად.
განვითარებად ქვეყნებთან მრავალმხრივი და ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების პარალელურად, ევროკავშირი ინტენსიურად ამუშავებს ბაზარზე შეღავათიანი შეღწევის ცალმხრივ სქემებს, ე.წ. პრეფერენციათა (შეღავათების) განზოგადებული სისტემის (GSP) ფარგლებში. ამ გზით ევროკავშირი განვითარებად ქვეყნებს საკუთარ ბაზარზე შეღწევის უპირატეს პირობებს ნებაყოფლობით უქმნის, რაც განვითარებად ქვეყნებს მათი ექსპორტის ხელშეწყობაში ეხმარება. აღსანიშნავია, რომ GSP ევროკავშირმა 1971 წელს პირველმა შემოიღო. ევროკავშირს დღეისათვის მსოფლიოს 180-ზე მეტი ქვეყნისათვის აქვს მინიჭებული GSP-ით მოსარგებლე ქვეყნის სტატუსი, რაც ამ ქვეყნებს საშუალებას აძლევს ევროკავშირის ბაზარზე საქონელი შემცირებული ან ნულოვანი ტარიფით შეიტანონ.
2005 წლამდე ევროკავშირის GSP-ს სქემა შედგებოდა ხუთი ქვესქემისაგან:
1. ზოგადი სქემა. არსებულ სატარიფო განაკვეთს აკლდებოდა 3.5 პროცენტი;
2. სპეციალური სქემა შრომის უფლებათა დაცვისათვის. არსებულ სატარიფო განაკვეთს აკლდებოდა 8.5 პროცენტი;
3. სპეციალური სქემა გარემოს დაცვისათვის. არსებულ სატარიფო განაკვეთს აკლდებოდა 8.5 პროცენტი;
4. სპეციალური სქემა ნარკოტიკების და ტრეფიკინგინგის წინააღმდეგ ბრძოლისათვის. ითვალისწინებდა ევროკავშირის ბაზარზე ნულოვანი საბაჟო გადასახადით შეღწევას;
5. სპეციალური სქემა დაწესებული უღარიბესი, ანუ ე.წ. ყველაზე ნაკლებად განვითარებული (Least Developed Countries) ქვეყნებისთვის – “ყველაფერი იარაღის გარდა”. ყველა პროდუქტი იარაღის და ამუნიციის გარდა სარგებლობდა ევროკავშირის ბაზარზე ნულოვანი საბაჟო განაკვეთით, ასევე მათ არ ეხებოდათ არანაირი რაოდენობრივი შეზღუდვები.
2005 წლიდან ევროკავშირმა კიდევ უფრო გააიოლა საკუთარი GSP და შესაბამისი ქვესქემების რაოდენობა სამამდე შეამცირა:
1. ზოგადი სქემა;
2. სპეციალური სქემა დაწესებული უღარიბესი ქვეყნებისთვის “ყველაფერი იარაღის გარდა” შენარჩუნდა უცვლელად;
3. ახალი სპეციალური სქემა “GSP +” – მასში გაერთიანდა სპეციალური სქემა შრომის უფლებათა დაცვისათვის, სპეციალური სქემა გარემოს დაცვისათვის და სპეციალური სქემა ნარკოტიკების და ტრეფიკინგინგის წინააღმდეგ ბრძოლისათვის, რომლის მიმღები, ანუ ბენეფიციარი, ევროკომისიის გადაწყვეტილების მიხედვით, სხვა 14 ქვეყანასთან ერთად საქართველოც არის. უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის GSP ანალოგიურ სავაჭრო შეღავათებს შორის ყველაზე ფართოა. 2005 წელს ამოქმედებულმა ე.წ. GSP+-მა 7200 სახეობის პროდუქცია მოიცვა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ იმ საქონლის ჩამონათვალიდან, რომელიც ევროკავშირის ზოგად საბაჟო სატარიფო განაკვეთებშია მოცემული (სულ დაახლოებით 11000 სახეობა), 2100-მდე სახეობის პროდუქტს ევროკავშირი ისედაც ანიჭებს ნულოვან საბაჟო განაკვეთს. აქედან გამომდინარე, თუ ამ საქონლის ჩამონათვალს დავუმატებთ GSP+-ის სქემით მოცული საქონლის ჩამონათვალს, დავინახავთ, რომ ამ სქემის მიმღებ ქვეყნებში წარმოებულ 9300 დასახელების პროდუქტს ევროკავშირის ბაზარზე დღეისათვის ნულოვანი საბაჟო ტარიფით შეუძლია შეღწევა, რაც ამ ქვეყნებისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანი შეღავათია. ვფიქრობთ საინტერესოა იმის აღნიშვნაც, რომ 2000 წლის 18 სექტემბერს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებზე ევროკავშირმა გაავრცელა ე.