ცოტა რამ მსოფლიო კრიზისისა და გლობალიზაციის შესახებ
რედაქციისაგან
სასურსათო კრიზისის ისტორია და კარტოფილი საფლავზე ბევრი ჩვენგანი დამტკბარა ბერლინის მშვენიერი პარკებით, მუზეუმებითა თუ ცნობილი ადამიანების საფლავების ხილვით. ხდება ხოლმე, რომ საფლავებისა და უშუალოდ კუბოების ხილვითაც ტკბება ადამიანი. ასე მაგალითად: ტკბები, როცა Dom zu Berlin-ის ქვედა სართულზე წარმოდგენილი კუბოებისა და ღია საფლავების კოლექციას ათვალიერებ.
რა ნაირსახეობის კუბოს აღარ ნახავ, საკმაოდ ცნობილი ადამიანებისას. ამ შობის დღესასწაულზე იქაურობას ვესტუმრე და გაოცებული ვარ – როგორ უნდა გძულდეს ადამიანი, რომ არ დამარხო მიწაში და აყურყუტო ჰაერში, თუნდაც ბერლინის შუაგულში. ასევე საოცარია, როდესაც ამაღელვებელ პოდცდამს ესტუმრები და ციცენგოფის ლამაზ სილუეტებში მრავალტანჯული ვილჰელმ დიდის საფლავზე საოცრებას ნახავ. აქ მარმარილოს საფლავის ქვაზე მადლიერი გერმანელების მიერ დადებული და ყოველდღე განახლებადი, არც მეტი, არც ნაკლები, ბაფთებით შეკრული კარტოფილები დევს ყვავილების მაგივრად. მსოფლიოში ეს ერთადერთი საფლავია, სადაც ყვავილების მაგივრად კარტოფილებს აწყობენ. ვინც იცის მრავალტანჯული და სახელგანთქმული იმპერატორის ისტორია, რომელიც მამას თავის საყვარელ მამაკაცთან ერთად ინგლისში გაექცა პროტესტის ნიშნად (მას არ უნდოდა ტახტზე ასვლა) და რომელიც იქიდან სულ კინწისკვრით ჩამოათრიეს, შეყვარებული სიკვდილით დასაჯეს, ხოლო ის კი გაამეფეს. ამის შემდგომ ის ორგიებს ეძლეოდა სწორედ პოცდამში და ყველა რომანტიული ისტორია, რომელიც მასზე გვსმენია, უბრალოდ, ლამაზი ტყუილია. ის ვერ იტანდა სუსტ სქესს, რადგან ცისფერი იყო. მიუხედავად ამისა, ის უდიდესი იმპერატორია გერმანიის ისტორიაში, რადგან მან გერმანია და ევროპა შიმშილისგან იხსნა.Mევროპის მორიგი სასურსათო კრიზისის ეპოქაში მან შეკრიბა ანტიკრიზისული საბჭო, რომელმაც ურჩია, პრუსიის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, შორეული ამერიკიდან შემოეტანა ახალი კულტურა – სახამებელი, ანუ კარტოფილი. მას შემდეგ აღარ ყოფილა გერმანიაში შიმშილი, კარტოფილი კი გერმანელთა სასურსათო კალათაში წამყვანი კომპონენტი გახდა. ეს იყო გლობალიზაცის აქტი, რომელიც, როგორც მოვლენა, კრიზისმა მოიტანა და დღემდე დიდი იმპერატორის საფლავზე გერმანელები კარტოფლს დებენ მადლიერების ნიშნად.
საოცარია, მაგრამ დღევანდელი კრიზისის, ისევე როგორც მე-17 საუკუნის მსოფლიო კრიზის მიზეზი, დერევატივები და სპეკულაცია იყო, მაგრამ სპეკულაცია არა ნავთობითა და უძრავი ქონებით, არამედ არც მეტი და არც ნაკლები – ტიტებით.
ტიტების ფიუჩერსები და
პირველი მსოფლიო კრიზისი
მსოფლიოში ერთერთი პირველი ფინანსური კრიზისი გამოწვეული იყო არა მასობრივი სპეკულაციების ბანალური ისტერიით, არამედ გარემოებების უფრო რთული დამთხვევით.
სექტემბრის დილა, ამსტერდამის ცენტრი. სინგელის არხის გასწვრივ აუჩქარებლად სეირნობენ ტურისტები და მთელ მსოფლიოში ცნობილი მოცურავე ბლუმენმარკეტის – ამსტერდამის ყვავილების ბაზრის მაღაზიებს ათვალიერებენ. მაღაზიები განთავსებულია სანაპიროს გაყოლებით ბარჟებზე. აქ შეიძლება იყიდო ყველა სახეობისა თუ ჯიშის ყვავილი – ოთახის მცენარეები ქოთნებით, უბრალოდ დაკრეფილი ყვავილები და ორიგინალური თაიგულები.
მაგრამ ყვავილების ბაზარზე ყველზე მეტად განცვიფრებაში მოვყავართ არა თავად ყვავილებს, არამედ დახლებს, რომლებიც სავსეა ტიტებით, სუმბულებით, ნარგიზებითა და გლადიოლუსებით. ყველაზე უკეთ, რა თქმა უნდა, წარმოდგენილია ნიდერლანდების ეროვნული ყვავილი – ტიტა. ათეულობით სახეობის ტიტის ბოლქვები იყიდება, როგორც შეფუთული სახით, ასევე წონით, საშუალოდ – 10 ცალი 3-5 ევროს ფასად.
იყო დრო, როდესაც ტიტას ბოლქვები ამსტერდამში ბერვად უფრო ძვირი ღირდა. 1625 წელს იშვიათი ჯიშის ტიტას ბოლქვი 2 ათასი ფლორინი ღირდა (დღევანდელი ფასებით – 20 ათასი ევრო). 1635 წლისათვის ფასმა აიწია 5.5 ათას ფლორინამდე. 1637 წლის დასაწყისისათვის ფასები 25-ჯერ გაიზარდა, მაგრამ ასევე უცნაურად დაეცა სულ რაღაც რამდენიმე თვეში. უკვე 1637 წლის გაზაფხულისთვის ბოლქვის ფასი 300 ფლორინს არ აღემატებოდა.
ტიტები გახდა ისტორიაში პირველი მსხვილი ფინანსური სპეკულაციის საგანი.
დერივატივების დაბადება
მართალია, ჩემი უფროსი მეგობარი, ბატონი დავით იაკობიძე ირწმუნება, რომ მისმა დიდმა პაპამ დაუდო საფუძველი იმერეთში დერივატივებით ვაჭრობას (ის სიმინიდის ფქვილით, საქონელბრუნვით ვაჭრობდა), მაგრამ ისტორიამ ბეჭდვით ეკონომიკურ სივრცეში შემოგვინახა ჰოლანდიური ამბავი დერივატივებისა და კრიზისის დაბადების შესახებ.
ვროპაში ტიტები ოსმალეთის იმპერიიდან მოხვდა XVI საუკუნის შუახანებში და ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული გაერთიანებულ პროვინციებში. ადრე ასე იწოდებოდა დღევანდელი ნიდერლადები. ახალგაზრდა რესპუბლიკაში ტიტების გამოყვანა დაიწყეს 1593 წელს, როდესაც ფლამანდიელმა ბოტანიკოსმა შარლ დე ლეკლიუზმა მიიღო პედაგოგის თანამდებობა ლეიდანის უნივერსიტეტში, სადაც მან ბოტანიკური ბაღი დააარსა. იქ დარგო ტიტის რამდენიმე ბოლქვი, რომლებიც მას კონსანტინოპოლიდან გამოუგზავნა რომის იმპერიის ელჩმა სულთანის კარზე. მიუხედავად იმისა, რომ ტიტის სამშობლო ცენტრალური აზიაა და იქამდე სტამბოლის დასავლეთით არავის მოეყვანა ეს ყვავილი, მან შეძლო ჩრდილო-დასავლეთ ევროპის კლიმატურ პირობებთან შეგუება. აღმოსავლური ყვავილი ძალიან მალე გადაიქცა სტატუსის სიმბოლოდ და საქონლად, რომელიც მხოლოდ მდიდრებისათვის იყო განკუთვნილი.
ტიტას უამრავი სახეობა კლასიფიცირდებოდა რამდენიმე ჯგუფად. ტიტა, რომელსაც რამდენიმე ფერი ჰქონდა, უფრო მეტად ფასობდა. ყველაზე ძვირფასად ითვლებოდა კონტრასტული შეფერილობის მქონე ტიტები (მაგალითად, ყავისფერი ზოლები ყვითელ ფონზე). ამგვარი შეფერილობა, როგორც მეცნიერებმა XX საუკუნეში გაარკვიეს, გამოწვეულია ტიტის ე.წ. მოზაიკის ვირუსით.
ტიტა მრავლდება, როგორც ვეგეტატიური ხერხით – ბოლქვებით, ასევე თესლის მეშვეობით. მაგრამ თესლით გამრავლების დროს ყვავილოვანი ბოლქვი ყალიბდება მხოლოდ 7-12 წლის შემდეგ, ხოლო თუ ყვავილი გაიზრდება ბოლქვიდან, მაშინ ყვავილობის შემდეგ ყალიბდება მისი მეორადი ბოლქვები (მეყვავილეობაში მათ “შვილებს” უწოდებენ). საყურადრებოა ისიც, რომ მოზაიკური ვირუსი მხოლოდ ვეგეტატიური გამრავლების დროს ვრცელდება. ყოველივე ამან განაპირობა სპეკულაციური ბუმი ბოლქვების გარშემო. ამ გზით ბევრად უფრო სწრაფად შეიძლებოდა საყვარელი ყვავილის გაზრდა.
ტიტა, ჩვეულებრივ, მხოლოდ აპრილ-მაისში ყვავილობს, დაახლოებით ერთ კვირას. მეორადი ბოლქვები ყვავილობიდან რამდენიმე კვირაში ყალიბდება. ტიტებს თხრიან და ახალ ადგილას გადააქვთ ივნის-სექტემბრის პერიოდში. ამიტომაც ბოლქვებით ვაჭრობა სწორედ ამ თვეებში ხდებოდა. დანარჩენ დროს კი, ყავილებით მოვაჭრეები დებდნენ ნოტარიულად დამოწმებულ კოტრაქტებს სეზონის ბოლოს ტიტების შესყიდვის თაობაზე – არსებითად, ეს ტიტების ფიუჩერსული კონტრაქტები იყო.
