საჯარო ფინანსები, როგორც სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედი
რევაზ კაკულია, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ ასოცირებული პროფესორი
ყოფილი სსრ კავშირის ქვეყნების საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა ურთულესი, მაგრამ აუცილებელი პროცესია, რომელსაც კაცობრიობის ისტორიაში ანალოგი არ გააჩნია. გარდამავალი ეკონომიკის პირობებში მთავარია ძირეულად შეიცვალოს ქვეყნის საჯარო ფინანსები და შესაბამისად ფინანსური პოლიტიკა. სოციალობის პირობებში საბიუჯეტო შემოსავლებისა და ხარჯების ფორმირება ხელოვნური იყო და მეცნიერულ საფუძვლებს მოკლებული და სრულებითაც არ შეესაბამება თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.
ნებისმიერი ქვეყნის სახელმწიფო ხელისუფლების მართვისა და რეგულირების ხელოვნება დიდად არის დამოკიდებული მის უნარზე, რომ პირველ რიგში სწორად გამოთვალოს და გამოიყენოს ხარჯებისა და გადასახადების სისტემა. ხელისუფლებისათვის მთავარია გაარკვიოს განსხვავება არა საშემოსავლო გადასახადსა და სოციალურ გადასახადს შორის, რომელიც ამოიღება შრომის უუნაროთა და პენსიონერთა ცხოვრების დონის ამაღლების პროგრამების შესაბამისად, არამედ უმთავრესია მათი ეკონომიკური ეფექტიანობის განსაზღვრა. ეს კი მიიღწევა მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური მეცნიერების მიზანმიმართული გამოყენების საფუძველზე. ამასთან აუცილებელია შესაბამისი ეკონომიკური კატეგორიების მოშველიება. ასე, მაგალითად, მთლიანი შიდა პროდუქტი, რომელთანაც ამა თუ იმ გადასახადის, ან მთლიანად საგადასახადო შემოსავლების პროცენტული შეფარდება საშუალებას იძლევა განისაზღვროს საერთოდ სახელმწიფოს ფინანსური პოლიტიკისა და თვით არსებული ეკონომიკური სისტემის ეფექტიანობის დონე.
საქართველოში ხშირად მოისმენთ მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ბიზნესის განვითარებას და საერთოდ საბაზრო ურთიერთობათა განვითარებას ხელს უშლის გადასახადების დიდი ხვედრითი წონა, არადა იგი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში არსებითად უმნიშვნელოა, რაზედაც ნათლად მეტყველებს აქ მოტანილი მონაცემები – გადასახადების მოცულობა მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობასთან პროცენტობით შეადგენს: – იტალიაში – 33-34%, კანადაში – 35%, გერმანიაში – 35-36%, საფრანგეთში – 35-37%, დიდ ბრიტანეთში – 35-37%, ბელგიაში – 38-39%, ნორვეგიაში – 40-42%, შვეციაში – 43-45%, ნიდერლანდებში – 45%, ავსტრალიასა და აშშ-ში – 30%. საქართველოში კი ეს თანაფარდობა 23-24%-ს არ აღემატება.
სახელმწიფოში მშენებლობის პროცესში ყოველთვის, ყველა ეპოქაში მთავარი იყო ხელისუფლების ფისკალური პოლიტიკა, რომლის ორი ძირითადი ინსტრუმენტი – გადასახადები და სახელმწიფო ხარჯები მიმართული იყო ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების სამართავად. სწორედ გადასახადები და ხარჯები გავლენას ახდენს კერძო პირებისა და კორპორაციების შემოსავლებზე, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე.
საბაზრო ეკონომიკა როგორც მთლიანობაში, ისე განსაკუთრებით გარდამავალ პერიოდში, ქვეყნის დამოკიდებულება და სუვერენიტეტი სისხლხორცეულად მოითხოვს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებასა და საზოგადოების ფინანსური რესურსების განაწილება-გადანაწილების ფუნქციის სრულად ამოქმედებას.
როგორც წესი, ნორმალურად განვითარებად ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკამ ობიექტურად უნდა უზრუნველყოს საზოგადოებრივი კეთილდღეობის შესაძლებლობათა ოპტიმალური განაწილება. სახელმწიფო ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ეროვნული თავდაცვის, შინაგანი უსაფრთხოების (პოლიციის) და სხვა საზოგადოებისათვის აუცილებელი ღონისძიებების დაფინანსება. რესურსების ფინანსური მობილიზაციის მიზნით რეგულარულად უნდა აწარმოოს სახელმწიფო საშემოსავლო წყაროების ოპტიმალური მექანიზმის შერჩევა.
