საინვესტიციო კლიმატის შექმნის თანამედროვე პრობლემები

ლია პიტიურიშვილი
ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
გია ბუჩაშვილი
ეკონომიკის დოქტორი

რეზიუმე

ნაშრომში განხილულია საქართველოს საინვესტიციო ბაზარი, რომელიც ჯერჯერობით ხასიათდება როგორც განვითარებადი, მომავლის გაურკვევლობის მაღალი დონით; ეს ამცირებს მის მიმზიდველობას უცხოური კაპიტალდაბანდებებისთვის. რისკების მაღალი დონე განპირობებულია შიდა კორპორატიული დანაზოგების არაეფექტური პოლიტიკით, საინვესტიციო პროცესის მონაწილეთა ინტერესთა კონფლიქტის არსებობით და საინვესტიციო ნაკადების დაუბალანსირებლობით.
საინვესტიციო სფეროში კაპიტალის მოძრაობის, საინვესტიციო აქტიურობის სტიმულირების მექანიზმების და მეთოდების შესახებ ინტერესი არ წყდება, პირიქით, სამეწარმეო კავშირების გლობალიზაციის პირობებში სულ მეტ სიმწვავეს იძენს.
საინვესტიციო საქმიანობის სტიმულირება, საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად გადადგმულ ნაბიჯებთან ერთად, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვისა და მათი განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა უნდა გახდეს და აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად შემადგენელ ნაწილად იქცეს.

Modern problems of investment climate creation
Annotation

The present artykle deals with actual problems that are generally related to Georgia’s modern investment market, which is still characterized as an emerging market, with a high level of uncertainty over future conditions that reduce its attractiveness to real foreign capital. The high risk of risks is due to the inefficient policy of internal corporate savings, with the persistent conflict of interest of different participants of the investment process, unbalanced investment flows that perform the functions of compensation and replacement.
In the paper it is established that interest in structural elements, system attitudes and investment movement, investment stimulus mechanisms and methods are not solved, on the contrary, the globalization of entrepreneurial connections gets more and more difficult.
Stimulating investment activities, along with the steps taken to improve the investment environment, become one of the most important conditions for attracting and implementing investments in Georgia and, consequently, become one of the key components of the state economic policy.

ინვესტორს აქვს არჩევანი როგორც ინვესტიციების სახეებს, ისე ქვეყნებს შორის, სადაც მას შეუძლია დააბანდოს აქტივები. საინვესტიციო პროექტი წარმოადგენს ინვესტორების ყურადღების ერთ-ერთ ალტერნატიულ ობიექტს, რომელიც საშუალებას იძლევა გაზარდონ კაპიტალი. განვითარებული საბაზრო ეკონომიკის დროს ინვესტორს აქვს სახრების მომგებიანად დაბანდების საკმაოდ დიდი არჩევანი. საინვესტიციო პროექტები ფაქტობრივად ერთმანეთს კონკურენციას უწევენ ინვესტორების ფულისთვის, სთავაზობენ რა კაპიტალის დაბანდების სხვადასხვა პირობებს. ამასთან ყოველთვის მკვეთრად არ განისაზღვრება ინვესტიციებს შორის ზღვარი.

ინვესტიციები ბიზნესში თავის უმთავრეს მიზნად ისახავს მოგების მიღებას, რისთვისაც ხდება საწარმოო აქტივების შეძენა და გამოყენება. მაშასადამე, ინვესტიციების ასეთი ფორმის დროს იქმნება რეალური საწარმოო სიმძლავრები.

საინვესტიციო საქმიანობის სტიმულირება, საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად გადადგმულ ნაბიჯებთან ერთად, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვისა და მათი განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა უნდა გახდეს და აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად შემადგენელ ნაწილად იქცეს.
საქართველოში არსებული ეკონომიკის საერთო დონიდან გამომდინარე, საინვესტიციო პროცესების მთავარი ინიციატორი სწორედ სახელმწიფო უნდა იყოს. ქვეყნის ეკონომიკაში ცალკეული პრიორიტეტული დარგების განსაზღვრა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ სექტორების აღორძინებისათვის გადადგმული ნაბიჯები იქნება ის უმთავრესი სტიმული, რომელიც შექმნის ქვეყანაში სტაბილური განვითარების დაწყების პრეცედენტს.

