ეკონომიკური ურთიერთობების ზოგიერთი საკითხის შესახებ თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში
ეკ. მეცნ. დოქტორი, ბესარიონ ნაყოფია
თანამედროვე ეტაპზე ფართო განვითარებას პოულობს ახალი ეკონომიკური ურთიერთობების – თავისუფალი ეკონომიკური ზონების და ერთობლივი საწარმოების ჩამოყალიბება. ერთობლივი საწარმოების შექმნისა და თავისუფალი ეკონომიკური ზონის ჩამოყალიბების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ქვეყნის ეროვნული ინტერესები.
ამასთან დაკავშირებით საჭიროა გაირკვეს, რა აინტერესებს რომელიმე ქვეყნის ტრანსნაციონალურ კორპორაციას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში შეღწევის დროს. ეს მოტივი შეჯერებული უნდა იქნეს ერთობლივი საწარმოს შექმნისა და თავისუფალი ეკონომიკური ზონის ჩამოყალიბებისას. საზღვარგარეთ კაპიტალს იზიდავს შემდეგი ფაქტორები:
1. ხელი მიუწვდეს შედარებით იაფ მინიმალურ რესურსებზე;
2. შეაღწიოს ბაზარზე, რომელსაც გააჩნია იმპორტის შეზღუდული მყიდველობითი უნარი;
3. გამოიყენოს მაღალკვალიფიცირებული, შედარებით იაფი მუშა ხელი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება მაღალ კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება მსოფლიოს ბაზრებისათვის;
4. გამოიყენოს ქვეყნის მეცნიერული მიღწევები და ტექნიკური გამოკვლევები ახალი სახის საქონლის წარმოებისათვის, რომელსაც მაღალი კონკურენტუნარიანი თვისებები გააჩნია.
როდესაც საზღვარგარეთის ქვეყნების კაპიტალის მიზიდვას ცდილობს, ქვეყანას უნდა აინტერესებდეს:
1. ხელი მიუწვდეს საზღვარგარეთის ტექნოლოგიებზე;
2. შეავსოს დაგროვების შინაგანი წყაროები;
3. გამოიყენოს საზღვარგარეთის ქვეყნის მართვის სისტემის მოწინავე მეთოდები წარმოების ეფექტიანობის ამაღლებისათვის;
4. შეამციროს იმპორტი და მასთან დაკავშირებული ზედმეტი ხარჯები;
5. გაზარდოს ექსპორტის მასშტაბები, განსაკუთრებით მზა საქონლის და არა ნედლეულის გატანის სახით;
6. ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილიზაციას.
ჩამოთვლილი ინტერესები, ცხადია, ყოველთვის არ ემთხვევა პარტნიორი ქვეყნების ინტერესებს, რის გამოც, საჭიროა, მათი ურთიერთშეჯერება და ურთიერთხელსაყრელობის პრინციპზე დაყრდნობით ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება, საერთაშორისო ბიზნესის განვითარება. ასევე ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობა მყარდება ვაჭრობის გზით. ამჟამად, ყველა ტვირთები, რომელიც გადის სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში, ჯგუფდება საექსპორტო, საიმპორტო და სატრანზიტო ტვირთებად. არსებობს აგრეთვე ე. წ. “სხვა ტვირთების” კატეგორიაც, რომელსაც მიეკუთვნება სხვადასხვა საფოსტო გზავნილები. ქვეყნის საზღვრების გადაკვეთის შემთხვევაში, საქონელი და სხვადსხვა ტვირთი ექვემდებარება სახელმწიფო დაბეგვრას, რომელიც ხორციელდება სპეციფიკური გადასახადების გზით, რომელსაც საბაჟო გადასახადები ითვალისწინებს. საბაჟო გადასახდელები