თანამედროვე მსოფლიოში ძალიან მცირეა იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც განაწილების საბაზრო სისტემებით წარმოებს სიმდიდრის მნიშვნელოვანი ნაწილის გადანაწილება, მაგრამ ასეთი ქვეყნებიც მოითხოვს მრავალნაირი განაწილებითი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებითაც მიმდინარეობს შემოსავლებისა და სიმდიდრის თანაბარი და სამართლიანი გადანაწილება.
შემოსავლებისა და სიმდიდრის გადანაწილების განხორციელების მხოლოდ ორი გზა არსებობს: გადასახადები და სახელმწიფო პროგრამები. ამ მიზანს ემსახურება პროგრესული საშემოსავლო გადასახადები და გადასახადები საკუთრებაზე, რომლითაც გაითვალისწინება მდიდრებისათვის უფრო მაღალი საგადასახადო განაკვეთები, აგრეთვე არაპირდაპირი გადასახადები ფუფუნების საგნებზე. ის საქონელი, რომელსაც მოიხმარს მოსახლეობის ნაკლებშემოსავლიანი ნაწილი, სახელმწიფოთა მიერ სუბსიდირებულია ან უკიდურეს შემთხვევებში იბეგრება დაბალი განაკვეთებით.
გადანაწილება შეიძლება განვიხილოთ, როგორც “სოციალური დაზღვევის” განსაზღვრული ფორმა.
როგორც ცნობილია, სოციალური დაზღვევის პროგრამის შედეგად მიღებული დახმარება წარსულში განხორციელებულ შენატანებზეა დამოკიდებული. თუმცა ზოგიერთი პროგრამის ფარგლებში დახმარების მოცულობასა და წარსულ პერიოდში მომხდარ შენატანებს შორის კავშირი შესამჩნევად სუსტია, სოციალური დაზღვევის პროგრამები შემოსავლის გადანაწილების პროგრამას წარმოადგენს. სწორედ ამით არის განპირობებული პროგრამის სავალდებულო ხასიათი.
ჩვენი ქვეყნის სინამდვილეში მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ გადანაწილებას უკუდამოკიდებულება აქვს ეფექტიანობასთან. თითქმის სახელმწიფოს ყველა გადანაწილებითი ღონისძიება ამცირებს დაინტერესებასა და ეფექტიანობას, რასაც დამზღვევთა ენაზე მორალური რისკის პრობლემას უწოდებენ. პროგრესული საშემოსავლო გადასახადი სპობს შრომისადმი სტიმულებს. თანაც ფუფუნების საგნებზე მოთხოვნა ხშირად ელასტიურია. ამიტომ შეიძლება დავასკვნათ, რომ გადანაწილებას თავისი საზღვრები გააჩნია, წინააღმდეგ შემთხვევაში საბაზრო ეკონომიკა ვერ შეძლებს ეფექტიანად შეასრულოს თავისი გადანაწილებითი ფუნქცია.
იმისათვის, რომ ნებისმიერ ქვეყანაში განსახორციელებელი ფისკალური პოლიტიკა ეფექტიანი იყოს, აუცილებელია იგი დაეფუძვნოს სწორ თეორიულ გათვლებს.
აქედან გამომდინარე, საქართველოს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა და საბაზრო ურთიერთობების განვითარება მოითხოვს ეკონომიკური თეორიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის – ფინანსების თეორიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის – ფინანსების თეორიისა და მისი კონკრეტული ფორმის საჯარო ფინანსების მეცნიერების ფორსირებულ კვლევა-ძიებას, რომლისთვისაც ფართოდ უნდა გამოვიყენოთ როგორც დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში ამ სფეროში მიღწეული წარმატებები და იმ განვითარებადი ქვეყნების მიერ ფინანსების მეცნიერებასა და საფინანსო პოლიტიკაში დაგროვილი გამოცდილება, რომლებიც ჩვენზე ადრე დაადგნენ საბაზრო ეკონომიკის გზას, ასევე საერთაშორისო საფინანსო და ეკონომიკური ორგანიზაციების გამოცდილებანი და ისინი მივუსადაგოთ ჩვენს ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების თანამედროვე დონეს. ამ მხრივ ნაკლებად სასარგებლო და გამოსაყენებელია ყოფილი სსრ კავშირში გაყალბებული ფინანსური მეცნიერება და თანამედროვე რუსეთის ფინანსების თეორიის დებულებები და დასკვნები.
