როგორ მოხიბლოთ ქალი
მოამზადა ავთო ჩიტიძემ
იმისათვის, რომ გაარკვიოთ, როგორ მოიქცეთ საყვარელთან ურთიერთობისას, საჭიროა კარგად იცნობდეთ მას არა მარტო გარეგნულად და თვისებებით, არამედ იცოდეთ, რა ადგილი უჭირავს საზოგადოებაში. ხშირად ერთი არასწორი ნაბიჯი შეიძლება საბედისწერო გახდეს თქვენს ცხოვრებაში, ამიტომ თავიდანვე გაარკვიეთ, თუ ვინ დგას თქვენ გვერდით.
თქვენი საყვარელი უცხოელია უცხოელებთან ურთიერთობა სახიფათოა, ბევრი მნიშვნელოვანი ნიუანსის გათვალისწინება მოგიწევთ. დაივიწყეთ ტრადიციები, თუ გინდათ, რომ მისთვის საინტერესო იყოთ. ნებისმიერ უცხოელ ქალს ხიბლავს მამაკაცი, რომელიც კარგ ფიზიკურ ფორმაშია, უვლის თავს, იცავს ჰიგიენის წესებს, შეუძლია უცხო ენებზე საუბარი. ფული უცხოელებისათვის ნაკლებმნიშვნელოვანია, ამიტომ ფულით ვერ მოხიბლავთ. არც საჩუქრებია მთავარი, თუმცა, დედამიწაზე, ალბათ, არ არსებობს ქალი, რომელსაც საჩუქრები არ მოსწონდეს. სად შეიძლება წახვიდეთ უცხოელ საყვარელთან ერთად? ნებისმიერ ადგილას, სადაც კომფორტია და ევროსიტუაცია. თუმცა, არის უცხოელების კატეგორია, რომელთაც ეგზოტიკა იტაცებთ, ხიბლავთ ტრადიციული ელემენტები. ამიტომ, პირველ რიგში, გაარკვიეთ, მზადაა თუ არა ქალი თქვენთან ერთად მარანში დროის გასატარებლად. იქნებ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ლუქსი ურჩევნია? თუ მასთან დიდხანს დარჩენას არ აპირებთ, შეგიძლიათ დიდად არ გაისარჯოთ. უცხოელ ქალთან ურთიერთობისას უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი თითოეული ჟესტი აწონილი უნდა იყოს, ანუ მასთან ურთიერთობისას ნუ იქნებით ისეთივე თავისუფალი, როგორც სხვებთან. გთავაზობთ რამდენიმე უცხოელი ქალის ტიპის მოკლე დახასიათებას.
ა) ფრანგი ქალი. ფრანგი ქალები დიდ ყურადღებას აქცევენ მამაკაცის ქმედებებს. საფრანგეთი ხომ სიყვარულის სამშობლოა. აქედან გამომდინარე, მამაკაცი მაქსიმალურად გათვითცნობიერებული უნდა იყოს. ფრანგ ქალებს ხიბლავთ ავანგარდული სტილის საჩუქრები, ტრადიციული, გავრცელებული მათთვის მიუღებელია. თამამად შეგიძლიათ აჩუქოთ ბიუსტჰალტერი. რესტორანში დიდი ყურადღება გამოიჩინეთ, განსაკუთრებით მენიუს შერჩევისას. სასმელებიდან უპირატესობა მიანიჭეთ უმაღლესი ხარისხის ღვინოს. ფრანგებმა ღვინის გემო კარგად იციან. ქუჩაში ხეტიალისას კი ყურადღება გაამახვილეთ ქალაქის ღირშესანიშნაობებზე.ფრანგებს ხომ ძალიან უყვართ ეიფელის კოშკი და თავიანთი არქიტექტურული შენობებით ამაყობენ კიდევაც.
ბ) გერმანელი ქალი. ყველასათვის ცნობილია, რომ გერმანელები პუნქტუალური ხალხია. ქალები, ამ მხრივ, გამონაკლისები არ არიან. მათთან ურთიერთობისას სიფრთხილე გმართებთ. ეცადეთ, რომ გერმანელი ქალი 5 წუთითაც არ ალოდინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ურთიერთობა მყისვე დასრულდება. გერმანელ ქალებს განსაკუთრებით უყვართ სისუფთავე. იგი ყველგან ბედნიერად იგრძნობს თავს, სადაც სისუფთავეა. მასთან ერთად თამამად შეგიძლიათ ოჯახურ წვეულებებზეც წახვიდეთ. გერმანელი ქალები დიდ პატივს სცემენ ოჯახის ინსტიტუტს. საჩუქრებიდან ყურადღება ყვავილებსა და ტკბილეულობაზე გაამახვილეთ. გერმანელ ქალთან ნამდვილად არ მოიწყენთ, თუ კარგად გაიგებთ მის გერმანულ იუმორს.
