სოციალური რეფორმის საწყისი
ოთარ ქირია
მიმდინარე წლის 24-28 აპრილს გუდაურში გამართულ კონფერენციაზე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან 60 სპეციალისტი შეიკრიბა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს თრეინინგ-პროგრამაში, რომელიც განათლების აკადემიის მიერ ბრატისლავში, ბუდაპეშტში, პრაღასა და ვაშინგტონში ჩატარდა. მათ კონფერენციაზე ერთმანეთს გაუზიარეს მიღებული გამოცდილება და შეიმუშავეს რეკომენდაციები საქართველოს მთავრობის, საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის საქართველოს სოციალური განვითარების საკითხებზე.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ:
არასამთავრობო ორგანიზაციები, საპატრიარქო, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტი, საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის შესაბამისი სამთავრობო უწყებები და უცხოელი სტუმრები.
60 სპეციალისტის მიერ შეჯამებულ იქნა ოთხ ქვეყანაში დაგროვილი გამოცდილება. განიხილეს ის მოდელები, რომლებიც აღნიშნული ქვეყნების მიერ იქნა გამოყენებული სოციალური სფეროს რეფორმირებისა და სიღარიბის დაძლევისათვის პოსტკომუნისტურ პერიოდში. შეაჯერეს და შეიმუშავეს სპეციალური რეკომენდაციები, რომელიც საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს წარედგინება.
ოთხი ჯგუფის მიერ წარმოდგენილი მოხსენებების და რეკომენდაციების გარშემო დისკუსიის გამართვის შედეგად, მონაწილეები შემდეგზე შეთანხმდნენ:
სოციალური დაცვის არსებული სისტემა არ უზრუნველყოფს საქართველოს მოსახლეობის ბალანსირებულ სოციალურ დაცვას. მოქალაქეთა სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ქვეყანაში არსებული ეკონომიკური განვითარების დონეს ჩამორჩება. სისტემას ტვირთად აწევს წინა რეჟიმის მემკვიდრეობა, ნაკლებადაა სოციალური ინსტიტუტები, რომლებიც შეესაბამებიან ქვეყნის მოთხოვნილებებს საბაზრო ეკონომიკის და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების გზაზე. სისტემა საჭიროებს ღრმა რეფორმას, რომელიც დაეყრდნობა ახალ მიდგომებს და უზრუნველყოფს ადეკვატური ინსტიტუტების ფორმირებას;
სოციალური განვითარება მჭიდრო კავშირშია ეკონომიკურ განვითარებასთან, რამაც უნდა უზრუნველყოს სოციალური განვითარების პირობები. თავის მხრივ, სოციალურმა განვითარებამ უნდა აღმოფხვრას ეკონომიკის რესტრუქტურიზაციის და განვითარების გზაზე მდგარი პოლიტიკური და სოციალური დაბრკოლებები. სწორედ ამიტომ, სოციალური რეფორმის სცენარი ყველა ეკონომიკური რეფორმის პროგრამას უნდა დაერთოს;
სახელმწიფო სოციალური პოლიტიკა არ ეფუძნება ეფექტური სოციალური უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებულ ფილოსოფიას. სახელმწიფო დოკუმენტებში შეინიშნება მოსახლეობისათვის მიმართული დახმარების კონკრეტული პრიორიტეტების, კრიტერიუმებისა და მექანიზმების არასრულყოფილება. სოციალური განვითარების აუცილებელი, ზუსტად განსაზღვრული სტრატეგიის არარსებობა სახელმწიფო ფონდების არაეფექტურ ხარჯვას იწვევს და ხელს უწყობს კორუფციას;
სოციალური დაცვის სისტემა არ არის გამჭვირვალე როგორც კანონმდებლობის, ინსტიტუციონალური სტრუქტურებისა და კომპეტენციების, ისე დაფინანსების პირობების თვალსაზრისით. სამთავრობო სოციალური სტრატეგია ნათლად უნდა მიუთითებდეს, რომელი სამართლებრივი სტრუქტურების და კომპეტენციების, რა ტიპის სოციალური დაცვის უზრუნველყოფას და რომელი სოციალური საქმიანობის მხარდაჭერას აპირებს სახელმწიფო. მან ზუსტად უნდა გამიჯნოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის უფლება-მოვალეობები, განსაზღვროს სახელმწიფო ორგანოების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების მომსახურების გამოყენების პირობები;