ტიტების ამ ისტორიის თანამედროვე შეხედულებები დაფუძნებულია წიგნზე “გასაოცარი პოპულარული ცდომილებები და ბრბოს სიგიჟე”, რომელიც გამოქვეყნდა 1841 წელს შოტლანდიელი ჟურნალისტის ჩარლზ მაკკეის მიერ. წიგნში იგი ირწმუნება, რომ ადამიანთა მასები ხშირად ირაციონალურად იქცევიან. “ტიტების მანია: კომპანია სამხრეთის ზღვის ბუშტებთან (იხ. “სამხრეთ ზღვის პირამიდა”) და კომპანია მისისიპისთან ერთად” მან ერთ-ერთ მაგალითად მოიყვნანა თავისი თეორიის დასასაბუთებლად.
ჰოლანდიაში ტიტების ციებ-ცხელების აღწერისას მაკკეიმ იხელმძღვანელა გერმანელი მეცნიერის იოაჰან ბეკმანის მიერ 1797 წელს დაწერილი წიგნით. ბეკმანი თავის მოსაზრებებს ამყარებს 1637 წელს გამოცემული, სამი ანონიმური ბროშურით, რომლის ავტორებიც საკმაოდ კრიტიკულად (მორალული პოზიციით) უდგებიან ტიტებით სპეკულაციებს.
1635 წელს დარეგისტრირდა 40 ბოლქვის 100 ათას ფლორინად გაყიდვის აქტი. ამ წელს ერთი ტონა ზეთი მხოლოდ 100 ფლორინი ღირდა, ხოლო კვალიფიცირებული მუშახელის ხელფასი დახლოებით 150 ფლორინს შეადგენდა წელიწადში. სოციალური ისტორიის საერთაშორისო ინსტიტუტის გათვლებით, ერთი ფლორინის მსყიდველობითი უნარი 2002 წელს 10,3 ევროს ექვივალენტური იყო.
1636 წლისათვის ჰოლანდიის მრავალი ქალაქის ბირჟებზე ხდებოდა ტიტებით ვაჭრობა. ვაჭრობაში ერთვებოდნენ საზოგადოების სრულიად განსხვავებული ფენები. როგორც მაკკეი წერს, ტიტების პოპულარობამ ნაციონალური მანიის მასშტაბები მიიღო: “მთელი მოსახლეობა, უკანასკნელი მდაბიოების ჩათვლით, მონაწილეობას იღებდა ტიტებით ვაჭრობაში”.
მაკკეი ახსენებს შემთხვევას, როდესაც ჰოლანდიელები მთელ თავის ქონებას ყიდდნენ ტიტების ბაზარზე ინვესტირებისათვის. სიმპერ აუგუსტუსის სახეობის 2 ბოლქვისთვის იძლეოდნენ 12 აკრ (49 მ2) მიწას, ხოლო ვაისროის სახეობის ერთი ბოლქვში 2,5 ათასი ფლორინის ღირებულების საქონელით გაუსწორდნენ, ანუ დაახლოებით, 25 ათასი ევრო დღევანდელი ფასებით.
“ბევრი უეცრად გამდიდრდა. ოქროს სატყუარა ძალზე მაცდურად ეკიდა ხალხის თვალწინ და ადამიანები ერთი-მეორის მიყოლებით გაიქცნენ ტიტების ბაზრისკენ, როგორც კრაზანები ეხვევიან თაფლით სავსე ქილას. თითოეული მათგანი ვარაუდობდა, რომ ტიტებისადმი ვნება მუდმივად გაგრძელდებოდა, რომ მდიდრები მსოფლიოს ყოველი კუთხიდან გამოაგზავნიდნენ თავის ფულს ჰოლანდიაში და გადაიხდიდნენ ბოლქვებში იმ თანხას, რასაც მოსთხოვდნენ. ევროპის სიმდიდრე თავს მოიყრიდა ზიუიდერ ზეეს ნაპირებზე, ხოლო ჰოლანდიაში აღარ იქნებოდა სიღატაკე. არისტოკრატია, ქალაქელები, სოფლელები, ხელოსნები, მეზღვაურები, ლაქიები, მოსამსახურეები, საკვამურის მწმენდავები და მაწანწალებიც კი – ყველანი ტიტებით დასაქმდნენ”, – ირწმუნება თავის წიგნში მაკკეი.
შოტლანდიელი კურიოზებზეც მოგვითხრობს (რომლებიც, შესაძლოა, გამოგინილი ამბავიც იყოს). ერთ მეზღვაურს ტიტის ბოლქვი ხახვი ეგონა და მისი ჭამა გადაწყვიტა. ყვავილებით მოვაჭრე და მისი ოჯახი იძულებულნი გახდნენ, დადევნებოდნენ მეზღვაურს, რომელიც აპირებდა შექცეოდა “საუზმეს, რომლის ღირებულებაც გემის ყველა მეზღვაურის წლიურ ხელფასს უდრიდა”. ამის გამო მეზღვაური დააპატიმრეს.
ჰოლანდიელები უფრო და უფრო მეტ ფულს იხდიდნენ ტიტებში, ხშირად იმ იმედით, რომ ყვავილს შემდეგ უფრო დიდი მოგებით გაყიდიდნენ. მაგრამ მსგავსი პირამიდები არსებობენ მანამ, სანამ ბაზარზე არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან გადაიხადონ ფული. 1637 წლის თებერვალში, ტიტებით მოვაჭრეებმა აღმოაჩინეს, რომ აღარ იყვნენ ისეთი მყიდველები, რომლებიც გადაიხდიდნენ ნებისმიერ თანხას ტიტებში. როდესაც ბაზრის მონაწილეებმა ყოველივე გაიაზრეს, მოთხოვნა ტიტებზე კატასტროფულად დაეცა. ფასებმა მკვეთრად დაიწია, ხოლო სპეკულაციური ბუშტი გასკდა.
ზოგს ღია ბაზარზე არსებულ ფასებზე 10-ჯერ უფრო მაღალ ფასის მქონე ტიტების შესყიდვის კონტრაქტი შერჩათ. ვიღაცას დარჩა ბოლქვები, რომელთა დღევანდელი ღირებულება შეადგენდა გადახდილი თანხის მხოლოდ მცირედ ნაწილს. როგორც მაკკეი წერს: დაიწყო პანიკა. ჰოლანდიელები მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ და სასამართლოსაც კი მიმართავდნენ დაკარგული ფულის დასაბრუნებლად. გადამყიდველები ხელისუფლებასაც მიმართავდნენ და მყიდველებისაგან ითხოვდნენ ფიუჩერს კონტრაქტების ღირებულების 10%-ის გადახდას (გარიგების დარღვევის შემთხვევაში). მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება შეეცადა ჩარეულიყო და დაეკმაყოფილებინა, როგორც გამყიდველები, ისე მყიდველები. შედეგი ამ მცდელობას არ გამოუღია. ტიტების ციებ-ცხელება დასრულდა. სასამართლოები ვერ უზრუნველყოფდნენ ფიუჩერსული კონტრაქტების გადახდას, რადგანაც ამგვარ ვალებს აიგივებდნენ აზარტული თამაშების ვალებთან, რომელთა გადახდის მოთხოვნაც ჰოლანდიური კანონების მიხედვით შეუძლებელი იყო.
შოტლანდიელი ჟურნალისტი ასევე ახსენებს, რომ უფრო მცირე მასშტაბების მქონე “ტიტების მანია” ევროპის სხვა ქვეყნებშიც იყო, მაგრამ მათ არასდროს მიუღწევიათ ისეთი მასშტაბებისთვის, როგორც ჰოლანდიაში. მისი აზრით, ჰოლანდიაში მრავალწლიანი ეკონომიკური კრიზისი სწორედ ტიტებზე ფასების კოლაფსის შედეგი იყო.
რაციონალური ინვესტორი
მაკკეის აზრი კლასიკურად ითვლებოდა და ეჭვს არ იწვევდა XX საუკუნის 80-იან წლებამდე. მაგრამ ბოლო ათწლეულების გამოკვლევებმა ეს ტრაქტატი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს.
– “ის აღწერა, რომელიც მაკკეიმ წარმოადგინა, დაფუძნებული იყო არასრულ ინფორმაციაზე და ზოგჯერ სინამდვილეს არც შეესაბამებოდა. მაკკეის სამუშაოს წყაროს მხოლოდ რამდენიმე ანონიმური ბროშურა წარმოადგენდა, რომლებიც შესაძლოა, პროპაგანდისტულ ხასიათს ატარებდნენ. “ტიტების მანიის” ფენომენი შემოფარგლული იყო მონაწილეების მცირე ჯგუფით და არა მთელი ჰოლანდიური საზოგადოებით” – ირწმუნება ბრიტანელი ისტორიკოსი ენ გოლდგარი – ახლახან გამოსული წიგნის “ტიტების მანიის” ავტორი.
სანამ წიგნის წერას შეუდგებოდა, გოლდგარი გაემგზავრა ამსტერდამში ტიტების შეძენა-გაყიდვის კონტრაქტების შესასწავლად. Mმან აღმოაჩინა, რომ ტიტების შეძენა-გაყიდვის ზენიტშიც კი ვაჭრობა მიმდინარეობდა მხოლოდ ვაჭრებსა და მდიდარ ხელოსნებს შორის, მაგრამ არა არისტოკრატთა მიერ. შესაბამისად, “ბუშტის” გახეთქვის შედეგებიც შეზღუდული იყო.
გოლდგარი უფრო შორს წავიდა. მან დაადგინა ბოლქვების ძირითადი ვაჭრებისა და მყიდველების ვინაობა და გაარკვია, რომ მხოლოდ ხუთი მათგანი განიცდიდა ფინანსურ სირთულეებს “ბუშტის” გახეთქვის შემდეგ. უფრო მეტიც, ამ სირთულეების მიზეზი ტიტები სულაც არ ყოფილან.
– “ეს სრულიად არაა გასაკვირი. რადგანაც მიუხედავად იმისა, რომ ფასები იზრდებოდა, ფული ხელიდან ხელში მაინც არ გადადიოდა. არასდროს მომხდარა ვაჭრების მიერ მოგების რეალიზება, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ისინი კრედიტებს იღებდნენ მოგების მოლოდინში. ამიტომაც, ფასების ვარდნას არ შეეძლო რეალურ ფინანსურ დანაკარგებამდე მივეყვანეთ”, – ვარაუდობს ენ გოლდგარი.
თანამედროვე მკვლევარები დაობენ იმ ფაქტზე, რომ ტიტების ბოლქვებზე ფასები მკვეთრად გაიზარდა, ხოლო შემდეგ, 1636-1637 წლებში დაეცა. მაგრამ ფასების უცაბედი ზრდა და ვარდნა ყოველთვის როდი ნიშნავს სპეკულაციური ბუშტის ფორმირებას.