საბიუჯეტო პოლიტიკის უძნელესი ამოცანაა გარდამავალ ეტაპზე ეკონომიკის სტაბილიზაციის უზრუნველყოფა ისე, რომ არ შენელდეს ბიუჯეტის აუცილებელი გარდაქმნა, რომელშიც ნაწილობრივ ჩართული იქნება თვით საბიუჯეტო პოლიტიკის ინსტრუმენტების ნაკრებიც. ბიუჯეტმა უნდა უზრუნველყოს ეკონომიკური საქმიანობის გამოცოცხლების სტიმულირება, განსაკუთრებით კერძო სექტორის ზრდა, ხელი შეუწყოს ეკონომიკური და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურის სრულყოფას.
ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებამ თავის თავს უნდა დაუსვას კითხვა: არსებული ან საპროგნოზო გადასახადებიდან რომელი უნდა აირჩიოს საკუთარი საჭიროების დასაფინანსებლად? პირველ კრიტერიუმად უნდა მივიჩნიოთ სამართლიანობა და თანასწორობა, მეორე კრიტერიუმად კი – სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების დაგეგმვის უმნიშვნელოვანესი საკითხი – სახელმწიფოს ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
მსოფლიო მეურნეობის ფინანსური რესურსების გადანაწილების ფენომენის განხილვისას, საბოლოო ჯამში მივალთ შემდეგ დასკვნამდე: იმ ქვეყნების ეროვნული მეურნეობების კეთილდღეობა, რომლებიც არ შედიან განვითარებული ქვეყნების ჯგუფში, XXI საუკუნის გარიჟრაჟზე პირდაპირ დამოკიდებულია საზოგადოების ძალისხმევაზე. საბოლოო ჯამში, სახელმწიფო ხელისუფლებამ უნდა დაიცვას საკუთარი ეროვნული მეურნეობა ვირტუალური ფინანსების შემოსავლების გადანაწილებისაგან. სწორედ ეს წარმოადგენს სახელმწიფოს ეკონომიკური უსაფრთხოების მთავარ მიზანს. ამასთან სხვა რამეცაა გასათვალისწინებელი: თუ ფირმა ან კომპანია ბიზნესის ინტერნაციონალიზაციასა და გლობალიზაციაში არ მონაწილეობს, სახელმწიფოს ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელი გახდება. ამ პრობლემის გადაწყვეტა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ამოცანაა.
როგორც წესი, ნებისმიერი ქვეყნის საბიუჯეტო-ფისკალური პოლიტიკის მიზანია სახელმწიფო ხარჯებისა და გადასახადების რეგულირება, პროდუქციის გამოშვებისა და დასაქმების ციკლური რყევების აღმოფხვრა, ფასების დონის სტაბილიზაცია და ეკონომიკური ზრდის სტიმულირება. მაგალითად, აშშ-ში 1946 წელს და შემდგომში, 1978 წელს ჰემფრი-ჰოკინსის შემოღებული კანონები დასაქმების შესახებ ფედერალურ მთავრობას აკისრებდა პასუხისმგებლობას სრული დასაქმების უზრუნველსაყოფად მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის გამოყენების გზით. თვალშისაცემია ის ფაქტი, რომ დასაქმების თაობაზე აშშ-ში მთელი ნახევარი საუკუნის მანძილზე ორჯერ მიიღეს კანონი და ამ კანონებში კომპლექსურად არის განხილული ქვეყნის მთავარი მიზნების: სრული დასაქმების, ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის დაბალი ტემპების უზრუნველყოფა მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის განხორციელებით. ქვეყანაში ყველამ იცის, დაწყებული პრეზიდენტიდან, დამთავრებული რიგით ამერიკელამდე, რომ ეს ამოცანა განსაკუთრებით რთულია მრავალ მიზეზთა გამო, რომელთა შორის ერთ-ერთი პრიორიტეტულია ის, რომ სახელმწიფო სახსრები იხარჯება დიდძალი პროგრამის განსახორციელებლად და არა მარტო, ეკონომიკის სტაბილიზაციისა და ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად. მაგალითად, ეროვნული თავდაცვის განმტკიცება, სოციალური უზრუნველყოფის პროგრამები, განათლებისა და კულტურის განვითარება, გზებისა და ხიდების მშენებლობა, გარემოს დაცვა, ფუნდამენტური მეცნიერების განვითარება და მრავალი სხვა.
