უმუშევრობის არნახული დონე

რედაქციისაგან

მსოფლიო ეკონომიკაში სერიოზული კრიზისული ტალღის შემდეგ აშკარა გაუმჯობესება შეინიშნება. იზრდება სამოხმარებლო ინდექსების და გაყიდვების მაჩვენებლები. ასევე, საფონდო ინდექსებიც. ნავთობის ფასიც გაიზარდა და 70 დოლარის ირგვლივ ტრიალბს, რაც ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნებისთვის ურიგო მაჩვენებლი არ არის. დოლარის კურსი მეტ-ნაკლებად სტაბილური გახდა. განსაკუთრებით, ივნისის ბოლოს. იკლო აშშ-ის საგარეო ვაჭრობის ბალანსის დეფიციტმა, ევროზონის ქვეყნების სავაჭრო ბალანსი კი, პროფიციტული გახდა.

ევროზონაში ინფალციის მაჩვენებელი დაბალ დონეზეა. მიუხედავად დადებითი ტენდენციებისა, აშშ-სა და ევროზონაში უმუშევრობა იზრდება. რეკორდს ხსნის აშშ-დან კაპიტალის გადინება და სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკის დახმარება. დიდი რვიანის ქვეყნების ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე, სადაც რუსეთმა სამუდამო ადგილი დაიმკვიდრა, განსაკუთრებულად აღნიშნეს, რომ ყველაზე რთული პერიოდი ეკონომიკამ უკვე გადალახა. თუმცა, ბევრი ექსპერტის აზრით, ეს უბრალოდ ვარდნის შესუსტებაა და არა დასასრსული. რა ტენდენციები იყო მსოფლიო ეკონომიკაში ივნისში და რას ვარაუდობენ ექსპერტები მომავლისათვის.
ვნისის თვეში მსოფლიო ეკონომიკის მამოძრავებელი ლოკომოტივი ნავთობის ფასების ზრდა იყო, რომელმაც ბარელზე 71 დოლარამდე მოიმატა. ეს მაჩვენებელი წლის დასაწყისის შემდეგ ყველაზე მაღალია. ნავთობის ფასი 2004 წლის აპრილთან შედარებით, როცა იგი ბარელზე 29 დოლარი იყო, თავის ერთ-ერთ მაღალ ნიშნულს დაუბრუნდა. ეს ეკონომიკის სტაბილურების ნიშანია. მის ზოგიერთ მიმართულებაში ზრდაც შეინიშნებოდა. ნავთობის ფასების ასეთი მომატება, რა თქმა უნდა, დოლარის კურსის დაცემასთან ასოცირდება, რაც თავის მხრივ, ობლიგაციების კურსის ვარდნამ და აშშ-დან კაპიტალის გადინებამ გამოიწვია. თუმცა, უდაოა ისიც, რომ ეკონომიკაში მოთხოვნა გაიზარდა და ამიტომაც ექსპერტები უახლოეს მომავალში ნავთობის ფასის ზრდას ბარელზე 80 დოლარამდე ვარაუდობენ. ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელია ინფლაციის მატება და წარმოების განვითარება. საფონდო ბირჟების გამოცოცხლება ივნისში ნავთობის ფასს უკავშირდება. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ 9 ივნისს გამოქვეყნებული პროგნოზის მიხედვით, 2009 წლის მეორე ნახევარში ნავთობის ფასი საშუალოდ 67 დოლარის ირგვლივ იტრიალებს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ბენზინი 1,55 ლარი ეღირება. ამ პერიოდში აზერბაიჯანისა და რუსეთის ეკონომიკების ზრდა ისევ შთამბეჭდავი იქნება და მათი ბიუჯეტები კოლაფსს გადაურჩებიან. თუ I კვარტალში მათ კრიზისის გამო ბიუჯეტი შეცვალეს, ახლა პირიქით – მაჩვენებლების გაზრდა მოუწევთ. საოცარია, სულ ერთი წლის წინ ბარელი ნავთობი 147 დოლარი ღირდა. 2009 წლის 26 ივნისის მდგომარეობით, ნავთობის ფიუჩერსის ფასმა მომავალი თვეებისათვის შეადგინა – ლონდონის InterContinental Exchange Futures- IPE Brent Crude Futures Electronic-68,92 დოლარი ბარელზე; ნიუ იორკის Mercantile Exchange -ლიგჰტ, შწეეტ ჩრუდე-69,17 დოლარი ბარელზე. ამ სანავთობო ციებ-ცხელებამ უფრო გაამძაფრა გაზისა და ნავთობის ტრანსპორტირების ირგვლივ ატეხილი ომი. რუსეთმა საკმაოდ თამამი განცხადება გააკეთა. BBC-ის ცნობით, “გაზპრომის” ხელმძღვანელმა, ალექსანდრე მილერმა განცხადა, რომ 2011 წელს დიდი ბრიტანეთის გაზის ბიზნესის 10% სწორედ “გაზპრომის” იქნება. ეს განცხადება ექსპერტებმა, მათ შორის რუსეთშიც, თავიდანვე პროპაგანდისტულად მიიჩნიეს. 15-20 წლის წინ რუსეთის გაზის მიწოდება ევროპის ბაზარზე – 33% იყო. ამჟამად რუსეთს ევროპის ბაზარზე უჭირავს 25%. უფრო მეტიც, ცნობილმა ექსპერტმა, გ. კრუტიხინმა BBC-ის განუცხადა, რომ 2000 წელსაც კი, რუსეთზე მსოფლიო მოპოვების 22% მოდიოდა, ხოლო ახლა – 20%.