მაგალითად, 1630-იან წლებში ფასების მკვეთრი ზრდა შეესაბამებოდა დროებითი სიმშვიდის პერიოდს ოცდაათწლიანი ომის დროს (რომელიც გრძელდებოდა 1618-1648 წლებში, რომლის შედეგადაც ევროპის მოსახლეობის 30% დაიღუპა). ამიტომაც, საბაზრო ფასები ყოველ შემთხვევაში თავდაპირველად, მოთხოვნის ზრდაზე რეაგირებდნენ.
გავრცელებული აზრის თანახმად, ფასების ვარდნა ბევრად უფრო მკვეთრი იყო, ვიდრე მატება. 1637 წლის თებერვლის შემდეგ ტიტების გაყიდვის შესახებ მონაცემები ფაქტობრივად გაქრა, მაგრამ უფრო გვიანდელი წყაროები მიგვითითებენ, რომ ტიტები ათწლეულების განმავლობაში იაფდებოდა.
ამერიკელმა ისტორიკოსმა პიტერ გარბერმა შეადარა XVII საუკუნის ტიტების ფასები XIX საუკუნის სუმბულის ფასებს (იმ პერიოდისთვის სუმბულმა ტიტა შეცვალა, როგორც ევროპის ყველაზე პოპულარულმა ყვავილმა) და მსგავსი ტრენდი აღმოაჩინა. როდესაც სუმბული ევროპის ბაღებში მოხვდა და ეგზოტიკურ სიახლედ ითვლებოდა, მასზე მოთხოვნა ძალიან დიდი იყო. მაგრამ ფასები შესაბამისად დაეცა მას შემდეგ, რაც მათ საზოგადოება შეეჩვია.
უმაღლეს ფასთან შედარებით, სუმბულის ყველაზე ძვირი სახეობები 30 წლის განმავლობაში გაიაფდა 98-99%-ით. აქ ზოგადი კანონზომიერება შეიმჩნევა. ბოლქვიანი ყვავილების სეგმენტში, მეყვავილეებს არ შეუძლიათ წარმოების გაფართოება მოთხოვნის ზრდასთან ერთად (რადგანაც წლის უმეტეს დროს ბოლქვი მიწაში რჩება). სწორედ ამიტომ, პირველ ხანებში მოთხოვნის ზრდა მნიშვნელოვნად წინ უსწრებს შემოთავაზებების ზრდას, რაც ფასების მკვეთრ მატებას იწვევს.
კონტრაქტის შეცვლა
ამერიკელი ეკონომისტი ერლ ტომპსონი მიიჩნევს, რომ გარბერის მიერ შემოთავაზებული ახსნა ვერ იძლევა პასუხს, ტიტების ფასების დაცემის თაობაზე. 1637 წლის ზოგიერთი მონაცემების თანახმად, ტიტებზე ფასების ვარდნამ 99,999% შეადგინა, როდესაც სხვა ყვავილებზე – მხოლოდ 40%. მისი აზრით, ფასების კოლაფსის ერთ-ერთი მიზეზი გახდა საკანონმდებლო ცვილებების მოლოდინი. ჰოლანდიის პარლამენტი განიხილავდა კანონს, რომელიც ტიტების ფიუჩერსების ფუნქციონირებას შეცვლიდა. კანონი შემოთავაზებულ იქნა ტიტების ინვესტორების მიერ, რომლებმაც დაკარგეს ფული გერმანული სათავადოების მარცხის გამო ოცდაათწლიან ომში.
– “1637 წლის 24 თებერვალს ჰოლანდიელი მეყვავილეების გილდმა გადაწყვიტა, რომ ყველა ფიუჩერსული კონტრაქტი, რომელიც დაიდო 1636 წლის 30 ნოემბრის შემდეგ, გაზაფხულზე (ფიზიკური ბაზრის გახსნამდე) უნდა განხილულიყო, როგორც ოპციონები. ეს გადაწყვეტილება დაამტკიცა პარლამენტმა. ამგვარად, ფიუჩერსების მყიდველებმა უარი თქვეს ვალდებულებაზე მომავალი ტიტების შესყიდვის თაობაზე. ისინი ვალდებულნი იყვნენ, მხოლოდ მცირე კომპენსაცია გადაეხადათ გამყიდველებისათვის” – ვარაუდობს ტომპსონი.
ამ გადაწყვეტილებამდე ფიუჩერსული კონტრაქტის მყიდველი იურიდიულად ვალდებული იყო შეეძინა ბოლქვები. ახალმა კანონმა კონტრაქტების არსი შეცვალა და იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე საბაზრო ფასი დაეცემოდა, მყიდველს შეეძლო ჯარიმა გადაეხადა და არ შეეძინა ბოლქვები კონტრაქტში მითითებულ მთლიან ფასად. ჯარიმა მხოლოდ 3,5% შეადგენდა.
რადგანაც საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა დაიწყო 1636 წლის შემოდგომაზე, ინვესტორებმა დაიწყეს კონტრაქტების ფასების მომატება. მათ იცოდნენ, რომ შეძლებდნენ უარი ეთქვათ ქონტრაქტზე არც თუ ისე დიდი თანხის გადახდის ფასად.
ინვესტორს შეეძლო 100 ფლორინად ეყიდა კონტრაქტი ტიტების შეძენაზე. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური გაყიდვის დროს ფასი 100-ზე მეტად გაიზრდებოდა, მაშინ იგი შეასრულებდა კონტრაქტს და მოგებასაც ნახავდა. მაგრამ თუ ფასი ბევრად უფრო დაბალი იქნებოდა, იგი უარს იტყოდა კონტრაქტზე მხოლოდ 3,5 ფლორინის გადახდით. ამგვარად, ინვესტორს ნომინალური კონტრაქტი მხოლოდ 3,5 ფლორინი უჯდებოდა. თებერვლის დასაწყისში, როდესაც ფასებმა პიკს მიაღწია, საქმეში ჰოლანდიის ხელისუფლება ჩაერია და ვაჭრობა შეაჩერა.
ტომპსონის აზრით, ბოლქვების ფიუჩერსული გაყიდვები დაახლოებით ერთ დონეზე რჩებოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამიტომაც “ტიტების მანია” რაციონალური რეაქცია იყო ცვლილებებზე კონტრაქტის ვალდებულებებში. ტიტების კონტრაქტებზე ფასები რაციონალური ეკონომიკური მოდელის მსგავსად მოქმედებდნენ. ტომპსონის შეფასებით, “მანია” ბაზრის ეფექტურობის გასაოცარი ილუსტრაცია გამოდგა”.
“მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური კრიზისი ბევრს არ შეეხო, “ტიტების მანიის” შოკი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მოხდა ფასეულობების მთელი სისტემის გადაფასება” – ირწმუნება ენ გოლდგარი. XVII საუკუნეში ძნელი წარმოსადგენი იყო რომ, ყვავილი შეიძლებოდა წლიური ხელფასის ფასი ღირებულიყო. იმ აზრმა, რომ ფასები ყვავილებზე (რომლებიც მხოლოდ ზაფხულში ყვავის), ასე ძლიერ შეიცვლებოდა ზამთარში, ეჭვქვეშ დააყენა წარმოდგენები მყარ, მუდმივ ღირებულებებზე.
ისევ Gგერმანია და XX საუკუნის უდიდესი
კრიზისის წინა ეპოქა – როგორ
მივედით აშშ-ის ბატონობამდე
ღუმელს ბანკნოტები შეუკეთეთ
საუკუნის 20-იან წლებში გერმანიის ხელისუფლების უპასუხისმგებლო ფინანსური პოლიტიკა და დასავლეთ სახელმწიფოების მძარცველობითი პოზიცია გახდა გერმანიის ისტორიაში ყველაზე საშინელი ინფლაციის მიზეზი. გერმანული მარკა იმაზე უფრო ადრე უფასურდებოდა, ვიდრე ახალი კუპიურები დაიბეჭდებოდა. მიუხედავად ამისა, ჰიპერინფალციის პირობებშიც კი ზოგიერთებმა მოახერხეს ქონების დაგროვება.
1923 წლის შემოდგომა. ბერლინი. შუადღე. სასურსათო მაღაზიის დახურულ კარს მიღმა ხალხი შეიკრიბა. მშიერი და გაბოროტებული გერმანელები ელოდებიან მაღაზიის გაღებას, მაგრამ დახლის მეპატრონე არ ჩქარობს მყიდველების შემოშვებას. მას სურს გაიგოს მიმდინარე დოლარის კურსი მარკასთან მიმართებით, რათა გაარკვიოს, ფუნთუშის ფასი 3 მილიონი მარკიდან 5 მილიონამდე გაზარდოს თუ მხოლოდ 4,5 მილიონამდე. ხალხისთვის ეს ვითარება ნიშნავდა იმას, რომ ფულით გატენილი ჩანთიდან ამოღებული თანხა დილით შესაძლოა არასაკმარისი აღმოჩენილიყო ყველაზე აუცილებელი ნივთების შესაძენადაც კი.
ჰიპერინფლაცია, რომელიც 1920-1923 წლებში გერმანიაში ბობოქრობდა, XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ეკონომიკური ტრაგედია გახდა. “გერმანელი ხალხი, არაფერს ისე არ გაუმწარებია, არ გაუბოროტებია და ჰიტლერის მიღებისათვის არ მოუზადებია, როგორც ინფლაციას” – წერდა შედეგად სტეფან ცვეიგი.
“1923 წელმა მოამზადა გერმანია არა პირდაპირ ნაციზმისათვის, არამედ ნებისმიერი ფანტასტიკური ავანტიურისათვის. სწორედ მაშინ წარმოიშვა ის, რაც დღეს გიჟურ ნაცისტურ მარშს შესაძლებელს ხდის: ცივი ცოფიანობა, შეუძლებლის შესრულების ბრმა სიმტკიცე – რომ მხოლოდ ნებისყოფის ძალითა და ბრწყინვალებით დადგე ყველაზე მაღლა. რწმენა იმისა, რომ კარგია ის, რაც მომგებიანია და არ არსებობს სიტყვა “შეუძლებელი”. ასე ფიქრობდა 1930-იან წლებში მომავალი გამოჩენილი გერმანელი პუბლიცისტი სებასტიან ჰაფნერი, ჰორსტ ვესელის ყოფილი თანაკლასელი.
ჰიპერინფლაციის გამოცდილება XX საუკუნის 20-იან წლებში, მართლაც ზედმეტად მძიმე გამოცდა გამოდგა გერმანელი ხალხისათვის. პირველ მსოფლიო ომში დამარცხების, კაიზერის მონარქიის ნგრევისა და ქვეყნის ტერიტორიის არსებითად შემცირების შემდეგ გერმანული საზოგადოება კარგავდა მოჩვენებითი სტაბილურობის უკანასკნელ ელემენტებს. ფულმა, “დასაბამის დასაბამმა” დაკარგა მნიშვნელობა. 1920 წლის იანვრიდან 1923 წლის ნოებრამდე პერიოდში მარკის კურსი დოლართან მიმართებაში 100 მილიარდჯერ დაეცა. 1 დოლარი 4,2 ტრილიონი მარკა ღირდა.