საბიუჯეტო-ფისკალურ პოლიტიკას თავისი ინსტრუმენტები გააჩნია, რომელთაგან აღსანიშნავია: სხვადასხვა სახის გადასახადების მანიპულირება, საგადასახადო განაკვეთების ან აკორდული გადასახადების ცვლილებებით. გარდა ამისა, ფისკალური პოლიტიკის ინსტრუმენტებს მიეკუთვნება: ტრანსფერტული გადასახდელები და სხვა სახის სახელმწიფო ხარჯები. ფისკალური პოლიტიკის სხვადასხვა ინსტრუმენტი ეკონომიკაზე სხვადასხვაგვარად ზემოქმედებს. მაგალითად, აკორდული გადასახადის გადიდება იწვევს ერთობლივი ხარჯების შემცირებას, მაგრამ არ იწვევს ცვლილებებს მულტიპლიკატორში მაშინ, როდესაც საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის ზრდა გამოიწვევს როგორც ერთობლივი ხარჯების, ისე მულტიპლიკატორის შემცირებას. სხვადასხვა სახის გადასახადი შეირჩევა (საშემოსავლო გადასახადი, კორპორაციის გადასახადი ან აქციზი) ზემოქმედების ინსტრუმენტის სახით, სხვადასხვანაირ გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, მათ შორის იმ სტიმულებზე, რომლებიც ზემოქმედებენ როგორც ეკონომიკურ ზრდაზე, ისე ეკონომიკის ეფექტიანობაზე.
მნიშვნელოვანია ასევე სახელმწიფო ხარჯების ცალკეული სახეობის შერჩევა იმის გამო, რომ მულტიპლიკატორის ეფექტი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება სხვადასხვა იყოს. მაგალითად, ხარჯები თავდაცვაზე უზრუნველყოფს მულტიპლიკატორის ნაკლებ სიდიდეს სახელმწიფო ხარჯების სხვა სახეობებთან შედარებით.
როგორც აღვნიშნეთ, ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილიზაციაზე ცალკეული ფისკალური ინსტრუმენტები სხვადასხვა ეფექტს იძლევა. მაგალითად, სახელმწიფო ხარჯების მატების ექსპანსიონისტური ხასიათი საგადასახადო შემოსავლების დაუბალანსებელი ზრდის პირობებში, იწვევს საპროცენტო განაკვეთის გადიდებასა და კერძო სექტორში ინვესტიციების შემცირებას. თანაც ეს იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, როცა ადგილი აქვს უმნიშვნლო ეკონომიკურ ზრდას ან დაცემას.
გადასახადების შემცირების გავლენა ზოგჯერ თავისი შედეგებით ემთხვევა სახელმწიფო ხარჯების ზრდას. ამ შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთი გაიზრდება, თანაც მოსალოდნელია კერძო სექტორში ინვესტიციების შემცირება. თუმცა სამომხმარებლო ხარჯებზე გადასახადების შემცირების გავლენა უფრო ხელშესახები იქნება. საგადასახადო განაკვეთის შემცირება გამოიწვევს მულტიპლიკატორის ზრდას და ერთობლივი მოთხოვნის გადიდებაზე ზემოქმედებას. ამასთან, გადასახადების შემცირებამ შეიძლება გააძლიეროს ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლებისა და ერთეულ პროდუქციაზე წარმოების დანახარჯების შემცირების სტიმულები.
საქართველოს ფისკალური სისტემა, როგორც დამუკიდებელი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, მხოლოდ 15 წელს ითვლის და ამ მოკლე ხანში მნიშვნელოვანი სასიკეთო ცვლილებები განიცადა, კერძოდ: ჩამოყალიბდა საგადასახადო კანონმდებლობა, დაიხვეწა ბიუჯეტის შედგენის, განხილვა-დამტკიცების და შესრულების კონტროლის მექანიზმი.
ამასთან, პერმანენტული, სტრუქტურული და საბიუჯეტო კრიზისისა და რეალური ფინანსური რესურსების მწვავე დეფიციტის პირობებში მთავრობა ვერ ახერხებს დასახული ფისკალური მიზნების მიღწევას, რასაც გარკვეულწილად ხელს უშლის, ერთი მხრივ, კანონმდებლობის არასრულყოფილება და, მეორე მხრივ, არსებული კანონმდებლობის შესრულებაში დაშვებული შეცდომები და დანაშაულებრივი ქმედებები.
