ქართველი მეწარმეების ორიენტირი ევროპის ბაზარი უნდა გახდეს
მაკა ღანიაშვილი
“ამ ეტაპზე საქართველოსათვის ერთ-ერთი პირიორიტეტი ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაა”- ეს ფრაზა უკვე არაერთხელ გვაქვს მოსმენილი. მაგრამ, როცა ამ ორ სტრუქტურაში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივების შესახებ ვსაუბრობთ, ექსპერტები ხშირად ხაზს უსვამენ ერთ გარემოებას – პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე საქართველო ნატო-ში შეიძლება ბევრად ადრე მიიღონ, ვიდრე ევროკავშირში, რადგან ეს უკვე ეკონომიკური საკითხია.
რამდენად ახლოა საქართველო და ქართული ბიზნესი ევროკავშირის ბაზართან? რა იციან და რა უნდა იცოდნენ ქართველმა მეწარმეებმა იმისათვის, რომ მათი პროდუქტი იქაური სუპერმარკეტების თაროებზე მოხვდეს? იქნებ აქტიურობა ბიზნესსაც მართებს და მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების ძალისხმევა ევროპასთან ვერ დაგვაახლოვებს! მით უმეტეს მაშინ, როცა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით არც სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ხდება. საქართველოში კვლავ ბევრი პრობლემაა მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის საკითხებთან დაკავშირებით. არადა, ცხადია, რომ ევროპა არასატარიფო რეგულირების ნაწილში არ დათმობს არაფერს, უნდა შესრულდეს ყველა ის მოთხოვნა, რომელსაც ევროკავშირი მის ბაზარზე მოხვედრის მსურველ განვითარებად ქვეყნებს უყენებს. ეს, რა თქმა უნდა, საქართველოსაც ეხება. ლაბორატორიებისა და სერთიფიცირების სათანადო დონის გარეშე ევროპის ბაზარი ქართული პროდუქციისათვის მიუღწეველი დარჩება. ამ ყველაფერში სახელმწიფომ უნდა ჩადოს ფული. სანამ ომი დაიწყებოდა, ჩვენს სპეციალისტებს ტექნიკური პარამეტრების შესამოწმებლად ისევ პეტერბურგსა და მოსკოვში გაქონდათ ეტალონები. ამ საკითხებზე ჩვენ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (UEGBC) გენერალურ მდივანს კოტე ზალდასტანიშვილს ვესაუბრეთ.
– ბატონო კოტე, UEGBC-ის გაცნობით დავიწყოთ! რას წარმოადგენს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭო და რა არის თქვენი ძირითადი მისია?
– ეს არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც 2006 წელს ჩამოაყალიბა სხვადასხვა კომპანიამ. ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა სხვა ბიზნესორგანიზაციასთან, რადგან მიგვაჩნია, რომ ბიზნესორგანიზაციები ერთმანეთის კონკურენტები კი არ უნდა იყვნენ, არამედ ერთმანეთი უნდა შეავსონ. ჩვენ ბიზნესს არ ვეწევით, რადგან არაკომერციული ორგანიზაცია ვართ, მაგრამ შეგვიძლია მივცეთ რჩევა მათ, თუ როგორ უნდა გადადგან სწორი ნაბიჯები ამა თუ იმ მიმართულებით წარმატების მისაღწევად. ეს არის ჩვენი მთავარი ფუნქცია, რათა გაიზარდოს ინტენსიფიკაცია, სავაჭრო ბრუნვა და ინვესტიციების შემოსვლა, მაგრამ ინვესტიციები უნდა შემოვიდეს არა მარტო აქეთ, არამედ იქითაც. თუ ჩვენი მეწარმე ინვესტიციებს საზღვარგარეთ ჩადებს ეს ჩვენი ქვეყნისთვისაც საინტერესო და მომგებიანი იქნება.