საკვები პროდუქტების, ტანსაცმლის, ნახშირის ფასები თვალსა და ხელს შუა იზრდებოდა. ხალხი ცდილობდა ყოველდღე აეღო ხელფასი და იგი საკვებზე დაეხარჯა, მაგრამ ინფლაციას ამ შემთხვევაშიც კი შეეძლო შეეჭამა გამომუშავებული ფულის მესამედი.
რესტორნების მენიუში აღარ იწერებოდა ფასები – სადილის ღირებულება მაინც იცვლებოდა მანამ, სანამ კლიენტი მაგიდასთან იჯდა. რესტორნებში დადიოდნენ მხოლოდ პოლიტიკოსები და შავი ბაზრის სპეკულიანტები. მოსახლეობის უმრავლესობის თაობების მიერ დაგროვებული დანაზოგი საბოლოოდ გაუფასურდა.
ეკლესიებმა შემოწირულობების შეგროვება ქილების ნაცვლად დიდი კალათებით დაიწყეს, ხოლო ბოლოს საერთოდ უარი თქვეს ფულზე – ნახშირის შეკვრა ბევრად უფრო ფასეული გახდა.
ქვეყანაში ყვაოდა ნატურალური გაცვლა. უფრო და უფრო მეტი მაღაზია არჩევდა საფასურად მიეღო არა ფული, არამედ ნივთები. ნახშირის სამი შეკვრის ან ნახევარი კილო კარტოფილის ფასად შეიძლებოდა კინოში ან თეატრში წასულიყავი, ბავშვის ფეხსაცმელის ფასად შეიძლებოდა სტომატოლოგი მოგენახულებინა. გერმანიის ეკონომიკა შეირყა და ქვეყანა ეკონომიკურ მორევში ჩაიძირა.
გზა გაუფასურებისაკენ
1920-იანი წლების ჰიპერინფლაციას გერმანიაში უნიკალური მოვლენას ვერ უწოდებ. იმავე წლებში ჰიპერინფლაციისგან დაზარალდა საბჭოთა რუსეთი, პოლონეთი, უნგრეთი და ავსტრია. მაგრამ სწორედ გერმანიაში მიაღწია მან ყველაზე დიდ მასშტაბებს. სწორედ იმგვარად, როგორც ომის შემდეგ უნგრეთი გახდა რეკორდსმენი (აქ ინფლაციამ მიაღწია 2 X 10210/0-ს), ხოლო პენიოს (უნგრეთის ფულის ერთეული ფორინტის შემოღებმადე) ფასი 1 ამერიკულ დოლართან მიმართებით დაეცა 4,5 X 1030 დონემდე. გერმანული ჰიპერინფლაციის რეკორდულობის მიზეზი გახდა გარემოებების არახელსაყრელი თანხვედრა.
გერმანულ ეკონომიკურ კოშმარს საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ 1914 წელს, როდესაც სამეფო ხელისუფლებამ, სხვა მსოფლიო ომში ჩართული ევროპის ქვეყნების ხელისუფლებების მსგავსად საომარი ქმედებების დაფინანსება დაიწყო კრედიტების უზომო მოზიდვის ხარჯზე. 1914 წლისათვის გერმანიის ბიუჯეტის შემოსავალი შეადგენდა 2 მილიარდ ოქროს მარკაზე ოდნავ მეტს, ხოლო დანახარჯებმა 10 მილიარდს გადააჭარბეს. ბიუჯეტის დეფიციტმა თითქმის 80% შეადგინა.
1915-1916 წლებში გერმანიის ბიუჯეტის დეფიციტი 95%-მდე გაიზარდა. 1917 და 1918 წლებისათვის მან შედარებით დაიკლო, მაგრამ მხოლოდ 89 და 92 %-მდე. როგორც ომის დანარჩენი მონაწილეები, გერმანიაც გეგმავდა მომავალში მოეხდინა დიდძალი საომარი ხარჯების კომპენსაცია დამარცხებულებზე ხარკის დაწესებით, მაგრამ ფორტუნამ მოვლენები სხვანაირად განავითარა. დამარცხებული, ტერიტორიებდაკარგული გერმანია, პირველი ომის შემდგომ წელს 155 მილიარდი ოდენობის სახელმწიფო ვალით შეხვდა, რაც სახელმწიფოს გადასახადებიდან და მოსაკრებლებიდან მიღებულ შემოსავალს დაახლოებით 80-ჯერ აჭარბებდა.
იმავე წელს სამშობლოში დაბრუნდა დაახლოებით 7 მილიონი ჯარისკაცი და შრომის ბაზარი გადაივსო იაფფასიანი მუშახელით. შიშმა დამშეული, გაბოროტებული, უმუშევარი ხალხის მიმართ, რომელსაც შეეძლო გერმანიაში რუსული რევოლუციის მაგალითი გაემეორებინა, აიძულა გერმანელი მწარმოებლები და პოლიტიკოსები მიეღოთ დასაქმების ხელშეწყობის ექსტრემალური პროგრამა. 1918 წლის ნოემბერში, პროფკავშირების წარმომადგენლებმა და მეწარმეებმა დადეს ხელშეკრულება: ფრონტიდან დაბრუნებულ თითოეულ ჯარისკაცს შეეძლო პრეტენზია ჰქონოდა იმ სამუშაო ადგილზე, რომელსაც იგი იკავებდა ჯარში გაწვევამდე. ახალი 7 მილიონი მომუშავისათვის ხელფასის გადახდა მთავრობამ იკისრა და უბრალოდ ფულის ბეჭდვა დაიწყო. ქვეყანაში ინფლაციის სპირალი დატრიალდა.
თავდაპირველად, არც პოლიტიკოსები და არც წამყვანი ეკონომისტები ინფლაციის ზრდას, ქვეყნის ეკონომიკისათვის საფრთხედ არ აღიქვამდნენ. რეიხსბანკის პრეზიდენტი რუდოლფ ჰაფენშტაინი ვარაუდობდა, რომ ფულის კონტროლირებად გაუფასურებას უფრო მეტი მოგება მოჰქონდა, ვიდრე საფრთხე. მარკის გაუფასურებამ, პირველ რიგში, ავტომატურად შეამცირა შიდა სახლემწიფო ვალის ღირებულება, რომელიც მასობრივი სამხედრო ვალებით წარმოიქმნა. მოხდა ვალის ნომინირება, ასე რომ, ინფლაცია აწყობდა სახლემწიფოს.
მეორე მხრივ, ინფლაცია ამცირებდა მსოფლიო ბაზარზე გერმანული საქონლის ღირებულებას, რაც გერმანულ ეკონომიკას, რომელიც სერიოზულად დაზარალდა ომისაგან, საშუალებას აძლევდა წარმატებით გაეწია ეკონომიკური კონკურენცია სხვა ქვეყნებისთვის. 1929 წლის იანვრისათვის (ომის დამთავრებიდან 14 თვის შემდეგ), მარკა 47 ამერიკული დოლარი ღირდა, ანუ ომამდელი ღირებულების 9%. შესაბამისად, 10-ჯერ შემცირდა იმ გადასახადების მოცულობა, რომელიც გერმანიის მთავრობას უნდა ეწარმოებინა 1914 წლის ვალის ობლიგაციების მიხედვით.
ეკონომიკური თვითმკვლელობა
ფულის გაუფასურების პოლიტიკა პირველ ხანებში თავის შედეგებს იძლეოდა. მიუხედავად ნახტომისებური ინფლაციისა, გერმანიის ეკონომიკამ დაიწყო ზრდა და გამარჯვებული ქვეყნების ეკონომიკებს გაუსწრო კიდეც. მაგრამ ინფლაციურმა ზრდამ დიდხანს არ გასტანა. არამყარ ეკონომიკურ მდგომარეობას ძლიერი დარტყმა მიადგა 1921 წელს. ამჯერად, საკუთარი მოქალაქეების წინაშე სახელმწიფო ვალს დაემატა რეპარაციები, რომლებიც გამარჯვებულმა ქვეყნებმა დაუწესეს დამარცხებულ რეიხს.
დასავლეთ მოკავშირეებს გარკვეული დრო დასჭირდათ იმისათვის, რომ საკუთარი მოთხოვნები ჩამოეყალიბებინათ. მაგრამ, როდესაც მოთხოვნები წამოაყენეს, ცოტა თუ გაკიცხავდა მათ ზომიერებისათვის. გერმანიას წამოუყენეს ანგარიში 226 მილიარდი ოქროს – ინფლაციამდელი და ინფლაციას არდაქვემდებარებული – მარკების ოდენობით. აუცილებელი იყო ამ თანხის გადახდა 42 წლის განმავლობაში (ანუ 5,3 მილიარდი ოქროს მარკა წელიწადში). მაშინ, როდესაც ქვეყნის წლიური შემოსავალი შეადგენდა 3 მილიარდ ოქროს მარკას. ამას გარდა, გერმანია ვალდებული იყო, ყოველწლიურად გადაეცა გამარჯვებულთათვის თავისი ექსპორტის 12%.
მძიმე განხილვების შემდეგ გერმანიას წამოუყენეს ულტიმატუმი, რომელიც რეპარაციულ მოთხოვნებზე უარის შემთხვევაში გულისხმობდა სრულ ოკუპაციას. მოკავშირეები დათანხმდნენ მოეთოკათ თავიანთი მადა 132 მილიარდ ოქროს მარკამდე (3,1 მილიარდი მარკა წელიწადში), რაც, ნებისმიერ შემთხვევაში, იმ დროისათვის გერმანიის ხელისუფლების შემოსავლის 105%-ს შეადგენდა.
შეთანხმების სასიკვდილო პირობების თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის მთავრობა კონსტანტინ ფერენბახის მეთაურობით გადადგა. 1921 წლის მაისში, ძალაუფლება გადავიდა იოზეფ ვირტის მთავრობის ხელში, რომელმაც ფსონი დადო კაბალური რეპარაციების “მაქსიმალურ შესრულებაზე”. ვირტის პოლიტიკა მდგომარეობდა შემდეგში: მოკავშირეებისათვის რეპარაციული მოთხოვნების შეუსრულებლობის ბრალდების წამოყენების საბაბის არმიცემით (რასაც მოჰყვებოდა გერმანიის საკვანძო რაიონების დაუყოვნებლივი ოკუპაცია), ქვეყანა ეკონომიკური კატასტროფის ზღვარზე დაეყენებინა და “ამგვარად ეჩვენებინა მოკავშირეებისათვის, რომ მიუხედავად უსაზღვრო სურვილისა დაეკმაყოფილებინათ რეპარაციული მოთხოვნები, მათი შესრულება სრულიად შეუძლებელი იყო”.
