თანამედროვეობის აქტუალური პრობლემის საინტერესო გამოკვლევა
პროფ. ემზარ ჯგერენაია პროფ. ეკა ლეკაშვილი
ამჟამად მიმდინარე გლობალურმა ფინანსურ-ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელიც უაღრესი სიმწვავით გამოირჩევა და საქართველოსაც ეხება, განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა ეკონომიკის გლობალიზაციის პრობლემას. აღნიშნულიდან კანონზომიერად გამომდინარეობს ის ფაქტი, რომ მკვლევარები, მათ შორის ქართველი ავტორები, დიდ ყურადღებას უთმობენ ამ მეტად მნიშვნელოვანი პროცესის შესწავლას.
სწორედ ამ კონტექსტში გვსურს განვიხილოთ პროფ. ე მექვაბიშვილის ახლახან გამოცემული მონოგრაფია “ეკონომიკის გლობალიზაცია: მიმართულებები, გამოწვევები, პერსპექტივები. (რედ. ზაურ ნაჭყებია; რეცენზენტები: ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები რევაზ გველესიანი და თეიმურაზ ბერიძე. საგამომცემლო სახლი “ინოვაცია, თბილისი, 2009 წ.) წიგნის შესავალში ავტორი მიუთითებს გლობალიზაციის უნივერსალური ხასიათის შესახებ, რაც დღის წესრიგში აყენებს ამ ფენომენის კომპლექსური შესწავლის აუცილებლობას დისციპლინათაშორისი მიდგომის საფუძველზე, სადაც ეკონომიკურ თეორიას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ეკონომიკის გლობალიზაციის არსის განსაზღვრისას ავტორის მიერ წინა პლანზეა წამოწეული ზოგიერთი სადისკუსიო საკითხი. კერძოდ: გლობალური ეკონომიკა განხილულია იმ თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის სახით, რომელიც წარმოადგენს არა მასში შემავალი ეროვნული ეკონომიკის ერთობლიობას, არამედ რეალური დროში ფუნქცნიონირებად ეკონომიკურ სისტემას, რომელსაც მისთვის სპეციფიკური ნიშნები ახასიათებს; უარყოფილია ეკონომიკურ ლიტერატურაში გავრცელებული მოსაზრებები გლობალიზაციისა და რეგიონალიზაციის, გლობალიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის ურთიერთდაპირისპირების შესახებ. აღნიშნულია, რომ ტერიტორიულ საფუძველზე ჩამოყალიბებულ გაერთიანებაში მონაწილეობის ანუ რეგიონალიზაციის გზით ცალკეული სახელმწიფოები ერთვებიან გლობალიზაციის პროცესში და ამ თვალსაზრისით რეგიონალიზაცია გლობალიზაციის ხელშემწყობი ფაქტორია. ავტორი არ იზიარებს მოსაზრებას, რომელიც ინტერნაციონალიზაციასა და გლობალიზაციას ერთმანეთთან აიგივებს, ან მათ ერთმანეთის საპირისპირო კატეგორიებად წარმოგვიდგენს. მისი აზრით, ინტერნაციონალიზაცია ამზადებს გლობალიზაციის წინაპირობებს და გარკვეული თვალსაზრისით ქმნის გლობალიზაციის პრეისტორიას. ამ მეთოდოლოგიური მიდგომიდან გამომდინარე ნაშრომში თანმიმდევრულადაა ჩამოყალიბებული ეკონომიკის გლობალიზაციის წანამძღვრები, ეტაპები და ტექნოლოგიურ-ორგანიზაციული საფუძვლები.
