მსოფლიოსადმი ზურგშექცეულნი
ნ. არველაძე
მსოფლიო ინტეგრაცია თითქმის ყველა ფრონტზე პოზიციებს თმობს ეკონომიკურმა კრიზისმა ახალი პოპულარული ტერმინი მოგვიტანა: დეგლობალიზაცია. კაპიტალიზმის კრიტიკოსები ახალ ტერმინსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს მიესალმებიან, მაგალითად, უოლდენ ბელოუ, ფილიპინელი ეკონომისტი, რომელიც ალბათ მოჰყვება მტკიცებას, რომ თავის წიგნში “დეგლობალიზაცია, აზრები ახალი მსოფლიო ეკონომიკისათვის” ახალი მსოფლიო გამოიგონა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნიც მათ რიგებს მიეკუთვნება, ვინც შიშობს, რომ შედეგები სავალალო იქნება.
ნუთუ მართლა დადგა გლობალიზაციის აღსასრულის დრო? მსოფლიო ეკონომიკები მართლაც რომ განსაკუთრებული სისწრაფით კარგავენ ტემპებს. რეცესიის მზარდი სიჩქარე და მასშტაბები აღრმავებს ვარაუდს, რომ მსოფლიო ბაზრების ინტეგრაცია მარწუხებში ექცევა. 2008 წლის ბოლოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 2009 წელს მსოფლიო ეკონომიკა 2.2%-ით გაიზრდებოდა, რაც 2007 წლის მაჩვენებელს ნახევარი პროცენტით ჩამოუვარდება, ახლა კი სავარაუდო წლიური ზრდა 0.5% გახდა, რაც 60 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა და შესაძლოა ესეც კი ოპტიმისტური იყოს.
არავის უთქვამს ოდესმე, რომ გლობალიზაციამ ბოლო მოუღო ეკონომიკურ აღმასვლებსა და დაცემებს, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ეს დიდი პრობლემების დამამტკიცებელი საბუთია.
მართალია, ეკონომიკური დაღმავლობა და დეგლობალიზაცია განსხვავებული ცნებებია და ეკონომიკურმა კრიზისმა, ეს-ეს არის, ზიანის მიყენება დაიწყო. წლების განმავლობაში ღარიბი ქვეყნების ეკონომიკური ზრდა მდიდარი ქვეყნებისას უსწრებდა, და ეს ჯერ კიდევ ასეა. მდიდარ და ახალ ბაზრებს შორის რეალური მშპ-ის ზრდის სხვაობა 1991 წელს თითქმის უმნიშვნელო იყო, 2008-2009 წელს კი, საერთაშორისო მონეტარული ფონდის თანახმად, 5.3%. ღარიბი ქვეყნების ასეთი შედეგი სწორედ გლობალიზაციის დამსახურება ითვლება.
ახლა კი პროცესები იცვლება. გლობალიზაცია ნიშნავს საქონლის მოძრაობის, კაპიტალისა და სამუშო ადგილების გლობალურ ინტეგრაციას. დღეს თითოეულ მათგანს საფრთხე ემუქრება. მსოფლიო ვაჭრობა იძირება. 2008 წლის პირველ ნახევარში დოლარში გადაანგარიშებული სავაჭრო ზრდა 20% შეადგენდა, რომელსაც ბიძგი საქონელზე ფასების მატებამ მისცა, მეორე ნახევარში კი საქონელზე ფასების კლებისა და დოლარის გაცვლითი კურსის მატების გამო ვაჭრობის ტემპი სწრაფად ნელდებოდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, სექტემბერში ის უკუსვლას განიცდიდა.
დაღმასვლა ყველაზე მკვეთრი აღმოჩნდა იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც ყველაზე აქტიურად იყვნენ ჩართულნი მსოფლიო ვაჭრობაში, განსაკუთრებით კი აზიის “ვეფხვებისთვის”. სინგაპურის ექსპორტი მშპ-ის 186%-ია, მისი ეკონომიკის წლიური ზრდა 2008 წლის ბოლო სამ თვეში 17%-ით შემცირდა. ტაივანის ექსპორტი მშპ-ის 60%-ს შეადგენს, მიმდინარე წელს მისი ეკონომიკის წლიური ზრდის 11%-იან შემცირებას ვარაუდობენ. ეკონომიკურმა პრობლემებმა ის მდიდარი ქვეყნებიც დააზარალა, რომლებიც ძველმოდურ წარმოებაში იყვნენ სპეციალიზებულნი. ჩვეულებისამებრ, აცხადებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, წელს მდიდარი ქვეყნების ეკონომიკა 2%-ით შემცირდება. გაუჭირდებათ იაპონიას და გერმანიას, რომლებიც საინვესტიციო საქონლის, მანქანებისა და ელექტრონიკის მსხვილი ექსპორტიორები არიან, მათი ეკონომიკები 2.5-2.6%-ით შემცირდება. 2008 წლის ბოლო მეოთხედში აღნიშნული ქვეყნების ეკონომიკები საგანგაშოდ შემცირდნენ, გერმანიის წლიური ეკონომიკური ზრდა 8%-ით, იაპონიისა კი 13%-ით. ასეთი ცუდი მაჩვენებელი იაპონიას 1974 წლის შემდეგ არ ჰქონია.