ნებისმიერი სამეურნეო სისტემის უმნიშვნელოვანესი საკითხებია შემოსავლების წარმოება, განაწილება და გადანაწილება, მათი მითვისება. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკური სისტემებისათვის, იქნება ეს ცენტარლიზებულ-გეგმიანი თუ საბაზრო ურთიერთობებზე აგებული სისტემა.
საბაზრო ეკონომიკის პირობებში ყოველთვის წარმოების მიზანია შემოსავალი. ამასთან, ნებისმიერი ამონაგები – შემოსავალია, კაპიტალიც შემოსავალია, თანაც შემოსავლის შესაძლებლობა. მოგება რეალიზებული შემოსავალია, მისი ნამატია. მოგება შემოსავალია კაპიტალზე და სწორედ კაპიტალის შემოსავალია მისი მთავარი მიზანი, ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, უნდა ვაღიაროთ, რომ მოგების გარეშე არ არის კაპიტალი, არ არის ეკონომიკა.
თანამედროვე საბაზრო ეკონომიკაში იწარმოება მრავალნაირი შემოსავლები: კაპიტალის დანახარჯების დაფარვისა და შრომითი შემოსავლები, სამეწარმეო შემოსავალი, სესხის სარგებელი, სავაჭრო მოგება, რენტა, დაქირავებული მუშაკების ხელფასი, შემოსავლები, პირადი და საოჯახო შრომისაგან. ყველა ეს შემოსავალი მიეკუთვნება უშუალოდ მეურნეობრიობიდან მიღებულ შემოსავლებს. მაგრამ არის შემოსავლები, რომლებიც მიიღება არასამეურნეო მომსახურების გაწევისაგან – თვით მეურნეობის, საზოგადოებისა და ადამიანის მიერ. ასეთი შემოსავლები ჯილდოს სახით წარმოგვიდგება. არსებობს აგრეთვე შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებულია ამა თუ იმ სასარგებლო საზოგადოებრივი ფუნქციების შესრულებასთან და რომლებიც ღებულობს შრომის, ან მომსახურების საფასურის სახეს. არსებობს სოციალური შემოსავლებიც. დაბოლოს, არსებობს შემოსავლები (არც თუ ისე უმნიშვნელო), რომლის წარმოშობის წყაროებზე საზოგადოებაში არ საუბრობენ – უკანონო (ფარული) შემოსავლები.
საზოგადოებაში შემოსავლები წარმოშობის მიხედვით ძირითადად ორი სახისაა – უშუალო და არაპირდაპირი, ე.ი. შემოსავლები, რომელიც იქმნება უშუალოდ მეურნეობების პროცესში და შემოსავლები, რომელიც წარმოიქმნება არაპირდაპირი გზით – პირდაპირი შემოსავლების გარდაქმნით, ე.ი. შემოსავალი შემოსავლიდან. საზოგადოებაში ყოველთვის მოქმედებს შემოსავლების განაწილებისა და გადანაწილების მექანიზმი, რომელშიც ღირსეული ადგილი სახელმწიფოს უკავია. “ბაზრის უხილავი ხელი” რესურსებს ეფექტიანად ანაწილებს, მაგრამ ვერ იძლევა მიღებული შედეგების სამართლიანობის გარანტიას. ამიტომ მრავალი, მაგრამ არა ყველა, ეკონომისტი თვლის, რომ მთავრობამ, მეტი წონასწორობის მისაღწევად შემოსავლები უნდა გადაანაწილოს. თუმცა, როდესაც მთავრობა თავისი პოლიტიკური პროგრამების რეალურ განხორციელებას იწყებს შემოსავლების უფრო თანასწორი განაწილების მისაღწევად, ის ამახინჯებს სტიმულებს, ცვლის ადამიანთა ქცევას და რესურსების გადანაწილებას ნაკლებეფექტიანს ხდის”.
როგორც წესი, შემოსავლების გადანაწილების სახელმწიფოებრივი მექანიზმიდან წამყვანია საგადასახადო დაბეგვრა. აქედან მიღებული შემოსავლები სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირების მთავარი წყაროა და რამდენად მეცნიერულად დასაბუთებული იქნება თითოეული გადასახადი, მათი განაკვეთები, დიდადაა დამოკიდებული სახელმწიფოს სუვერენობა და ოპტიმალური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. ამ პრინციპიდან გაუმართლებლად მიგვაჩნია 2008 წლის 1 იანვრიდან საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის 12-დან 25 პროცენტამდე აწევა, თუმცა იგი 2009 წლის 1 იანვრიდან დაყვანილ იქნა 20%-მდე. მოკრძალებული იყო ამ სახის საგადასახადო შემოსავლების მატების ტემპი 2008 წლის მე-2 კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით, თუმცა საშემოსავლო გადასახადის მშპ-თან პროცენტული შეფარდება 2008 წელს, 2007 წელთან შედარებით, გაიზარდა ორჯერ მეტად (6,6%-მდე).
