საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პერსპექტივები

მაკა ღანიაშვილი

27 თებერვალს ეკონომისტებმა: ემზარ ჯგერენაიამ, ლევან კალანდაძემ, გიორგი აბაშიშვილმა და ირაკლი ლექვინაძემ ბრიფინგი გამართეს თემაზე – რუსეთის ახალი ენერგეტიკული დოქტრინა – ვის ინტერესებში არ შედის საქართველოში ჰიდროენერგეტიკის განვითარება, რამდენს ვიხდით რეალურად 45-თეთრიან გაზში, კონტროლდება თუ არა ხარისხი.

საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და რუსეთის ენერგოდოქტრინა

ექსპერტებმა ისაუბრეს რუსეთის ახალი ენერგეტიკული დოქტრინის შესახებ, თუ რაზე კეთდება აქცენტები და რა გამოწვევები დგას საქართველოს წინაშე, ვის ინტერესებში არ შედის საქართველოში ჰიდრო-ენეგეტიკული რესუსრების ათვისება, რატომ ებრძვიან ინვესტორებს, რამდენად დიდია ენერგოდამოკიდებულების ფასი, რატომ გვჭირდება ჰიდრო-ელექტრო სადგურები და მოახდინეს ენერგიის ალტერნატიული წყაროების ანალიზი. ასევე, განხილეს ეკონომიკური, ენერგეტიკული და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხები – გააჩნია თუ არა საქართველოს მთავრობას გრძელვადიანი ენერგეტიკული სტრატეგია, არსებობს თუ არა საინვესტიციო პროექტების შეფასების ეფექტური მექანიზმები.

8

ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია: „ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, გავაანალიზეთ ენერგეტიკაში არსებული ვითარება. ჩვენი მიზანია, ვაჩვენოთ ის ღრმა პრობლემები, რაც არის საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში. უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით 1 კვირის წინ რუსეთმა მიიღო ახალი ენერგეტიკული დოქტრინა, 2035 წლამდე. ერთი მხრივ, მან განაახლა ძველი დოკუმენტი, რომელიც 5 წლის წინ იყო მიღებული, მაგრამ, რეალურად, რუსეთმა შეცვალა მიმართულება ენერგეტიკაში“.

განვითარებული ქვეყნების ბაზარზე რუსეთმა საკმაოდ სერიოზული პოზიციები დათმო. რუსეთში მოპოვებული მთლიანი გაზის უდიდესი წილი ევროპაში მიდის ექსპორტზე, ეს რუსეთის შემოსავლის უმთავრესი წყაროა. ევროპისა და, ზოგადად, მსოფლიოს განვითარებულმა ქვეყნებმა ბოლო პერიოდში თავისი ენერგოდოქტრინების ფარგლებში, საკმაოდ შეამცირეს გაზის მოხმარება და ტენდენცია მიდის იქითკენ, რომ ის მიუახლოვდეს მინიმუმს და გადავიდნენ განახლებად ენერგო წყაროებზე. რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი კარგავს ბაზარს, ამიტომ მან შეცვალა მიმართულებები და მისი მიზანია, აითვისოს ისეთი ქვეყნების ბაზრები, როგორიც არის საქართველო. ამ ფაქტზე აკეთებენ აქცენს ინიციატივის ავტორი ექსპერტები.