პატარა ქვეყნები, რომლებმაც ბიზნესი გლობალიზაციის კვალდაკვალ ააწყვეს, მაგალითად ტურიზმით, დიდ ზარალს განიცდიან. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო ტურისტთა მიმოსვლა 2008 წლის მეორე ნახევარში 1%-ით შემცირდა, შესაძლოა ვინმემ იფიქროს, რომ ეს არც ისე ცუდი მაჩვენებელია, მაგრამ თუ ამ მონაცემს გასული ოთხი წლის 5%-იან ზრდას შევადარებთ, ყველაფერი ნათელი გახდება. წელს კარიბის ქვეყნებში ტურისტთა მესამედით კლებას Eელიან, კუნძულების სასტუმროები ნახევრად ცარიელია, შემცირდა რეისების რაოდენობა და ეროვნული ბიუჯეტი, რომელიც ტურიზმზე ძლიერ იყო დამოკიდებული.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ახალი უმსხვილესი ბაზრები ჯერჯერობით დიდ ზარალს არ განიცდიან. ინდოეთში, სადაც ექსპორტს მშპ-ის 15% უჭირავს, აცხადებენ, რომ 2009 წლის მშპ დაახლოებით 7.1% იქნება. მართალია, ბრაზილიის ეკონომიკა სასაქონლო ფასების ვარდნამ და ექსპორტის კლებამ დააზარალა, ეკონომისტთა უმრავლესობა მაინც მიიჩნევს, რომ შარშანდელი წლის ბოლო მეოთხედში წარმოება გაიზარდა და 2009 წლის ეკონომიკური ზრდა 1.5-2% იქნება. ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 6.8%-ია, მაგრამ ბრაზილიის მსგავსად ჩინეთშიც ეკონომიკური ზრდის შემცირებას ელიან. იანვარში ჩინეთის ექსპორტი 18%-ით, იმპორტი კი 43%-ით შემცირდა. თითოეულ მათგანს მსხვილი შიდა ბაზარი და საკმაოდ სტაბილური საბანკო სისტემა აქვს, რომელთა ლიბერალიზებაც არ მომხდარა.
უკბილო “ვეფხვებსა” და BIC-ის (BRICს გამოკლებული რუსეთი, ნავთობის გამო, BIჩ – ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი) ქვეყნებს შორის ნაპრალი ფართოვდება. ბრაზილია, ინდოეთი და ჩინეთი მსხვილი ბენეფიციარები იყვნენ, ახლა კი რა მოხდება? რამდენად იქნება შესაძლებელი მათი ბანკების ლიბერალიზაცია? არსებობს გამოსავალი?
ახალი ბაზრების ვაჭრობა გააუარესა კაპიტალის მოძრაობამ, რომელიც გლობალიზაციის მეორე მსხვილი პარტიული პროგრამის პუნქტია. მსოფლიო ბანკის თანახმად, კერძო ვალების ქსელი და განვითარებადი ქვეყნების აქციათა მიმოქცევა, რომელიც 2007 წელს 1 ტრილიონ დოლარს შეადგენდა, 2009 წელს 530 მლრდ დოლარამდე დაიწევს, ე. ი. ამ ქვეყნების მშპ 7.7%-დან 3%-მდე შემცირდება. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი უფრო მკვეთრ ვარდნას ვარაუდობს და აცხადებს, რომ მიმდინარე წელს ბანკები ვალების გადახდას ახალი ბაზრებისგან ელიან და ახალი სესხების გაცემას არ აპირებენ. 2008 წლის ბოლოს, აღნიშნულ ქვეყნებში ფასიანი ქაღალდების ბაზარმა კრახი განიცადა, ბიზნესის მოცულობა 5 მლრდ დოლარამდე ჩამოვიდა, მეორე მეოთხედში კი ათ დაახლოებით 500 მლრდ დოლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გამოუშვეს.
