ინვესტიციის პროცესი სისტემური მიდგომის პოზიციებიდან
ლამარა ქოქიაური საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის და ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
სისტემური მიდგომა მეცნიერული შემეცნებისა და სოციალური პრაქტიკის მეთოდოლოგიის ის მიმართულებაა, რომელსაც საფუძვლად უდევს ობიექტების განხილვა სისტემებად; მას იყენებენ ინსტრუმენტარიუმად, რომელიც კვლევას ობიექტის მთლიანობის დასაბუთების, მასში მრავალფეროვანი კავშირების გამოვლენისა და ერთიან კომპლექსად მათი თავმოყრისკენ წარმართავს.
სისტემური მიდგომა თავისი არსით დიალექტიკური მატერიალიზმის პრინციპების კონკრეტიზაციაა, რომლის ფარგლებშიც ინვესტიციის პროცესი შეგვიძლია განვიხილოთ იმ ოპერაციების (საქმიანობის სახეების) სერიად, რომელიც საწყის მასალაზე ხორციელდება (პროცესის შესავალი). იგი ფასეულობას ადიდებს და განაპირობებს გარკვეულ შედეგს (პროცესის გამოსავალს) სისტემური მიდგომის პოზიციებიდან შესაძლებელიაინვესტიციის პროცესის კვლევა, რადგან ინვესტიციის პროცესი ეკონომიკური სისტემაა და მას აქვს შესავალი – ამ სისტემის კომპლექსური მდგომარეობა (საინვესტიციო გარემო) და გამოსავალი – ეკონომიკურ სისტემაში ინვესტიციების შემოსვლის ცვლილება. გამოსავალზე მიღებული ინვესტიციის პროცესის შედეგი განსაზღვრავს ეკონომიკური სისტემის განვითარებას, რომელშიც მიმდინარეობს პროცესი და იწვევს მასში ეკონომიკური ზრდის ტემპების ცვლილებას.
ინვესტიციის პროცესის მართვა. ინვესტიციის პროცესი ხორციელდება მართვის მეშვეობით. მას განმარტავენ ისეთ სტრატეგიად, რომელიც მაქსიმალური ეფექტის მიღწევას უზრუნველყოფს და ეკონომიკური სისტემის მაქსიმალური ზრდისკენ წარმართავს ყოველგვარ საქმიანობას. მართვა შედგება მოქმედებათა შემდეგი ციკლისგან:
1. ინვესტიციის პროცესის მიმდინარე მდგომარეობის ანალიზი, რომელშიც შედის: საინვესტიცო მიმზიდველობისა და საინვესტიციო აქტივობის ანალიზი, ინვესტიციებზე ეკონომიკური სისტემის მოთხოვნელების დაკმაყოფილების ანალიზი;
2. ინვესტიციების საჭირო მოცულობისა და საინვესტიციო მიმზიდველობის იმ მაჩვენებლის განსაზღვრა, რომელსაც ეს მოცულობა შეესაბამება;
3. სისტემის საინვესტიციო მიმზიდველობის საჭირო მდგომარეობის უზრუნველმყოფი ღონიძიებების შემუშავება, შერჩევა და რეალიზება;
4. ეკონომიკურ სისტემაში ინვესტიციების შემოსავლის ის ცვლილება, რომელსაც საინვესტიციო მიმზიდველობის ცვლილება განაპირობებს;
5. ეკონომიკური სისტემის პარამეტრების შეცვლა ინვესტირების ხარჯზე, რაც ეკონომიკური ზრდის ტემპების შეცვლაში მდგომარეობს.
ამ ციკლის მუდმივად რეალიზება გამუდმებით აუმჯობესებს ინვესტიციის პროცესის მართვის სისტემას და ზრდის ეკონომიკური სისტემის ფუნქციონირების ეფექტურობას.
სისტემური მიდგომის რეალიზაცია მდგომარეობს ინვესტიციის პროცესის გამოკვლევაში არამარტო ჰორიზონტალურ ჭრილში (მართვის სუბიექტი – საინვესტიციო მიმზიდველობა – ინვესტორი – საინვესტიციო აქტივობა – ინვესტირების მოცულობა – ინვესტირების ობიექტი – მართვის სუბიექტი), არამედ ვერტიკალურ ჭრილშიც (მსოფლიო თანამეგობრობა – ქვეყანა – რეგიონი – დარგი – საწარმო – ფიზიკური პირი). ამგვარი განხილვა ამცირებს ინვესტიციის პროცესის მართვის განმეორებადი ღონისძიების რაოდენობას და გვაძლევს ინვესტიციის პროცესის კომპლექსურ თეორიულ სურათს.
ქმედითი საინვესტიციო პოლიტიკის მომზადებისა და რეალიზებისთვის აუცილებელია ქვეყანაში, ეკონომიკის დარგებსა და რეგიონებში ჩამოყალიბებული საინვესტიციო სიტუაციის შეფასების კრიტერიუმების ნათლად და ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრა, ეკონომიკური რეალიების ადეკვატური მეთოდური აპარატის შემუშავება და მისი თანმიმდევრულად გამოყენება.
