ინტელექტუალური კაპიტალის მართვის მეთოდოლოგიის შემუშავებისათვის
ლამარა ქოქიაური, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ინტელექტუალური კაპიტალის შედეგების სამეურნეო ბრუნვაში ჩართვის ძირითადი საკითხები. ინტელექტუალური კაპიტალის კომერციული გამოყენების მართვის საკითხები დღეისათვის ერთ-ერთი რთული და აქტუალური პრობლემაა. ამ პრობლემის წარმატებით გადაწყვეტაზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული სამამულო მეცნიერებატევადი საწარმოების ინოვაციური და საინვესტიციო საქმიანობის საბოლოო დადებითი შედეგების მიღწევის შესაძლებლობა.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ ე.წ. “უხილავი აქტივების” კომერციალიზაციის საკითხების განხილვას უმეტეს შემთხვევაში მკვლევარები მიაკუთვნებენ ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაციაში პრობლემებს, ამასთან ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაციის ქვეშ იგულისხმება ინტელექტუალური საქმიანობის შედეგების ეკონომიკურ ბრუნვაში ან საკუთარ სამეურნეო საქმიანობაში ჩართვის პროცესი1. ბევრ წყაროში მითითებულია ტერმინი “ინტელექტუალური კაპიტალი”, მაგრამ ამ ტერმინის განმარტება მოცემული არ არის2. ინტელექტუალური კაპიტალის კომერციალიზაციის მართვის მეთოდოლოგიის შემუშავება, აქედან გამომდინარე, სწორედაც რომ დროულია.
ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაციის ცნება და თავისებურებები. უნდა აღინიშნოს, რომ თავისთავად ინტელექტუალური საქმიანობის შედეგები არ წარმოადგენს არავითარ ეკონომიკურ ფასეულობას მათი სათანადო ჯეროვანი გამოყენების გარეშე. ასეთი გამოყენება შესაძლებელია ან საკუთარ სამეურნეო საქმიანობაში, ან მესამე პირისათვის მისი გამოყენების უფლების გადაცემით, ან შერეული ფორმით. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, დიდ ინტერესს იწვევს ინტელექტუალური საკუთრების სწორედ საბაზრო რეალიზაციის პროცესი, რომელიც განაპირობებს ინტელექტუალური ბაზრის ჩამოყალიბებას და კომპანიის შემოსავლის უზრუნველყოფას მათზე ზემოქმედების შედეგად3.
ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე საკუთრების უფლების გადაცემის საერთო ეკონომიკური და იურიდიული პრინციპი გულისხმობს ამ უკანასკნელის მიერ საკუთრების სრულ ან ნაწილობრივ გადაცემას ნებისმიერ სხვა ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე. ნებისმიერ პირს უფლება აქვს გამოიყენოს ინტელექტუალური საკუთრება მხოლოდ მისი მესაკუთრის ნებართვით, ლიცენზიების ან სხვა დოკუმენტების შესაბამისად. ამასთან, ინტელექტუალური საქმიანობის შედეგების გამოყენება, კომერციულთან ერთად, უშუალოდ წარმოებაში ბიზნესის ეფექტიანობის მნიშვნელოვანი პირობა და შესაბამისად, მართვის, დაგეგმვის, ანალიზის, შეფასების და ა.შ. ობიექტია. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ქვეყანაში ადგილობრივი საწარმოები არ იყენებენ არსებულ ინტელექტუალურ რესურსებს მინიმალურ დონეზეც კი. ძალზე დაბალია მათი დანერგვის სიჩქარე (ეტაპის ხანგრძლივობა დამუშავებიდან ექსპლუატაციამდე).
ამასთან დაკავშირებით გარკვეულ პრაქტიკულ ინტერესს იწვევს ინტელექტუალური აქტივების კომერციალიზაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივი პრობლემების სისტემური ანალიზი საწარმოს (როგორც სამრეწველო წარმოების ძირითადი რგოლის) ინოვაციური საქმიანობის პრაქტიკული განხორციელებისას, რამდენადაც საკუთრებითი ურთიერთობების ეფექტიანი რეგულირება არის მრეწველობაში საბაზრო ურთიერთობების ფორმირების ძირითადი საშუალება და საბოლოო ჯამში განსაზღვრავს საწარმოს ინოვაციური საქმიანობის შედეგიანობას.
ჩამოთვლილი საკითხების გადაწყვეტის აქტუალობა განისაზღვრება იმით, რომ ამ კომპლექსური პრობლემატიკის საერთო საკითხების მეცნიერულ დონეზე დამუშავების ხარისხი ძალზე უმნიშვნელო და დაბალია. მიზეზი კი ისაა, რომ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ არა მარტო არსებითი ნოვაციები შეიტანა სოციალური და სამეურენო ურთიერთობების შინაარსში, არამედ აქამდე მეურნეობის სოციალური პრაქტიკისათვის უცნობი რიგი საწარმოო და სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობები ჩამოაყალიბა.