ემზარ ჯგერენაია: „რუსეთის ახალი ენერგოდოქტორნის მთავარი ხერხემალი არის ეს, რომ მან ვექტორი შეცვალა, სამხრეთის ნაკადის და ჩრდილოეთის ნაკადის ამუშავების შემდგომ და გადმოვიდა განვითარებადი ბაზრების ათვისებაზე, რომელთა რიცხვშიც ვართ ჩვენ. რუსეთი ცდილობს, გაზის მოხმარებაზე დაფუძნებულ ენერგეტიკულ მომავალს სერიოზული ლობირება გაუკეთოს. ისეთ მომავალს, რომელსაც ზოგიერთი ექსპერტები გვიქადიან. საქართველოს გააჩნია ჰიდროპოტენციალის უზარმაზარი რესურსები. ჩვენი ენერგეტიკული ბაზა და მომავალი სწორედ ეს ჰიდრორესურსებია და მისი ოპტიმალური გამოყენება. ზოგიერთი ექსპერტი და ლობისტი გვექაჩება იქითკენ, რომ ვიყოთ გაზსა და ერთ ქვეყანაზე დამოკიდებული. როცა საუბარია იმაზე, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში უკრაინას 7 მილიარდი სჭირდება, აქედან ლომის წილი „გაზპრომის“ ვალია. ასეთი ერთვექტორიანი და არაუსაფრთხო ენერგეტიკული პოლიტიკა ჰქონდა უკრაინას, რამაც ის რუსეთთან მონურ და ოკუპანტურ დამოკიდებულებამდე მიიყვანა. მარტო რუსეთზე არაა საუბრი, მნიშვნელოვანია, რომ ერთ ქვეყანაზე არ ვიყოთ დამოკიდებულნი, იქნება ეს რუსეთი, აზერბაიჯანი თუ სხვა“.

energetika-emzari

ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე: „უმნიშვნელოვანესია ენერგეტიკული დამოუკიდებლობის საკითხი. რუსეთისთვის გაზის თემა არ არის მხოლოდ ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხი, მისთვის ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი – საკუთარი გავლენები გაავრცელოს სხვა ქვეყნებზე და ენერგეტიკა გამოიყენოს პოლიტიკური ზემოქმედების იარაღად. უკრაინა ამის კარგი მაგალითია. საქართველოში ხშირად გვსმენია, თითქოს საქართველო ნაკლებად არის დამოკიდებული რუსეთის ენერგეტიკაზე და, ამ თვალსაზრისით, თითქოს საქართელოში საფრთხე არ არსებობს. როცა ვსაუბრობთ ჩვენ ჰიდროე-ნერგეტიკული რესურსების გამოყენებაზე, ეს მტკიცება არის სწორი, იმიტომ რომ ჩვენ ზამთრის თვეებში დააახლოებით 600-800 მილიონი კილოვატ საათის ელენერგიის იმპროტი გვჭირდება მაშინ როცა ზაფხულში დენს ვყიდით. და ეს იმპორტი, ძირითადად რუსეთზე მოდის, მაგრამ ენერგეტიკა მხოლოდ ჰიდრო-ენერგეტიკა არ არის. მნიშვნელოვანი წილი ენერგეტიკულ ბალანსში სწორედ თბოელექტრო სადგურების მიერ გამომუშავებულ ენერგიაზე მოდის და თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში თბოელექტრო სადგურების ასამუშავებლად საჭირო რესურსები, ქვანახშირი და გაზი, არ არსებობს, და 100%-ით იმპორტზეა დამოკიდებული, ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ხარისხი დაახლოებით 70-75%-ით შეიძლება განისაზღვროს სხვა ქვეყნებთან შედარებით. საქართველო ენერგოდამოკიდებულია რუსეთსა და აზერბაიჯანზე. რეალობა არის ასეთი – ჰიდრორესურსებზე რუსეთზე ჩვენი ენერგოდამოკიდებულება არის საკმაოდ მაღალი. ქვეყნის ჰიდროენერგო რესურსების გენერაციის 50% მოდის 2 კაშხალზე, ვარდნილჰესი და ენგური, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ამ გამომუშავებულ ენერგიას ჩვენ ვიღებთ საქართველოს მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან, გალის ქვესადგურიდან, ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური რისკი“.

მონოპოლისტი სოკარი და დაზარალებული მომხმარებელი

გარდა ამისა, ბრიფინგის მსვლელობისას ექსპერტებმა ისაუბრეს, ბუნებრივი აირის მიწოდების და განაწილების სფეროში არსებულ პრობლემებზე, მონოპოლიური მდგომარეობის საკითხებზე. იმის შესახებ, კონტროლდება და არსებობს თუ არა ინფორმაცია გაზის ხარისხის, წნევის, კალორიულობის შესახებ და იწვევს თუ არა ამ მაჩვენებლების ცვალებადობა გაზზე დღეს არსებული 45-თეთრიანი ტარიფის ზრდას.