გ) ინგლისელი ქალი. კონსერვატიზმის სამშობლო ბევრი ტრადიციითა და ჩვეულებით ცხოვრობს. საერთოდ, ინგლისელები იმდენად სცემენ თავიანთ ერს პატივს, რომ ნაკლებად ურთიერთობენ სხვა ერის მამაკაცებთან. თუ წილად გხვდათ ბედნიერება და ინგლისელი ქალი დაგიახლოვდათ, ეს დიდი გამარჯვებაა. ეცადეთ, იმედები არ გაუცრუოთ. თამამად შეგიძლიათ დაავალიერებინოთ თქვენი კუთხე, გააცნოთ თქვენი ტრადიციები და, საერთოდ, სულიერ ფასეულობებზეც ესაუბროთ. საჩუქრებიდან უპირატესობა ტრადიციულ სუვენირებს მიანიჭეთ. ინგლისელ ქალთან სიახლოვისას გახსოვდეთ, რომ ყველაზე ინტიმურ მომენტშიც კი თქვენობით მიმართოთ, რადგან თავაზიანობა მათთვის ყველაზე ძვირფასია.
დ) ამერიკელი ქალი. თავისუფლებისა და დემოკრატიის სამშობლო ამერიკა ასევე თავისუფალი და დემოკრატი ქალების სამშობლოცაა. ევროპელ ქალებთან შედარებით, ამერიკელებთან ურთიერთობა ბევრად ადვილია. მათთან ურთიერთობისას თავი თავისუფლად შეგიძლიათ იგრძნოთ, რადგან აკრძალვები უმნიშვნელო იქნება. და მაინც, ამერიკელი ქალების ნაწილს მოსწონს ავანგარდი და ტრადიცია. მათთან ურთიერთობისას გახსოვდეთ, რომ თქვენი ყველაზე თამამი აზრიც კი შეგიძლიათ ხმამაღლა წარმოთქვათ. ნუ ეცდებით თქვენი აზრები თავზე მოახვიოთ. ამერიკელ ქალებთან ურთიერთობისას გახსოვდეთ, რომ თქვენ წინ თავისუფლების ქანდაკება დგას. ნურც ის გაგაოცებთ, რომ ბევრი ინიციატივა მისგან შეიძლება წამოვიდეს.
თქვენი საყვარელი ქალი – ბიზნეს-ვუმენი
საქმიან ქალთან ურთიერთობისას ისევე დაძაბულად იგრძნობთ თავს, როგორც უფროსთან ურთიერთობისას. არსებობს საქმიანი ქალების ორი კატეგორია. ერთი ნაწილი ინტიმური სიახლოვისას დიდ სიამოვნებას განიცდის, ანუ იგი ამ დროს სულიერად ისვენებს და ეს სჭირდება. მეორე ნაწილი კი სექსს და ამდაგვარ ლტოლვას მხოლოდ ფიზიოლოგიის დონეზე აღიქვამს. ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა ეცადოთ საქმიანი ქალი თქვენთან ურთიერთობის დროს არ იყოს საქმიანი ანუ უნდა შეძლოთ მისი საქმეებისაგან მოწყვეტა და მოხიბვლა. საქმიან ქალთან უსაქმური მამაკაცის დაახლოება იმდენად ძნელია, რამდენადაც შემდეგ მასთან დაშორება. ნუ ეცდებით დროის გასატარებლად ისეთ გარემოში წაიყვანოთ, სადაც რეგულარულად საქმიანი ადამიანები იკრიბებიან. ინიციატივა მთლიანად თავზე აიღეთ და წაიყვანეთ ისეთ ადგილას, სადაც დარწმუნებული იქნებით, რომ არც ერთი საქმიანი ადამიანი არ იქნება. ამ მიზნით, კარგია ღამის ბულვარული კლუბები, უბრალო დისკოთეკები ან საერთოდ განმარტოვდეთ სასტუმროში. განსაკუთრებით ძნელია პოლიტიკოს ქალებთან ურთიერთობა. მათთვის პოლიტიკის დავიწყება ყველაზე ინტიმურ წუთებშიც კი ძნელია. ნამდვილი ჯადოქარი იქნებით, თუ ამას შეძლებთ.