ასე მაგალითად, სოციალისტურ საწარმოო ურთიერთობებში ათწლეულების მანძილზე არსებული გამომგონებლობითი უფლებები დღეისათვის პრაქტიკულად მთლიანად შეცვლილია საერთაშორისო ნორმებთან ჰარმონიზებული საპატენტო უფლებებით. მოხდა პრაქტიკულად ინტელექტუალური საქმიანობის შედეგების შექმნის სამართლებრივი დაცვისა და გამოყენების სფეროში (სამრეწველო საკუთრების ობიექტები, საავტორო უფლებები და კონფინდენციალური ინფორმაცია) მთელი კანონმდებლობის კარდინალური შეცვლა, ინტენსიურად ყალიბდება კერძო საკუთრების ინსტიტუტები, მათ შორის სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო დამუშავებების შედეგებზე. ინტელექტუალური საქმიანობის შედეგები ქონებრივი სასაქონლო – ფულად ურთიერთობათა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი და ქონებრივი კომპლექსების (საწარმოებისა და ორგანიზაციების) ლეგალური შემადგენელი ნაწილი ხდება.
საწარმოსა და ორგანიზაციის ქონებაში (ბალანსში, ხარჯთაღრიცხვაში) ჩამოყალიბდა და სულ უფრო ხშირად გამოიყენება ადრე უცნობი “არამატერიალური ძირითადი საშუალებები”, ვითარდება შემფასებლობითი საქმიანობა, მათ შორის ინტელექტუალური საქმიანობის ქონებრივი უფლებების თვალსაზრისით. ინტელექტუალური საკუთრების უფლება შედის საწარმოს საწესდებო კაპიტალში და გამოიყენება როგორც საწარმოსა და ორგანიზაციის ქონების ნაწილი. ყალიბდება და ვითარდება უფლებების გადაცემის გაფორმების ახალი ფორმები განკერძოებული ობიექტების გამოყენებაზე კომერციული კონცესიის და ნდობითი, მართვის ხელშეკრულებების მიხედვით. სოციალისტური წარმოებითი ურთიერთობების სისტემაში (პირობებში) მსგავს პრაქტიკას ადგილი არ ჰქონია ინტელექტუალური შრომის შედეგებზე და წარმოების საშუალებებზე საკანონმდებლო უფლებების სახელმწიფო მონოპოლიის შედეგად.
ჩვენი მოსაზრებით, ინტელექტუალური საქმიანობის შედეგების სამეურნეო (კომერციულ) ბრუნვაში ჩართვის პრობლემა საჭიროა განიხილებოდეს სახელმწიფო დონეზე. შესაბამისად აუცილებელია შემუშავებულ იქნეს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა.
სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობის შედეგების და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების სამეურნეო ბრუნვაში ჩართვისათვის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში პრიორიტეტულად ჩაითვალოს მიმართულებები, რომლებიც უზრუნველყოფს სამართალურთიერთობების სუბიექტების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაბალანსებულობას, ასევე ინტელექტუალური საკუთრების შექმნის, სამართლებრივი დაცვისა და გამოყენების პროცესების სახელმწიფო სტიმულირებას და ამის საფუძველზე სამამულო საქონელმწარმოებელთა პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.
ამის გარდა, დროულად უნდა განხორციელდეს ინტელექტუალური საკუთრების კოდიფიკაცია საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. აქტუალურია საკანონმდებლო აქტების პროექტების შემუშავების ამოცანა, რომელიც გაითვალისწინებს სამართლებრივი ურთიერთობების სრულყოფას სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობის შედეგებისა და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების შექმნის, სამართლებრივი დაცვისა და გამოყენების კუთხით მეცნიერების და ტექნოლოგიების სფეროში. საჭიროა დაჩქარდეს ნორმატიული აქტების შემუშავება, რომლებიც გაითვალისწინებს სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობის შედეგების გამოყენების წესის განსაზღვრას სახელმწიფო კონტრაქტების მიხედვით, სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას ინტელექტუალური საკუთრების სამეურნეო (ეკონომიკური) გამოყენებისას.
განვითარებული საბაზრო ურთიერთობების პირობებში ინტელექტუალური საკუთრება იურიდიული პირების საწარმოების, ორგანიზაციების ქონების მნიშვნელოვანი ობიექტი ხდება, რომლის მეშვეობით ქონებრივი, სასაქონლო, ფულადი ურთიერთობები ხორციელდება, ინტელექტუალური საქმიანობის შედეგების შექმნის, ახალი ცოდნისა და ინფორმაციის სამართლებრივი დაცვისა და გამოყენების სფეროში. ინტელექტუალური საკუთრების სამეურნეო ბრუნვა სამეურნეო სუბიექტის (საწარმო, ორგანიზაცია, მეწარმე) დონეზე ინტელექტუალური საკუთრების (ინტელექტური საქმიანობის შედეგების) საზოგადოებრივი ბაზრის ეკონომიკურ-სამართლებრივ მოდელს წარმოადგენს. ინტელექტუალური საკუთრების ეფექტიანი სამეურნეო ბრუნვის მექანიზმი სამართლებრივი ურთიერთობების სუბიექტთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაბალანსებულობის გზით უზრუნველყოფს ინტელექტუალური საქმიანობის შედეგებზე მოთხოვნისა და მიწოდების ერთიანობას, სამეცნიერო-ტექნიკური კვლევების განვითარებას, მათ სამეურნეო რეალიზაციას, ახალი, კონკურენტუნარიანი საქონლისა და მომსახურების წარმოებასა და მოხმარებას, ამით თვით სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის პროცესის სტიმულირებას და ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობას.