რაც შეეხება ვაჭრობას, ფინანსური დეგლობალიზაცია ქვეყნებს სხვადასხვა გზით უტევს. ამ შემთხვევაში აღმოსავლეთ აზია ყველაზე ნაკლებად დაზარალდა, რადგან უმეტესი ქვეყნები ქსელური კრედიტორები არიან, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპა და რუსეთი ზარალს განიცდიან, რადგან ადგილობრივი ბანკები აგრძელებდნენ უცხოური სესხებით არსებობას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ახალმა მსხვილმა ბაზარმა რეზერვები უცხოურ ვალუტაში დააგროვა და საგარეო ვალები შეკვეცა, აღმოსავლეთ ევროპაში რეზერვები თანაბარი იყო, გაიზარდა საგარეო ვალები და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გასულ დეკადაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ ქვეყნებში გლობალიზაციის უკუსვლამ პრობლემები უარესად გაამწვავა. ახალი ბაზრების ფინანსური ლიბერალიზაციის შესახებ ხალხს სხვადასხვა შეხედულება აქვს, რის გამოც შესაძლოა, მის უკუსვლაზე დიდი სინანული არ გამოთქვას, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი მიესალმება პირდაპირი უცხოური ინვესტიციებთ შექმნილ ახალ ქარხნებსა და სამუშაო ადგილებს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით, ჩვეულებრივ, უნარჩვევები და ტექნოლოგიები მდიდარი ქვეყნებიდან ღარიბ ქვეყნებს გადაეცემა. ახლა სადაცაა ეს სისტემაც დაიშლება. გაერთიანებული ერების კონფერენციაზე, რომელიც ვაჭრობასა და განვითარებას მიეძღვნა განაცხადეს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმოქცევა 2008 წელს 21%-ით შემცირდა და 1.4 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ინვესტიციების ხელშეწყობის მსოფლიო ასოციაციის სააგენტო იუწყება, რომ იგი მიმდინარე წელს დაახლოებით 12-15%-ით შემცირდება.
ვაჭრობის საპირისპიროდ გლობალური დაძღმავლობის საინვესტიციო გავლენამ სასტიკად დააზარალა ქვეყნები, საიადანაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი დაიწყო: მსოფლიოს მდიდარი ქვეყნები. მდიდარ ქვეყნებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წელს ერთი მესამედით შემცირდება, ბრიტანეთში, გერმანიასა და იტალიაში კი განახევრდება. ფინეთი და ირლანდია კაპიტალის გადინების საშიშროების წინაშე დადგებიან. 2007 წელს განვითარებად ქვეყნებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შედინება მზარდი იყო მხოლოდ 4%-ით, 2008 წელს კი 21%-ით გაიზარდა. დაახლოებით მეხუთედით გაიზარდა სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა, ინდოეთში კი გაორმაგდა, თუმცა მშპ-ის პრობლემების გამო შესაძლოა უკუიქცეს.
გლობალიზაციის მესამე მთავარი ასპექტი სამუშაო ადგილებია. მუშათა საერთაშორისო ორგანიზაციის პროგნოზით, 2009 წელს უმუშევრობა მსოფლიოში დაახლოებით 30 მლნ-ით გაიზრდება, ზრდის უმთავრესი მიზეზი იქნება რეცესია და არა გლობალიზაცია, მაგრამ მუშახელის დიდი ნაწილი უმეშევრად დარჩება ვაჭრობის შემცირებისაც და (ექსპორტის მწარმოებელი კომპანიები მუშახელს შეამცირებენ) ინვესტიციების კლების გამოც (არ შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები).
დეგლობალიზაცია ღრმა დაღს დაასვამს მიგრანტებს. გასულ დეკადაში, ყველაზე მეტმა ადამიანმა შეიცვალა საცხოვრებელი ქვეყანა. მაგალითად, მშენებლობის ბუმის გამო მიგრანტები (ირლანდიელები, პოლონელები ჩინელები, და განსაკუთრებით ლათინო ამერიკელები), სამსახურს იოლად შოულობდნენ ახლა კი მათი ნაწილი სამშობლოში დაბრუნებას ამჯობინებს. ესპანეთში უმუშევრად დარჩენილი მშენებლები მიგრანტებს ხილის კრეფაში ეცილებიან. ყველაფერი უარყოფითად აისახება მდიდარი ქვეყნებიდან ღარიბ ქვეყნებში ფულადი გზავნილების მოცულობაზე, რომელიც ისედაც მკვეთრად შემცირდა 2008 წლის ბოლო მეოთხედში.
შესაძლოა ეროვნულ მთავრობებს თავს დიდი მრისხანება დაატყდეთ. დეკემბერში საბერძნეთში პოლიციის მიერ ახალგაზრდა ადამიანის მკვლელობას მასობრივი გამოსვლები მოჰყვა, პროფკავშირების მოწოდებით, საფრანგეთში ერთი დღით 1 მლნ ადამიანი გაიფიცა. ეკონომიკური პოლიტიკის გამო ქუჩაში გამოსული 100 ლატვიელი პოლიციამ დააკავა, მაგრამ ყველაზე ანტიგლობალური ტონი ბრიტანეთის გამოსვლებში ჟღერდა, მათ ნავთობაგადამამუშავებელსა და ნავთობგასამართ სადგურებზე უცხოელი მუშახელის მასობრივად დასაქმება გააპროტესტეს. შეიძლება შექმნილი პრობლემები გლობალიზაციისადმი ნაკლებ მხარდაჭერას მივაწეროთ, განსაკუთრებით საერთაშორისო ვაჭრობა მათთვის დადებით მოვლენად შეფასდა, 46 ქვეყნიდან 41 მრავალეროვნულ ფირმებს მიესალმება, 47 ქვეყნიდან 39 თავისუფალი ბაზრის პირობებში თავს უკეთ გრძნობს.