energetika-kalandadze

ლევან კალანდაძე: „ჩვენი ენერგოდამოკიდებულობა გაზის ნაწილიში, ფაქტობრივად, 100%-ით დამოკიდებულია სოკარის მიერ მოწოდებულ გაზზე. სოკარი დღეს საქართველოში 100%-იანი მონოპოლისტია. გარდა ამისა, გაზის დისტრიბუციაში, სოკარი აკონტროლებს საქართველოს მთელ ტერიტორიას თბილისის გარდა. შესაბამისად, ეს არის მონოპოლიური მდგომარეობა, რომელიც ძალიან მაღალი რისკების შემცველია. საზოგადოებაში ჩნდება ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში. ეს ზამთარი იყო საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ გაზის ხარისხის მანიპიულირებით როგორ შეუძლია ინვესტორმა მიაღწიოს ზემოგებას. ჩვენთან, რეალურად, გაზის სტანდარტი არ არსებობს, როცა პროდუქტს ვყიდულობთ მაღაზიაში იმას აწერია წონა, შემადგენლობა, კალორიულობა და ა.შ. მაგრამ, როცა ჩვენ სოკარისგან ვყიდულობთ 45-თეთრიან გაზს, არ ვიცით რეალურად რას ვყიდულობთ. სინამდვილეში ისიც არ ვიცით 45-თეთრიან გაზში, რომელიც ნომინალური ფასია, სინამდვილეში რამდენს ვიხდით. იმიტომ, რომ წნევის დაწევის, კალორიულობის შემცირების ხარჯზე იზრდება თითოეული ჩვენგანის დანახარჯი. მრიცხველი ტრიალებს, გაზის მარგი ქმედების კოეფიციენტი დავარდნილია და, რეალურად, ჩვენ 5 წუთი რომ გვჭირდება ჩაიდნის ასადუღებლად, ამას უკვე სჭირდება 10-15 წუთი, შესაბამისად, ჩვენ 45-თეთრიან გაზს, შეიძლება ლარად 1.20-ადაც კი ვყიდულობთ. ამ თვალსაზრისით, ქვეყანაში არანაირი სტანდარტი არ არსებობს. პრობლემა მხოლოდ ის კი არ არის, რომ სტანდარტი არ არსებობს და სახელმწიფო რეგულირების ნაწილში მოიკოჭლებს, არამედ ისიც, რომ სოკარს საქართველოში კონკურენტი არ ჰყავს. შესაბამისად, სოკარის დომინანტური პოზიცია ნიშნავს, რომ ჩვენ შეზღუდულები ვართ არჩევანში და იძულებული ვართ დამოკიდებულები ვიყთ მხოლოდ სოკარის კეთილ ნებაზე და პატიოსნებაზე“.

ექსპერტებმა ყურადღება გაამახვილეს გაზგასამართი სადგურების თემაზე. სოკარი ფლობს რამდენიმე სადგურს, მაგრამ ის, რომელიც სოკარის საკუთრებაში არ არის, ბუნებრივია, მთლიანად სოკარისგან მარაგდება. სოკარმა დაიწყო ექსპანსიური პოლიტიკის განხორციელება ამ ბაზარზე. ყველა გაზგასამართ სადგურს 335 ლარამდე გაუზარდა გაზის შესასყიდი ფასი, მაშინ როცა თავის სადგურებს 270 ლარი დაუტოვა. სპეციალისტთა შეფასებით, ამის მიზანია ის, რომ სოკარმა 100%-ით შეისყიდოს და ჩაყლაპოს ყველა გაზგასამართი სადგური საქართველოში. ეს არის იმ მონოპოლისტური და ექსპანსიური პოლიტიკის გაგრძელება.