პრინციპში, ამ თეზისის დამტკიცება არ მოითხოვდა გერმანიის ეკონომიკურ თვითმკვლელობას. ეს ისედაც ცხადი იყო. მხოლოდ სახელმწიფო ვალის გასტუმრება ქვეყანას ბიუჯეტის შემოსავლის 100%-ზე მეტი უჯდებოდა. მიუხედავად ამისა, ვირტის ხელისუფლება აგრძელებდა თვითმკვლელობის ტოლფასი ეკონომიკური გეგმის “მაქსიმალური შესრულების” პოლიტიკას. პირველ რიგში, იგი ფინანსირებას ახდენდა “არაფრით უზრუნველყოფილი” ქაღალდის ფულის გამოშვების ხარჯზე. ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა.
პირველი ნიშანი იმისა, რომ მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას ქვეყანა კატასტროფისკენ მიჰყავდა, გამოჩნდა 1921 წლის 26 აგვისტოს. მოსახლეობის უმრავლესობისათვის საძულველი ფინანსთა მინისტრი, მატიას ერცბერგერი დახვრიტეს ნაციონალური ორგანიზაცია “კონსულის” წევრებმა – ფლოტის ოფიცრებმა ჰენრიხ ტილესენმა და ჰენრიხ შულცმა. მთავრობას ჯერ კიდევ რჩებოდა შანსი, გადაეხედა საკუთარი კურსისთვის, მაგრამ მან ეს არ გააკეთა.
1922 წლის 24 ივნისს ბერლინის ფეშენებელურ რაიონში გრუნევალდი, ორგანიზაცია “კონსულის” წევრებმა, ფლოტის ოფიცერმა ერვინ კერნმა და ინჟინერმა გერმან ფიშერმა ჭურვი ესროლეს კაბრიოლეტს, რომელშიც იმყოფებოდა საგარეო საქმეთაAმინისტრი ვალტერ რეტანაუ – ნაციონალისტების სიძულვილის კიდევ ერთი ობიექტი. განსაკუთრებულ ზიზღს მისი ებრაული წარმოშობა იწვევდა. დაჭრილი რატენაუ ტერორისტებმა ცივსისხლიანად დაცხრილეს ავტომატით. საგარეო საქმეთა მინისტრის სიკვდილმა, სავალუტო სპეკულანტებს ქვეყანაში ტოტალური არასტაბილურობის პერიოდის დადგომის არაორაზროვანი ნიშანი მისცა. უკვე ერთ კვირაში მარკის კურსი დოლართან მიმართებაში 420 მარკამდე დავარდა – 1920 წლის იანვართან მიმართებაში ვარდნა ათჯერადი იყო, ხოლო 1914 წლის ივლისთან მიმართებაში – ასჯერადი.
შემდგომში ვარდნა უფრო მკვეთრი ტრაექტორიით მიმდინარეობდა. მორიგი ათჯერადი ვარდნა დაფიქსირდა 1922 წლის 21 ოქტობრისათვის, როდესაც ერთ დოლარში იძლეოდნენ 4430 მარკას (მარკაში დარჩა მისი ომამდელი ღირებულების 0,1%). ამასობაში გამარჯვებული სახელმწიფოები ჯერ კიდევ არ იყვნენ მზად დათანხმებოდნენ რეპარაციული მოთხოვნების გადახედვას.
1922 წლის ნოემბერში ვირტის მთავრობა გადადგა. 1923 წლის იანვრისათვის მარკის კურსი დოლართან მიმართებით დაეცა და შეადგინა 18 ათასი მარკა 1 დოლარზე.
რუსული რაზა
ვირტის ადგილზე მოსულმა მთავრობამ, ვილგელმ კუნოს მეთაურობით, მემკვიდრეობით მიიღო სრულიად გახრწნილი ეკონომიკა. ოქროს მარკებში დაფიქსირებული რეპარაციული მოთხოვნები ამ დროისათვის სრულიად შეუსრულებადი გახდა. 1923 წლის პირველ დღეებში რუსული რაიონის ნახშირის მაღაროებმა, გერმანიის ეკონომიკის საკვანძო ზონებმა, შეწყვიტეს ნახშირის მოწოდება, რომელსაც რეპარაციის სანაზღაუროდ იღებდნენ საფრანგეთი და ბელგია.
მეზობლების რეაქციამაც არ დააყოვნა: 11 იანვარს 60 ათასი ფრანგი და ბელგიელი ჯარისკაცი შემოვიდა რუსული რეგიონის ტერიტორიაზე. საფრანგეთმა და ბელგიამ რეპარაციული შეთანხმების პირობების თანახმად მათი კუთვნილი ქონების კონფისკაცია გამოაცხადეს. Eეს იყო მაღაროები, რკინიგზა და ოქრო. საპასუხოდ კუნოს მთავრობამ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციებისაკენ მოუწოდა. გერმანიის მოქალაქეებს ნაბრძანები ჰქონდათ, არ დამორჩილებოდნენ ოკუპანტი მმართველების მითითებებს, ნახშირის საბადოებს უნდა შეეწყვიტათ ნახშირის მოპოვება, ხოლო რკინიგზას – უკვე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის გადაზიდვა. ამასთან ერთად, ხელისუფლება შეპირდა მათ, საკუთარ თავზე აეღო გაფიცული მაღაროელებისა და რკინიგზელების ხელფასების გადახდა.
გაფიცული მაღაროელებისა და რკინიგზელების მხარდაჭერა ძალიან ძვირი ღონისძიება იყო, თანაც, რუსულ ნახშირს მოკლებული გერმანია იძულებული იყო ნახშირი უცხეოთში ეყიდა. 1923 წლის იანვრიდან ივლისამდე გერმანიის მთავრობის ვალი 29-ჯერ გაიზარდა – 58 მილიონიდან 2 ტრილიონ მარკამდე. მხოლოდ იანვრისათვის დოლარის კურსი მარკასთან მიმართებაში გაიზარდა 18 ათასიდან 49 ათას მარკამდე (ერთი დოლარისათვის). 26 ივლისისათვის დოლარი 760 ათასი მარკა ღირდა, 8 აგვისტოსთვის – 4,86 მილიონი მარკა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ორ კვირაში მარკა 60-ჯერ უფრო გაიაფდა.
შემდგომში ვარდნა არანაკლებ ელვისებური იყო. 7 სექტემბერს ერთი დოლარი 53 მილიონი მარკა ღირდა, 11 ოქტომბერს – 5 მილიარდი მარკა, 3 ნოემბერს – 420 მილიარდი მარკა, 20 ნოემბერს – 4,2 ტრილიონი მარკა.
1923 წლის შემოდგომისათვის, რეიხის ტიპოგრაფია თავს ვერ ართმევდა რეიხსბანკის მიერ შეკვეთილი ახალი ბანკნოტების ბეჭდვას – ფულის ბეჭდვას 133 სუბკონტრაქტორი ახორციელებდა. 1,7 ათასზე მეტი საბეჭდი დაზგა დღე და ღამე ბეჭდავდა ახალ-ახალ კუპიურებს. ძველი კუპიურების ნაწილი ახალი შტამპების მეშვეობით ახლდებოდა – 1 ათასიანი მარკის კუპიურა ხდებოდა 1 მილიარდიანი მარკის კუპიურა. ფულის წარმოებისათვის ქაღალდს, რომლის ღირებულებაც თვალსა და ხელს შუა დნებოდა, 30 ქაღალდის ქარხანა აწოდებდა, კლიშეს აწარმოებდა 29 გალვანოპლასტიკური სახელოსნო. მხოლოდ ოფიციალური მარკების წარმოებაში ჩართული იყო 30 ათასი ადამიანი.
ინფლაციის შეუკავებელმა ზრდამ, რომლის დროსაც ფულის ათჯერად გაუფასურებას ერთი ან ორი კვირა სჭირდებოდა, საბოლოოდ დაანგრია ქვეყნის ეკონომიკა. მთელ გერმანიაში დაიწყო დამშეული ხალხის აჯანყებები. ნოემბრის დასაწყისში ბერლინელი უმუშევრები, რომლებმაც მიიღეს კვირაში 21 მილიონი მარკის ოდენობის დახმარება (250 გრამი პურის საფასური), შეეცადნენ შტურმით აეღოთ მერიის შენობა. პოლიცია იძულებული გახდა ცეცხლი გაეხსნა. საქონლის ფულზე გადაცვლამ ყოველგვარი აზრი დაკარგა.
ინფლაციის პიკში რეიხსბანკმა გამოუშვა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მსხვილი კუპიურა – 100 ტრილიონი მარკა, მაგრამ მისი რეალური ღირებულება არ აღემატებოდა რამდენიმე პურის ფასს. მოქალაქეები საქონლის ფულზე გაყიდვას უკვე ნატურალურ გაცვლას ამჯობინებდნენ. ბევრ ქალაქსა და რაიონში საკუთარი ფულის ერთეულიც კი შემოიღეს – 1923 წლის შემოდგომისათვის ამგვარ ფულს თითქმის 6 ათასი ქალაქი, სოფელი და კერძო კომპანია უშვებდა. საბოლოო ჯამში, კერძო ფულის ნომინალურმა ღირებულებამ მიაღწია მიმოქცევაში არსებული ოფიციალური მარკის ღირებულების 75 %.
საკუთარი ფულისათვის მეტი მიმზიდველობის მისანიჭებლად ზოგიერთმა ქალაქმა გადაწყვიტა, დაებეჭდა ის რაიმე ღირებულ მასალაზე. ამგვარად, ბილეფელდი ტილოს ნაჭრის ფულს ბეჭდავდა. მეისენი ფაიფურის ფულს უშვებდა, პიოსნეკი და ბორნი ფულს ქურქის დასამზადებლად გამოსადეგი ტყავისაგან აწარმოებდნენ. ისეთი მასალისაგან დამზადებული ფული, რომელსაც რეალური ღირებულება ჰქონდა, უფრო წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე ქაღალდის მარკა, რომელსაც გამოშვებიდან ერთ კვირაში მხოლოდ ღუმელში შესაკეთებლად თუ გამოიყენებდი.
ფული ინფლაციაზე
მიუხედავად ამისა, ეკონომიკის ამგვარი ნგრევაც კი არ ნიშნავდა კატასტროფას მთელი მოსახლეობისათვის. საყოველთაო მარცხთან ერთად ცხადად იხატებოდა რამდენიმე სოციალური ჯგუფი, რომლებმაც შესძლეს ჰიპერინფლაციიდან სერიოზული მოგება ენახათ.
