საქართველოს საბანკო სისტემის ზოგიერთი პრობლემა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე
ირაკლი კოვზანაძე ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრის გამგე გოგი კონტრიძე ეკონომიკის აკადემიური დოქტორი
თანამედროვე საქართველოში საბანკო სექტორი ჩამოყალიბდა, როგორც ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და დინამიურად განვითარებადი სეგმენტი. 1995 წლის შემდეგ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და სხვა) დახმარებით საბანკო სისტემა იზრდებოდა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ყალიბდებოდა, ხოლო 2005-2007 წლებში საბანკო აქტივების ზრდამ ბოლო პერიოდში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, საშუალოდ, წლიურ 60-65%-ს მიაღწია.
ეროვნული ბანკის ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 2008 წლის 7 თვის განმავლობაში 7.6%-ით გაიზარდა და 1465 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. ქვემოთ მოყვანილია საქართველოს ზოგიერთი მაკროეკონომიკური და საბანკო მონაცემის დინამიკა 2001-2008 წლებში [1].
ოფიციალური ინფლაციის მაჩვენებელმა 2007 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად დაიწია ორნიშნაზე დაბლა და 2008 წლის ივლისის ბოლოსთვის 9.8% შეადგინა (ნახ. 2). მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი ბოლო წლების განმავლობაში იზრდებოდა (2003 – 4.8%, 2004 – 5.7%, 2005 – 8.3%, 2006 – 9.2%, 2007 – 8.2%, 2008 წლის 7 თვე – 11.2%). 2006 წლის ივლისში კი ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა 14.5%-ს მიაღწია. 2005 წლის შემდეგ ცხადია, რომ ინფლაციის პრობლემამ საქართველოში ქრონიკული ხასიათი შეიძინა.
2003 წლის შემდეგ დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი თანდათან შემცირებას იწყებს. მიუხედავად ამ ტენდენციისა, უნდა ითქვას, რომ მისი დონე მაინც მაღალია. 2008 წლის ივლისის ბოლოს მან 60.5% შეადგინა. ამასთან, განსაკუთრებით დიდია მისი დონე ფიზიკურ პირთა დეპოზიტების მიხედვით – 73.3%. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია, რომელიც 2008 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირდა, ეხება სავალუტო დეპოზიტების სტრუქტურას. 2002 წლის ბოლოსათვის სავალუტო დეპოზიტების 97% დოლარში იყო, ხოლო ევროს წილად მხოლოდ 3% მოდიოდა. ამის შემდგომ ევრო თანდათან უფრო პოპულარული ხდება მეანაბრეებს შორის და 2008 წლის ივლისის ბოლოსათვის ევროს მოცულობამ უცხოური ვალუტის დეპოზიტებში 30% შეადგინა.
საბანკო სისტემის აქტივების ზრდის საშუალო ტემპი 2000 – 2004 წლებში
15-23%-ის ფარგლებში იყო. 2004 წლის შემდეგ ზრდის ტემპები მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2005 წელს მან 39% შეადგინა, 2006 წელს – 67%, 2007 წელს – 71%, ხოლო 2008 წლის 7 თვეში – 41%. საბოლოო ჯამში, 2004 წლის ბოლოსთან შედარებით, 2007 წლის ივლისის ბოლოს საბანკო აქტივები 5.2-ჯერ გაიზარდა. მშპ-სთან შედარებით უფრო მაღალი ზრდის ტემპების გამო საბანკო აქტივების მშპ-სთან შეფარდების მაჩვენებელი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა (2003 – 15.6%, 2004 – 17.3%, 2005 – 21.9%, 2006 – 30.7%, 2007 – 42.4%). კეთდებოდა პროგნოზი, რომ ასეთი ტემპების შენარჩუნების შემთხვევაში, აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო მიუახლოვდებოდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დონეს.