ჩვენი შეფასებით, საწარმოსა და ორგანიზაციის საქმიანობაში ინტელექტუალური საკუთრების სამეურნეო ბრუნვის ქონებრივი სამოქალაქო-უფლებრივი ურთიერთობების ანალიზს გარკვეული სირთულე ახასიათებს. კერძოდ, ინტელექტუალური საკუთრების სამეურნეო ბრუნვაში ჩართვის პრობლემები და მისი გამოყენება სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ქონების სახით ვლინდება სამართლებრივი, ეკონომიკური, ფინანსური, ტექნიკური და სოციალური ურთიერთობების სახით, რომელიც ყალიბდება სხვადასხვა დროს საბაზრო ურთიერთობების ურთიერთსაპირისპირო ინტერესების მქონე სხვადასხვა სუბიექტებს შორის, ამასთან საჭიროა გამოიყოს ცალკეული, საკუთარი ინტერესების მქონე საინვესტიციო საქმიანობის სუბიექტები, ინტელექტუალური საკითხების კომერციალიზაციის პროცესში მოხდეს მათ შორის ურთიერთკავშირის ანალიზი მათი ეფექტიანი რეგულირების გზების ძიებისათვის.
ინოვაციური საქმიანობის პროცესში საბაზრო ურთიერთობის ძირითადი სუბიექტების ურთიერთზემოქმედების საერთო სქემა ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაციისას შესაძლებლად მიგვაჩნია შემდეგი სახით წარმოვიდგინოთ (ნახ. 1).
ნახ.1. საბაზრო ურთიერთობების სუბიექტების და ობიექტების ურთიერთდამოკიდებულება ინტელექტუალური (სამრეწველო) საკუთრების კომერციალიზაციის დროს.
პირბითი აღნიშვნები:
LA – საკანონმდებლო და ნორმატიული აქტები
I – ინტელექტუალური საკუთრება
$ – ფინანსური სახსრები
Su – მოხმარებული პროდუქცია (მომსახურება)
Pip – პროდუქცია ინტელექტუალური საკუთრების საფუძველზე
Pc – კონკურენტების პროდუქცია
Ppir – “პირატების პროდუქცია”
ამ ნახაზის შესაბამისად საბაზრო ურთიერთობის ძირითად სუბიექტად ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაციის ინოვაციური საქმიანობის სფეროში გამოდიან:
სახელმწიფო მართვისა და კონტროლის ორგანოები;
საწარმოები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ახალი ტექნოლოგიების შექმნასა და გამოყენებას ინოვაციურ საქმიანობაში;
ინტელექტუალური საქმიანობის შედეგების სახის ახალი ტექნოლოგიების (შემქმნელები) ავტორები (საავტორო უფლების ობიექტები, სამრეწველო საკუთრების, კომერციული საიდუმლოს – ნოუ-ჰაუს ობიექტები);
ინვესტორები, რომლებიც მონაწილეობენ ინტელექტუალური საკუთრების შექმნასა და გამოყენებაში საწარმოო ციკლში მათი დაფინანსებისა და ახალი სამრეწველო პროდუქციის გამოშვების ორგანიზაციის გზით;
კონკურენტ-მწარმოებლები, რომლებიც უშვებენ კონკურენტუნარიან პროდუქციას (მომსახურებას) საკუთარი დამუშავებების ან სხვა ანალოგიური ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების საფუძველზე;
ე.წ. “მეკობრე” – მწარმოებლები, რომლებიც ახდენენ საწარმოს ინტელექტუალური საქმიანობის ობიექტების არასანქცირებულ გამოყენებას და უშვებენ ყალბ პროდუქციას.
ინოვაციური საქმიანობის მონაწილეთა ცალკეული სუბიექტების ინტერესთა პრაქტიკული შეჯახება (კოლიზია) და საბაზრო ურთიერთობათა ობიექტებზე კონტროლის განხორციელება შესაძლებელია პროდუქციისა და მომსახურების სამომხმარებლო ბაზარზე. სწორედ ბაზარზე ნათლად და მწვავედ ვლინდება ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაციისას წარმოშობილი პრობლემები. აქვე ხდება მათი ინტერესთა განვითარება და თანხვედრა. გამოვლენის ხასიათის მიხედვით ურთიერთდამოკიდებულების სამ ძირითად ასპექტს გამოყოფენ4:
1) ტექნიკური, რომელიც უშუალოდაა დაკავშირებული, პროდუქციისა და მომსახურების სამრეწველო წარმოების მატერიალურ და არამატერიალურ ობიექტებთან ინტელექტუალური საკუთრების საფუძველზე;
2) ფინანსურ-ეკონომიკური, რომელიც დაკავშირებულია ინოვაციური საქმიანობის პროდუქციის მოხმარებასთან და ფინანსური საშუალებების შესაბამის გადანაწილებასთან;
3) სოციალურ-სამართლებრივი, რომელიც დაკავშირებულია მორალურ და იურიდიულ ნორმებთან (კანონებთან) და ტენდენციებთან. იგი აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული (შესრულებული) სამეწარმეო საქმიანობაში.
