აშშ-ში მუსიკას ლობისტები უკვეთავენ
მაიკლ ბერნსტამი, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი
სულ ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა ლობიზმის მარტივად და გასაგებად ახსნა? და ამ დროს აზრად მომივიდა საკმაოდ კარგად ცნობილი ბიბლიური პერსონაჟი – მოსე.
დიახ, სწორედ მოსეს შეიძლება ვუწოდოთ პირველი ლობისტი. მისი მხრიდან სასარგებლო მომსახურების გაწევის სანაცვლოდ იგი ფარაონს ეგვიპტიდან ებრაელების გაშვებას სთხოვდა. როგორც გვახსოვს, მოსეს არაფერი გამოუვიდა. ძველი აღქმის დროში ერთპიროვნული ძალაუფლების წარმატებული ლობირება განგებაზე იყო დამოკიდებული. დემოკრატიის განვითარებამ და სამართლებრივი სახელმწიფოების გაჩენამ კი ლობირება ორგანიზებულ და წარმატებულ ინსტიტუტად აქცია.
ლობიზმი და ლობისტები
ლობიზმი კერძო ჯგუფების ძალისხმევას გულისხმობს, რაც საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ სახელმწიფო პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად გამოიყენება.
რადგან საკუთარი ინტერესების მქონე მრავალი პოლიტიკური და საზოგადოებრივი დაჯგუფება არსებობს, ხოლო სახელმწიფო კი ერთია, ლობირების წარმოქმნა სავსებით ბუნებრივი პროცესია და ამასთან – გარდაუვალიც.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ლობირება პოლიტიკური ვაჭრობის სფეროა, ხოლო ლობისტები კი შუამავლების როლს ასრულებენ ხელისუფლებასა და გარკვეული ჯგუფების კერძო ინტერესებს შორის.
ლობირების საგანი შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს – ეკონომიკური ინტერესებით დაწყებული სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ასპექტებით დამთავრებული.
ლობირების პროცესი შეიძლება განხორციელდეს ფედერალურ (ეროვნულ), საშტატო (რეგიონალურ) და ადგილობრივ დონეებზე, იმის მიხედვით, თუ სად და ვის მიერ ხდება საკითხის გადაწყვეტა.
ლობიზმის ობიექტი, როგორც წესი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებია.
ლობისტების უმთავრესი მიზანია ახალი კანონების მიღება, ხოლო ლობირების ყველაზე ხშირად გამოყენებადი მექანიზმია წინასაარჩევნო კამპანიების დაფინანსება.
კანონი ლობირების რეგულირების შესახებ, რომლის თანახმადაც ორგანიზაცია (ან ფიზიკური პირი), რომელიც ზეწოლას ახორციელებს აშშ-ს კონგრესზე, ვალდებული იყო, რომ დარეგისტრირებულიყო სენატის მდივანთან და წარმომადგენელთა პალატაში, აშშ-ში 1946 წლიდან მოქმედებდა, თუმცა მისი საბოლოო ფორმა – ფედერალური აქტი ლობირების შესახებ – ქვეყანაში 1995 წელს გაჩნდა.
აღნიშნული აქტის საფუძველზე ლობისტები ვალდებულნი არიან, რომ არა მარტო დარეგისტრირდნენ, არამედ წელიწადში ორჯერ წარმოადგინონ დეტალური ანგარიშგება თავიანთი საქმიანობის შესახებ, რომელშიც მოცემული უნდა იყოს ყველა შეხვედრები და საუბრები, მათ შორის სატელეფონოც, ელექტრონული ფოსტით და ა.შ. და პოლიტიკოსებისთვის გაწეული ყველა შემოწირულობა წინაასარჩევნო კამპანიისთვის.
იმ ლობისტებს, რომლებიც არ იქნებიან დარეგისტრირებულნი, დიდი ჯარიმები და შესაძლოა სასამართლო პასუხისმგებლობაში მიცემაც კი ემუქრებოდეთ.
მიმღებიდან პოლიტიკაში
ტერმინი “ლობი” პირდაპირი გაგებით მიმღებიდან წარმოიშვა. ინგლისელები ამტკიცებენ, რომ ეს იყო პარლამენტის მიმღები, სადაც 1707 წლიდან მოყოლებული იკრიბებოდნენ კანონმდებლები ოფიციალურ სხდომებს შორის პერიოდში და ურთიერთჩათვლების გზით წყვეტდნენ სხვადასხვა სადაო საკითხებს.