შესაბამისად იზრდებოდა სხვა მაჩვენებლებიც: ანალოგიურ პერიოდში წმინდა სესხები 6-ჯერ, მთლიანი დეპოზიტები – 3.6-ჯერ, ფიზიკური პირების მთლიანი დეპოზიტები – 3.7-ჯერ (მათ შორის ვადიანი დეპოზიტები – 3.6-ჯერ), ნასესხები სახსრები – 8.5-ჯერ, ხოლო კაპიტალი 5-ჯერ გაიზარდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფიზიკური პირების მთლიანი დეპოზიტების მნიშვნელოვანი ზრდა 493 მლნ ლარიდან 1831 მლნ ლარამდე, რაც მოსახლეობის მხრიდან საბანკო სისტემისადმი ნდობის აღდგენის პოზიტიური ტენდენციის დამადასტურებელია. თუკი 2000 წლის ბოლოსთვის ფიზიკური პირების დეპოზიტები მთლიანი დეპოზიტების 39%-ს შეადგენდა, 2007 წლის ივლისის მდგომარეობით იგი 44%-ს გაუტოლდა.
ადეკვატური იყო საბანკო სისტემის სხვა ფინანსური მაჩვენებლების ზრდაც. თუკი 2004 წელს კომერციული ბანკების საერთო შემოსავლები 276 მლნ ლარს, ხოლო წმინდა მოგება 27 მლნ ლარს შეადგენდა, 2007 წელს ანალოგიური მაჩვენებლები, შესაბამისად, 949 და 109 მლნ ლარის ტოლია. 2007 წელს ბანკებმა პროცენტული ხარჯის სახით 302 მლნ ლარი გადაიხადეს (მათ შორის ვადიან დეპოზიტებზე – 126 მლნ ლარი). მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებებიც ბანკების შემოსავლებისა და ხარჯების სტრუქტურაში. 2007 წელს 2004 წელთან შედარებით მთლიან შემოსავლებში პროცენტული შემოსავლების წილი 56%-დან 73%-მდე გაიზარდა. ასევე, თუკი 2004 წელს მთლიან ხარჯებში პროცენტული ხარჯი 18% იყო, 2007 წელს მან 32% შეადგინა. შესაბამისად, შემცირდა არაპროცენტული ხარჯების წილი 67%-დან 40%-მდე (მათ შორის, აპარატის შენახვის ხარჯების წილი – 23%-დან 19%-მდე).
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საბანკო სისტემის ბაზარზე ძირითადი მოთამაშეების წილი დღესაც საკმაოდ მაღალია, მან შემცირება დაიწყო. თუკი 2007 წლის დასაწყისისათვის პირველი ორი ბანკის ხვედრითი წილი 58.8% იყო, ივლისის ბოლოსათვის ამ მაჩვენებელმა 57.2%-მდე დაიწია. ხოლო პირველი ხუთეულის (“საქართველოს ბანკი”, “თიბისი ბანკი”, “ბანკი რესპუბლიკა”, “პროკრედიტბანკი” და “ვითიბი ბანკი”) წილი 85.5%-დან 82.9%-მდე შემცირდა.
2007 წლიდან საქართველოს საბანკო ბაზარზე კონკურენცია გაიზარდა. განსაკუთრებით ინტენსიური გახდა ბანკების მიერ ახალი ფილიალებისა და სერვისცენტრების გახსნა. მხოლოდ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მათი რაოდენობა 52%-ით გიზარდა და 2008 წლის ივლისის ბოლოსათვის 640 გახდა (მათ შორისაა 129 ფილიალი და 511 სერვისცენტრი). ფილიალების და სერვისცენტრების გახსნასთან ერთად ხდებოდა ახალი პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზება, ბანკების დიდი ნაწილი გადავიდა მუშაობის გახანგრძლივებულ რეჟიმზე (9-დან 22 სთ-მდე), გაჩნდა 24 საათიანი მომსახურების სერვისცენტრები. წინა წლებთან შედარებით კრედიტის ხელმისაწვდომობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, დამატებითი გარანტიების გარეშე შესაძლებელი გახდა მცირე მოცულობის სამომხმარებლო და განვადებით სესხის აღება მოკლე ვადაში. ამ პროცესში აქტიურად ჩაერთო საყოფაცხოვრებო, ავტომანქანების სავაჭრო ობიექტები და სამშენებლო ბიზნესი. დაიწყო იპოთეკური დაკრედიტების ინტენსიური პროცესი. ჩვეულებრივი ამბავი გახდა მსხვილი ბანკების მიერ სადაზღვევო კომპანიების ყიდვის ან შექმნის ფაქტები. გაფართოვდა ელექტრონული მომსახურება. 2008 წლის 7 თვეში ბანკომატების რაოდენობა 43%-ით გაიზარდა და 1189 შეადგინა. ამავე პერიოდში პოსტერმინალების რაოდენობა 40%-ით გაიზარდა და 7253 შეადგინა. სადებეტო პლასტიკური ბარათების რაოდენობა გაიზარდა 43%-ით და 2,7 მლნ ცალს მიაღწია, ხოლო საკრედიტო ბარათების რაოდენობა გაიზარდა 165%-ით და 427 ათას ცალს გადააჭარბა.