საინვესტიციო პროცესების სტიმულირებაში, მართალია არაპირველხარისხოვანი, მაგრამ მნიშვნელოვანი როლი ეკისრება საგადასახადო სისტემას, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ერთი მხრივ, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს და მეორე მხრივ, ქვეყნის სოციალ-ეკონომიკურ განვითარებას (საერთო ჯამში პუი-ს გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენს როგორც საგადასახადო, ასევე არასაგადასახადო ფაქტორებიც, რომელთა მიხედვითაც ფასდება ინვესტიციის ჩადების შედეგად მოსალოდნელი და მოგება და რისკები).
საინვესტიციო გადაწყვეტილებებისათვის საგადასახადო ცვლილებების შედეგების წინასწარ განსაზღვრის შესაძლებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გრძელვადიანი მოცულობითი კაპატალდაბანდებებისათვის ხელშეწყობის თვალსაზრისით. პირველი სირთულე, რომელიც ინვესტორებს ხელს უშლის წინასწარ განსაზღვრონ საგადასახადო შედეგების გავლენა მათ სამეწარმეო საქმიანობაზე, უკავშირდება კანონმდებლობას. ხშირ შემთხვევაში ამ საკითხის წინასწარ განჭვრეტა მართლაც შეუძლებელია, ვინაიდან საგადასახადო კანონმდებლობა შეიძლება არ ითვალისწინებდეს საწარმოში არსებულ ვითარებას (მაგალითად, საწარმოში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს), რომელშიც იმყოფება გადამხდელი. ეს იწვევს გაურკვევლობას საგადასახადო შედეგების მიმართ.

მეორე სირთულე უკავშირდება ხშირ და მნიშვნელოვან ცვლილებებს კანონმდებლობაში. საგადასახადო კოდექსი ისეთი სისტემაა, რომელსაც გამუდმებული და გულდასმითი კორექტირება ესაჭიროება. ინვესტიციების წახალისების მიზნით შეიძლება დაწესდეს გარკვეული შეღავათები, რომლებიც შემდგომში შეიძლება გაუქმდეს შემოსავლების ზრდის თვალსაზრისით. წინააღმდეგობრივი ცვლილებების თავიდან ასაცილებლად რიგ ქვეყნებში ასეთ პროცესებს თან სდევს შესწორებები ცვლილებებში და ა.შ., რაც თანდათანობით ართულებს საგადასახადო სისტემას და მნიშვნელოვან სიძნელეებს ქმნის მისი აღსრულების პროცესში.

მაღალი საგადასახადო განაკვეთები ნოყიერ საფუძველს ქმნის ადგილობრივ მეწარმეებისათვისაც გადასახადებისაგან თავის ასარიდებლად. საგადასახადო სტიმულები ხშირად არასწორად აისახება ეკონომიკურ საქმიანობაში. მრავალი გადამხდელი, რომელზედაც არ ვრცელდება სტიმულები, ცდილობს საკუთარი წარმოების ისე დაგეგმვას, რომ მოიპოვოს შეღავათებით სარგებლობის უფლება. საგადასახადო სტიმულირება შეიძლება გამოიყენონ ისეთმა კომპანიებმა, რომლებზედაც ისინი არ ვრცელდება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის შემოსავლების დაბეგვრაზე უარის თქმით გამოწვეულ ბიუჯეტის ზარალს. ხშირ შემთხვევაში სამეწარმეო საქმიანობა, რომელზედაც ვრცელდება სტიმულები, წარმოადგენს საწარმოს საგადასახადო დაგეგმარების შედეგს და არა საქმიანობის გაფართოების წამახალისებელ ფაქტორს ანუ საწარმო ერგება სტიმულს და არა სტიმული საწარმოს. ამრიგად, საწარმოები ცდილობენ სტიმულების გამოყენებას გარკვეული შეღავათების მისაღებად, რაც იწვევს რესურსების ისეთ განაწილებას, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელი რესურსების გადანაწილებისგან და რომელიც საჭიროა ეფექტური წონასწორობის შესანარჩუნებლად.