აქვე საჭიროდ მიგვაჩნია მონაწილე სუბიექტების სახეების მიხედვით ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაციის დროს იურიდიულ პირთა მთელი ურთიერთობები შემდეგნაირად დაჯგუფდეს:
საწარმოები – სახელმწიფო მართვის და კონტროლის ორგანოები;
საწარმოები – ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების ავტორები (შემქმნელები);
საწარმოები – ინვესტორები;
საწარმოები – მეწარმე, მწარმოებელი-კონკურენტები;
საწარმოები – მწარმოებელი – “მეკობრეები”;
საწარმოები – მომხმარებლები.
ამასთან მოცემული ჯგუფებიდან თითოეული პრაქტიკაში მოითხოვს ცალ-ცალკე განხილვას და სპეციალური ღონისძიებების (მიდგომების) შემუშავებას ურთიერთდამოკიდებულებათა პრობლემების დარეგულირების თვალსაზრისით, კონკრეტული საბაზრო სიტუაციის შესაბამისად, ბაზარზე საწარმოს ქცევის სტრატეგიისა და ტაქტიკის გათვალისწინებით. ჩამოთვლილი ურთიერთობების ჯგუფებიდან ნებისმიერის მიხედვით შეიძლება (აუცილებელიცაა) შემუშავდეს ადექვატურ კონკრეტულ საბაზრო სიტუაციაში ურთიერთობების რეგულირების ღონისძიებები, უზრუნველყოფილ იქნას ინტელექტუალური საკუთრების საიმედო დაცვა და ეფექტიანი (ოპტიმალური) გამოყენება. ასეთ ღონისძიებათა შემადგენლობაში საჭიროდ მიგვაჩნია შევიდეს:
სამართლებრივი ღონისძიებები (ძალდატანებითი ღონისძიებები), ე.ი. ავტორებისა და მათი სამართალმემკვიდრეების უფლებების და ინტერესების დაცვა (საპატენტო მონოპოლიის დაცვა) სახელმწიფო კანონების ძალით. იგი გულისხმობს სამრეწველო საკუთრების ობიექტების არასანქცირებული გამოყენებისათვის მეწარმე -“მეკობრეების” შესაბამის დასჯას;
ეკონომიკური ღონისძიებები (ეკონომიკური გათვლების ღონისძიებები). იგი გულისხმობს ინდივიდუალური ქცევის წესების შეგნებულად და ნებაყოფლობით არჩევას ეკონომიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე, ოფიციალური საგადასახადო შეღავათების და ახალი ტექნოლოგიების სანქცირებული უპირატესობების ოფიციალურ გამოყენებას;
მორალურ-ეთიკური ღონისძიებები, რომელიც ემყარება “კეთილსინდისიერი ბიზნესის” და სხვისი ინტელექტუალური საკუთრების არასანქცირებული გამოყენების საზოგადოებრივი დაგმობის წესების პროპაგანდას;
სახელშეკრულებო ღონისძიებები, რომლებიც ემყარება საწარმოსათვის ხელსაყრელი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების გულდასმით დამუშავებას, ასევე პარტნიორობისა და ინოვაციური ბიზნესის სფეროში სახელშეკურულებო ვალდებულებების თავისთავზე ნებაყოფლობით აღებას თანამშრომლობისა და ერთობლივი საქმიანობის დროს;
ინტელექტუალური საკუთრების საწარმოს საკუთრებად (საკუთრების ობიექტებად) გაფორმების ღონისძიებები ინვენტარიზაციის გზით. ინტელექტუალური საქმიანობის შედეგების დოკუმენტური გაფორმების, შეფასებისა და საბუღალტრო აღრიცხვის ღონისძიებები;
უნდა აღინიშნოს, რომ ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაციისას პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმ დოკუმენტების არსებობას და გაფორმების სისწორეს, რომლებიც ადასტურებენ საწარმოს უფლებას ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე, რამდენადაც საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტებში ასახულია მხოლოდ საწარმოს კუთვნილი ფასეულობები საკუთრების ანდა გამოყენების უფლებით.