უკანასკნელი წლების განმავლობაში ეკონომიკური აქტივობისა და ბანკებს შორის კონკურენციის ზრდასთან ერთად საქართველოში სახეზე იყო დეპოზიტებსა და კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირების ბუნებრივი პროცესი. თუმცა, ეს ტენდენცია თანდათან შენელდა და უკვე 2005 წლიდან დაიწყო უკუპროცესი, როგორც დეპოზიტებზე, ისე ბანკების მიერ გაცემულ სესხებზეც (ნახ. 3). ბუნებრივი იყო ისიც, რომ ბანკებმა ჯერ დეპოზიტებზე დაიწყეს პროცენტების აწევა (2004 წლის ბოლოდან), ხოლო რესურსების გაძვირებამ და მაღალმა ინფლაციამ კრედიტების გაძვირებაც გამოიწვია 2005 წლის ბოლოდან. განსაკუთრებით გააქტიურდა ეს პროცესი 2007 წლის ივლისიდან. საბაზრო საპროცენტო განაკვეთი სესხებზე მთელი ერთი წლის განმავლობაში 4.6 ერთეულით გაიზარდა და 2008 წლის ივლისისათვის 22.2%-ს მიაღწია (ეს კი 26%-იანი ზრდაა).
ცხადი გახდა, რომ 2004 წლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ გაზარდეს საპროცენტო განაკვეთები და დიდი სახსრები ჩადეს სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებებში (სარეკლამო კამპანიები, საშეღავათო პერიოდებთან დაკავშირებული აქციები, გათამაშებები), ბანკებს სულ უფრო უჭირდათ სახსრების მოზიდვა როგორც შიდა, ასევე გარე ბაზარზე და კრედიტებზე გაზრდილი მოთხოვნების დაკმაყოფილება. საბანკო სისტემის კონსოლიდირებულ აქტივებში იზრდებოდა სესხების ხვედრითი წილი. ასე მაგალითად, თუკი საშუალო წმინდა სესხების შეფარდების მაჩვენებელი საშუალო წმინდა აქტივებთან 1999-2004 წლებში 52%-ს არ აღემატებოდა, 2008 წლის ივლისის ბოლოსათვის 61%-ს მიაღწია. ბუნებრივია, რომ ყოველივე ეს იწვევდა ბანკების აქტივებში ლიკვიდური სახსრების ხვედრითი წილის მნიშვნელოვან შემცირებას და შესაბამისად რისკების ზრდას როგორც მთლიანად საბანკო სისტემაში, ისე ცალკეული ბანკების მიხედვითაც.