ბევრი დასავლელი ექსპერტი რუსეთის გეგმებს რეალისტურს უწოდებს, მათ შორის, “სამხრეთ ნაკადისა” და “ნაბუქოს” ჭიდილიშიც. რუსეთის გეგმით, 2015 წლისთვის 63 მლრდ მ3 გაზი “სამხრეთ ნაკადით” თურქეთისაკენ უნდა გადაიქაჩოს. ეს ევროპული მიწოდების მესამედი იქნება. პარალელურად შენდება “ჩრდილოეთის ნაკადიც”. ეყოფა კი რუსეთს ძალები გიგანტური ინვესტიციის ჩასადებად და ორივე პროექტის განსახორციელებლად? თუ დასავლეთი, განსაკუთრებით კი ევროპა, რომელიც დღედაღამ ენერგოუსაფრთხოებაზე წუხს, რუსეთს ისევ დაეხმარება? შეძლებენ კი უკვდავი ბერლუსკონი და სექტემბერში ხელახლა ასარჩევი ანგელა მერკელი “დიდი რვიანის” შეხვედრაზე ევროპელები “ნაბუქოს” წინააღმდეგ განაწყონ და დაიყოლიონ რუსეთთან თანამშრომლობაზე? ხმების მოსაგროვებლად მერკელს რუსეთის და “გაზპრომის” დახმარება ძალიან სჭირდება.
მოსკოვი ბაქოსთან აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს. ბაქო დათმობაზე წავიდა და ახალი დოქტრინა წამოაყენა: ორივე გზა აქტიურია – საქართველოს გავლით და რუსეთის გავლითაც. მნიშვნელოვანია თურქეთის გააქტიურებაც. ეს ქვეყანა ორივე ვარიანტში (“ნაბუქო” ან “სამხრეთი ნაკადი”) მომგებიან მდგომარეობაშია. მან “ნაბუქოს” პროექტით ევროპა დააშანტაჟა, ივლისში კი, ფავორიტი თემა წამოსწია – მისი ევროკავშირის წევრობა. საფრანგეთმა და გერმანიამ ადრე თურქეთს ახალი მიდგომა შესთავაზეს – პრივილეგირებული პარტნიორობა, მაგრამ თურქეთი მხოლოდ სრულუფლებიან წევრობაზეა თანახმა. თურქეთის პრემიერ-მინისტრის, ერდოღანის განცხადებით, ევროკავშირის პოლიტიკოსები თურქეთის საკითხს პოპულისტურად იყენებდნენ, მაგრამ პოპულიზმის დრო დამთავრდა.
BBC-ის ცნობით, ივლისის პირველ ნახევარში დაიწყება ე.წ. 35 პუნქტიანი “წევრობის წინადადებების” განხილვა თურქეთსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის. სხვა საკითხებთან ერთად იგი საგადასახო კოდექსისა და სუბსიდიების თემების გადახედვასაც გულისხმობს. თურქეთი აქტიურად თანამშრომლობს 10 პუნქტის განხილვაზე, მაგრამ საერთოდ გაყინული აქვს 8 პუნქტი, მათ შორის, კვიპროსისაც – ევროგაერთიანების წევრი ქვეეყნების სატრანსპორტო საშუალებებისათვის პორტის გახსნის საკითხი. მოლაპარაკება, რომელიც 2005 წელს დიდი ზარზეიმით დაიწყო, შეჩერებულია. თურქეთმა “ნაბუქოს” პროექტი პროვოცირებისათვის გამოიყენა და საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ მდგომარეობა “ნაბუქოს” ირგვლივ შეიცვალა. ამ პროექტისათვის ერთ მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა”. “ნაბუქოსთვის” სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაინც ნავთობის გაძვირებაა, რაც პროექტს მიმზიდველობას უბრუნებს.
აშშ-ის ეკონომიკაში მშპ-ის ვარდნის მაჩვენებელი შემცირდა. წლის დასაწყისში ის 6,3% იყო, მეოთხედის ბოლოს მაჩვენებელი 5,5%-მდე შემცირდა. აშშ-ის შრომის სამინისტროს ინფორმაციით, უმუშევარია 627 ათასი ადამიანი, რაც საკმაოდ შემაშფოთებელი მაჩვენებელია. მიუხედავად ამისა, იტალიაში დიდი რვიანის ქვეყნების ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე გაკეთდა განცხადება, რომ განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა, მათ შორის რუსეთის ეკონომიკაც, სტაბილურ ფაზაში შედის. აშშ-ის ფინანსთა მინისტრი, თიმ ჰეითნერი კი აცხადებს, რომ ეკონომიკას სახელმწიფოს დახმარება კვლავ სჭირდება.