ამერიკელები ამტკიცებენ, რომ ეს იყო სასტუმრო Willard-ის მიმღები ვაშინგტონში, სადაც თეთრი სახლიდან პრეზიდენტი უილის გრანტი მკაცრი ცოლისგან მიდიოდა ხოლმე სიგარის მოსაწევად და იქ მოხერხებული საქმოსნები ცდილობდნენ მის დარწმუნებას მათ სასარგებლოდ ამა თუ იმ კანონის მიღების აუცილებლობაში. მაგრამ ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ 1820 წელს ერთ-ერთმა ამერიკულმა გაზეთმა სრულიად კონკრეტულად ახსნა ტერმინი “ლობირება”.
როგორც აღმოჩნდა, ამ მოვლენას სათავე სენატორებმა დაუდეს, ისინი სხდომებს შორის პერიოდებში წარმომადგენელთა პალატის მიმღებში იკრიბებოდნენ და იქ აშინებდნენ მოყოყმანე კონგრესმენებს.
მას შემდეგ ლობირება მნიშვნელოვან როლს ასრულებს არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ დიდ ბრიტანეთშიც, საფრანგეთში, გერმანიაში, ევროკავშირის ზოგიერთ კომიტეტებში, ხოლო ბოლო წლებში კი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც.
მაგალითად, ვაშინგტონში, ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა ცნობილია, როგორც ლობისტური კანტორების ქუჩა.
ლობირების სქემა
სქემა, რომლის მიხედვითაც ლობირება ხორციელდება, საკმაოდ მარტივია.
ვინმე X-ს უნდა რაღაცის მიღწევა Z-გან, მაგრამ არა აქვს პირდაპირი კავშირი მასთან და იგი მიმართავს მოხერხებულ N-ს, რომელიც კისრულობს X-ის ინტერესების გატანას Z-ის გავლენის სფეროში.
მსგავსი სქემის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია კონგრესისა და აშშ-ს მთავრობის ლობირება სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიების სასარგებლოდ ფერმერული ჯგუფების მიერ ვაშინგტონში მათი ლობისტების დახმარებით.
ლობირების განხორციელების მეთოდები შეიძლება კანონიერიც იყოს და არაკანონიერიც: ხელისუფლების წარმომადგენლებზე პოლიტიკური ზეწოლით დაწყებული მათი მოსყიდვით დამთავრებული.
ექსპერტები ლობიზმს დემოკრატიის ერთ-ერთ ნაყოფს უწოდებენ. ესაა “უმდაბლესი ეშელონების” შესაძლებლობა, რომ მიაწვდინონ თავიანთი სურვილები და მოთხოვნები “უმაღლეს ეშელონებამდე” და ამასთან, რაც ყველაზე მთავარია, დადებით შედეგს მიაღწიონ.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ არსებობს უარყოფითი მხარეებიც. ზოგჯერ, ზეწოლის შედეგად, ხელისუფლება მზადაა დააკმაყოფილოს კერძო ინტერესები ეროვნული და საზოგადოებრივი ინტერესების საზიანოდ. გარდა ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ ლობიზმი ზრდის კორუფციას.
სწორედ ლობირების ოპტიმალური სისტემის ძიებით არიან დაკავებულნი მრავალი წლის განმავლობაში დემოკრატიის მომხრენი, რომლის დროსაც მისი დადებითი მხარეები ბევრად გადააჭარბებს უარყოფითს. მაგრამ ეს რთული და ძნელად განსახორციელებელი საკითხია.
ეკონომიკური ინტერესებისა და ლობირებაზე გაწეული დანახარჯების მიხედვით უმსხვილესი ამერიკული ორგანიზაციაა აშშ-ს კომერციული პალატა, მას მოსდევს დარგობრივი ლობისტური ორგანიზაციები ენერგეტიკაში, სოფლის მეურნეობაში, სამედიცინო მომსახურებაში, ტრანსპორტში, დაზღვევაში, ბანკებსა და სხვა ფინანსურ სფეროებში.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 1998 წლიდან 2006 წლის ჩათვლით მხოლოდ წამყვანი დარგების დანახარჯებმა ლობირებაზე დაახლოებით 20 მილიარდი დოლარი შეადგინა.
გავლენის მაგალითები
ისტორიაში იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ლობისტების ზედმეტი ზრუნვა რომელიმე გავლენიან პოლიტიკოსზე ამ უკანასკნელის კარიერად ღირდა.
ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ისტორია 1990-იანი წლების დასაწყისში მოხდა ქვეყნის მესამე პირთან დაკავშირებით, კონგრესის სპიკერთან ჯიმ რაიტთან. როდესაც პოლიტიკოსის დაფინანსების ყველა ძირითადი წყარო ამოიწურა, ლობისტებმა რაიტი დაარწმუნეს, რომ მის პოლიტიკურ კამპანიაში არც ისე ცუდი ფულადი დაბანდება იქნებოდა წიგნიდან შემოსული ჰონორარები. რაიტმა დაწერა (უფრო ზუსტად კი მას დაუწერეს) პოლიტიკური მემუარები, რომლისთვისაც მან საკმაოდ კარგი თანხა მიიღო, თუმცა გაყიდვაში წიგნი არ გასულა. მთლიანი ტირაჟი, რომელიც სპეციალურად ამ საქმისთვის დაარსებულ სტამბაში დაიბეჭდა, კონგრესის სპიკერის მეგობარი ლობისტის საწყობში დარჩა. როდესაც სკანდალმა იფეთქა, ჯიმ რაიტი იძულებული იყო წასვლაზე განცხადება დაეწერა.