მთავრობა, თავისი სოციალური პოლიტიკითა და ინსტიტუტების საშუალებით თავს ვერ ართმევს მოსახლეობის მრავალ სოციალურ პრობლემას. ზოგიერთი სოციალური მომსახურების შესასრულებლად, ხელშეკრულების საფუძველზე, უნდა მოიზიდოს არასამთავრობო ორგანიზაციები. უნდა განვითარდეს სამთავრობო და არასამთავრობათაშორისო კოორდინაციის და თანამშრომლობის ფორმები. სოციალური მომსახურების სფეროში საზოგადოების ჩართვის ხელშეწყობის მიზნით, საჭიროა, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლების ამგვარი ჩართვა ხელს შეუწყობს დემოკრატიზაციის განვითარებას, განამტკიცებს ნდობას სამთავრობო სტრუქტურებისადმი და საზოგადოების მხარდაჭერას მთავრობის საქმიანობისადმი;
არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა არამდგრადია და ეფექტური მართვისა და ფონდების მოზიდვის უნარი აკლია. სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით, საჭირო თრეინინგებისა და ექსპერტთა კონსულტაციების შემოთავაზება მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან;
სიღარიბის აღმოფხვრის ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებაა ეკონომიკური საქმიანობისა და რეგულარული შემოსავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, თვითდასაქმების წასახალისებლად აქტიური დასაქმების პოლიტიკისა და მიკრო-კრედიტების შემოტანის საშუალებით. სოციალური პოლიტიკა გამიზნული უნდა იყოს აქტიური მიდგომების ხელშეწყობისათვის და არ უნდა ქმნიდეს სოციალურ ხაფანგებს. სოციალური პოლიტიკის საკითხები მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული დასაქმების პოლიტიკასთან და მიზნად ისახავდეს ყველა მოქალაქის დასაქმებას. საჭიროა, იმ პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ითვალისწინებენ მოსახლეობის აქტიურ ჩართვას ეკონომიკურ ცხოვრებაში;
სოციალური იმედგაცრუების ერთ-ერთი მიზეზი ინფორმაციის დეფიციტია. საზოგადოება საკუთარ უფლებებს არ იცნობს. მან არ იცის, თუ რა ტიპის სოციალური დახმარება შეიძლება მიიღოს. აქედან გამომდინარე, საქართველოს მოსახლეობის ინფორმირების სისტემა ღარიბი და არაადეკვატურია;
დასაქმების ხელშემწყობი პროგრამები უნდა შემუშავდეს ბიზნეს-სექტორთან მჭიდრო თამანშრომლობით;
სოციალური სფერო ღარიბია კვალიფიკაციური კადრებით. უფრო მეტიც, არ არსებობს პროფესიონალური განათლების სისტემა;
ოთხდღიანი მუშაობის შედეგად კონფერენციის მონაწილეებმა და მოწვეულმა სპეციალისტებმა უცხოეთიდან არსებული ინფორმაცია და მიღებული გამოცდილება შეაჯერეს და საქართველოს მთავრობისთვის შემდეგი რეკომენდაციები შეიმუშავეს:
მთავრობამ უნდა განახორციელოს ყოვლისმომცველი სოციალური რეფორმა და ხელი შეუწყოს მასში საზოგადოების ყველა ფენის მონაწილეობას. მთავრობამ მიზნად უნდა დაისახოს დაბალანსირებული სოციალური დაცვის სისტემის განვითარება, რომელიც დააკმაყოფილებს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ მოთხოვნილებებს;
არამდგრადი და ჩამოუყალიბებელი მიდგომების თავიდან აცილების მიზნით, მთავრობამ და პარლამენტმა უნდა შეიმუშაოს სოციალური სისტემის ფილოსოფია, რომელსაც გაიზიარებენ საზოგადოების ფართო ფენები. ამ ფილოსოფიას საფუძვლად უნდა დაედოს საერთაშორისოდ აღიარებულ ადამიანთა უფლებების დაცვის პრინციპების მაქსიმალური რეალიზაცია. მთავრობამ საქვეყნოდ უნდა განაცხადოს თავისი ნება, რომ იგი ხელს უწყობს ინტეგრაციულ მიდგომას და უზრუნველყოფს ფუნქციონალურ მექანიზმებს აქტიური სოციალური დაცვის განსახორციელებლად და დასაფინანსებლად;
ყოვლისმომცველი სოციალური რეფორმის სცენარი უნდა შეიცავდეს: ა) დასაქმების ხელშეწყობასა და უმუშევრობის სოციალური დაცვის ეფექტური სისტემის ფორმირებას, რომელიც მათ მისცემს ეკონომიკური აქტიურობის სტიმულს; ბ) ოჯახზე ორიენტირებული სოციალური უზრუნველყოფის სისტემის ჩამოყალიბებას; გ) არასახელმწიფო პენსიის ჩამოყალიბებას.