ყველაზე ფართო, მაგრამ არც თუ დიდად მოგებულ ჯგუფს წარმოადგენდნენ გერმანელი გლეხები. საკვები პროდუქტები კრიზისის პერიოდში ყველაზე მყარი ვალუტა იყო. ხშირად ხორბლის რამდენიმე ტომრის სანაცვლოდ გლეხს შეეძლო ეყიდა საგნები, რომლებიც სხვა დროს მთელი ქონება ღირდა.
მეორე ჯგუფს წარმოადგენდნენ გერმანელები, რომლებმაც თავის დროზე იპოთეკური სესხები აიღეს. ისევე როგორც სხვა ვალები, იპოთეკური სესხები ნომინირებული იყო ქაღალდის მარკებით. ამგვარად, როდესაც გერმანიის მთავრობა თავის შიდა ვალს აუფასურებდა, უფასურდებოდა მოქალაქეების იპოთეკური ვალდებულებებიც – 1923 წლის დასაწყისისთვის ქაღალდის მარკა 1914 წლის ივლისის ოქროს მარკასთან მიმართებით გამსუბუქდა 10 ათასჯერ, ხოლო 1923 წლის ნოემბრისათვის – 1 ტრილიონჯერ.
მაგრამ ამ მოგებით სრულად სარგებლობის საშუალება უძრავი ქონების მფლობელებს არ მიეცათ. ჯერ კიდევ 1924 წელს, ხელისუფლებამ მიიღო კანონი “აშენებული ნაკვეთების რეალური ღირებულების გათანაბრება გაუფასურებულ ფულთან” შესახებ. კანონის თანახმად, ის მოქალაქეები, რომლებმაც მოგება ნახეს იპოთეკური სესხების გაუფასურებული მარკებით დაფარვით, ვალდებულნი იყვნენ კრედიტორებისათვის აენაზღაურებინათ მიღებული მოგება ინფლაციის გათვალისწინებით.
მესამე, ყველაზე მცირერიცხოვანი, მაგრამ ინფლაციური ქაოსისაგან ყველაზე მეტად მოგებული ადამიანების ჯგუფს წარმოადგენდნენ მთავრობასთან ახლოს მყოფი ბიზნესმენები. ასეთი ბიზნესმენის იდეალური განსახიერება გახდა მძიმე მრეწველობის მაგნატი ჰუგო შტინესი. -“ერთნი ამბობენ, რომ იგი ფლობს გერმანიას. ისინი მას გაბერილ კაპიტალისტს ეძახიან, რომელსაც უნდა ქვეყანა გიგანტურ ტრესტად გადააქციოს. სხვები მასში სოციალიზმის პიონერს ხედავენ – ვინც გზას კვალავს სახელმწიფოს სოციალიზაციისაკენ”, – წერდა შტინესზე ნიუიორკ ტაიმსი.
ჟურნალმა ტაიმსმა მისი პორტრეტი გარეკანზე მოათავსა. გერმანული მასმედია შტინესის კარიკატურების ხატვაში ვაჯიშობდა, გამოსახავდა მას გიგანტად, რომელიც ქვეყანას ყიდულობს – ორთქმავლებიდან დაწყებული, სტამბებითა და საარჩევნო ყუთებით დამთავრებული. სწორედ შტინესი იყო პირველი, ვინც მიხვდა, თუ როგორ გადაექცია უმართავი ინფლაცია მართვადად და როგორ ჩაეყენებინა ეკონომიკური ქაოსი საკუთარ სამსახურში.
რურაში, მდიდარი მეწარმეების ოჯახში დაბადებულმა ჰუგო შტინესმა მიიღო სამთო-ტექნიკური განათლება და უკვე 20 წელი მართავდა ოჯახურ ბიზნესს. ომის დროს შტინესი რეიხს იარაღით ამარაგებდა. ომის შემდეგ მან რკინისა და ნახშირის ექსპორტს მიჰყო ხელი. გარკვეული დროის შემდეგ ჰუგო მიხვდა, რომ სერიოზული ფულის შოვნა შეიძლებოდა, არა მხოლოდ წარმოების განვითარებით, არამედ კონკურენტი კომპანიის შესყიდვის მომგებიანი პირობებითაც. ომის შემდგომი ინფლაცია უკიდურესად ხელსაყრელი გამოდგა. შტინესმა ფსონი საკუთარი კომპანიის შეუკავებელ გაფართოებაზე გააკეთა. ეს კომპანია მუდმივად გაუფასურებად კრედიტებზე იყო დაფუძნებული. დიდი თანხების ვალად აღება, მათ ხარჯზე შესყიდვის განხორციელება და გაუფასურებული ფულით ვალის დაბრუნება – ასეთი იყო შტინესის ზრდის მოდელი.
გაუფასურებად ფულამდე მიღწევა შტინესისათვის საკმაოდ იოლი გამოდგა. 1920 წელს იგი რეიხსტაგში ლიბერალური გერმანული სახალხო პარტიის დეპუტატი იყო. მან დაიწყო ქვეყნის ფინანსურ პოლიტიკაზე სერიოზული გავლენის მოხდენა. იმავე 1920 წელს შტინესმა ფაქტობრივად უხელმძღვანელა გერმანიის დელეგაციას ბელგიურ სპაში გამარჯვებული სახელმწიფოების წარმომადგენლებთან რეპარაციის პირობების თაობაზე მოლაპარაკებებისას და საკუთარი სერიოზული წვლილი შეიტანა ქვეყანაში ინფლაციის ზრდაში.
სამი ინფლაციური წლის განმავლობაში შტინესმა იყიდა საერთო ჯამში 1,5 ათასზე მეტი საწარმო და ფინანსური კომპანია გერმანიაში. იგი ყველაფერს ყიდულობდა – რკინის გადამამუშავებელ ქარხნებსა და ნახშირის მაღაროებს, სასტუმროებსა და გაზეთებს, ბანკებსა და სატრანსპორტო კომპანიებს, ქიმიურ საწარმოებსა და ელექტროსადგურებს. სინდიკატი შტინესის ხელმძღვანელობით ერთ-ერთი მსხვილი მოათამაშე ხდება გერმანიის ეკონომიკაში. ამასთან ერთად, მისი შექმნა შტინესს არც ერთი ფენინგი არ უჯდება. მთელი შესყიდვები ხორციელდება საკრედიტო სახსრებით – ინფლაციის დატრიალებული ბორბალი ერთი მეორის მიყოლებით ანულირებს მეწარმის ვალებს. ფული, რომლითაც შტინესმა რკინის გადამამუშავებელი ქარხანა შეიძინა, რამდენიმე თვეში მხოლოდ რესტორანში სადილს თუ ეყოფოდა.
ზრდის ასეთი მოდელი სრულიად აწყობდა წარმატებულ ბიზნესმენს და ის აგრძელებდა გერმანიის მთავრობის ინფლაციური პოლიტიკის მხარდაჭერას. ამავდროულად, იგი საკუთარ პოლიტიკურ გავლენას ზრდიდა. 1923 წლის ოქტომბერში, შტინესი ხდება გერმანული სახალხო პარტიის კოალიციიდან გამოსული ერთ-ერთი იდეოლოგთაგანი. მეწარმეს ყველანაირი საფუძველი აქვს ივარაუდოს, რომ მორიგი ხელისუფლების მარცხის შემდეგ იგი შესძლებს ახალ კაბინეტში საკვანძო ფიგურად გახდომას. მაგრამ რამდენიმე თვეში ნაღვლის ბუშტიდან კენჭის ამოღების წარუმატებელი ოპერაცია შტინესის სიკვდილით დასრულდა.
ნებისმიერ შემთხვევაში, ჰუგო შტინესის მიერ შექმნილი ზრდის მოდელი მართლაც რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მოქმედების სტრატეგია აღმოჩნდა ჰიპერინფლაციის პირობებში. თუმცა, ამგვარ მოდელს ბუნებრივი შეზღუდვებიც ჰქონდა, როგორც ყველა არაჯანსაღი ზრდა, მას არ შეეძლო გამუდმებით ემუშავა. მარკის კურსის ათჯერადი ვარდნა (ყოველ ერთ ან ორ კვირაში ერთხელ) ოდესმე დასასრულს მიუახლოვდებოდა.
1923 წლის 26 სექტემბერს გერმანიის რეიხის კანცლერმა გუსტავ შტრეზემანმა ვეღარ შესძლო რურის ავანტიურის დაფინანსება და განაცხადა რურაში გაფიცვის შეწყვეტის შესახებ. გამარჯვებული ქვეყნების წარმომადგენლები დათანხმდნენ რეპარაციის გადახდის მოდელის გადახედვას და სანაცვლოდ წამოაყენეს გერმანული ვალუტის სტაბილიზების პირობა. 14 ნოემბერს, გერმანიამ ფულადი რეფორმა ჩაატარა და შემოიღო ეგრეთწოდებული რენტული მარკა, რომლის კურსმა ქაღალდის ფულის მიმართ შეადგინა 1-1 ტრილიონთან.
რენტული მარკის უზრუნველყოფისათვის მიიღებულ იქნა სპეციალური კანონმდებლობა, რომლის თანახმადაც, გამოშვებული რენტული მარკის ღირებულება უზრუნველყოფილი იყო კერძო პირების მფლობელობაში არსებული ქონების 6%-ით. ამგვარად, სახელმწიფო კიდევ ერთხელ “ჩაუძვრა ჯიბეში” ინფლაციით გამდიდრებულ უძრავი ქონების მფლობელებს.
1924 წლის აგვისტოში რენტულ მარკასთან ერთად, რომელიც გარდამავალი ვალუტა იყო და არ ასრულებდა სავალდებულო საგადამხდელო საშუალების როლს, შემოიღეს სრულფასოვანი ვალუტა – რეიხსმარკა, რომელიც 1948 წლამდე მოქმედებდა, მანამ, სანამ იგი დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის ვალუტებმა არ ჩაანაცვლეს.
შეუკავებელი ინფლაციისაგან დაღლილი ვეიმარული გერმანიის მოსახლეობა სიხარულით შეხვდა რენტულ მარკსაც და რეიხსმარკასაც, მაგრამ ხსოვნა ელვისებურად გაუფასურებულ დანაზოგებსა და პოლიტიკოსებისაგან ბედის ანაბრად დატოვებული მოსახლეობის შესახებ არსად გამქრალა. კატასტროფული ინფლაციის ხსოვნა ათი წლის შემდეგ აიძულებს გერმანელებს, არჩევნებზე ხმა მისცენ ნაცისტებს, რომლებიც მარტივ და გასაგებ პროგრამას წარმოადგენენ.
დიდი კრიზისი და ახალი ეკონომიკისა
და საფინანსო წესრიგის დასაწყისი
მსოფლიოში – ფინალური
სწორი ბრეტენვუდსისაკენ
ჯაზის ეპოქის
საიდუმლოებები
კონომისტები ჯერაც ვერ შეთანხმებულან აშშ-ში დიდი დეპრესიის დადგომის მიზეზებსა და დეპრსიიდან გამოსვლის ფაქტორების თაობაზე. საბოლოო წერტილი ამ ყველაფერს მხოლოდ მეორე მსოფლიო ომმა დაუსვა.