ამგვარად, ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაციის პრაქტიკული განხორციელებისას ინოვაციურ საქმიანობაში აუცილებელია გამოიყოს ურთიერთობათა ჯგუფები საბაზრო ურთიერთდამოკიდებულების ცალკეულ სუბიექტებს შორის, ჩამოყალიბდეს ამ ურთიერთობებისას წამოჭრილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი პრობლემები კონკრეტულ საბაზრო პირობებში და მოიძებნოს ურთიერთობის ყველა ცალკეული ჯგუფისათვის ადექვატური და შედარებით ეფექტიანი ვარიანტები.
ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაციის ფორმების ანალიზი. ინოვაციურ განვითარებაზე ორიენტირებული ეკონომიკის პირობებში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები გვევლინებიან არა მარტო მეცნიერებატევადი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის მნიშვნელოვან ფაქტორებად, არამედ ამავდროულად გამოდიან “ყიდვა-გაყიდვის” ობიექტების როლში და ხელს უწყობენ ინტელექტუალური საკუთრების ბაზრის ფორმირებას.
სამეურნეო სუბიექტის საქმიანობის კომერციული მიმართულების გათვალისწინებით მეცნიერებატევადი საწარმოების ხელმძღვანელებს და შესაბამის სპეციალისტებს ხშირად უხდებათ ინტელექტუალური საკუთრების შედეგების ეკონომიკური ბრუნვის შედარებით მომგებიანი ფორმის შერჩევა. ამ ამოცანის გადაწყვეტისათვის საჭიროდ მიგვაჩნია ინტელექტუალური საკუთრების ბაზრის მარკეტინგული კვლევის ჩატარება; ინტელექტუალური საქმიანობის შედეგების საბაზრო ღირებულების მაქსიმალურად სარწმუნოდ შეფასება, ასევე ბაზარზე ინტელექტუალცური პროდუქციის წარმოჩენის სტრატეგიის შემუშავება.
ნახ.#2-ში ჩამოთვლილია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების ეკონომიკური ბრუნვის ძირითადი ფორმები: უფლებამოსილ პირს შეუძლია თავის შეხედულების მიხედვით გამოიყენოს ინტელექტუალურის აკუთრების ობიექტი, გაყიდოს ან სხვას დაუთმოს მასზე უფლება, ნება დართოს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ისარგებლოს განსაზღვრულ პირობებში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტით.
ინტელექტუალური საკუთრების ობიექტით სარგებლობა სამეურნეო ბრუნვაში საჭიროა რეგულირდებოდეს ქვეყნის საკანონმდებლო აქტებით:
კონკურენციისა და მონოპოლური საქმიანობის შეზღუდვა სასაქონლო ბაზრებზე;
ქვეყნის საპატენტო კანონი;
სასაქონლო ნიშნების, მომსახურების ნიშნებისა და საქონლის წარმოშობის ადგილის დასახელება;
ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანების და მონაცემები ბაზისათვის პროგრამების სამართლებრივი დაცვა;
ინტეგრარული მიკროსქემების ტიპოლოგიის სამართლებრივი დაცვა;
საავტორო უფლებათა და შერეული უფლებები;
სელექციური მიღწევები;
სამეცნიერო-კვლევითი, საცდელ-საკონსტრუქტორო და ტექნოლოგიური სამუშაოების სამართლებრივი დაცვის შესახებ სამხედრო, სპეციალური და ორმაგი დანიშნულების ხაზით;
სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ სამეურნეო ბრუნვაში სამენციერო-ტექნიკური საქმიანობის და ინტელექტუალური საქმიანობის ობიექტების ჩართვის მიზნით მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში;
პირველი რიგის ღონისძიებები სახელმწიფოს სამართლებრივი ინტერესების დაცვის კუთხით სპეციალური და ორმხრივი დანიშნულების სამეცნიერო-კვლევითი, საცდელ-საკონსტრუქტორო და ტექნოლოგიური სამუშაოების შედეგების ეკონომიკურ და სამოქალაქო-სამართლებრივ ბრუნვაში ჩართვის პროცესში;
სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შედეგების გამოყენება.
ცხადია, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლების მფლობელი სხვადასხვა ვარიანტების ანალიზის საფუძველზე მათ შორის ყველაზე პერსპექტიულს ირჩევს, ამასთან აუცილებელია გაანალიზდეს მათი გამოყენების რეალური შესაძლებლობები, კომერციული წარმატების ალბათობის შეფასება, ასევე მათი შესაბამისობა შემდეგ კრიტერიუმებთან.
ნაკეთობის პატენტური სიწმინდე;
პერსპექტიულობა;
დამუშავების ტექნიკური დონის შესაბამისობა ბაზრის მოთხოვნებთან.
მოვიყვანოთ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის ეკონომიკური ბრუნვის ფორმის ანალიზი სავარაუდო ეკონომიკური სარგებლის თვალსაზრისით.
ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების გამოყენების შესაძლებლობა საწარმოს საწესდებო კაპიტალში შეტანილი წვლილის ფორმით გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ქვეყნის კოდექსში და კანონში სააქციო საზოგადოებების შესახებ. კანონი ითვალისწინებს საწესდებო კაპიტალში შენატანის საკუთრების უფლებით გადაცემას სამეურნეო განკარგვას ან ოპერატიულ მართვას. როცა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი შეაქვთ საწარმოს საწესდებო კაპიტალში საკუთრების უფლებით, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის მესაკუთრე საკუთრების უფლებას გადასცემს საწარმოს საკუთრებაში და ღებულობს საწარმოსთან მიმართებაში შემდეგ სავალდებულო უფლებებს:
უფლებას მოგების ნაწილის (დივიდენდების) მიღებაზე;
მონაწილეთა საერთო კრების მეშვეობით საწარმოს მართვაში მონაწილეობის უფლებას;
სალიკვიდაციო ქვოტის მიღების უფლებას საწარმოს ლიკვიდაციის შემთხვევაში;
საკუთრების უფლებით ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის საწესდებო კაპიტალში ჩართვისას საწარმოს შეუძლია მისი ფლობა, განკარგვა და გამოყენება. ასეთ შემთხვევაში საწარმოს უფლება აქვს გაასხვისოს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი სხვა პირებზე, გადასცეს იგი სხვას, განკარგოს იგი სხვანაირად. საწესდებო კაპიტალში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის საკუთრების უფლებით ჩართვისას, მეპატრონე კარგავს თავის უფლებას ამ ობიექტზე, მაგრამ იღებს დივიდენდებს თავისი შენატანების შესაბამისად.
სამეურნეო განკარგვაში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის მიმღები საწარმო უფლებამოსილია გამოიყენოს იგი, გაყიდოს, გასცეს არენდით, ჩადოს გირაოდ და შეიტანოს სხვა სამეურნეო საზოგადოებების და ამხანაგობების საწესდებო კაპიტალში წილის სახით. სამეურნეო განკარგვის უფლებით საწესდებო კაპიტალში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის ჩამდებ მესაკუთრეს უფლება არა აქვს უკანვე ამოიღოს იგი. მას შეუძლია ეს გააკეთოს მაშინ, თუ კი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი ჩადებულია სხვა საწარმოს საწესდებო კაპიტალში ოპერატიული მართვის უფლებით.
ინტელექტუალური საკუთრების გამომყენებელ მეცნიერებატევადი პროდუქციის მწარმოებელს საკუთარი წარმოების შექმნის დროს მოეთხოვება მნიშვნელოვანი სახსრების თავდაპირველი დაგროვება, ამ შემთხვევაში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის მფლობელი დიდ ხარჯებს ეწევა მარკეტინგულ კვლევებზე, წარმოების ორგანიზაციაზე, ბაზარზე პროდუქციის წინ წაწევაზე, სავაჭრო ქსელის განაწილებისა და შექმნის არხების შერჩევაზე, თუმცა წარმატების შემთხვევაში ახალი პროდუქციის ბაზარზე გაშვება გარკვეული პერიოდის შემდეგ პირველსაწყის პერიოდში გაწეული ხარჯების კომპენსაციის და მიღებული მნიშვნელოვანი მოგების მიღების შესაძლებლობას იძლევა, რაც ასე საჭიროა წარმოების შემდგომი განვითარებისათვის.
ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრესის შედეგია, რომელიც შეიძლება უზრუნველყოფილი იქნას ლიზინგის ანდა გრძელვადიანი არენდის მეშვეობით. პრაქტიკაში ლიზინგით გაიცემა, უპირველეს ყოვლისა, ტექნოლოგიური მოწყობილობა, ძვირადღირებული ჩარხები, ხელსაწყოები, სამშენებლო და გამომთვლელი ტექნიკა, ავტომობილები, ცხადია, დამზადებული გამოგონების დონეზე და პატენტით დაცული.
ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტთა განმარტებით, ფრანჩიზა ეს არის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით განსაზღვრული საქმიანობის წარმოების შემუშავებული სისტემის მქონე პირი (უფლებამოსილი პირი, ფრანჩაიზირი), უფლებას აძლევს მეორე პირს (ფრანშიზს): გამოიყენოს ეს სისტემა ფრანჩიზის მფლობელის მოთხოვნების შესაბამისად რაღაც გარკვეული ჯილდოს სანაცვლოდ. ფრანჩიზის პირობების მიხედვით სისტემაც ხელშეკრულებათა პაკეტია და მოიცავს ფრანჩიზის მიერ გამოსაყენებელ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე უფლებებს, იგი აერთიანებს ასევე სამრეწველო ნიმუშებზე, ფორმების დასახელებაზე, სასაქონლო ნიშნებზე, ნოუ-ჰაუს ტექნოლოგიებზე უფლებას. ფრანჩიზს ამ შემთხვევაში უფლებები გარკვეული დროით გადაეცემა და მნიშვნელოვან შემოსავალს ღებულობს თავისი სამეურნეო საქმიანობიდან.
ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლებამოსილი პირისაგან უფლებების გადაცემისას იურიდიულ და ფიზიკურ პირებს განსაზღვრულ პირობებში, განსაკუთრებული უფლებების გამოყენების უფლება ეძლევათ. წესისამებრ განსაკუთრებული უფლებების გადაცემის სამართლებრივი საფუძველია უფლებების გადაცემის და ლიცენზიების ხელშეკრულებები.
სალიცენზიო ხელშეკრულება შეთანხმებაა, რომლის მიხედვით ერთი მხარე (ლიცენზორი) არამატერიალურ ობიექტზე განსაკუთრებულ უფლებას ფლობს და გამოდის გამყიდველის როლში, ხოლო მეორე მხარე (ლიცენზიანტი) ცდილობს მიიღოს (იყიდოს) ლიცენზიარის უფლება გამოყენებაზე.
ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლებების გადაცემისას სალიცენზიო ხელშეკრულებების პირობების შემუშავების დროს აუცილებელია შეთანხმდეს ხელშეკრულების ეკონომიკური ელემენტები სამართლებრივ მოთხოვნებთან, რამდენადაც ისინი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არიან და ორგანულად ავსებენ ერთიმეორეს. ლიცენზიებით ვაჭრობა გამოიყენება შიდა კომერციული ოპერაციების დროს და ცალკეულ ქვეყნებში იგი არის ეკონომიკის აღმავლობის და საკუთარი საქონლის კონკურენტუნარიანობის ამაღლების ეფექტიანი პირობა საგარეო ბაზარზე. ასე, რომ ლიცენზიების ბაზარი წარმოადგენს უფლებების კომერციულ გაცვლას ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე ანუ ეკონომიკურ ურთიერთობათა სისტემას მეპატრონეებსა და მოსარგებლეებს შორის.
სალიცენზიო ხელშეკრულებები უფლებების მოცულობის მიხედვით ითვალისწინებენ განსაკუთრებულ, არაგანსაკუთრებულ და სრულ ლიცენზიებს. ყოველ ასეთ ხელშეკრულებაში უფლებები ლიცენზიის საგნის გამოყენებაზე შეიძლება სხვადასხვა იყოს, რაც ლიცენზორს უფლებათა გადაცემისას საშუალებას აძლევს ეფექტიანად გაითვალისწინოს საკუთარი ინტერესები. სალიცენზიო ხელშეკრულებები კლასიფიცირდება ლიცენზიის საგნისა და სახეობის გადაცემული უფლებების სიდიდის, დაცვის წესის მიხედვით. 6.3 ნახაზზე წარმოდგენილია სალიცენზიო ხელშეკრულებების კლასიფიკაცია რიგი ნიშნის მიხედვით (ნახ. 3).
ლიცენზიების მოქმედების ვადა იზღუდება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის სასიცოცხლო ციკლით, მისი მორალური მოძველების პროცესით.
ინტელექტუალური საქმიანობის შედეგების კომერციალიზაციის მსოფლიო პრაქტიკა ადასტურებს, რომ ბაზარზე დიდია მოთხოვნა პატენტებზე და გამოგონებებზე. ეს ბუნებრივია, რადგან ეს უკანასკნელი ბაზარზე გამოდის მონოპოლური ძალაუფლების დამყარების ინსტრუმენტად, გამორიცხავს კონკურენციას წარმოებაში და სხვა პირების მიერ სამეურნეო ბრუნვაში დაპატენტებული ობიექტების შეყვანას.
ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის გაყიდვა გულისხმობს უფლებამოსილი პირის უარს ინტელექტუალური საკუთრების შემდგომი
გამოყენებიდან მოგების მიღებაზე, მაგრამ გარანტიას იძლევა მიღებული იქნას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა დათქმული თანხა. მისი გადაწყვეტა ბევრად განაპირობებს რიგი ალტერნატივების სწორად შედარებას და შესაბამისობას, რადგან მასზე დიდადაა დამოკიდებული ინტელექტუალური საქმიანობის შედეგების გამოყენებიდან მაქსიმალური სარფის (მოგების) მიღება.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვის ინსტიტუტების საკმაოდ მყარი სისტემა, მთლიანად მსოფლიო ეკონომიკა და ეროვნული ეკონომიკები არალეგარული სექტორის მხრიდან ყოველწლიურად კოლოსალურ ზარალს იღებენ განსაკუთრებული უფლებების დარღვევის შედეგად5. პრაქტიკაში შეიძლება გამოიყოს არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შემდეგი სახეები:
სავაჭრო მარკების ფარული გამოყენება.
კონკურენტთა პროდუქციის გაყალბება.
ცრუ რეკლამა.
დემპინგი.
სამრეწველო შპიონაჟი და ა.შ.
საშუალო ხარჯები დაზვერვაზე6 მსხვილი კონცერნების სავაჭრო ბრუნვის 1,5%-ს შეადგენს. კომპანია Mიტსუბისჰი-ში 30 კაცი დაკავებულია პატენტებით, 50 კაცი – ტექნოლოგიებით და ა.შ. ხოლო დანახარჯები დაცვაზე შეადგენს საწარმოო ხარჯების 10-15%-ს. ამერიკული ბიზნესის ყოველწლიური ზარალი კომერციული საიდუმლოს გათქმის შედეგად დაახლოებით 4 მილიარდ დოლარს7 შეადგენს.