საპენსიო სისტემის რეფორმა მოითხოვს: დემოგრაფიული განვითარების შეფასებას და პროგნოზს; მოქმედი საპენსიო სისტემის სოციალური ეფექტიანობის შეფასებას; არსებული სამთავრობო დავალიანების ინვენტარიზაციას, გადასახადების ლიბერალიზაციას კერძო საპენსიო დაზღვევის განვითარების მიზნით; პერსონიფიკაციას და მისი გავლენის შეფასებას საპენსიო სისტემის რეფორმაზე; საინვესტიციო მიმართულებების განსაზღვრას, რისკის შეფასებას და სარეზერვო ნორმების განსაზღვრას; საპენსიო სქემების შექმნას, მათი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებზე გავლენის შეფასებას. ამასთან, გათვალისწინებულ უნდა იქნეს საპენსიო დაზღვევის სავალდებულო ხასიათი;
უნდა გაფართოვდეს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების როლი და მნიშვნელობა ქვეყნის სოციალურ ინფრასტრუქტურაში;
ყოვლისმომცველი და ეფექტური სოციალური სისტემის განვითარება საჭიროებს სისტემური წინასწარი კვლევების გატარებას (ასევე მეთოდოლოგიის განვითარებას). მთავრობა უნდა გამოვიდეს, როგორც კვლევების ინიციატორი და მოიზიდოს პროფესიული არასამთავრობო ორგანიზაციები;
საზოგადოებრივი ინფორმაციის დეფიციტის დასაძლევად საჭიროა განვითარებული საინფორმაციო ქსელის შექმნა და მოსახლეობის ინფორმირება არსებული სოციალური დახმარების სისტემის შესახებ;
საჭიროა, ნეიტრალური პლატფორმის შექმნა სოციალურ საკითხებზე რეგულარული დისკუსიების ხელშესაწყობად პროფესიონალების, მეცნიერებისა და პოლიტიკოსების მონაწილეობით. პროფესიულმა დებატებმა შეიძლება მიიღოს არასამთავრობო კლუბის სახე, რომელიც მოაწყობს რეგულარულ კონფერენციებსა და სემინარებს მწვავე სოციალურ პრობლემებზე და სტრატეგიებზე. მსგავსი კლუბი ხელს შეუწყობს სოციალური მეცნიერების განვითარებას, სპეციალისტების პროფესიულ თრეინინგს და ინფორმაციის გავრცელებას;
ხელისუფლებამ უნდა შექმნას საკანონმდებლო ბაზა, რომელიც განსაზღვრავს არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლო მონაწილეობის პირობებს სოციალურ სექტორში. მან უნდა განსაზღვროს დაფინანსების წყაროები, რომელსაც გადასცემს არასამთავრობო ორგანიზაციებს სოციალური მომსახურების განსახორციელებლად;
სოციალურ სექტორში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ნდობის განსამტკიცებლად აუცილებელია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ნათლად განსაზღვრონ თავიანთი საქმიანობა და მიზანმიმართულება; დაამყარონ კავშირი რისკის ჯგუფებთან, დაიცვან კონკურენციის ყველა არსებული ფორმა; შეიმუშაონ ფუნქციონირების გამჭვირვალობის მექანიზმი; შეიმუშაონ ფონდების მოზიდვის ეფექტური სისტემა;
სოციალურ სფეროში პროფესიონალიზმისა და პროფესიის ფასეულობის ასამაღლებლად გაეწიოს პროპაგანდა და პოპულარიზაცია ამ სფეროს მომსახურებისთვის ფართო ქსელის შექმნას;
სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის უნდა იქნეს მიღწეული შეთანხმება – არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვაზე სოციალური სექტორის საქმიანობასა და რეფორმაში;
ხელისუფლებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის ფორმები უნდა ჩამოყალიბდეს პილოტური პროექტების მეშვეობით, რომლებშიც აქცენტი გაკეთდება შემდეგზე: ინვალიდების დასაქმება; სოციალურად დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერა თვითდაფინანსებისა და შემოსავლების თვითგამომუშავების საკითხებში; რისკის ჯგუფის ბავშვების სოციალური ინტეგრაციის, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის საკითხებში.