წ. “ასიმეტრიული სავაჭრო პრეფერენციები” – ცალმხრივი სავაჭრო შეღავათები, რომლის მიხედვით, ხსენებული ქვეყნებიდან ევროკავშირში შეტანილი პროდუქციის თითქმის ყველა სახეობა, ცალკეული გამონაკლისების გარდა, გათავისუფლდა საბაჟო გადასახადებისაგან და რაოდენობრივი შეზღუდვებისაგან. საგულისხმოა, რომ ხსენებულ გამონაკლისთა ჩამონათვალში მოხვდნენ ევროკავშირისათვის “მგრძნობიარე” ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა ღვინო და თევზის ზოგიერთი ნაწარმი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისათვის, პროდუქციის ხსენებულ სახეობებზე ევროკავშირმა მნიშვნელოვნად შემცირებული საბაჟო ტარიფი დააწესა. ამდენად, ევროკავშირის ასიმეტრიული სავაჭრო პრეფერენციები GSP-ზე ფართო შეღავათებს მოიცავს. მაგალითისათვის გამოდგება ღვინის ნაწარმი, რომელზეც GSP-ის სავაჭრო შეღავათები არ ვრცელდება და მასზე საბაჟო ტარიფის შემცირებას ევროკავშირი დღემდე არაფრით თანხმდება.
მნიშვნელოვანია ასევე, რომ 2006 წელს ანალოგიური სავაჭრო რეჟიმი, ამჯერად “ავტონომიური სავაჭრო პრეფერენციების” სახელით, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში ევროკავშირმა შესთავაზა მოლდოვას. ხაზგასასმელია, რომ ევროკავშირი მოლდოვას სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა ევროკავშირის GSP-ით გათვალისწინებული სავაჭრო შეღავათების ზემოხსენებული ე.წ. “ავტონომიური სავაჭრო პრეფერენციებით” თანდათანობით ჩანაცვლებას ითვალისწინებს.
აქვე აუცილებლად მიგვაჩნია იმის ხაზგასმა, რომ ევროკავშირის GშP, განვითარებად ქვეყნებს მხოლოდ სატარიფო შეღავათებს სთავაზობს. არასატარიფო ბარიერებთან დაკავშირებით კი ევროკავშირს სავაჭრო შეღავათები არასოდეს შეუმუშავებია, რაც დაბალი საბაჟო განაკვეთების პირობებშიც კი, განვითარებად ქვეყნებს ევროკავშირის ბაზარზე შეღწევის გადაულახავ წინააღმდეგობებს უქმნის.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის ამჟამად არსებული საკანონმდებლო ბაზა და მისი გაფართოების მიმართულებით დაგეგმილი შემდგომი ნაბიჯები
საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ძირითად სამართლებრივ საფუძველს მხარეებს შორის 1996 წელს გაფორმებული და 1999 წელს ძალაში შესული “პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება” (Partnership and Cooperation Agreement – PCA) განსაზღვრავს. ხსენებული შეთანხმების გაფორმებით, რომელმაც ევროგაერთიანებებსა და საბჭოთა კავშირს შორის 1989 წელს ხელმოწერილი ეკონომიკური და კომერციული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ჩაანაცვლა, მხარეებმა აიღეს ვალდებულება, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესების და მიზნების შესაბამისად, განახორციელონ ერთმანეთთან ვაჭრობის ლიბერალიზაცია. “პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების” ხელმოწერით ევროკავშირმა და საქართველომ ეკონომიკური ურთიერთობების განსახორციელებლად თვისობრივად ახალი, ვაჭრობაზე და ინვესტიციებზე ორიენტირებული გარემოს შექმნის ვალდებულება აიღეს. ამ ხელშეკრულების თანახმად, მხარეებს შორის ახალი ტიპის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბების ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაა. შეთანხმების განხორციელებამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების შეუქცევადობასა და წარმატებას, ასევე საქართველოს ეკონომიკის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფას. საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური სისტემის გარდაქმნამ, თავის ბიძგი უნდა მისცეს ჰარმონიულ სოციალურ განვითარებას. ყოველივე ეს, ბუნებრივია, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთმომგებიანი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბების ფონზე უნდა მიმდინარეობდეს. შეთანხმების ხელმოწერით ევროკავშირმა აიღო ვალდებულება მხარდაჭერა გაეწია საქართველოსათვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების გზით, ასევე მიეცა რეკომენდაციები ეკონომიკური სფეროს გარდაქმნისა და სრულყოფისათვის.