”ქვეყნის პრიორიტეტი უნდა იყოს განახლებადი ენერგიის წარმოება, ეს არის სწორედ ჰიდრორესურსის გამოყენება. ჩვენ როცა ვზრდით ჰიდროენერგეტიკულ სიმძლავრეებს, ჩვენ ამით ვზრდით ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას. „ჩვენ აღარ ვართ დამოკიდებულნი სხვა ქვეყნის ენერგეტიკაზე. როცა ვზრდით მაგალითად თბოელექტროსადგურების ხვედრით წილს ენერგეტიკულ ბალანსში, ამით პირიქით ვზრდით ჩვენი ენერგოდამოკიდებულების ხარისხს, სხვა ქვეყნებზე. ანუ სახელმწიფომ უნდა დასვას სწორი აქცენტები და სწორი პოლიტიკა გამოკვეთოს. ეს ყველაფერი უნდა აისახოს იმ დოქტრინაში, რომელსაც ქვეყნის ენერგეტიკული განვითარების კონცეფცია ჰქვია. ასეთ აქცენტებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოს მომავლისთვის“ – დასძენს ლევან კალანდაძე.

ემზარ ჯგერენაია: „ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ ხელისუფლებისგან და კომპანიებისგან აუცილებლად და კატეგორიულად გაფორმდეს ორმხრივი ხელშეკრულებები მომხმარებლებთან. იქნება ეს ფიზიკური თუ იურიდიული პირი. ხაზგასმული იყო ის გარემოება, რომ უხარისხო გაზს გვაწოდებენ, გვაწოდებენ დაბალი წნევით და ორივე შემთხვევაში 2-ჯერ მეტი გადასახადის გადახდა გვიწევს. ანალოგიურ მდგომარეობაში არიან ბიზნეს-სტრუქტურები და კომპანიები. ეს იქნება დენის დაბალი სიხშირე თუ გაზის დაბალი ხარისხი. ამიტომ მოვითხოვთ, სასწრაფოდ ორმხრივი ხელშეკრულებების შემოღებას. თუ ნებისმიერი საქონლისთვის სავალდებულოა მარკირება, რატომ არ უნდა გააჩნდეს მარკირება გაზს, რომელსაც მოვიხმართ? რეალურად, კუბზე 45 თეთრს კი არა ვიხდით, არამედ 120 თეთრს. სად მიდის ეს თანხა? რატომ ვაძლევთ ენერგოკომპანიას ამის უფლებას? უნდა დაიდოს ორმხრივი ხელშეკრულება და მომხმარებლებმა ვიცოდეთ, რაში ვიხდით ფულს. ან ვინ რამდენს გვპარავს. ეს განუხრელი კომპონენტია იმისა, რომ ინვესტიციები მოვიდეს საქართველოში, იმიტომ, რომ ყველა ინვესტორს სურს გააკეთოს კალკულაცია, გამოიყვანოს მათთვის მნიშვნელოვანია ციფრები, რას დაეყრდნონ. რამდენი მარგიქმედების კოეფიციენტი აქვს მოწოდებულ ენერგო რესურსს“.

რაშია გამოსავალი

სპეციალისტთა შეფასებით, საქართველოს ენერგოუსაფრთხოება ან ენერგოდამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის აქტუალურობა, სამწუხაროდ, ჩვენ საზოგადოებას ბოლომდე გაცნობიერებული არ აქვს. ამის მაჩვენებელია ის, რომ ქყვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმდიდრის – ჰიდრო-ენერგეტიკული რესურსების პოტენციალის გამოყენებასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები კიდევ არსებობს. უფრო მეტიც, საქართველოს არასამთავრობო სექტორის გარკვეული ნაწილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს ეწინააღმდეგება, რომ მათ ენერგო-პროექტებში ფული არ დააბანდონ და აგრესიული აქციებით ცდილობენ ინვესტორების წინააღმდეგ მოქმედებას.