გარდა ამისა, აუცილებელია, რომ ქართველი მეწარმეები უფრო ბაზარზე ორიენტირებული და ინიციატივიანები გახდნენ. ჩვენმა ბიზნესმენებმა არ იციან, რომ აქტიური უნდა იყვნენ და ინიციატივა მათგან უნდა მოდიოდეს. ამ შეგნების ამაღლებას, ბიზნესმენების ინფორმირებას ემსახურება ჩვენი ორგანიზაცია. დღეს ქართული ბიზნესი პასიურია. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია სწორედ ეს არის – გავაცნობიეროთ ჩვენი კერძო ბიზნესსექტორი, რათა მან თავისი ზეწოლის ბერკეტები გამოიყენოს ხელისუფლებაზე. ბიზნესსექტორმა უნდა გაიგოს თუ რა ხდება, რა პროცესების გავლაა საჭირო იმისათვის რომ ის ევროკავშირის ბაზარზე შევიდეს და რა როლი აქვს ამ ყველაფერში სახელმწიფოს. მაგალითად, მე ვარ მეწარმე და მინდა პროდუქტის შეტანა ევროკავშირში, მაგრამ ამისათვის პროდუქტმა უნდა გაიაროს ლაბოარტორიული შემოწმება, ბიზნესმენმა კი ნახა რომ მსგავსი ლაბორატორია საქართველოში არ არის. უნდა მიმართოს თუ არა მსგავს შემთხვევაში მეწარმემ სახელმწიფოს? დიახ, ამისათვის კი აქტიური მოქმედება და მოვლენების საქმის კურსში ყოფნაა საჭირო.
– აქ მეორე მხარეცაა – იქნებ ქართული ბიზნესი დაშინებულია და ამიტომ ხუჭავს თვალს ბევრ რამეზე?
– ეგ თავისთავად. ჩვენი ბიზნესი დაშინებულიც არის და ბევრი სხვა პრობლემაც აქვს, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ ბიზნესს თვითონაც მართვებს აქტიურობა და მარტო სხვის მოლოდინზე და იმედად ყოფნა არ შეიძლება.
– რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენ დავუახლოვდეთ ევროპულ ბაზარს? მაშინ, როცა საქართველოს დაახლოებით 600-650 მილიონის იმპორტი აქვს ყოველ თვეში და ექსპორტი არ აჭარბებს 80-100 მილიონს, როგორ წავახალისოთ ქართული ვაჭრობა?
– აქ ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მაგრამ, პირველ რიგში, რაც აუცილებლად გასაკეთებელია, ეს არის ევროპული ბაზრის მარკეტინგული კვლევა. შეიძლება მსგავსი დაკვეთა სახელმწიფოსგან მოდიოდეს გამოცხადდეს ტენდერი აღნიშნული კვლევის ჩატარებაზე, რომელშიც რამდენიმე სერიოზული ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას. თუ იქნება შეკვეთა, ამის გაკეთება ყოველთვის შეიძლება. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ბაზარზე შესვლამდე მეწარმემ უნდა გათვალოს თავისი უპირატესობები, მინუსები და პლიუსები. ჯერ წარმოებას კი არ უნდა იწყებდე და შემდეგ ბაზრის კვლევას, არამედ ეს ყველაფერი წინასწარ უნდა შეისწავლო, რათა მომზადებული შეხვიდე ბაზარზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით დამწყები ბიზნესმენისათვის, რომელმაც არ იცის რა აწარმოოს და რა შეიტანოს ამ ბაზარზე. რა მოთხოვნაა ევროპაში, რითი ცხოვრობს ევროპა? ევროპასთან ურთიერთობის გასაღები დევს ერთ რამეში – სახელმწიფომ უნდა შეისწავლოს ევროპის ბაზარი. ბაზრის ნიშების პოვნა ნომერ პირველი პრობლემაა და ეს არ ეხება მხოლოდ ერთ რომელიმე კომპანიას, ეს კომპლექსური პროცესია. მაგალითად, ჩვენმა მეღვინეებმა უნდა იცოდნენ, რომ როდესაც ისინი დიდ ბაზარზე შედიან, ერთმანეთის კონკურენეტები კი არა პარტნიორები არიან. ცალკე “ბადაგონი” ან რომელიმე სხვა ფირმა ევროკავშირის ბაზარზე ვერ შევა. ევროპაში ასეა – შედიხარ სუპერმარკეტში და კითხულობ “ჩილეს ღვინოს”, “საფრანგეთის ღვინოს” და ა.შ., ანუ მომხმარებელი უყურებს არა ბრნედის დასახელებას, არამედ პირველ რიგში ქვეყნის სახელს, საიდანაც ესა თუ ის პროდუქციაა იმპორტირებული.
რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, ესეც გარკვეულწილად დაკვეთაა. ევროკავშირში ძალიან ბევრი რეგულაციაა, თანაც ურთულესი ენით დაწერილი. ამას მეწარმე, რომელსაც ამის გარდა სხვა ბევრი საქმეც აქვს, ასე უბრალოდ ვერ წაიკითხავს. ამიტომ ამაზე უნდა მუშაობდეს ხალხი, რომლებიც ამ მასალას მათთვის გასაგებ ენაზე მეწარმეებამდე მიიტანს. თუ დაჭირდათ მათ უნდა იცოდნენ, რომ შეიძლება ამ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიაკითხოს ვიღაცას. გარდა ამისა, ეს ინსტრუქციებიც მუდმივად იცვლება. მაგრამ ევროკომისია ყველა მოსალოდნელი ცვლილების შესახებ წინასწარ იძლევა ინფორმაციას. იმისათვის რომ შემდეგ ბიზნესმენისათვის ეს არ იყოს მოულოდნელი, საჭიროა მოვლენების საქმის კურსში ყოფნა. მაგრამ ბიზნესმენებმა არ იციან სად ნახონ ეს ინფორმაცია. ჩვენი ერთ-ერთი ფუნქცია არის ამაზე თვალყურის დევნება. ჩვენ საქმის კურსში ვართ მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ და ვაფრთხილებთ მეწარმესაც. დეკემბერში ვგეგმავთ აღნიშნულ საკითხებზე მეწარმეებისთვის ორი სემინარის ჩატარებას, ერთს რეგიონში და ერთს თბილისში. მე ვთვლი, რომ არ შეიძლება ყველაფრის კონცენტრირება თბილისზე. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ თვითონ ევროკავშირიც დიდ თანხებს ხარჯავს იმისათვის, რომ მესამე ქვეყნებს მისცეს მის ბაზარზე მოხვედრის შესაძლებლობა. მაგალითად, არსებობს ევროკავშირის საიტი Exsport help desk-ი, ამის მოხმარება რომ ასწავლო მეწარმეს, ეს უკვე ძალიან დიდი საქმეა. ამ საიტიდან ფართო ინფორმაციის მიღება შეიძლება უფასოდ, ნებისმიერი საექსპორტო პროდუქციის, მისი საბაჟო თუ არა საბაჟო ტარიფების შესახებ. ეს არის განვითარებადი ქვეყნებისათვის, ანუ მათთვის, ვისაც ევროკავშირის ბაზარზე სურს შეღწევა და, რა თქმა უნდა, საქართველოსთვისაც. მაგალითად, ავიღოთ კონკრეტული პროდუქტი – ხორცი. მისცემ ძებნაში ამ პროდუქტის კოდს და მიიღებ ყველანაირ ინფორმაციას – რამდენი პორდუქცია გაიყიდა ქვეყნების მიხედვით, რა ტარიფებია, როგორ ითვლება საბაჟო გადასახადი, რამდენია დღგ, რა შეღავათებით სარგებლობს და თუ სარგებლობს საერთოდ შეღავათებით ეს პროდუქტი, რა დოკუმენტებია საჭირო ექსპორტზე გასასვლელად, მაგალითად, თუ ევროკავშირი გთხოვს ფიტოსანიტარულ დოკუმენტს და შენ ამის გამცემი ორგანო არ გყავს, ევროკავშირის ბაზრის კარი შენი პროდუქტისათვის დახურულია.
– ეს თემა უფრო რომ განვავრცოთ – ახლა ლაპარაკია ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე, მაგრამ ეს რეჟიმი ისევ და ისევ სატარიფო ბარიერებს ეხება, არასატარიფო ბარიერები კი კვლავ უცვლელი რჩება!
– დიახ, ამასთან არასატარიფო ბარიერი ყოველთვის უფრო რთული დასაძლევია, ვიდრე სატარიფო. სატარიფო ბარიერი არ არის მთავარი პრობლემა. რომ გადავხედოთ, არც ერთ პროდუქტზე სატარიფო ბარიერი არ არის ბიზნესისთვის დამანგრეველი. ბევრად უფრო რთულია არასატარიფო ბარიერები (ფიტოსანიტარია, სასურსათო უვნებლობა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ა.შ.), რომელსაც ევროპაში სერიოზულად აკონტროლებენ. მეწარმემ ეს აუცილებლად უნდა იცოდეს. მაგალითად, ხეზე ევროკავშირმა შემოიღო რაღაც წესები, თუ როგორ უნდა დამუშავდეს რომ შესულიყო ევროკავშირის ბაზარზე. დავუშვათ მე ვყიდი ლიმონათს, ამიტომ ვთვლი, რომ ხე და მასთან დაკავშირებული ნორმები და სანქციები არ მაინტერესებს ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად, მაგრამ ამავე დროს ვიყენებ ხის ყუთებს ლიმონათისთვის. სწორედ იმის გამო, რომ ხის დამუშავების მეთოდი ევროკავშირის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, მნიშვნელობა აღარ აქვს ლიმონათი როგორ და რა პირობებშია დამზადებული, თუ ის არასათანადო წესით დამუშავებულ ხის ყუთშია ჩადებული, ლიმონათი ევროკავშირის ბაზარზე ვერ შევა.