ზოგად დებულებათა განსაზღვრის გარდა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის “პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება” სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კონკრეტულ სფეროებსაც ეხება. კერძოდ, შეთანხმება განსაზღვრავს მხარეების მიერ კონკურენციის შესახებ კანონმდებლობების გამოყენების წესს, პროდუქციითა და მომსახურებით ვაჭრობის ძირითად პრინციპებს, მხარეების მიერ ინვესტირების ხელშეწყობისა და დაცვის პირობებს. ხელშეკრულება ასევე მოიცავს ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების მოზიდვისა და ენერგომატარებლებით ვაჭრობის საკითხებს, ტურიზმის სფეროში ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს, ინტელექტუალური, სამრეწველო და კომერციული საკუთრების დაცვას და სხვა მნიშვნელოვან თემებს.
2004 წლის 14 ივნისს საქართველოს ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში (European Neighbourhood Policy) ჩართვამ საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა.
ხსენებული პოლიტიკა, რომელიც ევროკავშირის გაფართოების ბოლოდროინდელი, მის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტალღის გამოძახილს წარმოადგენს, მონაწილე ქვეყნებს ახალი სახის, ძალზე მჭიდრო პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებას სთავაზობს.
ევროკავშირის ამოცანაა, რომ ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში ჩართულ ქვეყნებს ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის, კერძოდ კი ევროკავშირის შიდა ბაზარში ჩართვისა და ე.წ. “ოთხი თავისუფლების” – ადამიანების, საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების თანდათანობით გავრცელების გზით, ეკონომიკური ინტეგრაციის პერსპექტივა დაუსახოს.
მხარეთა შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ზემოთ ხსენებული პერსპექტივა სრულად აისახა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში 2006 წლის 14 ნოემბერს ხელმოწერილ საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმაში. აღნიშნული სამოქმედო გეგმით დასახულმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვნად უნდა დაუახლოვოს საქართველოს კანონმდებლობა და სტანდარტები ევროკავშირის შესაბამის ნორმებს. ამ გზით მყარი საფუძველი ჩაეყარება საქართველოს ევროკავშირში ეკონომიკურ ინტეგრაციას. მხარეებმა უნდა გაუხსნან ერთმანეთს ბაზრები და სატარიფო და არასატარიფო ბარიერების თანდათანობითი შემცირების გზით, ვაჭრობისა და ინვესტიციების სტიმულირება მოახდინონ. აღნიშნული სამოქმედო გეგმა გულისხმობს ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივ მუშაობას სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად, მხარეებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების ჩათვლით. ამის გარდა, მხარეებმა ძალისხმევა უნდა მიმართონ, რათა საქართველომ შეძლოს ევროკავშირის სამრეწველო, სანიტარული და ფიტოსანიტარული, ასევე ვეტერინარული სტანდარტების დაკმაყოფილება. ამით გაიზრდება ევროკავშირის პრეფერენციათა გენერალიზირებული სისტემის ეფექტურობა და ხელი შეეწყობა საქართველოს ექსპორტს არა მხოლოდ ევროკავშირის ბაზარზე, არამედ სხვა მაღალგანვითარებულ ქვეყნებშიც. დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტს, რომ სამოქმედო გეგმის შესაბამისად, მხარეები ჩაერთვნენ ორმხრივი ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებებში, გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის მიზნით.
ამდენად, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ხელმოწერილ საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმას მხარეთა შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები თვისობრივად ახალ დონეზე გადაჰყავს და ძალზე კონკრეტული ღონისძიებების განხორციელების გზით, ევროკავშირთან ღრმა ეკონომიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს ხსნის.
ევროკავშირთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა მას შემდეგ, რაც რუსეთის ემბარგოს შედეგად შეფერხდა ქართული პროდუქციის მისთვის ტრადიციულ ბაზრებზე რეალიზაცია. ამ თვალსაზრისით, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება ქვეყნის ხელისუფლების და ექსპორტიორების გადაუდებელ ამოცანად იქცა, რამაც, თავის მხრივ, საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმის ეკონომიკური ნაწილის განხორციელება დააჩქარა. ევროკავშირთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება თანამშრომლობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად იქნა აღიარებული და შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების საქმიანობა ორი ძირითადი მიმართულებით წარიმართა:
1. ევროკავშირთან ვაჭრობაში საბაჟო-სატარიფო შეღავათების უფრო ეფექტურად გამოყენება და არსებული ტარიფების კიდევ უფრო შემცირება;
2. კანონმდებლობის ჰარმონიზების, შესაბამისი ადმინისტრაციული რეფორმებისა და ევროპული სტანდარტების დანერგვის გზით, ქართული პროდუქციის მიერ ევროკავშირის არასატარიფო ბარიერების გადალახვის ხელშეწყობა.
ევროკავშირთან ვაჭრობაში საბაჟო ტარიფების გაუქმება/დაწევის მიმართულებით საქართველოს წინაშე ამჟამად მდგარი ამოცანებია:
ევროკავშირის პრეფერენციათა გენერალიზირებული სისტემით (GSP +) გათვალისწინებული სავაჭრო შეღავათების მეტად პოპულარიზება, რათა ქართველ ექსპორტიორთა შორის ამ შეღავათების მომხმარებელთა რიცხვმა იმატოს;
ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება;
ევროკავშირთან ვაჭრობაში არასატარიფო ბარიერების გადალახვის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ ამოცანას საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღვინის, სპირტის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციით ვაჭრობის შესახებ ორმხრივი შეთანხმების გაფორმება წარმოადგენს. აღნიშნულმა შეთანხმებამ, ქართული საექსპორტო პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე შეღწევის გარდა, მხარეების მიერ პროდუქციის გეოგრაფიულ აღნიშვნათა და ადგილწარმოშობის დასახელებათა ურთიერთაღიარება და დაცვა უნდა განაპირობოს, რაც ევროპულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ფალსიფიცირებასთან ბრძოლის მძლავრი იარაღი გახდება.
საგულისხმოა, რომ, მიმდინარე ეტაპზე, როგორც სატარიფო, ისე არასატარიფო ბარიერების შემცირებასთან დაკავშირებული ამოცანების შესრულების თვალსაზრისით გარკვეული წარმატება უკვე მიღწეულია, კერძოდ, ევროკომისია ახორციელებს საქართველოს და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობის წინასწარ ტექნიკურ შესწავლას. მიღებული შედეგების საფუძველზე შემუშავდება დასკვნა ხსენებული შეთანხმების ეკონომიკური მიზანშეწონილობის შესახებ. ამასთან, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღვინის, სპირტის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციით ვაჭრობის შესახებ ორმხრივი შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების რამოდენიმე წარმატებული რაუნდის შედეგად, აღნიშნული შეთანხმებაზე მუშაობის დასრულება 2008 წლის ბოლომდე იგეგმება.
ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ეკონომიკური საკანონმდებლო ბაზა საკმაოდ ზოგადია, თუმცა კონკრეტული მიმართულებებით წარმატების მიღწევის პერსპექტივას შეიცავს. ამ თვალსაზრისით კარგ მაგალითად გამოდგება ევროკომისიასთან მიღწეული შეთანხმება, რომ ღვინის, სპირტის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციით ვაჭრობის შესახებ ორმხრივი შეთანხმება თავდაპირველად ღვინისა და სპირტის პროდუქციის გეოგრაფიული ადგილწარმოშობის ნიშნებს დაიცავს და ევროკავშირის ბაზარზე ყოველი ახალი ქართული პროდუქტის შეღწევის შემთხვევაში, ამ პროდუქტის ადგილწარმოშობის დასახელების დაცვა ხსენებულ შეთანხმებაზე ცალკე პროტოკოლის დამატების გზით განხორციელდება.
ევროკავშირის ბაზარზე მესამე ქვეყნის პროდუქციის შეღწევის შესახებ საჭირო ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, ქართველ მეწარმეებს კონკრეტული ქართული საექსპორტო პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე შეღწევის შესახებ რეკომენდაციები მიეწოდა და ამით ხელი შეეწყო საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმის რეალიზაციას.