რუსეთის ახალ ენერგო-დოქტრინაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ უახლოეს წლებში, განვითარებული ბაზრის მოცულობა მცირდება და ამის ფონზე, უნდა მოხდეს განვითარებადი ქვეყნების დამოკიდებულების გაზრდა რუსეთის ენერგომატარებლებზე, ეს მას მისცემს საკუთარი პოლიტიკის და გავლენების გამოყენების უფრო აქტიურ საშუალებას. უკრაინაში მიმდინარე მოვლენები კარგი მაგალითია იმისა, თუ რა შედეგებამდე შეძლება მივიდეს ქვეყანა ენერგომატარებლების ერთ მიმწოდებელზე მაღალი დამოკიდებლობის გამო.
ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე: „რუსეთის ახალი ენერგო-დოქტრინა საკმაოდ საინტერესო დოკუმენტია განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში ბოლო პერიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, ამიტომ გვინდა, შევთავაზოთ ხელისუფლებას, დაიწყოს სასწრაფოდ მუშაობა გრძელვადიან ენერგეტიკული განვითარების სტრატეგიაზე, სადაც მკაფიოდ იქნება ჩამოყალიბებული ყველა ის გამოწვევა, რომელიც საქართველოს აქვს ენერგეტიკული განვითარების მიმართულებით. კარგი იქნება, თუ დეტალურად იქნება საუბარი და განხილვები დივერსიფიცრების წყაროებზე, იმ ენერგო რესურსებზე, რომელმაც უნდა ჩაანცვლოს საქართველოში მონოპოლიური ენერგო მომწოდებლები დღეს. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ქვეყანაზე ვიქნებით დამოკიდებულნი, ერთ კონკრეტულ ქვეყანაზე ენერგოდამოკიდებულება იწვევს ენერგოდეფორმაციას. საქართველოს ენერგომოხმარებისა და ენერგომიწოდების მაჩვენებელი საკმაოდ არასტაბილურია და განსხვავებულია ერთმანეთისგან სეზონების მიხედვით. ჰიდრო-რესურსების წილი საქართველოს ენერგოგენერაციაში ძალიან დაბალია. და თვითონ ჰიდრო-რესურსების სტრუქტურაშიც კი ორი ჰესის წილია ძალიან მაღალი, კონცენტრაციის ასეთი მაღალი წილი რისკების შემცველია. მარტო ენგურჰესის წილი ჰიდრო-რესურსების გამომუშავებაში არის 44% და თუ რაიმე მოხდება, 44%-იანი მიწოდება ქვეყანას ფაქტობრივად აღარ ექნება. ამიტომ, ამ კონტექსტში, ვფიქრობთ, რომ უნდა მოხდეს იმ პოტენციალის ათვისება ქვეყანაში, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, საუბარია ჰიდრო-რესურსებზე.
ქვეყანაში არსებობს 26 000 მდინარე, სამი უდიდესი მდინარეა, რომელზეც დიდი ჰესების მშენებლობა შეიძლება, საქართველოს მდინარეები გამოირჩევა წყალუხვობით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იაფი ჰიდრო-ენერგიის მისაღებად. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს ამ გადაწყვეტილებებზე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ არ გვაქვს ინფორმაცია, როგორ ხდება მდინარეების პოტენციალის შეფასება, როგორ ხდება ინვესტორებთან ურთიერთობა და ა.შ. მაგალითად, რომ არ მოხდეს ის, რომ თუ მდინარის წყალშემკრებ აუზში არის პოტენციალი იმისა, რომ აშენდეს 50-მეგავატიანი სიმძლავრის ჰესი, არ უნდა აშენდეს 100-მეგავატიანი ჰესი და, საინტერესოა, რამდენად არის ეს პრინციპები დაცული. ორი მთავარი სექტორი, რომელშიც საქართველოს გლობალური კონკურენტული უპირატესობა გააჩნია -სატრანსპორტო დერეფანი და ჰიდრორესურსებია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამაზე სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მუშაობა, ჩვენი ჰიდრო-რესურსების მხოლოდ 18% გვაქვს ათვისებული, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია“.

energetika-leqvinadze

ექსპერტები საქართველოში დიდი კაშხლების წინააღმდეგ ბოლო პერიოდში გააქტიურებულ კამპანიას ორი მიზეზით ხსნიან: ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობის გაუთვითცნობიერებით და გამიზნული ქმედებით, რომელიც, შესაძლოა, უკავშირდებოდეს სხვა ქვეყნის ინტერესების გატარებას ან ვიწრო მერკანტილურ ინტერესებს.