ინვესტიციის პროცესს (ე.ი. ინვესტიციების განხორციელების პროცესს) სისტემის ყველა ნიშან-თვისება აქვს. მასში ყოველთვისაა სუბიექტი (ინვესტორი), ობიექტი (ინვესტიციების ობიექტი); მათ შორის კავშირი (ინვესტირება საინვესტიციო შემოსავლის მიღების მიზნით) და გარემო, რომელშიც ისინი არსებობენ (საინვესტიციო გარემო). ინვესტირების პროცესს ახასიათებს გარკვეული სტრუქტურა და სხვა ეკონომიკურ პროცესებს შორის ზუსტი იდენტიფიცირების საშუალება. იგი თავის თვისებებს ავლენს სხვა სისტემებთან ურთიერთქმედების შედეგად, იცავს გარკვეულ კონცეფციას და ასახავს ინვესტიციის პროცესის სუბიექტების შეხედულებებს, მიზნებსა და ფასეულობებს. კავშირი სისტემაწარმომქმნელი ფაქტორია, რადგან ერთ მთლიანობაში უყრის თავს ყველა დანარჩენ ელემენტს (ნახ. 1.) სისტემური მიდგომა საშუალებას გვიქმნის ამომწურავად აღვწეროთ ინვესტიციის პროცესის არსი და სრულყოფილად განვმარტოთ მისი ძირითადი ცნებები.
ინვესტიცირების პროცესს განსაზღვრავს შემოსავლის მიღებისთვის ინვესტირების ობიექტსა და სუბიექტს შორის ინვესტიციების განთავსების თაობაზე წარმოქმილი ურთიერთკავშირები, ობიექტზე სუბიექტისა და მართვის ორგანოების მხრიდან განხორციელებული საინვესტიციო ზემოქმედება, აგრეთვე, საინვესტიციო გარემოს პირობების ცვლილებები. ^^^^^
ინვესტიციის პროცესის ადგილი საზოგადოებრივ ურთიერთობათა სისტემაში. ინვესტირების პროცესი არ არსებობს განკერძოებულად და ყოველთვის ჩართულია მომდევნო დონის რომელიმე სივრცეში. ე.ი. იგი განიხილება მთლიანობითი მიდგომის ფარგლებში – სივრცეში სხვა სისტემებთან ურთიერთკავშირში. ეს შესაძლებლობას გვიქმნის ამომწურავად აღვწეროთ ინვესტიციის პროცესის ადგილი და როლი როგორც საქმიანობის ცალკეულ სფეროში, ისე საზოგადოებრივ ურთიერთობათა სისტემაშიც. ნებისმიერი სუბიექტი ორიენტირებულია განვითარებაზე და ყოველთვის ითხოვს რაიმე რესურსის შევსებასა და ამა თუ იმ თვისების შეცვლას. საკუთარი ძალებით ამ დეფიციტის შევსებაზე ორიენტაცია მკვეთრად ანელებს ეკონომიკურ ზრდას, რადგან სუბიექტისაგან მოითხოვს მისთვის უჩვეულო საქმიანობის გაწევას და ამისათვის მისი ძირითადი რესურსების მოცდენას. სპეციალიზაციის პირობებში საკუთარი სახსრების შეზღუდულობა სუბიექტს აიძულებს იმგვარი ობიექტის ძიებას, რომლის თვისებებიც მინიმალური დაბანდებებით შეუვსებს მას არსებულ დეფიციტს. ინვესტიციების აუცილებლობა მაშინ ჩნდება, როცა შერჩეული ობიექტის პოტენციალი არ აკმაყოფილებს საჭირო კრიტერიუმებს და საჭიროა გარკვეულ გარე მონაწილეობას მისი განვითარებისთვის. ინვესტიციების განხორციელება შესაძლებელია მაშინ, როცა სუბექტის ხელთ არსებული რესურსები, ან მისი თვისებები იძლევა ობიექტის მოთხოვნილ თვისებებზე ობიექტისათვის საჭირო ზემოქმედების შესაძლებლობას.
დაბანდების განხორციელების მომენტში ინვესტორი კავშირს ამყარებს კონკრეტულ ობიექტთან. ინვესტორის ზემოქმედების შედეგად იცვლება ინვესტიციის ობიექტის თვისებები, შემდეგ კი ეს შეცვლილი თვისებები ინვესტიციური შემოსავლის სახით გავლენას ახდენს ინვესტორზე, ცვლის მის თვისებებს, მათ შორის – ავსებს არსებულ დეფიციტს. ინვესტიციის პროცესის დასრულების შემდეგ სუბიექტი და ობიექტი განახლებულად იწყებენ არსებობას. ამვარად, ინვესტიციის პროცესი სუბიექტისა და ობიექტის თვისებების დიფუზიას უწყობს ხელს.
საქმიანობის ნებისმიერი სფერო არაჰომოგენური წარმონაქმნია; მის სუბიექტებსა და ობიექტებს განსხვავებული თვისებები აქვთ და სხვადასხვაგვარადაც ავლენენ მათ. ამ სფეროში მიმდინარე მრავლობითი საინვესტიციო პროცესები გამუდმებით ცდილობენ მოიცვან ყველა სუბიექტი და ობიექტი და იწვევენ როგორც მათი თვისებების შემადგენლობის, ისე ამ თვისებების გამოვლენის ძალთა გათანაბრებას. ამას შედეგად მოსდევს არა გასაშუალოება, არამედ მაქსიმიზირება. ამგვარად, საინვესტიციო პროცესები ხელს უწყობენ საქმიანობის შესაბამისი სფეროს თვისებების ჰომოგენიზებას, ჰომოგენიზაცია კი ამ შემთხვევაში მოცემული სფეროს საერთო განვითარების იდენტურია.