თუკი 2006-2007 წლებში ბანკების საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპის საშუალო მაჩვენებელი თვეში 4.2% იყო, 2008 წლის თებერვალ-ივლისში 3.3% შეადგინა, მათ შორის, მაის-ივლისში – 2.6%. ამასთან, ადგილობრივ ბაზარზე მოზიდვების კუთხით რეგრესი უფრო მეტად თვალსაჩინოა. მთლიანი დეპოზიტების კუთხით ზრდის ტემპმა 2006-2007 წლებში შეადგინა 3.6%, 2008 წლის თებერვალ-ივლისში – 1.5%, მათ შორის მაის-ივლისში – 1.1%, ხოლო ფიზიკური პირების ანაბრების შემთხვევაში – 3.3%, 2.5% და 1.7% შესაბამის პერიოდებში. ამასთან, 2008 წლის განმავლობაში იყო თვეები, როცა ამ მაჩვენებლების კლებასაც ჰქონდა ადგილი. მაგალითად, მთლიანი დეპოზიტები თებერვალში 2.5%-ით, ხოლო ფიზიკურ პირთა დეპოზიტები მაისში 0.5%-ით შემცირდა. Aანუ, საბანკო სისტემა უკანასკნელი წლის განმავლობაში ამუხრუჭებდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად ბოლო პერიოდში პერმანენტულად იკვეთებოდა ნეგატიური სურათი ბანკების მიერ რესურსების მოზიდვის მიმართულებით. მივიღეთ ის შედეგი, რაც, როგორც წესი, მოსდევს აღნიშნულ პროცესს, თუკი არ ხდება ჩარევა და რეგულირება შესაბამისი ბერკეტებით საბანკო საზედამხედველო ორგანოების მხრიდან. კერძოდ, თუკი 2004 წლამდე ფულადი სახსრების (ნაღდი ფული და ფულადი სახსრები საკორესპონდენტო ანგარიშებზე) შეფარდება აქტივებთან, წმინდა სესხებთან და მთლიან ვალდებულებებთან 1999-2004 წლებში ინარჩუნებდა სტაბილურ დონეს (ზოგ შემთხვევაში კი იზრდებოდა კიდეც), 2005 წლის შემდეგ იწყება ყველა ზემოაღნიშნული ხარისხობრივი მაჩვენებლის გაუარესება და აგვისტოს ცნობილ მოვლენებამდე საბანკო სისტემაში ფაქტობრივად უკვე სახეზე იყო ლიკვიდობის სერიოზული პრობლემები (ნახ. 4). ფულადი სახსრების შეფარდების მაჩვენებელი წმინდა სესხებთან 2004 წლის შემდეგ 2008 წლის ივლისის ბოლომდე 60%-დან 33%-მდე, ვალდებულებებთან – 40%-დან 25%-მდე, ხოლო აქტივებთან – 31%-დან 20%-მდე შემცირდა.
ამასთან, დეპოზიტების საშუალო ვადიანობის მაჩვენებელი, როგორც მოსახლეობის მხრიდან ბანკებისადმი ნდობის ხარისხის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ინდიკატორი, შემცირებას იწყებს. თუკი 1996-1999 წლებში ვადიანი დეპოზიტების საშუალო ვადიანობის მაჩვენებელი 6.9 თვეს შეადგენდა, 2002 წლის დასაწყისამდე მნიშვნელოვნად იზრდებოდა და 9 თვეს გაუტოლდა (ნახ. 5). გარკვეული ჩავარდნის შემდეგ 2003 წლიდან ისევ გაუმჯობესების პროცესია, იგი 2004 წლის დასაწყისამდე გრძელდება და 12.3 თვეს შეადგენს. ეს არის ერთადერთი პერიოდი, როცა ვადიანი დეპოზიტების საშუალო ვადიანობამ გადააჭარბა სესხების საშუალო ვადიანობას. თუმცა, ამ პერიოდის შემდგომ ვადიანი დეპოზიტების საშუალო ვადიანობა პერმანენტულად იკლებს (მცირე გამონაკლისებით) და 2008 წლის ივლისის ბოლოსათვის 9-მდე მცირდება.
ამისგან განსხვავებით, სესხების ვადიანობის მაჩვენებელი იზრდებოდა და 2000 წლის დასაწყისიდან 2008 წლის დასაწყისამდე 8.6 თვიდან 14.7 თვემდე გაიზარდა, თუმცა, 2008 წლის განმავლობაში იგი პრაქტიკულად აღარ გაზრდილა. ცხადია, რომ საბანკო სისტემის აქტივებისა და ვალდებულებების (დეპოზიტების ნაწილში) ვადიანობის დროში თანხვედრის ასეთი აცდენა აუარესებს საბანკო სისტემისა და ცალკეული ბანკების GAP-ს. რა თქმა უნდა, სესხებისა და დეპოზიტების საშუალო ვადიანობა სავალდებულო (აუცილებელი) არაა, თანაბარი იყოს, მაგრამ პრობლემატურია ის, რომ ისინი არა პარალელური, არამედ საწინააღმდეგო მიმართულებებით იცვლება.