ამიტომ, როცა ვსაუბრობთ ევროპაში ექსპორტზე, პოპულისტურ გამოსვლებს უნდა ვერიდოთ და არ უნდა ვამბობდეთ, რომ ეს არის უპრობლემო ვაჭრობის რეჟიმი ევროპასთან. რას ნიშნავს უპრობლემო? უპრობლემო კი არა, პრობლემას პრობლემა ემატება, როცა შენ ცდილობ ევროპის ბაზარზე შესვლას, რასაც ქვია არასატარიფო ბარიერის დაძლევა. სატარიფო ბარიერი რა არის – ერთი ციფრია.
როცა თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შესახებ ევროკავშირთან იყო მოლაპარაკებები ამასთან დაკავშირებით, ძალიან დიდი კამათი იყო, ჩვენ გვინდოდა შიმპლე ფრეე ტრადე-ის რეჟიმი, ევროპა კი გვთავაზობდა deep free trade-ს, ანუ ჩვენ ვამბობდით, რომ მხოლოდ ტარიფის განთავისუფლებაზე ვიყოთ ორიენტირებული და ის კი გვთავაზობს დეეპ ფრეე ტრადე-ს, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული სანქციებისა და ნორმების არსებობასა და შემოღებას არა მარტო სავაჭრო, არამედ მომსახურების სფეროზეც. აქ იგულისხმება ევროკავშირისა და საქართველოს სავაჭრო საკანონმდებლო ბაზის დაახლოებაც, რაღაც ვალდებულებების აღებას შენს თავზე. არ შეიძლება ევროკავშირის ბაზარზე შეიტანო პროდუქტი, რომელმაც ვიღაც მომხმარებელს შეიძლება ავნოს.
– და რა შეიძლება ვთქვათ სახელმწიფოს როლსა და პასუხისმგებლობაზე?
– სახელმწიფოს როლი და პასუხისმგებლობა ყოველთვის არსებობს. ლიბერალიზაცია არ ნიშნავს პასუხისმგებლობის მოხსნას სახელმწიფოს მხრიდან. მაგალითად, ბეჭედს, რომლის საფუძველზეც პროდუქტი გადის ექსპორტზე, ეკონომიკის სამინისტრო იძლევა, ანუ ამ დოკუმენტს სახელმწიფოს ბეჭედი აქვს. ევროკავშირი ლაბორატორიის ბეჭედთთან ერთად (რომელმაც გააკეთა ანალიზი ამა თუ იმ პროდუქტზე) ითხოვს სახელმწიფოს პასუხისმგებელი ორგანოს თანხმობას. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას იმ ანალიზის მართებულობაზე, რომელიც გააკეთა ლაბორატორიამ. ასე, რომ ბუნებრივია, ეს რეგულაციები და ყველაფერი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაცაა. Eეს არ არის ბიზნესის კომპეტენცია. საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა სახელმწიფოს – აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მოვალეობაა.
– რამდენად არის ამ მიმართულებით მუშაობა ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი?
– როგორ გითხრათ, პრიორიტეტი ალბათ არის, მაგრამ რამდენად რეალური და ქმედითი ნაბიჯები იდგმება, ეს სხვა საკითხია. მაგალითად, საქართველოში ბიზნესის რეგისტრაცია შეიძლება 1 დღეში. მერე რაა? სამ დღეში რომ იყოს რა მოხდა? მთავარია ბიზნესის რეგისტრაციის შემდეგ რა ხდება, ანუ ბიზნესის კეთება რამდენად ადვილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე შესვლა უნდა იყოს გამარტივებული, რაც საქართველოში თითქმის გამორიცხულია. მაგალითად, ნორვეგიაში სახელმწიფო მონოპოლიაა ალკოჰოლურ სასმელებზე. იქ სახელმწიფოსთან გაქვს საქმე ბაზარზე შესვლამდე, რაც ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ თუ ბაზარზე შეხვედი, უკვე საქმე გაკეთებულია. იქ მოხვედრა უკვე დიდი საქმეა.