ჩვენი ცოდნა დიდი დეპრესიის შესახებ საკმაოდ წინააღმდეგობრივია. კრიზისის გამოხატულების სხვა ეკონომიკური კრახის ფონზეც კი შოკისმომგვრელი ძირითადი მოვლენები თითქოსდა ყოველმხრივ შესწავლილია, მაგრამ ამ საყოველთაოდ ცნობილი მოვლენებისა და ციფრების მიღმა ჯერ კიდევ ბევრი საიდუმლოება იმალება, რომლებიც იწვევენ სამეცნიერო პუბლიკაციებისა და დისკუსიების უწყვეტ ნაკადს. მეცნიერები დღემდე კამათობენ დიდი დეპრესიის გამომწვევ მიზეზებზე. საბოლოოდ, დღემდე ვერავინ შეძლო იმ მიზეზის დასახელება, თუ რატომ დაიწყეს 1929 წელს, თანამედროვე ისტორიისათვის ცნობილი ყველაზე ღრმა “ჩაძირვა” ამერიკისა და მასთან ერთად, მთელი მსოფლიოს ეკონომიკაში.
ამასთან ერთად (როგორც ყველა ამ მასშტაბის ისტორიულ მოვლენას სჩვევია), რეალური ისტორია მასობრივი ცნობიერებიდან დიდი ხანია გამოიდევნა მითებით. ბევრი მათგანი ქარწყლდება იმ მიმდევრობების უბრალო ჩამოთვლით, რომლებსაც ნამდვილად ჰქონდა ადგილი. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მითი დიდი დეპრესიის შესახებ ირწმუნება, რომ ხელისუფლება იყო პასუხისმგებელი დიდი დეპრესიის დაწყებაზე. მაგრამ ჭეშმარიტად მასშტაბური ჩარევა ფრანკლინ რუზველტის ხელმძღვანელობით დაიწყო მხოლოდ 1933 წელს. თუმცა, რუზველტის ხელისუფლებაში მოსვლისას ყველაზე უარესი უკვე მომხდარი იყო. მეორე მითი დაკავშირებულია დეპრესიიდან გამოსვლის ახალი კურსის განსაკუთრებულ როლთან. მიუხედავად იმისა, რომ ყველა წამყვანი ეკონომიკური მაჩვენებელი გაუმჯობესდა სწორედ, რომ პრეზიდენტ რუზველტის მმართველობის დროს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ სწორედ მისი პოლიტიკა გახდა ამისი მიზეზი. თანაც, საბოლოო იმპულსი ამერიკული ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლას მსოფლიო ომმა მისცა.
პრელუდია
ა არის დღეს რეალურად ცნობილი დიდი დეპრესიის შესახებ? ალბათ, უპირველეს ყოვლისა, ის, რომ ეს იყო მთელი რიგი ცხადი შეცდომებისა ხელისუფლების მხრიდან, რომლებმაც მიიყვანეს ეკონომიკა 1929 წლამდე. შეცდომებს ადგილი ჰქონდა ომის შემდგომი ათწლეულის განმავლობაშიც. დღევანდელი ენით რომ ვთქვათ, ოციანი წლების აშშ-ის ეკონომიკური პოლიტიკა იყო ლიბერალურ-კონსერვატიული: დაბალი გადასახადები, მინიმალური რეგულირება, შესუსტებული ანტიმონოპოლიური პოლიტიკა. 20-იანი წლების განმავლობაში ხელისუფლება აგრძელებდა სივრცის გაფართოებას თავისუფალი საბაზრო ძალების თამაშებისათვის.
ამასობაში კი ეკონომიკაში პრობლემები ნელნელა გროვდებოდა. ტრადიციული წარმოებები დეგრადირდებოდნენ. სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და ნახშირის მოპოვება მუდმივ დეპრესიაში იმყოფებოდა. ფეხსაცმლისა და ტექსტილის წარმოება, გემთმშენებლობა და სარკინიგზო გადაზიდვები ქრონიკულ კრიზისს განიცდიდნენ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასი 1920 წლიდან 1929 წლამდე 30-დან 40%-მდე ეცემოდა. ყოველწლიურად 600-მდე ბანკი კოტრდებოდა. ტერმინი “ტექნოლოგიური უმუშევრობა” თანდათან შედიოდა ქვეყნის ლექსიკურ მარაგში და დაახლოებით 200 ათასი ადამიანი ყოველწლიურად იცვლებოდა ავტომატური ან ნახევრადავტომატური მექანიზმებით. 1919-1929 წლებში შრომითი მწარმოებლურობა 43%-ით იზრდებოდა.
პარალელურად მიდიოდა მეურნეობის კონცენტრაციის აქტიური პროცესი. 1929 წლისათვის მხოლოდ 200 კორპორაცია აკონტროლებდა ამერიკული წარმოების ნახევარზე მეტს. უჩვეულოდ იზრდებოდა საშემოსავლო დიფერენციაცია. ათწლეულის ბოლოსათვის ქვედა ზღვრის შემოსავლების მიმღებთა 80% ამოშალეს საგადასახადო რეესტრიდან, ხოლო უმდიდრესი ადამიანების 1% ფლობდა ეროვნული სიმდიდრის 40%-ს. საშუალო ფენა 20-იანი წლების ბოლოსათვის ამერიკელების მხოლოდ 15-20% შეადგენდა. 1929 წლისთვის, იმ დროისათვის, როდესაც ჰერბერტ ჰუვერი გახდა პრეზიდენტი, ამერიკელების უკვე ნახევარზე მეტი სიღატაკის ზღვარს მიღმა იყო.
სრულმასშტაბიანი რეცესია 1929 წლის აგვისტოში დაიწყო (თუმცა, შემცირება მშენებლობაში ჯერ კიდევ 1926 წლიდან შეინიშნებოდა), საბირჟო კრახამდე ორი თვით ადრე. ინდუსტრიული წარმოება აშშ-ში 1929 წლის შემოდგომისათვის მცირდებოდა წლიური გამოთვლით 20%-იანი შემცირების ტემპით. სწრაფად ეცემოდა საბითუმო ფასები და პირადი შემოსავლები – ეკონომიკა აღმოჩნდა ისეთ სიტუაციაში, რომელსაც შემდგომში ეკონომისტებმა უწოდეს კლასიკური დეფლაციური სპირალი.
იყო თუ არა
ფინანსური ბუშტი
1921-1928 წლების პერიოდი დღემდე რჩება ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროის მონაკვეთად, როდესაც შეიმჩნეოდა მდგრადი, დადებითი შემოსავლები აქციებზე. ამ 8 წლის განმავლობაში საშუალო რეალურმა შემოსავალმა აქციაზე 25% წლიურ შემოსავალს მიაღწია. 1924 წლიდან, ბაზარზე ფაქტობრივად აღარ რჩებოდნენ “დათვები”, ყველანი მხოლოდ ფასების მომატებაზე თამაშობდნენ. 1928 წლის მაისიდან 1929 წლის სექტემბრამდე პერიოდში, აქციის საშუალო ფასი წლიური 40%-ით იმატებდა. ვაჭრობის ბრუნვამ დღეში 2-3 მილიონი აქციიდან 5 მილიონამდე აიწია.
24 ოქტომბერს დაიწყო ბაზრის ვარდნა, რომელმაც კატასტროფული მასშტაბები მიიღო 29 ოქტომბრის “შავ სამშაბათს”. ბირჟის დაცემიდან პირველ თვეში ინვესტორების მთლიანმა ზარალმა 16 მილიარდი დოლარი შეადგინა. (თანამედროვე მასშტაბებში ფასების უხეში გადათვლისათვის ეს ციფრი 12-ზე უნდა გავამრავლოთ). მეორედ დოუ-ჯონსისMAინდექსმა 1929 წლის აგვისტოს პიკს მიაღწია მხოლოდ მეოთხედი საუკუნის შემდეგ – 1954 წლის ნოემბერში, მაგრამ მანმადე, 1932 წლის ივნისში მან თავისი მაქსიმალური დონის ოთხი მეხუთედი დაკარგა.
გასული საუკუნის 20-იანი წლების მეორე ნახევარში, ამერიკული ბირჟის ქცევის ფიგურა ერთი შეხედვით კლასიკურ ბუშტს მოგვაგონებს. მიუხედავად ამისა, კითხვაზე, იყო თუ არა ეს საბირჟო ბუშტი, ჯერ კიდევ არ არის მკაცრად არგუმენტირებული პასუხი. ისევე, როგორც არ არის პასუხი დოთკომის ბუშტის შესახებ, რომელიც ზუსტად 70 წლის შემდეგ გაიბერა. ერთი მხრივ, ბაზრის ზრდა ძალიან მკვეთრი იყო. არსებობდა რეალური დივიდენდები და აქციის მომგებიანობა 1928-1929 წლებში ისტორიულ მაქსიმუმადე ავიდა. ასე რომ, ფასი/შემოსავლის კოეფიციენტთან მიმართებით ბაზარი არც თუ ისე გადაფასებულად გამოიყურებოდა. 1929 წელს ეს თანაფარდობა ბაზრის ღირებულების მაქსიმალურ მაჩვენებელზე – 15-ზე ოდნავ მეტი იყო. 1930 წელს, რეცესიაში შესვლასთან და მოგების ვარდნასთან ერთად ეს მაჩვენებელი 22-მდე იზრდება და 26-მდე – 1936 წელს. მაგრამ ეს მაინც ორჯერ უფრო მცირეა, ვიდრე 2001 წელს დოთკომის ბუშტიდან გამოსვლის მომენტისათვის, როდესაც აქციის საშუალო ღირებულება 52-ჯერ აღემატებოდა მოგების სიდიდეს, რომელიც მის მფლობელს შეიძლებოდა დარიცხვოდა.
აქციების კოტირების უცაბედი აწევა თავისი დროის “ახალი ეკონომიკისა” და “ირაციონალური სიცოცხლის ხალისის” შეხამების შედეგი იყო. 20-იან წლებში წარმოებაში გაუშვეს მთელი რიგი სიახლეების, როგორებიცაა, პირველ რიგში, ავტომანქანები, რადიო, კინო, ავიაცია და ელექტროენერგია. საკმაოდ გაფართოვდა საბანკო მომსახურებების სპექტრი და საბანკო კომპანიათა აქციები უფრო სწრაფად თუ არა, მაღალ ტექნოლოგიების პარალერულად იზრდებოდა. ორივე ეპიზოდში მაკროეკონომიკური პირობები ბრწყინვალედ გამოიყურებოდა – დაბალი უმუშვერობის დონე ეხამებოდა 20-იანი წლების სტაბილურ ფასებს და 90-იანების დაბალ ინფლაციას. ბაზარში სწრაფად ჩაერთვნენ ახალი მონაწილეები, ინვესტირება საიმედოდ გამოიყურებოდა დაბალი მაკროეკონომიკური რისკებისა და აქციებზე კურსის ზრდიდან მიღებული საკმაოდ სტაბილური და მაღალი შემოსავლის გამო (ისევე როგორც მიღებული დივიდენდების გამო).