საბოლოოდ, თუ შევადარებთ ბანკების მიერ მოზიდულ დეპოზიტებთან დაკავშირებულ ორ ტენდენციას – ვადიანი დეპოზიტების საშუალო ვადიანობის შემცირებასა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთების ზრდას, ცხადია, რომ ეს, ერთი მხრივ, რესურსების მოზიდვასა და ლიკვიდობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და, მეორე მხრივ, რესურსების გაძვირებასა და ფინანსური მაჩვენებლების გაუარესებაზე მიუთითებს.
შედეგიც სახეზეა: მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ პერიოდში ბანკები სულ უფრო მეტ შემოსავალს იღებდნენ, მცირდებოდა რენტაბელობის მაჩვენებლები. ROA (მოგება აქტივებზე) თუკი 2002-2007 წლებში საშუალოდ 3.1 იყო, 2007 წლის 7 თვეში 1.7-მდე დაეცა. რაც შეეხება ROE-ს (მოგება კაპიტალზე), ამ მაჩვენებელმა შესაბამის პერიოდებში 13.5-დან 8.3-მდე დაიწია.
კიდევ ერთი ნეგატიური ტენდენცია, რომელიც აგვისტოს მოვლენებამდე წარმოჩინდა, უკავშირდება ბანკების სესხების პორტფელის ხარისხის ბოლოდროინდელ გაუარესებას. ბოლო წლების განმავლობაში საბანკო სისტემის სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის შეფარდება საკრედიტო დაბანდების მოცულობასთან მცირდებოდა და 2007 წლის ივლისისათვის 3.3%-მდე დაიწია. ვადაგადაცილებული სესხების წილმა კი მთლიან პორტფელში ამ დროისათვის 0.7% შეადგინა (თუმცა, არაოფიციალური მონაცემებით ზოგიერთ კომერციულ ბანკში ეს ციფრები ბევრად უფრო მაღალი იყო). ამ პერიოდიდან ერთი წლის განმავლობაში საკრედიტო პორტფელის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუარესდა და ზემოაღნიშნული რეზერვების შეფარდება საკრედიტო პორტფელთან 4.3%-მდე, ხოლო ვადაგადაცილების წილი 1.7%-მდე გაიზარდა.
ცხადია ერთი, 2008 წლის აგვისტოს ცნობილ მოვლენებამდე საქართველოს საბანკო სისტემა უკვე იდგა არსებითი პრობლემების წინაშე და ეს პრობლემები იყო მნიშვნელოვანი და აშკარა. მართალია, საქართველოს საბანკო სისტემამ გაუძლო საომარი მოქმედებების დროს განვითარებულ პროცესებს, მაგრამ ამ მოვლენებმა თითოეული ზემოაღნიშნული პრობლემა კიდევ უფრო დაამძიმა. აგვისტოს კრიზისის მოვლენებს საქართველოს საბანკო სისტემაზე და ზოგადად ეკონომიკაზე დიდი გავლენა ჰქონდა. საბანკო სისტემის აქტივები 2008 წლის აგვისტო-ოქტომბერში 1026 მლნ ლარით (13%-ით) შემცირდა. ამ კონფლიქტმა ფაქტობრივად, გამოავლინა ყველა შიდა ეკონომიკური, მათ შორის საბანკო, წინააღმდეგობები და დისპროპორციები, რომლებიც უკვე არსებობდა ამ პერიოდამდე. ხოლო სექტემბერ-ნოემბერში, როცა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი გამწვავდა, ეს დისპროპორციები გაღმავდა და საქართველოს ეკონომიკისა და საბანკო სექტორის საშუალოვადიან განვითარებას ღრმა კვალი დაასვა.