დღეისათვის, საქართველოში საკანონმდებლო დონეზე განხორციელებული სტიმულები მიმართულია ქვეყანაში საინვესტიციო პროცესების გააქტიურებისაკენ. სახელმწიფოს საინვესტიციო მოღვაწეობა თავს იჩენს სატრანსპორტო კომუნიკაციების განახლებაში, განათლების სისტემის რეფორმაში, მუშა-ხელის კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების პროგრამების განხორციელებაში. ეკონომიკის საბაზრო პირობებში ფუნქციონირებისათვის მეტად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ასევე საინვესტიციო ფონდების, სალიზინგო და სადაზღვევო კომპანიების და სხვადასხვა სახის ბირჟების შექმნისა და განვითარების სახელმწიფო საინვესტიციო პროგრამების შემუშავება, რომელიც, ჩვენი აზრით, ხელს შეუწყობს საინვესტიციო რესურსების მოზიდვას და აქედან გამომდინარე, უფრო მრავალფეროვანს გახდის ინვესტიციების განხორციელების ფორმებს, გააუმჯობესებს ინვესტიციების განაწილებისა და საინვესტიციო ობიექტების შერჩევის პროცედურას, მათი განხორციელების მულტიპლიკატორული ეფექტის მიღწევას და ბოლოს, ახალი საფინანსო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების თვალსაზრისით აუცილებელია სახელმწიფო საინვესტიციო ფონდების და სადაზღვევო კომპანიების შექმნის სამართლებრივი, ორგანიზაციული და ტექნიკური ხასიათის საკითხების გადაწყვეტის პროცესის დაჩქარება.
საქართველოში უცხოური კერძო კაპიტალის შემოსვლის ერთადერთ ფორმად, დღეისათვის, პირდაპირი რეალური ინვესტიციები გვევლინება. ამასთან, საწყის ეტაპზე აღნიშნული დაბანდებების ზრდა აღინიშნება პირველ რიგში იმ დარგებში, სადაც საქართველოს შედარებითი უპირატესობები გააჩნია. დანარჩენ დარგებში კი, მათ შორის, სარეკრეაციო სფეროში, ინვესტიციების მოდინება საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებამდე უმნიშვნელო იქნება.

უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და რაციონალური გამოყენება საქართველოში ეკონომიკური რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. მის ოპტიმალურად გადაწყვეტაზეა დამოკიდებული ეკონომიკაში რეალური გარდაქმნების განხორციელება და საქართველოს ეკონომიკის ორგანული ჩართვა მსოფლიო მეურნეობაში. უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პრობლემის აქტუალურობას ზრდის საქართველოს ეკონომიკაში ამჟამად შექმნილი მდგომარეობა: მნიშვნელოვანი საგარეო ვალი, მაღალი უმუშევრობა, ხალხის ცხოვრების დაბალი დონე, ნაკლები ინვესტიციები, წარმოების ასამოქმედებლად საკუთარი სახსრების პრაქტიკულად უქონლობა და სხვ.

თანამედროვე ეტაპზე საინტერესოა იმის გარკვევა, თუ რა მოტივი ამოძრავებთ უცხოელ ინვესტორებს, როდესაც ახდენენ პირდაპირ ინვესტირებას საზღვარგარეთის ქვეყნებში. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოტივაცია პირობითად შეიძლება ოთხ ჯგუფად დავყოთ:
• პირველი ჯგუფი აერთიანებს ინვესტორ კომპანიებს, რომლებიც უცხოეთში ახდენენ ინვესტირებას იმ მიზნით, რომ მიიღონ მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსები რეალურზე უფრო დაბალი ღირებულებით, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში (რესურსების მაძიებელნი);
• მეორე ჯგუფს წარმოადგენენ საწარმოები, რომლებიც ინვესტირებას ახორციელებენ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში ან რეგიონში, რათა უზრუნველყონ საქონლის ან მომსახურების მიწოდება ამ ქვეყნის ან მეზობელი სახელმწიფოების (რეგიონების) ბაზრებზე (ბაზრის მაძიებლები);
• მესამე ჯგუფს, პირობითად, შეიძლება ეფექტიანობის მაძიებელნი ვუწოდოთ. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საშუალებით კომპანიის ეფექტიანობის ამაღლება გულისხმობს რესურსების ისეთ განაწილებას, როცა მაქსიმალური უკუგება მიიღწევა. ინვესტორთა აღნიშნული ჯგუფი ძირითადად ახორციელებს ინვესტირებას ქვეყნებში, სადაც ეფექტიანი ინსტიტუციური ინფრასტრუქტურა, სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციაა;
• მეოთხე ჯგუფს მიეკუთვნება ტრანსნაციონალური კორპორაციები. ისინი ცდილობენ აითვისონ ისეთი აქტივები, რომლებიც ხელს უწყობენ მათი გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნების მიღწევასა და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას (სტრატეგიული აქტივების მაძიებლები).