ეკონომიკის გლობალიზაციის მთავარ მიმართულებას, მის ქვაკუთხედს წარმოადგენს ფინანსური გლობალიზაცია. სარეცენზიო ნაშრომში საფუძვლიანადაა განხილული ფრინანსური გლობალიზაციის არსი და მისთვის დამახასიათებელი სამი მთავარი ნიშანი. პირველი – ფინანსურ სფეროში კოლოსალური ღირებულების კონცენტრაცია; მეორე – ეკონომიკის რეალურ და ფინანსურ სექტორებს შორის დისბალანსის გაღრმავება და მესამე – ფინანსური გლობალიზაციის შედეგად თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის არასტაბილურობის გაძლიერება. სწორედ ამ კონტექსტშია განხილული XX საუკუნის ბოლოსა და XXI საუკუნის დასაწყისის ფინანსური კრიზისები, რომლებსაც ავტორი გლობალიზაციის ეპოქის ფინანსურ კრიზისებს უწოდებს. კერძოდ, დახასიათებულია მექსიკის 1994-1995 წლების, არგენტინის 1995 წლის და 2001-2002 წლების, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის 1997 წლის, იაპონიის 1997 წლის ფინანსური კრიზისისა და 2002-2003 წლების ფინანსური სირთულეების, თურქეთის 2000-2001 წლების ფინანსური კრიზისის მიზეზები და შედეგები; საერთო კანონზომიერებები და სპეციფიკური ნიშნები. ბუნებრივია, რომ მკვლევარის ყურადღების ცენტრშია თანამედროვე გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის “პოლიტეკონომიური ანატომია”. ხაზგასმულია მისთვის დამახასიათებელი რამოდენიმე მომენტი. პირველი – კრიზისის გლობალური ხასიათი. კონკრეტული ციფრობრივი მასალის ანალიზის საფუძველზე ნაჩვენებია, რომ ამ კრიზისმა მოიცვა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა. მსოფლიო ეკონომიკური ზრდის ლოკომოტივებად რჩებოდა მხოლოდ ჩინეთი და ინდოეთი, თუმცა ამ ქვეყნებშიც გაუარესდა ყველა მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაჩვენებლი 2008 წელს და 2009 წლის დასაწყისში. მეორეა თანამედროვე კრიზისის საყოველთაო ხასიათი. იგი ეკონომიკის ყველა სფეროს ეხება: მატერიალურ წარმოებას, ანუ ე.წ “ფიზიკურ ეკონომიკას”, ფინანსურ სექტორს და ვლინდება მსოფლიო ვალუტების ემიტენტების სავალო ვალდებულებათა პირამიდების დანგრევაში, უპირატესად დერივატივებისაგან წარმოქმნილი უზარმაზარი “ფინანსური ბუშტის” ჩაფუშვაში, მსოფლიოს წამყვან საფონდო ბირჟებზე სერიოზული პრობლემების წარმოქმნაში, უმსხვილესი საფინანსო კომპანიებისა და ბანკების გაკოტრებაში და ა.შ. მესამე ნიშანია კრიზისის სისტემური ხასიათი, რაც იმაში გამოიხატება, რომ მან მკვეთრი პოლიტიკური რყევები გამოიწვია რიგ ქვეყნებში (ისლანდია, უნგრეთი, ლატვია).
წიგნში საკმაოდ დეტალურადაა აღწერილი, როგორც აშშ-ს ადმინისტრაციის, ისე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გატარებული ანტიკრიზისული ღონისძიებები, რომელიც, ავტორის აზრით, მნიშვნელოვანია, მაგრამ არ იძლევა პრობლემის სრული გადაწყვეტის შესაძლებლობას. იგი მკითხველს სთავაზობს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ და ზესახელმწიფოებრივ დონეებზე გასატარებელ ღონისძიებებს, რომლებიც კრიზისის საბოლოო დაძლევისა და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მისი პრევენციის პერსპექტივას განაპირობებს. ავტორის ძირითადი არგუმენტია ინდუსტრიულად განითარებულ ქვეყნებში ახალი ტექნოლოგიური წყობის ჩამოყალიბების პროცესის დაჩქარება, რომელიც მისი აზრით, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს “ფინანსური ბუშტების” სახით ამჟამად არსებული უზარმაზარი რესურსების ისეთ ყველაზე თანამედროვე და პერსპექტიულ სექტორში გადატანას, როგორიცაა საინფორმაციო ტექნოლოგიები, კომუნიკაციების საშუალებები, ნანოტექნოლოგიები და სხვ. ნაშრომში საფუძვლიანადაა განხილული გლობალური ფინანსური კრიზისის საქართველოს ეკონომიკაზე ზემოქმედების კონკრეტული მიმართულებები, მისი უარყოფითი შედეგები და მათი დაძლევის გზები.
თეორიული და პრაქტიკული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია გლობალიზაციის პროცესში ეროვნული სახელმწიფოს ეკონომიკური როლის განსაზღვრა. ამ საკითხზე ეკონომიკურ ლიტერატურაში განსხვავებული მოსაზრებებია გამოთქმული. ზოგიერთი უცხოელი ავტორი აღნიშნავს გლობალიზაციის პირობებში სახელმწიფოს ეკონომიკური როლის დასუსტებას და და მის კვდომას. პროფ. ე. მექვაბიშვილი კატეგორიულად არ ეთანხმება ასეთ მიდგომას და აღნიშნავს: “გლობალიზაცია არსებით ზეგავლენას ახდენს სახელმწიფოს ეკონომიკურ ფუნქციებზე, იწვევს რეგულირების ფორმების, მეთოდების ინსტრუმენტების არსებით შეცვლას. გლობალიზაციის ეპოქაში სახელმწიფოს პრიორიტეტულ ფუნქციად იქცევა არა იმდენად ეროვნული ეკონომიკის სრულყოფილი დაცვა გარე ფაქტორების ზემოქმედებისგან (რაც პრაქტიკულად შეუძლებელია), არამედ საერთაშორისო ეკონომიკურ კავშირურთიერთობებში ქვეყნის ეფექტური ჩართვის უზრუნველყოფა და ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის მიღწევა გლობალური მასშტაბით”. ვფიქრობთ, ავტორის ეს მოსაზრება სწორად ასახავს რეალურ სინამდვილეს.