საზოგადოებრივი განვითარების დინამიკას განსაზღვრავს საქმიანობის ცალკეული სფეროების განვითარება. თუკი საქმიანობის რომელიმე სფეროში მომხდარი რევოლუციური გარდატეხა ბიძგს აძლევს მანამდე არნახულ ზრდას, ეს იწვევს მასთან დაკავშირებული სფეროების განვითარების ბუნებრივ ჯაჭვურ რეაქციას. თუკი ხდება საქმიანობის სფეროების ევოლუციური განვითარება, მის დინამიკას, როგორც წესი, განსაზღვრავს მათ შორის ყველაზე ნაკლებად განვითარებულის შესაძლებლობები. როდესაც ინცესტიციებსა და ინვესტიციურ შემოსავალს სხვადასხვა საგნობრივი შედგენილობა აქვთ, ე.ი. საქმიანობის სხვადასახვა სფეროებს განეკუთვნებიან, მაშინ მრავლობითი საინვესტიცო პროცესები ურთიერთშეღწევადს ხდიან ამ სფეროებს. ამის შედეგად ხდება მათი განვითარების დინამიკის ლოკალური მართვადი შეცვლა. ეს იწვევს ერთმანეთთან დაკავშირებული სფეროების განვითარების ჯაჭვურ რეაქციას. ამგვარად, საინვესტიციო პროცესები საშუალებას გვაძლევენ შევქმნათ და შევინარჩუნოთ საქმიანობის ურთიერთდაკავშირებული სფეროების განვითარების ბუნებრივი ჯაჭვი. ეს პროცესები საზოგადოებრივი განვითარების დაჩქარების ფაქტორად გვევლინება.
ინვესტიციის პროცესის ძირითად კატეგორიებს შორის კავშირის გამოვლენა საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ დაბანდებათა მოცულობის დამოკიდებულება საინვესტიციო სფეროს ფაქტორებსა და პირობებზე, ე.ი. რეგიონში ჩამოყალიბებულ საინვესტიციო გარემოზე.
საინვესტიციო გარემოს ძირითადი სტრუქტურული ელემენტები და მათ შორის არსებული კავშირები, რომლებიც ლიტერატურაშია მოცემული, შეგვიძლია განვაზოგადოთ ნახ. 2-ზე წარემოდგენილი სახით.
ინვესტიციის პროცესის შემადგენლი კომპონენტების ურთიერთკავშირი. ამგვარი მიდგომა ასახავს ინვესტიციის პროცესის ყველაზე უფრო არსებით მხარეებს, მაგრამ საშუალებას არ გვაძლევს გავითვალისწინოთ მიმდინარე პროცესების გავლენა საინვესტიციო გარემოზე და პირიქით – საინვესტიციო გარემოს გავლენა ინვესტირების პროცესზე. ამიტომ საჭიროდ მივიჩნევთ სხვაგვარად განვიხილოთ ინვესტიციის პროცესის შემადგენელი კომპონენტების ურთიერთკავშირი.
საინვესტიციო მიმზიდველობა თავისი შინაარსით პოზიტიური კატეგორიაა, ამ მიმზიდველობის ჩამოყალიბებაში მონაწილე ინვესტიციური რისკები კი – ნეგატიური. ამიტომ არაკომერციული ინვესტიციური რისკების, როგორც საინვესტიციო მიმზიდველობის კომპლექსური ფაქტორის გათვალისწინების დროს მიზანშეწონილია რისკების რიცხობრივი მახასიათებლების გარდასახვა იმ ცნების რიცხობრივ მახასიათებლებად, რომელიც არსით “ინვესტციური რისკის” ცნების საპირისპიროა. ამგვარ ცნებას – ინვესტიციური რისკების ცნების ანტონიმს – უნდა ვუწოდოთ “სოციალურ – პოლიტიკური და ეკონომიკური უსაფრთხოება ინვესტორისთვის”, ან უფრო მარტივად – საინვესტიციო უსაფრთხოება (შესაბამისად – მაკროეკონომიკური, რეგიონული, დარგობრივი და საწარმოს დონეზე). ხსენებული გარდასახვა საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ ორი კომპლექსური ფაქტორის – საინვესტიციო პოტენციალისა და ინვესტიციური არაკომერციული რისკების – ურთიერთსაპირისპიროდ მიმართული გავლენა საშედეგო მახასიათებელზე – საინვესტიციო მიმზიდველობაზე.
ზუსტად ასევე, ამ განმაზოგადებელი ცნებების თითოეულ კერძო ფაქტორს ერთდროულად აქვს როგორც პოზიტიური რაოდენობრივი გამოხატულება (პოზიტიური მაჩვენებლის მეშვეობით – დარგის საინვესტიციო უსაფრთხოების საბოლოო დონის განსაზღვრისთვის), ისე ნეგატიურიც (შინაარსით მისი საპირისპირო “ნეგატიური” მაჩვენებლის მეშვეობით – დარგის არაკომერციული ინვესტიციური რისკების საბოლოო დონის განსაზღვრისათვის).