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი აბაშიშვილი: „სულაც არ ვფიქრობთ, რომ შემთხვევითია ჰიდრო-ენერგეტიკული რესურსების გამოყენების წინააღმდეგ განსაკუთრებული აქტიურობა, არ გვგონია, რომ ეს არის მხოლოდ იდეა, რომელიც დაიბადა გარემოს დაცვის მოტივაციით. საეჭვოდ ხდება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის თემის უკან გადაწევის თანხვედრა რუსეთის საერთო პოლიტიკასთან, საბოლოოდ, ძალიან დიდი ეჭვია იმისა, რომ რუსეთი მომავალში ყველანაირად შეეცდება ძალიან დიდი პრობლემა შექმნას საქართველოში და ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე თემა ენერგეტიკაა. გვქონდეს ჰიდრო-ენერგეტიკული რესურსები და არ გამოვიყენოთ, ეს არის რუსეთის პირდაპირი ინტერესი. როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ რუსეთმა მიმდინარე წელს შეიძლება პრობლემა შექმნას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების გზაზე, ეს სერიოზული პრობლემა არ არის, მე დარწმუნებული ვარ, რომ აქამდე ჩვენ მივალთ და დროც საკმაოდ მოკლეა იმისათვის, რომ რუსეთმა რაიმე სერიოზული პრიბლემა შემნას, მაგრამ არაფერი იქნება იმაზე დიდი პრობლემა, რომელსაც რუსეთი შექმნის საქართველოში არა პარაფირებული ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით, არამედ ამის შემდეგ, რაც უფრო მეტ ნაბიჯს გადადგამს საქართველო ევროკავშირის წევრობის კუთხით, მით უფრო გაძლიერდება რუსეთის მხრიდან ზეწოლა. ამიტომ ეს სულაც არ არის 6-თვიანი პერსპექტივა. პრობლემები ასოცირების ხელშეკრულების მერე დაიწყება. ამიტომ თავდაცვის მნიშვნელობად წარმომიდგენია ქვეყნისთვის მაქსიმალურად იქნას ჰიდრორესურსები ათვისებული“.

energetika-abashishvilijpg

ემზარ ჯგერენაია: „ჩვენთან ძალიან ხშირად არის სპეკულაციები იმაზე, რომ ევროპაში ალტერნატიული რესურსები არსებობს, თავი არ მოვიტყუოთ. მაგალითად, გერმანიის ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ შემცირდეს გაზის მოხმარება და ალტერნატიული ქარისა თუ მზის ენერგია დაიხმარონ ამისთვის, მაგრამ მომავალი 50 წელი არ არის არანაირი თეორიული და მეცნიერული შანსი, იმისა რომ მზისა და ქარის ენერგიამ შეცვალოს ჰიდრო-ენერგეტიკა. მიმართულება ყველა ენერგოკონცეფციაში, გერმანიის, საფრანგეთის და ა.შ. აუცილებლად არის იქითკენ, რომ ვისაც აქვს ჰიდრო-რესურსი, მაქსიმალურად გამოიყენოს, როგორც განახლებადი რესურსი და შეამცირონ გაზის მოხმარება. ჩვენ იძულებულნი ვიქნებით, როგორც კი ხელს მოვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას, ისედაც ევროპის მოთხოვნით შემოვიღოთ ის სტანდარტები, რომელსაც ახლა ჩვენ ვითხოვთ. ეს არის ორმხრივი ხელშეკრულებები და აბსოლუტურად გამჭვირვალე ბაზარი – რას ვყიდულობთ, რა ფასად. ეს მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ. ვინ არის მონპოლისიტი და რაში იყენებენ ამას, და ყველაზე მნიშვნელოვანი – გამოვააშკარაოთ, ვინ ლობირებს გაზის მოხმარების ზრდის საკითხს და ვინ არიან რუსეთის ენერგოდოქტრინის ბოძები საქართველოში“.

ექსპერტთა შეფასებით, საქართველოში ჰიდრო-ენერგეტიკა ინვესტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სექტორია, გარდა პროექტების განხილვისა, ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სამინისტროს და საქართველოს მთავრობას ჰქონდეს გრძელვადიანი ენერგეტიკული სტრატეგია, გამოწვევებით, შეფასებებითა და მოსალოდნელი შედეგებით. მკაფიო პოზიცია ინვესტორებთან ურთიერთობაში, საინვესტიციო გაიდები, ადგილობრივი პოტენციალის შეფასების ეფექტური კრიტერიუმები.