ერთობლივ განცხადებაში, რომელიც მინისტრებმა შეხვედრაზე შეიმუშავეს, ნათქვამია, რომ ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობა არაერთ საშიშ გამოწვევას წააწყდა, რის წინააღმდეგადაც განვითარებულმა ქვეყნებმა ერთობლივად უნდა იბრძოლონ. მინისტრებს მხედველობაში ჰქონდათ ირანის სიტუაცია, რომლის ირგვლივაც, როგორც კორეის შემთხვევაში, ერთსულოვნები არიან. არავის გახსენებია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა და ამ სიტუაციაში რუსეთის გაკიცხვა. საქართველო რუსეთს აპატიეს და იგი მსოფლიო ეკონომიკის ინტერესებს ზვარაკად შეეწირა.
ციფრების ენით რომ ვთქვათ, მსოფლიო ეკონომიკას “მზიანი” დღეები უდგას: აშშ-ში ექსპორტი 30.6%-ით, ხოლო იმპორტი 36.4% შემცირდა. უარესი მაჩვენებელი არ ყოფილა ექსპორტისთვის 1969 წლის შემდგომ, ხოლო იმპორტისთვის – 1937 წლის შემდგომ. საქმიანი ინვესტიციები შემცირდა 37%-ით, ხოლო ინვესტიციები უძრავ ქონებაში – 38%-ით. ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, სამომხმარებლო შემოსავლები აშშ-ში მაისში 1.4%-ით გაიზარდა, ხოლო სამომხმარებლო შესყიდვები ხანგძლივი მოხმარების საქონელზე 1.85%-ით და 163.7 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. იგივე წყაროს ცნობით, მაისში წინა თვესთან შედარებით 0.6%-ით შემცირდა ახალი სახლების გაყიდვები და თვეში 342 ერთეული შეადგინა. რაც შეხება სახლების მეორად ბაზარს, აქ მაჩვენებელმა 4.77 მილიონი ცალი შეადგინა. ეს 2.45%-ით მეტია აპრილის თვესთან შედარებით.
Eurostat-ის მონაცემებით, ევროზონაში ინფლაცია აპრილთან შედარებით არ შეცვლილა და წლიური გამოთვლით 0.6% შეადგინა, რაც 1996 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ევროკავშირის 27 ქვეყანაში 2009 წლის მაისში ინფლაციამ წლიური გამოთვლით 0.7% შეადგინა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არის ლატვიაში (4.4%), ლიტვაში (4.9%) და რუმინეთში (5.9%). ზოგიერთ ქვეყანაში შეინიშნება დეფლაცია: ირლანდიაში – 1.7%, პორტუგალიაში – 1.2%, ხოლო ლუქსემბურგსა და ესპანეთში – 0.9%.
ოფიციალური მონაცემებით, რომელიც Eurostat-მა გამოაქვეყნა, ევროზონაში სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, დასაქმებულთა მაჩვენებელი 2009 წლის იანვარ-მაისში, 2008 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, 0.8%-ით შემცირდა. ანუ, უმუშევარია 1 მლნ 220 ათას ადამიანამდე, რაც 1995 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნაა.
Eurostat-ის წინასწარი მონაცემებით, 2009 წლის აპრილში ევროზონის სავაჭრო ბალანსის პროფიციტი 2.7 მლრდ ევროა, მაშინ როცა, 2008 წლის აპრილში სავაჭრო ბალანსში 2.2 მლრდ დოლარის დადებითი სალდო დაფიქსირდა. მარტში იმპორტის მოცულობა 7.9%-ით შემცირდა და 99,363 მლრდ ევროს გაუტოლდა. ექსპორტი შემცირდა 6.9%-ით და შეადგინა 102,095 მლრდ ევრო. ევროპაში (ევროკავშირის ახალი წევრების ჩათვლით) მსუბუქი ავტომობილების გაყიდვების მოცულობამ 2009 წლის მაისში, 2008 წელთან შედარებით, 4.9%-ით დაიკლო, ანუ გაყიდული მანქანების რაოდენობაა 1 მლნ 270 195. აღნიშნულ პერიოდში ევროპაში სხვა ქვეყნების მიერ წარმოებული 12 818 ავტომობილი გაიყიდა. 2009 წლის იანვარ-მაისში ევროპაში 13.9%-ით შემცირდა მსუბუქი ავტომობილების გაყიდვები 2008 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ევროზონაში სამშენებლო სექტორში წარმოება, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, 2009 წლის აპრილში, მიმდინარე წლის მარტთან შედარებით, 0.6%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის აპრილის მონაცემთან შედარებით, 4.7%-ით შემცირდა.
არსებული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, საერთაშორისო საფინანსო ფონდი მსოფლიო ეკონომიკის განვითარების პროგნოზს აკეთებს.