სავაჭრო პალატა ქვეყნის მოთხოვნაა და არა ჩემი
სოფიკო სიჭინავა
პარლამენტმა პირველი მოსმენით კანონი მიიღო სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი გაერთიანებები ცივილიზებული სამყაროსთვის ბიზნესის ხელშეწყობის თვალსაზრისით აუცილებელი ელემენტია, საქართველოში რატომღაც მწვავე დაპირისპირების და პარლამენტში დებატების საგნად იქცა. წინა მოწვევის პარლამენტმა ეს კანონპროექტი ჩააგდო. ყველაზე მიუღებელი ის გახლდათ, რომ სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრობა ბიზნესში მოღვაწე ადამიანებისთვის სავალდებულო გახლდათ.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა კორუფციაშიც კი დაადანაშაულეს. აინტერესოა, რას წარმოადგენენ მსოფლიოში სავაჭრო-სამრეწველო პალატები, რა ფუნქციები აქვთ და როგორია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის როლი ჩვენთან ბიზნესის განვითარების საქმეში. ამ საკითხებთან დაკავშირებით გვესაუბრება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე, ბატონი გურამ ახვლედიანი.
სავაჭრო-სამრეწველო პალატის მნიშვნელობა და ფუნქცია ბევრისთვის გაუგებარია და აქედან გამომდინარე ის, რაც ხალხისთვის ბუნდოვანია, ხშირად ხდება პოპულიზმისა და დემაგოგიის საგანი. რას წარმოადგენენ მსოფლიოში მსგავსი გაერთიანებები და როგორია მათი შექმნის ისტორია?
ყველა ქვეყანაში სავაჭრო – სამრეწველო პალატები ემსახურებიან ბიზნესს და იცავენ მეწარმეთა ინტერესებს. მათ დიდი ხნის ისტორია აქვთ. ჯერ კიდევ 1599 წელს საფრანგეთში, ქალაქ მარსელში პირველად გამოჩნდა ტერმინი “სავაჭრო პალატა”. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ნაპოლეონის პერიოდში გავრცელდა, ხოლო მე-19-ე საუკუნის მეორე ნახევარში – თითქმის მთელ ევროპაში.
ყველა ქვეყანაში სავაჭრო-სამრეწველო პალატების ჩამოყალიბება და ფუნქციონირება ეროვნულ ტრადიციებს ესადაგება. ეს გაერთიანებები წარმოადგენენ საჯარო სამართლის სუბიექტებს და მათ ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებას არეგულირებს კანონი. აღნიშნული ქვეყნების კანონებში პირდაპირაა მითითებული, რომ სავაჭრო-სამრეწველო პალატა მთლიანად მოიცავს საქმიან წრეებს წარმომადგენლობითი პრინციპით და მისი მართვის ორგანოები არჩევითია, ანუ იგი დემოკრატიულ საწყისებზეა აგებული, სადაც თითოეულ კომპანიას აქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს საერთო გადაწყვეტილების შემუშავებაში. აქედან გამომდინარეობს აუცილებელი წევრობის პრინციპი, რაც საშუალებას იძლევა წარმოდგენილ იქნეს ეკონომიკის ყველა სფერო – მრეწველობა, ვაჭრობა, ბანკები, ტრანსპორტი, დაზღვევა და სხვა. პალატების შემოსავლის წყაროს წარმოადგენს საწევრო გადასახადები და ზოგიერთი სახის ფასიანი მომსახურება. მათ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვთ დააფუძნონ ორგანიზაციები ბიზნესის მომსახურების გასაწევად. უფრო მეტიც, მაგალითად, საფრანგეთში პალატები, აღნიშნულ ფუნქციებთან ერთად, პასუხისმგებელნი არიან ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნაზე. მათი პირდაპირი მართვის ქვეშ იმყოფება ზოგიერთი პორტები, აეროპორტები, მსხვილი საბითუმო საწყობები, სავაჭრო ცენტრები, საგამოფენო კომპლექსები. გერმანიაში პალატებს ეკუთვნით რიგი პროფესიული კოლეჯები და სამენეჯერო სკოლები. ისინი ასევე გასცემენ ლიცენზიებს და უტარებენ ატესტაციას სხვა სასწავლო დაწესებულებების მსმენელებს.
გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში, სწორედ ისეთში, როგორიც საქართველოა, სავაჭრო-სამრეწველო პალატებმა, ალბათ, თავიანთი როლი უნდა შეასრულონ.
გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნები საბაზრო ეკონომიკის მშენებლობის სტადიაში არიან და შესაბამისად, ბიზნესმენთა ფენაც ჩამოყალიბების პროცესშია. ასეთ დროს სახელმწიფო მართვის ორგანოებში მიმდინარეობს სერიოზული რეფორმები. სამთავრობო სტრუქტურები განიცდიან ძირეულ ცვლილებებს, მათი მუშაობა კონცენტრირდება ზოგად მაკროეკონომიკურ საკითხებზე, რაც, თავისთავად, პოზიტიური მოვლენაა. ამავე დროს, გარკვეულწილად იკარგება კავშირი მთავრობასა და მეწარმეებს შორის, მით უფრო მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან. სახელმწიფოს, რომელსაც საკმაოდ შეზღუდული შესაძლებლობები გააჩნია, არ ძალუძს ბიზნესის მომსახურება. ყველა ეს პროცესი საქართველოში მიმდინარეობს. ამ პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს და რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატებს, რადგან ისინი არიან საქართველოში მსოფლიოს მიერ აღიარებული ბიზნესის ორგანიზაციები. ჩვენი ძირითადი ამოცანაა შევასრულოთ მთავრობასა და მეწარმეს შორის მთავარი დამაკავშირებელი რგოლის ფუნქცია. ვსწავლობთ და ვნერგავთ იმ სისტემებს და სტანდარტებს, რომლებიც მსოფლიოშია მიღებული. პალატასთან შექმნილია და წარმატებით ფუნქციონირებს შტრიხკოდების ეროვნული ორგანიზაცია “ეან საქართველო”, რომელიც საერთაშორისო ასოციაციას “EAN ინტერნატიონალ”-ის წევრია. “ეან საქართველო” პროდუქციის მწარმოებლებს ანიჭებს სარეგისტრაციო ნომერს EAN, Uჩჩ-ის საერთაშორისო სისტემაში, ხოლო საწარმოების გლობალური ადგილმდებარეობის კოდს, საწარმოების იდენტიფიკაციას შტრიხკოდების მიხედვით ახორციელებს, აწყობს გამოფენებს, ტრენინგებს, ქმნის საქართველოს საწარმოებისა და მათი პროდუქციის ელექტრონულ კატალოგს და უზრუნველყოფს მათ ფუნქციონირებას. EAN-COM-ის სტანდარტების გამოყენებით საქართველოში ნერგავს მონაცემთა ელექტრონული გაცვლის სისტემებს, დაინტერესებულ ფირმებსა და ორგანიზაციებს უწევს კონსულტაციებს შტრიხკოდების სტანდარტების დანერგვაში.
რას იტყოდით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ, რამდენად ახერხებთ ყველა ეს ფუნქცია იტვირთოთ და განახორციელოთ?
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გარდა ფუნქციონირებს ათი სავაჭრო-სამრეწველო პალატა. პალატის წევრთა საერთო რაოდენობა 8000 ადამიანს აღწევს. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ძირითადი ფუნქციაა, მოემსახუროს ბიზნესს, შექმნას ხელსაყრელი პირობები ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი მეწარმე სუბიექტებისთვის, ილაპარაკოს ბიზნესმენთა სახელით და ყოველნაირად დაიცვას მათი ინტერესები, იგი წარმოადგენს შუამავალ რგოლს სამთავრობო სტრუქტურებსა და მეწარმეთა, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა შორის. ჩვენს კოლეგებთან არსებული კონტაქტებით პალატას შეუძლია ნებისმიერი კომერციული და საქმიანი ინფორმაციის მოპოვება და მიწოდება თავისი წევრებისათვის. ჩვენი შუამდგომლობით ბევრმა ჩვენმა ბიზნესმენმა დაამყარა საქმიანი კონტაქტები უცხოელ პარტნიორებთან. პალატის მიერ საკითხის ლობირება ხდება მხოლოდ ბიზნესის ზოგადი ინტერესებიდან გამომდინარე. პალატა არ ლობირებს ცალკეულ დარგებს, ან ფინანსურ-ეკონომიკური ჯგუფის ინტერესებს. ჩვენი დანიშნულებაა, თანამიმდევრულად შეიქმნას ბიზნესისათვის სახარბიელო ეკონომიკური და საინვესტიციო კლიმატი.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა 1999 წლიდან არის საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო პალატის (ICC) პირდაპირი წევრი. მისი წევრობა პალატას საშუალებას აძლევს, უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს ბიზნესის მომსახურების ინფრასტრუქტურა, მიიღოს კომპეტენტური რეკომენდაციები საერთაშორისო პალატის შესაბამის კომისიებში საქართველოს ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით და შესაბამისი წინადადებებით წარსდგეს საქართველოს ხელისუფლების წინაშე.
უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო პალატის კომისიების, გენერალური ასამბლეის მუშაობაში, სხვა საქმიან შეხვედრებში და მსოფლიო საქმიანი წრეების წინაშე წარმოაჩინოს საქართველო, მისი ეკონომიკური შესაძლებლობები. ამავე დროს ICC-ის წევრობა ქმედითი მექანიზმია კონკრეტული ფირმის, თუ კომპანიის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მიზნების ისეთ სფეროში, როგორიცაა: საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურება, საგარეო ვაჭრობის ხელშეკრულება, საარბიტრაჟო საქმეების წარმართვა, კონსულტაციები ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში და სხვა. გარდა ამისა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა არის შავი ზღვის აუზისა და “სუუამის” ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატების ასოციაციების წევრი.
ჩვენ განზრახული გვაქვს, შევქმნათ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო. ამასთან დაკავშირებით მომზადებული გვაქვს ყველა მასალა. ვფიქრობთ, საარბიტრაჟო სასამართლოს სათავეში ჩავუყენოთ რომელიმე უცხოელი, რომელიც საქართველოში საქმიანობს და საარბიტრაჟო სასამართლოში მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს. კანონის თანახმად, სავაჭრო-სამრეწველო პალატას ხელისუფლებისაგან დელეგირებული აქვს სხვადასხვა ფუნქციები. უპირველეს ყოვლისა, ეს არის სამეწარმეო საქმიანობისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. აქედან გამომდინარე, აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ ეკონომიკის, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების და სხვა საკითხების შესახებ კანონპროექტების შემუშავებასა და განხილვაში, ვახორციელებთ ეკონომიკის სფეროში ნორმატიული აქტების დამოუკიდებელ ექსპერტიზას და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს წარვუდგენთ წინადადებებს.