თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი საგარეო სავაჭრო პარტნიორია როგორც ბრუნვით, ისე პირობებით

რედაქციისაგან

საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ვექტორების მეტამორფოზა 1992 წლიდან დაიწყო, როცა ამ ურთიერთობების განხორციელება თავისუფალი გახდა. ადრე საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობაში მონაწილეობის უფლებას ცალკე სერთიფიკატით სახელმწიფო არეგულირებდა ანალოგიური დასახელების სამინისტროს მეშვეობით. საკანონმდებლო დონეზე ეკონომიკის ლიბერალიზაცია ძალიან ადვილი გახდა, მაგრამ ზემოხსენებული პერიოდიდან მოყოლებული 2008 წლამდე საქართველომ ვერ შესძლო საექსპორტო და გნებავთ, საიმპორტო გეოგრაფიის შეცვლა.

აქამდე უცვლელი პარტნიორი რუსეთი იყო და 2007 წელს, რუსეთის ემბარგოს მიუხედავად, საგარეო ეკონომიკურ ბრუნვაში ამ ქვეყანას მეორე ადგილი ეკავა. მხოლოდ ომის შემდგომ 2008 წლის 9 თვის შედეგების მიხედვით რუსეთმა მე-5 ადგილზე გადაინაცვლა (იხ. ცხრილი #1).
აქ დიდ ადგილს, რა თქმა უნდა, ენერგომატარებლები იკავებდა. დღეს მას აზერბაიჯანი ჩაენაცვლა. ნომერ მეორე პარტნიორი საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში უკვე თურქეთია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ რეალურად 2007 წელს, როცა ბევრ პროდუქტზე რუსეთმა ემბარგო გამოაცხადა, საქართველომ სერიოზულად დაიწყო ფიქრი ექსპორტის გეოგრაფიის შეცვლაზე. მაგრამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) წევრობის და ევროპის მხრიდან GSP თუ GSP+ს რეჟიმის საქართველოსთვის მინიჭების შედეგად მიღებულ შეღავათებს ჩვენს საექსპორტო პროდუქციის წარმოებაზე და ექსპორტის მაჩვენებლებზე დიდად არ უმოქმედია. საექსპორტო წარმოების ზრდა ჩვენი მუდმივი აქილევსის ქუსლი იყო.
2008 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში მონაწილეთა შორის თურქეთი პირველ ადგილზე გადავიდა და მასზე მოდის საგარეო სავაჭრო ბრუნვის 15,9% (წყარო www.nbg.gov.ge, რადგან სტატისტიკის დეპარტამენტის ვებ-გვერდი მიუწვდომელია), მეტად მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სულ განხორციელებული 3 მილიარდიან იმპორტის მაჩვენებელში – 695 მილიონი, ხოლო 1,2 მილიარდიან ექსპორტზე – 243 მილიონი, ანუ მეოთხედი – ერთი და იგივე ქვეყანაზე – თურქეთზე მოდის.
ამდენად, ყოველი მეოთხე ექსპორტირებული საქონელი თურქეთში მიდის. აქედან გამომდინარე, მეტად მნიშვნელოვანია ის რეჟიმი, რომელსაც თურქული მხარე საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქციას დაუწესებს. აღსანიშნავია, რომ თურქეთში საშუალოდ საბაჟო გადასახადი 70%-ია, გარდა ამისა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას უპირატესობას მატებს მათი სუბსიდირება. მაგრამ ტერიტორიული სიახლოვისა და ევროპასთან შედარებით არასატარიფო ბარიერის მეტნაკლებად ლიბერალურობის გამო, თურქეთის 80 მილიონი მაცხოვრებლიანი ბაზარი მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს ბიზნესისათვის.
თურქეთთან პრეფერენციულ რეჟიმზე ვაჭრობის ხელშეკრულებას 2006 წლის 19 დეკემბერს ანკარაში მოეწერა ხელი. თუმცა ამ საშეღავათო ჩამონათვალში საქართველოსთვის ბევრი მნიშვნელოვანი საექსპორტო საქონლისთვის არ იყო ადგილი გამოყოფილი და მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო საქონლისთვის. არადა, საქართველოს მხრიდან ლიბერალურ სავაჭრო პოლიტიკაზე გადასვლამ (თუ საერთოდ საბაჟო პოლიტიკაზე უარის თქმამ) თურქეთის საექსპორტო ბიზნესს დიდი უპირატესობა მიანიჭა და შესაბამისად, მათაც გააძლიერეს ქართული ბაზრის ექსპანსია. ამიტომაც შეიქმნა ახალი ფორმატით თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და მას ხელი 2007 წლის 21 ნოემბერს მოეწერა. ამ ხელშეკრულებაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიც შევიდა. მათ შორის, ღვინოც (თუმცა ის კოტირებადია). თურქეთი თითქმის წელიწადი აჭიანურებდა ამ ხელშეკრულების რატიფიცირებას და მხოლოდ ნოემბრიდან გახდა შესაძლებელი მისი ძალაში შესვლა, რაც სავარაუდოდ ხელშეკრულებამდელ ექსპორტის დონეს მინიმუმ 70%-ით გაზრდის. ამის მიზეზი ის არის, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქტი თურქეთში უფრო კონკურენტუნარიანი გახდება. ეს თურქულმა მხარემ კარგად იცის, რაც ხელშეკრულების რატიფიცირების გაჭიანურების მიზეზი იყო. უნდა ითქვას, რომ სამრეწველო სექტორი თურქეთში საკმაოდ მაღალი ტემპებით ვითარდება, მაგრამ აქ არის სამი დიდი პრობლემა:
1. ქვეყანა დღემდე აგრარულია და დასაქმებული მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობაში მუშაობს. ანატოლიის ზეგანზე, ვანის ტბის, თუ ანკარის ირგვლივ საკმაოდ ზარალიანი და ექსტენსიური სოფლის მეურნეობის საწარმოებია. არადა, დასაქმების მხრივ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს და ამიტომაც არის თურქეთის სოფლის მეურნეობა მეტად სუბსიდირებული, ვიდრე ევროპის ქვეყნებისა;
2. ინვესტიციების მოზიდვის პრობლემა 2006 წლიდან შეიქმნა. დღეს კი ბუმი შეჩერდა. ინვესტიციების მოზიდვის მხრივ საკმაოდ რთული სიტუაციაა;
3. თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატია და მაქსიმალურად ცდილობს, სანამ შევა, თავის სოფლის მეურნეობას დაეხმაროს. ამიტომ თავის ბაზარზე თითქმის არავის არ უშვებს. გამონაკლისი მხოლოდ საქართველოსათვის გააკეთა.
თურქეთი საკმაოდ სწრაფი ტემპებით ზრდის ღვინის წარმოებას, რადგან სურს ტურისტების უზარმაზარი მოთხოვნილება ამ საქონელზე თავისი წარმოებით დააკმაყოფილოს. მართალია, მას ჯერ იაფი ღვინის სეგმენტი უჭირავს, მაგრამ მაინც არ სურს მის ბაზარზე ტურისტებს შორის მეტად პოპულარული ქართული ღვინო ხელაღებით შევიდეს.
მიუხედავად ყველაფრისა, აგვისტოს ომის შემდეგ თურქეთი აშკარად ცდილობს კავკასიაში დიდი როლი ითამაშოს და კარგი დამოკიდებულება ჰქონდეს აზერბაიჯანთან, ბუნებრივია, საქართველოსთან და სომხეთთანაც კი, რომელთანაც გამუდმებით კონსულტაციებს მართავს. თურქეთის ანალიტიკოსთა აზრით, თურქეთი მზად არის შეურიგდეს კიდეც სომხეთს, თუ იგი ორ პირობას დააკმაყოფილებს: არ მოითხოვს გენოციდეს აღიარებას და შესაბამის კომპენსაციებს და მეორე, არ განაცხადებს ტერიტორიულ პრეტენზიებს. ძნელი სათქმელია რაზე დათანხმდებიან სომხები, მაგრამ ერთი რამ ცხადია, სომხები მონაწილეობენ დიალოგში და თვითონაც სამეზობლო განწყობილებით არიან.
ძალზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საექსპორტო ბიზნესის წარმოება, რომლის მიზანი თურქეთში ექსპორტი იქნება, სწრაფი ტემპებით განვითარდება, რადგან საერთაშორისო სავაჭრო ბარიერიდან ერთ-ერთი – საგადასახადო სატარიფო ბარიერი, ამ ქვეყანასთან მოიხსნა და დარჩა მხოლოდ არასატარიფო, ისიც სპეციალური ჩანაწერით, რომ მხარეები არასატარიფო კონტროლისთვის გამოიყენებენ GAAT-ის 1994 წლის და WTO-ს ხელშეკრულების ნორმებს, რომელიც ამ ხელშეკრულების მე-10-ე მუხლშია კონცენტრირებული.
ბუნებრივია, ყველა კონტროლი და შეზღუდვა, იქნება ეს ფიტოსანიტარული, თუ ტექნოლოგიური, მეორადი ტექნოლოგიების, ასევე ხარისხის და სტანდარტის ძალაში რჩება და არანაირი საშიშროება ამ მხრივ იმაზე მეტი არ არსებობს, ვიდრე აქამდე იყო. ეს ნაწილი ხელშეკრულების მე-16-ე მუხლით რეგულირდება, ის, რომ თურქული საქონელი, განსაკუთრებით საშენი მასალები და საკვები პროდუქტები განსაკუთრებით დიდი ხარისხით არ გამოირჩევა, ეს საიდუმლო არ არის, მაგრამ ყველაფერი მომხმარებელზე და მის გემოვნებაზეა დამოკიდებული. მომხმარებელს არ უნდა წაერთვას თავის უფლება, ბაზარი კი უნდა იყოს თავისუფალი და კონკურენტული.
ფაქტი ერთია, თურქეთთან – ჩვენს ნომერ პირველ საგარეო სავაჭრო პარტნიორთან, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ამოქმედება საქართველოში ინვესტირებისა და საექსპორტო წარმოების განვითარებისთვის ახალი ბიძგი იქნება. ეს უდავოა, ამ ხელშეკრულებით საქართველოს ბიზნესმა უპირატესობა მიიღო.
ვთქვათ, თუ უკრაინელ, ყაზახ, თუნდაც გერმანელ, ან ჩინელ ბიზნესმენს თურქეთის ბაზარზე შეღავათიან პირობებში სურს თავის საქონლის შეტანა, ამისთვის საქართველოში ინვესტირებით ისინი სერიოზულ პლაცდარმს მიიღებენ.