სოციალურ-ეკონომიკური სისტემის (შემდგომში – სეს-ის) საინვესტიციო მიმზიდველობას განსაზღვრავს საინვესტიციო პოტენციალის მდგომარეობა და ინვესტიციური რისკის დონე. რეგიონში არსებულ საინვესტიციო აქტივობას – სეს-ში საინვესტიციო საქმიანობის რეალურად განვითარებას – ახასიათებს ინვესტიციების ინტენსიურობა. თავის მხრივ, იგი განისაზღვრება წარსული, მიმდინარე და მომავალი საინვესტიციო აქტივობით. წარსული საინვესტიციო აქტივობა ახასიათებს სისტემებში ადრე დაბანდებული ინვესტიციების ინტენსივობას და საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ მათი მომავალი შემოსავლიანობა, სავარაუდო კონკურენტების რაოდენობა და კაპიტალის დაბანდებისთვის ყველაზე უფრო მომგებიანი სფერო. მიმდინარე საინვესტიციო აქტივობა განსაზღვრავს სისტემის ეკონომიკური განვითარების დონეს და შესაძლებლობას გვაძლევს მოვახდინოთ დამატებითი დაბანდებების მოცულობებისა და ინვესტიციების მოსალოდნელი შემოსავლიანობის პროგნოზირება, განვსაზღვროთ ბაზარზე ინვესტორის მიერ მომავალში დაკავებული პოზიცია. მომავალი (მოსალოდნელი) საინვესტიციო აქტივობა ორიენტირია მთელი საინვესტიციო პროცესის დასაგეგმად: დაბანდებათაAმომავალი მოცულობების განსაზღვრიდან სეს-ის საინვესტიციო გარემოს მართვამდე – კაპიტალის სასურველი ნაკადის შემოსავლის მიღწევის მიზნით. საინვესტიციო აქტივობის ამ სამი შემადგენელი კომპონენტის ანალიზი ინფორმაციას აწვდის ინვესტორს სეს-ის ინვესტიციების ბაზარზე კონკურენციის დონის შესახებ, მისი განვითარების ტენდენციებისა და ბაზრის შემცირების ღონისძიებების შესახებ.
საინვესტიციო მიმზიდველობისა და საინვესტიციო აქტივობის ერთობლიობა შეადგენს ქვეყნის, რეგიონის, დარგის, კორპორაციის (საწარმოში არსებულ) საინვესტიციო გარემოს. მაგრამ საჭიროა ავსახოთ უკუკავშირიც, ე.ი. საინვესტიციო გარემოს გავლენა საინვესტიციო აქტივობაზე. მაგალითად, საინვესტიციო გარემოს მიმდინარე მდგომარეობა განსაზღვრავს ინვესტორის აზრსა და მის საქმიანობას მომავალში ინვესტიციების დაბანდებასთან დაკავშირებით. მიმდინარე პერიოდში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება სტიმულს აძლევს დაბანდების უფლების მოსაპოვებლად ინვესტორებს შორის გამართული კონკურენციის განვითარებას, აგრეთვე, საქონლისა და მომსახურების ბაზარზე ჩამოყალიბებულ კონკურენციას, რაც ხელს უწყობს ფასების დაწევას და პროდუქციის ხარისხის ამაღლებას. ამის პარალელურად ხდება საინვესტიციო რესურსების ნაკადის შემოსვლა, რაც არსებული რესურსების უფრო რაციონალური და ეფექტური გადანაწილების შესაძლებლობას უქმნის რეგიონული განვითარების მართვის ორგანოებს. ეს ამცირებს რეგიონულ განვითარებაში შექმნილ დისპროპორციებს, აუმჯობესებს რეგიონში ცხოვრების სოციალურ პირობებს, ხელს უწყობს ინფრასტრუქტურისა და კავშირგაბმულობის განვითარებას, ცვლის საინვესტიციო გარემოს ვითარებას რეგიონის ეკონომიკის განვითარების მოთხოვნილებებზე დამოკიდებულებით.
ინვესტიციის პროცესის თავისებურებათა გათ-ვალისწინებით მის მართვას საფუძვლად უნდა დაედოს არა მარტო ადმინისტრაციულ-მარეგუ-ლირებელი ზომების გამოყენება, არამედ იმ ეკო-ნომიკური მოდელების გამოყენებაც, რომლებიც ამა თუ იმ ღონისძიებების აუცილებლობას ასაბუთებენ.
ინვესტიციის პროცესის შინაარსი და ძირი-თადი ეტაპები. ამრიგად, ინვესტიციის პროცესი საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების ეტაპების, მოქმედებების და ოპერაციების თანმიმდევრობაა. ამ პროცესის კონკრეტული დინება ინვესტირების ობიექტზეა დამოკიდებული. ამისდა შესაბამისად, ინვესტიციის პროცესის ეტაპების გამიჯვნაც მნიშვნელოვანწილადაა განპირობებული ინვესტირების სახეებით. საუბარია უპირველეს ყოვლისა, რეალურ და ფინანსურ ინვესტიციებზე.