იმ დროის მრავალი მკვლევარი ამტკიცებდა, რომ უფრო მაღალი საბირჟო კურსი სიახლეების, ზრდადი მოგების და შესაბამისად, ზრდადი დივიდენდების, კაპიტალის უფრო მაღალი ზღვრული მწარმოებლურობის პროდუქტი იყო. კერძოდ, ცნობილი ეკონომისტი ირვინგ ფიშერი საბირჟო ბუმს აღიქვამს, როგორც დასაბუთებულ პასუხს მომგებიანობის ზრდაზე, რომელიც სისტემატური სამეცნიერო სიახლეებისა და ტეილორის მმართველობის ახალი მეთოდების დანერგვის შედეგი გახდა. მაგრამ ყველანი ასეთი ოპტიმისტები როდი გახლდნენ – ზოგიერთი კომპანიისა და ბანკის ხელმძღვანელობა, დაგეგმილი დივიდენდებიდან გამომდინარე უკვე 1928 წელს აცხადებდა, რომ მათი აქციები გაუმართლებლად გადაფასებული იყო.
ზოგიერთი მკვლევარი ეგრედ წოდებულ ტობინის სიმდიდრის ბალანსის ეფექტზე დაყრდნობით, რომლის თანახმადაც აქტივების ღირებულება გავლენას ახდენს მთლიან მოთხოვნაზე, ცდილობდა გაერკვია, იყო თუ არა 1929 წლის ფენომენი საბირჟო ბუშტი. იმ შემთხვევაში, თუ 1929 და 1999 წლებში საბირჟო ბუშტს ადგილი ჰქონდა, მაშინ მათ უნდა გაემრუდებინათ და ზემოთ აეწიათ მოხმარება და ინვესტიციები. ამას გარდა, აქციების ღირებულების ზრდა უნდა ასახულიყო გარანტიებისა და გირაოს სიდიდეზე, რაც ფირმებს საშუალებას მისცემდა, მოეზიდათ უფრო მეტი სესხები. ამგვარად, ბუშტის შედეგია პერე-ინვესტირება – ანუ ისეთი პროექტების ინვესტირება, რომლებსაც რეალობაში არ გააჩნიათ შიდა შემოსავლის დადებითი ნორმა.
სხვადასხვა ეკონომისტების, მათ შორის დიდი დეპრესიის პერიოდის ერთ-ერთი ავტორიტეტული მკვლევარის ქრისტინა რომერის (რომელმაც უხელმძღვანელა ეკონომიკური მრჩევლების ჯგუფს ბარაკ ობამას პრეზიდენტად არჩევის დროს) მიერ ჩატარებულმა შეფასებებმა აჩვენა, რომ 1929 წელს რეალურად ადგილი ჰქონდა ინვესტიციებისა და მოხმარების ზღვარგადასულ დონეს. ამგვარად, საბირჟო კრახმა რეცესიის სერიოზული აქტივიზატორის როლი ითამაშა, მოხმარებისა და ინვესტიციების მკვეთრი შემცირებით.
მთლიან შიდა პროდუქტს მინუს მესამედი
1930 წლის თებერვალში, კრიზისზე ერთ-ერთი პირველი რეაგირებს ფედერალური სარეზერვო სისტემა, რომელსაც შემდგომში დაფნის გვირგვინი ერგება დიდი დეპრესიის მთავარი ორგანიზატორობისათვის – საბაზისო კოეფიციენტი (პრაიმ რეიტი) შემცირებულია 6%-დან 4%-მდე. ამას გარდა, ხელისუფლება ცდილობს, გააფართოვოს ფულადი შემოთავაზება (all-cash bid) და ბაზარზე შევიდეს სახაზინო ფასიანი ქაღალდების მსხვილი შესყიდვით. არსებითად, ამ ზომებით ამოიწურა რეაქცია კრიზისზე და შემდეგი ორი წლის განმავლობაში მთავრობას არაფერი გაუკეთებია. კერძოდ, შემდგომი წლინახევრის განმავლობაში ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ მხოლოდ უმნიშვნელო თანხები დაამატა და აპათიურად შეჰყურებდა, თუ როგორ იკუმშებოდა ეკონომიკა. ხაზინის მდივანი ენდრიუ მელონი მიიჩნევდა, რომ აუცილებელი იყო ბაზარს საშუალება მისცემოდა დამოუკიდებლად ეწარმოებინა ფასებისა და პროპორციების აუცილებელი კორექტირებები.
1930 წლის ივნისში აშშ-ში მიიღეს ე.წ. სმუტი-ჰოულის ტარიფი, რომლის თანახმადაც იმპორტზე შემოიღეს 40% ოდენობის გადასახადი შიდა ბაზრის დაცვის მიზნით. შედეგად, ამ ტარიფს მიეწერა სერიოზული როლი დიდი დეპრესიის გაღრმავებაში. მაგრამ მსგავსი ვერსია კრიტიკას ვერ უძლებს, რადგანაც იმპორტი შეადგენდა მშპ-ის მხოლოდ 6%-ს, ხოლო ამერიკული წარმოებები უკვე ისედაც აღარ აკეთებდნენ ევროპაში ინვესტიციებს. სამაგიეროდ, მიღებული ზომები ევროპისთვის კრიზისის გადაცემის ერთ-ერთი მთავარი არხი გახდა.
1930 წლის ბოლოსათვის იწყება დრამის ახალი მოქმედება – ადგილი აქვს პირველ მასობრივ პანიკას კლიენტების მხრიდან, რასაც დეპოზიტების შოკურ გადინებამდე და ბანკების გაკოტრების ტალღამდე მივყავართ. მეორე საბანკო პანიკა 1931 წლის გაზაფხულზე ხდება. მთელი ამ თვეების განმავლობაში ხელისუფლება არანაირად არ რეაგირებდა ეკონომიკურ ცუნამზე, რომელიც ნელნელა კრეფდა სიჩქარეს. 1930-1931 წლებში GDP ეცემა შესაბამისად 9.4 და 8.5 პროცენტით, ხოლო უმუშევრობის დონე იზრდება – 1930 წლისათვის 3,2%-დან 1931 წლის ბოლოსათვის 15.9%-მდე.
1932 წელს მშპ ეცემა კიდევ 13.4%-ით (მთლიანად 1929 წლიდან 31%-ით!). უმუშევრობის დონე 23.6%-მდე იზრდება. კრიზისის დაწყებიდან სამ წელიწადნახევარში სამსახურს კარგავს 13 მილიონამდე ამერიკელი. ქვეყანაში დეფლაცია ბობოქრობს – 1930 წლიდან საწარმოო მარაგები საკუთარი ღირებულების 80%-ს კარგავენ, ხოლო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე ფასები 1929 წლიდან 53%-ით ეცემა. სამ წელიწადში ყოველი ხუთიდან, ორი ბანკი კოტრდება, რომლებშიც 2 მილიარდი დოლარის ღირებულების დეპოზიტები დაიწვა. ფულადი მასა 1929 წლიდან ნომინალის მიხედვით 31%-ით შემცირდა.
1932 წლის იანვარში კონგრესმა შექმნა რეკონსტრუქციის ფინანსური კორპორაცია (რფკ). ეს ორგანიზაცია მოწოდებული იყო, ფინანსური დახმარება გაეწია რკინიგზისათვის, ფინანსური ინსტიტუტებისათვის და ბიზნესკორპორაციებისათვის. ივლისში მისი როლი გაფართოვდა სოფლის მეურნეობის დახმარებისათვის და სახელმწიფო და ადგილობრივი საზოგადოებრივი სამუშაოების ფინანსირებისათვის. რუზველტის მართველობის დროს რფკ უფლებამოსილებები საგრძნობლად გაიზარდა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ეკონომიკის აღდგენის ღონისძიებებში (ახალი კურსის ჩარჩოებში).
დერეგულირების იდეოლოგიაზე ნელნელა უარი ითქვა. მიიღეს კანონი ფედერალური მომარაგების ბანკის შესახებ, რომელსაც კრედიტებით უნდა უზრუნველეყო ორგანიზაციები, რომლებიც ოპითეკური დაკრედიტებით იყვნენ დაკავებულები (მომვალი Fannie Mae-ს პროტოტიპი). გლასი-სტიგალის სახელის მატარებელი ორი კანონიდან მიიღება პირველი, რომელიც მიმართულია ფედერალური სარეზერვო სისტემის ლიბერალიზიციაზე და ნებას აძლევს მას დააფინანსოს წევრი ბანკები. საბოლოოდ აღიარებულია საბიუჯეტო შემოსავლების მდიდრებიდან ღარიბებისაკენ გადანაწილების აქტივირების აუცილებლობა, რათა მოხდეს მოხმარების სტიმულირება. ინდივიდუალური საშემოსავლო გადასახადის კოეფიციენტი იზრდება 25-დან 63%-მდე.
საზოგადოება მიიჩნევს, რომ ჰუვერის ადმინისტრაციის მიერ მიღებული ზომები არასაკმარისი და უკვე დაგვიანებულია. ფრანკლინ რუზველტმა ადვილად დაამარცხა ჰუვერი 1932 წლის შემოდგომის არჩევნებზე, ამავდროულად, დემოკრატები კონგრესზე კონტროლსაც იგდებენ ხელში.
დღესდღეობით ეკონომისტების კონსენსუსი გამოიხატება იმ აზრით, რომ ჰუვერის მთავრობის მთავარი შეცდომა იყო ფედერალური სარეზერვო სისტემის შეკავება ფულადი შემოთავაზების გაფართოებისაგან, მაშინ როდესაც საბანკო პანიკასა და მილიარდობით დაკარგულ დეპოზიტებს ფულადი მასის მკვეთრ შემცირებამდე მივყავდით. ფედერალური სარეზერვო სისტემის უმოქმედობამ პირველადი ვარდნა გადააქცია ხანგრძლივ დეპრესიად. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა განვიხილოთ, თუ რითია მოტივირებული მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ფედერალური სარეზერვო სისტემის მრავლად გაკრიტიკებული პასიური პოლიტიკა, როგორც ბუმის ფაზაში, ასევე საბირჟო კრახის საბანკო და რეალურ სექტორებზე გადასვლისას.