ძლიერი ლობისტური ორგანიზაცია “სიერა კლუბი” უკვე რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ცდილობს წინ აღუდგეს ალიასკის ეროვნულ ნაკრძალში ნავთობის ადგილსამყოფელის დაზვერვასა და მოპოვებაზე შეზღუდვების გაუქმებას შტატის და საერთოდ, აშშ-ს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილის მიუხედავად. “სიერა კლუბსა” და გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებული სხვა ლობისტები მუდმივ ზეგავლენას ახდენდნენ სენატორებზე და წარმომადგენელთა პალატის წევრებზე და აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება ნაკრძალის სანავთობო დაზვერვის გახსნასთან დაკავშირებით ვერ აგროვებს ხმების საჭირო რაოდენობას.
ბოლო დროის ყველაზე ხმაურიანი ლობისტური სკანდალი გახდა ჯეკ აბრამოფის საქმე, რომლის შედეგადაც თავად იგი და ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის კიდევ რამდენიმე კონგრესმენი და მაღალი თანამდებობის მოხელე ციხეში აღმოჩნდა. მნიშვნელობით მეორე ადგილზე მყოფი კონგრესის რესპუბლიკელი ლიდერი ტომ დელეი კი იძულებული გახდა წასვლაზე განცხადება დაეწერა.
ჯეკ აბრამოფის ლობისტური წარმატებების ჩამოთვლას ერთი ტომიც კი არ ეყოფოდა. აქ არის ოფშორულ ზონებში ჩაწერილი უმსხვილესი ამერიკული კორპორაციების გადასახადებისგან გათავისუფლებაც, სათამაშო ბიზნესის გათავისუფლება საგადასახადო დაბეგვრისგან ინდურ რეზერვაციებში. გარდა ამისა, მან შეძლო განსაკუთრებული ეკონომიკური პირობების მოპოვება მარიანის კუნძულებისთვის, კერძოდ გაათავისუფლა ისინი ამერიკული შრომითი კანონმდებლობისგან. ამასთან, 1997 წელს აბრამოფი ახორციელებდა ლობირებას რუსული კომპანია სასარგებლოდ და აშშ-ს მხრიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ რუსეთისთვის გამოყოფილი მრავალმილიარდიანი კრედიტის მხარდასაჭერად 1998 წლის აგვისტოს დეფოლტის წინ.
პრინციპული კამათი
აშშ-ში ლობიზმის მხარდამჭერები მოქალაქეების მიერ პეტიციებისა და საჩივრების წარდგენის უფლებას ეყრდნობიან, რაც აშშ-ს კონსტიტუციის პირველი შესწორების თანახმად ყველა სამოქალაქო უფლებისა და თავისუფლების ნაწილს წარმოადგენს. ლობიზმის მოწინააღმდეგენი და კრიტიკოსები ამას დემაგოგიად თვლიან და დაჟინებით ითხოვენ, რომ მოქალაქეებს შეეძლოთ პირადი და ჯგუფური პეტიციები წარადგინონ სამთავრობო ორგანოებში პროფესიონალი ლობისტების გარეშე, რომლებსაც ფულს უხდიან.
ლობირების მოწინააღმდეგენი და კრიტიკოსები მასში პირველ რიგში ხედავენ არა სიტყვისა და პეტიციების თავისუფლებას, არამედ დემოკრატიის დამახინჯებას კერძო ჯგუფური ინტერესების სასარგებლოდ და დეპუტატებისა და მოხელეების კორუმპირებულობას. მსგავსი პრინციპული კამათი მიმდინარეობს სხვა დემოკრატიულ ქვეყნებშიც.
მკვლევარები კამათობენ იმაზე, თუ საბოლოო ჯამში რამდენად რეალურ შედეგებს იძლევა ლობისტების ძალისხმევა.
2008 წელს აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა თქვა, რომ პოლიტიკურ პროცესებზე გაცილებით უფრო დიდ ზეგავლენას ახდენს არა ლობირება, არამედ საკანონმდებლო აპარატის ინფილტრაცია.
მაგრამ თავად ლობიზმის, როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუტის მრავალწლიანი არსებობის ფაქტს მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ეს მოვლენა მაინც საკმაოდ ეფექტურია.