ინვესტიციის პროცესი ორი ძირითადი ეტაპისაგან შედგება. ესენია:
1. გადაწყვეტილების მიღება ინვესტირების შესახებ და 2. ინვესტიციების განხორციელება და ექსპლუატაცია. მიღებულია პირველი ეტაპის იყოფა რამდენიმე დამოუკიდებელ ფაზად (ქვეეტაპად), რომლებიც ახასიათებს როგორც რეალურ, ისე ფინანსურ ინვესტიციებს. ამ ფაზების რაოდენობა შეიძლება იყოს სხვადასხვა, მაგრამ ყველაზე უფრო ტიპურია სამი: ა) ინვესტირების მიზნების გამოკვეთა; ბ) ინვესტირების მიმართულების განსაზღვრა და გ) ინვესტირების კონკრეტული ობიექტების შერჩევა.
ინვესტირების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში განსაზღვრავენ და სახავენ სხვადასხვა მიზნებს. ამოსავალია ფორმალური მიზნები, რომლებსაც შემდეგ ინვესტიციების შერჩევის კრიტერიუმად იყენებენ. ფორმალური მიზნები ინვესტორის სტრატეგიული მიზანდასახულობიდან გამომდინარეობს.
საინვესტიციო საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებების შემუშავება უკავშირდება როგორც პერსპექტიული პერიოდის კონკრეტულ ეტაპებზე ინვესტირების ამა თუ იმ ფორმის თანაფარდობის განსაზღვრას, ისე საინვესტიციო საქმიანობის მიმართულების პროფილის განსზღვრასაც მისი დარგობრივი შემადგენელი ნაწილის ჩათვლით. ინვესტორის მიერ ამა თუ იმ ეტაპზე ინვესტირების ფორმების პრიორიტეტულ შერჩევას მთელი რიგი შიდა და გარე ფაქტორები განაპირობებს.
შიდა ფაქტორებიდან უმნიშვნელოვანესია ფუნქციური მიმართულება, ე.ი. ინვესტორის (საწარმოს, ორგანიზაციის) საქმიანობის ძირითადი სახეები. მაგალითად, ინსტიტუციური ინვესტორებისთვის საინვესტიციო საქმიანობის ძირითადი მიმართულება ფასიან ქაღალდებში ინვესტირებაა. ეკონომიკის რეალური სექტორის საწარმოები, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან, პრიორიტეტს ანიჭებენ, როგორც წესი, ფინანსების მატერიალური და არამატერიალური აქტივების შეძენაში დაბანდებებს.
ფინანსური ინვესტირება ხორციელდება უპირატესად ან სხვა საწარმოების (როგორც კონკურენტების, ისე პარტნიორების) მართვაში მონაწილეობისთვის წილობრივი ფასიანი ქაღალდების შეძენის, ან სპეკულაციური მიზნებით თავისუფალი ფულადი სახსრების დროებით განთავსების ფორმით.
სხვა შიდა ფაქტორებიდან ინვესტირების მიმართულებათა შერჩევაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს საოპერაციო საქმიანობის სტრატეგიული მიმართულება, საწარმოს (ორგანიზაციის) სიდიდე, ინვესტორის სიცოცხლის ციკლის სტადია და სხვა.
ეკონომიკის რეალური სექტორის საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან ფინანსური ინვესტიციების ზრდა, როგორც წესი, ახასიათებს მსხვილ საწარმოებს, რომელთაც ინვესტიციების დაფინანსების წყაროების პოვნის მეტი შესაძლებლობები აქვთ, და იმ საწარმოებს, რომლებიც “სიმწიფის” სტადიაზე იმყოფებიან. ადრეულ სტადიებზე ინვესტირების უფრო გავრცელებული ფორმაა მატერიალურ და არამატერიალურ აქტივებში დაბანდებები.
იმ გარე ფაქტორებს შორის, რომლებიც ინვესტირების ფორმების შერჩევაზე ახდენენ არსებით გავლენას, ყველაზე მნიშვნელოვანია ინფლაციის ტემპები და ფინანსების ბაზარზე ჩამოყალიბებული საპროცენტო განაკვეთი.
ფორმალური მიზნები შეიძლება იყოს სწრაფვა მოგების გადიდებისკენ, წარმოების (საქმიანობის) მასშტაბების გაფართოებისაკენ, ძალაუფლებისა და საზოგადოებაში პრესტიჟის მოპოვებისკენ; ასევე, სოციალურ-ეკოლოგიური ამოცანების გადაჭრა, სამუშაო ადგილების შენარჩუნება ან გადიდება და ა.შ.
ეს მიზნები ხშირად არაა მკაფიოდ განსაზღვრული, არაა კოორდინირებული პრიორიტეტულობის თვალსაზრისით, ან არაა შემოწმებული მათი რეალიზაციის საგანზე. ამიტომ საჭიროა ფორმალური მიზნებიდან გამოვკვეთოთ ინვესტირების რეალური მიზნები კონკრეტული მიზნობრივი მაჩვენებლების დადგენით. მაგალითად, ფორმალური მიზანი – მოგების ზრდა – უნდა დაკონკრეტდეს მთელ რიგ ისეთ მაჩვენებლებად, რომელთათვისაც შესაძლებელი იქნება მათი მიღწევის ხარისხის განსაზღვრა. კერძოდ, ეს შეიძლება იყოს მოგების საშუალო სიდიდე რამდენიმე წლისათვის, ან წმინდა მოგების მაჩვენებელი, ანდა ის სხვა მაჩვენებლები, რომლებიც ინვესტირებიდან მიღებულ მოგებას ახასიათებენ.