თქვენი საყვარელი ქალი – ხელოვანი
ამ ტიპის ქალებთან ურთიერთობა მეტად საინტერესოა. ისინი შეიძლება იყვნენ: მსახიობები, მხატვრები, მომღერლები, დიზაინერები და ა.შ.
ა) მხატვარი – მხატვარ ქალთან ურთიერთობისას ყურადღება გაამახვილეთ ყოველ დეტალზე. პირველ რიგში, ეცადეთ მის სულიერ კომფორტზე იზრუნოთ, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ თქვენს ემოციებსა და გრძნობებს პატივი არ სცეთ. თუ სათანადო ყურადღებას გამოიჩენთ მის მიმართ, ის გაორმაგებულად დაგიბრუნდებათ უკან. ასეთ სიტუაციაში თქვენი სიყვარული ერთ ლამაზ ნახატს დაემსგავსება. რა უნდა გახსოვდეთ მხატვარ ქალთან ურთიერთობისას? პირველ რიგში, ის, რომ იგი ხელოვანია. საერთოდ, მიჩნეულია, რომ მხატვრებს ქაოსი უფრო მოსწონთ, ვიდრე წესრიგი. ამას აქსიომად ნუ ჩათვლით, რადგან შეიძლება თქვენს შემთხვევაში, ქალი წესრიგის მოყვარული იყოს. საერთოდ, ახალგაზრდა მხატვარ ქალთან ურთიერთობისას მნიშვნელობა მიანიჭეთ თქვენს ჟესტებსა და შეხვედრის ადგილებს. მათ განსაკუთრებით ხიბლავთ მინდვრის ყვავილები და ყველაფერი ის, რაც უბრალოებას ესადაგება. გახსოვდეთ, რომ მხატვარ ქალებს თავად უყვართ რაიმე ნივთში ახლის აღმოჩენა. თუ თქვენ მისთვის აღმოჩენა იქნებით, თქვენი სიყვარულის ისტორია კარგად განვითარდება. ნუ გაგიკვირდებათ ის, რომ მას დიდ სიამოვნებას მიანიჭებს ლამაზი საუბარი. ნურც ის გაგიკვირდებათ, რომ თქვენ რომელიმე ღრუბელს, ვარსკვლავს ან მისთანებს შეგადაროს.
ბ) მსახიობი – მსახიობებთან ურთიერთობისას მაქსიმალურად თავისუფლად იგრძნობთ თავს, რადგან, პირველ რიგში, ამ პროფესიის ქალებს თქვენი თავისუფლება სჭირდებათ. მათთან ხანგრძლივი ურთიერთობისას შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თქვენც გაგაჩნიათ მსახიობური ნიჭი. სულაც არ არის საჭირო, იცნობდეთ თეატრალურ და კინომოღვაწეებს. უბრალოდ, მისთვის საინტერესო ადამიანი უნდა იყოთ, შეგეძლოთ სიურპრიზების გაკეთება, ისეთის, როგორიც აღაფრთოვანებს. მსახიობ ქალებს საჩუქრებიდან განსაკუთრებით რომანტიკული დეტალები უყვართ – ყვავილები, სანთლები. ეცადეთ პაემანიც რომანტიკულ სიტუაციებში შედგეს. მსახიობებს ნაკლებად ხიბლავთ თანამედროვე ტექნოლოგიური, კომპიუტერული მიღწევები. მათთან ურთიერთობისას ნურც ევროატმოსფეროზე იზრუნებთ. მთავარია, ერთი სანთელი და თქვენი თვალები.
გ) მომღერალი – ამ ტიპის ქალთან ურთიერთობისას ეცადეთ გარშემო ყველაფერი ძვირფასი იყოს. მას ყოველდღიურად სჭირდება ყვავილების ზღვა და თქვენი სიყვარული. იმდენად არის მიჩვეული ღამის ხმაურიან ცხოვრებას, რომ თქვენგან მხოლოდ განმარტოებას და სიმყუდროვეს ელის.
დაბოლოს, ყველა ქალთან ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო. ნუ ეცდებით გულმოდგინეთ შეასრულოთ ყველა ზემოთ ნათქვამი რეცეპტი, უბრალოდ, კარგად დააკვირდით მის ხასიათს, გარეგნობას, სოციალურ მდგომარეობას და თავად მიხვდებით, თუ როგორ უნდა იმოქმედოთ.