ნეოინსტიტუციონალიზმის და ახალი ეკონომიკური ისტორიის ერთ-ერთი თეორეტიკოსი, ამერიკელი ეკონომისტი დ. ჰორტი (ნობელის პრემიის 1993 წლის ლაურეატი) ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებასთან დაკავშირებულ პრობლემებს შემდეგნაირად ახასიათებს: “ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების განვითარებამ წინ წამოსწია როგორც იდეების შეფასების და გაზომვის, ისე ახალი აღმოჩენების უკუგების კერძო ნორმების ამაღლების პლიუსებს და განსაზღვრული დროის განმავლობაში განსაკუთრებული უფლებების მინიჭების შედეგად, წარმოების მონოპოლური შეზღუდვების მინიუსებს შორის არსებული კომპრომისების რთული პრობლემები”.
ნორტის მიერ დასმული პრობლემის გადაჭრა ხდებოდა ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაციის პროცესში და ამასთან (როგორც ინტელექტუალური საკუთრების ურთიერთობათა სისტემის ეფექტიანობის ამაღლება) ნაწილობრივ დაკავშირებულია ცალკეულ ქვეყნებში ჯერ კიდევ XIX საუკუნის. მეორე ნახევარში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების ბაზრის ფორმირება.
ამრიგად, ჩამოვაყალიბოთ ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაციის პრაქტიკული უპირატესობები.
ინტელექტუალური საკუთრების მფლობელები შეიძლება იყვნენ ფირმების დამფუძნებლები რეალური ფულადი სახსრების გაღების გარეშე ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების საწარმოს საწესდებო კაპიტალში შეტანის გზით;
შესაძლებელი ხდება დამატებითი შემოსავლების მიღება ინტელექტუალური საკუთრების სარგებლობის უფლების გადაცემის შედეგად;
ინტელექტუალური საკუთრება შეიძლება გამოყენებული იქნას გირაოს სახით კრედიტის მიღებისას;
ინტელექტუალური საკუთრება უზრუნველყოფს კონკურენტებისაგან დაცვას ახალი პროდუქციის ბაზარზე გაყვანის პერიოდში. ასევე არაკეთილსინდისიერი კონკურენციისაგან დაცვას;
ინტელექტუალური საკუთრება ქმნის სარეკლამო იმიჯს გამოშვებული პროდუქციის სამართლებრივი დაცვის ინფორმირების თვალსაზრისით, ასევე ცნობილი მწარმოებლის ლიცენზიების მიხედვით მუშაობისას;
ინტელექტუალური საკუთრება შესაძლებელს ხდის მოგების გადასახადმა დაიწიოს არამატერიალური აქტივების ამორტიზაციის დასაბეგრი ბაზის და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის შექმნაზე დანახარჯების შემცირების გზით;
ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების კომერციულ და სამეურნეო ბრუნვაში ჩართვის პროცესი განაპირობებს მისი საბაზრო ღირებულების შეფასებას. ფასწარმოქმნა რთულ აქტივებზე, რომელსაც განეკუთვნება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი, გაცილებით რთულია, ვიდრე ფასწარმოქმნა სხვა საბაზრო ელემენტებზე და საკმაოდ აქტიურად განიხილება მეცნიერ-ეკონომისტებისა და პრაქტიკოსი სპეციალისტების მიერ. ინტელექტუალური საკუთრების შეფასება თანამედროვე კვლევების შედარებით დამოუკიდებელი სფეროა, რომლის სამეცნიერო აპარატი მუდმივი განვითარების პროცესშია და შემდგომ სრულყოფას საჭიროებს.
შედარებით, გამოკვლეულია ინტელექტუალური კაპიტალის ღირებულების შეფასების სფერო, რომლის ნაწილად ითვლება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები. ასეთი შეფასება საჭიროა ისეთ პირობებში, როცა ინტელექტუალური კაპიტალის წარმოების უმნიშვნელვოანეს ფაქტორად გადაქცევამ კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა მიანიჭა ამგვარი შეფასების აუცილებლობას. ამის გარდა ინტელექტუალური კაპიტალის შეფასება ინტელექტუალური კაპიტალის კომერციალიზაციის მართვის საფუძველი გახდა; იგი გულისხმობს არა მარტო განსაკუთრებული უფლებების კომერციალიზაციას, არამედ მოიცავს ინტელექტუალური აქტივებიდან მიღებული კომერციული სარგებლის მოზიდვის ყველა ასპექტს. ამასთან დაკავშირებით საჭიროდ მიგვაჩნია ინტელექტუალური კაპიტალის ღირებულების შეფასებისადმი ყველა არსებითი მეთოდოლოგიური მიდგომის განხილვა და მისი ღირებულების დინამიური შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავების მიმართულებების განსაზღვრა.