ინვესტირების ფორმალური მიზნები ამარტივებს ინვესტირების მიმართულებათა განსაზღვრის ამოცანების გადაწყვეტას. მათ შორის შეიძლება იყოს როგორც ურთიერთდაკავშირებული ინვესტიციები, ისე დამოუკიდებელი და ალტერნატიული (ურთიერთგამომრიცხავი) ინვესტიციებიც.
ინვესტიციის პროცესის ძირითადი ეტაპები. საინვესტიციო პორტფელის ჩამოყალიბებასთან მიმართებაში, ინვესტიციის პროცესი მნიშვნელოვნად მარტივდება მისი ეტაპების შემცირების ხარჯზე. ამ პრობლემისადმი მიძღვნილ საზღვარგარეთულ ლიტერატურაში მიღებულია ინვესტიციის პროცესის შემდეგი ეტაპების გამოყოფა:
1. საინვესტიციო პოლიტიკის შერჩევა;
2. ინვესტიციების ბაზრის ანალიზი;
3. ფასიანი ქაღალდების პორტფელის გადასინჯვა;
4. ინვესტირების ეფექტურობის შეფასება.
პირველ ეტაპზე განსაზღვრავენ ინვესტირების მიზნებსა და მისი რეალიზაციისთვის საჭირო სახსრების მოცულობას, აგრეთვე, რისკისა და შემოსავლიანობის ხარისხს ყოველი ფინანსური ინსტრუმენტისათვის. ეს ეტაპი სრულდება პოტენციური სახის იმ ფინანსური აქტივების შერჩევით, რომლებიც პორტფელში შეიძლება იყოს შეტანილი.
მეორე ეტაპზე აზუსტებენ ცალკეული სახის ფასიანი ქაღალდის საკურსო ღირებულებას მოცემული მომენტისთვის ჩამოყალიბებულ საბაზრო კონიუნქტურის საფუძველზე და აგებენ კონკრეტული ფირმის აქციების კურსების დინამიკის პროგნოზს. ამ მიდგომას ტექნიკურ ანალიზს უწოდებენ. მიღებული მონაცემების საფუძველზე ატარებენ ფუნდამენტურ ანალიზს. მისი არსია ყველა იმ ნაღდი ფულადი ნაკადის დაყვანილი ღირებულების გაანალიზება, რომელთა მიღებასაც მომავალში აპირებს ფინანსური აქტივების მფლობელი.
ინვესტიციის პროცესის მესამე ეტაპი გულისხმობს ინვესტირებისთვის კონკრეტული აქტივების შერჩევას, აგრეთვე, აქტივებს შორის ოპტიმალური პროპორციების განსაზღვრას საინვესტიციო კაპიტალის ფარგლებში. ამის საფუძველია სელექციურობა, ოპერაციების დროის შერჩევა და რისკის დივერსიფიკაცია მთელი პორტფელის მიხედვით.
მეოთხე ეტაპი მოიცავს მიმდინარე პორტფელის პერიოდულ შეფასებას ინვესტორის მიზნების ცვლილებასთან და ოპტიმალური პორტფელიდან მის გადახრასთან მიმართებაში. ამის შემდეგ შესაძლებელია ადრე შეძენილი ფასიანი ქაღალდების ნაწილის გაყიდვა და ახლის ყიდვა.
საბოლოო ეტაპზე ატარებენ ფაქტიური შემოსავლიანობის და რისკის დონის პერიოდულ შეფასებას და მათ შედარებას არსებულ სტანდარტებთან.
ინვესტიციის პროცესის ძირითადი მონაწილეების წრეს ეკუთვნის: სახელმწიფო, ხელისუფლების რეგიონული და ადგილობრივი ორგანოები, საწარმოები და ფიზიკური პირები: მათ შეუძლიათ ინვესტიციის პროცესში მონაწილეობა მოთხოვნისა და მიწოდების სახით.
საბაზრო ეკონომიკის პირობებში ინვესტიციის პროცესში მონაწილეთა წრე მნიშვნელოვნადაა გაფართოებული. გაჩნდა კომერციული ბანკების, საკრედიტო-კომერციული ორგანიზაციების, საინვესტიციო ფონდებისა თუ კომპანიების და სადაზღვევო კომპანიების ქსელი, რომლებიც დამოუკიდებლად იღებენ ინვესტირების გადაწყვეტილებებს. და მაინც, ინვესტიციის პროცესში მათ მონაწილეობას განსაზღვრავს სახელმწიფო და ხელისუფლების რეგიონული და ადგილობრივი ორგანოები, რაც გამოიხატება საინვესტიციო კონკურსების ჩატარებით, საინვესტიციო პროექტების შერჩევითა და დამტკიცებით, პროდუქციის გამოშვების ლიცენზირებითა და კვოტირებით, საპროცენტო განაკვეთისა და დაბეგვრის სიდიდის განსაზღვრით. სახელმწიფოს, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების საფინანსო საქმიანობა როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების მხრივ არსებით გავლენას ახდენს საფინანსო ინსტიტუტებისა და ფინანსური ბაზრის ქცევაზე.