საყოველთაოდ ცნობილია ის ფაქტი, რომ ეკონომიკის გლობალიზაცია ამჟამად ნეოლიბერალური მოდელით წარიმართება, რასაც საფუძვლად უდევს “საბაზრო ფუნდამენტალიზმის” ორთოდოქსალური დოქტრინა. სარეცენზიო ნაშრომში მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტების (ჯ. სტიგლიცი, მ. ალე, პ. კრუგმანი და სხვ.) მოსაზრებებზე დაყრდნობით მოცემულია აღნიშნული მოდელის კრიტიკული ანალიზი და დახასიათებულია ის წინააღმდეგობები, რომელიც ორთოდოქსალური საბაზრო დოქტრინის საფუძველზე განხორციელებულ ეკონომიკის გლობალიზაციას ახასიათებს. საბოლოოდ კი ავტორის მიერ გაკეთებულია შემდეგი დასკვნა: გლობალიზაცია კანონზომიერი პროცესია და აბსოლუტურად უპერსპექტივოა მისი შეჩერების ნებისმიერი მცდელობა, რაც მიზნად ისახავს თანამედროვე ანტიგლობალიზმი. გამომდინარე აქედან, ავტორის აზრით, თანამედროვე გლობალიზმის რაციონალური ალტერნატივაა არა ანტიგლობალიზმი, არამედ ალტერგლობალიზმი, რომელიც გულისხმობს “გლობალიზაციის სოციალურად ორიენტირებულ მოდელს” ანუ “დემოკრატიულ გლობალიზაციას”. ალტერგლობალიზმი წიგნში წარმოდგენილია მეტასისტემის სახით, რომელსაც სოციალური, პოლიტიკური, ზნეობრივი, რელიგიური, კულტუროლოგიური, ეკონომიკური და სხვ. დონეები გააჩნია. ჩამოყალიბებული და დახასიათებულია ალტერგლობალიზმის შემდეგი დამახასიათებელი ნიშნები: ა) უარყოფა თანამედროვე კაპიტალიზმისა, როგორც ადამიანის მიერ ბუნების მითვისების “ტექნოგენური ფორმისა”; ბ) აქცენტის გადატანა მდგრად ეკოლოგიურ-ეკონომიკურ განვითარებაზე; გ) პოსტამატერიალური ფასეულობებისა და ნორმატიული ეთიკოცენტრისტული აზროვნების პრიმატი სამომხმარებლო და ინსტრუმენტალურ აზროვნებაზე.
სარეცენზიო ნაშრომის დასკვნით ნაწილში გაანალიზებულია ეკონომიკის გლობალიზაციიდან მომდინარე საფრთხეები, გამოწვევები და ამავდროულად შესაძლებლობები (პერპექტივები) პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის სირთულეებით “დახუნძლული” ისეთი პატარა და სუსტი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა. ამ პრობლემასთან მიმართებაში ავტორი სვამს, ჩვენი აზრით, რამდენიმე საინტერესო და საჭირბოროტო კითხვას და ცდილობს უპასუხოს მათ. კერძოდ: შეუძლია თუ არა ჩვენს ქვეყანას გლობალიზაციაში სრულფასოვანი მონაწილეობა? არის თუ არა იგი მზად ამ პროცესში ჩართვის შედეგად ეროვნული სუვერენიტეტის რაღაც ნაწილის დათმობისათვის? როგორი იქნება თანაფარდობა სუვერენიტეტის ნაწილის დათმობასა და გლობალიზაციიდან მიღებულ სიკეთეს შორის? რა გზებითა და მეთოდებით არის უფრო ეფექტური ეკონომიკის გლობალიზაციაში მონაწილეობა?
ავტორის აზრით, ქვეყნის წინაშე მდგარი მთავარი ამოცანაა: “მთელი საზოგადოებისა და, პირველ რიგში ეკონომიკის რეკონსტრუქცია (მოდერნიზაცია) იმ მოდელით, რომელიც ძირძველ ტრადიციებს ინოვაციებთან გააერთიანებს” (გვ. 187); გლობალიზაციის მოქცევა ეროვნული ფასეულობების ინტერესებში (ე.წ. “გლოკალიზაცია”) და წარუვალი ეროვნული ფასეულობების გლობალურ (ზოგადცივილიზაციურ) რანგში აყვანა. ამ ფუნდამენტურ პრინციპის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკის ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად ავტორის მიერ დასახელებულია სისტემური მოდერნიზაცია, ანუ ყოველგვარი გარდამავალი ფორმების გვერდის ავლით პირდაპირ მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე გადასვლა და ინოვაციური გარღვევის მოხდენა.
ჩვენი აზრით ავტორმა, მიუხედავად პრობლემის სირთულისა და მრავალპლანიანობისა, საფუძვლიანად გაანალიზა ეკონომიკური თეორიის პოზიციიდან გლობალიზაციის მთავარი მიმართულებები, გამოწვევები და პერსპექტივები და შექმნა თეორიულ-მეთოდოლოგიური ხასიათის სისტემური ნაშრომი, რომელმაც მკითხველში შეიძლება აღძრას ცალკეულ საკითხებზე დისკუსიის სურვილიც და გარკვეული კმაყოფილების განცდაც.