უცხოური ინვესტიციების გავლენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია დასაქმებისა და ეროვნული რესურსების გამოყენება. “დამატებითი” ინვესტიციები უზრუნველყოფს რესურსების გამოყენებას, რომლებიც სხვა შემთხვევაში დარჩებოდნენ უმოქმედოდ.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უცხოელი ინვესტორების მიერ გამოყენებული სამუშაო ძალის ხარისხს. უკანასკნელ დროს, სულ უფრო ფართოდაა გავრცელებული შეხედულება, რომლის მიხედვითაც, განვითარებადი ქვეყნის სამუშაო ძალა, რომელიც საერთაშორისო წარმოებაში დასაქმდა, იძენს ახალ ნიშნებს და თვისებებს, რომლებიც საშუალებას აძლევენ წარმატებით გაუწიონ კონკურენცია განვითარებული ქვეყნების სამუშაო ძალას. ასეთ სამუშაო ძალას შეუძლია მოქნილი რეჟიმით მუშაობა, რაც მაღალნაყოფიერია და უფრო თავისუფალია. თავისუფლებაში იგულისხმება ტრადიციული ადგილობრივი იერარქიული სტრუქტურებისაგან თავისუფლება. უცხოური ინვესტორისაგან დაქირავებული მუშაკი განიცდის მხოლოდ კაპიტალის გავლენას, რომელიც სამუშაო ძალასთან ცნობს მხოლოდ ყიდვა-გაყიდვით ურთიერთობას.

შეიძლება ითქვას, რომ უცხოური ინვესტიციების ეფექტიანობა დამოკიდებულია მოზიდული ინვესტიციების რაოდენობასა და ხარისხზე და მიმღები ქვეყნის უნარზე დროულად მოახდინოს ინვესტიციების აპრობირება; განათავსოს იგი იმ დარგებში და რეგიონებში, სადაც ისინი უფრო საჭიროა; უზრუნველყოს პროგრესული ტექნოლოგიების და მენეჯმენტის გამოყენება, რათა კაპიტალის მოზიდვით მიღებული იქნეს მაქსიმალური დადებითი შედეგები.

ინვესტიციების მოზიდვისათვის არანაკლები მნიშვნელობა აქვს უცხოელი ინვესტორებისათვის იმ სამართლებრივი გარანტიების მიცემას, რომლებიც უკავშირდება მათ ხელშეუხებლობას, კაპიტალის დაბანდებას და მოგების და დივიდენდების გადაგზავნას საზღვარგარეთ. ექსპორტიორ ქვეყნებში გარანტიების მიცემის საკითხი დეტალურად აქვს შესწავლილი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას (ეთგო). საგარანტიო სქემები, რომლებიც ერთმანეთისაგან მოცულობით განსხვავდება, განვითარებული მრეწველობის ქვეყნებში არსებობს. განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობა ცდილობს შექმნას თითქმის ისეთივე გარანტიები, როგორც ეთგო-ს წევრ ქვეყნებს აქვთ. მაგალითად, ეგვიპტეში იმ უცხოელ ინვესტორებს, რომლებსაც მიწა აქვთ მიღებული წარმოების გაფართოებისა და მშენებლობისათვის, მიწის ექსპროპრიაციის შემთხვევაში მიეცემათ მისი ტოლფასი კომპენსაცია. ბრაზილიის კანონმდებლობით ნებადართულია საინვესტიციო კაპიტალის და მოგების შეუფერხებლად რეპატრიაცია. ამასთან, კაპიტალის რეპატრიაცია თავისუფალია საშემოსავლო გადასახადისაგან და ავტომატურად ხორციელდება.

სტაბილური ეკონომიკური განვითარება, ლიბერალური და თავისუფალი ეკონომიკური პოლიტიკა, მხოლოდ 6 გადასახადი და შემცირებული საგადასახადო განაკვეთები, ლიცენზიებისა და ნებართვების მცირე რაოდენობა, ადმინისტრაციული პროცედურების სიმარტივე, პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმები მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, კარგად განვითარებული და ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემა, განათლებული კვალიფიციური და კონკურენტული სამუშაო ძალა და სხვა მრავალი ფაქტორი წარმოადგენს მყარ საფუძველს საქართველოში ბიზნესის დაწყებისა და მისი წარმატებული განვითარებისათვის.

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით 2016 წელს ლიდერობდა აზერბაიჯანი 35%, თურქეთი 17%, გაერთიანებული სამეფო – 7%, ნიდერლანდები და ჩეხეთი 5% და ა.შ.

რაც შეეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილებას ეკონომიკის სექტორების ჭრილში, 2016 წლის მიხედვით, ლიდერობს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, ასევე უცხოელი ინვესტორების მხრიდან პრიორიტეტულ დარგებად მიჩნეულია ენერგეტიკა, საფინანსო სექტორი და დამამუშავებელი მრეწველობა.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2017 წლის I კვარტალში 74.6 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 141.1 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 35.0 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 80.3 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – საფინანსო სექტორი 79.6 მლნ. აშშ დოლარით.