უზრუნველყოფს ეროვნული ეკონომიკის დაცვას და არეგულირებს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობას. არსებობს საბაჟო გადასახადების შემდეგი სისტემები: 1. სპეციალური; 2. ადელვალური და 3. კომბინირებული სისტემა. სპეციფიკური ბაჟი დაწესებულია ცალკეული საქონლის წონის გაზომვისა და ცალობის მიხედვით ფიქსირებული ოდენობის გადასახდელის სახით. ადელვალური ბაჟი წესდება საბაჟო ღირებულების მიხედვით. საბაჟო ღირებულება განისაზღვრება საზღვრის გადაკვეთის მომენტისათვის, საქონლის ფასისა და იმ ფაქციური დანახარჯების მიხედვით, რომელიც არ შედის ანგარიშ-ფაქტურაში. ასეთი ხარჯები შედგება ტრანსპორტის დატვირთვა-გადმოტვირთვის, გადატვირთვისა და სადაზღვევო გადასახადისაგან საბაჟო საზღვრის გადაკვეთის პუნქტამდე, აგრეთვე, საკომისიო და საბროკერო ანაკრებების ხარჯებისაგან. დაბოლოს, საბაჟო ღირებულებებში შედის ინტელექტუალური საკუთრების გადასახდელები, რომელიც ეხება საბაჟო საქონელს, რომელიც იმპორტიორმა (ექსპორტიორმა) უნდა გადაიხადოს. ეს უკანასკნელი პირდაპირ თუ ირიბად გადასახდელის სახით, ჩადებულია იმპორტის (ექსპორტის) პირობებში. მსოფლიო პრაქტიკაში, როგორც საიმპორტო, ისე საექსპორტო საქონელზე საბაჟო გადასახდელებისათვის იყენებენ გადასახადების სხვა ფორმებსაც, რომელთა დაწესება ექვემდებარება მსოფლიოს კანონმდებლობას და ცალკეული ქვეყნის საბაჟო კანონებსა და დებულებებს. სახელმწიფოს მიერ საშუამავლო ოპერაციების განხორციელება, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის ნედლეულის ფასებსა და იმპორტირებული საქონლის ფასებს შორის სხვაობის ხარჯზე მოგების გადიდებისათვის, სახელმწიფოს ხაზინის ბიუჯეტის შემოსავალში აისახება საგარეო ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლების სახით. ამჯერად, როცა ყალიბდება კურსი, მეწარმეთა ასეთი შემოსავალი კერძო, ან კიდევ, კოლექტიური მითვისების წყაროდ იქცევა და მას თან ახლავს შესაბამისი მოვლენები, ცხადია, ასეთ ოპერაციებს ქვეყნის ეკონომიკისათვის სარგებლობა მოაქვს სათანადო კანონმდებლობის პირობებში. საჭიროა; მოქმედება: არა აკრძალვის პრინციპით, არამედ უნდა შეიქმნას პირობები – მოტივაცია საბაზრო წონასწორობის უზრუნველყოფისათვის, სამეწარმეო საქმიანობის ყოველ მხრივ განვითარებისათვის. მათ შორის, ქვეყნისათვის ხელსაყრელობის პრინციპზე უნდა შეიქმნას პირობები საზღვარგარეთული წარმოების არა მარტო შედეგების (საქონლისა და მომსახურეობის) მოზიდვისათვის, არამედ თვით წარმოების განვითარებისათვის, რისთვისაც გამოყენებული უნდა იქნეს შესაბამისი საბაჟო სისტემა, რომელიც გულისხმობს შემოზიდული საქონლისადმი საბაჟო ტარიფებისაგან გათავისუფლებისა და შეღავათების დაწესებას. ასეთი ღონისძიება განპირობებულია ქვეყნათაშორისი ურთიერთხელსაყრელი გაცვლის სტიმულირებისათვის. ასეთი შეღავათებით ხელი უნდა შეეწყოს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკის ზრდას. იგი ხელსაყრელ პირობებს ქმნის ზღვისპირა