აღნიშნული მემორანდუმი, მისი შეფასებებითა და რეკომენდაციებით, საკმაოდ შთამბეჭდავია. თუმცა, ერთდროულად, იბადება რიგი შეკითხვებისა, რამდენად რეალურია ამ რეფორმის განხორციელება? გაითვალისწინებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ამ რეკომენდაციებს და ა.შ.
თუ გავითვალისწინებთ წარსულს, კერძოდ, იგივე სფეროში გასული წლის ინიციატივებს არასამთავრობო სექტორის მხრიდან, რეფორმის რეალიზაციის იმედი ნაკლებადაა. ამ შემთხვევისთვის, ფაქტი ერთია – რეკომენდაციების მიღებაში სერიოზული წვლილი შეიტანეს საქართველოს, როგორც სახელისუფლებო, ისე საკანონმდებლო სტრუქტურებმა. ამდენად, იმედი მაინც არის.
დევი ტაბიძე, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტი: “რა თქმა უნდა, 100%-იანი გარანტია იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, არ არსებობს. თუმცა, მე ეჭვი მეპარება, რომ ამდენი შრომა, ამხელა მხარდაჭერა, დაკარგული დრო და გაწეული ხარჯები წყალში ჩაიყრება და რეფორმის რეალიზაცია არ მოხდება. ყოველ შემთხვევაში, მე და ჩემი კომიტეტი ყოველ ღონეს ვიხმართ იმისთვის, რომ რეფორმის განხორციელებას ხელი შევუწყოთ, თუ საჭიროა ლობიც გავუწიოთ. თეორიულად შეიძლება რეკომენდაციები ძალიან აბსტრაქტულად გამოიყურებოდეს, პრაქტიკაში მათ უზარმაზარი მნიშვნელობა აქვთ. ამდენად, მათი არგათვალისწინება ნამდვილად დაუშვებელია”.
პოლ ტომეში (ჩეხეთი): “მინდა, ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს უზარმაზარი დახმარება გაეწია კადრების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მხრივ. სამოცი სპეციალისტის გადამზადება ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში, რომელთაც, არცთუ დიდი ხნის წინ, გაიარეს სოციალური რეფორმის პერიოდი, საკმაოდ ბევრს ნიშნავს. მე ვერ ვისაუბრებ იმაზე, გაითვალისწინებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ჩვენ მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ რჩევები მართლაც სარწმუნო და ფასეულია, ვინაიდან სამოცი თრეინერის, ჩვენი სპეციალისტების, ადგილობრივი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების და კიდევ მრავალის მიერ ერთობლივად შეჯერებული გეგმა, რომელსაც თითქმის კვირა მოვანდომეთ, უსათუოდ საიმედო და ბევრის მომცემია. მე ვურჩევდი საქართველოს ხელისუფლებას, რომ რეკომენდაციები გაითვალისწინოს, ეს მას უზარმაზარ პრობლემას მოუხსნის”.
P.S. დღევანდელ პირობებში, მართლაც დაუშვებელია ასეთი რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობა. ეს თითქმის იგივეა, რაც მორთმეული მზა კერძი, რომელსაც შენ მაგივრად სხვა მოამზადებს, შენ მირთმევაც კი გეზარება, ან შეიძლება სულაც არ გეზარება, მაგრამ არ გინდა. ალბათ, უფრო მეორე, ვინაიდან ქართულ საზოგადოებას დიდი გამოცდილება აქვს, თუ როგორ შეიძლება მირთმეული “კერძების” განიავება და სხვების მიერ გაწეული შრომის წყალში ჩაყრა.