ახლა კი შევეხოთ ფულად-საკრედიტო პოლიტიკისა და საბიუჯეტო-საგადასახადო პოლიტიკის ურთიერთობათა დიალექტიკას.
ნორმალურად მართვად ნებისმიერ ქვეყანაში ცენტრალური ბანკი მთავრობისგან დამოუკიდებლად განსაზღვრავს ფულად-საკრედიტო პოლიტიკას საბანკო კრედიტზე სარგებლის განაკვეთების დაწესებით. საბიუჯეტო პოლიტიკას განსაზღვრავს ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოები. ცენტრალური ბანკი ცდილობს შეზღუდოს ფულის მიწოდების ზრდა და უზრუნველყოს ინფლაციის დაბალი ტემპი. სახელმწიფო ხელისუფლება კი, რომელიც საბიუჯეტო პოლიტიკას განაგებს, უმეტესწილად ისეთი საკითხებითაა დაკავებული, როგორიცაა: სრული დასაქმება, საკუთარი პოპულარობა, დაბალი გადასახადები და მომავალი არჩევნები.
თუ ოპტიმალური ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მიმართულია მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის უზრუნველსაყოფად და მისი მიზანია ეკონომიკური ზრდა, სრული დასაქმება და ინფლაციის დაბალი ტემპები, საბიუჯეტო პოლიტიკის გამტარებელი პირები ამჯობინებენ მინიმალურად ებრძოლონ შესაძლო უმუშევრობას, სახელმწიფო ხარჯების გადიდებას გადასახადების შემცირებასთან შეხამებით და ნაკლებად ზრუნავენ ინფლაციასა და კერძო ინვესტიციებზე. ისინი დიდ საბიუჯეტო დეფიციტს” ირჩევენ. მეორე მხრივ, ცენტრალური ბანკი ცდილობს ინფლაციის შემცირებას, არ ექვემდებარება პროფკავშირების და მალობირებელი ჯგუფის ზემოქმედებას და სარგებლის მაღალ განაკვეთებს” ირჩევს.
როგორც წესი, ეროვნული ეკონომიკა აღსავსეა მოვლენათა განუსაზღვრელობით, გაურკვევლობით. საზოგადოების წევრებს, მომხმარებლებს ნათლად აქვს წარმოდგენილი, რომ გაურკვევლობაში არიან შემოსავლებისა და საკუთარი დასაქმების მომავლის თაობაზე. საოჯახო მეურნეობები და სამეურნეო სუბიექტები გაურკვევლობასა და განუსაზღვრელობას აწყდებიან არა მარტო შემოსავლების, არამედ ხარჯების საკითხებშიც. მათი მომავალი შემოსავლები წინასწარ განჭვრეტას არ ექვემდებარება ფასებისა და წარმოების მოცულობათა განუსაზღვრელობის გამო”.
სწორად შერჩეული საბაზრო მექანიზმისა და ბერკეტების პირობებში დაზღვევა, სპეკულაცია და არბიტრაჟი რისკის შერბილებას იწვევენ. თუმცა სპეკულანტთა და მეარბიტრაჟეთა ქმედებები მიმართულია პირადი მოგების მიღებაზე, მაგრამ მთელი ეკონომიკის მასშტაბით მათი ძალისხმევა ფასების გამოთანაბრებას იწვევს დროსა და სივრცეში. საბაზრო წონასწორობის პარამეტრებია ნულოვანი მოგების შედეგები, რომლის დროსაც გაწონასწორდება ზღვრული ხარჯები და ზღვრული სარგებლიანობა სხვადასხვა რეგიონში, პერიოდებსა და განუსაზღვრელ სიტუაციებში. ხარისხი, რომლითაც სპეკულანტები ფასებისა და მოხმარების არასტაბილურობას აღმოფხვრიან, “უხილავი ხელის” მექანიზმში მონაწილეობას ასახავს, რომელიც საქონლის რეალოკაციის საზოგადოებრივად სასარგებლო ფუნქციას ასრულებს “ცუდი დროიდან” (როდესაც ფასები დაბალია) “კარგ დროში” (როდესაც ფასები მაღალია).