ფინანსურ ბაზარზე ფულის ძირითადი მიმწოდებელი მოსახლეობაა, რადგან იგი გაცილებით მეტს აძლევს ინვესტიციის პროცესს, ვიდრე იღებს. ცხადია, ამას ვერ ვიტყვით აღმასრულებელ ხელისუფლების ორგანოებსა და საწარმოებზე.
უცხოელი მეცნიერების უ. შარპის, გ. ალექსანდერისა და გ. ბეილის გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ მთლიანობაში სახელმწიფო და საწარმოები ფულადი სახსრების წმინდა მომხმარებლები არიან, ე.ი. მოიხმარენ უფრო მეტს, ვიდრე გასცემენ. კერძოდ, მრავალ მსხვილ კომპანიას თავისი გრძელვადიანი მიზნების რეალიზაციისათვის უზარმაზარი თანხები სჭირდება ქარხნების ასაშენებლად, მოწყობილობების შესაძენად, ახალი პროდუქტების შესამუშავებლად და ა.შ. გარდა ამისა, ნაღდი ფულის მასის მართვის აქტიური და რთული სტრატეგიის განხორციელებით ისინი ფასიანი ქაღალდების მთავარ მყიდველებად გვევლინებიან. ამგვარი ვითარება იქმნება სახელმწიფოს, ხელისუფლების რეგიონული და ადგილობრივი ორგანოების მხარეზეც, რომელთა საქმიანობა უკავშირდება კაპიტალურ დაბანდებებსა და მიმდინარე ხარჯების უზრუნველყოფას.
აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები ფულადი სახსრების უკმარისობას ივსებენ სავალო ვალდებულებებისა და ობლიგაციების, კომპანიები კი – აქციებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გამოშვებით.
საინვესტიციო პროექტის მონაწილეთა შემადგენლობას და მათ მიერ შესასრულებელ ფუნქციებს შემდეგი ფაქტორები განსაზღვრავს.
– საინვესტიციო პროექტის სპეციფიკა, მისი მასშტაბები, ტექნოლოგიური სირთულე და ა.შ.;
– საინვესტიციო პროექტის მონაწილეთა მიერ ფუნქციების შეთავსება პროექტის რეალიზების დროს;
– დამკვეთის ფინანსური მდგომარეობა, რომელიც ამცირებს ან ადიდებს საფინანსო სტრუქტურების მოზიდვას საინვესტიციო პროექტის რეალიზებაში;
– დამკვეთის უზრუნველყოფა საკუთარი მატერიალური რესურსებით, სამშენებლო მასალებით, ტექნიკით, მოწყობილობათა და ა.შ.;
– საინვესტიციო პროექტის მართვის ტიპის შერჩევა (ტრადიციული თუ პროგრესული).
საინვესტიციო პროექტის ტრადიციული ტიპით მართვისას გამოყოფენ მის შემდეგ ძირითად მონაწილეებს: სპონსორებს, მენარდეს, მოწყობილობის მიმწოდებელს, დაზღვევის კონსულტანტს, იურისტ-კონსულტანტს, გადასახადებისა და ფინანსების დარგის კონსულტანტებს, კრედიტორებს და სხვა.
განვიხილოთ ისინი უფრო დაწვრილებით.
ფართო გაგებით, სპონსორი არის თავდები, გარანტი. იგი ფიზიკური ან იურიდიული პირია, რომელიც აფინანსებს ეკონომიკურ პროექტსა თუ სოციალურ ღონისძიებათა გატარებას. აგრეთვე, დამკვეთი, მსხვილი პროექტის ორგანიზატორი ან მომწყობი სპონსორი შეიძლება იყოს როგორც კომერციული, ისე არაკომერციული სტრუქტურა.
რაც შეეხება სპონსორს, როგორც ინვესტიციის პროცესის მონაწილეს, ასე შეიძლება ვუწოდოთ დამკვეთს, ორგანიზატორს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს პროექტის ყველა მონაწილის საქმიანობას, ეწევა მოლაპარაკებებს, აანალიზებს მომწოდებლების, საფინანსო სტრუქტურების მენარდეთა კომერციულ წინადადებებს, ახორციელებს მარკეტინგულ კვლევებს და ფინანსური პარტნიორის შერჩევას. ცალკეულ შემთხვევაში იგი თავისთავზე იღებს სამშენებლო ინჟინერინგის ისეთი ფუნქციების შესრულებას, როგორიცაა: საინჟინრო-კონსალტინგური მომსახურება, საპროექტო-საკონსტრუქტორო და ანალიტიკურ-გაანგარიშებითი სამუშაოები, პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება, წარმოების ორგანიზაციისა და მართვის, პროდუქციის რეალიზაციის სფეროში რეკომენდაციების შემუშავება. ეს ამცირებს ინვესტიციის პროცესის მონაწილეთა რაოდენობას.