ისეთ პატარა ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, არც ის მასშტაბები აქვთ, რომ ინვესტორებისათვის მიმზიდველ ბაზრად იქცნენ და არც იმის უნარი შესწევთ, რომ შეთანხმებას მიაღწიონ ნოუ-ჰაუს შემოტანაზე. მათ ორი შესაძლებლობა დარჩენიათ:
– გაერთიანდნენ ორი აღნიშნული მიზნის მისაღწევად ისე, როგორც ლათინური ამერიკის ქვეყნები არიან გაერთიანებულნი MERCOSUR-ში (სამხრეთ ამერიკის ქვეყნების საერთო ბაზარი);
– ინტეგრირება მოახდინონ ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანასთან, როგორიც აშშ-ა, ALENAA-ში (ჩრდილოეთ ამერიკის ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ) ან ევროკავშირთან ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში. ეკონომიკური ინტეგრაციის მეორე ფორმა, რომელიც მეზობლობაზეა დაფუძნებული, ბაზრებზე შეღწევის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ცოდნის ტრანსფერის, მომსახურების ექსპორტირებისა და სიახლოვის გამო წარმოების ქვეკონტრაქტული ორგანიზაციის უკეთეს საშუალებას იძლევა. თუ არსებობს სათანადო პირობები, ეს ორი პროცესი შეიძლება გაერთიანდეს. აზიაში, სამხრეთ ამერიკასა თუ აფრიკაში რეგიონული ქვე-ინტეგრირება ამ რეგიონების მიმზიდველობის ხარისხს ზრდის, ვინაიდან ისინი ინვესტორებისათვის უფრო დიდ ბაზრებად იქცნენ. ეს ვარიანტი საქართველომ სერიოზულად უნდა განიხილოს, ვინაიდან ევროკავშირში ინტეგრაცია დაკავშირებულია შავი ზღვის აუზის, მათ შორის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ინტეგრირებასთან.

ცხადია, რომ ღია ეკონომიკა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და მისი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების უმთავრესი ფაქტორებია. საქართველოს დიდი და მზარდი სავაჭრო დეფიციტი იმის მაჩვენებელია, რომ ღია ვაჭრობას ავტომატურად არ მოაქვს სარგებლობა, თუ საინვესტიციო და ბიზნესკლიმატი მეწარმეებისათვის ისეთ პირობებსა და სტიმულებს არ ქმნის, რომ ახალ შესაძლებლობებზე რეაგირება მოახდინონ. გამოცდილებამ, განსაკუთრებით პოსტსოციალისტურ ქვეყნებში გვიჩვენა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება ხშირად ღია ეკონომიკის სიკეთის სრულად მიღების წინაპირობაა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესია უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, მაგრამ ამავდროულად არ უნდა მოხდეს ეროვნული ინტერესების შთანთქმა. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს როგორც უცხოურ, ასევე შიდა ინვესტიციების მოზიდვას. ეჭვგარეშეა, რომ უცხოური ინვესტიციები ქვეყანას უზრუნველყოფენ ფონდებით ეკონომიკური ზრდისათვის, ხოლო შეზღუდვები აფერხებს კაპიტალის შემოდინებას ქვეყანაში და შესაბამისად ზღუდავს ეკონომიკურ თავისუფლებას.

გამოყენებული ლიტერატურა

1. ბარათაშვილი ე., მაგრაქველიძე დ., საქართველოში საინვესტიციო გარემოს სრულყოფის პრინციპები. – თბ. საქ. ტექნიკური უნივერსიტეტი, 2009.
2. ბახტაძე ლ., ბარბაქაძე ხ., ყანდაშვილი თ., ფინანსური ინსტიტუტები და ბაზრები. – თბ. 2012.
3. ვანიშვილი მ., ფარულავა დ., ინვესტიციების მოზიდვის ფინანსური ინსტრუმენტების ევოლუცია და პრობლემები – ეროვნული ეკონომიკის განვითარების მოდელები: გუშინ, დღეს, ხვალ, IEC-2015. – თბ. 2015.
4. ინგოროყვა ა., ცაავა გ., „ფინანსური მენეჯმენტი – თეორია, მეთოდები და პრაქტიკა“, სახელმძღ. ტ. I-II: საწარმოს ფინანსების მართვა. – თბ. გამომც. „გრაალი“, 2011.
5. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, საქართველო 2020. – თბ. 2013; https:// napr.gov.ge/source/სტრატეგია/ViewFile.pdf, გადამოწმებული 2017წ.
6. საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტო. მისია და ხედვა. – თბილისი, 2016: http://enterprisegeorgia.gov.ge/ge/aboutus/Mission–Vission, გადამოწმებული – 29.04.2017.