რეგიონების განვითარებისათვის მათი საბაზრო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებაში. თავისუფალი ეკონომიკური ზონა, როგორც წესი, განვითარებად ქვეყანაში იქმნება. საქართველო, სამწუხაროდ, ამჯერად განვითარებადი ქვეყნის რიგშია. ამიტომ, ასეთი ზონების შექმნის მსოფლიო გამოცდილება სასარგებლო საქმედ უნდა ჩაითვალოს. თავისუფალი ეკონომიკური ზონის ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭიროა ისეთი ეკონომიკური ბერკეტების ამოქმედება, როგორიცაა, საგადასახადო შემოსავლების დაწესება შეღავათიანი ტარიფების შემოღების გზით. ასეთ ზონებში არცთუ ისე იშვიათად შეღავათებს აწესებენ ფუნქციონალური თვალსაზრისითაც, ეს უკანასკნელი გულისხმობს გარკვეული ახალი ტექნოლოგიების ათვისების სტიმულირების მიზნით საგადასახადო განაკვეთების შემცირებას. თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში საქონლის შეტანა-გამოტანისას შეიძლება მოიხსნას საბაჟო კონტროლი. ასეთი კონტროლი ხორციელდება მხოლოდ იმპორტიორი ქვეყნის მხრიდან. აქედან გამომდინარე, თავისუფალი მეწარმეობისა და ბიზნესის დამკვიდრებისათვის სასარგებლოა იმპორტირებული რესურსებისა და ნედლეულის ბაზაზე განხორციელდეს საბოლოო პროდუქციის წარმოება მისი ექსპორტირების მიზნით. ბიზნესისათვის მომგებიანია თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში საქონლის შესყიდვა, რადგან იგი მხოლოდ თავისი ქვეყნების საბაჟო კონტროლს გაივლის. თავისუფალი ზონის ფარგლებში მეტად ხელსაყრელია საბანკო-საკრედიტო ოპერაციების წარმოება, საშუამავლო საქმიანობის გამართვა საერთაშორისო ვაჭრობის საქმეში. ასეთ ზონებში წარმატებით ხორციელდება მრავალი სახის ინფრასტრუქტურის ორგანიზაციული ფორმების ჩამოყალიბება, საგარეო სატელეფონო, სატელეფაქსო, სატელეტაიპო და სხვა უახლესი კავშირურთიერთობების სისტემათა გამოყენება, მნიშვნელოვანი სარფიანი საქმეა ზონაში საზოგადოებრივი კვების, მრავალნაირი ოფისების მშენებლობა. თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნა საწყის ეტაპზე მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუნდაც იმიტომ, რომ საგადასახადო შეღავათების დაწესება სახელმწიფო დოტაციის ტოლფარდი ღონისძიებაა. აქედან გამომდინარე, ასეთი ზონის დაწესება, როგორც ქვეყნის საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი, საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებას მოითხოვს. სხვა შემთხვევაში, გამორიცხული არ არის, რომ ამ პროცესის განვითარება ქვეყნის ეროვნული ეკონომიკისათვის ზიანის მომტანი აღმოჩნდეს. თავისუფალი ეკონომიკური ზონის შემოღების წინაპირობად უნდა ჩაითვალოს ეროვნული ვალუტის სტაბილიზაცია, სხვა შემთხვევაში, მოსალოდნელია სხვა ქვეყნის მტკიცე კურსის მქონე ვალუტის მოზღვავება ეროვნული პროდუქციის გატანის კვალობაზე. ეს კი, ფაქტობრივად, ვალუტის შემომტანი ქვეყნისათვის უპროცენტო კრედიტის მიცემას ნიშნავს. კიდევ უფრო საშიშია ინფლაციური ვალუტის შემოჭრა, რაც, ფაქტობრივად, გატანილი პროდუქციის დაკარგვის ტოლია. თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნის დროს გასათვალისწინებელია ჩრდილოვანი ეკონომიკის გააქტიურების ალბათობის მაღალი დონე. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ, რომლის ტერიტორიაზეც თავისუფალი ეკონომიკური ზონა ფუნქციონირებს, უნდა განახორციელოს ღონისძიებანი ჩრდილოვანი ეკონომიკის დასაშვები ლეგალიზაციისათვის. თავისუფალი ეკონომიკური ზონის შემოღება ჩვენში უნდა განხორციელდეს სახელმწიფო კონტროლის გაძლიერების პირობებში. ამ ზონაში ფორმირებული საწარმოების მოგების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა დარჩეს სახელმწიფოს განკარგულებაში. პირველ რიგში, უნდა მოიცავდეს დასასვენებელ-გასართობ ობიექტებს, სასტუმროებისა და ტურისტული ბაზების ქსელებს, ქვეყნის სხვა ინფრასტუქტურის ობიექტებს, საიდანაც დაბანდებული კაპიტალის ამოღება მოკლე დროში ხდება და იძლევა მნიშვნელოვან დივიდენდებს. თავისუფალი ეკონომიკური ზონის უმარტივესი ფორმაა თავისუფალი სავაჭრო ზონა, რომელიც საგარეო ვაჭრობის განვითარების პირობაა. ცნობილია, რომ თავისუფალი ვაჭრობის პირობებში საქონელი იქეთ მიედინება, სადაც ფასი მაღალია. ამდენად, შემოღებული ტარიფები იმპორტზე წარმოადგენს ტაქსას. ასე მაგალითად, აშშ-ში, 1,7%-ით ძვირდება. ტარიფების მსგავსი ზეგავლენისთვის შემოაქვთ კვოტები, რომლის დროსაც ფასი ყალიბდება არა მარტო სავაჭრო წონასწორობის დონეზე, არამედ მასში “შესწორებები” შეაქვთ ტარიფებისა და კვოტების მეშვეობით. ტარიფებისა და კვოტების მოქმედების ძირითადი პრინციპი ერთი და იგივეა, თუმცა, მათ შორის არის განსხვავებაც. არა აკრძალული ტარიფი მთავრობას რაღაც განსხვავებასაც უტოვებს, რომელიც სხვა გადასახადების შესაძლებლობასაც ქმნის, მაშინ, როცა სახელმწიფოს კვოტები შემაჯამებელ ფასში რეალიზაციიდან მოგების სხვაობას იმპორტის სასარგებლოდ გაიტანს. ერთი სიტყვით, ბიზნესისათვის ტარიფი უფრო ნაკლები ბოროტებაა, ვიდრე კვოტი. თანამედროვე ეტაპზე ეკონომიკური ურთიერთობების კოორდინაცია უნდა ხორციელდებოდეს გლობალური პრობლემების გათვალისწინების კონტექსტში. იგი მოტივირებულია “ადამიანი-საზოგადოების” ურთიერთობის განვითარების სისტემის ჩამოყალიბების საჭიროებით. სისტემა “ადამიანი-საზოგადოება” გულისხმობს შიმშილისა და ავადმყოფობის, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის პირობებში ადამიანის განვითარების უზრუნველყოფას. დღეს წინა პლანზეა წამოწეული, აგრეთვე, ისეთი დიდი პრობლემა, როგორიცაა “ადამიანი-ბუნება”. იგი გულისხმობს გარემოს დაცვის, რესურსებისა და ენერგეტიკის პრობლემის გადაწყვეტას, რომელიც თანაბრად აწუხებს მსოფლიოს ყველა ქვეყანას დიდსა და პატარას. გლობალური პრობლემის გადაწყვეტა ცალ-ცალკე არ ძალუძს რომელიმე, თუნდაც, დიდი მასშტაბის მქონე ქვეყანას. იგი კაცობრიობის ერთიანი ძალისხმევით უნდა გადაწყდეს. ამ პროცესში ეფექტიანია მსოფლიო ბიზნესის განვითარების მნიშვნელობა.