მენარდის, ე.ი სამუშაოთა შემსრულებლის როლს ასრულებენ საპროექტო-სამშენებლო და სამშენებლო ორგანიზაციები ან ინდივიდები. მენარდეს შეუძლია შეკვეთის შესრულებაში ჩართოს სხვა პირები, რომლებიც სუბმოიჯარეები ხდებიან, თვითონ მენარდე კი გენერალური მოიჯარე ხდება. იგი სამშენებლო იჯარის ხელშეკრულების მთავარ შემსრულებლად გვევლინება და მთლიანადაა პასუხისმგებელი დამკვეთის წინაშე სამუშაოთა იმ მთელი კომპლექსის შესრულებაზე, რომელიც ხელშეკრულებითაა დადგენილი.
მოწყობილობის მიმწოდებელი არის ფილიალები, შვილობილი კომპანიები, თუ ის სხვა ფირმები, რომლებსაც ხელი აქვთ მოწერილი მოწყობილობის მიწოდებაზე და მომსახურების გაწევაზე. თუკი საწარმო ხელშეკრულებას აფორმებს დამკვეთთან მრავალი ფირმისათვის მასალების, სამშენებლო ტექნიკის და მოწყობილობის კომპლექსურად მიწოდებაზე, მაშინ იგი გენერალური მიმწოდებელი ხდება და მთელ მიწოდებაზე აგებს პასუხს.
დაზღვევის კონსულტანტს იწვევენ დასაზღვევო რისკის გამოსავლენად და სადაზღვევო დაფარვის მეშვეობით პროექტის დაცულობის ხარისხის შესაფასებლად, აგრეთვე, შესაბამისი რეკომენდაციების შესამუშავებლად. იურისტ-კონსულტანტი ახორციელებს პროექტის გარშემო იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებას, განიხილავს მთლიანად შეთანხმებებსა და კონტრაქტებს.
საგადასახადო საკითხთა დარგის კონსულტანტი აანალიზებს პროექტის სარეალიზაციოდ ქვეყანაში არსებულ საგადასახადო სიტუაციას და ყველა მონაწილის საგადასახადო ვალდებულებებს, ადგენს რეკომენდაციებს გადასახადების მინიმიზაციისათვის.
საფინანსო კონსულტანტი ალტერნატიული ვარიანტების შეჯერების მეშვეობით უზრუნველყოფს ოპტიმალურ საფინანსო, საკრედიტო და საანგარიშსწორებო პირობების შერჩევას პროექტის რეალიზაციისთვის. პროექტში უცხოელი ინვესტორების მოწვევის შემთხვევაში, საფინანსო კონსულტანტმა იგი უნდა მოიყვანოს არსებულ საერთაშორისო სტანდართებთან შესაბამისობაში, რაც დიდად ამსუბუქებს პოტენციური ინვესტორებისა და კრედიტორების მდგომარეობას.
კრედიტორები, როგორც ინვესტიციის პროცესის მონაწილეები, ფულს სესხად იძლევიან გარკვეული ვადითა და გარკვეული პირობებით. ამ საფუძველზე მათ უფლება აქვთ კრედიტის დაბრუნება, ან სხვა რაიმე ვალდებულების შესრულება დებიტორს მოსთხოვონ. კრედიტორი შეიძლება იყოს სახელმწიფო, ბანკი, საწარმო ან ფიზიკური პირი, საინვესტიციო ფონდები და სხვა.
გარკვეული ნაკლოვანებები აქვს ინვესტიციის პროექტის მართვის ტრადიციულ ფორმას, რომლის დროსაც დამკვეთი თვითონ ასრულებს მართვის ფუნქციებს. დამკვეთების უმრავლესობა არასაკმარისად კომპეტენტურია პროექტის რეალიზაციასთან დაკავშირებულ ყველა საკითხში. ეს აძლიერებს რისკის დონეს მმართველობითი გადაწყვეტილების მიღების დროს, რაც გარდაუვალ დანაკარგებს იწვევს. გარდა ამისა, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ წარმატებით მართვა მოითხოვს ხელმძღვანელის სისტემატურ მონაწილეობას ინვესტიციის პროცესში. ამას კი დამკვეთი ყოველთვის ვერ ახერხებს. მესამეც, პროექტის მართვის ამ ფორმას ახასიათებს ფაზებისა და ეტაპების შედარებითი დაქსაქსულობა როგორც დროში, ისე ორგანიზაციულად, რაც დამატებით სიძნელეებს ქმნის მისი ყველა მონაწილის მოქმედებათა შეთანხმებულობის მიღწევაში.
აღნიშნულ ნაკლოვანებათა დაძლევა ხდება საინვესტიციო პროექტის მართვის პროგრესულ ფორმაზე გადასვლისას. მისი არსი ისაა, რომ საინვესტიციო საქმიანობის ორგანიზაციასა და მართვაში მთავარი ფიგურა ხდება პროექტის მმართველი (მენეჯერი). ეს შესაძლოა იყოს სამშენებლო ან სამშენებლო-საპროექტო ორგანიზაციის საგანგებოდ მომზადებული მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, ან გამოცდილი ხელმძღვანელი. იგი ახორციელებს პროექტის საერთო ხელმძღვანელობას, რაშიც შედის ფინანსების, პერსონალის და სამშენებლო წარმოების მართვა.